თავი 86
გზასაცდენილი შვილის დაბრუნება
იესოს მაგალითი მოჰყავს გზასაცდენილ შვილზე
როგორც ჩანს, იესო ჯერ კიდევ იორდანეს აღმოსავლეთით, პერეაში იყო, როცა მაგალითები მოიყვანა დაკარგულ ცხვარსა და დრაქმაზე. ამ მაგალითებით იესოს იმის დანახვება სურდა, რომ მთელი გულით უნდა გავიხაროთ მაშინ, როცა შემცოდველი ინანიებს და იეჰოვასთან ბრუნდება. ფარისევლები და მწიგნობრები იესოს იმის გამო განსჯიან, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობს. მაგრამ საინტერესოა, ისწავლეს კი რამე იესოს მიერ მოყვანილი მაგალითებიდან? გააცნობიერეს, რას გრძნობს ჩვენი ზეციერი მამა მომნანიე ცოდვილების მიმართ? იესოს ახლა კიდევ ერთი გულის ამაჩუყებელი მაგალითი მოჰყავს, რისი მეშვეობითაც ამავე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
ეს მაგალითი ერთ მამაზეა, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავს. ამ მაგალითში მთავარი მოქმედი პირი უმცროსი ვაჟია. ფარისევლებსა და მწიგნობრებს სხვა შეკრებილებთან ერთად ნამდვილად ბევრის სწავლა შეუძლიათ იქიდან, რასაც იესო უმცროს ვაჟზე ჰყვება. თუმცა არც მამისა და უფროსი ვაჟის საქციელი უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რადგან მათგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ასე რომ, კარგად დაუკვირდით სამივე პერსონაჟის საქციელს.
«ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა, — ჰყვება იესო. — უმცროსმა უთხრა მამას: „მამა, მომეცი ჩემი წილი საკუთრება“. მანაც გაუყო შვილებს ქონება» (ლუკა 15:11, 12). ალბათ, შენიშნეთ, უმცროსი ვაჟი მემკვიდრეობას იმიტომ არ ითხოვს, რომ მამამისი უკვე მოკვდა; ის ჯერ კიდევ ცოცხალია. მიუხედავად ამისა, ვაჟს თავისი წილის მიღება ახლავე სურს, რომ დამოუკიდებელი გახდეს და ისე იცხოვროს, როგორც თავად მოისურვებს.
„მოგვიანებით, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, — აგრძელებს იესო. — უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, შორეულ ქვეყანაში წავიდა და თავისი ქონება აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა“ (ლუკა 15:13). ნაცვლად იმისა, რომ თავის სახლში დარჩეს, სადაც მზრუნველი მამის მფარველობის ქვეშ უსაფრთხოდ იქნება, იგი სხვა ქვეყანაში მიდის. იქ ვნებას აყოლილი მთელ თავის ქონებას ანიავებს. მაგრამ შემდეგ, როგორც იესოს მონათხრობიდან ვხედავთ, რთული დღეები უდგება.
„როცა ყველაფერი დახარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა დაიწყო და გაუჭირდა. წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი ღორების მწყემსად გაგზავნა მინდორში. ნატრობდა, ღორების საჭმელი კერატით გამძღარიყო, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა“ (ლუკა 15:14—16).
ღვთის კანონის თანახმად, ღორები უწმინდურ ცხოველებად ითვლებოდნენ. იგი კი სწორედ ღორების მწყემსი ხდება. ისეთ დღეშია, რომ შიმშილისგან ლამის სული ამოხდეს; ღორების საჭმელიც კი სანატრელი უხდება. ამ გასაჭირსა და უბედურებაში მყოფი გონს მოდის და თავისთვის ამბობს: „მამაჩემს ამდენი მოჯამაგირე ჰყავს და ყველას უხვად აქვს პური, მე კი აქ შიმშილით ვკვდები! ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის წინაშე და შენ წინაშე. აღარა ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას. მოჯამაგირედ დამიყენე-მეთქი“. შემდეგ დგება და მამასთან ბრუნდება (ლუკა 15:17—20).
როგორ შეხვდება მამა თავის ვაჟს? რას გააკეთებს თავდაპირველად — დატუქსავს და განურისხდება, ასე უგუნურად რომ მოიქცა და სახლიდან წავიდა? ცივად შეხვდება და არაფრად ჩააგდებს? თქვენ როგორ მოიქცეოდით, მის ადგილას რომ ყოფილიყავით? რას გააკეთებდით, თუ ასე თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი მოგექცეოდათ?
დაკარგული შვილი გამოჩნდა
იესო აღწერს, რას გრძნობს მამა და როგორ იქცევა: „როცა [ვაჟი] ჯერ კიდევ შორს იყო, მამამისმა დაინახა და გული დაეწვა. გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა“ (ლუკა 15:20). მამას შესაძლოა გაგებული აქვს, თუ რა აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა მისი ვაჟი, მაგრამ მაინც მზადაა მის მისაღებად. დაინახავენ ამ მაგალითიდან ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იცნობენ და თაყვანს სცემენ იეჰოვას, თუ რა დამოკიდებულება აქვს ზეციერ მამას მომნანიე შემცოდველის მიმართ? მიხვდებიან, რომ იესოსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს და ამიტომ იღებს ასე გულთბილად ცოდვილებს?
გულბრძენ მამას ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, შვილის ნატანჯ სახეზე ამოეკითხა, თუ როგორ ინანიებდა იგი. მამის ასეთი თბილი დახვედრა, თავის მხრივ, შვილს უფრო უადვილებს ცოდვების აღიარებას. აი, რას ეუბნება შვილი მამას: „მამა, შევცოდე ზეცის წინაშე და შენ წინაშე. აღარა ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას“ (ლუკა 15:21).
მამა თავის მონებს ეუბნება: „სასწრაფოდ გამოუტანეთ საუკეთესო გრძელი სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით. გამოიყვანეთ ნასუქი მოზვერი და დაუკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“. ამის შემდეგ იწყება მხიარულება (ლუკა 15:22—24).
ამ დროს უფროსი ვაჟი მინდორშია. იესო მის შესახებ ამბობს: «შინისაკენ მიმავალს, სახლს როცა უახლოვდებოდა, მუსიკისა და ცეკვის ხმა შემოესმა. ერთ მსახურს დაუძახა და ჰკითხა, რა ხდებაო. მან უპასუხა, შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი მოზვერი დაუკლა, რადგან ჯანმრთელი დაუბრუნდაო. ის კი განრისხდა და არ უნდოდა შიგნით შესვლა. მამამისი გამოვიდა და ეხვეწებოდა, შემოდიო. მან მიუგო: „ამდენი წელია მონასავით გემსახურები, შენი მცნება არასდროს დამირღვევია, შენ კი ერთი თიკანიც არ მოგიცია, რომ მეგობრებთან მემხიარულა. მაგრამ როგორც კი მოვიდა ეგ შენი ვაჟი, რომელმაც მთელი შენი ქონება მეძავებში გაფლანგა, ნასუქი მოზვერი დაუკალი“» (ლუკა 15:25—30).
ვის აქვს უფროსი ვაჟის მსგავსი დამოკიდებულება და ვინ განსჯის იესოს იმის გამო, რომ გულმოწყალებას და ყურადღებას ავლენს უბრალო ხალხისა და ცოდვილების მიმართ? ესენი მწიგნობრები და ფარისევლები არიან. იესომ ეს მაგალითი სწორედ ამიტომ მოიყვანა. რა თქმა უნდა, ყველა, ვინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ღმერთი გულმოწყალებას ავლენს, კარგად უნდა დაფიქრდეს, რის სწავლება სურს ახლა მათთვის იესოს.
იესო მაგალითს მამის სიტყვებით ასრულებს, რომელიც თავის უფროს ვაჟს მიმართავს: „შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და რაც მაქვს, ყველაფერი შენია, მაგრამ უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“ (ლუკა 15:31, 32).
იესო არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ საბოლოოდ როგორ იქცევა უფროსი ვაჟი. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ „რწმენას უამრავი მღვდელიც იღებდა“ (საქმეები 6:7). შესაძლოა ამ მღვდლებს შორის ისინიც იყვნენ, ვინც იესოს მიერ გზასაცდენილ ვაჟზე მოყვანილი ეს შთამბეჭდავი მაგალითი თავისი ყურით მოისმინა. დიახ, ასეთი ადამიანებიც კი მოეგნენ გონს, მოინანიეს და ღმერთს დაუბრუნდნენ.
იესოს მოწაფეები მოვალენი არიან, ყურად იღონ ის, რაც იესომ ამ მაგალითით ასწავლა მათ და ეს ნამდვილად არ აღემატება მათ ძალებს. ყველაზე მთავარი კი, რაც ამ მაგალითიდან უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ მოსიყვარულე და მზრუნველი ზეციერი მამის მფარველობის ქვეშ, მის ხალხს შორის უსაფრთხო გარემოში დავრჩეთ ნაცვლად იმისა, რომ ხორციელ სურვილებს აყოლილნი „შორეულ ქვეყანაში“ წავიდეთ და უგზო-უკვლოდ ხეტიალს მოვყვეთ; თუ ასე მოვიქცევით, ეს ყველაზე ბრძნული არჩევანი იქნება.
ამ მაგალითიდან იმასაც ვსწავლობთ, რომ თუ რომელიმე ჩვენგანი ასცდება ღვთის გზას, ზეციერი მამის კეთილგანწყობის დასაბრუნებლად თავი უნდა დავიმდაბლოთ და დავუბრუნდეთ მას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე, რაც ამ მაგალითიდან იკვეთება, ისაა რომ, მამა და უფროსი ვაჟი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული განწყობით იღებენ თავიანთ ოჯახის წევრს. მაშინ, როცა მამა რბილ ხასიათს ავლენს და პატიობს შვილს, უფროსი ვაჟი გულმოსულია და თავისი ძმის დანახვაც კი არ სურს. როგორც ვხედავთ, ღვთის მსახურები მიმტევებლები უნდა იყვნენ და მთელი გულით მიიღონ ის, ვინც გზას ასცდა, მაგრამ ახლა გულწრფელად ინანიებს და ბრუნდება, ასე ვთქვათ, თავისი მამის სახლში. მოდი, ყველა ჩვენგანმა გავიხაროთ, თუ ჩვენი ძმა, რომელიც მკვდარი იყო, გაცოცხლდა, „დაკარგული იყო და გამოჩნდა“!