ხსნა სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად
„[ისინი] დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11).
1, 2. ა) რა სხვაობა იქნება ჩვენი დროის ხსნასა და ხსნის იმ შემთხვევებს შორის, რომლებიც ძველ დროში მოხდა? ბ) რა ქვეყნიერებაში მიიყვანს იეჰოვა თავის ხალხს?
იეჰოვა მხსნელი ღმერთია. ძველ დროს მას მრავალჯერ უხსნია თავისი ხალხი. იმ შემთხვევებში ხსნა დროებითი იყო, რადგან იეჰოვას არც ერთხელ არ შეუსრულებია სატანის მთელი ქვეყნიერებისთვის სამუდამო განაჩენი. მაგრამ ჩვენს დროში, მალე, იეჰოვა ყველაზე დიდებულად იხსნის ყველა თავის მსახურს. ამჯერად ის მთელ დედამიწაზე მოფენილი სატანის სისტემის კვალსაც არ დატოვებს და მიიყვანს თავის მსახურებს მუდმივ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 2:9; 3:10–13).
2 იეჰოვა გვპირდება: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:10, 11). რამდენი ხნით? „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29; მათე 5:5). მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდეს, ქვეყნიერება ისეთი გაჭირვების პერიოდს გაივლის, როგორიც არასდროს უნახავს.
„დიდი გასაჭირი“
3. როგორ აღწერა იესომ „დიდი გასაჭირი“?
3 ათას ცხრაას თოთხმეტ წელს ამ ქვეყნიერებამ თავის „უკანასკნელ დღეებში“ შეაბიჯა (2 ტიმოთე 3:1–5, 13). ახლა ჩვენ ამ პერიოდში უკვე 83 წელია, რაც ვცხოვრობთ და ვუახლოვდებით მის აღსასრულს, როცა იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, შემდეგი მოხდება: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21). დიახ, მეორე მსოფლიო ომზე უარესი, რომელმაც დაახლოებით 50 მილიონი სიცოცხლე იმსხვერპლა. რა დრო ახლოვდება ძალიან სწრაფად — დრო, რომელიც შეაზანზარებს ქვეყნიერებას!
4. რატომ გამოაქვს ღმერთს განაჩენი ‘დიდი ბაბილონის’ წინააღმდეგ?
4 „დიდი გასაჭირი“ გამაოგნებლად სწრაფად მოვა, „ერთ საათში“ (გამოცხადება 18:10). მის მოულოდნელ დაწყებას აღნიშნავს ღვთის განაჩენის შესრულება მთელი ცრუ რელიგიის წინააღმდეგ, რომელსაც ღვთის სიტყვა ‘დიდ ბაბილონს’ უწოდებს (გამოცხადება 17:1–6, 15). ძველი ბაბილონის მთავარი დამახასიათებელი ნაწილი ცრუ რელიგია იყო. ადრინდელის ტყუპისცალივით დღევანდელი ბაბილონი ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს წარმოადგენს. პოლიტიკურ სტრუქტურებთან სამარცხვინო ურთიერთობით ის მეძავის როლს თამაშობს. ის მხარს უჭერს მათ ომებს და საწინააღმდეგო მხარეთა ჯარებს აკურთხებს, რის შედეგადაც ერთი რელიგიის ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ (მათე 26:51, 52; 1 იოანე 4:20, 21). ის თვალს ხუჭავს თავის მომხრეთა გახრწნილ საქმეებზე და დევნის ჭეშმარიტ ქრისტიანებს (გამოცხადება 18:5, 24).
5. როგორ დაიწყება „დიდი გასაჭირი“?
5 ‘დიდი გასაჭირის’ დაწყებას აღნიშნავს პოლიტიკური სტრუქტურების მხრიდან ‘დიდ ბაბილონზე’ მოულოდნელი თავდასხმა. ისინი „შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ (გამოცხადება 17:16). ამის შემდეგ მისი ყოფილი მომხრეები „იტირებენ და იგლოვებენ მას“ (გამოცხადება 18:9–19). ხოლო იეჰოვას მსახურები, რომლებიც ამ მოვლენას დიდი ხნის მანძილზე ელოდებიან, წამოიძახებენ: «ალილუია! [„აქეთ იაჰ!“ აქ]. . . რადგან მან განიკითხა დიდი მეძავი, რომელმაც წარყვნა დედამიწა თავისი მეძავობით, და იძია თავისი მონების სისხლი მისი ხელიდან» (გამოცხადება 19:1, 2).
ღვთის მსახურებს თავს ესხმიან
6, 7. რატომ შეუძლიათ იეჰოვას მსახურებს, ‘დიდ გასაჭირში’ მათზე თავდასხმის პერიოდში დარწმუნებული იყვნენ წარმატებაში?
6 ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ პოლიტიკური სტრუქტურები თავის ყურადღებას იეჰოვას მსახურებს მიაპყრობენ. წინასწარმეტყველებაში სატანა, ‘გოგ მაგოგელი’, ამბობს: „თავს დავესხმები უზრუნველ ხალხს, მშვიდად მცხოვრებთ“. რადგან იოლ ნადავლად წარმოუდგენია, ის ‘ქვეყნის დამფარავი ღრუბლის მსგავსი ურიცხვი ლაშქრით’ თავს დაესხმის მათ (ეზეკიელი 38:2, 10–16). იეჰოვას ხალხმა იცის, რომ ეს თავდასხმა წარუმატებელი იქნება, რადგან ისინი იეჰოვაზე არიან მინდობილნი.
7 როცა ფარაონი და მისი ჯარები ფიქრობდნენ, რომ ღვთის მსახურები მეწამულ ზღვასთან მახეში მოქცეული ჰყავდათ, იეჰოვამ სასწაულებრივად იხსნა თავისი ხალხი და გაანადგურა ეგვიპტის ჯარები (გამოსვლა 14:26–28). ‘დიდი გასაჭირის’ დროს, როცა ერები იეჰოვას ხალხს მახეში დაჭერილად ჩათვლიან, ის კვლავ მოვა სასწაულებრივად სახსნელად: „იმ დღეს. . . აღიგზნება ჩემი რისხვა ჩემს ნესტოებში. შურითა და რისხვის ცეცხლით ვლაპარაკობ“ (ეზეკიელი 38:18, 19). ამ დროს ‘დიდი გასაჭირის’ კულმინაცია გარდაუვალი იქნება!
8. რომელი ზებუნებრივი მოვლენები მოხდება, სანამ იეჰოვა დასჯის ბოროტებს და რა შედეგი ექნება მათ?
8 ‘დიდი გასაჭირის’ დაწყების შემდეგ, მაგრამ ქვეყნიერების დანარჩენ ნაწილზე იეჰოვას მიერ განაჩენის შესრულებამდე, გარკვეულ ეტაპზე ზებუნებრივ მოვლენებს ექნება ადგილი. ყურადღება მიაქციე, რა შედეგი ექნება ამ მოვლენებს. „მაშინ გამოჩნდება კაცის ძის [ქრისტეს] ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით“ (მათე 24:29, 30). „იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. . . ხალხს გული შეუწუხდება შიშით და ქვეყნად მომავალთა მოლოდინით“ (ლუკა 21:25, 26).
„ახლოვდება თქვენი ხსნა“
9. რატომ შეძლებენ იეჰოვას მსახურები ‘თავის აწევას’ ზებუნებრივი მოვლენების დროს?
9 ლუკას 21:28-ში მოცემული წინასწარმეტყველება სწორედ ამ განსაკუთრებულ დროს ეხება. იესომ თქვა: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“. ღვთის მტრები აკანკალდებიან შიშისგან, რადგან მიხვდებიან, რომ მოქმედი ზებუნებრივი მოვლენები იეჰოვასგან გამომდინარეობს. ხოლო იეჰოვას მსახურები გაიხარებენ, რადგან ეცოდინებათ, რომ მათი ხსნა ახლოვდება.
10. როგორ აღწერს ღვთის სიტყვა ‘დიდი გასაჭირის’ კულმინაციას?
10 მაშინ იეჰოვა საბოლოოდ და სასიკვდილოდ დასცხებს სატანის სისტემას: „დავსჯი მათ შავი ჭირით და სისხლით; თავსხმას, ქვის სეტყვას, ცეცხლსა და წუმწუმას ვაწვიმებ მათზე, მის ურდოებზე. . . მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ“ (ეზეკიელი 38:22, 23). სატანის სისტემის ბოლო კვალიც წაიშლება. ღვთის უგულებელმყოფელ ადამიანთა მთელი საზოგადოება განადგურებული იქნება. ასეთი იქნება ‘დიდ გასაჭირში’ არმაგედონის კულმინაცია (იერემია 25:31–33; 2 თესალონიკელთა 1:6–8; გამოცხადება 16:14, 16; 19:11–21).
11. რატომ იქნებიან დახსნილნი იეჰოვას მსახურები ‘დიდი გასაჭირიდან’?
11 მთელ დედამიწაზე ‘დიდი გასაჭირისგან’ დახსნილი იეჰოვას მილიონობით თაყვანისმცემელი იქნება. ესენი შეადგენენ „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ გამოსულ ‘უამრავ ხალხს’. რატომ დაიხსნის მათ იეჰოვა ასეთი თრთოლვის მომგვრელი საშუალებით? რადგან ისინი „ემსახურებიან მას დღე და ღამე“. ამიტომ ისინი გადაურჩებიან ამ ქვეყნიერების აღსასრულს და შევლენ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში (გამოცხადება 7:9–15). ამრიგად, ისინი დაამოწმებენ იეჰოვას აღთქმის შესრულებას: „მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას“ (ფსალმუნი 36:34).
ახალი ქვეყნიერება
12. რის იმედი შეიძლება ჰქონდეთ არმაგედონგადატანილებს?
12 რა ამაღელვებელი დრო იქნება ეს — ბოროტების აღმოფხვრა და ადამიანთა მთელ ისტორიაში ყველაზე დიდებული ეპოქის გათენება! (გამოცხადება 20:1–4). რა დიდ მადლობას მიუძღვნიან არმაგედონგადატანილები იეჰოვას, როცა შევლენ ღვთის შექმნილ ბრწყინვალე, წმინდა ცივილიზაციაში — დედამიწაზე ახალ ქვეყნიერებაში — დედამიწაზე, რომელიც სამოთხედ გარდაიქმნება! (ლუკა 23:43, აქ). და მათ აღარასდროს მოუწევთ სიკვდილი! (იოანე 11:26). ნამდვილად, იმ დროიდან მათ ექნებათ ისეთივე ხანგრძლივი სიცოცხლის საოცარი, სასწაულებრივი პერსპექტივა, რა ხანგრძლივი სიცოცხლეც იეჰოვას აქვს!
13. როგორ განაგრძობს იესო დედამიწაზე დაწყებულ სამკურნალო პრაქტიკას?
13 იესო, რომელიც იეჰოვამ ზეციერ მეფედ დანიშნა, ზედამხედველობას გაუწევს სასწაულებრივ კურთხევებს, რომლებითაც დახსნილები ისარგებლებენ. დედამიწაზე ყოფნისას ის ბრმებს მხედველობას და ყრუებს სმენას უბრუნებდა და „კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას“ (მათე 9:35; 15:30, 31). ახალ ქვეყნიერებაში ის განაგრძობს ამ დიდებულ სამკურნალო პრაქტიკას, მაგრამ უკვე გლობალური მასშტაბით. როგორც ღვთის წარმომადგენელი, ის შეასრულებს აღთქმას: „[ღმერთი] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4). ხალხს აღარასდროს დასჭირდება ექიმების ან დამკრძალავების დახმარება! (ესაია 25:8; 33:24).
14. რა ხსნა ელით იეჰოვას მსახურებს, რომლებიც უკვე გარდაცვლილები არიან?
14 აგრეთვე დახსნილებს შორის ღვთის ყველა ის ერთგული მსახური იქნება, რომლებიც წარსულში გარდაიცვალნენ. ახალ ქვეყნიერებაში ის გამოგლეჯს მათ საფლავის კლანჭებიდან. იეჰოვა გარანტიას იძლევა: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15). როგორც ჩანს, ‘მართლები’ უფრო ადრე იქნებიან აღდგენილები და თავიანთ წვლილს შეიტანენ სამოთხის გაფართოებაში. რა საინტერესო იქნება არმაგედონგადატანილებისთვის ძველი დროის ერთგული ადამიანების მრავალი გამოცდილების მოსმენა, რომლებიც ახლა სიცოცხლეს დაუბრუნდებიან! (იოანე 5:28, 29).
15. აღწერე რამდენიმე პირობა, რომლებშიც ადამიანები ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებენ.
15 მაშინ ყველა მცხოვრები შეიგრძნობს იეჰოვას შესახებ ფსალმუნმომღერლის ნათქვამს: „აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნი 144:16). აღარ იქნება შიმშილობა: დედამიწა აღიდგენს ეკოლოგიურ წონასწორობას და უხვად წარმოშობს ნაყოფს (ფსალმუნი 71:16). აღარ იქნებიან უსახლკაროები: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ“ და თითოეული „თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (ესაია 65:21, 22; მიქა 4:4). აღარ იქნება შიში: აღარ იქნება ომი, ძალადობა თუ დამნაშავეობა (ფსალმუნი 45:9, 10; იგავნი 2:22). „დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს“ (ესაია 14:7).
16. რატომ გაჟღენთს ახალ ქვეყნიერებას სამართლიანობა?
16 ახალ ქვეყნიერებაში გაუქმდება სატანის პროპაგანდის საშუალებები. მის ნაცვლად, ‘სამყაროს მკვიდრნი სიმართლეს ისწავლიან’ (ესაია 26:9; 54:13). წლიდან წლამდე საღი სულიერი სწავლებით „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9). კაცობრიობა გაიჟღინთება აღმშენებლური აზრებითა და მოქმედებებით (ფილიპელთა 4:8). წარმოიდგინე დამნაშავეობის, ეგოტიზმისა და შურისგან თავისუფალ ადამიანთა მსოფლიო საზოგადოება — საერთაშორისო ძმობა, რომელშიც ყველა გამოავლენს ღვთის სულის ნაყოფებს. სინამდვილეში, ასეთ თვისებებს უამრავი ხალხი უკვე დღეს ავითარებს (გალატელთა 5:22, 23).
რატომ ასე დიდხანს?
17. რატომ აყოვნებს იეჰოვა ასე დიდხანს ბოროტების განადგურებას?
17 მაგრამ, რატომ აყოვნებს იეჰოვა ასე დიდხანს ბოროტების განადგურებასა და ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად თავისი ხალხის ხსნას? განვიხილოთ, რა უნდა შესრულებულიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების, მართვის უფლების გამართლება. საკმარისი დროის დათმობით მან, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ცხადყო, რომ მისი უზენაესი ხელისუფლების გარეშე ადამიანთა მმართველობა არნახულ მარცხს განიცდის (იერემია 10:23). ამიტომ, ახლა იეჰოვა სრულიად გამართლებულია თავის მოქმედებაში — შეცვალოს ადამიანთა მმართველობა თავისი ზეციერი სამეფოს მმართველობით, რომელსაც ქრისტე უხელმძღვანელებს (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10).
18. როდის დაიმკვიდრებდნენ აბრაამის შთამომავლები ქანაანის ქვეყანას?
18 ამ საუკუნეების განმავლობაში მომხდარი აბრაამის დროს მომხდარის ანალოგიურია. იეჰოვამ უთხრა აბრაამს, რომ მისი შთამომავლები ქანაანის ქვეყანას დაიმკვიდრებდნენ — მაგრამ ეს არ მოხდებოდა მომდევნო ოთხასი წლის განმავლობაში, რადგან ჯერ არ „[ავსებულა] ამორეველების უკეთურებათა საწყაული“ (დაბადება 12:1–5; 15:13–16). აქ გამოყენებული სიტყვა ‘ამორეველები’ (გაბატონებული ტომი), როგორც ჩანს, მთლიანობაში ქანაანელებს წარმოადგენს. ამრიგად, დაახლოებით ოთხ საუკუნეს უნდა გაევლო, სანამ იეჰოვა შესაძლებლობას მისცემდა თავის ხალხს, ქანაანი დაეპყროთ. ამასობაში იეჰოვა ნებას რთავდა ქანაანში მცხოვრებ ერებს, თავიანთი საზოგადოებები ჩამოეყალიბებინათ. რა შედეგით?
19, 20. რა საზოგადოებები ჩამოაყალიბეს ქანაანელებმა?
19 ჰენრი ჰ. ჰალეის „ბიბლიის ცნობარი“ (Bible Handbook) აღნიშნავს, რომ მეგიდოში არქეოლოგებმა ბაალის ქალღმერთ-ცოლის აშთორეთის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. ის წერს: „ტაძრიდან რამდენიმე ნაბიჯში არსებულ სასაფლაოზე აღმოაჩინეს დოქები, რომლებიც ამ ტაძარში მსხვერპლად შეწირული პატარა ბავშვების ნეშტით იყო სავსე. . . ბაალისა და აშთორეთის წინასწარმეტყველები პატარა ბავშვების ოფიციალური მკვლელები იყვნენ“. «კიდევ ერთი შემაძრწუნებელი წეს-ჩვეულება [ის] იყო, რასაც „საძირკვლის მსხვერპლს“ უწოდებდნენ. სახლის აშენებისას ბავშვს სწირავდნენ და მის სხეულს კედელში ატანდნენ».
20 ჰალეი შენიშნავს: „ბაალისადმი, აშთორეთისა და ქანაანელთა სხვა ღმერთებისადმი თაყვანისმცემლობა უკიდურეს აღვირახსნილობას შეიცავდა; მათი ტაძრები ბიწიერების ცენტრებს წარმოადგენდა. . . თავიანთი ღმერთებისადმი ქანაანელების თაყვანისმცემლობაში შედიოდა უზნეო გართობა. . . და შემდეგ იმავე ღმერთებისადმი საკუთარი პირველშობილი ბავშვების შეწირვა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უფრო ფართო გაგებით ქანაანელების ქვეყანა როგორც ერი, სოდომისა და გომორის მსგავსი გახდა. . . განა ასეთ საზიზღრად გარყვნილ და მხეცურ ცივილიზაციას ჰქონდა კვლავ არსებობის უფლება? . . არქეოლოგებს, რომლებიც ქანაანელთა ქალაქების გათხრებს აწარმოებდნენ, უკვირდათ, რომ ღმერთმა ადრევე არ გაანადგურა ისინი (შეადარე მესამე მეფეთა 21:25, 26).
21. რა მსგავსებაა ქანაანელების პერიოდსა და ჩვენს დროს შორის?
21 ამორეველების ბოროტების ‘საწყაული აივსო’. ამიტომ მათ გასანადგურებლად იეჰოვას მოქმედება სრულიად გამართლებული იყო. დღესაც იგივე მდგომარეობაა. ეს ქვეყნიერება გაჟღენთილია ძალადობით, უზნეობითა და ღვთის კანონებისადმი სიძულვილით. და, რადგან ჩვენ მართებულად გვაშფოთებს ძველი დროის ქანაანელების მიერ ბავშვების შემაძრწუნებელი შეწირვა, რას ვიტყოდით ამ ქვეყნიერების ომებში შეწირული ათეულობით მილიონი ახალგაზრდის შესახებ, რომლებიც ქანაანში შეწირულზე ბევრად უფრო უარეს მსხვერპლს წარმოადგენენ? ნამდვილად, ახლა იეჰოვას მხრიდან ამ ბოროტი სისტემის განადგურება სრულიად გამართლებულია.
კიდევ რაღაცის შესრულება
22. რა სრულდება დღეს იეჰოვას მოთმინების წყალობით?
22 ამ უკანასკნელ დღეებში იეჰოვას მოთმინების შედეგად კიდევ რაღაცა სრულდება. ის შეკრებისა და განათლების დროს აძლევს უამრავ ხალხს, რომელთა რიცხვი უკვე ხუთ მილიონზე მეტს ითვლის. იეჰოვას ხელმძღვანელობით ისინი ჩამოყალიბდნენ პროგრესულ ორგანიზაციად. მამაკაცები, ქალები და ახალგაზრდობა მომზადებულია სხვებისთვის ბიბლიის ჭეშმარიტებების სასწავლებლად. კრებებისა და ბიბლიური პუბლიკაციების საშუალებით ისინი ღვთის მოსიყვარულე გზებს სწავლობენ (იოანე 13:34, 35; კოლასელთა 3:14; ებრაელთა 10:24, 25). ამასთანავე, „კეთილი ცნობის“ (აქ) ქადაგების მხარდასაჭერად ისინი ოსტატდებიან მშენებლობასა და ელექტრონიკაში, ბეჭდვასა და სხვა სფეროებში (მათე 24:14). მოსალოდნელია, რომ ასეთი სასწავლო და სამშენებლო ხელოვნება ფართოდ იქნება გამოყენებული ახალ ქვეყნიერებაში.
23. რატომ წარმოადგენს დიდებულ პრივილეგიას ჩვენს დროში ცხოვრება?
23 დიახ, დღეს იეჰოვა ამზადებს თავის მსახურებს, რომ გადაიტანონ „დიდი გასაჭირი“ და იცხოვრონ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში. მაშინ აღარ იქნება სატანა და ბოროტი ქვეყნიერება, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევდათ, აღარ იქნება დაავადებები, მწუხარება და სიკვდილი. ღვთის ხალხი დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით შეასრულებს სამოთხის გაშენებასთან დაკავშირებულ სასიხარულო დავალებას, სადაც ყოველდღე „დაამდებიან“ სიცოცხლით. რა დიდებული პრივილეგია გვაქვს — ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქათა ასეთ კულმინაციურ პერიოდში, ჩვენ ვიცნობთ და ვემსახურებით იეჰოვას და გვესმის, რომ ძალიან მალე ჩვენ ‘ავწევთ თავს, რადგან ჩვენი ხსნა ახლოვდება’! (ლუკა 21:28; ფსალმუნი 145:5).
კითხვები გამეორებისთვის
◻ რა არის „დიდი გასაჭირი“ და როგორ იწყება ის?
◻ რატომ არ იქნება წარმატებული იეჰოვას მსახურებზე გოგ მაგოგელის თავდასხმა?
◻ როგორ მთავრდება „დიდი გასაჭირი“?
◻ რომელ სასწაულებრივ სასარგებლო საკითხებში უზრუნველგვყოფს ახალი ქვეყნიერება?
◻ რატომ აყოვნებს იეჰოვა ასე დიდხანს ამ სისტემის განადგურებას?
[სურათი 16 გვერდზე]
მთელი დედამიწა გადაიქცევა სამოთხედ.