მათე
[სავარაუდოდ ებრ. მათითიას (ნიშნავს: იეჰოვას ძღვენი) შემოკლებული ფორმა]
იუდეველი, რომელიც ლევის სახელითაც იყო ცნობილი. იესო ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული და „მათეს სახარების“ დამწერი; ალფეს ვაჟი; იესოს მიმდევრად გახდომამდე გადასახადების ამკრეფი (მთ. 10:3; მრ. 2:14; იხ. გადასახადების ამკრეფი). წმინდა წერილებიდან ცნობილი არ არის, როდის დაერქვა ლევის მათე — იესოს მოწაფედ გახდომამდე, გახდომის შემდეგ თუ იესომ შეარქვა მას ეს სახელი მოციქულად არჩევის დროს.
იესოს ახალი დაწყებული ჰქონდა გალილეაში მსახურება (ახ. წ. 30 წ. ან 31 წ-ის დამდეგს), როცა კაპერნაუმში ან კაპერნაუმის მახლობლად საგადასახადოში მჯდომ მათეს მოუხმო (მთ. 9:1, 9; მრ. 2:1, 13, 14). „მანაც ყველაფერი მიატოვა, წამოდგა და გაჰყვა მას“ (ლკ. 5:27, 28). სავარაუდოდ, ქრისტეს მოწოდებაზე გამოხმაურების ნიშნად ლევიმ დიდი წვეულება მოაწყო. მოწვეულთა შორის იყვნენ თავად იესო, მისი მოწაფეები, გადასახადების ამკრეფნი და ცოდვილები. ფარისევლებმა და მწიგნობრებმა დრტვინვა დაიწყეს იმის გამო, რომ ქრისტე გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა და სვამდა (ლკ. 5:29, 30; მთ. 9:10, 11; მრ. 2:15, 16).
მოგვიანებით, ახ. წ. 31 წლის პასექის დასრულების შემდეგ, იესომ თორმეტი მოციქული აირჩია, რომელთა შორის მათეც იყო (მრ. 3:13—19; ლკ. 6:12—16). ამის შემდეგ მათეს სახელი მხოლოდ ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ გვხვდება, თუმცა მოციქულები ზოგადად არაერთხელ მოიხსენიებიან. მათემ იხილა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე (1კრ. 15:3—6), მოისმინა მისი უკანასკნელი მითითებები და იხილა მისი ზეცად ამაღლება. ამის შემდეგ მათე დანარჩენ მოციქულებთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდა. მოციქულები ზემოთა ოთახში იყვნენ. მათეზე პირდაპირ წერია, რომ მათთან ერთად იყო. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ახ. წ. 33 წელს ის იმ 120 მოწაფეს შორის იქნებოდა, რომლებმაც წმინდა სული მიიღეს (სქ. 1:4—15; 2:1—4).