იცოდით თუ არა?
ყოფილა ოდესმე იერუსალიმი წვეტიანი ბოძებით გარშემორტყმული, როგორც ეს იესოს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები?
იერუსალიმის განადგურების შესახებ იესოს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა: „მოვა დრო, როცა შენი მტრები წვეტიანი ბოძებით სიმაგრეს შემოგავლებენ, გარს შემოგერტყმიან და ყოველი მხრიდან შეგავიწროებენ“ (ლუკა 19:43). იესოს სიტყვები ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როცა რომაელებმა, ტიტუსის მეთაურობით ქალაქს საალყო კედელი ანუ პალისადი შემოავლეს. ტიტუსს სამი მიზანი ამოძრავებდა: იუდეველებისთვის ხელი შეეშალა გაქცევაში, მათთვის ფარ-ხმალი მალე დაეყრევინებინა და შიმშილით დაუძლურებულები ადვილად დაემორჩილებინა.
პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, სიტყვების თანახმად, მას შემდეგ, რაც გადაწყდა, საალყო მესერი შემოევლოთ ქალაქისთვის, რომაული ლეგიონები თუ ჯარის უფრო მცირე დანაყოფები მთელი მონდომებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო მალე დაასრულებდა მისთვის მინდობილი გალავნის ნაწილის შემოღობვას. ქალაქის ირგვლივ 16 კილომეტრზე ხეები გაკაფეს და სულ რაღაც სამ დღეში იერუსალიმი 7-კილომეტრიანი პალისადით შემოსარტყლეს. ფლავიუსი გადმოგვცემს: „ამით იუდეველებს ყველა გასაქცევი გზა მოეჭრათ“. შიმშილისგან და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის სისხლისმღვრელი შეტაკებების შედეგად დაუძლურებული ქალაქი ხუთ თვეში ჩაჰბარდა მოიერიშეებს.
ნამდვილად მეფე ხიზკიას გაყვანილია წყლის არხი იერუსალიმში?
იუდას მეფე ხიზკია ძვ. წ. მერვე საუკუნის ბოლოს მეფობდა, როცა ისრაელს ასურეთის იმპერიასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მან იერუსალიმის დასაცავად და მოსახლეობის წყლით მოსამარაგებლად ბევრი რამ გააკეთა. მაგალითად, ხიზკიამ გაიყვანა 533 მეტრის სიგრძის არხი, რომელიც ქალაქს წყაროს წყლით ამარაგებდა (2 მეფეები 20:20; 2 მატიანე 32:1—7, 30).
მსგავსი არხი იქნა აღმოჩენილი მე-19 საუკუნეში. ის ცნობილი გახდა ხიზკიას გვირაბისა და სილოამის არხის სახელით. გვირაბში გაკეთებული წარწერიდან ვიგებთ, როდის დამთავრდა მისი მშენებლობა. ამ წარწერის შესწავლის შემდეგ მეცნიერთა უმეტესობამ იგი ხიზკიას მეფობის პერიოდს მიაკუთვნა. მაგრამ დაახლოებით ათი წლის წინ, ზოგმა სწავლულმა გვირაბი ხუთი საუკუნით გვიანდელი პერიოდით დაათარიღა. 2003 წელს ებრაელ მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა იმ კვლევის შედეგები, რომლის მიზანიც ზუსტი თარიღის დადგენა იყო. რა დასკვნამდე მივიდნენ ისინი?
იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის დოქტორმა ამოს ფრამკინმა აღნიშნა: „სილოამის არხის კედლიდან აღებული ორგანული მასალის რადიონახშირბადის მეთოდით (14C) გამოკვლევამ და სტალაქტიტების ურან-თორიუმით დათარიღებამ საბოლოოდ ცხადყო, რომ ეს არხი აგებულია ხიზკიას მეფობის დროს“. ერთ სამეცნიერო ჟურნალში ნათქვამი იყო: „სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ გამოკვლევას — რადიომეტრიულ დათარიღებას, პალეოგრაფიასა და ისტორიულ წყაროებს — დაახლოებით ძვ. წ 700 წელთან მივყავართ. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება იმის თქმაც, რომ სილოამის არხი რკინის ხანის ყველაზე ზუსტად დათარიღებული ნაგებობაა“ (Nature).