ღვთის თვალში შენ ძვირფასი ხარ!
„სამარადისო სიყვარულით შეგიყვარე, ამიტომაც მადლი შეგინახე“ (იერემია 31:2).
1. როგორ განსხვავდებოდა უბრალო ხალხის მიმართ იესოს დამოკიდებულება ფარისეველთა თვალსაზრისისგან?
მათ შეეძლოთ მის თვალებში დაენახათ ეს. იესო არ ჰგავდა მათ რელიგიურ წინამძღოლებს; ის ზრუნავდა მათზე. მას ეცოდებოდა ისინი, რადგან „დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36). მათი რელიგიური წინამძღოლები მოსიყვარულე მწყემსები უნდა ყოფილიყვნენ — სიყვარულით აღსავსე და მწყალობელი ღმერთის წარმომადგენლები. მაგრამ ამის ნაცვლად, ისინი ზემოდან დაჰყურებდნენ უბრალო ხალხს, როგორც ბრბოს და წყეულს!a (იოანე 7:47–49; შეადარე ეზეკიელი 34:4). ნათელია, ასეთი დამახინჯებული, არაბიბლიური თვალსაზრისი ძალიან განსხვავდებოდა იმ თვალსაზრისისგან, რომელიც იეჰოვას ჰქონდა ადამიანების შესახებ. მან თავის ხალხს, ისრაელს, უთხრა: „სამარადისო სიყვარულით შეგიყვარე“ (იერემია 31:2).
2. როგორ ცდილობდა იობის სამი მეგობარი მის დარწმუნებას, რომ ღვთის თვალში არავითარი ფასი ჰქონდა?
2 ფარისევლები არ იყვნენ პირველები, როდესაც ცდილობდნენ იეჰოვას საყვარელი ცხვრების დარწმუნებას, რომ არარაობა იყვნენ. განვიხილოთ იობის შემთხვევა. იეჰოვასთვის ის სამართლიანი და უმწიკვლო იყო, მაგრამ მისი სამი „ნუგეშისმცემელი“ ცილს სწამებდა იობს, როგორც უზნეოს, ბოროტსა და განდგომილს, რომელიც ისე მოკვდებოდა, რომ თავისი არსებობის არავითარ კვალს არ დატოვებდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი არ აფასებდა იობის სიმართლეს, რადგან ღმერთი თავის საკუთარ ანგელოზებს არ ენდობოდა და თვით ზეცასაც უწმინდურად თვლიდა! (იობი 1:8; 4:18; 15:15, 16; 18:17–19; 22:3).
3. რა საშუალებებს იყენებს სატანა, რათა დაარწმუნოს ადამიანები, რომ არარაობას წარმოადგენენ და არავის უყვარს?
3 დღეს სატანა კვლავ იყენებს თავის ‘მზაკვრულ ხრიკებს’, რადგან ცდილობს, დაარწმუნოს ადამიანები, რომ არავის უყვარს ისინი და არარაობას წარმოადგენენ (ეფესელთა 6:11, აქ, სქოლიო). ფაქტია, რომ ის ხშირად აცდუნებდა ადამიანებს, როდესაც მათში აღვივებდა პატივმოყვარეობასა და სიამაყეს (2 კორინთელთა 11:3). ის ასევე სიამოვნებას გრძნობს, როდესაც ანადგურებს სუსტ პიროვნებაში ღირსების გრძნობას. ეს, განსაკუთრებით, ასეა ამ კრიტიკულ „უკანასკნელ დღეებში“. დღეს მრავალი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც „არამოყვარულნი“ იმყოფებიან; ზოგიერთს ყოველდღიურად უწევს ისეთ პიროვნებებთან ურთიერთობა, რომლებიც არიან ულმობლები, ეგოისტები და ჯიუტები (2 ტიმოთე 3:1–5, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). სისასტიკისა და რასიზმის, სიძულვილისა და ძალადობის წლებმა ასეთი პიროვნებები დაარწმუნა, რომ არარაობას წარმოადგენენ და არავის უყვარს ისინი. ერთ-ერთი პიროვნება წერდა: „მე არავის მიმართ არ ვგრძნობ სიყვარულს და არც არავის ვუყვარვარ. ჩემთვის ძალიან ძნელია მწამდეს, რომ ღმერთი ზრუნავს ჩემზე“.
4, 5. ა) როგორ ეწინააღმდეგება საკუთარი თავის არარაობად მიჩნევა საღვთო წერილებს? ბ) რომელია ზოგიერთი საშიში შედეგი იმისა, თუ გვჯერა, რომ ჩვენს ძალისხმევას ფასი არა აქვს?
4 ის თვალსაზრისი, რომ საკუთარი თავი არარაობად მიიჩნიო, დარტყმას აყენებს ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტების ძირითად არსს, სწავლებას გამოსყიდვის შესახებ (იოანე 3:16). თუკი ღმერთმა გაიღო ჩვენთვის უდიდესი ფასი — თავისი ძის ძვირფასი სიცოცხლე — რომ გვქონოდა მარადიული სიცოცხლის იმედი, მაშინ უეჭველია, რომ მას ვუყვარვართ ჩვენ; სარწმუნოა, რომ ჩვენ ძვირფასი ვართ მის თვალში!
5 და კიდევ, რაოდენ გულისგამტეხია ვიფიქროთ, რომ ღვთის თვალში მოწონებას არ ვიმსახურებთ და არარაობაა ნებისმიერი ჩვენი ძალისხმევა! (შეადარე იგავნი 24:10). მაგრამ ნეგატიური თვალსაზრისით თუ შეხედავ, თვით კარგი გამხნევებაც, რომელიც ჩვენს დასახმარებლადაა გამიზნული, რომ შემდგომშიც ვემსახუროთ ღმერთს შეძლებისდაგვარად, შესაძლოა, ზოგიერთს, პირიქით, გაკიცხვად მოეჩვენოს. შეიძლება თავისი შინაგანი პიროვნების გამოძახილით ეგონოს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც არ არის საკმარისი.
6. რომელია საუკეთესო შხამსაწინააღმდეგო საშუალება, როდესაც პიროვნებას უკიდურესად უარყოფითი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე?
6 თუ გრძნობ შენში ასეთ ნეგატიურ განწყობილებას, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი. დროდადრო, მრავალი ჩვენგანია არაკეთილგონივრულად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ გახსოვდეს, რომ ღმერთის სიტყვა გათვალისწინებულია „გამოსასწორებლად“ და „სიმაგრეთა დასანგრევად“ (2 ტიმოთე 3:16; 2 კორინთელთა 10:4). მოციქული იოანე წერდა: „ამით გავიგებთ, რომ ჭვეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიწყნარებთ გულს. ვინაიდან, თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის“ (1 იოანე 3:19, 20). განვიხილოთ სამი საშუალება, რითაც ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენ ძვირფასი ვართ იეჰოვასთვის.
იეჰოვა გაფასებს შენ
7. როგორ ასწავლის იესო ყველა ქრისტიანს, რომ ღვთის თვალში ძვირფასები არიან?
7 უპირველესად, ბიბლია პირდაპირ გვასწავლის, რომ თითოეული ჩვენგანი ძვირფასია იეჰოვას თვალში. იესომ თქვა: „ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე. თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (ლუკა 12:6, 7). იმ დროისთვის ბეღურა იყო ყველაზე იაფი იმ ჩიტებს შორის, რომლებიც საკვებად იყიდებოდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის შემოქმედისთვის შეუმჩნეველი. ამგვარად, საფუძველი ჩაყრილია განსაცვიფრებელი შედარებისთვის: როდესაც საქმე ეხება ადამიანებს — რომლებიც ძალიან, ძალიან ძვირფასია ღვთის თვალში — ღმერთმა იცის ყოველი წვრილმანი. ეს ისეა, თითქოს ჩვენს თავზე თმა სათითაოდაა დათვლილი!
8. რატომ არის რეალური იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვას შეუძლია ჩვენს თავზე თმების დათვლა?
8 შესაძლებელია თუ არა თმების დათვლა? თუ შენ ეჭვი გეპარება, რომ იესოს იგავის ეს მხარე არარეალურია, მაშინ დაუფიქრდი: ღმერთს თავისი მსახურები იმდენად კარგად ახსოვს, რომ შეუძლია აღადგინოს ისინი — აღადგენს მათ ყოველი წვრილმანით, მათ შორისაა გენეტიკური კოდი და წლების მანძილზე დაგროვილი მოგონებები და გამოცდილება. ჩვენი თმების დათვლა (რომელთა საშუალო რაოდენობა არის დაახლოებით 100 000) შედარებით უბრალო საქმეა! (ლუკა 20:37, 38).
რას ხედავს იეჰოვა ჩვენში?
9. ა) რომელია ის ზოგიერთი თვისება, რომელსაც იეჰოვა აფასებს? ბ) რატომ ფიქრობ, რომ ასეთი თვისებები მოსაწონია მისთვის?
9 მეორე, ბიბლია გვასწავლის, თუ რას აფასებს იეჰოვა ჩვენში. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, იეჰოვა ხარობს, როდესაც ხედავს ჩვენს დადებით თვისებებსა და ჩვენს ძალისხმევას. დავით მეფემ უთხრა თავის ძეს, სოლომონს: „ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა“ (პირველი ნეშტთა 28:9). ღმერთი მილიარდობით ადამიანის გულის მხილველია ქვეყნიერებაში, რომელიც აღსავსეა ძალადობითა და სიძულვილით; და რამდენად გახარებული იქნება იეჰოვა, როდესაც ნახავს მშვიდობის, ჭეშმარიტებისა და სიმართლის მოყვარე გულს! (შეადარე იოანე 1:47; 1 პეტრე 3:4). რა ხდება, როდესაც ღმერთი ნახავს ისეთ გულს, რომელიც აღსავსეა მისადმი სიყვარულით, რომელიც ცდილობს ისწავლოს მის შესახებ და სხვებს გაუზიაროს ასეთი ცოდნა? მალაქიას 3:16-ში იეჰოვა გვამცნობს, რომ ის უსმენს მათ, ვინც მის შესახებ ლაპარაკობს სხვებთან და იეჰოვას აქვს „სამახსოვრო წიგნი“ ყველა მათთვის, „ვისაც ეშინია იეჰოვასი და ვინც ფიქრობს მისი სახელის შესახებ“ (აქ). ასეთი თვისებები ძვირფასია მის თვალში!
10, 11. ა) როგორ შეიძლება, ზოგიერთმა მხედველობაში არ მიიღოს ის მტკიცებები, რომ იჰოვა აფასებს კარგ თვისებებს? ბ) როგორ ცხადყოფს აბიას მაგალითი, რომ იეჰოვა აფასებს კარგ თვისებას, თუნდაც მცირე იყოს ის ადამიანში?
10 გული, რომელიც საკუთარ თავს სდებს მსჯავრს, შეიძლება შეეწინააღმდეგოს ღმერთის თვალში საკუთარი ფასის შესახებ მტკიცებებს. ის, შესაძლოა, დაჟინებით გვახსენებს: „უამრავი ადამიანია, რომლებიც ჩემთან შედარებით სამაგალითონი არიან თავიანთი თვისებებით. რამდენად იმედგაცრუებული იქნება იეჰოვა, როდესაც მათთან შემადარებს!“ მაგრამ იეჰოვა არასოდეს ადარებს ერთმანეთს თავის მსახურებს, ის არ არის სასტიკი და არც სასტიკი ნორმები აქვს (გალატელთა 6:4). ის ამას აკეთებს უდიდესი გამჭრიახობით, როდესაც კითხულობს გულებს და აფასებს თუნდაც მცირედ გამოვლენილ კარგ თვისებებს.
11 მაგალითად, როდესაც იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ მეფე იერობოამის განდგომილი დინასტია დაესაჯა, მიწის პირისაგან აღეგავა, როგორც ‘ნაგავი’, მან ბრძანა, რომ მეფის მხოლოდ ერთი ძე, აბია, დაემარხათ რიგიანად. რატომ? „მხოლოდ მასში აღმოჩნდა სიკეთე უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე“ (მესამე მეფეთა 14:10, 13). ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ აბია იყო იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი? როგორც ჩანს, არა, რადგან ის მოკვდა ისევე, როგორც მისი ოჯახის სხვა ბოროტი წევრები (მეორე რჯული 24:16). იეჰოვამ დააფასა „სიკეთე“, რომელიც დაინახა აბიას გულში და ამის შესაბამისად მოიქცა. „მათე ჰენრის კომენტარი მთელი ბიბლიისთვის“ (Matthew Henry’s Commentary on the Whole Bible) აღნიშნავს: „კარგი თვისების რაღაც მცირე გამოვლენაც რომ არსებობდეს, შეუმჩნეველი არ დარჩება: ღმერთი ეძებს მას და ხედავს, თუნდაც ძალიან მცირე იყოს და ხარობს ამით“. და არ დაგავიწყდეს, რომ ღმერთმა ძალიან მცირე სიკეთეც რომ იპოვოს შენს ხასიათში, მას შეუძლია გააძლიეროს ეს თვისებები შენში, სანამ ცდილობ, რომ ერთგულად ემსახურო მას.
12, 13. ა) როგორ გვიჩვენებს ფსალმუნის 138:3, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას? ბ) რა მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა „ცრის“ ჩვენს მოქმედებებს?
12 იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას. ფსალმუნის 138-ის 1–3 მუხლებში ნათქვამია: „უფალო, გამომცადე და შემიცანი. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე“. იეჰოვამ იცის ყოველი ჩვენი მოქმედება. მაგრამ ეს ცოდნა მხოლოდ ზედაპირული არ არის. ებრაული ფრაზის, „ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე“, მნიშვნელობა ასევე არის „ყველა ჩემი გზა მოაგროვე“ ან „ყველა ჩემი გზა შეინახე“ (შეადარე მათე 6:19, 20). როგორ არის შესაძლებელი, რომ იეჰოვა ‘ინახავს’ ჩვენს გზებს იმ დროს, როდესაც ჩვენ ასეთი არასრულყოფილები და ცოდვილები ვართ?
13 საინტერესოა, რომ ზოგიერთი სწავლულის აზრით, როდესაც დავითმა დაწერა, რომ იეჰოვამ ‘განსაზღვრა’ მისი გზები და დასვენების დრო, ებრაული სიტყვა ნიშნავს „გაცრას“ ან „განიავებას“. ერთ-ერთ კვლევით ნაშრომში ნათქვამია: „ეს ნიშნავს. . . ნამჯის განიავებას და ხორბლის დატოვებას იმისთვის, რომ შემოინახო საუკეთესო. ხოლო ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა სიმბოლურად გაცრა ის. . . მან განაცალკევა ნამჯა, ანუ ყველაფერი, რაც ფასეული არ იყო და დაინახა ის, რაც რეალური და არსებითია“. საკუთარ თავზე მსჯავრის დამდებმა გულმა, შესაძლოა, ჩვენი საქმეები სრულიად საწინააღმდეგოდ „გაცრას“, უმოწყალოდ გაგვლანძღოს წარსული შეცდომების გამო და ჩვენი საქმიანობა არარაობად მიიჩნიოს. მაგრამ იეჰოვა გვპატიობს ცოდვებს, თუ ჩვენ გულწრფელად ვინანიებთ და მთელ ძალისხმევას ვახმართ, რომ კვლავ არ გავიმეოროთ ჩვენი შეცდომები (ფსალმუნი 102:10–14; საქმეები 3:19). ის არჩევს და იმახსოვრებს ჩვენს კარგ საქმეებს. სინამდვილეში მას ახსოვს იმ დრომდე, სადამდეც ჩვენ ვრჩებით მისადმი ერთგული. მას უსამართლობად მიაჩნია ასეთი საქმეების დავიწყება, ის კი არასოდეს არ არის უსამართლო! (ებრაელთა 6:10).
14. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს მონაწილეობას ქრისტიანულ მსახურებაში?
14 რომელია ის ზოგიერთი კეთილი საქმე, რომელსაც იეჰოვა აფასებს? — ფაქტიურად ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რომ მივბაძოთ მის ძეს, იესო ქრისტეს (1 პეტრე 2:21). შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე არის ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გავრცელება. რომაელთა 10:15-ში ვკითხულობთ: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“ ამ დროს ჩვენ სულაც არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ფეხები „მშვენიერია“; ის სიტყვა, რომელიც პავლემ გამოიყენა, ასევე მოხსენიებულია ბერძნულ სეპტუაგინტაში, როდესაც აღწერილია რებეკა, რახელი და იოსები — სამი პიროვნება, რომელთა შესახებაც ბიბლია ლაპარაკობს, რომ მშვენიერები იყვნენ (დაბადება 26:7; 29:17; 39:6). ამგვარად, ღვთისადმი, იეჰოვასადმი, მსახურებაში ჩვენი ძალისხმევა ძალიან მშვენიერი და ძვირფასია მის თვალში (მათე 24:14; 28:19, 20).
15, 16. რატომ აფასებს იეჰოვა ჩვენს მოთმინებას და როგორ ამახვილებს ამაზე ყურადღებას დავითის სიტყვები ფსალმუნის 55:9–ში?
15 შემდეგი თვისება, რომელსაც იეჰოვა აფასებს, არის მოთმინება (მათე 24:13). გახსოვდეს, სატანას სურს, რომ ზურგი აქციო იეჰოვას. ყოველი დღე, როდესაც იეჰოვას ერთგული რჩები, არის კიდევ ერთი დღე იმისა, რომ შენ სატანის გესლიან დაცინვაზე გასაცემ პასუხს დაუჭირე მხარი (იგავნი 27:11). ზოგჯერ მოთმინება არ არის იოლი. ჯანმრთელობის პრობლემებმა, ფინანსებთან დაკავშირებულმა მწუხარებამ, ემოციურმა სტრესმა და სხვა დაბრკოლებებმა შეიძლება, ყოველი დღე განსაცდელად აქციოს. მოთმინება ასეთი გამოცდების წინაშე განსაკუთრებით ძვირფასია იეჰოვას თვალში. ამიტომაც სთხოვდა დავითი იეჰოვას, რომ სიმბოლურ „ჭურჭელში“ მოეთავსებინა მისი ცრემლები და ნდობით აღვსილი ეკითხებოდა: ‘ხომ შენს წიგნშია ისინი?’ (ფსალმუნი 55:9, აქ). დიახ, იეჰოვა „აგროვებს“, მას ახსოვს ცრემლები და ის ტანჯვა, რომელსაც ვუძლებთ, რომ მისი ერთგულები დავრჩეთ. ჩვენი ცრემლები და ტანჯვა ძალიან, ძალიან ძვირფასია მისთვის!
16 რადგან იეჰოვა ხედავს ჩვენს მშვენიერ თვისებებსა და ძალისხმევას, გასაგებია, რომ ის ბევრ დასაფასებელს პოულობს თითოეულ ჩვენგანში! არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ სატანის ქვეყნიერებისგან როგორ გამოვიცადეთ, იეჰოვასთვის ყველა მშვენიერი ვართ და ‘ყოველი ერიდან სასურველს’ წარმოვადგენთ (ანგია 2:7, აქ).
რა გააკეთა იეჰოვამ, რომ გამოევლინა სიყვარული
17. რატომ უნდა დაგვარწმუნოს იესოს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა, რომ იეჰოვასა და იესოს ვუყვარვართ, როგორც ინდივიდუალური პირები?
17 მესამე, იეჰოვა ძალიან ბევრს აკეთებს, რომ სიყვარული დაგვიმტკიცოს. უეჭველია, ქრისტეს მიერ გაღებული გამომსყიდველური მსხვერპლი ყველაზე ძლიერი პასუხია სატანის ტყუილზე, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ არარაობა ვართ და არავის ვუყვარვართ. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესოს მოწამებრივი სიკვდილი წამების ძელზე და თვით იეჰოვას უდიდესი ტანჯვა, როდესაც თავისი საყვარელი ძის სიკვდილს უყურებდა, ჩვენდამი მათი სიყვარულის მტკიცებაა. უფრო მეტიც, ეს სიყვარული თითოეულ ჩვენგანს პირადად ეხება. აი, როგორი თვალსაზრისი ჰქონდა პავლეს, ის წერდა: ‘ღვთის ძემ. . . შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის’ (გალატელთა 2:20).
18. რა მნიშვნელობით გვიზიდავს იეჰოვა ქრისტესკენ?
18 იეჰოვამ ჩვენს მიმართ თავისი სიყვარული დაამტკიცა იმითაც, რომ თითოეულ ჩვენგანს ეხმარება, ისარგებლოს ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლით. იოანეს 6:44-ში იესომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“. სამქადაგებლო საქმიანობით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება, ასევე სულიწმიდის მეშვეობით, რომელსაც იეჰოვა იყენებს ჩვენს დასახმარებლად, რომ ჩავწვდეთ და გამოვიყენოთ სულიერი ჭეშმარიტება ჩვენი შეზღუდვებისა და არასრულყოფილების მიუხედავად, იეჰოვა პირადად გვიზიდავს თავისი ძისა და მარადიული სიცოცხლის იმედისკენ. ამიტომაც იეჰოვას შეუძლია გვითხრას იგივე სიტყვები, რომლებიც ისრაელს უთხრა: „სამარადისო სიყვარულით შეგიყვარე, ამიტომაც მადლი შეგინახე“ (იერემია 31:2).
19. ლოცვის უპირატესობამ რატომ უნდა დაგვარწმუნოს, რომ იეჰოვას თითოეული ჩვენგანი უყვარს?
19 შესაძლოა, იმ უპირატესობით, რომელიცაა ლოცვა, ყველაზე უფრო მეტად ვგრძნობთ იეჰოვასგან სიყვარულს. ის გვიწვევს თითოეულ ჩვენგანს, რომ ‘ვილოცოთ განუწყვეტლივ’ (1 თესალონიკელთა 5:17). ის გვისმენს! მას ‘ლოცვების მომსმენიც’ ეწოდება (ფსალმუნი 64:2). ლოცვების მოსმენა მას სხვა არც ერთი პიროვნებისთვის, თვით საკუთარი ძისთვისაც კი არ მიუნდვია. დაფიქრდი: სამყაროს შემოქმედი მოგვიწოდებს, რომ ლოცვით თავისუფლად მივუახლოვდეთ მას. შენი თხოვნა-ვედრებით, შესაძლოა, იეჰოვამ გააკეთოს ის, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში არ გააკეთებდა (ებრაელთა 4:16; იაკობი 5:16; იხილე ესაია 38:1–16).
20. რატომ არ არის ღვთის სიყვარული საკუთარი თავის გამართლების საბაბი, ჩვენი მხრიდან თავდაჯერებულობისა და ეგოიზმის გამომჟღავნების შემთხვევაში?
20 გაუწონასწორებელი ქრისტიანი ღვთისაგან უდიდესი სიყვარულისა და დაფასების ასეთ მტკიცებებს გამოიყენებს იმისთვის, რომ საკუთარ თავზე უფრო დიდი წარმოდგენა ჰქონდეს, ვიდრე სინამდვილეშია. პავლე წერდა: „ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს“ (რომაელთა 12:3). ამგვარად, რადგან ვტკბებით ჩვენი ზეციერი მამის გულთბილი სიყვარულით, დაე, ვიყოთ საღად მოაზროვნეები და გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარულით აღსავსე სიკეთე დაუმსახურებლად გამოვლინდა ჩვენს მიმართ (შეადარე ლუკა 17:10).
21. რომელ სატანურ ტყუილებს უნდა შევეწინააღმდეგოთ განუწყვეტლივ და რომელ ღვთიურ ჭეშმარიტებაზე უნდა ვიფიქროთ?
21 დაე, ყოველმა ჩვენგანმა რაც კი ძალა შესწევს გააკეთოს ყველაფერი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ყოველ იდეას, რომლის განვითარებასაც ხელს უწყობს სატანა ამ მომაკვდავ ძველ ქვეყნიერებაში. ეს ასევე შეეხება ისეთი ფიქრების უარყოფას, როგორიცაა საკუთარი თავის არარაობად მიჩნევა — ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს არავის უყვარხარ. თუ ამ სისტემაში ცხოვრებამ გასწავლა, რომ საკუთარი თავი ჩათვალო ისეთ საშინელ დაბრკოლებად, რომელსაც თვით ღვთის მიერ გამომჟღავნებული უდიდესი სიყვარულიც კი ვერ სძლევს ან შენს მიერ შესრულებული კეთილი საქმეები არარაობა გგონია იეჰოვას თვალში, რომელიც ყოველივეს ამჩნევს, ან კიდევ შენი ცოდვები იმდენად მძიმე გეჩვენება, რომ ფიქრობ იესოს ძვირფასი გამომსყიდველური მსხვერპლიც კი ვერ დაფარავს — მაშინ ტყუილი გისწავლია. წინააღმდეგობა გაუწიე ასეთ ტყუილებს, ისინი დიდ ზიზღს იმსახურებენ! დაე, ყოველთვის გვახსოვდეს პავლე მოციქულის მიერ ინსპირაციით დაწერილი სიტყვები რომაელთა 8:38, 39-ში: „და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“.
[სქოლიოები]
a ფაქტიურად, ისინი უარყოფდნენ ღარიბ ხალხს დამცინავი გამოთქმით: „ʽამ-ჰა·აʹრეც“, ანუ „მიწის ხალხი“. ერთ-ერთი მეცნიერის სიტყვების თანახმად, ისინი ფიქრობდნენ, რომ არცერთმა ფარისეველმა არ უნდა ანდოს მათ ძვირფასეულობა, არც მათ მოწმობას უნდა ენდონ, არც სტუმრად უნდა მიიღონ ისინი, არც თავად უნდა ეწვიონ და არც არაფერი უნდა იყიდონ მათგან. რელიგიის ხელმძღვანელების აზრით, რომელიმე მათგანისთვის თავიანთი ქალიშვილის მითხოვება იგივე იქნებოდა, რომ ის, უმწეო და შებოჭილი, მიგეგდო მხეცისთვის.
რას ფიქრობ შენ?
◻ რატომ ცდილობს სატანა დაგვარწმუნოს, რომ არარაობას წარმოვადგენთ და არავის ვუყვარვართ?
◻ როგორ გვასწავლიდა იესო, რომ იეჰოვა აფასებს თითოეულ ჩვენგანს?
◻ საიდან ვიცით, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს კარგ თვისებებს?
◻ როგორ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვასთვის ძვირფასია ჩვენი ძალისხმევა?
◻ როგორ დაამტკიცა იეჰოვამ თავისი სიყვარული ჩვენს მიმართ, როგორც ცალკეული პიროვნებებისადმი?
[სურათი მე-13 გვერდზე]
იეჰოვა ამჩნევს და იხსენებს ყველას, ვინც ფიქრობს მის სახელზე.