მკითხველთა წერილები
დამწვრობის არიდება. ინტერესით წავიკითხე „უსაფრთხოების ზომები საჭმლის მზადებისას“ რუბრიკიდან „რა ხდება მსოფლიოში“ (8 დეკემბერი, 1998). მასში შემოთავაზებული იყო საინფორმაციო ბიულეტენიდან ამოღებული რჩევა, რომ საჭმლის მომზადებისას ქურის წინა სანთურები გამოგვეყენებინა. მაგრამ მე მსმენია, რომ მშობლებს სულ სხვა რამეს ურჩევენ, კერძოდ კი, ყოველთვის უკანა სანთურები გამოიყენონ, რომელსაც ბავშვები ვერ შესწვდებიან.
მ. ბ. (ინგლისი)
მადლიერებით ვღებულობთ ამ შეხსენებას. ჩვენ მიერ მოცემული რჩევა უმთავრესად ხნიერებისთვის იყო განკუთვნილი. ცნობილია, რომ ზოგ მათგანს სახელოებზე მოჰკიდებია ცეცხლი, როდესაც ანთებული ქურის უკანა სანთურადან ჩაიდნის აღებას ცდილობდა. მაგრამ დედები, ბუნებრივია, ისეთ ადგილზე მოამზადებენ საჭმელს, სადაც ბავშვი ვერ მისწვდება (რედ.).
როგორ გამოიყურებოდა იესო. უღრმესი მადლობა სტატიათა სერიისთვის „იესო — როგორ გამოიყურებოდა? როგორია დღეს?“ (8 დეკემბერი, 1998). იესოს ხშირად არასწორად გამოსახავენ ეკლესიებში, ფერწერულ ტილოებზე და ფილმებში. განსაკუთრებული სიამოვნებით წავიკითხე ის ადგილი, სადაც მოთხრობილია, რა როლს ასრულებს იესო დღეს და რა როლს შეასრულებს მომავალში. ის მართლაც რომ არ არის ბაგაში მწოლიარე ჩვილი.
მ. ვ. (ავსტრია)
ასე ძალიან არც ერთი სტატია არ მომწონებია! დარწმუნებული ვარ, ეს სტატიები ბევრს დაეხმარება იეჰოვას მოწმეებისადმი და მათი ჟურნალებისადმი ნდობის განმტკიცებაში.
ბ. დ. (იუგოსლავია)
აღმაფრთოვანებელი იყო იმის წაკითხვა, რომ იესო სულაც არ იყო სუსტი და არც მუდმივად სევდიანი გამომეტყველებით დადიოდა, როგორც ეს პოპულარულ ფერწერულ ტილოებზეა ასახული. ნაცვლად ამისა, ის იყო ვაჟკაცური და ჯან-ღონით სავსე მამაკაცი, რომელიც მამამისის, „ბედნიერი ღმერთის“, თვისებებს ირეკლავდა (1 ტიმოთე 1:11, აქ).
რ. ო. რ. (ბრაზილია)
ჟურნალის მე-8 გვერდზე თქვენ ამბობთ, რომ „ღმერთმა მისი [იესოს] სიცოცხლე ებრაელი ქალწულის საშოში გადაიტანა“. რადგან იესო სრულყოფილი იყო, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამის გენების ნასახიც კი არ იყო მასში?
ჯ. გ. (აშშ)
ვიდრე იესო ჩაისახებოდა გაბრიელ ანგელოზმა მარიამს უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“ (ლუკა 1:35). როგორც ჩანს, ღვთის სულიწმიდამ გამოიწვია კვერცხუჯრედის განაყოფიერება მარიამის საშვილოსნოში და ამგვარად ღვთის პირმშო ძის სიცოცხლე სულიერი სფეროდან დედამიწაზე გადმოიტანა. უეჭველია, სულიწმიდა მეთვალყურეობდა, რომ ღვთის ძის სრულყოფილ სასიცოცხლო ძალას ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ნებისმიერი არასრულყოფილება დაეთრგუნა მარიამის კვერცხუჯრედში და იმავდროულად მისი გარკვეული გენეტიკური ნიშან-თვისებები შეენარჩუნებინა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ იესო მარიამს ჰგავდა (რედ.).
ცხოველებისადმი სისასტიკე. ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ გითხრათ, რაოდენ დიდებული სამსახური გაგვიწიეთ თქვენი სტატიით „არასწორია ცხოველებისადმი სისასტიკის გამოვლენა?“ რუბრიკიდან „ბიბლიის თვალსაზრისი“ (8 ნოემბერი, 1998). ვფიქრობ, თქვენ საუცხოოდ დაგვანახვეთ, რომ ღმერთი არ იწონებს ცხოველებისადმი სისასტიკის გამოვლენას, განსაკუთრებით კი მათი მხრიდან, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებენ თავს.
ჯ. ლ. კ. (აშშ)
ახალგაზრდები მშობლების გარეშე. დიდად მადლობელი ვარ სტატიისთვის „რატომ არ უნდა მყავდეს მშობლები?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 დეკემბერი, 1998). ამჟამად 39 წლის ვარ, მაგრამ 11 წლისას დედა დამეღუპა, მამამ კი მიგვატოვა. აქამდე არასოდეს მინახავს ადამიანები, რომლებსაც სავსებით ესმით იმ საშინელი მდგომარეობის სირთულე, რომელშიც მე და ჩემი ძმები ვცხოვრობდით. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სხვებიც თანაგვიგრძნობენ. მადლობა ამისთვის.
კ. ი. (იაპონია)
მხოლოდ ცხრა თვისა ვყოფილვარ, როდესაც მამა დამღუპვია, დედა კი 12 წლისას გარდამეცვალა. თქვენი სტატია მეტად მანუგეშებელი იყო და რეალურად დაგვანახვა ობლების მდგომარეობა. რაოდენ სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მკვდრეთით აღადგენს საყვარელ მიცვალებულებს!
მ. ს. ს. (ბრაზილია)
მე 40 წლის ვარ. ეს სტატია უკვე რამდენჯერმე გადავიკითხე. კითხვის განმავლობაში ცრემლი არ შემშრობია თვალზე, რადგან მე თვითონ ორი წლისა დავობლდი. ახლაც კი ვერ შევხედავ მშობლების სურათს ისე, რომ არ ვიტირო. მადლობას გიხდით ასეთი სტატიების გამოქვეყნებისთვის!
ჯ. კ. ვ. (საფრანგეთი)
თუმცა ჩემი მშობლები ცოცხლები არიან, მე ბმანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზით ვარ დაავადებული და ნებისმიერ სტატიას, რომელშიც ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავებაზეა საუბარი, დიდი ინტერესით ვკითხულობ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს ის ცხოვრებისეული შემთხვევები და ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები, რომლებიც მოცემულია რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“.
ს. ჰ. (კანადა)