მოთხრობა 92
იესო მეთევზეებს ეცხადება
როგორც წინა მოთხრობიდან გავიგეთ, იესო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოციქულებს გამოეცხადა. ამ ამბიდან მალევე პეტრემ გადაწყვიტა, რომ გალილეის ზღვაზე სათევზაოდ წასულიყო. მას თან გაჰყვნენ თომა, იაკობი, იოანე და ზოგიერთი სხვა მოწაფე. მათ მთელი ღამე ითევზავეს, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს.
დილით ადრე მოწაფეებმა შენიშნეს, რომ ზღვის ნაპირზე ვიღაც კაცი იდგა. კაცმა გასძახა მათ: დაიჭირეთ თევზი? მათ უპასუხეს: ვერა, ვერაფერი ვერ დავიჭირეთ. შემდეგ კაცმა უთხრა მათ: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს“. ისინი ასეც მოიქცნენ და ბადე იმდენი თევზით აივსო, რომ ვერ შეძლეს ნავზე მისი ატანა. უცებ იოანე მიხვდა, რომ ის კაცი იესო იყო და წამოიძახა: „ეს უფალია!“ ამის გაგონებაზე პეტრე მაშინვე წყალში გადახტა და ნაპირისკენ გაცურა. დანარჩენებიც უკან გაჰყვნენ ნავით.
ნაპირზე რომ გავიდნენ, დაინახეს, რომ ცეცხლზე თევზი იწვებოდა, გვერდით კი პური ელაგა. იესომ სთხოვა მათ: თქვენი თევზიც მოიტანეთ. შემდეგ კი უთხრა, რომ ერთად ესაუზმათ.
საუზმის შემდეგ იესომ პეტრეს ჰკითხა: მე უფრო გიყვარვარ თუ თევზაობა? პეტრემ მიუგო: უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ. იესომ უთხრა: მაშინ აძოვე ჩემი ბატკნები! ცოტა ხანში ისევ ჰკითხა: პეტრე, გიყვარვარ? პეტრემ მიუგო: უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ. იესომ უთხრა: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“. იესომ მესამედაც იგივე ჰკითხა, რაზეც პეტრე ძალიან დამწუხრდა და უპასუხა: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ“. იესომ კვლავ უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები“. ბოლოს იესომ ასეთი რამ უთხრა მას: პეტრე, მომყევი!
«„გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“. მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ» (მათე 4:19, 20)