ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲔᲑᲘ
„მაგალითად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვა პარაბოლეს (სიტყვასიტყვით ნიშნავს გვერდიგვერდ ან ერთად მოთავსებას) ფართო მნიშვნელობა აქვს და იგავისა და ანდაზის აზრსაც გადმოსცემს. ანდაზა გონებამახვილური მოკლე გამონათქვამია, ხოლო იგავი ზნეობრივ-დამრიგებლური შინაარსის მოკლე ალეგორიული მოთხრობა.
მათეს 13:34, 35-დან ჩანს, რომ პარაბოლე უფრო ბევრს მოიცავს, ვიდრე ქართული სიტყვა „მაგალითი“. მათე ამბობს, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, იესო ქრისტე „მაგალითებით“ (აქ), „იგავებით“ (სსგ, კს) ილაპარაკებდა. ამ შემთხვევაში მათე ფსალმუნის 78:2-ს ციტირებს, სადაც გვხვდება ებრაული სიტყვა მაშალ („იგავი“). მან ეს სიტყვა ბერძნულად გადმოიტანა სიტყვით პარაბოლე. თავად ამ ბერძნული სიტყვის მნიშვნელობა იმაზე მიუთითებს, რომ მასში იგულისხმება სწავლების მეთოდი ანუ ხერხი, რომელიც ითვალისწინებს ორი საგნის ან ორი მოვლენის შეპირისპირებას, ასე ვთქვათ, გვერდიგვერდ მოთავსებას, რათა ერთი მათგანი აიხსნას, დახასიათდეს მეორის მეშვეობით (შდრ. მრ. 4:30). ქართულ თარგმანთა უმეტესობაში ეს ბერძნული სიტყვა „იგავად“ არის ნათარგმნი. მაგრამ ვერც ერთი ქართული სიტყვა ბოლომდე ვერ გადმოსცემს ამ სიტყვის სრულ მნიშვნელობას.
თარგმანთა უმეტესობაში ეს სიტყვა ებრაელების 9:9-სა და 11:19-ში სხვადასხვანაირად არის გადმოტანილი. მე-9 მუხლში მოციქული პავლე უდაბნოში ისრაელების მიერ აღმართულ კარავს დანიშნული დროის „სიმბოლოს“ [პარაბოლე; „ხატი“, სსგ; „მაგალითი“, კს, აფ] უწოდებს. მე-19 მუხლში მოციქული ამბობს, რომ აბრაამმა ისაკი „დაიბრუნა სიკვდილიდან“ და ამას „სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა“ (აქ) (ენ პარაბოლე; „წინასწარ მაუწყებლად“, სსგ; „მაგალითის სახით“, კს, აფ). ლუკამ სიტყვა პარაბოლე გამოიყენა, როცა მოიხსენია ანდაზა: „მკურნალო, საკუთარი თავი განკურნეო“ (ლკ. 4:23). როგორც ვხედავთ, რთულია ქართულ ენაში ზუსტი ეკვივალენტის პოვნა. ამიტომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, ძირითადად, გამოყენებულია ზოგადი სიტყვა „მაგალითი“.
„ალეგორია“ (ბერძ. ალლეგორია) მსგავსი აზრის მატარებელი სიტყვაა. ეს იგივე მეტაფორაა, ოღონდ უფრო ვრცლად გადმოცემული. ალეგორიაში მოვლენებსა თუ მოქმედ პირებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. გალატელების 4:24-ში პავლე ბერძნულ ზმნას ალლეგორეო იყენებს აბრაამთან, სარასთან და აგართან მიმართებით. ქართულ ბიბლიებში ის ნათარგმნია როგორც „ქარაგმა“ (სსგ, აფ, კს) და „სიმბოლური მნიშვნელობა“ (აქ).
მოციქულმა იოანემ გამოიყენა სიტყვა პარემია, რაც შედარებას ნიშნავს (ინ. 10:6; 16:25, 29). ქართულ თარგმანებში ის გადმოტანილია როგორც „იგავი“ ან „შედარება“ (სსგ, აფ, კს, აქ). პეტრემ ეს ბერძნული სიტყვა გამოიყენა, როცა თავის ნარწყევში დაბრუნებული ძაღლი და ტალახში საგორაოდ წასული დაბანილი ღორი მოიხსენია, რაც ქართულად „ანდაზად“ ითარგმნა (2პტ. 2:22).
სწავლების ეფექტური მეთოდი. შეგვიძლია მოვიყვანოთ სულ მცირე ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მაგალითებითა და იგავებით სწავლება ეფექტური: 1) იპყრობს და ინარჩუნებს მსმენელისა თუ მკითხველის ყურადღებას. ინტერესის გაღვივების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა (ვინ არ იცის იესოს იგავები გზასაცდენილ შვილსა და დაკარგულ ცხვარზე?!). 2) ფიქრების აღმძვრელია. გონებას ავარჯიშებს, რადგან ადამიანი ცდილობს, ჩასწვდეს ქარაგმულად გამოხატულ აზრს. 3) გრძნობების მომგვრელია. ნათლად აჩვენებს ამა თუ იმ პრინციპის პრაქტიკულ ღირებულებას, ამიტომ აღვიძებს სინდისს და გულს ეხება. 4) აადვილებს ინფორმაციის დამახსოვრებას. ადამიანს შეუძლია ადვილად აღიდგინოს გონებაში მოსმენილი თუ წაკითხული და გამოიყენოს. 5) უცვლელად გადმოსცემს ჭეშმარიტებას; ყველა დროსა თუ ეპოქაში გასაგები და პრაქტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სიტყვებმა შეიძლება სხვა მნიშვნელობა შეიძინოს, მაგალითისა თუ იგავის დედააზრი უცვლელი რჩება, რადგან ცხოვრებისეულ საკითხებსა თუ ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდება. ამიტომაც ბიბლიაში მოცემული ჭეშმარიტება დღესაც ისევე ნათელია, როგორც მაშინ, როცა დაიწერა.
მიზანი. როგორც დავინახეთ, მაგალითების მთავარი მიზანია სწავლა. თუმცა ბიბლიური მაგალითები სხვა მიზანსაც ემსახურება.
1) ზოგჯერ კვლევა-ძიებაა საჭირო, რათა ადამიანი ბოლომდე ჩასწვდეს მაგალითის მნიშვნელობას. მაგრამ გამოკვლევას არ დაიწყებს ის, ვისაც არ უყვარს ღმერთი, მხოლოდ ზედაპირულად ინტერესდება ბიბლიით და, აქედან გამომდინარე, არ სურს, რომ ჭეშმარიტება გულამდე მიიტანოს (მთ. 13:13—15). ღმერთი ასეთ ადამიანებს არ იზიდავს. ამაყი ადამიანებისგან განსხვავებით თავმდაბლები მაგალითების განმარტებას სთხოვდნენ იესოს. როცა იესომ თქვა, „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს“, მის მსმენელთა უმრავლესობა თავ-თავის გზაზე წავიდა, მხოლოდ მოწაფეები მივიდნენ მასთან და მაგალითების ახსნა სთხოვეს (მთ. 13:9, 36).
2) მაგალითების წყალობით სინამდვილე დაფარული იყო მათთვის, ვინც ღვთის მსახურების ჩიხში მოქცევასა და ჭეშმარიტების დამახინჯებას ცდილობდა. იესომ ფარისევლებისთვის მის გამოსაჭერად დასმულ კითხვაზე პასუხად თვალსაჩინო მაგალითად მონეტა გამოიყენა და ბოლოს ასეთი დასკვნა გააკეთა: „ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“. იესოს მტრებს დასკვნა თავად უნდა გაეკეთებინათ. რაც შეეხება მის მოწაფეებს, ისინი მიხვდნენ, რომ ნეიტრალურები უნდა ყოფილიყვნენ (მთ. 22:15—21).
3) მაგალითით შეიძლებოდა მსმენელის გაფრთხილება და შეგონება ისე, რომ მას მთქმელზე გული არ მოსვლოდა, რადგან ის თავად უნდა მიმხვდარიყო, როგორ ეხებოდა მას მაგალითში გადმოცემული პრინციპი. ფარისევლებს, რომლებმაც იესო გადასახადების ამკრეფებსა და ცოდვილებთან ერთად ჭამის გამო გააკრიტიკეს, მან უთხრა: «ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად» (მთ. 9:11—13).
4) შეგონების მიზნით მაგალითის გამოყენება მსმენელს ეხმარება, გვერდიდან შეხედოს სიტუაციას და საღად შეაფასოს მოვლენები. აქედან გამომდინარე, მაგალითით უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციით. ეს ასე იყო მეფე დავითის შემთხვევაში, რომელიც ნათანმა გაკიცხა ბათ-შებასთან ჩადენილი ცოდვისა და ურიას მკვლელობის გამო (2სმ. 12:1—14). მაგალითის საშუალებით ბოროტმა მეფე ახაბმაც დაინახა, როგორ ეურჩა ღმერთს, როცა ღვთის მტერი, სირიის მეფე ბენ-ჰადადი, ცოცხალი დატოვა და თავისდა უნებურად საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა (1მფ. 20:34, 38—43).
5) მაგალითები გარკვეული მოქმედებისკენ აღძრავს ადამიანს და მის ნამდვილ სახეს აჩენს, კერძოდ, გულწრფელად ემსახურება თუ არა ღმერთს. ერთხელ იესომ თქვა: „ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე აქვს“. ამის გამო „ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დაჰყვებოდა მას“. ამგვარად იესომ მოწაფეთა რიგებიდან გაცხრილა ისეთები, ვინც მთელი გულით არ მიჰყვებოდა მას (ინ. 6:54, 60—66).
სწორი მიდგომა. ბიბლიურ მაგალითებს მხოლოდ ერთი კუთხით არ უნდა შევხედოთ. ზოგჯერ მაგალითით რაღაც პრინციპია გადმოცემული ან განმარტებული, ზოგჯერ კი მაგალითს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. წინასწარმეტყველური შინაარსის ზოგიერთი მაგალითი წარმოთქმისთანავე ან წარმოთქმიდან მალევე სრულდებოდა, ზოგი მეორედაც უნდა შესრულებულიყო შორეულ მომავალში.
ბიბლიური მაგალითების გაგებაში ხალხს, ძირითადად, ორი მცდარი შეხედულება უშლის ხელს. ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, ბიბლიური მაგალითები მხოლოდ საინტერესო ისტორიები და დამრიგებლური შინაარსის მოთხრობებია. ზოგის აზრით, იგავი გზასაცდენილ შვილზე მხოლოდ კარგი ლიტერატურული ნაწარმოებია, ხოლო იგავი მდიდარ კაცსა და ლაზარეზე ბევრს საიქიო ცხოვრების აღწერილობა ჰგონია.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცხოვრებისეული სიტუაციებიდან აღებული და ბუნებრივი მოვლენების მომცველი მაგალითები ყოველთვის ნამდვილ ისტორიებს არ ეფუძნებოდა. ზოგიერთი მაგალითი შემდეგი სიტყვებით იწყება: „ერთხელ“, „ერთ კაცს“, „ერთმა სახლის პატრონმა“, „იყო ერთი მდიდარი კაცი“ და ა.შ., თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მაგალითებს რეალური შემთხვევები ედო საფუძვლად. სინამდვილეში, ისინი ღვთივშთაგონებული ადამიანების მიერ იყო შეთხზული. ამიტომაც ეწოდება მათ იგავები და მაგალითები (მსჯ. 9:8; მთ. 21:28, 33; ლკ. 16:1, 19). ბიბლიაში იესო ქრისტეზე ნათქვამია: „ყოველივე ამას იესო მაგალითებით ეუბნებოდა ხალხს, მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“ (მთ. 13:34; მრ. 4:33, 34).
მეორე ხელის შემშლელი ფაქტორი ის არის, რომ ზოგი ცდილობს ამ მაგალითების თვითნებურად განმარტებას — მათ დეტალურად გაშიფვრას და თითოეული დეტალისთვის სიმბოლური მნიშვნელობის მინიჭებას.
მაგალითის სწორად გაგებაში პირველ რიგში კონტექსტის წაკითხვა გვეხმარება. უნდა გავიგოთ, რა ვითარებაში და რატომ წარმოითქვა ესა თუ ის მაგალითი. დავუშვათ, ვკითხულობთ ესაიას წინასწარმეტყველებას, რომელშიც ის ისრაელის მმართველებს „სოდომის სასტიკ მმართველებს“ უწოდებს, ხალხს კი „გომორელებს“. ჩვენ ვხვდებით, რომ ამ შემთხვევაში ესაია გულისხმობს იეჰოვას წინაშე ცოდვებით დამძიმებულ ხალხს (ეს. 1:10; დბ. 13:13; 19:13, 24). ფსალმუნმომღერალი შესთხოვდა იეჰოვას, ისე მოქცეოდა მისსა და მისი ხალხის მტრებს, „როგორც მიდიანს“. ეს სიტყვები გვახსენებს, როგორ დამარცხდნენ ღვთის ხალხის მტრები, მიდიანელები, როცა მათი 120 000 მეომარი განადგურდა (ფს. 83:2, 3, 9—11; მსჯ. 8:10—12).
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მოსეს კანონი, იმდროინდელი წეს-ჩვეულებები და ენის თავისებურებები. მაგალითად, კანონის ცოდნა გვეხმარება ბადეზე მოყვანილი მაგალითის გაგებაში (მთ. 13:47—50). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იესოს დროს პალესტინაში მსხმოიარე ხეებისთვის ბეგარას იხდიდნენ, უნაყოფო ხეებს კი ჭრიდნენ, ვხვდებით, რატომ გაახმო იესომ უნაყოფო ლეღვის ხე და რატომ გამოიყენა ეს ფაქტი მაგალითად (მთ. 21:18—22).
დაბოლოს, მაგალითში მოცემული დეტალები თვითნებურად, საკუთარ თუ ფილოსოფიურ შეხედულებებზე დაფუძნებით არ უნდა გაიშიფროს. ქრისტიანებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპით: „ღვთისაც არავის შეუცნია ღვთის სულის გარდა. ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ, რა გვიბოძა ღმერთმა. არც ამას ვლაპარაკობთ ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულით ნასწავლით, რადგან სულიერ საკითხებსა და სულიერ სიტყვებს ერთმანეთს ვუკავშირებთ“ (1კრ. 2:11—13).
ეს პრინციპი გვეხმარება გამოცხადების მე-6 თავში მოცემული წინასწარმეტყველური შინაარსის სიმბოლიზმის გაგებაში. ამ თავში მოხსენიებულია ოთხი ცხენი, რომელთაგან პირველი თეთრი იყო (გმც. 6:2). ბიბლიის სხვა მონაკვეთები და კონტექსტი გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რას განასახიერებს ის. იგავების 21:31-ში ნათქვამია: „ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ“. თეთრი ფერი კი ხშირად სიმართლის სიმბოლოდ გამოიყენება. „გამოცხადებაში“ ღვთის სამსჯავრო ტახტი თეთრია, ზეციური ლაშქარი თეთრ ცხენებზეა ამხედრებული და თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსლით არის შემოსილი (გმც. 20:11; 19:14; შდრ. გმც. 6:11; 19:8). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თეთრი ცხენი სამართლიანი ომის სიმბოლოა.
იმავე თავში აღწერილია შავ ცხენზე ამხედრებული მხედარი სასწორით ხელში, ამასთანავე მოხსენიებულია საკვების აწონვა (გმც. 6:5, 6). აშკარაა, რომ აქ შიმშილობაზეა საუბარი, რაზეც ეზეკიელის წინასწარმეტყველებაც მოწმობს: „შენი დღიური საჭმელი წონით … იქნება … წონით და სიმწრით შეჭამენ პურს და აწყვით და შიშის ზარით დალევენ წყალს“ (ეზკ. 4:10, 16). ასე რომ, თუ გვესმის ბიბლიური სიმბოლიკა, მაგალითად, რისი სიმბოლოა ესა თუ ის ცხოველი, წაკითხულს უკეთ ვიგებთ და გვიღრმავდება სულიერი წვდომა (იხ. ᲛᲮᲔᲪᲔᲑᲘ, ᲡᲘᲛᲑᲝᲚᲣᲠᲘ).
ბევრ მაგალითს თავად ბიბლია ხსნის. ხშირ შემთხვევაში თხრობა გრძელდება იმ მოვლენების აღწერით, რითაც ესა თუ ის წინასწარმეტყველური შინაარსის მაგალითი სრულდება. მოვიყვანოთ ორი შემთხვევა. ეზეკიელმა კედელი გამოთხარა და მასში სახედაფარული გავიდა (ეზკ. 12:1—16; 2მფ. 25:1—7, 11; იერ. 52:1—15); აბრაამმა ისაკის შეწირვა სცადა, მაგრამ ღმერთმა შეაჩერა (ორივე შემთხვევა რეალურად მოხდა და მათ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა) (დბ. 22:9—13; ებ. 11:19). ბევრი მაგალითი ბიბლიაში მოგვიანებით არის ახსნილი. იესო ქრისტე ხშირ შემთხვევაში თავადვე ხსნიდა თავის მაგალითებს. მათ გაგებაში ის თანამედროვე მოვლენებიც გვეხმარება, რომლებიც ამ მაგალითებს უკავშირდება.
ებრაულ წერილებში. ღვთის სულით აღძრულმა წინასწარმეტყველებმა თუ ებრაული წერილების დამწერებმა მრავალი სათანადო მაგალითი გამოიყენეს. „დაბადებაში“ იეჰოვამ მხატვრული ენა გამოიყენა, როცა აბრაამს დაჰპირდა, რომ მის შთამომავალს „ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით“ გაამრავლებდა (დბ. 22:15—18). იეჰოვამ ესაიას მეშვეობით ცოდვით დამძიმებული იუდას ხალხის სავალალო მდგომარეობა საშინელ დაავადებას შეადარა: „თავი მთლიანად დასნეულებული გაქვთ და გული — მთლიანად დაუძლურებული … თქვენი ჭრილობები, დაბეჟილობა და იარები არავის გამოურწყავს, არც შეუხვევია და არც ზეთით დაურბილებია“ (ეს. 1:4—6). იეჰოვამ წინასწარმეტყველურ ხილვებში მეფე ნაბუქოდონოსორს უზარმაზარი ქანდაკება და ცად აწვდილი ხე აჩვენა, დანიელს კი მხეცები ახილვინა, რომლებიც ზოგიერთ მიწიერ მთავრობას განასახიერებდნენ (დნ. თ-ები 2, 4, 7).
წინასწარმეტყველები ხშირად მეტაფორებსაც იყენებდნენ. მაგალითად, იეჰოვას უწოდეს „ისრაელის კლდე“ და „ციხესიმაგრე“ იმის საჩვენებლად, რომ ის საიმედოდ იცავს თავის ხალხს (2სმ. 23:3; ფს. 18:2). იუდას „ლომის ბოკვერი“ ეწოდება (დბ. 49:9), ასურელებს კი — ღვთის „რისხვის კვერთხი“ (ეს. 10:5).
წინასწარმეტყველები ზოგჯერ ხალხისთვის გასაცხადებელ მოვლენებს თვალსაჩინოდ წარმოადგენდნენ, რაც მათ სიტყვებს უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. იერემიამ იწინასწარმეტყველა იერუსალიმის განადგურება და ამ ფაქტის ხაზგასასმელად ხალხისა და მღვდლების უხუცესების წინაშე დოქი დაამსხვრია. მან სხვადასხვა ხალხს ბაბილონში მონობა უწინასწარმეტყველა, რის ნიშნადაც მათ მეფეებს თოკები და უღლები გაუგზავნა (იერ. თ-ები 19, 27). ესაია ტანშიშველი და ფეხშიშველი დადიოდა ისრაელისთვის იმის საჩვენებლად, როგორ წავიდოდნენ გადასახლებაში ეგვიპტელები და ეთიოპები, რომელთა იმედიც ისრაელებს ჰქონდათ (ეს. 20). ეზეკიელმა აგურზე ამოკვეთა იერუსალიმი, ალყა შემოარტყა, თავის თავსა და აგურს შორის რკინის კეცი ჩადო და ისე დაწვა, რომ მისკენ ჰქონოდა პირი მიქცეული. ეს ქმედება იერუსალიმის გარდაუვალ ალყას მოასწავებდა (ეზკ. 4).
ზოგჯერ სათქმელის ნათლად გადმოსაცემად იგავებს თხზავდნენ. ასე მოიქცა იოთამი შექემელებისთვის იმის საჩვენებლად, თუ რამხელა უგუნურება იყო უვარგისი აბიმელექის მეფედ არჩევა (მსჯ. 9:7—20). ბაბილონთან და ეგვიპტესთან იუდას ურთიერთობის აღსაწერად „ეზეკიელში“ ჩაწერილია იგავი ორ არწივსა და ვაზზე (ეზკ. 17). ეზეკიელმა ორი გამეძავებული დის, ოჰოლასა და ოჰოლიბას, მაგალითი გამოიყენა იმის საჩვენებლად, თუ როგორ იქცეოდნენ სამარია (ისრაელის ათტომიანი სამეფო) და იერუსალიმი (იუდას სამეფო) (ეზკ. 23).
ეს მხოლოდ რამდენიმეა ებრაულ წერილებში მოყვანილი მრავალი მაგალითიდან. ფაქტობრივად, ყველა წინასწარმეტყველი თუ ბიბლიის დამწერი იყენებდა თვალსაჩინო მაგალითებს. მათ ზოგჯერ თავად ღმერთი გადასცემდა თავის მსახურებს ხილვების მეშვეობით, სიტყვიერად ან რომელიმე საგნის, მაგალითად, კარვის სახით, რომელიც ბიბლიაში „დანიშნული დროის სიმბოლოდ“ არის მოხსენიებული (ებ. 9:9).
ბერძნულ წერილებში. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც მრავლად გვხვდება კარგად შერჩეული მაგალითები. ხალხი იესო ქრისტეზე ამბობდა: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“. დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთაგან იესოს ცოდნაში ვერავინ შეედრებოდა (ინ. 7:46). ღმერთმა სწორედ მისი მეშვეობით შექმნა ყველაფერი (ინ. 1:1—3; კლ. 1:15—17). იესო ძალიან კარგად იცნობდა ღვთის შემოქმედებას. ამიტომაც შეეძლო სხარტი შედარებების მოყვანა და ადამიანის ემოციების ზუსტად აღწერა. იესო ჰგავდა ძველად მცხოვრებ ბრძენ კაცს, რომელზეც ნათქვამია: „დაბრძენდა შემკრები და ხალხსაც გამუდმებით აძლევდა ცოდნას; ფიქრობდა და გულმოდგინედ იკვლევდა, რათა თანამიმდევრობით შეედგინა მრავალი იგავი. შემკრები ცდილობდა, ეპოვა სასიამოვნო სიტყვები და ზუსტი სიტყვებით დაეწერა ჭეშმარიტება“ (ეკ. 12:9, 10).
იესომ თავისი მოწაფეები მართებულად შეადარა „მიწის მარილსა“ და „ქვეყნიერების სინათლეს“ (მთ. 5:13, 14). ის ურჩევდა მათ, დაკვირვებოდნენ „ცის ფრინველებს“ და ესწავლათ „მინდვრის შროშანებისგან“ (მთ. 6:26—30). მან საკუთარი თავი შეადარა მწყემსს, რომელიც მზად იყო, თავი გაეწირა თავისი ცხვრისთვის (ინ. 10:11—15). იესომ იერუსალიმს ასეთი სიტყვებით მიმართა: „რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ“ (მთ. 23:37). თვალთმაქც რელიგიურ წინამძღოლებს კი ბრმა მეგზურები, ქინქლის მწურავები და აქლემის მყლაპავები უწოდა (მთ. 23:24). სხვების დამაბრკოლებელზე თქვა: „მისთვის უმჯობესი იქნებოდა დოლაბი დაეკიდათ კისერზე და ზღვაში ჩაეგდოთ“ (ლკ. 17:1, 2).
იესოს მიერ გამოყენებული ზოგიერთი მაგალითი ებრაულ წერილებში მოყვანილ მოკლე და სხარტ გამონათქვამებს მოგვაგონებს, თუმცა, ძირითადად, ის უფრო ვრცელ მაგალითებს იყენებდა. ხშირად მას მაგალითები მოჰყავდა ბუნებიდან, ცხოვრებისეული სიტუაციებიდან, ზოგჯერ კი მაგალითებისთვის იყენებდა რეალურ ან შესაძლო შემთხვევებს და მსმენელისთვის ნაცნობ ახალ ამბებს.
იესოს მიერ მოყვანილი ზოგიერთი ცნობილი მაგალითი. ქვემოთ მოცემულია საინტერესო ინფორმაცია დედამიწაზე მსახურების დროს იესოს მიერ მოყვანილი 30 მაგალითის კონტექსტსა და ფონზე.
1) ორი მოვალე (ლკ. 7:41—43). კონტექსტიდან, კერძოდ, ლუკას 7:36—40, 44—50-დან ვიგებთ, თუ რატომ მოიყვანა იესომ მაგალითი ორ მოვალეზე (ერთს მეორესთან შედარებით ათჯერ მეტი ემართა) და როგორ ახსნა ის.
იესომ ეს მაგალითი თავის მასპინძელს, სიმონს, მას შემდეგ მოუყვანა, რაც დაინახა მისი დამოკიდებულება მის სახლში შემოსული ქალის მიმართ, რომელმაც იესოს ფეხებზე ნელსაცხებელი სცხო. იმ დროს ადამიანს დაუპატიჟებლადაც შეეძლო ვინმესთან სტუმრობა. ასეთი სტუმრები კედელთან სხდებოდნენ და იქიდან ესაუბრებოდნენ ოთახის შუაგულში სუფრასთან მყოფ სტუმრებს. იესომ ახსნა კიდეც ამ მაგალითის მოყვანის მიზეზი: სიმონს მისთვის ფეხების დასაბანი წყალი არ მიუცია, არც უკოცნია მისთვის და არც ზეთი უცხია თავზე, რაც იმ დროს მასპინძლისგან თავაზიანობის ნიშნად მოითხოვებოდა. ცოდვილმა ქალმა კი სიმონთან შედარებით უფრო დიდი სიყვარული და სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა იესოს მიმართ მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი არ ყოფილა. იესომ უთხრა ქალს: „გეპატია ცოდვები“.
2) მთესველი (მთ. 13:3—8; მრ. 4:3—8; ლკ. 8:5—8). თვითონ მაგალითიდან შეუძლებელია მისი მნიშვნელობის გაგება. მისი ახსნა მოცემულია შემდეგ მუხლებში: მათე 13:18—23; მარკოზი 4:14—20 და ლუკა 8:11—15. მაგალითში ყურადღება მახვილდება ნიადაგის ტიპზე ანუ გულის მდგომარეობაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უშლის თესლის ანუ სამეფოს შესახებ სიტყვის ზრდას.
იმ დროს თესვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. მთესველს მხარზე გადაკიდებული და თეძოზე მიმაგრებული ჰქონდა მარცვლით სავსე ჩანთა. ზოგი თესლს მოსასხამის კალთაში იყრიდა. მთესველი გზადაგზა ფანტავდა თესლს და ზედ მალევე აყრიდა მიწას, რათა ყვავ-ყორნებს არ აეკენკათ. თუ თესლი მხვნელის მიერ ყანებს შორის დატოვებულ მოუხვნელ ბილიკზე ან გზის პირას დაცვივდებოდა, მას ჩიტები აკენკავდნენ. „კლდოვანი ადგილი“ მხოლოდ მიწის თხელი ფენით იყო დაფარული. ამიტომ აღმოცენებულ ნათესს მზე მალევე ახმობდა. ეკლიანი მიწა, როგორც ჩანს, მოხნული, მაგრამ გაუმარგლავი იყო. ამიტომ კვლავ აღმოცენებული ეკლები აშთობდნენ ახალამოწვერილ ღივებს. კარგ მიწაზე დათესილ თესლს ნამდვილად შეეძლო ოცდაათჯერ, სამოცჯერ და ასჯერ მეტი ნაყოფის გამოღება. თესვის პროცესი და სხვადასხვა ტიპის ნიადაგი იესოს მსმენელისთვის უცხო არ ყოფილა.
3) ხორბალში ჩათესილი სარეველა (მთ. 13:24—30). იესომ თავად განმარტა ეს მაგალითი მათეს 13:36—43-ში, სადაც „ხორბალი“ ანუ „სამეფოს ძეები“ „სარეველას“ ანუ „ბოროტის ძეებს“ დაუპირისპირა.
მტრის მიერ სხვის ყანაში სარეველას ჩათესვა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებთათვის უცხო არ ყოფილა. როგორც ფიქრობენ, ამ მაგალითში მოხსენიებული სარეველა მათრობელა ღვარძლია (Lolium temulentum), რომლის ტოქსიკურობას, სავარაუდოდ, მის თესლში მზარდი სოკო განაპირობებს. მომწიფებამდე ის ძალიან ჰგავს ხორბალს, მაგრამ მომწიფების შემდეგ მისი გარჩევა ადვილად შეიძლება. ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში თავბრუს ხვევას და ზოგჯერ სიკვდილსაც კი იწვევს. სარეველას ფესვები ადვილად იხლართება ხორბლის ფესვებში, ამიტომ მკამდე მათი ამოძირკვა (სარეველას ამოცნობის შემთხვევაშიც) ყანის პატრონს დააზარალებს.
4) მდოგვის მარცვალი (მთ. 13:31, 32; მრ. 4:30—32; ლკ. 13:18, 19). როგორც იესომ თქვა, ეს მაგალითი ზეციერ სამეფოს ეხება. სხვა მუხლებიდან ჩანს, რომ ეს შეიძლება სამეფოს ერთ-ერთ თავისებურებას მოიცავდეს. ამ მაგალითში ორ რამეზე მახვილდება ყურადღება: სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელების შედეგად ქრისტიანული კრების საოცარ ზრდაზე და ამ ცნობის დამფასებელთა დაცვაზე.
მდოგვის მარცვალი მცირე ზომისაა, შესაბამისად, ის შეიძლება განასახიერებდეს ისეთ რამეს, რაც ძალიან პატარაა (ლკ. 17:6). ზრდასრული მდოგვი 3-დან 4,5 მეტრამდე იზრდება და მკვრივი ტოტები აქვს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ უწოდა მას იესომ ხე. მდოგვის მარცვლის მსგავსად ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანულმა კრებამ მცირედიდან დაიწყო ზრდა, მაგრამ ის სწრაფად გაიზარდა, „ბოლო დღეებში“ კი მისი „ტოტები“ არნახულად გაიბარჯღა (ეს. 60:22).
5) საფუარი (მთ. 13:33). ეს მაგალითიც ზეციერ სამეფოს ეხება. „სამი დიდი საწყაო“ სამი სატა (ბერძნული საზომი ერთეული, უდრის სამ სეას) იყო და დაახლოებით 22 ლიტრი გამოდიოდა. საფუვრის რაოდენობა ფქვილის რაოდენობასთან შედარებით მცირე იყო, მაგრამ ის მთელ ცომს აფუებდა. ზეციერი სამეფოს რომელი მხარეა ამ მაგალითით ნაჩვენები? საფუვრის მსგავსად სამეფოსთან დაკავშირებული სულიერი ზრდა ადამიანის თვალისთვის ხშირ შემთხვევაში უხილავია, მაგრამ ეს პროცესი მუდმივი და მასშტაბურია. როგორც დიდი რაოდენობის ფქვილში შერეული საფუარი, სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმეც, რომელიც სულიერ ზრდას უწყობს ხელს, დღესდღეობით ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა „დედამიწის კიდით კიდემდე“ ვრცელდება (სქ. 1:8).
6) დამალული განძი (მთ. 13:44). იესომ ეს მაგალითი მხოლოდ თავის მოწაფეებს მოუყვანა (მთ. 13:36). როგორც მუხლიდან ჩანს, ეს მაგალითიც უკავშირდება „ზეციერ სამეფოს“, რომლის მპოვნელიც დიდ სიხარულს განიცდის. სამეფოს მძებნელმა თავისი ცხოვრება უნდა შეცვალოს და სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს, რისთვისაც ყველაფერი უნდა დათმოს.
7) მარგალიტის მაძიებელი დიდვაჭარი (მთ. 13:45, 46). იესომ ეს მაგალითი თავის მოწაფეებს მოუყვანა. მან ზეციერი სამეფო ძვირფას მარგალიტს შეადარა, რომლის გულისთვისაც დიდვაჭარი მთელ თავის ქონებას ყიდის.
მარგალიტი არის ძვირფასი თვალი, რომელიც წარმოიშობა ხამანწკისა და ზოგიერთი სხვა მოლუსკის სხეულში. თუმცა ყველა მარგალიტზე ვერ ვიტყვით, რომ კარგია. ზოგი ყვითელია და არა თეთრი, ზოგიც მუქადაა შეფერილი და სიგლუვე აკლია. ძველად ახლო აღმოსავლეთში მარგალიტები ძვირად ფასობდა. მისი ფლობა ადამიანს დიდ სიხარულს ანიჭებდა. ამ მაგალითში დიდვაჭარი მარგალიტებს ეძებდა. მან გამჭრიახობა გამოიჩინა და სათანადოდ შეაფასა მარგალიტის ღირებულება. ის მზად იყო, უკან არაფერზე დაეხია და მის შესაძენად მთელ თავის ქონებასაც გამოთხოვებოდა (შდრ. ლკ. 14:33; ფლ. 3:8).
8) ბადე (მთ. 13:47—50). ამ მაგალითით იესომ ზეციერი სამეფოსთვის შეუფერებელთა გამოცალკევება აღწერა. 49-ე მუხლში ნათქვამია, რომ ეს პროცესი თავის კულმინაციას „ქვეყნიერების აღსასრულის“ დროს მიაღწევს.
ფსკერამდე ჩაშვებულ სელისა თუ სხვა მასალისგან მოქსოვილ ბადეებში ყველანაირი თევზი ხვდებოდა. ეს მაგალითი იესოს მოწაფეებისთვის სათანადო იყო, ვინაიდან ზოგი მათგანი მეთევზეობას მისდევდა. მათ კარგად იცოდნენ, რომ მოსეს კანონის თანახმად, უქერცლო და უფარფლო თევზები უწმინდურად და საჭმელად უვარგისად ითვლებოდა და უნდა გადაეყარათ (ლვ. 11:9—12; კნ. 14:9, 10).
9) უმოწყალო მონა (მთ. 18:23—35). მათეს 18:21, 22-ში ახსნილია, რატომ მოიყვანა იესომ ეს მაგალითი, 35-ე მუხლში კი ნაჩვენებია, რას დაუკავშირა ის. მან ხაზი გაუსვა იმას, რამდენად ცოტა მართებთ მოძმეებს ჩვენი იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გვმართებს ღვთის. ეს მაგალითი ჩვენ, ცოდვილ ადამიანებს, რომლებსაც ღმერთმა ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე უდიდესი ვალი გვაპატია, გვანახვებს, რატომ უნდა ვაპატიოთ ჩვენს მოძმეებს შედარებით უმნიშვნელო ცოდვები.
დინარი ერთი დღის შრომის საზღაური იყო. ასე რომ, ასი დინარი, შედარებით მცირე ვალი, დაახლოებით წლიური შემოსავლის მესამედს უტოლდებოდა. ათი ათასი ტალანტი ვერცხლის (60 მილიონი დინარი) გადასახდელად კი ადამიანს ათასობით წელი არ ეყოფოდა. ვალის სიდიდის წარმოდგენაში იოსებ ფლავიუსის მიერ მოყვანილი მონაცემებიც გვეხმარება. იუდეის, იდუმეისა და სამარიის პროვინციები და ზოგიერთი ქალაქი იმ დროს წლიურად 600 ტალანტს იხდიდა, გალილეა და პერეა კი — 200 ტალანტს. იესომ 35-ე მუხლში ახსნა ამ იგავის დედააზრი: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“.
10) კეთილი სამარიელი (ლკ. 10:30—37). როგორც ლუკას 10:25—29-დან ჩანს, ეს იგავი იესომ შემდეგ კითხვაზე პასუხად მოიყვანა: „კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?“. იგავის დასკვნა 36-ე და 37-ე მუხლებშია მოცემული.
იერუსალიმიდან იერიხონისკენ მიმავალი გზა უდაბურ ადგილზე გადიოდა, სადაც ხშირად ხდებოდა ყაჩაღობა. იქ გავლა იმდენად სახიფათო იყო, რომ მგზავრების უსაფრთხოებისთვის სამხედრო ნაწილიც კი იყო ჩაყენებული. იერიხონი იერუსალიმიდან აღმ. ჩრდ.-აღმ.-ით 23 კილომეტრში მდებარეობდა. იმის დასანახვებლად, თუ ვინ იყო მოყვასი, რომლის სიყვარულიც კანონით მოითხოვებოდა, იესომ აღწერა მღვდლისა და ლევიანის დამოკიდებულება გაძარცული და ცოცხალმკვდარი კაცის მიმართ. მღვდლებს იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვა ევალებოდათ, რაშიც ლევიანები ეხმარებოდნენ. სამარიელები აღიარებდნენ ხუთწიგნეულში გადმოცემულ კანონს, თუმცა იუდეველებს მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობა არ ჰქონდათ, თავს არიდებდნენ მათ (ინ. 4:9) და სძულდათ კიდეც (ინ. 8:48). ის კი არადა, ზოგიერთები სახალხოდ წყევლიდნენ სამარიელებს და ღმერთს ყოველდღე შესთხოვდნენ, რომ მათ მარადიულ სიცოცხლეში წილი არ ჰქონოდათ. ზეთი და ღვინო, რომელიც სამარიელმა დაჭრილს მოასხა, სამკურნალოდ გამოიყენებოდა. დაჭრილის მისახედავად სასტუმროს პატრონისთვის მიცემული ორი დინარი ორი დღის გასამრჯელო იყო (მთ. 20:2).
11) დაჟინებული მეგობარი (ლკ. 11:5—8). იესომ ეს მაგალითი მოწაფეებს მაშინ მოუყვანა, როცა სთხოვეს, მათთვის ლოცვა ესწავლებინა (ლკ. 11:1—4). როგორც მე-9 და მე-10 მუხლებიდან ვიგებთ, ღმერთი კი არ წუხდება ჩვენი თხოვნებით, არამედ პირიქით, ელის კიდეც, რომ არ შევწყვეტთ თხოვნას.
ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებნი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ. სტუმარი მოულოდნელად გვიან ღამითაც რომ მისულიყო (შესაძლოა, გზაში გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების გამო), მასპინძელი თავს ვალდებულად თვლიდა, გამასპინძლებოდა მას. წინასწარ რთული იყო იმის განსაზღვრა, ზუსტად რამდენი პური უნდა გამოეცხოთ ოჯახისთვის, ამიტომ მეზობლებს შორის პურის სესხება ჩვეული რამ იყო. მაგრამ იესოს მიერ მოყვანილ მაგალითში მეზობელს უკვე ეძინა. თავიდან მან პურის სათხოვნელად მისული მეზობლისთვის პურის მიცემისგან თავი შეიკავა. ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყო, რომ იმ დროს ზოგ სახლს, განსაკუთრებით კი ღარიბთა სახლებს, მხოლოდ ერთი მოზრდილი ოთახი ჰქონდა და ერთი კაცის ადგომაც ყველას გააღვიძებდა.
12) უგუნური მდიდარი კაცი (ლკ. 12:16—21). იესომ ეს მაგალითი მოუყვანა კაცს, რომელმაც სთხოვა, მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტაში დახმარებოდა. მე-15 მუხლიდან ჩანს, რისი თქმა უნდოდა იესოს ამ მაგალითით: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“. ეს აზრი შეადარეთ 22-ე მუხლში მოწაფეებისთვის იესოს მიერ ნათქვამ სიტყვებს.
კანონის თანახმად, უფროს ვაჟს მამის ქონებიდან ორმაგი წილი ეკუთვნოდა (კნ. 21:17). როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დავის მიზეზი ამ კანონის დარღვევა იყო. ამიტომაც მოუწოდა იესომ თავის მოწაფეებს, თავი დაეცვათ სიხარბისგან.
13) უნაყოფო ლეღვის ხე (ლკ. 13:6—9). იესომ ეს მაგალითი თავის ნათლობიდან სამი წლის შემდეგ, ახ. წ. 32 წლის შემოდგომაზე მოიყვანა. იმ დროს ახალი გავრცელებული იყო ამბავი პილატეს მიერ გალილეელების დახოცვის შესახებ. იესომ ის შემთხვევაც გაიხსენა, თუ როგორ მოიყოლა სილოამის კოშკმა 18 კაცი და ხალხი გააფრთხილა, რომ თუ არ მოინანიებდნენ, ყველანი მათსავით დაიღუპებოდნენ (ლკ. 13:1—5). შემდეგ მოიყვანა მაგალითი ლეღვის ხეზე.
იმ დროს ვენახში ლეღვისა და ზეთისხილის ხეებსაც რგავდნენ, რათა პატრონი შემოსავლის გარეშე არ დარჩენილიყო იმ წლებში, როცა ყურძნის კარგი მოსავალი არ მოვიდოდა. კალმით ამოსული ხეები ორ-სამ წელიწადში რამდენიმე ნაყოფს მაინც იძლეოდა. აშკარაა, რომ მაგალითში მოხსენიებულ სამ წელიწადში იესომ თავისი სამწლიანი მსახურება იგულისხმა. ვინაიდან ხეხილი იბეგრებოდა, უნაყოფო ხე პატრონისთვის წაგებიანი იყო. ამიტომ ასეთ ხეებს ჭრიდნენ.
14) დიდი ვახშამი (ლკ. 14:16—24). ამ თავის პირველ 15 მუხლში აღწერილია, თუ რა ვითარებაში მოიყვანა იესომ ეს მაგალითი. ის სუფრასთან იყო, როცა ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა: „ბედნიერია, ვინც ღვთის სამეფოში ჭამს პურს“. ეს მაგალითი იესომ სწორედ მას მოუყვანა.
ჩვეულებრივ, ნადიმზე დაპატიჟებულებს ახსენებდნენ, რომ სუფრა უკვე გაშლილი იყო. დაპატიჟებულებმა, ერთი შეხედვით, მიუსვლელობისთვის საპატიო მიზეზები მოიყვანეს. მაგრამ მათი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ, სინამდვილეში, მათ არც იქ მისვლის სურვილი ჰქონდათ და არც მასპინძლის პატივისცემა. სუფრასთან მოგვიანებით მიწვეული იყვნენ ღარიბები, კოჭლები, უსინათლოები თუ სხვები — ხალხი, რომელსაც არაფრად აგდებდნენ (შდრ. მუხლ. 13).
15) დაკარგული ცხვარი (ლკ. 15:3—7). ლუკას 15:1, 2-დან ჩანს, რომ იესომ ეს მაგალითი მას შემდეგ მოიყვანა, რაც ფარისევლებმა და მწიგნობრებმა დრტვინვა დაიწყეს. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ იმის გამო, რომ იესო ცოდვილებსა და გადასახადების ამკრეფებს კარგად ექცეოდა. მათეს 18:12—14-ში ჩაწერილია მსგავსი მაგალითი, რომელიც იესომ სხვა ვითარებაში მოიყვანა.
ებრაელებს სძულდათ გადასახადების ამკრეფები, მით უმეტეს, თუ ისინი ებრაელები იყვნენ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ისინი გადასახადებს საძულველი რომაელებისთვის კრეფდნენ. იესომ მსმენელისთვის ნაცნობი სიტუაციიდან მოიყვანა მაგალითი დაკარგულ ცხვარზე. დაკარგული ცხვარი უმწეოა. თუ მწყემსმა არ მოძებნა, ის თავისით ფარისკენ გზას ვერ გაიგნებს. მომნანიებელი ცოდვილის გამო ზეცაში გამოწვეული სიხარული მკვეთრად განსხვავდებოდა მწიგნობრებისა და ფარისევლების რეაქციისგან; ისინი ცოდვილებისადმი იესოს დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ.
16) დაკარგული დრაქმა (ლკ. 15:8—10). ლუკას 15:1, 2-დან ვიგებთ ამ მაგალითის მოყვანის მიზეზს, რომელიც იესომ დაკარგული ცხვრის მაგალითს მოაყოლა. მე-10 მუხლში ახსნილია, რას დაუკავშირა იესომ ეს მაგალითი.
ერთი დრაქმა დაახლოებით მუშის ერთი დღის გასამრჯელო იყო. მაგრამ თუ დაკარგული დრაქმა ათი მონეტისგან შემდგარ კომპლექტს ეკუთვნოდა, რომელიც საგვარეულო ძვირფასეულობა ან სამკაულის ნაწილი იყო, ის მფლობელისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იქნებოდა. მის მოსაძებნად ლამპრის ანთება იყო საჭირო, ვინაიდან მზის შუქი სახლში, ფაქტობრივად, არ შემოდიოდა. ქალს ძებნაში გამოგვაც დაეხმარებოდა, რადგან სახლებს, ძირითადად, თიხის იატაკი ჰქონდა.
17) გზასაცდენილი შვილი (ლკ. 15:11—32). ფარისევლები და მწიგნობრები დრტვინავდნენ იმის გამო, რომ იესო გადასახადების ამკრეფებსა და ცოდვილებს იღებდა და მათთან ერთად ჭამდა. მათი რეაქციის საპასუხოდ, იესომ ჯერ დაკარგული ცხვრისა და დაკარგული მონეტის მაგალითი მოიყვანა, შემდეგ კი ეს იგავი მოუყვანა.
კანონის თანახმად, უმცროს ვაჟს მამის ქონებიდან იმის ნახევარი ეკუთვნოდა, რასაც უფროსი მიიღებდა (კნ. 21:17). ებრაელები თვლიდნენ, რომ შორეულ ქვეყანაში წასული უმცროსი ვაჟის მსგავსად, გადასახადების ამკრეფებმაც მიატოვეს თავიანთი ქვეყანა და რომის სამსახურში ჩადგნენ. ებრაელებისთვის ღორების მწყემსვა დამამცირებელი იყო, ვინაიდან კანონის თანახმად ღორი უწმინდურად ითვლებოდა (ლვ. 11:7). შინ დაბრუნებულმა უმცროსმა ვაჟმა მამას სთხოვა, რომ მიეღო ის როგორც მოჯამაგირე და არა როგორც შვილი. მონებისგან განსხვავებით მოჯამაგირეები ქონების ნაწილად არ ითვლებოდნენ; ხშირ შემთხვევაში მათ ერთი დღით ქირაობდნენ (მთ. 20:1, 2, 8). მამამ უმცროსი ვაჟისთვის საუკეთესო გრძელი სამოსელი მოატანინა. როგორც ჩანს, მდიდრულად ნაქარგ ასეთ ტანსაცმელს საპატიო სტუმარს უძღვნიდნენ. ბეჭედი და სანდლები თავისუფალი და პატივდებული ადამიანის ატრიბუტები იყო.
18) სახლის უმართლო მმართველი (ლკ. 16:1—8). ამ მაგალითის დედააზრი მე-9—13 მუხლებშია მოცემული. ბატონმა სახლის უმართლო მმართველი გონიერებისთვის შეაქო.
სახლის მმართველს ბატონის მთელი ქონება ებარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონი მას დიდ ნდობას უცხადებდა (დბ. 24:2; 39:4). იესოს მაგალითში ბატონმა სახლის მმართველის დათხოვნა გადაწყვიტა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის უსახსროდ რჩებოდა. თავისი ბატონის მოვალეთა ვალის შემცირებისთვის მას ანაზღაურება არ მიუღია, სამაგიეროდ, მან ამ ხალხის კეთილგანწყობა მოიპოვა, რაც, შესაძლოა, მას მომავალში გამოადგებოდა. ასი ბათი ზეთი 2 200 ლიტრს უტოლდებოდა, ხოლო ასი ქორი ხორბალი — 22 000 ლიტრს.
19) მდიდარი და ლაზარე (ლკ. 16:19—31). როგორც ლუკას 16:14, 15-დან ვიგებთ, ფულის მოყვარული ფარისევლები უსმენდნენ იესოს და დასცინოდნენ. იესომ მათ უთხრა: „თქვენ თქვენი თავი მართლებად მოგაქვთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები, რადგან, რაც ადამიანის თვალში ამაღლებულია, ღვთის თვალში ის სისაძაგლეა“.
ამ მდიდარ კაცს ისეთი ტანსაცმელი ეცვა, როგორიც მხოლოდ მთავრებს, დიდგვაროვნებსა და მღვდლებს ეცვათ (ესთ. 8:15; დბ. 41:42; გმ. 28:4, 5). ასეთი ტანსაცმელი ძვირად ფასობდა. ჰადესი, სადაც მდიდარი კაცი აღმოჩნდა, კაცობრიობის საერთო სამარეა. ჰადესში ცეცხლოვანი ადგილი რომ არ იგულისხმება, გამოცხადების 20:14-დანაც ჩანს, სადაც სიკვდილსა და ჰადესზე ნათქვამია, რომ „ცეცხლის ტბაში“ იქნენ ჩაყრილი. აქედან გამომდინარე, მდიდარი კაცის სიკვდილი და ჰადესში ყოფნა სიმბოლური მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. სიკვდილი სიმბოლური მნიშვნელობით სხვა მუხლებშიც გამოიყენება (ლკ. 9:60; კლ. 2:13; 1ტმ. 5:6). ამგვარად, მდიდარი ცეცხლში სიმბოლური გაგებით იტანჯებოდა, სინამდვილეში კი ცოცხალი იყო. ბიბლიაში ცეცხლი ღვთის მკაცრ განაჩენთან არის შედარებული (იერ. 5:14; 23:29). ღვთის წინასწარმეტყველთა მიერ ამ განაჩენის გაცხადება ტანჯავს ღვთისა და მისი მსახურების მოწინააღმდეგეებს (გმც. 11:7, 10).
ლაზარე ებრაული სახელის, ელეაზარის ბერძნული ფორმაა და ნიშნავს: „ღმერთი დაეხმარა“. ძაღლები, რომლებიც წყლულებს ულოკავდნენ ლაზარეს, უწმინდურად ითვლებოდნენ. ისინი ქუჩაში დახეტიალებდნენ და ნარჩენებით იკვებებოდნენ. აბრაამის მკერდთან ყოფნა საპატიო მდგომარეობაზე მიუთითებდა (შდრ. ინ. 1:18). იმ დროს სუფრასთან, ჩვეულებრივ, ინახით ისხდნენ. ასე რომ, მეგობარს შეეძლო მეგობრისთვის მკერდზე თავის დადება (ინ. 13:23—25).
20) უსარგებლო მონები (ლკ. 17:7—10). ამ მაგალითის დედააზრი მე-10 მუხლშია მოცემული.
ბატონის ყანაში მომუშავე მონები ხშირად ვახშმის სუფრასაც ემსახურებოდნენ. ისინი მანამ არ ვახშმობდნენ, სანამ ბატონი არ ივახშმებდა და ხშირად კამათობდნენ კიდეც, თუ ვის ერგებოდა წილად ბატონის მომსახურების პატივი. მონები ამ საქმეს ტვირთად კი არა, თავიანთ მოვალეობად მიიჩნევდნენ.
21) ქვრივი და მოსამართლე (ლკ. 18:1—8). როგორც პირველი მუხლიდან ვიგებთ, იესომ ეს მაგალითი იმიტომ მოიყვანა, რომ „საჭიროა ყოველთვის ილოცონ და სულით არ დაეცნენ“. მე-7 და მე-8 მუხლებიდან ჩანს, თუ რას დაუკავშირა ეს მაგალითი. ლოცვის აუცილებლობაზე მოყვანილი მაგალითი მართებული იყო, თუ გავითვალისწინებთ წინა თავის 20—37-ე მუხლებში ჩაწერილ იესოს სიტყვებს.
როგორც ჩანს, იესო ამ მაგალითში ებრაელ მოსამართლეს არ გულისხმობდა. პირველ საუკუნეში ებრაელებს ოთხი ტიპის სასამართლო ჰქონდათ: 1) სამი კაცისგან შემდგარი სოფლის სასამართლო; 2) სოფლის შვიდი უხუცესისგან შემდგარი სასამართლო; 3) იერუსალიმში არსებული 23-კაციანი ქვედა ინსტანციის სასამართლოები; ასეთი სასამართლოები მთელი პალესტინის ტერიტორიაზე ყველა მოზრდილ ქალაქში ფუნქციონირებდა; 4) იერუსალიმში არსებული დიდი სინედრიონის სახელით ცნობილი უზენაესი სასამართლო, რომელიც 71 წევრისგან შედგებოდა და რომლის გადაწყვეტილებებსაც ყველა ებრაელი ემორჩილებოდა (იხ. ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ). მაგალითში მოხსენიებული მოსამართლე ებრაელთა სასამართლო სისტემის წარმომადგენელი ვერ იქნებოდა, რადგან ებრაელთა სასამართლოში, სულ მცირე, სამი მოსამართლე უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ის, როგორც ჩანს, რომაელების მიერ დაყენებული მოსამართლე ან სხვა სამართალდამცავი იყო. იესომ მასზე თქვა, რომ არც ღვთის ეშინოდა და არც ხალხის აზრი ანაღვლებდა. ამ მაგალითში იესოს ღმერთი უსამართლო მოსამართლესთან არ შეუდარებია, პირიქით, მას დაუპირისპირა. თუ საბოლოოდ თვით ასეთმა მოსამართლემ აღასრულა სამართალი, მით უმეტეს ღმერთი აღასრულებს. ქვრივის დაჟინებულობამ მოსამართლე აიძულა, მისთვის სამართალი გაეჩინა. ღვთის მსახურებიც დაჟინებით უნდა ლოცულობდნენ, რადგან მართალი ღმერთი უპასუხებს მათ ლოცვას და სამართალს გაუჩენს.
22) თავდაჯერებული ფარისეველი და მომნანიებელი გადასახადების ამკრეფი (ლკ. 18:9—14). ამ მაგალითის მოყვანის მიზეზი მე-9, ხოლო მიზანი მე-14 მუხლშია მოცემული.
ტაძარში სალოცავად მისულებს წმინდასა და წმინდათაწმინდაში შესვლის უფლება არ ჰქონდათ. ისინი გარეთა ეზოებში ლოცულობდნენ. მაგალითში მოხსენიებული ორი ებრაელი, როგორც ჩანს, ტაძრის ერთ-ერთ გარე, ქალთა ეზოდ წოდებულ ეზოში იდგა. ამაყი და თავდაჯერებული ფარისევლები სხვებს ზემოდან დაჰყურებდნენ (ინ. 7:47, 49). ისინი კვირაში ორჯერ მარხულობდნენ, თუმცა ეს მოსეს კანონით არ მოითხოვებოდა. როგორც ამბობენ, სხვებისთვის თავიანთი ღვთისმოსაობა რომ დაენახვებინათ, მარხვისთვის ისეთ დღეებს ირჩევდნენ, როცა ხალხი ქალაქში თავს იყრიდა სავაჭროდ, სინაგოგებში განსაკუთრებული მსახურება მიმდინარეობდა და ადგილობრივი სინედრიონი იკრიბებოდა (მთ. 6:16). მართალია, ებრაელი გადასახადების ამკრეფები რომის იმპერიისთვის გაწეული სამსახურისთვის სძულდათ, მაგრამ ტაძარში შესვლას არ უკრძალავდნენ.
23) მუშებისთვის გადახდილი დინარი (მთ. 20:1—16). ეს მაგალითი იესომ თავის მოწაფეებს მათეს 19:27-ში ჩაწერილი პეტრეს კითხვის პასუხად მოუყვანა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. ამისთვის რა გვექნება?“. იხილეთ აგრეთვე მათეს 19:30 და 20:16.
მევენახისთვის რთველი დაძაბული მუშაობის დრო იყო. ზოგი მუშა მას მთელი რთვლის განმავლობაში ჰყავდა დაქირავებული, ზოგს კი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ქირაობდა. მოსეს კანონით დღის ბოლოს მუშებისთვის გასამრჯელოს მიცემა მოითხოვებოდა, რადგან ისინი, ძირითადად, გაჭირვებულები იყვნენ (ლვ. 19:13; კნ. 24:14, 15). ერთი დღის გასამრჯელოდ მათ დინარს, რომაულ ვერცხლის მონეტას, აძლევდნენ. ახ. წ. პირველ საუკუნეში დღე მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა და 12 თანაბარ მონაკვეთად იყო დაყოფილი. მესამე საათი დაახლოებით დილის 8:00—9:00 საათი უნდა ყოფილიყო, მეექვსე საათი 11:00—12:00 საათი, მეცხრე საათი კი 14:00—15:00 საათი, ხოლო მეთერთმეტე საათი დაახლოებით 16:00—17:00 საათი.
24) მინები (ლკ. 19:11—27). იესომ ეს მაგალითი თავის მოწაფეებს ახ. წ. 33 წელს იერუსალიმში თავისი ბოლო მგზავრობის დროს მოუყვანა (ლკ. 19:1, 28). მე-11 მუხლიდან ვიგებთ მაგალითის მოყვანის მიზეზს — მოწაფეებს „ეგონათ, რომ უცბად გამოჩნდებოდა ღვთის სამეფო“.
რომის იმპერიის პერიოდში მეფური ძალაუფლების მისაღებად დიდგვაროვნები, ჩვეულებრივ, რომში ჩადიოდნენ. ასე მოიქცა ჰეროდე დიდის ვაჟი, არქელაეც. მაგრამ ებრაელებმა 50 წარჩინებული მიავლინეს ავგუსტუსის სამეფო კარზე, რათა არქელაესთვის ბრალი დაედოთ და ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება არ მიეცათ. მაგალითში მოხსენიებული მონებისთვის მიცემული ვერცხლის მინა 88 დღის გასამრჯელოს უტოლდებოდა.
25) ორი შვილი (მთ. 21:28—31). იესო იერუსალიმის ტაძარში იყო, როცა რელიგიურმა წინამძღოლებმა მას 23-ე მუხლში ჩაწერილი კითხვები დაუსვეს: „რა ძალაუფლებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“. იესომ ჯერ პირდაპირ უპასუხა ამ კითხვებზე, შემდეგ კი რამდენიმე მაგალითით, მათ შორის ორ შვილზე მოყვანილი მაგალითით, დაანახვა მათი ნამდვილი სახე.
იესომ ამ მაგალითის მნიშვნელობა 31-ე და 32-ე მუხლებში ახსნა. მან მეორე შვილს შეადარა უფროსი მღვდლები და გავლენიანი უხუცესები, რომლებიც მხოლოდ სიტყვით ემსახურებოდნენ ღმერთს და არა საქმით. გადასახადების ამკრეფები და მეძავები, რომლებმაც ირწმუნეს იოანე ნათლისმცემელი, პირველ შვილს ჰგავდნენ. მართალია, თავიდან ცივი უარი განაცხადეს ღვთის მსახურებაზე, მაგრამ მოგვიანებით მოინანიეს და ცხოვრების წესი შეიცვალეს.
26) ბოროტი მევენახეები (მთ. 21:33—44; მრ. 12:1—11; ლკ. 20:9—18). ეს მაგალითი ღვთის ძემ, იესომ, იერუსალიმის ტაძარში სიკვდილამდე სამი დღით ადრე მოიყვანა. ესეც ძალაუფლებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის ნაწილი იყო (მრ. 11:27—33). როგორც სახარებებიდან ვიგებთ, ამ მაგალითის მოყვანის შემდეგ რელიგიური წინამძღოლები მიხვდნენ, რომ იესო მათზე ლაპარაკობდა (მთ. 21:45; მრ. 12:12; ლკ. 20:19).
ზოგი ვენახი ქვის კედლით იყო შემოღობილი (იგ. 24:30, 31), ზოგი კი ეკალბარდებით (ეს. 5:5). საწნახელს ხშირ შემთხვევაში კლდეში კვეთდნენ; მას ორი განყოფილება ჰქონდა. ყურძნის წვენი ზედა განყოფილებიდან ქვედა განყოფილებაში ჩადიოდა. ქურდებისა თუ ცხოველებისგან ვენახს საყარაულო კოშკიდან ყარაული იცავდა. ზოგ შემთხვევაში მევენახეები აღებული მოსავლის ნაწილს იღებდნენ ანაზღაურებად. ზოგჯერ მევენახეები მიწას იჯარით იღებდნენ ან ვენახის პატრონს მოსავლის ნაწილს აძლევდნენ. როგორც ჩანს, იესოს მაგალითშიც მევენახეები ვენახის პატრონთან მოსავლის ნაწილზე იყვნენ შეთანხმებულნი. მევენახეები, შესაძლოა, იმედოვნებდნენ, რომ თუ მემკვიდრეს მოკლავდნენ, ვენახი მათ დარჩებოდათ, რადგან პატრონი შორს იყო წასული. ესაიას 5:1—7-დან ჩანს, რომ „ისრაელის სახლი“ იყო „იეჰოვას ვენახი“. სახარებებიდან ვიგებთ, რომ იესომ ამ მაგალითის ასახსნელად 118-ე ფსალმუნის 22-ე, 23-ე მუხლები მოიყვანა.
27) უფლისწულის ქორწილი (მთ. 22:1—14). როგორც 1-ლი მუხლიდან ჩანს, ეს მაგალითი იესოს მსჯელობისა და იმ პასუხის ნაწილია, რომელიც მან თავისი ძალაუფლების შესახებ წამოჭრილ კითხვაზე გასცა (მთ. 21:23—27). მაგალითის მნიშვნელობა მე-2 და მე-14 მუხლებიდან ჩანს.
თვეებით ადრე იესომ მსგავსი მაგალითი მოიყვანა დიდ ვახშამზე, რომელზეც მრავალი იყო მიწვეული. დაპატიჟებულებმა სხვადასხვა რამ მოიმიზეზეს, რითაც მასპინძლის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინეს (ლკ. 14:16—24). ამჯერად კი, სიკვდილამდე სამი დღით ადრე, იესომ კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ იმაზე, რომ მიწვეულებს არათუ არ სურდათ ნადიმზე წასვლა, არამედ მტრულადაც იყვნენ განწყობილი. მეფის მონების დახოცვა აჯანყების ტოლფასი იყო. ამიტომაც გაჟლიტა მეფის ჯარმა მკვლელები, მათი ქალაქი კი გადაწვა. ვინაიდან ეს სამეფო ქორწილი იყო, მასპინძელი სტუმრებს, როგორც ჩანს, საზეიმო ტანსაცმელს აძლევდა. ასეთ შემთხვევაში, საქორწილო ტანსაცმლის გარეშე ნადიმზე დასწრება სტუმრის მხრიდან იმის მაჩვენებელი იყო, რომ მან მეფის საჩუქარი დაიწუნა.
28) ათი ქალწული (მთ. 25:1—13). ზეციერ სამეფოსთან დაკავშირებული ეს მაგალითი იესომ მათეს 24:3-ში ჩაწერილი მოწაფეების კითხვის პასუხად მოიყვანა. მაგალითის მიზანი მათეს 25:13-შია ახსნილი.
იმ დროს ქორწილის მნიშვნელოვან ნაწილად ნეფის მიერ სასიმამროს სახლიდან თავის ან მამისეულ სახლში პატარძლის საზეიმო წაყვანა ითვლებოდა. საუკეთესო ტანსაცმელში გამოწყობილი ნეფე საღამო ხანს მეგობრებთან ერთად პატარძლის სახლში მიდიოდა. იქ მათ უერთდებოდნენ მუსიკოსები, მომღერლები თუ სხვა მექორწილეები ლამპრებით ხელში. აქედან მთელი პროცესია ნეფის სახლისკენ მიემართებოდა. ხალხი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ამ საზეიმო მსვლელობას, ზოგი უერთდებოდა კიდეც მექორწილეებს. ხშირ შემთხვევაში ესენი იყვნენ ქალწულები, რომლებსაც ხელში ლამპრები ეჭირათ (იერ. 7:34; 16:9; ეს. 62:5). საჩქარო არაფერი იყო, ამიტომ სვლა ზოგჯერ გვიანობამდე გრძელდებოდა. გზაზე ნეფე-პატარძლის მომლოდინეებს შეიძლება ძილი მორეოდათ ან ჩასძინებოდათ. სიმღერა და ჟრიამული შორიდანვე ისმოდა. ამ ხმის გაგონებაზე ხალხი გაიძახოდა, ნეფე მოდისო. როცა ნეფე მექორწილეებთან ერთად სახლში შევიდოდა, კარი იკეტებოდა და დაგვიანებული სტუმრები კარს მიღმა რჩებოდნენ. ლამპრებში ზეთი რომ არ გამოლეულიყო, გზადაგზა საჭირო იყო მათი შევსება.
29) ტალანტები (მთ. 25:14—30). ეს მაგალითი სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ წასულ კაცზე იესომ სიკვდილამდე სამი დღით ადრე მოუყვანა თავის ოთხ მოწაფეს. ის მალევე უნდა ამაღლებულიყო ზეცად. ეს მაგალითიც მათეს 24:3-ში ჩაწერილი კითხვის პასუხია (მრ. 13:3, 4).
მინაზე მოყვანილ მაგალითში თითოეულ მონას მხოლოდ ერთი მინა მიეცა. მაგრამ ამ შემთხვევაში ტალანტები „თითოეულს თავისი უნარისდა მიხედვით“ დაურიგეს (ლკ. 19:11—27). როგორც ჩანს, იესო აქ ვერცხლის ტალანტს გულისხმობდა, რომელიც იმ დროს მუშის 14 წლის გასამრჯელოს წარმოადგენდა. მონებს უნდა ეზრუნათ ბატონის ქონებაზე და გონივრულად განეგოთ. თუ თავად ვერ გაზრდიდნენ ბატონის ქონებას, სულ მცირე, ფული სარგებლით უნდა გაეცათ, რათა პროცენტის ხარჯზე მაინც გაეზარდათ მოგება. ბოროტმა და ზარმაცმა მონამ ჩაბარებული ტალანტი მიწაში ჩაფლა და ბატონი აზარალა.
30) ცხვრები და თხები (მთ. 25:31—46). როგორც 31-ე, 32-ე, 41-ე და 46-ე მუხლებიდან ჩანს, ამ მაგალითით აღწერილია ადამიანთა გადარჩევა და გასამართლება კაცის ძის დიდებით მოსვლის დროს. იესომ ეს მაგალითი მოწაფეებს პასუხად მოუყვანა კითხვაზე, თუ რა იქნებოდა მისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“ (მთ. 24:3).
ახლო აღმოსავლეთში ცხვრები და თხები ერთად ბალახობენ. საჭიროების შემთხვევაში მწყემსს ადვილად შეუძლია ცხვრების თხებისგან გამოცალკევება. იესოს მიზანი თხების უარყოფით შუქში წარმოჩენა არ ყოფილა (ყოველწლიურ გამოსყიდვის დღეს ხალხის ცოდვების გამოსასყიდად თხის სისხლს იყენებდნენ). ამ მაგალითში თხები და ცხვრები უბრალოდ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს განასახიერებენ. „ცხვრების“ მარჯვნივ დაყენება მათ საპატიო მდგომარეობაზე მიუთითებს (სქ. 2:33; ეფ. 1:19, 20), „თხების“ მარცხნივ დაყენება კი — დამცირებაზე (შდრ. ეკ. 10:2). საყურადღებოა, რომ ტახტზე მჯდომი კაცის ძის მარჯვნივ დაყენებული „ცხვრები“ არ მიეკუთვნებიან იესო ქრისტეს „ძმებს“, რომელთათვისაც მათ სიკეთე აქვთ გაკეთებული (მთ. 25:34—40; ებ. 2:11, 12).
წიგნი „გამოცხადება“. წმინდა წერილების დასკვნითი წიგნი „გამოცხადება“ სიმბოლური მაგალითების სიმრავლით გამოირჩევა. როგორც თავად მისი დამწერი, იოანე, ამბობს, ღმერთმა მას ყველაფერი „ნიშნებით“ აჩვენა (გმც. 1:1). თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბიბლია გამოირჩევა სათანადოდ მოყვანილი მაგალითებით.
ქრისტეს მოწაფეების მიერ მოყვანილი მაგალითები. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებმა შემოგვინახეს არა მარტო იესო ქრისტეს მიერ მოყვანილი მაგალითები, არამედ საკუთარი მაგალითებიც. წიგნ „საქმეებში“ ლუკა მოგვითხრობს, რა შესაფერისი მაგალითები გამოიყენა მოციქულმა პავლემ ათენში არაებრაელებთან საუბრისას. პავლემ მოიხსენია ნაცნობი თაყვანისცემის საგნები და მათი პოეტების სიტყვები (სქ. 17:22—31). ებრაელებისთვის მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ პავლე (რომელიც ამ წერილის ავტორად არის მიჩნეული) მრავლად იყენებდა მაგალითებს ისრაელი ერის ისტორიიდან. საბერძნეთში გავრცელებულ სპორტის სახეობებში გათვიცნობიერებული კორინთელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლემ ქრისტიანული გზა რბოლას შეადარა (1კრ. 9:24—27). აღსანიშნავია ზეთისხილის ხეზე მოყვანილი მაგალითიც, რომლითაც პავლემ ქრისტიანებს თავდაჯერებულობის საფრთხე დაანახვა და ღვთისთვის წმინდა მსახურების გააზრებულად შესრულებისკენ მოუწოდა (რმ. 11:13—32; 12:1, 2).
იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, თავის წერილში ოსტატურად მოიყვანა მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან. მან სარკეში მომზირალი კაცი, ცხენის ლაგამი, გემის საჭე თუ სხვა თვალსაჩინოებები სულიერი საკითხების ასახსნელად გამოიყენა (იაკ. 1:23, 24; 3:3, 4). წმინდა სულით შთაგონებული პეტრე და იუდა თავიანთი ცნობის განსამარტავად ხშირად იყენებდნენ წმინდა წერილებში მოყვანილ შემთხვევებს. წმინდა სულით მოყვანილმა ყველა ამ შესანიშნავმა მაგალითმა ღვთის სიტყვას, ბიბლიას, მეტი ცხოველმყოფელობა შესძინა.