ბიბლიის წიგნი 42 — ლუკა
დამწერი: ლუკა
დაწერის ადგილი: კესარეა
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 56—58
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 3 — ახ. წ. 33
1. რით გამოირჩევა ლუკას მიერ დაწერილი სახარება?
ლუკას სახარება დაწერა ადამიანმა, რომელიც გამოირჩეოდა მახვილი გონებითა და შესანიშნავი თვისებებით. ღვთის სულის ხელმძღვანელობასთან ერთად, მას ეს თვისებებიც დაეხმარა იმაში, რომ ზუსტად და გრძნობებით აღეწერა ქრისტეს ცხოვრება. შესავალში ის ამბობს: „მეც ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოვიკვლიე და გადავწყვიტე, ლოგიკური თანამიმდევრობით მოგწერო“. მის მიერ დეტალურად და საგულდაგულოდ გადმოცემული ისტორია ადასტურებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას (ლუკ. 1:3).
2, 3. რა ადასტურებს იმას, რომ ეს სახარება დაწერა ექიმმა ლუკამ?
2 მართალია სახარებაში ლუკა არსად არის მოხსენიებული, მაგრამ ძველ ნაშრომებში ის ერთხმადაა აღიარებული მის დამწერად. მურატორის ფრაგმენტში (დაახლ. ახ. წ. 170) და II საუკუნეში მოღვაწე ირინეოსისა და კლემენტ ალექსანდრიელის ნაშრომებში ეს სახარება ლუკას მიეწერება. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას თვითონ სახარებაც იძლევა. კოლოსელების 4:14-ში პავლე ლუკას უწოდებს „საყვარელ ექიმს“. მეცნიერული სიზუსტით გამორჩეული ლუკას სახარების დაწერას მხოლოდ ასეთი განათლებული ადამიანი თუ შეძლებდა. მის მიერ შერჩეული სიტყვები და მდიდარი ლექსიკა, რომელიც ერთად აღებულ სამივე სახარებაზე მრავალფეროვანია, სახარების თემის საგულდაგულოდ და ამომწურავად გაშუქების საშუალებას იძლევა. ლუკას სახარებაში ჩაწერილ იგავს გზასაცდენილ შვილზე ზოგი ერთ-ერთ საუკეთესო ნოველად მიიჩნევს.
3 ლუკას სახარებაში გვხვდება 300-ზე მეტი სამედიცინო ტერმინი და სამედიცინო მნიშვნელობით ნახმარი სიტყვა, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა დამწერებს სხვა მნიშვნელობით აქვთ (თუ საერთოდ აქვთ) გამოყენებულიa. მაგალითად, კეთრის მოხსენიებისას ლუკა ყველგან ერთი და იმავე სიტყვას არ იყენებს, როგორც ეს სხვა დამწერების შემთხვევაშია. მათთვის კეთრი კეთრია, მაგრამ ექიმისთვის არსებობს კეთრის განვითარების სხვადასხვა სტადია. ამიტომ ლუკა მოიხსენიებს „კაცს, რომელსაც მთელ სხეულზე კეთრი მოსდებოდა“. ლაზარეზე ლუკა ამბობს, რომ „თავიდან ფეხებამდე დაწყლულებული“ იყო. მის გარდა სახარებების არც ერთ დამწერს არ უთქვამს, რომ პეტრეს სიდედრს „მაღალი სიცხე ჰქონდა“ (5:12; 16:20; 4:38). სხვა სახარებების დამწერები მოგვითხრობენ, რომ მღვდელმთავრის მონას პეტრემ ყური ჩაათალა, თუმცა მხოლოდ ლუკას აქვს მოხსენიებული, რომ ის იესომ განკურნა (22:51). აშკარად ექიმის ნათქვამია ის, რომ „თვრამეტი წელი უძლურების დემონით შეპყრობილი [ქალი] წელში იყო მოხრილი და ვერ იმართებოდა“. სწორედ „საყვარელ ექიმ ლუკას“ შეეძლო დაეწერა, რომ დაზარალებულ მამაკაცს სამარიელმა „ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა“ და ამგვარად აღმოუჩინა პირველი დახმარება (13:11; 10:34).
4. სავარაუდოდ როდის დაიწერა ლუკას სახარება და რის საფუძველზე შეიძლება ამის თქმა?
4 როდის დაწერა ლუკამ სახარება? საქმეების 1:1-დან ვხედავთ, რომ „საქმეებამდე“ მის დამწერს (ანუ ლუკას) უკვე დაწერილი ჰქონდა სახარება. სავარაუდოდ, „საქმეების“ წერა დასრულდა დაახლოებით ახ. წ. 61 წელს, როცა ლუკა რომში იყო პავლესთან, რომელიც კეისრის განაჩენს ელოდებოდა. როგორც ჩანს, ლუკამ სახარება დაწერა კესარეაში დაახლოებით ახ. წ. 56—58 წლებში მას შემდეგ, რაც პავლეს მესამე მისიონერული მოგზაურობის დასასრულს მასთან ერთად დაბრუნდა ფილიპედან, — იმ ორწლიან მონაკვეთში, როცა პავლე კესარეაში იყო დაპატიმრებული და რომში გადაყვანას ელოდებოდა. აქ, პალესტინაში, ამ პერიოდის განმავლობაში ლუკას კარგი შესაძლებლობა ჰქონდა იმისათვის, რომ ‘თავიდანვე ზედმიწევნით გამოეკვლია’ იესოს ცხოვრებასა და მსახურებასთან დაკავშირებული დეტალები. ამრიგად, ლუკამ სახარება, როგორც ჩანს, მარკოზზე ადრე დაწერა.
5. როგორ უნდა გამოეკვლია ლუკას ‘ყველაფერი ზედმიწევნით’ იესოს ცხოვრებასთან დაკავშირებით?
5 ცხადია, ლუკას საკუთარი თვალით არ უნახავს ყველაფერი, რაც თავის სახარებაში აღწერა. ის არ ყოფილა 12 მოციქულთაგანი და, როგორც ჩანს, ქრისტიანობა იესოს სიკვდილის შემდეგ მიიღო. მაგრამ ის პავლეს გვერდით იყო მისიონერულ მსახურებაში (2 ტიმ. 4:11; ფლმ. 24). ამიტომაც შეიმჩნევა მის სახარებაში პავლეს გავლენა. მაგალითად, ეს კარგად ჩანს ლუკას 22:19, 20-ისა და 1 კორინთელების 11:23—25-ის ერთმანეთთან შედარებით, რომლებშიც უფლის სერობაა აღწერილი. ლუკას შეეძლო მოეშველიებინა მათეს სახარებაც. ‘ყველაფერი ზედმიწევნით რომ გამოეკვლია’, ლუკას შეეძლო პირადად გასაუბრებოდა მათ, ვინც იესოს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების მომსწრე იყო, მაგალითად მის მოწაფეებს და შესაძლოა დედამისს, მარიამს. უდავოა, რომ ის ყველაფერს საგულდაგულოდ გამოიკვლევდა სანდო ინფორმაციის მოსაპოვებლად.
6. რა მხრივ გამოირჩევა ლუკას სახარება და ვისთვის დაიწერა ის? რატომ პასუხობთ ასე?
6 ოთხი სახარების შედარებიდან აშკარად ჩანს, რომ დამწერები ერთმანეთის აზრებს არ იმეორებენ და მათი მიზანი მხოლოდ სახარებებში აღწერილი ფაქტების დამოწმება არ არის. ლუკას სახარება ყველაზე მეტად გამოირჩევა განსაკუთრებული თავისებურებებით. მთლიანობაში, მასში ჩაწერილი ინფორმაციის 59 პროცენტი არ გვხვდება სხვა სახარებებში. ამის მაგალითია ლუკას მიერ აღწერილი, სულ მცირე, ექვსი სასწაული, და მაგალითები, რომელთა რაოდენობაც ორჯერ მეტია სხვა სახარებებთან შედარებით. ლუკას სახარების ერთი მესამედი თხრობას ეთმობა, ორი მესამედი კი სხვების სიტყვებს. ის მოცულობით ყველაზე დიდია ოთხ სახარებას შორის. მათემ სახარება ძირითადად ებრაელებისთვის დაწერა, მარკოზმა არაებრაელებისთვის, განსაკუთრებით რომაელებისთვის. ლუკამ კი თავისი სახარებით მიმართა „ღრმად პატივცემულ თეოფილეს“, ხოლო მისი მეშვეობით სხვებს — როგორც ებრაელებს, ისე არაებრაელებს (ლუკ. 1:3, 4). ამიტომ იესოს გენეალოგიის მოხსენიებისას ის მიდის „ადამამდე, ღვთის ძემდე“ და არა მხოლოდ „აბრაამამდე“, როგორც ეს მათემ გააკეთა ებრაელებისთვის დაწერილ სახარებაში. მხოლოდ მას მოჰყავს სიმონის წინასწარმეტყველური სიტყვები იმის შესახებ, რომ იესოს მეშვეობით ‘აეხდებოდა რიდე უცხოტომელებს’. ლუკა აგრეთვე აღნიშნავს: „ყოველი ხორციელი იხილავს გადარჩენას ღვთისგან“ (3:38; 2:29—32; 3:6).
7. რა არის ერთ-ერთი ძლიერი მტკიცება იმისა, რომ ლუკას სახარება სანდოა?
7 მთელი სახარება თანამიმდევრულად და ზუსტად არის გადმოცემული. ასეთი ზედმიწევნითი სიზუსტე თავისთავად სანდოს ხდის ლუკას სახარებას. ერთმა იურისტმა აღნიშნა: „რომანებში, ლეგენდებსა და ცრუ ჩვენებებში მოვლენების განვითარება უკავშირდება შორეულ ადგილებსა და განუსაზღვრელ დროს, რითაც ირღვევა ძირითადი პრინციპი, რომლითაც იურისტები ვხელმძღვანელობთ — კერძოდ კი ის, რომ ჩვენების დროს აუცილებელია დროისა და ადგილის მითითება. მაგრამ ბიბლია უდიდესი სიზუსტით გადმოგვცემს მოვლენების განვითარების დროსა და ადგილს“b. ამ აზრის მხარდასაჭერად მას მოჰყავს ლუკას 3:1, 2: „კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იყო იუდეის გამგებელი, ჰეროდე — გალილეის გამგებელი, ხოლო მისი ძმა ფილიპე — იტურეისა და ტრაქონიტიდის მხარეების გამგებელი, ლისანია კი — აბილინის მხარის გამგებელი, უფროსი მღვდლის ანასა და კაიაფას დღეებში, უდაბნოში ღვთის სიტყვა გამოეცხადა ზაქარიას ძეს, იოანეს“. არაფერია გაურკვეველი დროსა და ადგილთან დაკავშირებით, რადგან ლუკა ასახელებს არანაკლებ შვიდი ოფიციალური პირის სახელს, რაც იოანესა და იესოს მსახურების დაწყების დროის დადგენაში გვეხმარება.
8. რა მინიშნებას გვაძლევს ლუკა იესოს დაბადების დროსთან დაკავშირებით?
8 ლუკა გვაძლევს ორ მინიშნებას იესოს დაბადების დროის დასადგენად. ლუკას 2:1, 2-ში ის ამბობს: „იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანებულება, რომ აღწერილიყო მთელი დედამიწის მოსახლეობა (ეს პირველი აღწერა სირიაში კვირინიუსის გამგებლობის დროს ჩატარდა)“. ამის გამო იოსებსა და მარიამს ბეთლემში მოუწიათ წასვლა, სადაც იესო დაიბადაc. რთულია, არ დაეთანხმო ერთი მეცნიერის სიტყვებს: „ლუკა ყოველივეს არაჩვეულებრივი სიზუსტით გადმოსცემს, რაც საუკეთესოდ მეტყველებს მის, როგორც ისტორიკოსის, ღირსებაზე“d. ლუკას უსაფუძვლოდ არ უთქვამს: „თავიდანვე ზედმიწევნით გამოვიკვლიე“.
9. ლუკას სახარებაში ჩაწერილი იესოს რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა საოცარი სიზუსტით ახ. წ. 70 წელს?
9 ლუკა აგრეთვე აღნიშნავს, თუ რა ზუსტად შესრულდა იესო ქრისტეზე ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები. ამასთან დაკავშირებით მას მოჰყავს უშუალოდ იესოს სიტყვები (24:27, 44). გარდა ამისა, ის ზედმიწევნით გადმოგვცემს იესოს წინასწარმეტყველურ სიტყვებს მომავალთან დაკავშირებით, რომელთაგანაც ბევრი საოცარი სიზუსტით შესრულდა. მაგალითად, იერუსალიმს სიმაგრე შემოავლეს წვეტიანი ბოძებით და ის მიწასთან გაასწორეს ახ. წ. 70 წელს (ლუკ. 19:43, 44; 21:20—24; მათ. 24:2). რომაელთა ლაშქრობის თვითმხილველი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის გადმოცემით, ქალაქიდან დაახლოებით 16 კილომეტრის რადიუსში მოჭრეს ხეები ბოძებისთვის, ქალაქს 7,2-კილომეტრიანი ზღუდე შემოავლეს, მრავალი ქალი და ბავშვი შიმშილით დაიხოცა, მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა, 97 000 კი ტყვედ წაასხეს. რომში დღემდე შემორჩენილ ტიტუსის თაღზე გამოსახულია, როგორ ეზიდებიან რომაელები იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებულ განძსe. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ლუკას მიერ ჩაწერილი სხვა წინასწარმეტყველებებიც ასეთივე სიზუსტით შესრულდება.
შინაარსი
10. რის გაკეთება გადაწყვიტა ლუკამ?
10 ლუკას შესავალი (1:1—4). ლუკა ამბობს, რომ ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოიკვლია და გადაწყვიტა, ლოგიკური თანამიმდევრობით დაეწერა, რათა „ღრმად პატივცემული თეოფილე“ დარწმუნებულიყო ყველაფრის უტყუარობაში (1:3, 4).
11. რა სასიხარულო მოვლენებია აღწერილი ლუკას პირველ თავში?
11 იესოს დაბადება და ბავშვობა (1:5—2:52). ანგელოზი ეცხადება ხანდაზმულ ზაქარიას და აუწყებს სასიხარულო ამბავს: მას შეეძინება ვაჟი, რომელსაც იოანე უნდა დაარქვას. ბავშვის დაბადებამდე ზაქარია ლაპარაკს ვერ შეძლებს. ანგელოზის სიტყვისამებრ, ასაკის მიუხედავად მისი ცოლი ელისაბედი ორსულდება. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ანგელოზი გაბრიელი ეცხადება მარიამს და ეუბნება, რომ „უზენაესის ძლიერებით“ ჩაესახება ვაჟი, რომელსაც იესო უნდა დაარქვას. მარიამი სტუმრად მიდის ელისაბედთან და მისალმების შემდეგ ამბობს: „ადიდებს ჩემი სული იეჰოვას და დიდად გაიხარა ჩემმა სულმა ღვთის, ჩემი მხსნელის გამო“. მარიამი ამბობს, რომ იეჰოვას სახელი წმინდაა და ის დიდ გულმოწყალებას ავლენს თავის მოშიშთა მიმართ. იოანეს დაბადებიდან მალევე ზაქარიას ბაგე ეხსნება. ის იწყებს ღვთის გულმოწყალებაზე ლაპარაკს და ამბობს, რომ იოანე იქნება წინასწარმეტყველი, რომელიც იეჰოვას გზას მოამზადებს (1:7, 35, 46, 47).
12. რას გადმოგვცემს ლუკა იესოს დაბადებისა და ბავშვობის შესახებ?
12 იესო იბადება ბეთლემში. ამ სასიხარულო ამბავს ანგელოზი აუწყებს მწყემსებს, რომლებიც ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობენ. მოსეს კანონის თანახმად, ხდება ბავშვის წინადაცვეთა. მშობლებმა იესო ‘იეჰოვას წინაშე წარადგინეს’ ტაძარში. აქ ბავშვს ხანში შესული სიმონი და წინასწარმეტყველი ანა ნახულობენ. იესო ‘იზრდება, ძლიერდება და სიბრძნით ივსება. ღმერთი კეთილგანწყობილია მის მიმართ’ (2:10, 22, 40). 12 წლის იესო გაგების უნარითა და პასუხებით იერუსალიმში მასწავლებლებს აოცებს.
13. რის შესახებ ქადაგებს იოანე, და რა ხდება იესოს ნათლობის დროს და ნათლობის შემდეგ?
13 მომზადება მსახურებისთვის (3:1—4:13). კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წელს ღვთის სიტყვა ეცხადება იოანეს, ზაქარიას ძეს. ის უქადაგებს ხალხს, რომ მოინათლონ „მონანიების ნიშნად, ცოდვების მისატევებლად“, რათა ‘ყოველმა ხორციელმა იხილოს გადარჩენა ღვთისგან’ (3:3, 6). როცა ყველა ინათლება მდინარე იორდანეში, იესოც მიდის მოსანათლად. ის ლოცულობს, წმინდა სული გადმოდის მასზე და ზეციდან ისმის მამის ხმა. იესო დაახლოებით 30 წლისაა (ლუკა ეხება მის გენეალოგიას). მონათვლის შემდეგ სული 40 დღე დაატარებს იესოს უდაბნოში. ეშმაკი ამაოდ ცდილობს მის ცდუნებას, ბოლოს კი თავს ანებებს, ‘სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემა’ (4:13).
14. სად აცხადებს იესო თავისი მოსვლის მიზანს? რისთვის მოვიდა ის და რა რეაქცია აქვთ მსმენელებს?
14 მსახურების პირველი ეტაპი — ძირითადად გალილეაში (4:14—9:62). მშობლიური ნაზარეთის სინაგოგაში იესო აცხადებს, თუ რისთვის მოვიდა. ის კითხულობს და საკუთარ თავს უკავშირებს ესაიას 61:1, 2-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო“ (4:18, 19). თავიდან სიამოვნებით უსმენენ იესოს, მაგრამ მალე რისხდებიან მასზე და მოკვლას უპირებენ. ამიტომ ის ჩადის კაპერნაუმში, სადაც ბევრს კურნავს. ხალხს სურს, რომ მათთან დარჩეს, მაგრამ იესო მათ ეუბნება: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (4:43). ის მიდის და იუდეის სინაგოგებში ქადაგებს.
15. როგორ სთავაზობს იესო მოწაფეებად გახდომას პეტრეს, იაკობს, იოანესა და მათეს?
15 გალილეაში იესო სიმონს (იგივე პეტრე), იაკობსა და იოანეს სასწაულებრივად აჭერინებს თევზს. ის სიმონს ეუბნება: „ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“. ისინი ყველაფერს ტოვებენ და იესოს მიჰყვებიან. იესო ლოცულობს და ასწავლის; ‘იეჰოვას ძალა მასთანაა, რათა განკურნოს ავადმყოფები’ (5:10, 17). ის მოუხმობს ლევის (მათეს), გადასახადების ამკრეფს. ლევი იესოს დიდ წვეულებას უწყობს, სადაც ‘მრავლად არიან გადასახადების ამკრეფნი’ (5:29). ამას მოჰყვა პირველი დაპირისპირება ფარისევლებთან. ისინი რისხდებიან და ფიქრობენ, რა მოუხერხონ მას.
16. ა) რის შემდეგ ირჩევს იესო 12 მოციქულს? ბ) რაზე ამახვილებს ლუკა ყურადღებას იესოს ქადაგებიდან?
16 იესო მთელ ღამეს ლოცვაში ატარებს, რის შემდეგაც მოწაფეთაგან ირჩევს 12 მოციქულს. ის აგრძელებს ხალხის განკურნებას. ლუკას 6:20—49-ში მოკლედ არის გადმოცემული ქადაგება, რომელსაც ვრცლად მათეს მე-5—7 თავებში ვხვდებით. იესო ამბობს: „ბედნიერნი ხართ, ღარიბნო, რადგან თქვენია ღვთის სამეფო . . . მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან სრულად გაქვთ მიღებული ნუგეში“ (6:20, 24). ის მსმენელებს ურჩევს, რომ უყვარდეთ მტრები, იყვნენ გულმოწყალენი, გულუხვები და გულიდან კარგი განძი გამოიტანონ.
17. ა) რა სასწაულებს ახდენს იესო? ბ) რას ეუბნება იესო იოანე ნათლისმცემლის მაცნეებს?
17 კაპერნაუმში დაბრუნებულ იესოს ერთი ასისთავი სხვების პირით სთხოვს, განკურნოს მისი მონა. ის არ თვლის თავს იმის ღირსად, რომ იესო მის სახლში მივიდეს და ‘მხოლოდ სიტყვის თქმას’ სთხოვს. მონა იკურნება. იესო აქებს ასისთავს: „ისრაელშიც კი არავის შევხვედრივარ, ასეთი დიდი რწმენა რომ ჰქონოდა“ (7:7, 9). ამას მოჰყვება მკვდრეთით აღდგენის პირველი შემთხვევა — იესოს ებრალება ნაინში მცხოვრები ქვრივი ქალი და სიცოცხლეს უბრუნებს მის ერთადერთ ვაჟს (7:13). იესოს ამბავი მთელ იუდეაში ვრცელდება. იოანე ნათლისმცემელი საპყრობილიდან ორ მოწაფეს გზავნის მასთან, რათა ჰკითხონ: „შენა ხარ ის, ვინც მოდის?“. პასუხად იესო იოანეს მაცნეებს ეუბნება: „წადით და მოუყევით იოანეს, რაც იხილეთ და მოისმინეთ: უსინათლოებს თვალები ეხილებათ, კოჭლები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა ეუწყებათ. ბედნიერია ის, ვინც არ ბრკოლდება ჩემ გამო“ (7:19, 22, 23).
18. რა მაგალითი მოჰყავს იესოს, რა სასწაულებს ახდენს და რა რჩევებს იძლევა?
18 იესო თორმეტთან ერთად დადის ‘ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებს და სასიხარულო ცნობას ამცნობს ღვთის სამეფოს შესახებ’. მას მოჰყავს მაგალითი მთესველზე და დასკვნისას ამბობს: „ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ, რადგან ვისაც აქვს, მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს“ (8:1, 18). იესო კვლავ ახდენს სასწაულებს. 12 მოციქულს აძლევს ძალაუფლებას დემონების განსადევნად და სნეულებათა განსაკურნავად. იესო გზავნის მათ, რომ ‘იქადაგონ ღვთის სამეფოს შესახებ და განკურნონ ხალხი’. ამას მოსდევს 5 000 კაცის სასწაულებრივად დაპურება. იესო ადის მთაზე, სადაც გარდაისახება. მეორე დღეს კურნავს დემონით შეპყრობილ ბიჭს, რომლის განკურნებაც მოწაფეებმა ვერ შეძლეს. მათ, ვისაც სურს მისი მიმდევარი იყოს, იესო ეუბნება: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“. ვინც ღვთის სამეფოში შესასვლელად გუთანს ჰკიდებს ხელს, უკან არ უნდა იყუროს (9:2, 58).
19. რა მაგალითი მოჰყავს იესოს მოყვასის სიყვარულთან დაკავშირებით?
19 იესოს შემდგომი მსახურება — იუდეაში (10:1—13:21). იესო გზავნის 70 მოწაფეს „სამკალში“. მსახურებაში წარმატებას მათთვის სიხარული მოაქვს. იესოს ერთი კაცი თავის გამართლების მიზნით ეკითხება: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. პასუხად იესოს მოჰყავს მაგალითი სამარიელზე. ყაჩაღების ნაცემი კაცი გზაზე ცოცხალმკვდარი გდია. მას ყურადღებას არც მღვდელი აქცევს და არც ლევიანი. მხოლოდ სამარიელი მიდის მასთან, ჭრილობებს უხვევს, თავის პირუტყვზე სვამს და სასტუმროში მიყვანის შემდეგ ფულს იხდის იმისათვის, რომ მიხედონ. ამ კაცის მოყვასი ის არის, ვინც „გულმოწყალება გამოავლინა მის მიმართ“ (10:2, 29, 37).
20. ა) რას ეუბნება იესო მართასა და მარიამს? ბ) რას ამბობს ის ლოცვასთან დაკავშირებით?
20 მართას სახლში იესო რბილად აძლევს შენიშვნას მას იმის გამო, რომ ‘ბევრ რამეზე წუხს’. იესო აქებს მარიამს იმისათვის, რომ „უკეთესი აირჩია“ და მის სიტყვებს ისმენს. მოსწავლეებს იესო ასწავლის ლოცვას და ეუბნება, რომ აუცილებელია გამუდმებით ლოცვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით“. მოგვიანებით ის დევნის დემონს და ბედნიერს უწოდებს მას, „ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას“. სტუმრად ყოფნისას იესო განსჯის ფარისევლებს კანონთან დაკავშირებული საკითხების გამო და ეუბნება, რომ მათ ‘წაიღეს ცოდნის გასაღები’ (11:9, 28, 52).
21. რას ამბობს იესო სიხარბეზე და რისკენ მოუწოდებს მოწაფეებს?
21 ხალხი კვლავ იკრიბება იესოსთან და ვიღაცა მას ეუბნება: „უთხარი ჩემს ძმას, მემკვიდრეობა გამიყოს“. იესო ხედავს, რა არის პრობლემის თავიდათავი და პასუხობს: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“. შემდეგ მას მოჰყავს მაგალითი მდიდარ კაცზე, რომელიც ბეღლებს ანგრევს, რათა უფრო დიდები ააშენოს. მაგრამ ის იმავე ღამეს კვდება და მისი ქონება სხვებს რჩება. დასკვნისას იესო ამბობს: „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“. იესო მოწაფეებს მოუწოდებს, უპირველესად ღვთის სამეფო ეძებონ. ის მათ ეუბნება: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“. შაბათ დღეს იესო დაავადებისგან კურნავს ქალს, რომელიც 18 წელი იტანჯებოდა. ამის გამო მოწინააღმდეგეები კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან იესოს, მაგრამ შერცხვენილნი რჩებიან (12:13, 15, 21, 32).
22. რა მაგალითები მოჰყავს იესოს სამეფოსთან დაკავშირებით?
22 იესოს შემდგომი მსახურება — ძირითადად პერეაში (13:22—19:27). ღვთის სამეფოსთან დაკავშირებით იესო მსმენელებს საინტერესო მაგალითებს უყვება. ის, ვინც დიდებასა და პატივს ესწრაფვის, დამდაბლდება. ვინც ნადიმს მართავს, უნდა დაპატიჟოს ღარიბები, რათა ‘მართალთა აღდგომისას გადაეხადოს’. შემდეგი მაგალითი ეხება კაცს, რომელიც დიდ ვახშამს მართავს. დაპატიჟებულთაგან ყველა რაღაცას იმიზეზებს: ერთმა მინდორი იყიდა, მეორემ — ხარები, მესამეს კი ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს. განრისხებული მასპინძელი ეპატიჟება „ღარიბებს, ხეიბრებს, უსინათლოებსა და კოჭლებს“. ის ამბობს, რომ პირველად დაპატიჟებულთაგან ვერც ერთი ვერ „გაუსინჯავს გემოს“ მის ვახშამს (14:14, 21, 24). შემდეგ იესოს მაგალითი მოჰყავს დაკარგულ ცხვარზე და ამბობს: „გეუბნებით: ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ“ (15:7). იგივე აზრია გატარებული მომდევნო მაგალითში, რომელშიც ქალი გულმოდგინედ ეძებს ერთ დრაქმასf.
23. რის დანახვა შეიძლება გზასაცდენილი შვილის მაგალითიდან?
23 იესოს მოჰყავს მაგალითი გზასაცდენილ შვილზე, რომელმაც მამას სთხოვა ქონების გაყოფა და შემდეგ „აღვირახსნილი ცხოვრებით“ ყველაფერი გაფლანგა. როცა გაუჭირდა, გონს მოეგო და სახლში დაბრუნდა იმ იმედით, რომ მამამისი აპატიებდა. მამას მის დანახვაზე გული დაეწვა, „გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა“. მას საუკეთესო ტანსაცმელი ჩააცვეს, დიდი ნადიმი გამართეს და „დაიწყეს მხიარულება“. უფროს ძმას ეს არ მოეწონა, მაგრამ თვალსაზრისის გამოსასწორებლად მამამ რბილად უთხრა: „შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და რაც მაქვს, ყველაფერი შენია, მაგრამ უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“ (15:13, 20, 24, 31, 32).
24. რაზე ამახვილებს იესო ყურადღებას ჯერ მდიდრისა და ლაზარეს, ხოლო შემდეგ ფარისევლისა და გადასახადების ამკრეფის მაგალითებით?
24 უმართლო მმართველზე მოყვანილი მაგალითის შემდეგ ფულის მოყვარული ფარისევლები დასცინიან იესოს, მაგრამ ის მათ პასუხობს: „თქვენ თქვენი თავი მართლებად მოგაქვთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები, რადგან, რაც ადამიანის თვალში ამაღლებულია, ღვთის თვალში ის სისაძაგლეა“ (16:15). მდიდრისა და ლაზარეს მაგალითით იესო აჩვენებს, თუ რამხელა უფსკრულია მათ შორის, ვისაც ღმერთი იწონებს და ვისაც არ იწონებს. მოწაფეებს ის აფრთხილებს, რომ დაბრკოლების მიზეზები იქნება, „მაგრამ ვაი მას, ვისგანაც იქნება!“. ის ეხება სირთულეებს, რომლებიც ‘კაცის ძის გამოცხადების’ დროს იქნება და მოწაფეებს ეუბნება: „გახსოვდეთ ლოტის ცოლი“ (17:1, 30, 32). მაგალითის მოყვანით იესო არწმუნებს თავის მიმდევრებს იმაში, რომ ღმერთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, „რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ“ (18:7). შემდეგი მაგალითით ის განსჯის თავდაჯერებულ ფარისეველს, რომელიც ტაძარში ლოცულობს და ღმერთს მადლობს იმისათვის, რომ სხვებს არ ჰგავს. გადასახადის ამკრეფი, რომელიც მოშორებით დგას, ვერც კი ბედავს თვალების ზეცისკენ აპყრობას და ასე ლოცულობს: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი“. იესო ამბობს, რომ გადასახადების ამკრეფი ფარისეველზე მართალია, „ვინაიდან ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (18:13, 14). იესო იერიხონში სტუმრად მიდის გადასახადების ამკრეფთა უფროსთან, ზაქესთან. აქ იესოს მოჰყავს მაგალითი ათ მინაზე და ამბობს, თუ რა სდევს შედეგად მინდობილი საქმისადმი ერთგულებას.
25. როგორ იწყება იესოს მსახურების ბოლო დღეები და რა გაფრთხილებას აძლევს ის თავის მიმდევრებს?
25 იესოს მსახურების ბოლო დღეები — იერუსალიმში და მის შემოგარენში (19:28—23:25). ჩოჩორზე მჯდომი იესო იერუსალიმში შედის. უამრავი მოწაფე ეგებება მას როგორც „იეჰოვას სახელით მომავალ მეფეს“. ამის გამო ფარისევლები იესოს ეუბნებიან, გაუწყრეს თავის მოწაფეებს. იესო პასუხობს: „ესენი რომ დადუმებულიყვნენ, ქვები იღაღადებდნენ“ (19:38, 40). იესო წარმოთქვამს წინასწარმეტყველებას იერუსალიმის განადგურებაზე და ამბობს, რომ წვეტიანი ბოძებით სიმაგრეს შემოავლებენ, შეავიწროებენ, მიწასთან გაასწორებენ მას და მის შვილებს და ქვას ქვაზე არ დატოვებენ. იესო ასწავლის ხალხს ტაძარში და აუწყებს სასიხარულო ცნობას. უფროსი მღვდლების, მწიგნობრებისა და სადუკეველების მიერ სიტყვაში გამოსაჭერად დასმულ კითხვებზე პასუხად მას მაგალითები და ძლიერი არგუმენტები მოჰყავს. იესო საუბრობს აღსასრულის ნიშანზე და კიდევ ერთხელ მოიხსენიებს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულ იერუსალიმს. ხალხს გული წაუვა მოახლოებული მოვლენების შიშით, მაგრამ ამ დროს მისმა მიმდევრებმა ‘თავები უნდა ასწიონ, რადგან ახლოვდება მათი ხსნა’. მათ უნდა იფხიზლონ, რათა თავი დააღწიონ მოსახდენს (21:28).
26. ა) რა შეთანხმებებს დებს იესო და რას უკავშირებს ამას? ბ) რა ეხმარება განსაცდელში მყოფ იესოს განმტკიცებაში და რის გამო საყვედურობს მოწაფეებს?
26 დადგა ახ. წ. 33 წლის 14 ნისანი. იესო აღნიშნავს პასექს, რის შემდეგაც „ახალ შეთანხმებას“ დებს თავის ერთგულ მოციქულებთან. ამ შეთანხმებას ის უკავშირებს სიმბოლურ ვახშამს, რომელიც მისმა მიმდევრებმა ყოველთვის უნდა აღნიშნონ მის გასახსენებლად. გარდა ამისა, იესო მათ ეუბნება: „შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“ (22:20, 29). იმავე ღამეს იესო ლოცულობს ზეთისხილის მთაზე. მას ‘ციდან ევლინება ანგელოზი და განამტკიცებს. მაგრამ ემოციურ ტანჯვაში მყოფი უფრო მხურვალედ ლოცულობს, მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცევა და მიწას ეპკურება’. სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, როცა მოღალატე იუდა ხალხს მოუძღვება იესოს შესაპყრობად. მოწაფეები იესოს ეკითხებიან: „უფალო, დავკრათ მახვილი?“. ერთ-ერთი მათგანი ყურს ათლის მღვდელმთავრის მონას, მაგრამ იესო საყვედურობს მოწაფეებს და მონას ყურს უმთელებს (22:43, 44, 49).
27. ა) რა შეცდომა დაუშვა პეტრემ? ბ) რაში სდებენ ბრალს იესოს და როგორ გამოაქვთ მისთვის განაჩენი?
27 იესო მღვდელმთავრის სახლში მიჰყავთ დასაკითხად. პეტრე ცეცხლთან მჯდომ ხალხს უერთდება. მას სამჯერ ეუბნებიან, რომ იესოს მიმდევარია, მაგრამ ის სამივეჯერ უარობს. ამის შემდეგ მამალი ყივის. უფალი პეტრესკენ ბრუნდება, პეტრეს ახსენდება მისი სიტყვები, გარეთ გადის და მწარედ ტირის. იესო ჯერ სინედრიონის დარბაზში მიჰყავთ, შემდეგ კი პილატესთან, სადაც ბრალს სდებენ იმაში, რომ ერს რყვნის, გადასახადების გადახდას კრძალავს და „საკუთარ თავს ქრისტე მეფეს უწოდებს“. როცა პილატე იგებს, რომ იესო გალილეელია, მას გზავნის ჰეროდესთან, რომელიც ამ დროს იერუსალიმში იმყოფება. ჰეროდე თავის მცველ ჯარისკაცებთან ერთად მასხრად იგდებს იესოს და უკან უგზავნის პილატეს. პილატე ‘იესოს გადასცემს ხალხს, რათა როგორც უნდათ, ისე მოექცნენ’ (23:2, 25).
28. ა) რას ჰპირდება იესო ბოროტმოქმედს, რომელიც რწმენას ავლენს? ბ) რას მოგვითხრობს ლუკა იესოს სიკვდილზე, დაკრძალვასა და აღდგომაზე?
28 იესოს სიკვდილი, აღდგომა და ამაღლება (23:26—24:53). იესოს ბოძზე აკრავენ ორ ბოროტმოქმედს შორის. ერთი ბოროტმოქმედი შეურაცხყოფას აყენებს მას, მეორე კი რწმენას ავლენს და სთხოვს, რომ გაიხსენოს. იესო ჰპირდება: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (23:43). შემდეგ უჩვეულოდ ბნელდება, საწმინდრის ფარდა შუაზე იხევა და იესო ხმამაღლა იძახის: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“. იესო კვდება. ბოძიდან ჩამოხსნის შემდეგ მის ცხედარს კლდეში გამოკვეთილ სამარხში ასვენებენ. კვირის პირველ დღეს გალილეიდან წამოსული ქალები მიდიან სამარხთან, მაგრამ იესოს ცხედარს ვერ პოულობენ. როგორც თავად იწინასწარმეტყველა, ის მესამე დღეს აღდგა (23:46).
29. რა სასიხარულო ამბით მთავრდება ლუკას სახარება?
29 ემაუსის გზაზე იესო ეცხადება ორ მოწაფეს, ესაუბრება თავის ტანჯვაზე და განუმარტავს წმინდა წერილებს. როცა მოწაფეები ხვდებიან მის ვინაობას, ის უჩინარდება. ისინი ამბობენ: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“. ისინი მაშინვე იერუსალიმში ბრუნდებიან და ამის შესახებ სხვა მოწაფეებს უყვებიან. ჯერ ისევ ლაპარაკში არიან, როცა იესო მათ შორის დგება. ისინი გაკვირვებულები არიან და სიხარულისგან თვალებს არ უჯერებენ. შემდეგ ‘სრულად უხსნის მათ გონებას, რათა გაიგონ წმინდა წერილების მნიშვნელობა’. სახარების დასასრულს ლუკა აღწერს იესოს ზეცად ამაღლებას (24:32, 45).
რატომ არის სასარგებლო
30, 31. ა) როგორ გვიმტკიცებს ლუკა იმის რწმენას, რომ ებრაული წერილები ღვთისგან არის შთაგონებული? ბ) იესოს რომელი სიტყვები მოჰყავს ლუკას ამის დასტურად?
30 ლუკას სახარება მკითხველს უმტკიცებს ღვთის სიტყვისადმი ნდობას და უძლიერებს იმის რწმენას, რომ ქვეყნიერების ზეწოლასთან გამკლავება შესაძლებელია. ლუკას მრავალი მაგალითი მოჰყავს იმისა, თუ როგორ შესრულდა ზუსტად ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები. იესომ ესაიას წიგნში ჩაწერილი სიტყვებით ახსნა, თუ რა მიზნით იყო დედამიწაზე მოსული. ლუკას სახარების კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთელ წიგნს ეს თემა გასდევს (ლუკ. 4:17—19; ეს. 61:1, 2). იესოს ხშირად ციტირებდა წინასწარმეტყველთა წიგნებიდან. გარდა ამისა, მას ციტატები მოჰყავდა მოსეს კანონიდან (მაგალითად, როცა სატანა სამჯერ შეეცადა მის ცდუნებას) და ფსალმუნებიდან (მაგალითად, როცა თავის მოწინააღმდეგეებს ჰკითხა: „როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?“). ლუკას სახარებაში სხვა მრავალი ციტატაც არის მოყვანილი ებრაული წერილებიდან (ლუკ. 4:4, 8, 12; 20:41—44; კან. 8:3; 6:13, 16; ფსალმ. 110:1).
31 როცა ჩოჩორზე მჯდომი იესო იერუსალიმში შევიდა, როგორც ეს ზაქარიას 9:9-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, ხალხი სიხარულით შეეგება მას ფსალმუნის 118:26-ში ჩაწერილი სიტყვებით (ლუკ. 19:35—38). ლუკას სახარების ერთ ადგილზე, სულ რაღაც ორ მუხლში, თავმოყრილია ექვსი წინასწარმეტყველური ნიშანი ებრაული წერილებიდან იესოს სიკვდილთან და აღდგომასთან დაკავშირებით (ლუკ. 18:32, 33; ფსალმ. 22:7; ეს. 50:6; 53:5—7; იონ. 1:17). აღდგომის შემდეგ იესომ უკეთ დაანახვა მოწაფეებს მთელი ებრაული წერილების მნიშვნელობა. «მაშინ უთხრა მათ: „აი, რას გეუბნებოდით, როცა ჯერ კიდევ თქვენთან ვიყავი: ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს-მეთქი“. მაშინ სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა» (ლუკ. 24:44, 45). იესო ქრისტეს პირველი მოწაფეების მსგავსად, ჩვენც გავიღრმავებთ ცოდნას და განვიმტკიცებთ რწმენას, თუ ყურადღებით გამოვიკვლევთ ებრაული წერილების წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ზუსტად განმარტეს ლუკამ და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა დამწერებმა.
32. როგორ მახვილდება ლუკას სახარებაში ყურადღება სამეფოზე და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სამეფოსადმი?
32 თავის სახარებაში ლუკა არაერთხელ ამახვილებს ყურადღებას ღვთის სამეფოზე. წიგნის დასაწყისშივე ის წერს, თუ რას დაჰპირდა ანგელოზი მარიამს იესოსთან დაკავშირებით: „ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“. ერთ-ერთ ბოლო თავში კი აღგვიწერს, როგორ უდებს იესო თავის მოციქულებს შეთანხმებას სამეფოსთვის. ორივე შემთხვევაში, ისევე როგორც მთელ წიგნში, ლუკა ხაზს უსვამს სამეფოს იმედს (1:33; 22:28, 29). ლუკას სახარებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ხელმძღვანელობდა იესო სამეფოს შესახებ ქადაგებას და როგორ გაგზავნა მან ამ საქმის შესასრულებლად ჯერ 12 მოციქული, შემდეგ კი 70 მოწაფე (4:43; 9:1, 2; 10:1, 8, 9). ღვთის სამეფოში შესასვლელად ერთგულება და მიზანდასახულობაა საჭირო, რაც კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან: „მკვდრებმა თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები, შენ კი წადი და ყველგან აუწყე ღვთის სამეფოს შესახებ“; „არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება“ (9:60, 62).
33. მოიყვანეთ იმის მაგალითები, თუ როგორ ამახვილებს ლუკა ყურადღებას ლოცვაზე. რას ვსწავლობთ აქედან?
33 ლუკას არც ლოცვის საკითხი რჩება უყურადღებოდ. მისი სახარება ამ მხრივაც გამოირჩევა. ის მოგვითხრობს, რომ ტაძარში ზაქარიას ყოფნის დროს დიდძალი ხალხი ლოცულობდა, იოანე ნათლისმცემლის დაბადება ლოცვებზე პასუხი იყო და წინასწარმეტყველი ანა დღედაღამ ლოცულობდა. მასში ნათქვამია, რომ იესო ლოცულობდა ნათლობის დროს და 12 მოციქულის არჩევამდე მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. ლუკა მოიხსენიებს იესოს ლოცვას მისი გარდასახვის დროსაც. იესო მოუწოდებდა მოწაფეებს, რომ ‘ყოველთვის ელოცათ და სულით არ დაცემულიყვნენ’, და ამ აზრის განსამტკიცებლად მათ მოუყვანა ქვრივის მაგალითი, რომელიც მანამ სთხოვდა სამართლის გაჩენას მოსამართლეს, ვიდრე მიზანს არ მიაღწია. მხოლოდ ლუკას სახარებაშია ნათქვამი, როგორ სთხოვეს მოწაფეებმა იესოს, მათთვის ლოცვა ესწავლებინა; მხოლოდ ლუკა გვეუბნება, რომ ზეთისხილის მთაზე ლოცვის დროს იესო ანგელოზმა განამტკიცა და მხოლოდ მას მოჰყავს იესოს ბოლო ლოცვის სიტყვები: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“ (1:10, 13; 2:37; 3:21; 6:12; 9:28, 29; 18:1—8; 11:1; 22:39—46; 23:46). ისევე როგორც ლუკას დროს იყო, ლოცვები დღესაც განამტკიცებს მათ, ვინც ასრულებს ღვთის ნებას.
34. ქრისტიანებისთვის მისაბაძ რომელ თვისებებზე ამახვილებს ლუკა ყურადღებას?
34 ლუკას დაკვირვებულობა და წერის თანმიმდევრული სტილი ძალას მატებს იესოს სწავლებებს. სიყვარულს, სიკეთეს, გულმოწყალებასა და თანაგრძნობას, რასაც იესო ძალაგამოცლილი, დაჩაგრული და გულგატეხილი ხალხის მიმართ ავლენდა, ლუკა უპირისპირებს მწიგნობრებისა და ფარისევლების უგულობას, ფორმალობას, დოგმატურობასა და თვალთმაქცობას (4:18; 18:9). იესო ყოველთვის ამხნევებდა და ეხმარებოდა ღარიბებს, ტყვეებს, უსინათლოებსა და გულგატეხილებს, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა ყველას, ვისაც სურს ‘მის ნაკვალევს მიჰყვეს’ (1 პეტ. 2:21).
35. რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვას მადლიერნი იმისათვის, რომ ლუკას სახარება დაიწერა?
35 იესო, ღვთის სრულყოფილი და სასწაულთმოქმედი ძე, სიყვარულს ავლენდა თავისი მოწაფეებისა და სხვა კეთილი გულის ადამიანების მიმართ. ჩვენც სიყვარულით უნდა ვიმსახუროთ „ღვთის უდიდესი თანაგრძნობის“ გამო (ლუკ. 1:78). ლუკას სახარება ნამდვილად სასარგებლოა. მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ ლუკას, „საყვარელ ექიმს“, შთაგონებით დააწერინა ზუსტი, გამამხნევებელი და ძალების მომცემი სახარება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ღმერთი გვიხსნის იესო ქრისტესა და სამეფოს მეშვეობით (კოლ. 4:14; ლუკ. 3:6).
[სქოლიოები]
a The Medical Language of Luke, 1954, უ. ჰობარტი, გვ. 11—28.
b A Lawyer Examines the Bible, 1943, ი. ლინტონი, გვ. 38.
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 766, 767 (ინგლ.).
d Modern Discovery and the Bible, 1955, ა. რენდელ შორტი, გვ. 211.
e The Jewish War, ტ. V, გვ. 491—515, 523 (xii, 1—4); ტ. VI, გვ. 420 (ix, 3); იხილეთ აგრეთვე „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 751, 752 (ინგლ.).
f დრაქმა იყო ბერძნული ვერცხლის მონეტა, რომელიც იწონიდა დაახლოებით 3,4 გრამს.