ბიბლიის თვალსაზრისი
‘არა წუთისოფლისანი’ — რას ნიშნავს?
ათასებმა, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიდნენ, ახ. წ. მე-4 საუკუნეში დატოვეს საკუთრება, ნათესავები და ცხოვრების სტილი, რომ განცალკევებულად ეცხოვრათ ეგვიპტის უდაბნოებში. ისინი ცნობილი გახდნენ როგორც ანაქორეტები, ბერძნულად „ანახორეო“, მნიშვნელობით „მივდივარ“. ერთი ისტორიკოსი მათ თავიანთი თანამედროვეებისგან განკერძოებულად მოიხსენიებს. ანაქორეტები ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებისგან განდგომით ასრულებდნენ ქრისტიანულ მოთხოვნას, ყოფილიყვნენ ‘არა წუთისოფლისანი’ (იოანე 15:19).
ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, ‘შეურყვნელად დაიცვან თავი წუთისოფლისაგან’ (იაკობი 1:27). საღვთო წერილი გასაგებად გვაფრთხილებს: „მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4). მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქრისტიანებს მოეთხოვებათ, გახდნენ ანაქორიტები, პირდაპირი მნიშვნელობით ჩამოშორებულები სხვებისგან? შორს უნდა დაიჭირონ მათგან თავი, ვინც მათ რელიგიურ მრწამსს არ იზიარებს?
ქრისტიანები არ არიან უკარებები
ბიბლიაში მრავალ ადგილზე განიხილება ცნება წუთისოფლის ნაწილად არყოფნის შესახებ და ხაზგასმულია იმის აუცილებლობა, რომ ქრისტიანები უნდა გამოეყონ ადამიანთა საზოგადოებას, რომელიც ჩამოშორებულია ღმერთს (შეადარე 2 კორინთელთა 6:14–17; ეფესელთა 4:18; 2 პეტრე 2:20). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანები ბრძნულად იქცევიან, როცა გაურბიან ქვეყნიურ აზროვნებას, საუბარს და მოქმედებებს, — ისეთებს, როგორიცაა გამდიდრებისადმი გაუმაძღარი ლტოლვა, სახელგანთქმულობა და ვნებაში უზომოდ ჩაფლობა, რაც არ შეესაბამება იეჰოვას სამართლიან გზებს (1 იოანე 2:15–17). ჩამოშორებული არიან აგრეთვე ქვეყნიერებისგან ომისა და პოლიტიკის საკითხში ნეიტრალიტეტის დაცვით.
იესო ქრისტემ თქვა, რომ მისი მოწაფეები არ იქნებოდნენ ამ წუთისოფლისანი. მაგრამ ის აგრეთვე ევედრებოდა ღმერთს: „არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ რომ დაიცვა ბოროტისაგან“ (იოანე 17:15). ნათელია, იესოს განზრახვა არ იყო, რომ მისი მოწაფეები ასკეტები გამხდარიყვნენ, გაქცეოდნენ ყველა არაქრისტიანთან ურთიერთობას. სინამდვილეში, განდგომა ხელს შეუშლიდა ქრისტიანებს მისი დავალების შესრულებაში, რომ ექადაგათ და ესწავლებინათ „საჯაროდ და სახლებში“ (საქმეები 20:20; მათე 5:16; 1 კორინთელთა 5:9, 10).
რჩევა: დარჩე ქვეყნიერებისგან შეუბღალავი, ქრისტიანებს არ აძლევს საფუძველს, რომ სხვებს ქედმაღლურად უყურონ. მათ, ვისაც იეჰოვასი ეშინია, სძულთ „ქედმაღლობა“ (იგავნი 8:13). გალატელთა 6:3 აღნიშნავს, რომ „ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და არაფერიც არ არის, ის თავის თავს ატყუებს“. ვინც ფიქრობს, რომ ყველაზე უკეთესია, თავს იტყუებს, რადგანაც „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23).
„არავინ დაძრახონ“
იესოს დროს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ყველა ეზიზღებოდათ, ვინც მათ რელიგიურ ჯგუფებს არ მიეკუთვნებოდა. ერთ-ერთი ფარისეველთა ჯგუფი იყო. ისინი მოსეს რჯულში და ასევე ებრაული ტრადიციების წვრილმანებში კარგად იყვნენ გაწაფულნი (მათე 15:1, 2; 23:2). ამაყობდნენ მრავალი რელიგიური რიტუალის ზუსტი დაცვით. ფარისევლები თავიანთი რელიგიური მდგომარეობის და ინტელექტუალური მიღწევების გამო უბრალო ხალხს ქედმაღლურად ექცეოდნენ. თავიანთ ვითომ ღვთისმოსაობას და მათდამი ზიზღს გამოხატავდნენ ასეთი სიტყვებით: „ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია“ (იოანე 7:49).
ფარისევლებს დამამცირებელი ტერმინიც კი ჰქონდათ არაფარისევლებისთვის. ებრაულ ტერმინს „ამ·ჰა·აʹრეც“-ს თავდაპირველად დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა და ნიშნავდა საზოგადოების რიგით წევრებს. მაგრამ დროთა განმავლობაში იუდას ქედმაღალმა რელიგიურმა ლიდერებმა შეცვალეს „ამ·ჰა·აʹრეც“-ის მნიშვნელობა ვინმეს მიმართ სიძულვილის გამოხატვის მნიშვნელობით. სხვა ჯგუფები, ეგრეთ წოდებული ქრისტიანობის მიმდევართა ჩათვლით, ისეთ დამამცირებელ ტერმინებს იყენებდნენ განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ხალხის მიმართ, როგორიცაა: წარმართი და ურჯულო.
და მაინც, როგორ უყურებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები მათ, ვინც არ მიიღო ქრისტიანობა? იესოს მოწაფეებს შეაგონებდნენ, რომ „სიმშვიდითა“ და „მოწიწებით“ მოპყრობოდნენ ურწმუნოებს (2 ტიმოთე 2:25; 1 პეტრე 3:15). ამ მხრივ, კარგი მაგალითი დაგვიტოვა მოციქულმა პავლემ. ის გულისხმიერი იყო და არა ქედმაღალი. ნაცვლად იმისა, რომ სხვებზე მეტად აემაღლებინა თავი, ის თავმდაბალი იყო და დადებით გავლენას ახდენდა სხვებზე (1 კორინთელთა 9:22, 23). ტიტესადმი წერილში პავლე გვარიგებს: ‘არავინ დაძრახოთ, იყავით მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, გამოიჩინეთ სიმშვიდე ყველა ადამიანის მიმართ’ (ტიტე 3:2).
ბიბლიაში ტერმინი „ურწმუნო“ ზოგჯერ არაქრისტიანების ამოსაცნობად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, არ არის საფუძველი, რომ სიტყვა „ურწმუნო“ გამოიყენებოდა, როგორც ოფიციალური წოდება ან იარლიყი. უეჭველია, ამას არ იყენებდნენ არაქრისტიანების დასამცირებლად ან შესაბღალავად, ვინაიდან ეს ბიბლიური პრინციპების საწინააღმდეგო იქნებოდა (იგავნი 24:9). დღეს იეჰოვას მოწმეები უკმეხობასა და ქედმაღლობას ერიდებიან ურწმუნოების მიმართ. უხამსობად თვლიან, რომ ნათესავებს ან მეზობლებს, რომლებიც მოწმეები არ არიან, დამამცირებელი იარლიყები მიაკერონ. ისინი მიჰვებიან ბიბლიურ რჩევა-დარიგებას, რომელიც ამბობს: ‘მონა ღვთისა წყნარი უნდა იყოს ყველას მიმართ’ (2 ტიმოთე 2:24).
„სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის“
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ რა საშიშია წუთისოფელთან სიახლოვე, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ღვთის ნორმების მიმართ აშკარა უპატივცემლობას ავლენენ (შეადარე 1 კორინთელთა 15:33). მაგრამ, როდესაც ბიბლია გვარიგებს, „სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის“, სიტყვა „ყველა“ მოიცავს იმათაც, ვინც არ იზიარებს ქრისტიანულ მოძღვრებას (გალატელთა 6:10). როგორც ჩანს, პირველი საუკუნის ქრისტიანები ზოგიერთ შემთხვევაში ურწმუნოებთან ჭამდნენ კიდეც (1 კორინთელთა 10:27). აქედან გამომდინარე, დღევანდელი ქრისტიანები პატივისცემით ეპყრობიან ურწმუნოებს და მათ ისე უყურებენ, როგორც მოყვასს.
შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ პიროვნება უწესო და უზნეოა, მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ იცნობს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. გარემოებები და ხალხი განსხვავდება. ამიტომ ყოველმა ქრისტიანმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ურწმუნოებთან ურთიერთობისას სად დაადგინოს ზღვარი. თუმცა უსარგებლო და არაბიბლიური იქნებოდა ქრისტიანისთვის საკუთარი თავის იზოლირება, როგორც ამას ანაქორეტები აკეთებდნენ, ან ფარისეველთა მსგავსად ქედმაღლობის გამოვლენა.