ღორმუცელა, გაუმაძღარი
ხარბი, მეტად ბევრის მსურველი, განსაკუთრებით, როცა საქმე ჭამას ეხება. გაუმაძღრობას, როგორიც არ უნდა იყოს, საერთო არაფერი აქვს ბიბლიურ ნორმებთან და პრინციპებთან.
მოსეს კანონის მიხედვით, მშობლებს გამოუსწორებელი ღორმუცელა და ლოთი შვილი ქალაქის უხუცესებთან უნდა მიეყვანათ, რომლებიც ჩაქოლავდნენ მას (კნ. 21:18—21). წიგნ „იგავებში“ გაუმაძღრებთან ურთიერთობაც კი დაგმობილია. მასში ვკითხულობთ: „გაუმაძღართა მეგობარი კი მამამისს ამცირებს. ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს და ვინც ხორცით ვერ ძღება; რადგან ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება და თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს“ (იგ. 28:7; 23:20, 21). ებრაული სიტყვა ზოლელ, რომელიც ითარგმნა როგორც „გაუმაძღარი“ და „ვერ ძღება“, სავარაუდოდ, მფლანგველს ნიშნავს (შდრ. კნ. 21:20, სქ., Rbi 8).
იესო ქრისტეს რეპუტაცია რომ შეელახათ, მოწინააღმდგეებმა მას ცილი დასწამეს, გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი უწოდეს. იესომ მათი ბრალდება მარტივად გააბათილა, როდესაც თქვა: „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ და „სიბრძნის სიმართლეს მისი შვილები ამტკიცებენ“ (მთ. 11:19; ლკ. 7:34, 35). ამით იესომ თქვა, შეხედეთ ჩემს საქმეებსა და საქციელს და დაინახავთ ამ ბრალდების სიცრუესო.
გაუმაძღრობას ქრისტიანული კრება არ იწყნარებს. პავლე მოციქული ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ გაუმაძღრობას კრებაში ფეხი არ მოეკიდებინა. როდესაც ტიტე კრეტაზე დატოვა, რომ ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებაზე ეზრუნა, პავლემ შეახსენა მას კრეტის ერთ-ერთი წინასწარმეტყველის (სავარაუდოდ ეპიმენიდე, ძვ. წ. მე-6 საუკუნეში მოღვაწე კრეტელი პოეტი) სიტყვები: „კრეტელები ყოველთვის იტყუებიან; ისინი საშიში მხეცები და უქნარა ღორმუცელები არიან“. ამიტომ პავლეს მითითებისამებრ, ზედამხედველები, რომლებსაც ტიტე დანიშნავდა, უნდა ყოფილიყვნენ არა ლოთები და ხარბები, არამედ ბრალდაუდებლები და თავშეკავებულები (ტიტ. 1:5—12).
მართალია ხორცის საქმეებს შორის არ არის დასახელებული, გაუმაძღრობა ხშირად თან ახლავს გადამეტებულ სმასა და ღრეობას და შედის „მსგავს საქმეებში“, რომელთა ჩამდენნიც ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ (გლ. 5:19, 21). ქრისტიანი მხოლოდ კი არ უნდა იკვებებოდეს ზომიერად, არამედ ზომიერებას სხვა საქმეებშიც უნდა ავლენდეს (1ტმ. 3:2, 11).