თავი 82
იესო პერეაში მსახურობს
ვიწრო კარში შესასვლელად ადამიანმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს
იესო იერუსალიმში უნდა მოკვდეს
იესო უკვე რამდენიმე ხანია, რაც ხალხს იუდეასა და იერუსალიმში ასწავლის, ის ავადმყოფებსაც კურნავს. ამის შემდეგ იგი მდინარე იორდანეს გაღმა გადადის და პერეას ქალაქებში ქადაგებს. თუმცა მალე ის ისევ იერუსალიმში ბრუნდება.
პერეაში ყოფნის დროს ერთი კაცი ეკითხება: „უფალო, ცოტანი გადარჩებიან?“. ამ კაცმა, ეტყობა, იცის, რომ ამ საკითხზე ფარისევლებსა და კანონის მცოდნეებს კამათი მოუვიდათ იესოსთან. იესო ცვლის თემას და ნაცვლად იმისა, რომ იმაზე ისაუბროს, თუ რამდენი გადარჩება, ყურადღებას ამახვილებს, რა არის საჭირო გადარჩენისთვის: „ძალ-ღონე არ დაიშუროთ ვიწრო კარში შესასვლელად“. დიახ, ამისთვის ძალისხმევა, ბრძოლაა საჭირო. იესო ხსნის: „გეუბნებით: ბევრი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შევლენ“ (ლუკა 13:23, 24).
იმის ხაზგასასმელად, რომ ვიწრო კარში შესასვლელად დიდი ძალისხმევაა საჭირო, იესოს ასეთი მაგალითი მოჰყავს: «როცა სახლის პატრონი ადგება და კარს ჩაკეტავს, მაშინ თქვენ გარეთ იდგებით, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: „ბატონო, გაგვიღე!“ . . . ის კი გეტყვით: „არ ვიცი, ვინა ხართ. გამშორდით, უმართლობის მოქმედნო!“» (ლუკა 13:25—27).
ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, თუ რა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება ის, ვინც დააგვიანებს მისვლას, ანუ იმ დროს მივა, როცა მისთვისაა ხელსაყრელი; ასეთ კაცს კარი უკვე ჩაკეტილი დახვდება. იგი უფრო ადრე უნდა მისულიყო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ იყო მისთვის ხელსაყრელი დრო. ასეთი კაცი შეგვიძლია ბევრ ისეთ ადამიანს შევადაროთ, ვისაც შეეძლო მათთან მისული იესოსთვის მოესმინა და ესწავლა მისგან. მათ არ დაუთმეს მთავარი ადგილი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას თავიანთ ცხოვრებაში. იმ ხალხის უმეტესობამ, ვისთვისაც იესო მოვიდა დედამიწაზე, უარყო ის და არ ისურვა ღვთისგან ხსნის მიღება. ამიტომ იესო ამბობს, რომ როცა ისინი გარეთ გადაიყრებიან, მოჰყვებიან „ტირილსა და კბილთა ღრჭენას“. მაგრამ ხალხი ყველა ერიდან — „აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან“ სუფრასთან იქნება „მიწვეული ღვთის სამეფოში“ (ლუკა 13:28, 29).
იესო ხსნის: „ბოლოები [არაიუდეველები და ჩაგრული იუდეველები] პირველები იქნებიან და პირველები [იუდეველები, რომლებიც რელიგიურ წრეებში დიდად პატივდებულნი არიან და რომლებიც ამაყობენ, რომ აბრაამის შთამომავლები არიან] — ბოლოები“ (ლუკა 13:30). ეს უმადური იუდეველები იმ გაგებით იქნებიან „ბოლოები“, რომ ვერასდროს დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
ახლა ზოგი ფარისეველი მიდის იესოსთან და ურჩევს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, ჰეროდე [ანტიპა] მოკვლას გიპირებს“. როგორც ჩანს, ამ ჭორის გავრცელებას თავად მეფე ჰეროდემ შეუწყო ხელი, რადგან სურს, რომ იესომ დატოვოს იქაურობა. იგი, ეტყობა, შიშობს, კიდევ ერთი წინასწარმეტყველის სისხლში არ გაისვაროს ხელი, როგორც ეს იოანე ნათლისმცემლის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ იესო ფარისევლებს ეუბნება: „წადით და უთხარით იმ მელას: დღეს და ხვალ დემონებს ვდევნი და ავადმყოფებს ვკურნავ, მესამე დღეს კი დავასრულებ“ (ლუკა 13:31, 32). იესო, როგორც ჩანს, ჰეროდეს მელას იმიტომ უწოდებს, რომ ის მელასავით ცბიერია. თუმცა იესო არც ჰეროდეს და არც სხვა ვინმეს არ მისცემს იმის უფლებას, რომ თავის ჭკუაზე ატარონ. ის მხოლოდ იმას გააკეთებს, რაც მამამ დაავალა და მხოლოდ მისი, და არა რომელიმე ადამიანის, ნებისამებრ იმოქმედებს.
იესო ახლა გეზს იერუსალიმისკენ იღებს, რადგან, როგორც თავად ამბობს, „დაუშვებელია წინასწარმეტყველის დაღუპვა იერუსალიმის გარეთ“ (ლუკა 13:33). ბიბლიის არც ერთ წინასწარმეტყველებაში არ არის ნათქვამი, რომ მესია იერუსალიმში უნდა მოკვდეს. მაშ, რატომ ამბობს იესო ამ სიტყვებს? მიზეზი ის არის, რომ სწორედ ამ მთავარ ქალაქშია განთავსებული 71 წევრისგან შემდგარი ებრაელთა უზენაესი სასამართლო, სინედრიონი, სადაც მათ საქმეებს განიხილავენ, რომელთაც ბრალი ედებათ იმაში, რომ თვითმარქვია წინასწარმეტყველები არიან. უფრო მეტიც, სწორედ იერუსალიმში სწირავენ ცხოველურ შესაწირავს. ამგვარად იესო ხვდება, რომ დაუშვებელია, იგი სხვა ადგილას მოკვდეს.
იესო ასეთი სიტყვებით დასტირის იერუსალიმს: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო, რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ! აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (ლუკა 13:34, 35). ისრაელი ერი უარყოფს ღვთის ძეს და შედეგებსაც აუცილებლად იწვნევს!
იერუსალიმში ჩასვლამდე იესოს ფარისევლების ერთ-ერთი უფროსი შაბათ დღეს სადილად ეპატიჟება. იქ მიწვეულები უთვალთვალებენ მას, რადგან აინტერესებთ, განკურნავს თუ არა იქ მყოფ წყალმანკით (შრატისებური სითხის ჩადგომა სხეულის რომელიმე ნაწილში, ხშირ შემთხვევაში ქვემო კიდურებში) დაავადებულ კაცს. იესო ფარისევლებსა და კანონის მცოდნეებს კითხვით მიმართავს: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“ (ლუკა 14:3).
ამ კითხვაზე სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. იესო კაცს კურნავს და კვლავ მიმართავს მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ შაბათს შვილი ან ხარი ჭაში ჩაუვარდეს, განა მაშინვე არ ამოიყვანს?“ (ლუკა 14:5). ისინი ამჯერადაც ვერაფერს ამბობენ, რადგან ვერ ეწინააღმდეგებიან იესოს ლოგიკას.