წინასწარგანჭვრეტა, წინასწარგანწესება
განჭვრეტა ნიშნავს წინასწარ იმის გაგებას, თუ რა იქნება და რა მოხდება. ბიბლიაში ის, ძირითადად (თუმცა არა ყოველთვის), შემოქმედს, იეჰოვა ღმერთსა და მის განზრახვებს უკავშირდება. წინასწარ განწესება რაღაცის წინდაწინ განსაზღვრას ნიშნავს.
დედნისეული სიტყვები. სიტყვები, რომლებიც ითარგმნა როგორც „წინასწარგანჭვრეტა“, „წინასწარგანწესება“ და „განსაზღვრა“, ძირითადად, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გვხვდება, თუმცა ეს ცნებები არც ებრაული წერილებისთვის არის უცხო.
„წინასწარგანჭვრეტად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა პროგნოსის (პრო წინ, ადრე და გნოსის ცოდნა) (სქ. 2:23; 1პტ. 1:2). მონათესავე ზმნა პროგინოსკო ორჯერ არის გამოყენებული ადამიანებთან მიმართებით, კერძოდ, ზოგიერთი იუდეველის შესახებ პავლეს მიერ წარმოთქმულ სიტყვებში, „ადრიდანვე მიცნობს“, და პეტრეს მიერ თავისი მეორე წერილის ადრესატებისთვის მიწერილ სიტყვებში, „წინასწარ იცით“ (სქ. 26:4, 5; 2პტ. 3:17). მეორე შემთხვევაში აშკარაა, რომ მათი ცოდნა განუსაზღვრელი არ ყოფილა ანუ ამ ქრისტიანებმა არ იცოდნენ ყველაფერი (დრო, ადგილი, გარემოება) იმ მომავალი მოვლენებისა და მდგომარეობის შესახებ, რაზეც პეტრე საუბრობდა. მაგრამ მათ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდათ მოსახდენ მოვლენებზე, რის შესახებაც ღვთის სულით აღძრული პეტრესა თუ ბიბლიის სხვა დამწერებისგან ჰქონდათ გაგებული.
„წინასწარგანწესებად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა პროორიზო (პრო წინ, ადრე და ჰორიზო მონიშვნა, განსაზღვრა. ქართულში სიტყვა „ჰორიზონტი“ წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ჰორიზონ, რაც ნიშნავს შემომსაზღვრელს, შემომზღუდავს). ბერძნული ზმნის, ჰორიზოს, მნიშვნელობა კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან: „კაცის ძე მისთვის განწესებული [ჰორისმენონ] გზით მიდის“. პავლემ აღნიშნა, რომ ღმერთმა ადამიანებს „დასასახლებლად დაუნიშნა [ჰორისას] დროები და დაუდო საზღვრები“ (ლკ. 22:22; სქ. 17:26). იგივე ზმნა გამოყენებულია ადამიანთა გადაწყვეტილების აღსანიშნავად, მაგალითად, როცა „მოწაფეებმა გადაწყვიტეს [ჰორისან]“ გაჭირვებული ძმებისთვის დახმარების გაგზავნა (სქ. 11:29). მაგრამ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები წინასწარგანწესებას მხოლოდ ღმერთს უკავშირებს.
გასათვალისწინებელი ფაქტორები. განჭვრეტასა და წინასწარგანწესებაზე საუბრისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
პირველი, ბიბლია ნათლად ამბობს, რომ ღმერთს რისამე განჭვრეტისა და წინასწარ განწესების ძალა შესწევს. იეჰოვას თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად მოჰყავს ის ფაქტი, რომ მას შეუძლია განჭვრიტოს ან წინასწარ განსაზღვროს ვინმეს ხსნასთან ან გათავისუფლებასთან, გასამართლებასთან ან დასჯასთან დაკავშირებული მოვლენები და განახორციელოს ისინი. მისი რჩეული ხალხი არაერთხელ გამხდარა ამის მოწმე (ეს. 44:6—9; 48:3—8). წინასწარმეტყველებების უტყუარობას სწორედ ღვთის ეს უნარი განაპირობებს (ეს. 42:9; იერ. 50:45; ამ. 3:7, 8). ღმერთი თავისი ხალხის მტრებს ედავებოდა და ეუბნებოდა, წარმოედგინათ თავიანთ დიდებულთა თუ კერპთა ღვთაებრიობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, ვინმეს ხსნის ან დასჯის შესახებ წარმოთქმული და შემდეგ შესრულებული წინასწარმეტყველებები. მათ არ შეეძლოთ ამის გაკეთება, რაც იმაზე მოწმობდა, რომ მათი კერპები „ქარი და არარაობა“ იყო (ეს. 41:1—10, 21—29; 43:9—15; 45:20, 21).
მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორი ღვთის მოაზროვნე ქმნილებებისთვის ბოძებული ნების თავისუფლებაა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთმა თავის ქმნილებებს მისცა იმის უპირატესობა და პასუხისმგებლობა, რომ თავად გააკეთონ არჩევანი (კნ. 30:19, 20; იეს. 24:15), რის შედეგადაც ისინი ღვთის წინაშე პასუხისმგებელნი ხდებიან თავიანთი ქმედებებისთვის (დბ. 2:16, 17; 3:11—19; რმ. 14:10—12; ებ. 4:13). ასე რომ, ისინი დაპროგრამებული რობოტები არ არიან. ადამიანი ვერ იქნებოდა „ღვთის ანარეკლი“, თავისუფალი ნება რომ არ ჰქონოდა (დბ. 1:26, 27; იხ. თავისუფლება). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ღმერთი განჭვრეტითა და წინასწარგანწესებით არ ხელყოფს თავისი მოაზროვნე ქმნილებების თავისუფალ ნებას.
მესამე ფაქტორი, რომელიც ხშირად მხედველობიდან რჩებათ, ღვთის ზნეობრივ ნორმებსა და თვისებებს, მათ შორის, სამართლიანობას, პატიოსნებას, მიუკერძოებლობას, სიყვარულს, წყალობასა და სიკეთეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, იმის გაგება, თუ როგორ იყენებს ღმერთი განჭვრეტისა და წინასწარგანწესების უნარს, მხოლოდ ზემოხსენებული ყველა ფაქტორის (და არა მხოლოდ რომელიმე ერთის) გათვალისწინების შემთხვევაშია შესაძლებელი. ფაქტია, რასაც ღმერთი განჭვრეტს, უეჭველად შესრულდება. ამიტომაც ის „ისე მიმართავს არარსებულს, თითქოს არსებობდეს“ (რმ. 4:17).
წინასწარ იცის ღმერთმა ყველაფერი, რასაც ადამიანები გააკეთებენ?
იბადება შემდეგი კითხვები: ყოველთვის იყენებს ღმერთი განჭვრეტის უნარს? წინასწარ ჭვრეტს თავისი ქმნილებების, ადამიანებისა თუ ანგელოზების, ყველა ქმედებას? მათ გაჩენამდე განსაზღვრავს მათ ქმედებებსა და საბოლოო ხვედრს?
თუ შერჩევით და მიზნობრივად იყენებს განჭვრეტის უნარს ანუ მხოლოდ საჭიროებისამებრ განჭვრეტს მომავალს? და ნაცვლად იმისა, რომ თავის ქმნილებებს ბედი ჯერ კიდევ გაჩენამდე განუსაზღვროს, იქნებ ჯერ აფასებს მათი ცხოვრების კურსსა და გამოცდების დროს მათ რეაქციას და მხოლოდ შემდეგ წყვეტს მათ საბოლოო ხვედრს? ამ კითხვებზე პასუხები ბიბლიიდან უნდა მივიღოთ. უნდა ვიცოდეთ, რა არის მასში ნათქვამი ღვთის ქმედებებსა და ქმნილებებთან მის ურთიერთობაზე და რას მოეფინა ნათელი ღვთის ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით (1კრ. 2:16).
შეხედულება განგების შესახებ. ღვთიური განგების მომხრენი თვლიან, რომ ღმერთი ყოველთვის ყველაფერს წინასწარ ჭვრეტს და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ყველა მომენტსა თუ საბოლოო ხვედრს წინასწარ წყვეტს. ისინი თვლიან, რომ ღმერთი, თავისი ღვთაებრივი ბუნებიდან და სრულყოფილებიდან გამომდინარე, ყოვლისმცოდნეა, რაშიც არა მხოლოდ წარსულსა თუ აწმყოზე, არამედ მომავალზეც ყველაფრის ცოდნა იგულისხმება. მათი აზრით, ღმერთი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ მას ყველა, თუნდაც უმნიშვნელო, დეტალი არ ეცოდინება. იმის დასადასტურებლად, რომ ღმერთი ადამიანის ბედს ჯერ კიდევ მის დაბადებამდე წყვეტს, მათ ისაკის შვილების, ესავისა და იაკობის, მაგალითი მოჰყავთ (რმ. 9:10—13), ხოლო ეფესოელების 1:4, 5-ითა თუ სხვა მსგავსი მუხლებით იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ღმერთმა ყოველივეს შექმნამდე ყველა თავისი ქმნილების მომავალი განჭვრიტა და განსაზღვრა.
ეს შეხედულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სწორი, თუ ეთანხმება ზემოხსენებულ ფაქტორებს, მათ შორის ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას ღვთის თვისებებზე, ნორმებსა და განზრახვებზე და ქმნილებებისადმი ღვთის სამართლიან მოპყრობაზე (გმც. 15:3, 4). ურიგო არ იქნება, თუ ვიმსჯელებთ, რა დასკვნამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ შეხედულებამ.
თუ განგება ნამდვილად არსებობს, გამოდის, რომ ღმერთმა ანგელოზებისა და ადამიანების შექმნამდე იცოდა, რა მოჰყვებოდა მათ შექმნას, კერძოდ ის, რომ ერთ-ერთი სულიერი ძე, შემდგომ კი ადამიანთა პირველი წყვილი, მის წინააღმდეგ წავიდოდა (დბ. 3:1—6; ინ. 8:44). მას მათი ურჩობით გამოწვეული ყველა სავალალო შედეგიც ეცოდინებოდა ძველი დროიდან მომავლის ჩათვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთს კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველა ბოროტება (დამნაშავეობა, უზნეობა, ჩაგვრა და მისით გამოწვეული ტანჯვა, სიცრუე, თვალთმაქცობა, ცრუთაყვანისმცემლობა და კერპთაყვანისმცემლობა) ყოველივეს შექმნამდე ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან წინასწარ უმცირეს დეტალებში იცოდა ყველაფერი.
თუ კაცობრიობის შემოქმედმა ადამიანის შექმნის დღიდან მოყოლებული ყველა მოვლენა წინასწარ განჭვრიტა, გამოდის, რომ მან თავად მისცა დასაბამი დღემდე ჩადენილ ყოველგვარ ბოროტებას, როცა თქვა: „შევქმნათ ადამიანი“ (დბ. 1:26). აქედან გამომდინარე, საეჭვო ხდება, რამდენად დასაბუთებული და თანამიმდევრულია დოგმატი განგების შესახებ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მოწაფე იაკობის სიტყვებს, რომ უწესრიგობა თუ სხვა მანკიერებები ზეციერი ღმერთისგან კი არ არის, არამედ „მიწიერი, ხორციელი და დემონურია“ (იაკ. 3:14—18).
ყოველთვის ყველაფერს განჭვრეტს ღმერთი? ვინც მიიჩნევს, რომ ღმერთი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ ის ყველაფერს წინასწარ უმცირეს დეტალებში არ განსაზღვრავს, გამოდის, რომ სრულყოფილებას თავისებურად განმარტავს. სინამდვილეში სრულყოფილება ყოველთვის აბსოლუტური და ყოვლისმომცველი არ არის, ვინაიდან ამა თუ იმ რამის სრულყოფილება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეესაბამება უფლებამოსილი პირის მიერ მისთვის დადგენილ ნორმებს (იხ. სრულყოფილება). ასე რომ, რა ჩაითვლება სრულყოფილად და რა არა, საბოლოოდ ღვთის ნებაზეა დამოკიდებული და არა ადამიანის შეხედულებებსა თუ წარმოდგენებზე (კნ. 32:4; 2სმ. 22:31; ეს. 46:10).
მაგალითად, არავინ უარყოფს იმას, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა ანუ მისი შესაძლებლობები და ძალა შეუზღუდავია (1მტ. 29:11, 12; იობ. 36:22; 37:23). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ყოველთვის ბოლომდე უნდა წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები. ფაქტია, რომ ღმერთს თავისი ძალა ასე არასდროს გამოუვლენია. წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთის რისხვისა და გულისწყრომის მაჩვენებელი მოვლენების შედეგად (როგორც ეს წარღვნის დროს თუ სხვა შემთხვევებში მოხდა) მხოლოდ რამდენიმე უძველესი ქალაქი და ერი კი არ აღიგვებოდა პირისაგან მიწისა, არამედ თვით დედამიწაც და ყოველივე მასზე არსებულიც დიდი ხნის წინათ განადგურდებოდა (დბ. 6:5—8; 19:23—25, 29; შდრ. გმ. 9:13—16; იერ. 30:23, 24). აქედან გამომდინარე, ღმერთი უკონტროლოდ არასდროს იყენებს თავის უსაზღვრო ძალას. ის ყოველთვის თავისი განზრახვისამებრ მოქმედებს და, თუ საფუძველი აქვს, გულმოწყალებასაც ავლენს (ნემ. 9:31; ფს. 78:38, 39; იერ. 30:11; გდ. 3:22; ეზკ. 20:17).
მსგავსად ამისა, როცა ღმერთი თავისი ნებისამებრ რაიმეს განჭვრეტს, ვერავინ, ვერც ანგელოზი და ვერც ადამიანი, სამართლიანად ვერ ეტყვის: „რას აკეთებო?“ (იობ. 9:12; ეს. 45:9; დნ. 4:35). ამიტომ კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, შეუძლია თუ არა ღმერთს რისამე განჭვრეტა, წინასწარ განსაზღვრა ან განწესება, რადგან „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ და ყველაფერს თავისი სურვილისამებრ აკეთებს (მთ. 19:26; ფს. 115:3), არამედ იმაში, თუ რის განჭვრეტას ან განსაზღვრას მიიჩნევს ის საჭიროდ.
ღმერთი თავად საზღვრავს, რა როდის განჭვრიტოს. განგების დოგმატისგან განსხვავებით, შეხედულება იმის შესახებ, რომ ღმერთი თავად წყვეტს, რა როდის განჭვრიტოს, შეესაბამება მის სამართლიან ნორმებსა და ბიბლიაში მის შესახებ მოცემულ ინფორმაციას. არაერთი ბიბლიური მუხლი მიუთითებს იმაზე, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ღმერთი გადაწყვეტილებას მხოლოდ ყველაფრის კარგად აწონ-დაწონის შემდეგ იღებს, რაც აშკარად უპირისპირდება განგების თეორიას.
დაბადების 11:5—8-დან ჩანს, რომ ღმერთმა თვალი მიაპყრო დედამიწას იმის სანახავად, რა ხდებოდა ბაბილონში და ამის საფუძველზე გადაეწყვიტა, როგორ ჩაეშალა ეს უღვთო წამოწყება. სოდომსა და გომორაში ბოროტების მომძლავრების შემდეგ იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ ამ ქალაქების შემოწმებას (ანგელოზების მეშვეობით) აპირებდა: „ვნახავ, მართლა ისე იქცევიან, როგორი ხმაც მომდის მათზე?! თუ არა, ამასაც შევიტყობ“ (დბ. 18:20—22; 19:1). ღმერთი დაახლოებული იყო აბრაამთან, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ღვთისმოშიშმა კაცმა თავისი ძის, ისაკის, მსხვერპლად შეწირვა სცადა, იეჰოვამ უთხრა მას: „ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ, ვინაიდან არ დაგენანა ჩემთვის ერთადერთი ვაჟი“ (დბ. 18:19; 22:11, 12; შდრ. ნემ. 9:7, 8; გლ. 4:9).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ღმერთი თავისი ქმნილებების მომავლის შესახებ განურჩევლად ყველაფრის განჭვრეტას არ ცდილობს. ეს ნიშნავს, რომ შემოქმედების დასაწყისიდან განვითარებული მოვლენები ღვთის სცენარის მიხედვით დადგმული „სპექტაკლი“ არ ყოფილა. პირიქით, ღმერთი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როცა პირველ ადამიანებს ყოველგვარი ბოროტების გარეშე დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა მისცა. პირველი სრულყოფილი და უცოდველი მიწიერი შვილებისთვის მიცემული მითითება, თავიანთი შთამომავლებით აევსოთ დედამიწა, სამოთხედ გადაექციათ ის და დაპატრონებოდნენ მიწის სხვა ბინადართ, ღვთის მიერ სიყვარულით ბოძებული უპირატესობა და მისი გულწრფელი სურვილი იყო და არა თავიდანვე წარუმატებლობისთვის განწირული დავალება. „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხით“ მათი გამოცდა და ედემის ბაღში „სიცოცხლის ხის“ აღმოცენება აზრმოკლებული ქმედება და ადამიანთა დაცინვა არ ყოფილა, რაც ასე იქნებოდა, თუკი ღმერთს წინასწარ ეცოდინებოდა, რომ პირველი ადამიანები შესცოდავდნენ და ვერასდროს იგემებდნენ „სიცოცხლის ხის“ ნაყოფს (დბ. 1:28; 2:7—9, 15—17; 3:22—24).
ვინმესთვის სასურველი რამის შეთავაზება რაიმე პირობით, რასაც ის ვერასდროს შეასრულებს, სისასტიკე და თვალთმაქცობაა. ღვთის სიტყვა მარადიულ სიცოცხლეს ყველა ადამიანისთვის რეალურ იმედად სახავს. როცა იესომ მსმენელებს ურჩია, ღვთის კურთხევები ეთხოვათ და ეძებნათ, იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ მამა პურის ან თევზის სათხოვნელად მისულ შვილს ქვას ან გველს არ მისცემდა. იმის ხაზგასასმელად, რომ ზეციერი მამისთვის მიუღებელია ვინმესთვის საფუძვლიანი იმედის გაცრუება, იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „თუ თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!“ (მთ. 7:7—11).
აქედან გამომდინარე, ღმერთი ყველა ადამიანს სიწრფელით აძლევს სხვადასხვა შესაძლებლობას და მარადიულ კურთხევებს სთავაზობს (მთ. 21:22; იაკ. 1:5, 6). როგორც ძველ ისრაელს, ისე დღეს მცხოვრებთ გულწრფელად მოუწოდებს, მიატოვონ თავიანთი ცოდვები, რათა იცოცხლონ (ეზკ. 18:23, 30—32; შდრ. იერ. 29:11, 12). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის ამას არ გააკეთებდა, თუ წინასწარ ეცოდინებოდა, რომ ისინი მაინც არ მიატოვებდნენ ბოროტებას და დაიღუპებოდნენ (შდრ. სქ. 17:30, 31; 1ტმ. 2:3, 4). იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „არც იაკობის შთამომავლისთვის მითქვამს, ტყუილუბრალოდ მეძებეთ-მეთქი. მე ვარ იეჰოვა, სიმართლისა და სისწორის მთქმელი ... დამიბრუნდით და გადარჩით ყველანი, ვინც დედამიწის კიდეებში ხართ“ (ეს. 45:19—22).
ამ აზრს ეთანხმება პეტრე მოციქულის სიტყვები: „იეჰოვა არ აყოვნებს [მომავალი სასამართლო დღის შესახებ] დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2პტ. 3:9). თუ ღმერთმა საუკუნეებით ადრე განჭვრიტა და განსაზღვრა, ვინ მიიღებდა მარადიულ სიცოცხლეს და ვინ განადგურდებოდა, მაშინ იბადება კითხვა, რა აზრი აქვს ღვთის მოთმინებას და რამდენად გულწრფელია მისი სურვილი, რომ „ყველამ მოინანიოს“. ღვთის შთაგონებით მოციქული იოანე წერდა, რომ „ღმერთი სიყვარულია“, მოციქულმა პავლემ კი აღნიშნა, რომ სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“ (1ინ. 4:8; 1კრ. 13:4, 7). ღმერთი სწორედ ამ გამორჩეული თვისებიდან და ადამიანთა გადარჩენის სურვილიდან გამომდინარე ეპყრობა ყველას მიუკერძოებლად და სიკეთით, სანამ ისინი თავად არ აღმოჩნდებიან უღირსები (შდრ. 2პტ. 3:9; ებ. 6:4—12). ამიტომაც წერდა მოციქული პავლე, რომ „ღვთის სიკეთეს მონანიებისკენ“ მივყავართ (რმ. 2:4—6).
დაბოლოს, შეუძლებელი იქნებოდა იმის თქმა, რომ იესო ქრისტეს მსხვერპლი ყველასთვის იყო გაღებული, თუ ღმერთმა მრავალი ადამიანის (შესაძლოა მილიონობით ადამიანის) შემთხვევაში ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე განჭვრიტა, რომ ისინი გამოსასყიდით ვერასგზით ვერ ისარგებლებდნენ, რადგან ვერ დააკმაყოფილებდნენ მის მოთხოვნებს (2კრ. 5:14, 15; 1ტმ. 2:5, 6; ებ. 2:9). ის, რომ ღმერთი მიუკერძოებელია, ცარიელი სიტყვები არ არის. „ყოველ ხალხში მისი [ღვთის] მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (სქ. 10:34, 35; კნ. 10:17; რმ. 2:11). სინამდვილეში ყველა ადამიანს მიესადაგება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „რათა ეძებნათ ღმერთი, იქნებ როგორმე ეგრძნოთ იგი, და ეპოვათ, თუმცა ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (სქ. 17:26, 27). „გამოცხადების“ ბოლოს ღმერთი ტყუილუბრალოდ არ მოუწოდებს ყველას: «„მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გმც. 22:17).
რა განჭვრიტა და რა განსაზღვრა ღმერთმა წინასწარ. ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთი ყოველთვის თავისი განზრახვისა და ნებისამებრ იყენებს წინასწარგანჭვრეტისა და განსაზღვრის უნარს. განზრახვა ნიშნავს რაღაცის მიზნად დასახვას („განზრახვად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა პროთესის სიტყვასიტყვით ნიშნავს [რაღაცის] წინ მოთავსებას). შეუძლებელია, ღვთის განზრახვა არ შესრულდეს. ამიტომ მას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, საბოლოოდ როგორ განხორციელდება მისი განზრახვები და რა ნაბიჯებს გადადგამს თავისი მიზნების მისაღწევად (ეს. 14:24—27). ამიტომაც ზოგ მუხლში, სადაც საუბარია იეჰოვას სამომავლო მიზნებზე, ებრაულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა, რომელიც გამოსახვას, შექმნას ნიშნავს (ჲაცარ, უკავშირდება სიტყვას, რომელიც მეთუნეს ნიშნავს [იერ. 18:4]) (2მფ. 19:25; ეს. 46:11; შდრ. ეს. 45:9—13, 18). როგორც დიდებული მეთუნე, ღმერთი „ყველაფერს თავისი ნებისამებრ“ და თავისი განზრახვისამებრ ამოქმედებს (ეფ. 1:11) და „ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მის მოყვარულთა ... კეთილდღეობას“ (რმ. 8:28). ამიტომ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მის განზრახვებს ეხება, ღმერთი „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ეს. 46:9—13).
ღვთის მიერ შექმნილი პირველი ადამიანები სრულყოფილები იყვნენ. ამიტომ ღმერთმა თავისი შემოქმედების დასრულების შემდეგ თქვა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დბ. 1:26, 31; კნ. 32:4). ღმერთი არ დაეჭვებულა და იმაზე არ დაუწყია ფიქრი, თუ რას გააკეთებდა პირველი წყვილი, არამედ, როგორც ბიბლია ამბობს, მან დაისვენა (დბ. 2:2). და ეს იმიტომ, რომ ის ყოვლისშემძლე ღმერთია და აღმატებულ სიბრძნეს ფლობს. აქედან გამომდინარე, ვერანაირი ქმედება, გარემოება თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა ვერ შეუქმნის გადაულახავ დაბრკოლებას ან პრობლემას მისი უზენაესი განზრახვის განხორციელებას (2მტ. 20:6; ეს. 14:27; დნ. 4:35). ბიბლია მხარს არ უჭერს ღვთიური განგების მომხრეთა იმ მოსაზრებას, რომ მომავლის განჭვრეტის უნარის გამოუყენებლობა ღვთის განზრახვების შესრულებას შეუქმნიდა საფრთხეს. მათი აზრით, ღვთის განზრახვები მისი „წინდაუხედაობის გამო ყოველთვის წარუმატებლობისთვის იქნებოდა განწირული და ნების თავისუფლების მქონე ქმნილებათა არაპროგნოზირებადი ქმედებების გამო მას მუდმივად მოუწევდა მის მიერ შექმნილი სისტემის მწყობრში მოყვანა“. მიზნობრივად მომავლის განჭვრეტა არ ნიშნავს, რომ ღვთის ქმნილებები „ძალას დაუკარგავენ [მის მიერ] მიღებულ ზომებს, მუდმივად შეაცვლევინებენ აზრს, გააღიზიანებენ და საგონებელში ჩააგდებენ“, როგორც ამას ღვთიური განგების მომხრენი ამტკიცებენ (Cyclopædia, მაკ-კლინტოკი და სტრონგი, 1894, ტ. VIII, გვ. 556). თუ ღვთის მიწიერმა მსახურებმა არ უნდა იდარდონ ხვალინდელ დღეზე, მით უმეტეს მათ შემოქმედს არა აქვს, და არც ექნება, დარდის მიზეზი, ვისთვისაც ძლიერი ერები „სათლიდან გადმოვარდნილი წყლის ერთი წვეთივით“ არიან (მთ. 6:34; ეს. 40:15).
ადამიანთა ამა თუ იმ კატეგორიის შემთხვევაში. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ზოგ შემთხვევაში ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა, რა კურსს აირჩევდა ადამიანთა ესა თუ ის ჯგუფი, ერი ან კაცობრიობის დიდი ნაწილი. შესაბამისად, მან იწინასწარმეტყველა, რა იქნებოდა მათთვის დამახასიათებელი და განსაზღვრა, თავად რა საპასუხო ზომებს მიიღებდა. მაგრამ ეს ამ ჯგუფებში შემავალ ადამიანებს არ ართმევდა პირადი არჩევნის გაკეთების უფლებას. ამაზე შემდეგი მაგალითები მოწმობს.
ნოეს დროს იეჰოვამ წინასწარ გააცხადა, რომ წარღვნით აპირებდა ადამიანთა თუ ცხოველთა მოსპობას. მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ძალადობა, ბოროტება თუ სხვა მანკიერებები მომრავლდა, რამაც მისი ჩარევა მოითხოვა. გარდა ამისა, ადამიანთა გულთამხილავმა ღმერთმა ყველაფერი გამოიკვლია და დაინახა, რომ „მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“ (2მტ. 6:30; დბ. 6:5). მიუხედავად ამისა, ცალკეულმა ადამიანებმა, კერძოდ, ნოემ და მისმა ოჯახის წევრებმა, ღვთის თვალში წყალობა პოვეს და გადარჩნენ (დბ. 6:7, 8; 7:1).
მსგავსად ამისა, ღმერთმა ისრაელ ერს შეთანხმების დაცვის შემთხვევაში „მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად“ გახდომის შესაძლებლობა მისცა. მაგრამ დაახლოებით 40 წლის შემდეგ აღთქმული მიწის საზღვართან მისულ ისრაელებს უწინასწარმეტყველა, რომ ისინი შეთანხმებას დაარღვევდნენ, რის გამოც მათ უარყოფდა. ღმერთს ამის წინასწარ განჭვრეტა არ გაუჭირდებოდა, რადგან ისრაელები მანამდეც არაერთხელ ეურჩნენ მას. ამიტომაც თქვა იეჰოვამ მათზე: „ვიცი, რა ზრახვები აქვთ დღეს, სანამ იმ მიწაზე მივიყვანდე, რომლის მიცემაც დავუფიცე“ (გმ. 19:6; კნ. 31:16—18, 21; ფს. 81:10—13). მაგალითად, არავინ დაადანაშაულებს იმ ადამიანს, რომელმაც წინასწარ განჭვრიტა, რომ მდარე მასალით უხარისხოდ აშენებული ნაგებობა დიდხანს ვერ გაძლებდა. მსგავსადვე, ღმერთი არ ყოფილა პასუხისმგებელი ისრაელების საქციელის სავალალო შედეგებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წინასწარ ჰქონდა განჭვრეტილი. ამ შემთხვევაშიც გამართლდა ღვთის მიერ დადგენილი პრინციპი: „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ (გლ. 6:7—9; შდრ. ოს. 10:12, 13). ზოგიერთი წინასწარმეტყველი ხალხს ღვთის მომავალი სასჯელის შესახებ აფრთხილებდა. ამ შემთხვევებში სასჯელის აუცილებლობას არსებული ვითარება და მათ აზროვნებაში მიმდინარე ცვლილებები განაპირობებდა (ფს. 7:8, 9; იგ. 11:19; იერ. 11:20). მაგრამ ადამიანებს მაშინაც შეეძლოთ ყურად ეღოთ ღვთის რჩევა-დარიგება და გაფრთხილება და ეპოვათ ღვთის წყალობა. ზოგმა ისარგებლა კიდეც ამ შესაძლებლობით (იერ. 21:8, 9; ეზკ. 33:1—20).
ღვთის ძეს, რომელსაც შეეძლო ადამიანთა აზრების წაკითხვა (მთ. 9:4; მრ. 2:8; ინ. 2:24, 25), ღვთისგან ჰქონდა ბოძებული წინასწარგანჭვრეტისა და მომავალი მოვლენებისა თუ ღვთიური განაჩენის წინასწარმეტყველების უნარი. მან ფარისევლებსა და მწიგნობრებს გეენის სასჯელი უწინასწარმეტყველა (მთ. 23:15, 33), თუმცა არ უთქვამს, რომ ყველა ფარისეველი ან მწიგნობარი გასანადგურებლად იყო განწირული. ამაზე პავლე მოციქულის შემთხვევაც მოწმობს (სქ. 26:4, 5). იესომ იერუსალიმისა თუ სხვა ქალაქების მოუნანიებელ მოსახლეობას უბედურება უწინასწარმეტყველა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ღმერთმა ამ ქალაქების თითოეულ მცხოვრებს ეს განაჩენი წინასწარ გამოუტანა (მთ. 11:20—23; ლკ. 19:41—44; 21:20, 21). მან წინასწარ ისიც განჭვრიტა, რა შედეგები მოჰყვებოდა ადამიანთა აზროვნებასა და დამოკიდებულებას და იწინასწარმეტყველა, თუ რა მდგომარეობა იქნებოდა „ქვეყნიერების აღსასრულის“ დროს და როგორ განხორციელდებოდა ღვთის განზრახვა (მთ. 24:3, 7—14, 21, 22). ღმერთმა ადამიანთა გარკვეული ჯგუფების გამოჩენა და მათი საბოლოო ხვედრიც განჭვრიტა, რაზეც, მაგალითად, „ანტიქრისტეს“ შესახებ იესოს მოციქულების მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებები მოწმობს (1ინ. 2:18, 19; 2ინ. 7; 2თს. 2:3—12; 2პტ. 2:1—3; იუდ. 4).
ცალკეულ პირთა შემთხვევაში. ღვთის წინასწარმეტყველებები არა მარტო ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს, არამედ ცალკეულ ადამიანებსაც უკავშირდებოდა, მაგალითად, ესავსა და იაკობს, „გამოსვლაში“ მოხსენიებულ ფარაონს, სამსონს, სოლომონს, იოშიას, იერემიას, კიროსს, იოანე ნათლისმცემელს, იუდა ისკარიოტელს და თვით ღვთის ძეს, იესოს.
იეჰოვამ ჯერ კიდევ სამსონის, იერემიასა და იოანე ნათლისმცემლის დაბადებამდე განჭვრიტა, თუ რა როლი დაეკისრებოდა მათ. მაგრამ მას წინასწარ არ განუსაზღვრავს მათი საბოლოო ხვედრი. იეჰოვამ მხოლოდ ის განსაზღვრა, რომ სამსონი ნაზირი იქნებოდა და ფილისტიმელთაგან ისრაელის გათავისუფლების საქმეს ჩაუდგებოდა სათავეში, იერემია წინასწარმეტყველად იმსახურებდა, ხოლო იოანე ნათლისმცემელი მესიის წინამორბედი და გზის გამკვლევი იქნებოდა (მსჯ. 13:3—5; იერ. 1:5; ლკ. 1:13—17). მართალია, მათ საპატიო საქმის შესრულება დაეკისრათ, მაგრამ ეს არ ყოფილა მათი მარადიული ხსნისა და სიკვდილამდე ერთგულების გარანტია (თუმცა სამივე ერთგული დარჩა). იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ დავითის ერთ-ერთ შვილს სოლომონი დაერქმეოდა და ის ააშენებდა ტაძარს (2სმ. 7:12, 13; 1მფ. 6:12; 1მტ. 22:6—19). მიუხედავად იმისა, რომ სოლომონს ასეთი პატივი ხვდა წილად და წმინდა წერილების რამდენიმე წიგნის დაწერის საშუალებაც მიეცა, ის სიბერეში მაინც განუდგა ღმერთს (1მფ. 11:4, 9—11).
ღმერთს წინასწარ არც ესავისა და იაკობის საბოლოო ხვედრი განუსაზღვრავს. მან მხოლოდ ის განსაზღვრა, მათი შთამომავლებისგან წარმოშობილი ერებიდან რომელი რომელზე იმძლავრებდა (დბ. 25:23—26). ეს იმასაც მოიცავდა, რომ პირმშოობის უფლება იაკობს მიეღო, რის შედეგადაც აბრაამისთვის დაპირებული შთამომავალი მისი საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა (დბ. 27:29; 28:13, 14). ამგვარად, იეჰოვამ ცხადყო, რომ მისი არჩევანი დამოკიდებული არ არის დადგენილ ადათ-წესებზე ან იმაზე, გაამართლებს თუ არა მის მიერ არჩეული გზა ვინმეს მოლოდინს. ღმერთი ადამიანებს უპირატესობებს მხოლოდ მათი საქმეების მიხედვით არ ანიჭებს, რათა არავინ იფიქროს, რომ ესა თუ ის უპირატესობა დაიმსახურა ან მას ეკუთვნის. ამაზე მოციქულმა პავლემაც გაამახვილა ყურადღება, როცა აღნიშნა, თუ რატომ გამოავლინა ღმერთმა წყალობა არაებრაელების მიმართ და რატომ უბოძა მათ ერთი შეხედვით მხოლოდ ისრაელებისთვის განკუთვნილი უპირატესობები (რმ. 9:1—6, 10—13, 30—32).
პავლე ციტირებდა მალაქიას 1:2, 3-ში ჩაწერილ სიტყვებს: „იაკობი [ისრაელი] შევიყვარე, ესავი [ედომი] კი შევიძულე“. ეს სიტყვები იაკობისა და ესავის სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ დაიწერა. ბიბლიაში ცალსახად არსად წერია, რომ იეჰოვას ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ზოგადად ბავშვის ხასიათსა და ტემპერამენტს ჩასახვისთანავე ორივე მშობლის გენეტიკური ინფორმაციის შერწყმა განაპირობებს. ცხადია, ღვთისთვის ეს ინფორმაცია დაფარული არ არის. დავითმა ასე მიმართა იეჰოვას: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი“ (ფს. 139:14—16; იხ. აგრეთვე ეკ. 11:5). დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით წარმოთქვა თუ არა იეჰოვამ წინასწარმეტყველება ტყუპებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია, იაკობისთვის უპირატესობის მინიჭება იმას არ ნიშნავდა, რომ ესავი და მისი შთამომავლები, ედომელები, სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი. თვით დაწყევლილ ქანაანელთაგან ზოგიერთმა ღვთის თვალში წყალობა პოვა, მასთან შეთანხმებით შეკრულ ხალხს შეუერთდა და კურთხევებიც მიიღო (დბ. 9:25—27; იეს. 9:27; იხ. ქანაანი, ქანაანელი №2). მართალია, ესავი „ცრემლებით ცდილობდა გადაწყვეტილების შეცვლას“, მაგრამ ეს იყო წარუმატებელი მცდელობა, დაებრუნებინა პირმშოსთვის განკუთვნილი კურთხევები, რომლებიც მამამისმა, ისაკმა იაკობს უბოძა. აქედან ჩანს, რომ ესავს თავისი ხორციელი აზროვნების გამო ღვთის წინაშე სინანული არ დაუფლებია (დბ. 27:32—34; ებ. 12:16, 17).
იეჰოვას წინასწარმეტყველების თანახმად, დავითის ერთ-ერთ შთამომავალს იოშია დაერქმეოდა და ის ბეთელში გაილაშქრებდა ცრუთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ (1მფ. 13:1, 2). დაახლოებით სამასი წლის შემდეგ ამ სახელით წოდებულმა მეფემ შეასრულა ეს წინასწარმეტყველება (2მფ. 22:1; 23:15, 16). მაგრამ სხვა შემთხვევაში მან „ყური არ დაუგდო ნექოს სიტყვებს, ღვთის ბაგიდან გამოსულს“, რის გამოც დაიღუპა (2მტ. 35:20—24). მართალია, ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა და განსაზღვრა, თუ რა საქმეს შეასრულებდა იოშია, მაგრამ მას არ წაურთმევია იოშიასთვის იმის უფლება, რომ თავად გადაეწყვიტა, გაითვალისწინებდა თუ არა რჩევას.
იეჰოვამ დაახლოებით ორასი წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ ებრაელებს დამპყრობი კიროსის მეშვეობით დაიხსნიდა ბაბილონის ტყვეობიდან (ეს. 44:26—28; 45:1—6). ბიბლიიდან არ ჩანს, რომ ის სპარსელი, რომელსაც წინასწარმეტყველების თანახმად კიროსი უწოდეს, იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი გახდა. ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ ის ბოლომდე ცრუღმერთებს ეთაყვანებოდა.
ამგვარად, ის ფაქტი, რომ ღმერთმა ზოგიერთი ადამიანის დაბადებამდე განსაზღვრა მათ ცხოვრებაში მოსახდენი მოვლენები, არ ეწინააღმდეგება ბიბლიაში აღწერილ მის თვისებებსა და ნორმებს. ბიბლიიდან არც ის ჩანს, რომ ღმერთმა ვინმე აიძულა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო. ფარაონისა და იუდა ისკარიოტელის გაჩენამდე და ღვთის ძის შექმნამდე იეჰოვას არ განუჭვრეტია, როგორ გამოიყენებდნენ ისინი ნების თავისუფლებას. მათი მაგალითები ცხადყოფს, რომელი პრინციპებით ხელმძღვანელობს იეჰოვა, როცა წინასწარ ჭვრეტს ან განსაზღვრავს რამეს.
ვიმსჯელოთ ერთ-ერთ პრინციპზე. ზოგჯერ ღმერთი უშვებს (ან განგებ მოქმედებს ისე), რომ ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში მოხვდეს ან მის ყურამდე მივიდეს ღვთის შთაგონებული ცნობა, რაც მას არჩევნის წინაშე დააყენებს. მისი გადაწყვეტილებიდან გამოჩნდება მისი გულის მდგომარეობა, რაც იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება (იგ. 15:11; 1პტ. 1:6, 7; ებ. 4:12, 13). ამ დროს ადამიანის დამოკიდებულება განაპირობებს, წაუძღვება თუ არა ღმერთი მას მისივე არჩეულ გზაზე (1მტ. 28:9; ფს. 33:13—15; 139:1—4, 23, 24). ასე რომ, სანამ იეჰოვა წარმართავს ადამიანის ნაბიჯებს, ჯერ „ადამიანის გული“ ირჩევს ამა თუ იმ გზას (იგ. 16:9; ფს. 51:10). ამ პროცესის დროს ადამიანმა შეიძლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია — ან გული გაიქვაოს და უმართლობა და ურჩობა ირჩიოს, ან იეჰოვა ღმერთის ერთგულება და მისი ნების შესრულება მოიწადინოს (იობ. 2:3—10; იერ. 18:11, 12; რმ. 2:4—11; ებ. 3:7—10, 12—15). როცა ადამიანი თავისი ნებით დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ღვთის მხრიდან არც უსამართლობა იქნება და არც ამ ადამიანის თავისუფალი ნების ხელყოფა, თუ ის წინასწარ განჭვრეტს, რა შედეგები მოჰყვება ამ ადამიანის არჩეულ კურსს (შდრ. იობ. 34:10—12).
ეს პრინციპი კარგად გამოჩნდა ერთგული აბრაამის შემთხვევიდან, რაც უკვე განვიხილეთ. განსხვავებული სიტუაცია იყო „გამოსვლაში“ მოხსენიებული ფარაონის შემთხვევაში. იეჰოვამ წინასწარ იცოდა, რომ ფარაონი ისრაელებს არ დართავდა წასვლის ნებას, თუ ძლიერი ხელი არ აიძულებდა (გმ. 3:19, 20). იეჰოვამ ისიც განსაზღვრა, რომ მოავლენდა სასჯელს, რომლის დროსაც პირმშოები დაიხოცებოდნენ (გმ. 4:22, 23). ზოგი არასწორად განმარტავს პავლეს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოეპყრო ღმერთი ფარაონს. მათი აზრით, ღმერთი თავისი განზრახვის შესასრულებლად თვითნებურად უქვავებს გულებს ადამიანებს იმისდა მიუხედავად, როგორია მათი გულის მდგომარეობა (რმ. 9:14—18). როგორც ბიბლიის მრავალ თარგმანში ვკითხულობთ, ღმერთმა მოსეს უთხრა, რომ გულს გაუსასტიკებდა ფარაონს (გმ. 4:21; შდრ. გმ. 9:12; 10:1, 27). თუმცა ზოგ თარგმანში ვკითხულობთ, რომ იეჰოვამ დაუშვა, „გული გაკადნიერებოდა“ (Ro), „გაჯიუტებოდა ფარაონს“ (აქ). როდერემისეული თარგმანის დანართში მოყვანილია ამგვარი თარგმანის მხარდამჭერი არგუმენტები. მასში ნათქვამია, რომ ებრაულ ენაში ხშირად ამა თუ იმ მოვლენის მიზეზად წარმოდგენილია ხელშემწყობი გარემო ან მისი განვითარების პროცესში ჩაურევლობა. ზოგჯერ „პირდაპირი მითითებაც კი სხვა არაფერია, თუ არა ნებართვის მიცემა“. მაგალითად, ებრაულ დედანში გამოსვლის 1:17-ში სიტყვასიტყვით ნათქვამია, რომ ბებიაქალები „აცოცხლებდნენ ბიჭებს“, სინამდვილეში კი ნებას რთავდნენ, რომ ეცოცხლათ ანუ არ კლავდნენ. ებრაისტების — კალიშის, გესენიუსისა და დეივისის — ციტირების შემდეგ როდერემი აღნიშნავს, რომ ფარაონთან დაკავშირებული ებრაული ტექსტის არსი შემდეგში მდგომარეობს: „ღმერთმა დაუშვა, რომ ფარაონს გაექვავებინა გული, დაინდო და საშუალება მისცა, გამოემჟღავნებინა თავისი ბოროტება. ეს არის და ეს“ (The Emphasised Bible, დანართი, გვ. 919; შდრ. ეს. 10:5—7).
ამგვარ ახსნას სხვა მუხლებიც უჭერს მხარს, სადაც ფარაონზე პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „გაისასტიკა გული“ (გმ. 8:15, 32, სსგ; „გაიჯიუტა გული“, აქ). ასე რომ, ის საკუთარი სურვილისა და სიჯიუტისამებრ მოქმედებდა, რისი შედეგებიც იეჰოვამ ზუსტად განჭვრიტა და იწინასწარმეტყველა. იეჰოვამ არაერთხელ მისცა ფარაონს არჩევნის გაკეთების საშუალება. ყოველი ახალი არჩევნის წინაშე მდგომი ფარაონი უფრო და უფრო ჯიუტდებოდა (შდრ. ეკ. 8:11, 12). მოციქულმა პავლემ გამოსვლის 9:16-ის ციტირებისას ახსნა, რომ იეჰოვამ თავისი ძალის საჩვენებლად და მთელი დედამიწისთვის თავისი სახელის საუწყებლად დაუშვა მოვლენების ასე განვითარება თვით ბოლო (მეათე) სასჯელამდე (რმ. 9:17, 18).
წინასწარ განსაზღვრა წინასწარმეტყველების შესასრულებლად ღმერთმა, რომ იუდა იესოს გასცემდა?
იუდა ისკარიოტელის ღალატით ღვთიური წინასწარმეტყველება შესრულდა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ღმერთსა და მის ძეს აქვთ წინასწარგანჭვრეტის უნარი (ფს. 41:9; 55:12, 13; 109:8; სქ. 1:16—20). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთმა წინასწარ განაწესა ან წინასწარ განსაზღვრა, რომ მოღალატე სწორედ იუდა იქნებოდა. წინასწარმეტყველებების თანახმად, იესოს ახლობელი გასცემდა, თუმცა კონკრეტულად არ იყო ნაწინასწარმეტყველები მისი ვინაობა. ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე შეუძლებელია, ღმერთს წინასწარ განესაზღვრა იუდას ქმედებები. მოციქულმა პავლემ ღვთიური პრინციპი ასე ჩამოაყალიბა: „არავის დაადო ხელი ნაჩქარევად და ნურც სხვათა ცოდვების თანამონაწილე იქნები. სუფთად დაიცავი თავი“ (1ტმ. 5:22; შდრ. 3:6). იესოს სურდა, გონივრულად და სწორად შეერჩია 12 მოციქული, რაც იქიდანაც ჩანს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მთელი ღამე ლოცვაში გაატარა (ლკ. 6:12—16). თუ ღმერთს წინასწარვე ჰქონდა განსაზღვრული, რომ გამცემი იუდა უნდა ყოფილიყო, ის თავისივე მითითებების წინააღმდეგ წასულა და, ზემოაღნიშნული პრინციპის თანახმად, ცოდვის თანამონაწილე გამხდარა.
აქედან გამომდინარე, მოციქულად არჩევის დროს იუდას გულში ვერაგობა არ ჰქონია. მან გულში შხამიან ფესვს გაუკვალა გზა, ამიტომ ღვთის ხელმძღვანელობის ნაცვლად, ეშმაკის ნებას დაჰყვა, რის შედეგადაც ქურდი და მოღალატე გახდა (ებ. 12:14, 15; ინ. 13:2; სქ. 1:24, 25; იაკ. 1:14, 15; იხ. იუდა №13). იუდას გულში განდგომილების პროცესის დაწყებიდან რაღაც ეტაპზე იესოს შეეძლო დაენახა, რა ხდებოდა მის გულში და განესაზღვრა, რომ მოღალატე ის გახდებოდა (ინ. 13:10, 11).
იოანეს 6:64-ში ნათქვამია, რომ ერთხელ იესოს ზოგიერთი მოწაფე მისმა სწავლებამ დააბრკოლა: „იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ იყვნენ ისინი, ვისაც არ სწამდა და ვინ გასცემდა მას“. ბერძნული სიტყვა, რომელიც ამ მუხლში ნათარგმნია როგორც „თავიდანვე“ (ბერძ. არქე), 2 პეტრეს 3:4-შიც გვხვდება და მიუთითებს შემოქმედების დასაწყისზე. ეს სიტყვა შეიძლება დროის სხვა მონაკვეთის დასაწყისზეც მიუთითებდეს (ლკ. 1:2; ინ. 15:27). მაგალითად, როცა მოციქული პეტრე ამბობდა, უცხოტომელებზე წმინდა სული ისე გადმოვიდა, „როგორც ჩვენზე თავდაპირველადო“, აშკარაა, რომ ის არ გულისხმობდა მოწაფეობის ან მოციქულობის დასაწყისს, არამედ მნიშვნელოვან თარიღს მის მსახურებაში, კერძოდ, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს, როცა გარკვეული მიზნით წმინდა სული პირველად გადმოვიდა მოწაფეებზე (სქ. 11:15; 2:1—4). გერმანელი თეოლოგის, ლანგეს ერთ-ერთ ნაშრომში იოანეს 6:64-თან დაკავშირებით საინტერესო კომენტარია გაკეთებული: «სიტყვა „თავიდანვე“ ... არ ნიშნავს მეტაფიზიკური თვალსაზრისით ყოველივეს დასაწყისს ... არც მოწაფეებთან [იესოს] ნაცნობობის ... არც მოწაფეთა არჩევის და არც მისი მესიანური მსახურების დასაწყისს ... არამედ გულში გაჩენილი ურწმუნოების პირველ ნიშანწყალს [რამაც მოწაფეები დააბრკოლა]. იესომ ამ გაგებით იცოდა თავიდანვე, ვინ იყო მისი გამცემი» (Commentary on the Holy Scriptures, 1976, გვ. 227, მთარგმნელი და რედაქტორი ფ. შაფი; შდრ. 1ინ. 3:8, 11, 12).
მესიის წინასწარგანწესება. ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა და განსაზღვრა, რომ მესია უნდა დატანჯულიყო, მომკვდარიყო და აღმდგარიყო (სქ. 2:22, 23, 30, 31; 3:18; 1პტ. 1:10, 11). ღვთის მიერ წინასწარგანჭვრეტილი მოვლენების შესრულება ნაწილობრივ ღვთის ძალაზე იყო დამოკიდებული, ნაწილობრივ კი ადამიანთა ქმედებებზე (სქ. 4:27, 28). ეს ადამიანები თავისი ნებით დაჰყვნენ ღვთის მოწინააღმდეგეს, სატანა ეშმაკს (ინ. 8:42—44; სქ. 7:51—54). თუ პავლეს დროს მცხოვრები ქრისტიანებისთვის არ ყოფილა უცნობი სატანის ზრახვები, მით უმეტეს ღმერთისთვის, რომელსაც შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა, რა ბოროტ სურვილებსა და მეთოდებს გამოიყენებდა ეშმაკი იესო ქრისტეს, ღვთის ცხებულის წინააღმდეგ (2კრ. 2:11). აშკარაა, რომ ღმერთი თავადაც შეაჩერებდა მესიაზე თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ნაწინასწარმეტყველებ დროსა თუ ვითარებას არ დაემთხვეოდა (შდრ. მთ. 16:21; ლკ. 4:28—30; 9:51; ინ. 7:1, 6—8; 8:59).
განგების მომხრეებს არგუმენტად მოჰყავთ მოციქული პეტრეს სიტყვები, რომელთა თანახმადაც „ქვეყნიერების [კოსმუ] შექმნამდე [ბერძნული სიტყვის კატაბოლეს ერთ-ერთი ფორმა] უკვე ცნობილი იყო“ ქრისტეს, შესაწირავად განკუთვნილი ღვთის კრავის შესახებ. ისინი თვლიან, რომ ღმერთმა ეს ყველაფერი კაცობრიობის შექმნამდე განჭვრიტა (1პტ. 1:19, 20). „შექმნად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა კატაბოლე, სიტყვასიტყვით ძირს ჩამოგდებას ნიშნავს და ზოგ შემთხვევაში მიუთითებს თესლის განაყოფიერებაზე, როგორც ეს ებრაელების 11:11-შია. ებრაელების 4:3, 4-დან ვიგებთ, რომ კაცობრიობა მაშინ შეიქმნა, როცა ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი შექმნა. მართალია, პირველმა ადამიანებმა დაკარგეს ღვთის შვილობის უპირატესობა (დბ. 3:22—24; რმ. 5:12), მაგრამ ღმერთს თავისი წყალობიდან გამომდინარე მათთვის არ წაურთმევია განაყოფიერებისა და შთამომავლობის ყოლის უნარი. როგორც ბიბლიიდან ჩანს, მათმა ერთ-ერთმა ვაჟმა, აბელმა, წყალობა პოვა ღვთის თვალში და გამოსყიდვისა და ხსნის შესაძლებლობა მიიღო (დბ. 4:1, 2; ებ. 11:4). აღსანიშნავია, რომ ლუკას 11:49—51-ში იესომ მოიხსენია „ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც კი ქვეყნიერების შექმნიდან დაღვრილა“, შემდეგ კი დააკონკრეტა, „აბელის სისხლიდან ზაქარიას სისხლამდე“. ამგვარად, იესომ აბელი „ქვეყნიერების შექმნას“ დაუკავშირა.
მესია ანუ ქრისტე უნდა ყოფილიყო აღთქმული შთამომავალი, რომლის მეშვეობითაც იკურთხებოდნენ მართალი ადამიანები დედამიწის ყველა ერიდან (გლ. 3:8, 14). შთამომავალი ღმერთმა პირველად ედემში მომხდარი ურჩობის შემდეგ მოიხსენია, როცა აბელი ჯერ დაბადებული არ იყო (დბ. 3:15). ამ სიტყვების წარმოთქმიდან დაახლოებით 4 000 წლის შემდეგ გაცხადდა „წმინდა საიდუმლო“ და აშკარა გახდა, ვინ იყო ცხებული შთამომავალი. მართლაც, აღთქმული შთამომავლის ვინაობა „დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო“ (რმ. 16:25—27; ეფ. 1:8—10; 3:4—11).
თავის მიერ დანიშნულ დროს იეჰოვა ღმერთმა თავის პირმშოს ნაწინასწარმეტყველები შთამომავლისა და მესიის როლი დააკისრა. არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ღმერთმა თავისი ძე მის შექმნამდე ან თუნდაც ედემში მომხდარ ურჩობამდე განაწესა ამ დავალების შესასრულებლად. ღმერთს უსაფუძვლოდ არ აურჩევია ის წინასწარმეტყველებების შემსრულებლად. ვიდრე დედამიწაზე მოავლენდა, ახლო ურთიერთობის შედეგად ღმერთმა იმდენად კარგად გაიცნო თავისი ძე, რომ დარწმუნებული იყო, ძის მეშვეობით ზედმიწევნით შესრულდებოდა ყველა წინასწარმეტყველური დაპირება თუ ნიმუში (შდრ. რმ. 15:5; ფლ. 2:5—8; მთ. 11:27; ინ. 10:14, 15; იხ. იესო ქრისტე [გამონაცადი და გასრულყოფილებული]).
მოწოდებულთა და რჩეულთა წინასწარგანწესება. ბიბლიის მრავალი მუხლი საუბრობს მოწოდებულ და რჩეულ ქრისტიანებზე (იუდ. 1; მთ. 24:24). მათზე ნათქვამია, რომ ისინი არიან „რჩეულები მამის, ღვთის წინასწარგანჭვრეტით“ (1პტ. 1:1, 2), ქვეყნიერების გაჩენამდე არჩეულნი, ღვთის შვილობისთვის წინასწარ განწესებულნი (ეფ. 1:3—5, 11) და დასაწყისიდანვე ხსნისთვის ამორჩეულნი (2თს. 2:13, 14). ეს მუხლები სწორად რომ გავიგოთ, ჯერ იმაში უნდა გავერკვეთ, რას ეხება ისინი — კონკრეტული ადამიანების თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის, კერძოდ, ქრისტიანული კრების, „ერთი სხეულის“ (1კრ. 10:17), იესოს ზეციერი სამეფოს თანამემკვიდრეების წინასწარგანწესებას (ეფ. 1:22, 23; 2:19—22; ებ. 3:1, 5, 6).
თუ ამ მუხლებში მარადიული ხსნისთვის კონკრეტული ადამიანების წინასწარგანწესება იგულისხმება, გამოდის, რომ ისინი არასდროს განდგებიან და არასდროს დაკარგავენ რჩეულობას, რადგან შეუძლებელია გამტყუნდეს ის, რაც ღმერთს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი. მაგრამ იმავე მოციქულებმა, რომლებმაც ღვთის შთაგონებით ზემოხსენებული სიტყვები დაწერეს, ისიც აღნიშნეს, რომ ქრისტეს გამოსასყიდით ნაყიდთაგან და განწმენდილთაგან ზოგიერთი, „ვინც გემო გაუსინჯა ზეციურ უსასყიდლო ძღვენს და ეზიარა წმინდა სულს ... და მომავლის ძლიერებას“, განდგებოდა, არ მოინანიებდა და განადგურდებოდა (2პტ. 2:1, 2, 20—22; ებ. 6:4—6; 10:26—29). ეს მოციქულები ერთსულოვნად ურჩევდნენ თანამორწმუნეებს: „უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში, ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით“; „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (2პტ. 1:10, 11; ფლ. 2:12—16). პავლე, „იესო ქრისტეს მოციქულად მოწოდებული“ (1კრ. 1:1), არ ფიქრობდა, რომ წინასწარ იყო მარადიული ხსნისთვის განწესებული. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ის ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა მიეღწია მიზნისთვის, „ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოსთვის“ (ფლ. 3:8—15) და ფხიზლობდა, რომ თავად არ აღმოჩენილიყო უღირსი (1კრ. 9:27).
ასეთებს „სიცოცხლის გვირგვინი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ განსაცდელების მიუხედავად სიკვდილამდე ერთგულები დარჩებიან (გმც. 2:10, 23; იაკ. 1:12). მათ შეიძლება დაკარგონ ღვთის ძის თანამმართველთათვის განკუთვნილი გვირგვინი (გმც. 3:11). მოციქული პავლე დარწმუნებით ამბობდა, რომ „სიმართლის გვირგვინი“ ენახებოდა, მაგრამ როცა მან ეს სიტყვები წარმოთქვა, სარბიელი ბოლომდე ჰქონდა გავლილი და მისი სიკვდილი მოახლოებული იყო (2ტმ. 4:6—8).
მაგრამ, თუ ზემოხსენებულ მუხლებში ადამიანთა ჯგუფი, კერძოდ, ქრისტიანული კრება, იგივე „წმინდა ერი“ იგულისხმება (1პტ. 2:9), ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა და განსაზღვრა ამ ჯგუფის (და არა ამ ჯგუფში შემავალი კონკრეტული ადამიანების) გამოჩენა. ეს მუხლები იმაზეც მიუთითებს, რომ ღმერთმა თავისი განზრახვიდან გამომდინარე წინასწარ განსაზღვრა, როგორები უნდა ყოფილიყვნენ ამ ჯგუფის წევრები (რმ. 8:28—30; ეფ. 1:3—12; 2ტმ. 1:9, 10) და რა საქმეები უნდა ეკეთებინათ, აგრეთვე ისიც, რომ ქვეყნიერებაში გასაჭირი ექნებოდათ, რაც მათ რწმენას გამოცდიდა (ეფ. 2:10; 1თს. 3:3, 4).
დამატებითი ინფორმაცია იმ მუხლების შესახებ, რომლებშიც სიცოცხლის წიგნში ჩაწერილ სახელებზეა საუბარი, იხ. სტატიაში სახელი.
ფატალიზმი და განგება. ძველ დროში მცხოვრები წარმართი ხალხები, მათ შორის ბერძნები და რომაელები, მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ბედს, განსაკუთრებით კი მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას, ღმერთები წინასწარ განსაზღვრავდნენ. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ადამიანის ბედი სამი ქალღმერთის ხელში იყო: კლოთო, იგივე კლოთი (მრთველი), რომელიც სიცოცხლის ძაფს ართავდა, ლაქესისი, იგივე ლაქეზისი, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავდა, და ატროპე, იგივე ატროპოსი (გარდაუვალი), რომელიც სიცოცხლის ძაფს ჭრიდა, როცა დრო ამოიწურებოდა. მსგავსი ტრიადა რომაულ პანთეონშიც მოიძებნება.
როგორც ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი (ახ. წ. I) გვამცნობს, ფარისევლები ცდილობდნენ, ბედისწერის მოძღვრება, ღვთის რწმენა და ადამიანისთვის ბოძებული ნების თავისუფლების ცნება ერთმანეთისთვის მოერგოთ („იუდეველთა ომი“, II, 162, 163 (viii, 14), ინგლ.; „იუდეველთა სიძველენი“, XVIII, 13, 14 (i, 3), ინგლ.). ერთ-ერთ რელიგიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ავგუსტინემდე [ახ. წ. IV-V] ქრისტიანულ თეოლოგიაში განგების მოძღვრების დამუშავების სერიოზული მცდელობა არ ყოფილა“ (The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge). სხვა ენციკლოპედიაში კი ვკითხულობთ, რომ ავგუსტინემდე ე. წ. ეკლესიის მამებისთვის, კერძოდ, იუსტინესთვის, ორიგენესა და ირინეოსისთვის „სრულიად უცხო იყო იდეა აბსოლუტური განგების შესახებ. ისინი ნების თავისუფლებას ასწავლიდნენ“ (Encyclopædia of Religion and Ethics, ჯ. ჰეისტინგზი, 1919, ტ. X, გვ. 231). გნოსტიციზმის წინააღმდეგ არგუმენტირებისას ისინი არაერთხელ გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებას, რომლის თანახმადაც ნების თავისუფლება არის „ადამიანის ბუნების თავისებურება, მორალური პასუხისმგებლობის ფუნდამენტი, ღვთიური ძღვენი, რის წყალობითაც ადამიანს შეუძლია თავისი არჩევნით ასიამოვნოს ღმერთს“. ისინი საუბრობდნენ „პიროვნების ავტონომიაზე და ღვთის ნებაზე, რომელიც არავის არაფერს აიძულებს“ (The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge, ს. ჯექსონის რედაქციით, 1957, ტ. IX, გვ. 192, 193).