ქრისტე
მესია, ცხებული. ტიტული, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ქრისტოს. მისი ებრაული ეკვივალენტია მაშიახ (შდრ. მთ. 2:4, სქ.). „ქრისტე“ ოფიციალური წოდებაა და არა უბრალოდ მეტსახელი, რომელიც უფალ იესოს სხვა იესოებისგან განასხვავებს (იხ. იესო ქრისტე; მესია).
ქრისტეს გამოჩენა და იეჰოვას მიერ მისი სულით ცხება მესიანური სამეფოს მეფედ, მის დაბადებამდე საუკუნეებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები (დნ. 9:25, 26). მაგრამ იესო დაბადებისთანავე არ გამხდარა ცხებული ანუ ქრისტე. როცა ანგელოზმა იესოს დაბადება იწინასწარმეტყველა, იოსები დაარიგა: „მას იესო უნდა დაარქვა“ (მთ. 1:21). ხოლო როცა ბეთლემის მახლობლად ანგელოზებმა მწყემსებს იესოს დაბადება ამცნეს, მისი მომავალი როლის შესახებ თქვეს: „დღეს ... დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე“ (ლკ. 2:11).
როდესაც ტიტულ ქრისტეს წინ უძღვის სახელი იესო, ყურადღება მახვილდება თვითონ ადამიანზე, ანუ მასზე, ვინც გახდა იეჰოვას ცხებული. იესო ცხებული დაახლოებით 30 წლის ასაკში გახდა, როცა წყალში მოინათლა და მასზე ხილულად, მტრედის სახით იეჰოვას სული გადმოვიდა (მთ. 3:13—17). ეს ფაქტი ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ დაადასტურა: „იესო ... ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია“. როგორც ჩანს, პეტრეს იესოს ნათქვამი გაახსენდა, რომელმაც პირველად თავად უწოდა თავის თავს იესო ქრისტე (სქ. 2:36—38; ინ. 17:3). „იესო ქრისტე“ აგრეთვე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების პირველ და ბოლო მუხლებში გვხვდება (მთ. 1:1; გმც. 22:21).
მეორე მხრივ, როცა ტიტული სახელის წინ დგას („ქრისტე იესო“), აქცენტი კეთდება პირველ რიგში იესოს მდგომარეობაზე და შემდეგ ამ მდგომარეობის მფლობელზე. სიტყვათა ასეთი წყობა ყურადღებას ამახვილებს იეჰოვასგან ბოძებულ იმ განსაკუთრებულ მდგომარეობაზე, რომელიც მხოლოდ ცხებულ იესოს უკავია. ეს არის პატივდებული მდგომარეობა, რომელიც იესოს არც ერთ ცხებულ მიმდევარს არ გააჩნია. მხოლოდ იეჰოვას საყვარელ ძეს ეწოდება „ქრისტე იესო“. პავლემ ეს წოდება და სახელი ერთად თავის პირველ წერილში მოიხსენია (1თს. 2:14). ლუკამაც ერთხელ გამოიყენა იგი საქმეების 24:24-ში პავლე მოციქულის ქადაგებაზე საუბრისას.
გარდა ამისა, იესოს მდგომარეობის ხაზგასასმელად ბერძნულ ენაში ზოგან „ქრისტეს“ წინ განსაზღვრული არტიკლია გამოყენებული (მთ. 16:16; მრ. 14:61). თუმცა არტიკლის გამოყენება-არგამოყენების საკითხს ხშირად წინადადების გრამატიკული აგებულებაც განსაზღვრავს. უილიამ ვაინი ამას ასე განმარტავს: „ზოგადად თუ ვიტყვით, როცა ტიტული [ქრისტე] წინადადებაში ქვემდებარის როლს ასრულებს, არტიკლი სჭირდება, ხოლო თუ ის შემასმენლის სახელადი ნაწილია — არა“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 1, გვ. 190).
წმინდა წერილების ბერძნულ ორიგინალში „იესოს“ წინ თუ მის შემდეგ რამდენიმე ტიტული ერთად არასოდეს იყრის თავს. თუ ტიტულს სახელი მოჰყვება, მეორე ტიტული მხოლოდ ამ სახელის შემდეგ იწერება. ჩვენ ვერსად შევხვდებით ისეთ კომბინაციას, როგორიცაა უფალი ქრისტე იესო ან მეფე ქრისტე იესო. ჩვეულებრივ გვხვდება უფალი იესო ქრისტე. 2 ტიმოთეს 1:10-ში გამოყენებულია კომბინაცია „ჩვენი მხსნელი, ქრისტე იესო“. ბერძნულ ტექსტში „მხსნელსა“ და „ქრისტეს“ შორის დგას „ჩვენი“, რითაც კონკრეტდება მხსნელის ვინაობა, ისევე როგორც ფრაზაში: „ჩვენი მხსნელი ქრისტე იესო“ [სიტყვასიტყვით, „ქრისტე იესო ჩვენი მხსნელი“] (ტიტ. 1:4). 1 ტიმოთეს 2:5-ში მოხსენიებულია შუამავალი, „კაცი, ქრისტე იესო“, მაგრამ ამ შემთხვევაში „კაცი“ ტიტული არ არის. ეს ფრაზა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ქრისტე იესო ერთ დროს ადამიანი იყო და დედამიწაზე ცხოვრობდა.
გამონაკლისის სახით პავლე ტიტულით „ქრისტე“ მოსეს მოიხსენიებს: „ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ [მოსეს] ცხებულობის [ქრისტუ] გამო შეურაცხყოფა მიაჩნდა, რადგან ჯილდოს ხედავდა“ (ებ. 11:26). მოსე არასდროს ყოფილა ზეთით ცხებული, როგორც ისრაელის მღვდელმთავრები და მეფეები (გმ. 30:22—30; ლვ. 8:12; 1სმ. 10:1; 16:13). მაგრამ ზეთით არც იესო და არც მისი მიმდევრები ყოფილან ცხებული, თუმცაღა ბიბლია მათაც ცხებულებს უწოდებს (სქ. 10:38; 2კრ. 1:21). ღმერთმა ისინი ზეთით კი არა, წმინდა სულით სცხო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ განსაკუთრებული დავალება მიეცათ. მსგავსადვე, მოსემაც განსაკუთრებული დავალება მიიღო ალმოდებულ ბუჩქთან. ამიტომ თქვა პავლემ მოსეზე, რომ ის იეჰოვას ცხებული ანუ ქრისტე იყო. მოსემ ეს დავალება ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ ჩათვალა (გმ. 3:2—4:17).
ტიტული „ქრისტე“ გვხვდება იმ კონტექსტებშიც, სადაც საუბარია უფალ იესო ქრისტეს ურთიერთობაზე ქრისტიანულ კრებასთან: „თქვენ ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი — სხეულის ნაწილები“ (1კრ. 12:27). „ვინც ქრისტე იესოში“ მოინათლა, მის სიკვდილში მოინათლა იმ იმედით, რომ „ქრისტეს თანამემკვიდრენი“ იქნებიან ზეციერ სამეფოში (რმ. 6:3—5; 8:17). ისინი „ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი“ და „ქრისტეს სახელისთვის“ გალანძღულნი არიან (1პტ. 4:13, 14; 5:1). ქრისტიანული კრებისა და უფალ იესო ქრისტეს ურთიერთობა არაერთხელ არის შემდეგი სიტყვებით აღწერილი: „ქრისტესთან ერთობა“ ან „ქრისტეში“. გვხვდება შებრუნებული წყობითაც: „ქრისტე, რომელიც თქვენთან ერთობაშია“ (რმ. 8:1, 2; 16:10; 1კრ. 15:18; 1თს. 4:16; კლ. 1:27). ქრისტიანული კრების სუსტ წევრებს ეწოდებათ „ჩვილები ქრისტეში“ (1კრ. 3:1). დროთა განმავლობაში ყველაფერი, რაც ზეცაში და დედამიწაზეა, კვლავ მოიყრის თავს ქრისტეში (ეფ. 1:10).
ცრუქრისტეები. ქვეყნიერების აღსასრულზე წინასწარმეტყველებისას, ქრისტემ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: «ფრთხილად იყავით, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ. ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ქრისტე“, და ბევრს შეიყვანენ შეცდომაში. რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები [ბერძ. ფსევდოქრისტე] და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ დიდ ნიშნებსა და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ» (მთ. 24:4, 5, 24). ეს ბოროტი ადამიანები, რომლებიც უფალ იესო ქრისტეს ტიტულზე და მდგომარეობაზე აცხადებენ პრეტენზიას, ანტიქრისტეები (ბერძ. ანტიქრისტოს) არიან. „ანტიქრისტეს“ მოციქული იოანე 5-ჯერ იყენებს (1ინ. 2:18, 22; 4:3; 2ინ. 7; იხ. ანტიქრისტე).
„ქრისტეს“ სხვა მნიშვნელობები. ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი სეპტუაგინტა ქრისტოსს 40-ზე მეტჯერ იყენებს, უმეტეს შემთხვევაში, ცხებული მღვდლების, მეფეებისა და წინასწარმეტყველების ტიტულად. მღვდელმთავარი აარონი ცხებული და „ადამიანთა გულისთვის ... ღვთის საკუთრებაზე დანიშნული“ იყო (ლვ. 4:3, 5, 16; 8:12; ებ. 5:1). როდესაც ღმერთმა ელის სახლს განაჩენი გამოუტანა, პირობა დადო, რომ გამოაჩენდა ერთგულ მღვდელს, რომელიც ყოველთვის ღვთის ცხებულის (ქრისტოს) წინაშე ივლიდა (1სმ. 2:35).
მეფეებიც ატარებდნენ ამ საპატიო წოდებას, რადგან ისინი მეფეებად იეჰოვას ჰყავდა დაყენებული. ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით სამუელმა საული 1 სამუელის 12:3-ში ქრისტოსად მოიხსენია. „იეჰოვამ დამიფაროს, ხელი აღვმართო [საულზე] იეჰოვას ცხებულზე [ქრისტონ, LXX]!“ — წამოიძახა დავითმა (1სმ. 26:11). დავითმა არც თავის დისშვილს, აბიშაის, მისცა საულისთვის ზიანის მიყენების უფლება (1სმ. 26:8, 9). გარდა ამისა, დავითმა მოკლა ის ამალეკელი, რომელმაც საულზე თქვა: „მე მოვკალი იეჰოვას ცხებულიო [ქრისტონ, LXX]“ (2სმ. 1:13—16). ეს ტიტული, როგორც ღვთის მიერ დანიშნულ მეფეს, დავითსაც ებოძა. ამიტომაც უწოდა მან საკუთარ თავს იეჰოვას „ცხებული [ქრისტე, LXX])“ (1სმ. 16:12, 13; 2სმ. 22:51). მეფე ციდკიასაც, როგორც დავითის ტახტის მემკვიდრეს, „იეჰოვას ცხებული [ქრისტოს]“ ეწოდება (გდ. 4:20).
წინასწარმეტყველებსაც იეჰოვას ცხებულები ეწოდებოდათ, რაც კარგად ჩანს ფსალმუნის 105:15-ში გამოყენებული პარალელიზმიდან. იეჰოვამ უბრძანა წინასწარმეტყველ ელიას: „ელისე ... შენ მაგივრად სცხე წინასწარმეტყველად“. თუმცა ბიბლია არ აკონკრეტებს, როგორ გააკეთა ეს ელიამ (1მფ. 19:16).
ბერძნულ სეპტუაგინტაში ქრისტოს წინასწარმეტყველური მნიშვნელობით სხვა ადგილებშიც არის გამოყენებული. ფსალმუნებში ქრისტოს ათჯერ გვხვდება, მათ შორის აღსანიშნავია ფსალმუნის 2:1, 2, რომელშიც ნათქვამია, რომ ხალხები ბობოქრობენ და დედამიწის მეფეები იკრიბებიან „იეჰოვასა და მისი ცხებულის წინააღმდეგ“. მოციქულებმა ციტატა მოიყვანეს ამ წინასწარმეტყველებიდან და იეჰოვას მიერ ცხებულ „წმინდა მსახურს, იესოს“ დაუკავშირეს (სქ. 4:24—27). მეტად უჩვეულოა ამ ტიტულის გამოყენება სპარსეთის მეფე კიროსთან. მის დაბადებამდე ესაიას წინასწარმეტყველებაში (45:1—3) დაიწერა: „აი რას ეუბნება იეჰოვა თავის ცხებულს [ქრისტე, LXX], კიროსს, რომლის მარჯვენაც მიჭირავს“. კიროსი არასდროს ყოფილა ცხებული წმინდა ზეთით ისრაელის მეფეების მსგავსად, მაგრამ როგორც სხვა ცხებულებს, მასაც ცხებული ეწოდა იმ დავალების გამო, რომელიც იეჰოვამ დააკისრა (იხ. ცხებული, ცხება).