რა აღგძრავს, ემსახურო ღმერთს?
„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენით, და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“ (მარკოზი 12:30).
1, 2. რა ამაღელვებელი შედეგები მიიღწევა სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით?
ავტომობილის ნამდვილი ღირებულება მხოლოდ მისი გარეგნული იერით არ განისაზღვრება. საღებავის საფარმა შეიძლება ფასი აუწიოს ავტომობილის გარეგნულ სილამაზეს და ელეგანტურმა დიზაინმა შეიძლება მიიზიდოს პოტენციური მყიდველი; მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ადვილად ვერ შეამჩნევ, არის მანქანის მოძრაობაში მომყვანი ძრავა და ასევე ყველა სხვა ხელსაწყო, რომლებიც კონტროლს უწევენ მას.
2 იმავეს თქმა შეიძლება ღმერთისადმი ქრისტიანულ მსახურებასთან დაკავშირებით. იეჰოვას მოწმეები უხვობენ ღვთისმოსაწონ საქმეებში. ყოველწლიურად ერთ მილიარდზე მეტ საათს უძღვნიან ღმერთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას. გარდა ამისა, მილიონობით ადამიანთან ტარდება ბიბლიის შესწავლა და ინათლება ასიათასობით პიროვნება. თუ შენ კეთილი ცნობის მაუწყებელი ხარ, ამ ამაღელვებელ სტატისტიკურ მონაცემებში შენი შრომაც არის, თუმცა, შესაძლოა, შენი წვლილი მცირედ გეჩვენება. დარწმუნებული იყავი, რომ „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10).
3. საქმეების გარდა, უმთავრესად, რაზე უნდა იზრუნონ ქრისტიანებმა და რატომ?
3 მაგრამ ჩვენი მსახურების ნამდვილი ფასი — ყველასი ერთად თუ თითოეულის ცალ-ცალკე — მხოლოდ რიცხვებით არ განისაზღვრება. როგორც სამუელისთვის იყო ნათქვამი, „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7). დიახ, ღმერთისთვის მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ შინაგანად წარმოვადგენთ. თუმცა საქმეებიც აუცილებელია. ღმერთისადმი ერთგულების დამამტკიცებელი საქმეები ამკობენ იეჰოვას მოძღვრებას და იზიდავენ პოტენციურ მოწაფეებს (მათე 5:14–16; ტიტე 2:10; 2 პეტრე 3:11). მაგრამ ჩვენი საქმეები ყველაფრის მაჩვენებელი არ არის. აღდგენილი იესო წუხდა ეფესოს კრების შესახებ, თუმცა მათ კარგი საქმეები ჰქონდათ. „ვიცი შენი საქმეები, — უთხრა მათ. — მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული“ (გამოცხადება 2:1–4).
4. ა) როგორ შეიძლება ღმერთისადმი ჩვენი მსახურება გადაიქცეს მოვალეობის მოხდის ჩვეულებად? ბ) რატომ არის აუცილებელი თვითშემოწმება?
4 არსებობს საშიშროება. დროთა განმავლობაში ღმერთისადმი ჩვენი მსახურება შეიძლება გადაიქცეს მოვალეობის მოხდის ჩვეულებად. ერთმა ქრისტიანმა ქალმა ეს ასე აღწერა: „მე ვქადაგებდი, დავდიოდი შეხვედრებზე, ვსწავლობდი, ვლოცულობდი — მაგრამ ყოველივე ამას ავტომატურად ვაკეთებდი, ყოველგვარი გრძნობის გარეშე“. რა თქმა უნდა, ღვთის მსახური საქებია, თუ მთელ ძალებს ხარჯავს მიუხედავად იმისა, რომ თავს ‘გადაგდებულად’ ან ‘დამცირებულად’ გრძნობს (2 კორინთელთა 4:9; 7:6, აქ). მაგრამ როდესაც ჩვენი ქრისტიანული საქმიანობა ჩვეულებად გვექცევა, მაშინ საჭიროა, ასე ვთქვათ, ჩავიხედოთ ჩვენს შინაგან ძრავაში. ყველაზე საუკეთესო ავტომობილებსაც კი ესაჭიროებათ პერიოდული შეკეთება; ამის მსგავსად ყველა ქრისტიანს ესაჭიროება რეგულარული თვითშემოწმება (2 კორინთელთა 13:5). სხვები, შესაძლოა, ხედავენ ჩვენს საქმეებს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამოიცნონ, რა მოტივები გვამოძრავებს. მაშასადამე, თითოეულ ჩვენგანს უნდა აინტერესებდეს კითხვა: „რა აღმძრავს, ვემსახურო ღმერთს?“
სწორი მოტივების ხელშემშლელი ფაქტორები
5. იესოს სიტყვების თანახმად, რომელი მცნება იყო უპირველესი?
5 როდესაც იესოს ჰკითხეს, თუ ისრაელისთვის მიცემული კანონებიდან რომელი იყო უმთავრესი, მან მოიყვანა მცნება, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა არა გარეგნულ თვისებებზე, არამედ შინაგან მოტივებზე: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენით, და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“ (მარკოზი 12:28–30). ამით იესომ ცხადყო, რომ ღმერთისადმი მსახურებაში მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს სიყვარული.
6, 7. ა) რა ვერაგულ თავდასხმას აწყობს სატანა ოჯახურ წრეზე და რატომ? (2 კორინთელთა 2:11). ბ) როგორ შეუძლია აღზრდას გავლენა მოახდინოს პიროვნების დამოკიდებულებაზე ღვთიური ავტორიტეტის მიმართ?
6 სატანას სურს ჩაახშოს ჩვენში მნიშვნელოვანი თვისების, სიყვარულის, განვითარების უნარი. ამის მისაღწევად ის დღემდე იყენებს ერთ-ერთ მეთოდს: თავს ესხმის ოჯახურ წრეს. რატომ? ოჯახში ყალიბდება სიყვარულის შესახებ ჩვენი პირველი და ხანგრძლივი წარმოდგენა. სატანამ მშვენივრად იცის ბიბლიური პრინციპი: ბავშვობაში შესწავლილს შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს უფროს ასაკშიც (იგავნი 22:6). ის ვერაგულად ცდილობს, რომ ადრეული ასაკიდან დაგვიმახინჯოს შეხედულება სიყვარულზე. როგორც ‘წუთისოფლის ღმერთს’, სატანას ესმის, რომ მისი განზრახვა წარმატებას აღწევს, თუ მრავალი ადამიანი იზრდება ოჯახებში, რომლებიც გადაქცეულია სიმწრის, რისხვისა და ბილწსიტყვაობის „ბრძოლის ველად“ იმის მაგივრად, რომ მათში სიყვარული სუფევდეს (2 კორინთელთა 4:4; ეფესელთა 4:31, 32; 6:4; კოლასელთა 3:21).
7 წიგნი „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“ განიხილავდა, რომ ის, თუ როგორ ასრულებს მამა მშობლის მოვალეობას, „შეიძლება დიდი ხნით დაეტყოს ბავშვების შემდგომ დამოკიდებულებას ადამიანისა და ღმერთის ავტორიტეტის მიმართ“a. ერთი ქრისტიანი, რომელიც დესპოტურმა მამამ აღზარდა, აღიარებს: „მე მიადვილდება დავემორჩილო იეჰოვას, მაგრამ მიძნელდება მიყვარდეს ის“. რასაკვირველია, მორჩილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ღმერთის თვალში „ [მორჩილება] უკეთესია საკლავზე“ (პირველი მეფეთა 15:22). მაგრამ რა დაგვეხმარება, რომ არა მხოლოდ დავემორჩილოთ, არამედ განვავითაროთ იეჰოვასადმი სიყვარული, რომელიც ჩვენს თაყვანისცემაში მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს?
„ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი“
8, 9. როგორ უნდა გააღვივოს იესოს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული?
8 იეჰოვასადმი გულითადი სიყვარულის განვითარებაში უდიდესი სტიმულის მომცემია მადლიერება იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისთვის. „ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა წუთისოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ“ (1 იოანე 4:9). როგორც კი ჩავწვდებით და დავაფასებთ ამას, ეს სიყვარული ჩვენში გამოიწვევს საპასუხო სიყვარულს. „ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან [იეჰოვამ] შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19).
9 იესომ მზადყოფნით აიღო საკუთარ თავზე კაცობრიობის მხსნელის დავალება. „ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის“ (1 იოანე 3:16; იოანე 15:13). იესოს თავგანწირულმა სიყვარულმა საპასუხოდ უნდა აღძრას ჩვენში მადლიერება. მაგალითისთვის: წარმოიდგინე, ვიღაცამ დახრჩობას გადაგარჩინა. ამის შემდეგ ნუთუ შეძლებდი სახლში ჩვეულებრივად წასვლას, გაშრობასა და ყველაფრის დავიწყებას? რა თქმა უნდა, არა! შენ იმ პიროვნების წინაშე, ვინც გიხსნა, თავს მოვალედ ჩათვლიდი. შენ ხომ მას უნდა უმადლოდე სიცოცხლეს. განა იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს ნაკლებად უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს სიცოცხლეს? გამოსყიდვის გარეშე თითოეული ჩვენგანი, ასე ვთქვათ, დაიხრჩობოდა ცოდვასა და სიკვდილში. ამის ნაცვლად, ასეთი უდიდესი სიყვარულის გამო ჩვენ სამოთხედ გადაქცეულ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი გვაქვს (რომაელთა 5:12, 18; 1 პეტრე 2:24).
10. ა) როგორ შეგვიძლია საკუთარ თავზე მივიღოთ გამოსყიდვა? ბ) როგორ გვიმორჩილებს ქრისტეს სიყვარული?
10 დაუფიქრდი გამოსყიდვის მნიშვნელობას. საკუთარ თავზე გამოიყენე ის პავლეს მსგავსად, რომელმაც თქვა: „ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის“ (გალატელთა 2:20). ასეთი ფიქრები აღვივებს გულითად მოტივებს, რადგან პავლე სწერდა კორინთელებს: ‘ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, ვინაიდან ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა’ (2 კორინთელთა 5:14, 15). „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (ინგლ.) ნათქვამია, რომ ქრისტეს სიყვარული ‘გვიმორჩილებს’. როდესაც ვუფიქრდებით ქრისტეს სიყვარულს, ეს გვიმორჩილებს, ჩვენს ღრმა გრძნობებს სწვდება და მისით მოცულნი ვხდებით. ეს ჩვენს გულებში აღწევს და გვიბიძგებს მოქმედებისკენ. ჯ. ბ. ფილიპსის თარგმანი ასეთ პერეფრაზირებას უკეთებს ამ სიტყვებს: „ჩვენი მოქმედებების აღმძვრელი წყარო არის ქრისტეს სიყვარული“. სხვა ნებისმიერი მოტივი ვერ გამოიღებს ჩვენში ხანგრძლივ ნაყოფს, როგორც ეს ფარისევლების მაგალითმა ცხადყო.
‘მოერიდეთ ფარისევლების საფუარს’
11. აღწერე ფარისევლების დამოკიდებულება რელიგიური საქმეების მიმართ.
11 ფარისევლებმა ღმერთის თაყვანისცემა უსიცოცხლო გახადეს. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება ღმერთისადმი სიყვარულზე გაემახვილებინათ, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საქმეებს, როგორც სულიერობის საზომს. ისინი გაერთნენ წესების წვრილმანებით, რითაც გარეგნულად სამართლიანები ჩანდნენ, შინაგანად კი ‘სავსენი იყვნენ მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით’ (მათე 23:27).
12. როგორ გამოავლინეს ფარისევლებმა თავიანთი გულქვაობა მას შემდეგ, რაც იესომ განკურნა მამაკაცი?
12 ერთხელ, თანაგრძნობით აღძრულმა იესომ განკურნა მამაკაცი, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა. რამდენად ბედნიერი უნდა ყოფილიყო ეს მამაკაცი, ვინაიდან უეცრად განიკურნა ავადმყოფობისგან, რომელიც, რა თქმა უნდა, ფიზიკურსა და ემოციურ წუხილს ჰგვრიდა! მაგრამ ფარისევლებს არ გახარებიათ ეს. ამის ნაცვლად, მათ შარი მოსდეს იესოს ერთი ფორმალობის გამო: მან დახმარება აღმოუჩინა შაბათ დღეს. ფარისევლებს სავსებით გამორჩათ მხედველობიდან რჯულში ჩადებული სული, რადგან დაკავებული იყვნენ მისი ფორმალური მხარეების ახსნით. გასაკვირი არ არის, რომ იესო ‘დამწუხრდა მათი გულქვაობის გამო’ (მარკოზი 3:1–5). ამასთანავე, მან გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „მოერიდეთ ფარისეველთა. . . საფუარს“ (მათე 16:6). ჩვენდა სასარგებლოდ, ბიბლია ამხელს მათ საქმეებსა და შეხედულებებს.
13. რა შეიძლება ვისწავლოთ ფარისევლების მაგალითიდან?
13 ფარისევლების მაგალითი გვასწავლის, რომ საქმეებს გონივრულად უნდა მივუდგეთ. მართალია, საქმეები აუცილებელია, რადგან ‘რწმენა მკვდარია საქმეთა გარეშე’ (იაკობი 2:26). მაგრამ არასრულყოფილ ადამიანს ახასიათებს, განსაჯოს სხვები საქმეების მიხედვით და არა იმის მიხედვით, თუ როგორი პიროვნებები არიან ისინი. დროდადრო, შესაძლოა, საკუთარ თავსაც ასე განვსჯით. საქმეებს შეუძლია ისე შეგვიპყროს, რომ გვეგონება, თითქოს ეს ჩვენი სულიერობის ერთადერთი კრიტერიუმია. შეიძლება დაგვავიწყდეს საკუთარი მოტივების შემოწმების აუცილებლობა (შეადარე 2 კორინთელთა 5:12). ჩვენ გავხდებით კანონებისა და წესების მკაცრი დამცველები, ვინც ‘კოღოს წურავს და აქლემებს შთანთქავს’ რჯულის ასოსადმი მორჩილებით, მაგრამ მისი დანიშნულების შებღალვით (მათე 23:24).
14. რით ჰგავდნენ ფარისევლები უსუფთაო სასმისსა და ჯამს?
14 სინამდვილეში, ფარისევლებს არ ესმოდათ შემდეგი: თუ პიროვნებას ჭეშმარიტად უყვარს იეჰოვა, ამას ბუნებრივად მოჰყვება ღვთისმოსაწონი საქმეები. სულიერობა შიგნიდან გარეთ იღვრება. იესომ ძლიერი მსჯავრი დასდო ფარისევლებს ამ საკითხში მათი მცდარი აზროვნების გამო: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენია მტაცებლობით და უსამართლობით. ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს“ (მათე 23:25, 26).
15. მოიყვანე იმის მაგალითები, რომ იესო გარეგნობაზე მეტს ხედავს.
15 სასმისის, ჯამის, თვით შენობის გარეგნობაც არ მეტყველებს ყველაფერზე. იესოს მოწაფეები მოწიწებით იყვნენ გამსჭვალული იერუსალიმის ტაძრის სილამაზის მიმართ, რომელსაც იესომ ‘ავაზაკთა ბუნაგი’ უწოდა იმის გამო, რაც შიგნით ხდებოდა (მარკოზი 11:17; 13:1). ის, რაც ტაძრის შესახებ ითქვა, შეიძლება ითქვას მილიონობით ეგრეთ წოდებულ ქრისტიანზე იმის საფუძველზე, რასაც ქრისტიანული სამყაროს საქმეები ცხადყოფს. იესომ თქვა, რომ ზოგიერთებს, რომლებიც მისი სახელით „მრავალ სასწაულს“ მოახდენდნენ, ‘ურჯულოების მოქმედად’ ჩათვლიდა (მათე 7:22, 23). ამის საპირისპიროდ, ქვრივის შესახებ, რომელმაც უმნიშვნელო რაოდენობის ფული შესწირა ტაძარში, იესომ თქვა: „ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. . . ამან. . . თავისი სიმწირისაგან ჩადო, ყველაფერი რაც კი რამ გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო-საბადებელი“ (მარკოზი 12:41–44). ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობაა? არავითარ შემთხვევაში. ორივე ვითარებაში იესომ აირეკლა იეჰოვას თვალსაზრისი (იოანე 8:16). საქმეებში იესო მოტივებს ხედავდა და ამის მიხედვით განსჯიდა.
„თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით“
16. რატომ არ არის საჭირო ჩვენი მსახურება გამუდმებით შევადაროთ თანაქრისტიანის მსახურებას?
16 თუ სწორი მოტივები გვაქვს, საჭირო არ არის გამუდმებით მოვახდინოთ შედარებები. მაგალითად, კარგს არაფერს მოგიტანს, თუ მეტოქეობის სულით შეეცდები მსახურებას იმდენი დრო დაუთმო, რამდენსაც სხვა ქრისტიანი უთმობს ან შეადარო სამქადაგებლო საქმიანობაში შენი წარმატებები სხვისას. იესომ თქვა, რომ იეჰოვა უნდა გიყვარდეს მთელი შენი (და არა სხვისი) გულით, გონებით, სულითა და ძალით. თითოეულ ადამიანს სხვებისგან განსხვავებული უნარი, ამტანობა და პირობები აქვს. თუ გარემოება ნებას გრთავს, სიყვარული აღგძრავს უფრო მეტი დრო დაუთმო მსახურებას, მაგალითად, გახდე სრული დროით მსახური პიონერი. თუ რამე ავადმყოფობასთან გიწევს ბრძოლა, მაშინ იმდენ დროს ვეღარ იმსახურებ, რამდენიც გინდა. მაგრამ გული არ გაიტეხო! ღმერთისადმი ერთგულება საათებით არ განისაზღვრება. თუ სუფთა მოტივები გექნება, ნამდვილ სიხარულს მოიპოვებ. პავლე წერდა: „ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით“ (გალატელთა 6:4).
17. შენი სიტყვებით, მოკლედ ჩამოაყალიბე იგავი ტალანტებზე.
17 განიხილე მათეს 25:14–30-ში ჩაწერილი იესოს იგავი ტალანტების შესახებ. ერთი კაცი სხვა ქვეყანაში წასვლას აპირებდა. მან მოუხმო მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. „ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი და სხვას — ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით“. რა ჰპოვა ბატონმა, როდესაც დაბრუნებისას ანგარიში მოსთხოვა მონებს? ხუთი ტალანტის მქონე მონამ სხვა ხუთი ტალანტი შეიძინა. ამის მსგავსად, მონამ, რომელსაც ორი ტალანტი ჰქონდა — სხვა ორი ტალანტი. ერთი ტალანტის მქონე მონამ კი მიწაში ჩამარხა ის და თავისი ბატონის სიმდიდრეს არაფერი შემატა. როგორ შეაფასა ბატონმა მდგომარეობა?
18, 19. ა) რატომ არ შეადარა ბატონმა ორი ტალანტის მქონე მონა ხუთი ტალანტის მქონესთან? ბ) რას გვასწავლის „იგავი ტალანტებზე“ შექებასა და შედარებასთან დაკავშირებით? გ) რატომ დაისაჯა მესამე მონა?
18 პირველ ყოვლისა, ყურადღება მივაქციოთ მონებს, რომლებსაც მიეცათ ხუთი და ორი ტალანტი. თითოეულ მათგანს ბატონმა უთხრა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ!“ ეტყოდა თუ არა ამ სიტყვებს ბატონი ხუთი ტალანტის მქონე მონას, მხოლოდ ორი ტალანტი რომ მოეგო? საეჭვოა! სხვა მხრივ, ბატონს არ უთქვამს მონისთვის, რომელსაც ორი ტალანტი ჰქონდა: „ხუთი ტალანტი რატომ არ შეიძინე? აბა, შეხედე შენს თანამონას, რამდენი ტალანტი იშოვა ჩემთვის!“ არა, თანამგრძნობი ბატონი, რომელიც განასახიერებდა იესოს, არ ახდენდა შედარებებს. მან ტალანტები „თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით“ მისცა და მათგან არ მოელოდა იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. ორივე მონამ ერთნაირი შექება დაიმსახურა, ვინაიდან მათ გულმოდგინედ იშრომეს თავიანთი ბატონისთვის. ეს გაკვეთილია თითოეული ჩვენგანისთვის.
19 რასაკვირველია, მესამე მონა არ შეაქეს. სინამდვილეში, ის გარესკნელის სიბნელეში გადააგდეს. მას, მხოლოდ ერთი ტალანტი ჰქონდა, და არ მოეთხოვებოდა, შეეძინა იმდენი, რამდენიც ხუთი ტალანტის მქონე მონას. მიუხედავად ამისა, ამ მონამ არც კი სცადა! საბოლოოდ, ის იმიტომ დაისაჯა, რომ ჰქონდა ‘ბოროტი და ზარმაცი’ გულის განწყობა, რამაც გასცა ბატონისადმი სიყვარულის უქონლობა.
20. როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს?
20 იეჰოვა მოელის ჩვენგან, გვიყვარდეს ის მთელი ჩვენი ძალებით, მაგრამ რა სასიხარულოა, რომ „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 102:14). იგავნის 21:2-ში ნათქვამია, რომ ‘უფალი წონის გულებს’ (და არა სტატისტიკურ მონაცემებს). მას ესმის ყველა ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობა, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, იქნება ეს ფინანსური, ფიზიკური, ემოციური თუ სხვა (ესაია 63:9). ამავე დროს, ღმერთი ჩვენგან მოელის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყოველგვარი შესაძლებლობა. იეჰოვა სრულყოფილია, მაგრამ არასრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობისას მათგან სრულყოფილებას არ მოითხოვს. ის კეთილგონიერია თავის ურთიერთობებში და არ მოელის არარეალურს.
21. რა კარგი შედეგები მოჰყვება, თუ ღმერთისადმი მსახურებისკენ სიყვარული აღგვძრავს?
21 იეჰოვასადმი სიყვარული მთელი ჩვენი გულით, სულით, გონებითა და ძალით „ყველა ყოვლადდასაწველსა და შესაწირავზე მეტია“ (მარკოზი 12:33). თუ სიყვარულია ჩვენი აღმძვრელი ძალა, მაშინ ღმერთის მსახურებაში გავაკეთებთ ყველაფერს, რის ძალაც შეგვწევს. პეტრე წერდა, რომ თუ ღვთისმოსაწონი თვისებები, სიყვარულის ჩათვლით, „თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში“ (2 პეტრე 1:8).
[სქოლიოები]
a გამოცემულია საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ინგლ.).
გამეორებისთვის
◻ რა უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა ღმერთის მსახურებაში?
◻ როგორ გვიმორჩილებს ქრისტეს სიყვარული, რომ ვემსახუროთ ღმერთს?
◻ ფარისეველთა რომელ საქმიანობას უნდა მოვერიდოთ?
◻ რატომ არ არის ბრძნული ჩვენი მსახურება ყოველთვის ვადაროთ თანაქრისტიანის მსახურებას?