დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო დღე
პარასკევი საღამოა, ახ. წ. 33 წლის 14 ნისანი. მამაკაცებისა და ქალების ჯგუფმა მალე საყვარელი მეგობარი სამარხში უნდა დაასვენონ. ერთ-ერთ მათგანს, ნიკოდემოსს, გვამის გასამზადებლად ნელსაცხებელი მოაქვს, ხოლო მეორეს, იოსებს, — ნაგვემი ცხედრის გასახვევად სუფთა სახვევები.
ვინ არიან ეს ადამიანები და ვინ უნდა დაასვენონ სამარხში? რა კავშირი აქვს ამას თქვენთან? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ცოტა უკან, ამ მნიშვნელოვანი დღის დასაწყისში, გადავინაცვლოთ.
ხუთშაბათი საღამო, 14 ნისანი
სავსე, ნათელი მთვარე იერუსალიმის ცაზე მიცურავს. მთელი დღის განმავლობაში მოფუსფუსე ხალხით გაჭედილი ქალაქი ცხრება. საღამოს ჰაერი შემწვარი კრავის სურნელებით იჟღინთება. დიახ, ათასობით ადამიანი ემზადება განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად — პასექის ყოველწლიური დღესასწაულისთვის.
დიდ სასტუმრო ოთახში იესოსა და მის 12 მოციქულს მათთვის გამზადებული მაგიდის გარშემო მოუყრიათ თავი. უსმინეთ! „დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ“, — ამბობს იესო (ლუკა 22:15). მან იცის, რომ რელიგიური წინამძღოლები მისი მოკვლის სურვილით არიან შეპყრობილი. მაგრამ, ვიდრე მოკლავენ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მოხდეს ამ საღამოს.
პასექის აღნიშვნის შემდეგ იესო აცხადებს: „ერთი თქვენგანი გამცემს“ (მათე 26:21). ამ სიტყვების გამო მოციქულები წუხდებიან. ვინ შეიძლება იყოს გამცემი? მოკლე საუბრის შემდეგ იესო იუდა ისკარიოტელს მიმართავს: „რასაც აკეთებ, მალე გააკეთე“ (იოანე 13:27). გამცემი იუდაა, თუმცა ამის შესახებ სხვებმა არ იციან. ის დგება და მიდის, რათა იესოს წინააღმდეგ შეთქმულებაში თავისი საზიზღარი როლი შეასრულოს.
განსაკუთრებული საღამო
ახლა იესო სრულიად ახალ მითითებას აძლევს მოწაფეებს — აღნიშნონ მისი სიკვდილის გახსენების საღამო. ის იღებს პურს, მადლს სწირავს ღმერთს და ამტვრევს. „აიღეთ, ჭამეთ“, — ეუბნება ის მათ. — „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა“. როდესაც ისინი ჭამენ, იესო იღებს წითელი ღვინით სავსე სასმისს და აკურთხებს. „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება“, — ეუბნება ის 11 ერთგულ მოციქულს და არიგებს: „ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად“ (მათე 26:26–28; ლუკა 22:19, 20; 1 კორინთელთა 11:24, 25).
იმ საღამოს იესო ერთგულ მოციქულებს მომავალი მოვლენებისთვის ამზადებს და კიდევ ერთხელ უმტკიცებს ღრმა სიყვარულს. „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, — ამბობს ის, — როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:13–15). დიახ, ამ 11-მა მოციქულმა გასაჭირში იესოსთან ყოფნით დაამტკიცა, რომ ერთგული მეგობრები იყვნენ.
გვიან ღამით — შეიძლება შუაღამეგადაცილებულზე — იესო წარმოთქვამს შთამბეჭდავ ლოცვას, რის შემდეგაც მოციქულებთან ერთად იეჰოვას სიმღერით ხოტბას ასხამს. შემდეგ კი სავსე მთვარის შუქზე ტოვებენ ქალაქს და კედრონის ველს გაღმა გადიან (იოანე 17:1—18:1).
გეთსემანიის ბაღში
მალე იესო და მისი მოციქულები გეთსემანიის ბაღს უახლოვდებიან. ის რვა მოწაფეს ბაღის შესასვლელთან ტოვებს, თვითონ კი პეტრესთან, იაკობსა და იოანესთან ერთად ზეთისხილის ბაღში შედის. „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული, — ეუბნება მათ. — იყავით აქ და იფხიზლეთ“ (მარკოზი 14:33, 34).
სამი მოციქული ელოდება იესოს, რომელიც სალოცავად ბაღის სიღრმეში შედის. ცრემლმორეული იესო მამას ევედრება: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი“. მას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. რამდენად დამამწუხრებელია მისთვის იმაზე ფიქრი, თუ რას იტყვიან იეჰოვას მტრები, როდესაც მის მხოლოდშობილ ძეს ბოროტმოქმედივით ძელზე გააკრავენ! იესოს ტანჯვას აძლიერებს იმის წარმოდგენა, თუ რა სირცხვილს მოუტანს ძვირფას ზეციერ მამას, ეს მოწამეობრივი გამოცდა რომ ვერ აიტანოს. იმდენად მხურვალეა მისი ლოცვა და იმდენად დიდი — ემოციური დაძაბულობა, რომ ოფლი სისხლის წვეთებად სდის და მიწას ეპკურება (ლუკა 22:42, 44).
იესო მესამედ ლოცულობს. ლოცვის შემდეგ ამჩნევს მისკენ მიმავალ ხალხს ლამპრებითა და ჩირაღდნებით. მათ წინ იუდა ისკარიოტელი მიუძღვის, რომელიც პირდაპირ იესოსკენ მიემართება. „გიხაროდეს, რაბი!“ — ეუბნება მას და კოცნის. „იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?“ — ეკითხება იესო (მათე 26:49; ლუკა 22:47, 48; იოანე 18:3).
მოციქულებისთვის ყველაფერი ნათელი ხდება. მათს უფალსა და ძვირფას მეგობარს აპატიმრებენ. ამიტომ პეტრე მახვილს იშიშვლებს და მღვდელმთავრის მონას ყურს ათლის. „თავი დაანებეთ, კმარა!“ — მიმართავს იესო მოწაფეებს. შემდეგ უახლოვდება მონას, უკურნავს ყურს და პეტრეს ეუბნება: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (ლუკა 22:50, 51; მათე 26:52). ასისთავები და ჯარისკაცები იესოს ბორკავენ. შიშით შეპყრობილი დაბნეული მოციქულები ტოვებენ მას და ღამის სიბნელეში უჩინარდებიან (მათე 26:56; იოანე 18:12).
პარასკევი დილა, 14 ნისანი
შუაღამე კარგა ხნის გადასულია. უკვე პარასკევია. იესო ჯერ ყოფილი მღვდელმთავრის, ანას, სახლისკენ მიჰყავთ, მღვდელმთავრისა, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა და ძალაუფლება აქვს. ანა დაკითხვის შემდეგ მღვდელმთავარ კაიაფას სახლში აგზავნის იესოს, სადაც სინედრიონი იკრიბება.
რელიგიური წინამძღოლები მოწმეებს ეძებენ იესოს გასასამართლებლად, მაგრამ ვერც ცრუ მოწმეები ათანხმებენ ერთმანეთში თავიანთ მტკიცებებს. იესო მთელი ამ დროის განმავლობაში დუმს. კაიაფა ტაქტიკას ცვლის და პატიმარს ეკითხება: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“ ამის უარყოფა შეუძლებელია. ამიტომ იესო გაბედულად პასუხობს: „მე ვარ. თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებთან ერთად მომავალს“ (მათე 26:63; მარკოზი 14:60–62).
„მან ჰგმო, — ყვირის კაიაფა. — რაღად გვინდა მოწმენი?“ ზოგი იესოს სილას აწნავს და აფურთხებს. სხვები სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ (მათე 26:65–68; მარკოზი 14:63–65). პარასკევს, გათენებისთანავე, სინედრიონი კვლავ იკრიბება, შესაძლებელია, იმ მიზნით, რომ ღამით უკანონოდ ჩატარებულ სასამართლოს კანონიერი სახე მისცენ. იესო კვლავ გაბედულად აღნიშნავს, რომ ქრისტეა, ღვთის ძე (ლუკა 22:66–71).
შემდეგ მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ის გასასამართლებლად იუდაში მყოფ რომაელ მმართველთან, პილატე პონტოელთან, მიჰყავთ. ისინი იესოს ბრალს სდებენ და ამბობენ, რომ ხალხს აქეზებს, კეისრისთვის ხარკის მიცემას კრძალავს და ‘თავის თავს ქრისტე მეფეს უწოდებს’ (ლუკა 23:2; შეადარეთ მარკოზი 12:17). დაკითხვის შემდეგ პილატე აცხადებს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში“ (ლუკა 23:4). როდესაც პილატე იგებს, რომ იესო გალილეელია, გალილეის მმართველ ჰეროდე ანტიპასთან აგზავნის, რომელიც პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში იმყოფება. ჰეროდეს სამართლიანობის აღსრულება სრულებით არ აინტერესებს. მას, უბრალოდ, იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის ნახვა სწადია. რადგან იესო მის ცნობისმოყვარეობას არ აკმაყოფილებს და დუმს, ჰეროდე და მისი ჯარისკაცები დასცინიან და კვლავ პილატესთან აგზავნიან.
„რა ბოროტება ჩაიდინა მან? — კვლავ კითხულობს პილატე. — მე ვერაფერი სასიკვდილო დანაშაული ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ“ (ლუკა 23:22). ის ბრძანებს, დაწნული მათრახით გაშოლტონ იესო, მათრახით, რომელიც ზურგს უგლეჯს და საშინელ ტკივილს აყენებს. შემდეგ ჯარისკაცები ეკლის გვირგვინს ადგამენ თავზე. ისინი დასცინიან და მაგარი ლერწმით ჩხვლეტენ, აგრეთვე გვირგვინს აწვებიან, რის გამოც ეკლები თავის კანში ღრმად ჩადის. მთელი ამ ენით აუწერელი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიყენების განმავლობაში იესოს ღირსეულად უჭირავს თავი და გასაოცარ სიმტკიცეს ავლენს.
პილატეს კვლავ გამოჰყავს იესო ხალხთან, ალბათ იმ იმედით, რომ მისი საშინელი მდგომარეობა გარკვეულ თანაგრძნობას აღძრავს მათში. „აჰა, — მიმართავს პილატე ხალხს, — მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ მასში“. მაგრამ მღვდელმთავრები ყვირიან: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ (იოანე 19:4–6). ბრბო უფრო დაჟინებით მოითხოვს თავისას. პილატე ნებდება და იესოს ძელზე გასაკრავად გადასცემს.
საშინელი ტანჯვით სიკვდილი
შუადღის პირია. იესო იერუსალიმის გარეთ მდებარე გოლგოთად წოდებულ ადგილზე მიჰყავთ. აწვენენ წამების ძელზე და ხელებსა და ფეხებში დიდ ლურსმნებს აჭედებენ. შეუძლებელია იმ საშინელი ტკივილის სიტყვებით გადმოცემა, როდესაც ბოძი აღიმართება და სხეულის სიმძიმე ლურსმნებით მიყენებულ ჭრილობას კიდევ უფრო ადიდებს. ძელზე გაკრული იესოსა და ორი ბოროტმოქმედის სანახავად მრავალი ადამიანი იყრის თავს, ბევრი ლანძღავს იესოს. „სხვებს იხსნიდა, — დასცინიან მღვდელმთავრები და შეგროვილი ხალხი, — საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია“. მას ჯარისკაცები და ძელზე გაკრული მამაკაცებიც კი დასცინიან (მათე 27:41–44).
იესოს ძელზე გაკვრიდან გარკვეული დროის შემდეგ, შუადღისას, მოულოდნელად სამი საათის განმავლობაში უკუნი სიბნელე ისადგურებს. ეს სიბნელე ღვთისგანააa. შეიძლება ეს აღძრავს ერთ-ერთ ბოროტმოქმედს, რომ მეორე გაკიცხოს, ხოლო შემდეგ იესოს სთხოვოს: „გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მოხვალ“. რა საოცარი რწმენა გამოავლინა ამ ბოროტმოქმედმა მოახლოებული სიკვდილის წინ! „ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღეს, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“, — პასუხობს იესო (ლუკა 23:39–43, აქ).
დაახლოებით დღის სამ საათზე იესო გრძნობს აღსასრულის მოახლოებას. „მწყურია!“ — ამბობს ის. შემდეგ ხმამაღლა ამბობს: „ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე?“ იესო გრძნობს, რომ მამამ, ასე ვთქვათ, მფარველობის გარეშე დატოვა, რათა მისი უმწიკვლოება ბოლომდე გამოცდილიყო, და დავითის სიტყვებს იმეორებს. ვიღაცას ძმრიანი ღრუბელი მიაქვს მის ტუჩებთან. პირის ოდნავ გასველების შემდეგ აღმოხდება: „აღსრულდა!“ შემდეგ ამბობს: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული“. ძალაგამოცლილი თავს ხრის და კვდება (იოანე 19:28–30; მათე 27:46; ლუკა 23:46; ფსალმუნი 21:2).
უკვე მოსაღამოვდა და სასწრაფოდ თადარიგს იჭერენ, რათა იესო შაბათის დადგომამდე დაასვენონ სამარხში. შაბათი (15 ნისანი) კი მზის ჩასვლისას იწყება. იოსებ არიმათიელი, სინედრიონის ცნობილი წევრი, რომელიც ფარულადაა იესოს მოწაფე, მის სამარხში დასვენების ნებართვას იღებს. ნიკოდემოსსაც, რომელიც აგრეთვე სინედრიონის წევრია და რომელმაც, აგრეთვე, ფარულად აღიარა იესოსადმი რწმენა, 33 კილოგრამი სმირნა და ალოე მოაქვს. ისინი იესოს ცხედარს დიდი მზრუნველობით ასვენებენ ახლომდებარე სამარხში.
კვლავ ცოცხალი!
ჯერ კიდევ ადრიანი კვირა დილაა. მარიამ მაგდალელი და კიდევ რამდენიმე ქალი იესოს სამარხს უახლოვდებიან. მაგრამ შეხედეთ! სამარხის შესასვლელზე აფარებული ქვა გვერდზეა გადაგორებული. სამარხიც ცარიელია! მარიამი პეტრესა და იოანესკენ მიიჩქარის ახალი ამბის მოსაყოლად (იოანე 20:1, 2). მისი წასვლისთანავე სამარხში დარჩენილ ქალებს ანგელოზი ეცხადება. „ნუ გეშინიათ“, — ეუბნება ის მათ. შემდეგ ამატებს: „დაუყოვნებლივ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით“ (მათე 28:2–7).
ისინი სწრაფად გაეშურნენ და, როგორ გგონიათ, ვინ ხვდება მათ გზაში? დიახ, თავად იესო! „წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს“, — ეუბნება ის მათ (მათე 28:8–10). მოგვიანებით იესო ეცხადება მარიამ მაგდალელს, რომელიც სამარხთან ზის და ტირის. ქალი ძლივს მალავს სიხარულს და ამ შესანიშნავი ახალი ამბის მოსაყოლად მოწაფეებისკენ მიეშურება (იოანე 20:11–18). იმ დაუვიწყარ კვირას მკვდრეთით აღდგენილი იესო სხვადასხვა მოწაფეს ხუთჯერ გამოეცხადა, რითაც ცხადყო, რომ ნამდვილად ცოცხალია.
რა კავშირი აქვს ამას თქვენთან
რა კავშირი აქვს 1966 წლის წინათ მომხდარ მოვლენებს თქვენთან, XXI საუკუნის მიჯნაზე მცხოვრებთან? ამ მოვლენების თვითმხილველები გვიხსნიან: „ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, ღმერთმა წარმოგზავნა ქვეყანაზე თავისი ძე მხოლოდშობილი, რათა მის მიერ ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და წარმოგზავნა თავისი ძე ჩვენი ცოდვებისათვის შესარიგებელ მსხვერპლად“ (1 იოანე 4:9, 10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990).
რა გაგებით არის ქრისტეს სიკვდილი „შესარიგებელი მსხვერპლი“? იმ გაგებით, რომ ღმერთთან კარგი ურთიერთობის დამყარების საშუალებას გვაძლევს. პირველი მამაკაცი, ადამი, ღვთის წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც შთამომავლობას მემკვიდრეობით გადასცა ცოდვა და სიკვდილი. იესომ კი კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილისგან გამოსასყიდ საფასურად საკუთარი სიცოცხლე გაიღო და, ამგვარად, ღმერთს ადამიანების მიმართ მოწყალებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საფუძველი მისცა (1 ტიმოთე 2:5, 6). თუ ცოდვის საზღაურად იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი რწმენას გამოავლენთ, შემცოდველი ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული მსჯავრისგან გათავისუფლდებით (რომაელთა 5:12; 6:23). ეს კი შესანიშნავ შესაძლებლობას გიქმნით, რომ პირადი ურთიერთობა იქონიოთ მოსიყვარულე ზეციერ მამასთან, იეჰოვა ღმერთთან. მოკლედ რომ ვთქვათ, იესოს მიერ გაღებული უდიდესი შესაწირავი, თქვენთვის უსასრულოდ ცხოვრებას შეიძლება ნიშნავდეს (იოანე 3:16; 17:3).
1 აპრილს, ხუთშაბათ საღამოს, ეს და ამასთან დაკავშირებული საკითხები მსოფლიოში ათიათასობით ადგილზე განიხილება. მილიონობით ადამიანი მიაშურებს ამ ადგილებს, რათა აღნიშნონ იესო ქრისტეს სიკვდილის დღე. თქვენც გულითადად გიწვევთ. თქვენს მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით შეგატყობინებენ, თუ სად და როდის ჩატარდება საღამო. საღამოზე დასწრება, ეჭვგარეშეა, გააღრმავებს თქვენს მადლიერებას იმის გამო, რაც დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო დღეს ჩვენმა მოსიყვარულე ღმერთმა და მისმა ძვირფასმა ძემ გააკეთეს.
[სქოლიო]
a სიბნელის მიზეზი მზის დაბნელება ვერ იქნებოდა, ვინაიდან იესო სავსე მთვარობისას მოკვდა. მზის დაბნელება კი მაშინ ხდება, როდესაც ახალმთვარობისას მთვარე მზესა და დედამიწას შორის ექცევა, თანაც მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება.
[ცხრილი⁄სურათები 7 გვერდზე]
იესოს სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა
ახ. წ. 33 წლის მოვლენები „ყველაზე დიდებული
ნისანი ადამიანი“b
14 ხუთშაბათი პასექის დღესასწაული; იესო 113-ე თავის
საღამო მოციქულებს ფეხებს ბანს; მე-2 აბზაციდან
იუდა იესოს გასაცემად მიდის; 117-ე თავის
ქრისტე თავისი სიკვდილის 1-ლი აბზაცის
გახსენების საღამოს აწესებს ჩათვლით
(წელს ის აღინიშნება 1 აპრილს,
ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ);
მოციქულებს არიგებს და თავისი
წასვლისთვის ამზადებს.
შუაღამიდან ლოცვისა და სახოტბო სიმღერების თავები 117—120
განთიადამდე შემდეგ იესო და მოციქულები
გეთსემანიის ბაღში მიდიან; იესო
ცრემლითა და ღაღადით ლოცულობს;
იუდა ისკარიოტელი ბრბოს თანხლებით
იესოს გასაცემად მიდის; მოციქულები
თავს შველიან, ხოლო იესოს კრავენ
და ანასთან მიჰყავთ; იესო მღვდელმთავარ
კაიაფასთან მიჰყავთ, რათა სინედრიონის
წინაშე წარდგეს; სიკვდილს უსჯიან;
სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას
აყენებენ; პეტრე სამჯერ უარყოფს იესოს.
პარასკევი გამთენიისას იესო კვლავ სინედრიონის თავები 121—124
დილა წინაშეა; ჯერ პილატესთან მიჰყავთ, მერე
ჰეროდესთან და ბოლოს ისევ პილატესთან;
იესოს შოლტავენ, სიტყვიერ და ფიზიკურ
შეურაცხყოფას აყენებენ; პილატეს აიძულებენ,
სიკვდილით დასასჯელად გადასცეს იესო;
შუადღისთვის კი ის სიკვდილით დასასჯელად
გოლგოთაზე აჰყავთ.
შუადღე შუადღის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე თავები 125, 126
ძელზე კრავენ; იესოს სიკვდილისას
შუადღისას დაახლოებით სამი საათის
განმავლობაში სიბნელე ისადგურებს;
ხდება ძლიერი მიწისძვრა; ტაძრის ფარდა
შუაზე იხევა.
ნაშუადღევი შაბათის დადგომამდე იესოს ცხედარს თავი 127,
ბაღში მდებარე სამარხში ასვენებენ. აბზ. 1–7
15 პარასკევი იწყება შაბათი.
საღამო
შაბათი პილატე სამარხთან მცველების თავი 127,
დაყენების ნებას იძლევა. აბზ. 8, 9
16 კვირა ალიონზე იესოს სამარხს ცარიელს 127-ე თავის,
პოულობენ; მკვდრეთით აღმდგარი მე-10 აბზაციდან
იესო ეცხადება: 1) მოწაფე ქალებს, 129-ე თავის
რომელთა შორის არიან: სალომე, მე-10 აბზაცის
იოანა და მარიამი, იაკობის დედა; ჩათვლით
2) მარიამ მაგდალელს; 3) კლეოპასა
და მის მეგობრებს; 4) სიმონ-პეტრეს;
5) ერთად შეკრებილ მოციქულებსა და
სხვა მოწაფეებს.
[სქოლიო]
b აქ მოყვანილია თავები წიგნიდან „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. სიკვდილის წინა დღეებში იესოს მსახურების შესახებ დაწვრილებითი ბიბლიური ცნობები იხილეთ წიგნში „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა“ (ინგლ.), გვერდი 290. ეს წიგნები გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.