თავი 95
საუბარი გაყრაზე და ბავშვებისადმი სიყვარულის გამოვლენა
მათე 19:1—15; მარკოზი 10:1—16; ლუკა 18:15—17
იესო მოწაფეებს ყურადღებას უმახვილებს, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს გაყრაზე
იესო საუბრობს დაუქორწინებლობის ძღვენზე
იესოს სიტყვების თანახმად, მოწაფეები ბავშვებივით უნდა იყვნენ
იესო და მისი მოწაფეები ტოვებენ გალილეას, კვეთენ მდინარე იორდანეს და პერეას გავლით სამხრეთისკენ იღებენ გეზს. პერეაში ბოლო სტუმრობისას იესომ ფარისევლებს დაანახვა, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს გაყრაზე (ლუკა 16:18). ახლა იესოს გამოცდის მიზნით ისინი ისევ ამ საკითხს ეხებიან.
ძველად მოსემ დაწერა, რომ ქმარს შეეძლო გაყროდა ცოლს, თუ „რაღაც უწესოს“ აღმოაჩენდა მასში (კანონი 24:1). მაგრამ საზოგადოებაში ამ საკითხზე განსხვავებული აზრი არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ უმნიშვნელო მიზეზითაც კი შეიძლება გაყრა. ამიტომ ფარისევლები იესოს ეკითხებიან: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“ (მათე 19:3).
ნაცვლად იმისა, რომ ადამიანური თვალსაზრისი გაიზიაროს, იესოს მათი ყურადღება იმაზე გადააქვს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქორწინება ღვთის განზრახვის თანახმად, რასაც მეტად მოხერხებულად აკეთებს: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ» (მათე 19:4—6). როდესაც ღმერთმა ადამი და ევა შეაუღლა და პირველ ქორწინებას ჩაუყარა საფუძველი, მას არანაირი ზომა არ გაუთვალისწინებია, რომ ეს კავშირი როდისმე შეწყვეტილიყო.
ფარისევლები უპირისპირდებიან იესოს: „მაშ, რატომ დააწესა მოსემ გაყრის მოწმობის მიცემა და გაყრა?“ (მათე 19:7). იესო ეუბნება მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო დაუშვა, რომ გაყროდით ცოლებს, დასაწყისიდან კი ასეთი რამ არ ყოფილა“ (მათე 19:8). სიტყვაში „დასაწყისიდან“ იესო არ გულისხმობს მოსეს დღეებს, არამედ იმ დროს, როცა ღმერთმა ედემის ბაღში ქორწინებას ჩაუყარა საფუძველი.
შემდეგ იესო მნიშვნელოვან საკითხზე უმახვილებს მათ ყურადღებას: „თუ ცოლს სიძვა [ბერძნულად „პორნეა“] არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათე 19:9). წმინდა წერილების თანახმად, ერთადერთი მიზეზი, რაც ადამიანს გაყრის უფლებას აძლევს, უზნეობაა.
ამის მოსმენაზე მოწაფეები ამბობენ: „თუკი ასეა, უმჯობესია, საერთოდ არ მოიყვანო ცოლი“ (მათე 19:10). ერთი რამ ცხადზე ცხადია: ვინც დაქორწინებას აპირებს, კარგად უნდა გაიაზროს, რომ ეს მარადიული კავშირია!
იესო დაუქორწინებლობის თემასაც ეხება. იგი ხსნის, რომ ზოგი დაბადებიდანვე საჭურისია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეუძლიათ ცოლქმრული მოვალეობის შესრულება. ზოგს სხვები ასაჭურისებენ, რის შემდეგაც სქესობრივი ცხოვრების უნარს კარგავენ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავისი ნებით იკლავენ საკუთარ თავში ამ სურვილს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ უფრო მეტად დაკავდნენ სამეფოს საქმით. იესო მოუწოდებს მსმენელს: „ვისაც შეუძლია [დაუქორწინებლობის] შეთვისება, შეითვისოს“ (მათე 19:12).
ახლა ხალხს მასთან ბავშვები მიჰყავს. მაგრამ მოწაფეები ტუქსავენ მათ, რადგან, როგორც ჩანს, არ სურთ, რომ იესო შეაწუხონ. იგი აღშფოთებული ეუბნება მათ: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო. ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ შევა მასში“ (მარკოზი 10:14, 15; ლუკა 18:15).
მართლაც რა კარგი რჩევაა! თუ გვინდა, რომ ღვთის სამეფო დავიმკვიდროთ, ბავშვებივით თვინიერები, დამყოლები და სწავლას მოწყურებულები უნდა ვიყოთ. ახლა იესო პატარებს სიყვარულით ეპყრობა — გულში იკრავს და აკურთხებს მათ. ის ასეთივე სიყვარულს ავლენს ყველას მიმართ, ვინც ბავშვივით იღებს ღვთის სამეფოს (ლუკა 18:17).