ღორი
[ბერძ. ქეროს; ჰის (ნეზვი); ებრ. ხაზირ (ღორი, ტახი)]
შინაური ღორი (Sus domestica) საშუალო ზომის მოკლეფეხება წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარია, რომელსაც მძიმე ტანი, მაგარი ჯაგრით დაფარული სქელი კანი, სოლივით წაწვეტებული დინგი და მოკლე კისერი და კუდი აქვს. ღორი არ იცოხნის, ამიტომ მოსეს კანონით მისი საკვებად გამოყენება და შეწირვა იკრძალებოდა (ლვ. 11:7; კნ. 14:8).
მართალია, იეჰოვას ღორის ხორცის ჭამა მაინცდამაინც ჯანმრთელობის დაცვის მიზნით არ აუკრძალავს, მაგრამ, როგორც ადრე, ისე დღესაც ღორის ხორცის საკვებად გამოყენება გარკვეულ საფრთხესთან არის დაკავშირებული. ღორი განურჩევლად ჭამს ყველაფერს, მათ შორის ცხოველის ლეშსა და შიგნეულს, ამიტომ ის ადვილად ხდება ტრიქინელოზის, ასკარიდოზისა თუ სხვა დაავადებების გამომწვევი პარაზიტების გადამტანი.
ისრაელებში ღორი განსაკუთრებულ ზიზღს იწვევდა. „რაღა ძღვნის მომტანი და რაღა ღორის სისხლის შემწირველი!“ — იეჰოვას ამ სიტყვებიდან ჩანს, რამდენად საზიზღარი იყო მისთვის განდგომილი ისრაელების თაყვანისცემა (ეს. 66:3). ისრაელებისთვის ცოტა რამ თუ ჩაითვლებოდა იმაზე შეუფერებლად, ვიდრე ღორის დინგზე ოქროს რგოლი. ამიტომაც არის იგავების 11:22-ში ლამაზი, მაგრამ უგუნური ქალი ასეთ ღორს შედარებული.
მართალია, განდგომილი ისრაელები ღორის ხორცს ჭამდნენ (ეს. 65:4; 66:17), მაგრამ როგორც არაკანონიკური წიგნებიდან, პირველი (1:63) და მეორე მაკაბელებიდან (6:18, 19; 7:1, 2), ვიგებთ, იმ დროს, როცა სირიის მეფე ანტიოქე IV ეპიფანე პალესტინაში ბატონობდა და მთელი სისასტიკით ცდილობდა იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღმოფხვრას, მრავალმა ებრაელმა უარი თქვა ღორის ხორცის ჭამაზე და ღვთის კანონის დარღვევას მეფის ბრძანების დარღვევა და სიკვდილი ამჯობინა.
ღორის ხორცს ზოგიერთი სხვა ერიც არ ჭამდა, მაგრამ ბერძნებისთვის ის დელიკატესად ითვლებოდა. შესაძლოა, სწორედ ელინისტური კულტურის გავლენამ განაპირობა ის, რომ იესო ქრისტეს დედამიწაზე მსახურების დროს პალესტინაში საკმაოდ ბევრი ღორი ჰყავდათ, განსაკუთრებით დეკაპოლისში. მაგალითად, გადარელთა მხარეში ერთ კოლტში დაახლოებით 2 000 ღორი იყო. როცა იესომ დემონებს ამ დიდ კოლტში შესვლის ნება დართო, ყველა ღორი კბოდედან ერთიანად ზღვაში გადაეშვა და დაიხრჩო (მთ. 8:28—32; მრ. 5:11—13).
ღორის კოლტში შესული დემონები. იესოს ვერ დავადანაშაულებთ იმის გამო, რომ დემონებს ღორებში შესვლის უფლება მისცა, მით უმეტეს, რომ ბიბლია ყველა ფაქტორს არ მოიხსენიებს, მაგალითად, იყვნენ თუ არა ღორების პატრონები ებრაელები, და შესაბამისად კანონის დამრღვევები. იესო ვალდებული არ იყო, წინასწარ განეჭვრიტა, თუ რას დამართებდნენ დემონები ამ უწმინდურ ცხოველებს. შესაძლოა, დემონებმა ღორებში შესვლა თავიანთი არაბუნებრივი სადისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად მოინდომეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი გაცილებით ძვირფასია ღორის კოლტზე (მთ. 12:12). და ვინაიდან ყველა ცხოველი იეჰოვას, მათ შემოქმედს ეკუთვნის, იესოს, როგორც ღვთის წარმომადგენელს, სრული უფლება ჰქონდა, დემონებისთვის ღორის კოლტში შესვლის ნება მიეცა (ფს. 50:10; ინ. 7:29). ორი მამაკაცისგან განდევნილმა და კოლტში შესულმა დემონებმა აშკარად გამოხატეს თავიანთი აგრესია. ამგვარად თვითმხილველები იმის მოწმენი გახდნენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ ხორციელ ქმნილებებს მათში შესული დემონები. ამ შემთხვევამ ისინი იმაშიც დაარწმუნა, რომ იესოს ძალაუფლება ჰქონდა დემონებზე, დემონები კი თავის მხრივ ხორციელ ქმნილებებზე ფლობდნენ ძალაუფლებას. სწორედ ამ ფაქტორებით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ მისცა იესომ უწმინდურ სულებს ღორებში შესვლის უფლება.
თვალსაჩინო მაგალითებში. იმის ასახსნელად, თუ რამდენად აზრმოკლებულია სულიერი აზრებისა და სწავლებების გაზიარება მათთვის, ვინც ასეთ საკითხებს არაფრად აგდებს, იესომ მაგალითად ღორი მოიყვანა, რომელიც ვერ იგებს მარგალიტის ფასს (მთ. 7:6). გზასაცდენილ შვილზე მოყვანილ მაგალითში იესომ ის აზრიც ჩართო, რომ ამ ახალგაზრდამ ებრაელებისთვის ყველაზე საძულველ საქმეს, ღორების მწყემსვას მიჰყო ხელი და მზად იყო, მათი საჭმელიც კი ეჭამა. ასე თვალსაჩინოდ დაანახვა მან მსმენელს გზასაცდენილი შვილის სავალალო მდგომარეობა (ლკ. 15:15, 16).
ქრისტიანი, რომელიც ძველი ცხოვრების წესს უბრუნდება, მოციქულმა პეტრემ ტალახში საგორაოდ წასულ დაბანილ ღორს შეადარა (2პტ. 2:22). თუმცა პეტრემ ეს მაგალითი მხოლოდ ზოგადი პრინციპის დასანახვებლად მოიყვანა და არა ღორის დასახასიათებლად. ბუნებრივ პირობებში ღორი სხვა ცხოველებზე ბინძური არ არის, თუმცა მას დროდადრო უყვარს ტალახში გორაობა სიცხეში გასაგრილებლად და კანიდან პარაზიტების მოსაცილებლად.