თავი 83
ვის იწვევს ღმერთი ვახშამზე
იესო თავმდაბლობას ასწავლის მსმენელს
დაპატიჟებულები უსაფუძვლო მიზეზებით იმართლებენ თავს
როგორც წინა თავიდან დავინახეთ, იესომ ფარისევლის სახლში ერთი წყალმანკით დაავადებული კაცი განკურნა; იესო ჯერაც იქ არის. იგი ამჩნევს, რომ ზოგი სტუმარი საპატიო ადგილებს ირჩევს, ამიტომ თავმდაბლობას ასწავლის იქ შეკრებილთ.
«როცა ქორწილში დაგპატიჟებენ, — ამბობს იესო. — ნუ აირჩევ ყველაზე საპატიო ადგილს. შეიძლება შენზე უფრო პატივცემულიც იყოს დაპატიჟებული, მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: „დაუთმე ამ კაცს ადგილი“. მაშინ შერცხვენილს მოგიწევს ყველაზე არასაპატიო ადგილის დაკავება» (ლუკა 14:8, 9).
იესო განაგრძობს: «როცა დაგპატიჟებენ, მიდი და ყველაზე არასაპატიო ადგილი დაიკავე და როცა მასპინძელი მოვა, გეტყვის: „მეგობარო, გადაბრძანდი საპატიო ადგილზე“. მაშინ სხვა სტუმრების წინაშე პატივი დაგედება». იესო უბრალოდ კარგ მანერებზე არ საუბრობს, ის ხსნის: „ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკა 14:10, 11). როგორც ვხედავთ, იგი მსმენელს მოუწოდებს, გამოიმუშაონ თავმდაბლობა.
შემდეგ იესო კიდევ ერთ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც უშუალოდ იმ ფარისევლისთვისაა ყურადსაღები, რომელმაც თავისთან მიიწვია სტუმრად. იესო იმაზე იწყებს საუბარს, სტუმრების დაპატიჟების დროს მასპინძლის მხრიდან როგორი საქციელი იქნებოდა ღვთისთვის მოსაწონი: „როცა სადილს ან ვახშამს მოამზადებ, ნუ დაპატიჟებ შენს მეგობრებს, ძმებს, ნათესავებს ან მდიდარ მეზობლებს. შეიძლება როდისმე მათაც დაგპატიჟონ და ეს იქნება შენი საზღაური. როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ“ (ლუკა 14:12—14).
ბუნებრივია, რომ ადამიანს მეგობრების, ნათესავების ან თუნდაც მეზობლების დაპატიჟება სურდეს, რისი წინააღმდეგიც არც თავად იესოა. მაგრამ მას იმის ხაზგასმა სურს, რომ თუ მათ ვუმასპინძლდებით, ვინც გასაჭირშია, სიღატაკეში ცხოვრობს, ხეიბარია ან კიდევ ბრმა, ღმერთი ჩვენთვის კურთხევებს არ დაიშურებს. იესო თავის მასპინძელს ეუბნება: „მართალთა აღდგომისას გადაგეხდება“. სტუმრებიდან ერთი ეთანხმება იესოს ნათქვამს და ამბობს: „ბედნიერია, ვინც ღვთის სამეფოში ჭამს პურს“ (ლუკა 14:15). ეს კაცი ხედავს, თუ რამხელა პატივია ეს, მაგრამ, როგორც იესოს მიერ მოყვანილი შემდეგი მაგალითიდან ჩანს, ყველა მის მსგავსად როდი აფასებს ამ პატივს:
„ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი დაპატიჟა . . . გაგზავნა თავისი მონა, რომ დაპატიჟებულთათვის ეთქვა, მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო. მაგრამ ყველამ რაღაცა მოიმიზეზა. პირველმა უთხრა, მინდორი ვიყიდე და სანახავად უნდა წავიდე, მაპატიეო. მეორემ უთხრა, ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, მაპატიეო. მესამემ უთხრა, ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და ვერ მოვალო“ (ლუკა 14:16—20).
თავის მართლების რა უსუსური მცდელობაა! ჩვეულებისამებრ, კაცი მინდორს ან საქონელს ყიდვამდე ამოწმებს, ამიტომ ყიდვის შემდეგ მათ შესამოწმებლად წასვლა ნამდვილად არაა აუცილებელი. მოწვეულთაგან მესამე საქორწინო სამზადისში კი არ არის, როგორც ეს მისივე სიტყვებიდანაც ჩანს, არამედ უკვე დაქორწინებულია, ამიტომ ეს ნამდვილად არ უშლის ხელს, მიიღოს ეს მნიშვნელოვანი მოწვევა. ამ ყოველივეს მოსმენაზე გაბრაზებული ბატონი თავის მონას ეუბნება:
„სასწრაფოდ გადი ქალაქში, მოიარე ყველა ქუჩა, განიერიც და ვიწროც, და წამოიყვანე ღარიბები, ხეიბრები, უსინათლოები და კოჭლები“. მონა ასეც იქცევა, მაგრამ სუფრასთან მაინც რჩება ადგილები. ამიტომ ბატონი ეუბნება: „გადი გზებზე და ორღობეებში და ძალით წამოიყვანე ხალხი, რომ აივსოს ჩემი სახლი. გეუბნებით: ვერც ერთი დაპატიჟებული ვერ გაუსინჯავს გემოს ჩემს ვახშამს“ (ლუკა 14:21—24).
იესოს მიერ მოყვანილი ეს მაგალითი თვალნათლივ აჩვენებს, თუ როგორ დაავალა იეჰოვამ იესო ქრისტეს, ზეციერ სამეფოში უფრო მეტი ადამიანი მიეწვია. მოწვეულთა შორის იუდეველები, პირველ რიგში სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ. მათმა უმეტესობამ იესოს დედამიწაზე მსახურების დროს უარი თქვა ამ მოწვევაზე. მაგრამ ხალხის მოწვევა მხოლოდ ამით არ დასრულებულა. იესოს სიტყვები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში მეორე მოწვევა იქნება, როცა იუდეველთაგან და პროზელიტთაგან სუფრასთან უბრალო ხალხს მიიწვევენ. ამის შემდეგ კი მესამე და საბოლოო მოწვევა იქნება, როცა სუფრასთან იმ ხალხს მოიხმობენ, რომლებიც იუდეველების აზრით, ღვთისთვის მიუღებელნი არიან (საქმეები 10:28—48).
დიახ, იესოს სიტყვები ნამდვილად ადასტურებს ზემოხსენებული სტუმრის ნათქვამის უტყუარობას: „ბედნიერია, ვინც ღვთის სამეფოში ჭამს პურს“.