მეგობარი
ბიბლიაში ნამდვილ მეგობარზე ნათქვამია, რომ ის ძმაზე ახლობელია, მუდამ ერთგულია და ყოველთვის მზად არის დასახმარებლად; ის კარგი მრჩეველიცაა (იგ. 18:24; 17:17; 27:6, 9). მეორე მხრივ, არსებობენ ყალბი მეგობრებიც, მეგობრობისგან გამორჩენას რომ ეძებენ. მაგალითად, მდიდარსა და საჩუქრების დამრიგებელს ბევრი მეგობარი ჰყავს (იგ. 14:20; 19:4, 6, 7). სწორედ ამიტომ ურჩევდა იესო ქრისტე მსმენელებს, ვახშამზე ისინი დაეპატიჟებინათ, ვისგანაც საზღაურად ვერაფერს მიიღებდნენ, და არა მეგობრები, რომლებიც სიკეთეს სიკეთითვე გადაუხდიდნენ (ლკ. 14:12—14). თავად იესო ასე იქცეოდა: ისეთ ხალხს ეხმარებოდა სულიერად, ვისაც არაფრად აგდებდნენ. ამიტომაც ეძახდნენ მას „გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მეგობარს“ (მთ. 11:19). იესომ თქვა, რომ მისი ნამდვილი მეგობრები მისი მცნებების დამცველები იყვნენ. მეგობრებისადმი სიყვარული იესომ იმით დაამტკიცა, რომ თავისი სული გაწირა მათთვის. მის მეგობრებსაც ასევე უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი (ინ. 15:12—14).
პირველი ქრისტიანები თანამორწმუნეებს მეგობრებად მოიხსენიებდნენ (3ინ. 14). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრებაში ყველა ერთმანეთის ახლო მეგობარი იყო. შედარებით ახლო ურთიერთობა ნათესავებს ექნებოდათ ერთმანეთთან ან მათ, ვისაც სხვადასხვა მიზეზით ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ, საერთო წარსული ან ინტერესები აკავშირებდათ, ხასიათით კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს ან ერთმანეთის ქრისტიანული თვისებები იზიდავდათ. იესო აფასებდა პეტრეს, იაკობსა და იოანეს კარგი თვისებების გამო და ამიტომ ბევრი განსაკუთრებული მოვლენა, მათ შორის თავისი გარდასახვა ახილვინა. ამ მოციქულებთან იესოს განსაკუთრებული სიახლოვის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ მომავალში მათთვის სერიოზული პასუხისმგებლობების მინდობას აპირებდა (მრ. 9:1—10; 14:32, 33; ლკ. 8:51).
იესოს მსგავსად ქრისტიანებს ყველა უნდა უყვარდეთ, მაგრამ მეგობრულ სიყვარულს მხოლოდ ღვთის მეგობრებისადმი უნდა გრძნობდნენ. ამის დასტურია მეფე იეჰოშაფატისთვის დასმული კითხვა: „განა ბოროტს უნდა ეხმარებოდე და იეჰოვას მოძულეები უნდა გიყვარდეს?!“ (2მტ. 19:2). ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა სურს, ის ღვთის მტერი ხდება (იაკ. 4:4).
ებრაულ წერილებში სანიმუშო მეგობრებად დავითი და იონათანი გვევლინებიან. მიუხედავად იმისა, რომ იონათანი მამამისის, საულის ტახტის მემკვიდრე იყო, მას არ მოუძულებია დავითი და არც თავის მეტოქედ ჩაუთვლია. ის აღიარებდა, რომ იეჰოვა სწყალობდა დავითს. „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი“ (1სმ. 18:1). როცა იონათანი ბრძოლაში დაიღუპა, დავითმა მეგობარი ასე დაიტირა: „ვწუხვარ შენზე, ჩემო ძმაო, იონათან, ძალიან ძვირფასი იყავი ჩემთვის! ჩემდამი შენი სიყვარული ქალის სიყვარულზე მშვენიერი იყო“ (2სმ. 1:26). დავითისა და იონათანის მეგობრობა იმიტომ იყო ასეთი მტკიცე, რომ ორივე იეჰოვას ერთგულებას ყველაფერზე წინ აყენებდა.
წინასწარმეტყველ მიქას დროს ხალხი ისე იყო ზნეობრივად წამხდარი, რომ წინასწარმეტყველს ამის თქმა მოუწია: „ნუ ენდობით ახლო მეგობარს“ (მქ. 7:5). იესომაც თქვა, რომ მის მიმდევრებს მეგობრები დაუპირისპირდებოდნენ და მოკლავდნენ კიდეც (ლკ. 21:16; იხ. სიყვარული).
ღვთის მეგობარი. აბრაამს წილად ხვდა უდიდესი პატივი, ღვთის მეგობრად წოდებულიყო. ღვთის მეგობრის სახელი მან თავისი განსაკუთრებული რწმენით დაიმსახურა. უდიდესი რწმენის მაჩვენებელი იყო მისი მზადყოფნა, შეეწირა თავისი ვაჟი, ისაკი (ეს. 41:8; 2მტ. 20:7; იაკ. 2:21—23; იხ. მართლად აღიარება).
უსამართლო სახლის მმართველის შესახებ მაგალითიდან ვიგებთ, რომ თუ „უმართლო სიმდიდრეს“ სწორად გამოვიყენებთ, იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს დავუმეგობრდებით, რომლებიც თავიანთ სამუდამო სამკვიდროში მიიღებენ თავიანთ მეგობრებს (ლკ. 16:1—13). იესო თავის მოწაფეებს მეგობრებს ეძახდა, შესაბამისად, ისინი მისი მამის მეგობრებიც იყვნენ (ინ. 15:13—15; 14:21). ვისაც იეჰოვასთან მეგობრობა და მის კარავში სტუმრობა სურს, უნდა აკმაყოფილებდეს ფსალმუნის 15:1—5-ში ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა (იაკ. 4:4; 1ინ. 2:15—17). ადამიანები ზოგადად გაუცხოებულნი არიან ღვთისაგან. თუმცა ღმერთთან შერიგება შესაძლებელია, ოღონდ მხოლოდ იესო ქრისტესა და იმ შერიგების მსახურების მეშვეობით, რომელიც ღმერთმა თავისი ძის ელჩებს მიანდო. საბოლოო ჯამში, მარადიული სიცოცხლე მხოლოდ ღვთის მეგობრების ხვედრი იქნება (2კრ. 5:18—20; გმც. 21:3, 4; ფს. 37:29).
მეფის მეგობარი. „მეფის მეგობარი“ ბიბლიაში პირდაპირი გაგებით, ყოველგვარი თანმდევი მნიშვნელობის გარეშე გვხვდება. ის არ არის ტიტული, რომელიც მეფის მეგობრის განსაკუთრებულ უფლება-მოვალეობებს მოიაზრებს. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში „მეფის მეგობარი“ შეიძლება ყოფილიყო სამეფო კარის მოხელე, მეფესთან დაახლოებული ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც მეფე ხანდახან საიდუმლო საქმის აღსრულებას ავალებდა (დბ. 26:26).
1 მეფეების 4:1—6-ში სოლომონის სამეფო კარის წარჩინებულ მოხელეებს შორის დასახელებულია ნათანის ორი ვაჟი. ერთი „ზედამხედველთა უფროსი“ იყო, ხოლო მეორე, ზაბუდი — „მეფის მეგობარი“. არქიელი ხუშაი სოლომონის მამის, მეფე დავითის მეგობარი იყო. როცა აბესალომმა სამეფო ტახტის ხელში ჩაგდება განიზრახა, დავითის თხოვნით ხუშაი იერუსალიმში დაბრუნდა ახითოფელის ჩანაფიქრის ჩასაფუშად (2სმ. 15:32—37; 16:16—19).
ძველად ეგვიპტის ფარაონებს სხვადასხვა რანგის „მეგობრები“ ჰყავდათ. ეს ტიტული განსაკუთრებულ უფლებამოსილებაზე არ მიანიშნებდა; იგი მხოლოდ და მხოლოდ სამეფო კარის მოხელეთა საპატიო წოდება იყო, რომელთა მოვალეობებიც სხვა ტიტულებით განისაზღვრებოდა. „მეგობრები“ საბერძნეთის იმპერიის მეფეებსაც ჰყავდათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე მეფეები „მეგობრების“ ჯგუფთან თათბირობდნენ. „მეგობრის“ სტატუსი სპარსეთში, არაბეთსა და ეთიოპიაშიც არსებობდა.
ნეფის მეგობარი. ძველად ნეფის ოფიციალური წარმომადგენლის როლს მისი ერთ-ერთი მეგობარი ასრულებდა. მასვე ევალებოდა ქორწილის ორგანიზება. ზოგჯერ ნეფის მეგობარი მოლაპარაკებას აწარმოებდა პატარძლის მშობლებთან — ურვადი მიჰქონდა პატარძლის მამასთან და ძღვენი პატარძალთან. ის სიძე-პატარძალს შუამავლობდა. მექორწილეები ნეფის მამის ან ნეფის სახლში მიდიოდნენ, სადაც საქორწინო ნადიმი იმართებოდა. ნეფე-პატარძალი იქ ხვდებოდა ერთმანეთს. როცა საქორწინო ნადიმზე ნეფის მეგობარი მოჭუკჭუკე ახალდაქორწინებულებს თვალს შეავლებდა, გული სიხარულით ევსებოდა, რადგან თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა (ინ. 3:29).
იოანე ნათლისმცემელმა, რომელმაც გზა მოუმზადა მესიას, „პატარძლის“ პირველი წევრები წარუდგინა მასზე დანიშნულ იესო ქრისტეს (2კრ. 11:2; ეფ. 5:22—27; გმც. 21:2, 9). ამიტომაც თქვა იოანემ: „თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, ქრისტე არა ვარ-მეთქი, არამედ მის წინ ვარ გამოგზავნილი. ვისაც პატარძალი ჰყავს, ის ნეფეა, ხოლო ნეფის მეგობარს, როცა დგას და უსმენს ნეფის ხმას, განსაკუთრებულად უხარია. მეც ამიტომ მიხარია ასე“. როგორც კი ნეფის მეგობარი თავის მისიას შეასრულებდა, ის მეტად აღარ იყო წამყვანი ფიგურა. მსგავსი რამ მოხდა იოანეს შემთხვევაშიც. მან ქრისტეზე თქვა: „ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“ (ინ. 3:27—30).
მათეს 9:15-ში მოხსენიებული არიან ნეფის სხვა მეგობრებიც, რომლებიც მექორწილეებს უერთდებიან და ნადიმზე არიან მიწვეულნი.