ლუკას სახარება
15 მიდიოდნენ იესოსთან მებაჟეები და ცოდვილები, რომ მოესმინათ მისთვის.+ 2 ფარისევლები და მწიგნობრები დრტვინავდნენ, ცოდვილებს იღებს და მათთან ერთად ჭამსო. 3 იესომ მათ ასეთი მაგალითი მოუყვანა: 4 „რომელიმე თქვენგანს უკაცრიელ ადგილას 100 ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს იქ 99-ს, არ წავა და არ მოძებნის დაკარგულს?!+ 5 როცა იპოვის, გაიხარებს და მხრებზე შეისვამს. 6 სახლში რომ დაბრუნდება, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო.+ 7 გეუბნებით: ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო უფრო დიდი სიხარული იქნება ზეცაში,+ ვიდრე 99 მართლის გამო, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ.
8 ქალს რომ ათი დრაქმა ჰქონდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას?! 9 როცა იპოვის, დაუძახებს თავის მეგობრებსა და მეზობლებს, და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული დრაქმა ვიპოვეო. 10 გეუბნებით: ასევე ხარობენ ღვთის ანგელოზები ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო“.+
11 შემდეგ განაგრძო: «ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. 12 უმცროსმა მამას უთხრა: „მამა, მომეცი ჩემი წილი ქონება“. მანაც გაუყო შვილებს ქონება. 13 ცოტა ხანში უმცროსმა ვაჟმა თავი მოუყარა მთელ თავის ქონებას, შორეულ ქვეყანაში წავიდა, თავაშვებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი და რაც ჰქონდა, ყველაფერი გაფლანგა. 14 როცა აღარაფერი დარჩა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაუჭირდა. 15 წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში მეღორედ+ გაუშვა. 16 ღორების საჭმელს ნატრობდა, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა.
17 გონს რომ მოეგო, თქვა: „მამაჩემს ბევრი მოჯამაგირე ჰყავს და ყველას უხვად აქვს პური, მე კი აქ შიმშილით ვკვდები! 18 ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი, მამა, ზეცის წინაშეც შევცოდე და შენ წინაშეც, 19 აღარ ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას, მოჯამაგირედ დამიყენე-მეთქი“. 20 ადგა და მამამისთან წავიდა. მამამ შვილს შორიდანვე მოჰკრა თვალი და გული დაეწვა; გაიქცა, გულში ჩაიკრა და დაკოცნა. 21 ვაჟმა უთხრა: „მამა, ზეცის წინაშეც შევცოდე და შენ წინაშეც.+ აღარ ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას“. 22 მაშინ მამამ თავის მონებს უთხრა: „სასწრაფოდ გამოუტანეთ საუკეთესო გრძელი სამოსელი და შემოსეთ, ბეჭედი გაუკეთეთ და სანდლები ჩააცვით. 23 გამოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, 24 ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა,+ დაკარგული იყო და გამოჩნდა“, და გამართეს ლხინი.
25 იმ დროს უფროსი ვაჟი ყანიდან შინ ბრუნდებოდა; მუსიკისა და ცეკვის ხმა რომ შემოესმა, 26 ერთ მსახურს დაუძახა და ჰკითხა, რა ხდებაო. 27 მან უპასუხა, შენი ძმა ჩამოვიდა, და რაკი უვნებელი დაბრუნდა, მამაშენმა ნასუქი ხბო დაუკლაო. 28 ის კი გაბრაზდა და შიგნით არ შედიოდა. გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა, შემოდიო. 29 მან მიუგო: „ამდენი წელია, მონასავით გემსახურები; ყოველთვის ვასრულებდი შენს მითითებებს, შენ კი ერთი თიკანიც არ მოგიცია, რომ მეგობრებთან ერთად მემხიარულა. 30 მაგრამ როგორც კი ეგ შენი ვაჟი მოვიდა, რომელმაც მთელი შენი ქონება მეძავებში გაფლანგა, ნასუქი ხბო დაუკალი“. 31 მამამ უთხრა: „შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და რაც მაქვს, ყველაფერი შენია, 32 მაგრამ როგორ არ უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, როცა შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა?!“»