ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 42
ხართ მორჩილი?
„შენი მორჩილების სურვილი აღმიძარი გულში“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 51:12).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 101 მხარდამხარ ვთანამშრომლობთ
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რატომ გვიჭირს მორჩილება?
ᲤᲐᲥᲢᲘᲐ, დროდადრო ყველას გვიჭირს მორჩილება. ამ მხრივ არც მეფე დავითი იყო გამონაკლისი. არადა მას ძალიან უყვარდა იეჰოვა. ის ღმერთს ევედრებოდა: „შენი მორჩილების სურვილი აღმიძარი გულში“ (ფსალმ. 51:12). რატომ გვიჭირს მორჩილების გამოვლენა? პირველ რიგში იმიტომ, რომ ურჩობისკენ მიდრეკილება მემკვიდრეობით მივიღეთ; მეორე, სატანა გამუდმებით გვიბიძგებს დაუმორჩილებლობისკენ (2 კორ. 11:3); და მესამე, ისეთი ხალხის გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება, რომელსაც იმ სულის მთავარი მართავს, „ახლა ურჩობის ძეებში [რომ] მოქმედებს“ (ეფეს. 2:2). ამიტომ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ როგორც ჩვენს ცოდვილ ბუნებას, ისე სატანასა და მის ქვეყნიერებას. გარდა ამისა, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, დავემორჩილოთ იეჰოვას და უფლებამოსილ პირებს.
2. რა შემთხვევაში ვიქნებით ბრძენი? (იაკობი 3:17).
2 წაიკითხეთ იაკობის 3:17. იაკობმა ღვთივშთაგონებით დაწერა, რომ ბრძენი ადამიანი მორჩილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, დავემორჩილოთ მათ, ვისაც იეჰოვამ გარკვეული უფლებამოსილება უბოძა. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ჩვენგან მათ მორჩილებას არ მოელის, ვინც მისი ნორმების დარღვევისკენ გვიბიძგებს (საქ. 4:18—20).
3. რატომ მოელის იეჰოვა ჩვენგან უფლებამოსილი პირების მორჩილებას?
3 როცა საქმე იეჰოვას მორჩილებას ეხება, ეს შეიძლება ჩვენთვის არც ისე რთული აღმოჩნდეს, რადგან სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი კანონები სრულყოფილია (ფსალმ. 19:7). თუმცა იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ადამიანებზე. ისინი, ვისაც იეჰოვამ გარკვეული უფლებამოსილება უბოძა, მაგალითად, მშობლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და უხუცესები, არასრულყოფილები არიან (იგავ. 6:20; 1 თეს. 5:12; 1 პეტ. 2:13, 14). მაგრამ მათი მორჩილება იეჰოვას მორჩილებაში ჩაგვეთვლება. მოდი ვიმსჯელოთ, რა დაგვეხმარება მაშინაც გამოვავლინოთ მორჩილება, როცა ეს არც ისე იოლია.
ᲓᲐᲔᲛᲝᲠᲩᲘᲚᲔᲗ ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲡ
4. რატომ არ ემორჩილება მშობელს ზოგი ახალგაზრდა?
4 იეჰოვა შვილებისგან მშობლების მორჩილებას მოელის (2 ტიმ. 3:1, 2). მის სიტყვაში ვკითხულობთ: „ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფლის ნებისამებრ, რადგან ასეა სწორი“ (ეფეს. 6:1). თუმცა ასე მოქცევა ნამდვილად არ არის იოლი. დღეს ახალგაზრდებს ისეთი თანატოლების გარემოცვაში უწევთ ყოფნა, რომლებიც არ ემორჩილებიან მშობლებს. ზოგი თავს იმით იმართლებს, რომ მათი მშობლები თვალთმაქცები არიან, რადგან მათგან იმის გაკეთებას მოელიან, რასაც თავად არ აკეთებენ. ზოგის აზრით კი, ისინი დროს ჩამორჩნენ და ზედმეტ სიმკაცრეს იჩენენ. ახალგაზრდებო, თუ თქვენც ასე ფიქრობთ, ქვემოთ განხილული რჩევები დიდ დახმარებას გაგიწევთ.
5. მშობლების მორჩილების რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ? (ლუკა 2:46—52).
5 მშობლებისადმი მორჩილების საუკეთესო მაგალითი იესომ დაგვიტოვა (1 პეტ. 2:21—24). სრულყოფილ იესოს არასრულყოფილი მშობლები ზრდიდნენ. შესაბამისად, ისინი შეცდომებსაც უშვებდნენ და ზოგჯერ არასწორად აფასებდნენ მის საქციელს. თუმცა იესო ყოველთვის პატივისცემით ექცეოდა მათ (გამ. 20:12). მოდი გავიხსენოთ, რა შეემთხვა 12 წლის იესოს (წაიკითხეთ ლუკას 2:46—52). როცა იოსები და მარიამი თავიანთ შვილებთან ერთად დღესასწაულზე იერუსალიმში იყვნენ ჩასულები, უკან ისე გამობრუნდნენ, რომ არ შეუმოწმებიათ, იესო მათ გვერდით იყო თუ არა. მართალია, ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ როცა ის იპოვეს, იქით დასდეს ბრალი, ეს რა გვიყავიო. იესო ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ სიტყვებს, თუმცა პატივისცემით უპასუხა მათ. იოსები და მარიამი ვერც იესოს პასუხს ჩასწვდნენ. და მაინც, ის „კვლავაც უჯერებდა მათ“.
6, 7. რა გაგიადვილებთ მშობლების მორჩილებას?
6 ახალგაზრდებო, ხომ არ გიჭირთ მშობლების მორჩილება მაშინ, როცა ისინი შეცდომებს უშვებენ ან ბოლომდე არ ესმით თქვენი? ვნახოთ, რა დაგეხმარებათ ასეთ დროს. პირველი იმაზე დაფიქრებაა, რომ მორჩილებით იეჰოვას ვუხარებთ გულს. ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მშობლების მორჩილება „მოსაწონია უფლისთვის“ (კოლ. 3:20). ის განსაკუთრებით იმას აფასებს, რომ მაშინაც ემორჩილებით მშობლებს, როცა ისინი ვერ გიგებენ ან მათი დადგენილი წესები მთლად გონივრული არ არის.
7 მეორე, იმაზეც დაფიქრდით, რომ მორჩილებით მშობლებსაც ახარებთ და მათ ნდობასაც იმსახურებთ (იგავ. 23:22—25). ეს თქვენ შორის მეგობრულ კვანძებსაც განამტკიცებს. ბელგიაში მცხოვრები ერთი ძმა ალეგზანდერი ამბობს: „მშობლებთან ჩემი ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, უფრო დამჯერი შვილი ვყოფილიყავი. ახლა ბევრად უფრო ახლო ურთიერთობა გვაქვს“.b მესამე, გახსოვდეთ, თუ დღესვე მორჩილები იქნებით, არც მომავალში გაგიჭირდებათ ასე მოქცევა. ერთი ბრაზილიელი ახალგაზრდა პაულო ამბობს: „მშობლების მორჩილებამ იეჰოვასა და სხვა უფლებამოსილი პირების მორჩილება გამიადვილა“. ახალგაზრდებო, მორჩილება ნამდვილად დაგიფასდებათ, რადგან ბიბლია გპირდებათ: „მოგემართება ხელი და დღეგრძელი იქნები დედამიწაზე“ (ეფეს. 6:2, 3).
8. რა დასკვნამდე მივიდა ბევრი ახალგაზრდა?
8 ბევრი ახალგაზრდა დარწმუნდა ეფესოელების მე-6 თავში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში. მოვიყვანოთ ბრაზილიაში მცხოვრები ერთი ახალგაზრდის, ლუიზას, მაგალითი. მის თითქმის ყველა თანატოლს მობილური ტელეფონი ჰქონდა, მას კი არა. თავიდან ის ვერ ხვდებოდა, რატომ არ აძლევდნენ მშობლები ტელეფონის ქონის უფლებას, მაგრამ მოგვიანებით გაიაზრა, რომ ამან ბევრი რამისგან დაიცვა. ის ამბობს: „მშობლების მითითებები ბორკილებივით კი არა, უსაფრთხოების ღვედივითაა“. კიდევ ერთი ახალგაზრდა, სახელად ელიზაბეთი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, გულწრფელად აღიარებს, რომ დროდადრო დღესაც უჭირს მშობლების მორჩილება. ის ამბობს: „როცა ბოლომდე არ მესმის, თუ რატომ მიდგენენ მშობლები ამა თუ იმ წესს, ვცდილობ, გავიხსენო ის მომენტები, როცა მათმა მორჩილებამ დამიცვა“. ამ აზრს ეთანხმება სომხეთში მცხოვრები ერთი და მონიკაც. ის საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, რომ როცა მშობლებს უგონებდა და თავისი ჭკუით არ მოქმედებდა, ბევრად უკეთ მისდიოდა საქმე.
ᲓᲐᲔᲛᲝᲠᲩᲘᲚᲔᲗ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ
9. რას ფიქრობს ზოგი კანონმორჩილებაზე?
9 თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია, გვყავდეს ხელისუფლება და ზოგიერთ კანონს მაინც დავემორჩილოთ (რომ. 13:1). თუმცა ისინი შეიძლება არ დაემორჩილონ ისეთ კანონებს, რომლებიც უსამართლო ან ზედმეტად მკაცრი ეჩვენებათ. მაგალითად, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გამოკითხულთა 25 პროცენტმა გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ გადასახადს უკანონოდ მიიჩნევ, ვალდებული არ ხარ, გადაიხადო. რა გასაკვირია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გადასახადების მხოლოდ 65 პროცენტს იხდიან.
10. რატომ ვემორჩილებით კანონს მაშინაც კი, როცა მისი დაცვა გვერთულება?
10 კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებებს სატანა მართავს და ისინი ხშირად ჩაგრავენ მოქალაქეებს. თანაც მათ მალე ბოლო მოეღებათ. თუმცა ისიც გვესმის, რომ „ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ღვთიური წესრიგის წინააღმდეგ მიდის“ (ფსალმ. 110:5, 6; ეკლ. 8:9; ლუკ. 4:5, 6; რომ. 13:1—7). იეჰოვამ რაღაც დროით ხელისუფლებებს ჩააბარა წესრიგის დამყარების უფლებამოსილება და მოელის, რომ მათ იმას მივცემთ, რაც კანონიერად ეკუთვნით. ეს იმას ნიშნავს, რომ პატივი უნდა ვცეთ მათ, გადავიხადოთ გადასახადები და მაშინაც კი დავემორჩილოთ, თუ ზოგიერთი კანონი უსამართლო მოგვეჩვენება, მათი დაცვა რთული იქნება ან ფინანსურად დაგვაზარალებს. დიახ, იეჰოვა მოელის, რომ ყოველთვის დავემორჩილებით ხელისუფლებას, გარდა ერთი შემთხვევისა — როცა ის ჩვენგან ღვთის კანონის დარღვევას მოითხოვს (საქ. 5:29).
11, 12. ა) როგორ მოიქცნენ იოსები და მარიამი, როცა მათი მორჩილება გამოიცადა? (ლუკა 2:1—6; იხილეთ აგრეთვე სურათები); ბ) როგორ დაუფასა იეჰოვამ მათ მორჩილება?
11 იოსებმა და მარიამმა ხელისუფლების მორჩილების კარგი მაგალითი დაგვიტოვეს. როცა რომის იმპერატორმა, ავგუსტუსმა, მოსახლეობის აღრიცხვა ბრძანა, მათი მორჩილება გამოიცადა (წაიკითხეთ ლუკას 2:1—6). ამ მოთხოვნის შესასრულებლად ისინი ბეთლემში უნდა ჩასულიყვნენ, რისთვისაც 150-კილომეტრიანი გზა უნდა გაევლოთ მთიან მხარეში. არადა მარიამს დღე-დღეზე უნდა ემშობიარა. ვინ იცის, გზად რა ელოდათ? ვაითუ მარიამს გზაში მშობიარობა დასწყებოდა? ის ხომ ჩვეულებრივ ბავშვს კი არა, მესიას ატარებდა მუცლით. იქნებოდა ეს საპატიო მიზეზი, რომ არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლების მოთხოვნას?
12 ყველაფრის მიუხედავად იოსები და მარიამი დაემორჩილნენ კეისრის დადგენილებას. ისინი უსაფრთხოდ ჩავიდნენ ბეთლემში, სადაც მარიამმა, ბიბლიური წინასწარმეტყველებისამებრ, მესია შვა (მიქ. 5:2). აშკარა იყო, რომ იეჰოვამ დაუფასა მათ მორჩილება.
13. რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად ჩვენს მორჩილებას?
13 თუ კანონმორჩილი მოქალაქეები ვიქნებით, ერთი მხრივ, თავიდან ავირიდებთ კანონდამრღვევთათვის დაწესებულ სასჯელს, მეორე მხრივ კი, ხელს შევუწყობთ იმას, რომ იეჰოვას მოწმეები კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ საზოგადოებაში (რომ. 13:4). მაგალითად, გავიხსენოთ ერთი შემთხვევა, რომელიც წლების წინ ნიგერიაში მოხდა. ერთ დღეს კრების შეხვედრის დროს დარბაზში ჯარისკაცები შეცვივდნენ. ისინი მათ ეძებდნენ, ვინც გადასახადების გადახდას აპროტესტებდა. თუმცა მეთაურმა ჯარისკაცებს უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეებს შორის ტყუილად ეძებდნენ ასეთ ხალხს. მართლაც, კანონმორჩილებით სხვებს კარგ შთაბეჭდილებას ვუქმნით მოწმეებზე, რამაც შეიძლება ერთ დღეს ჩვენს და-ძმებს პრობლემები აარიდოს თავიდან (მათ. 5:16).
14. რა დაეხმარა ჯოანას ხელისუფლებისადმი მორჩილებაში?
14 ფაქტია, ყოველთვის ადვილი არაა ხელისუფლების მორჩილება. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და, ჯოანა, ასეთ რამეს ამბობს: „ჩემი ოჯახი არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი, რის გამოც ძალიან მიჭირდა უფლებამოსილი პირების მორჩილება“. თუმცა ჯოანა მიხვდა, რომ მიზანმიმართულად უნდა ემუშავა საკუთარ თავზე. პირველ რიგში, მან შეწყვიტა სოციალურ მედიაში კრიტიკული პოსტების კითხვა (იგავ. 20:3). ის იეჰოვასაც სთხოვდა დახმარებას, რომ მისდამი ნდობა განემტკიცებინა, და ჩვენს პუბლიკაციებშიც იკვლევდა ნეიტრალიტეტის საკითხს (ფსალმ. 9:9, 10; იოან. 17:16). ახლა ჯოანას აღარ უჭირს ხელისუფლების მიმართ პატივისცემისა და მორჩილების გამოვლენა და თავსაც მშვიდად გრძნობს.
ᲛᲘᲰᲧᲔᲕᲘᲗ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡᲒᲐᲜ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚ ᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝᲑᲐᲡ
15. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს ორგანიზაციისგან მიღებული მითითებების მიყოლა?
15 იეჰოვა ჩვენგან მათ მორჩილებასაც მოითხოვს, ვისაც ქრისტიანულ კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:17). თუმცა ეს შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს. მართალია, ჩვენი წინამძღოლი, იესო, სრულყოფილია, მაგრამ მან ჩვენთვის ხელმძღვანელობის გასაწევად არასრულყოფილი ადამიანები დანიშნა. ზოგჯერ მორჩილება შეიძლება იმიტომაც გაგვიჭირდეს, რომ არ ვეთანხმებით მათგან მიღებულ მითითებებს. სწორედ ასე მოხდა მოციქული პეტრეს შემთხვევაშიც. ერთხელ, როცა ანგელოზმა უთხრა, რომ უწმინდური ცხოველების ხორცი ეჭამა, მან ერთხელ კი არა, სამჯერ იუარა (საქ. 10:9—16). რატომ ჰქონდა პეტრეს ასეთი მძაფრი რეაქცია? ის ვერ ჩასწვდა ამ მითითების არსს. მას ხომ მსგავსი რამ არასდროს გაეკეთებინა. დაფიქრდით, თუკი პეტრეს გაუჭირდა ანგელოზისგან მიღებული მითითების მიყოლა, რა გასაკვირია, რომ ჩვენც გაგვიჭირდეს მათი მორჩილება, ვინც ხელმძღვანელობას გვიწევს. ისინი ხომ ანგელოზებისგან განსხვავებით არასრულყოფილები არიან.
16. რა მითითება მიიღო პავლემ და როგორ მოიქცა? (საქმეები 21:23, 24, 26).
16 ერთხელ მოციქულმა პავლემაც მიიღო ხელმძღვანელი ძმებისგან ისეთი მითითება, რომელიც შეიძლება მთლად გონივრული არ მოსჩვენებოდა. ებრაელ ქრისტიანებში ხმა დაირხა, რომ პავლე პატივს არ სცემდა მოსეს კანონს და სხვებსაც მოუწოდებდა, აღარ დაეცვათ ის. ამიტომ იერუსალიმში მცხოვრებმა უხუცესებმა მას მითითება მისცეს, ოთხი კაცი ტაძარში წაეყვანა და განწმენდის წესი შეესრულებინა (საქ. 21:21). პავლემ იცოდა, რომ არასწორად არ იქცეოდა, რადგან ქრისტიანებს აღარ მოეთხოვებოდათ მოსეს კანონის დაცვა. მიუხედავად ამისა, უყოყმანოდ გაითვალისწინა მიღებული მითითება და მეორე დღესვე წაიყვანა ის ოთხი კაცი განწმენდის წესის შესასრულებლად (წაიკითხეთ საქმეების 21:23, 24, 26). რა კარგია, რომ პავლე დაემორჩილა ხელმძღვანელ ძმებს და, ამგვარად, ქრისტიანებს შორის ერთობასაც შეუწყო ხელი (რომ. 14:19, 21).
17. რა გასწავლათ სტეფანის შემთხვევამ?
17 ერთი დისთვის, სტეფანისთვის, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად უცხოენოვან ჯგუფში მსახურობდა, ერთხელ საკმაოდ რთული აღმოჩნდა მორჩილების გამოვლენა. ფილიალის გადაწყვეტილებით მათმა ჯგუფმა ფუნქციონირება შეწყვიტა და ისინი მშობლიურენოვან კრებაში დააბრუნეს. სტეფანი იხსენებს: „ვერაფრით ვიჯერებდი, რომ იქ უფრო დიდი მოთხოვნილება იყო, ვიდრე უცხოენოვან ტერიტორიაზე. ძალიან უკმაყოფილო ვიყავი“. ამის მიუხედავად მან მხარი დაუჭირა ძმების გადაწყვეტილებას. ის ამბობს: „დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ძმებმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს. კრებაში გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთა ოჯახის წევრებიც არ იზიარებენ მათ მრწამსს. გვიხარია, რომ მათ ჩვენი სახით შეიძინეს სულიერი მშობლები. ერთ დასაც ვასწავლი, რომელიც რაღაც პერიოდი არააქტიური იყო, თანაც პირადი შესწავლისთვისაც მეტი დრო მრჩება. მიხარია, რომ მხარი დავუჭირე ძმების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და სუფთა სინდისი მაქვს“.
18. როგორ დაგვიფასდება მორჩილება?
18 მორჩილებას სწავლა სჭირდება. ეს ასე იყო იესოს შემთხვევაშიც, რომელმაც „მორჩილება იმით ისწავლა, რაც გადაიტანა“ (ებრ. 5:8). ხშირ შემთხვევაში ჩვენც რთულ სიტუაციებში უფრო ვხედავთ მორჩილების ფასს. ხომ არ გაგიჭირდათ პანდემიის დასაწყისში ხელმძღვანელობის მიყოლა? მაგალითად, როცა ძმებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში აღარ შევკრებილიყავით დარბაზებში და აღარ გვემსახურა კარდაკარ. და მაინც, თქვენ მიჰყევით ხელმძღვანელობას და ასეთი სახით ერთობასაც შეუწყვეთ ხელი და იეჰოვასაც გაუხარეთ გული. ახლა თითოეული ჩვენგანი უფრო მეტად ვართ მზად, რომ დავემორჩილოთ იმ მითითებებს, რომელთაც „დიდი გასაჭირის“ დროს მივიღებთ. გვესმის, რომ იმ დროს სწორედ მორჩილებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე (იობ. 36:11).
19. რატომ გსურთ მორჩილების გამოვლენა?
19 როგორც დავინახეთ, მორჩილება ჩვენთვისვეა კარგი. თუმცა უპირველესად იეჰოვას მორჩილებისკენ მისადმი სიყვარული გვიბიძგებს (1 იოან. 5:3). ფაქტია, ჩვენ ვერასდროს გადავუხდით იეჰოვას იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გაუკეთებია (ფსალმ. 116:12). მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, რომ დავემორჩილოთ როგორც მას, ისე იმ ადამიანებს, რომლებსაც მან გარკვეული უფლებამოსილება უბოძა. ვინც მორჩილებას ავლენს, ბრძნულად იქცევა, ბრძენი კი გულს უხარებს იეჰოვას (იგავ. 27:11).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 89 უსმინეთ, იყავით მორჩილნი და მიიღეთ კურთხევები
a დროდადრო ყველას გვიჭირს მორჩილება. ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ უნდა დავემორჩილოთ უფლებამოსილ პირებს — მშობლებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძმებს, რომელთაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ.
b თუ გიჭირთ ოჯახში დადგენილი ზოგიერთი წესის დაცვა, გაეცანით jw.org-ზე სტატიას „როგორ ვესაუბრო მშობლებს მათ მიერ დადგენილ წესებზე?“.
c ᲡᲣᲠᲐᲗᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: იოსები და მარიამი, კეისრის დადგენილებისამებრ, ბეთლემში მიდიან აღსაწერად. დღეს ქრისტიანები იცავენ საგზაო წესებს, საგადასახადო კანონებს და მიჰყვებიან ჯანდაცვის რეგულაციებს.