თესვა, მთესველი
ბიბლიურ დროში მარცვლეულის თესვა ძირითადად თესლის მიწაზე მიმობნევით ხდებოდა. მთესველს თესლი ტანსაცმლის კალთაში ან ჭურჭელში ჰქონდა. ის ხელის ძლიერი, ნახევარწრიული მოძრაობით აბნევდა თესლს. ისრაელში თესვა ოქტომბრიდან მარტის პირველ ნახევრამდე გრძელდებოდა იმის მიხედვით, თუ რას თესავდნენ.
იეჰოვას კურთხევა. იეჰოვა იძლევა თესლს და მისი წყალობით იზრდება მცენარე. მისი წყალობაა მზეცა და წვიმაც, რომლებიც ხელს უწყობს მოსავლის სიუხვეს (2სმ. 23:3, 4; ეს. 55:10). ამგვარად, შემოქმედის კურთხევით სარგებლობს ყველა — მართალი თუ უმართლო (მთ. 5:45; სქ. 14:15—17).
თუმცა იეჰოვა ძირითადად არ აკონტროლებს ზრდის პროცესს. ამიტომ ბოროტებს შეიძლება ზოგჯერ უხვი მოსავალი ჰქონდეთ, მაშინ როცა მართლებს შეიძლება არახელსაყრელი პირობების გამო საერთოდ არ მოუვიდეთ მოსავალი (შდრ. იობ. 21:7—24).
მეორე მხრივ, იეჰოვას თავისი განზრახვის შესაბამისად შეუძლია აკურთხოს მთესველი და უხვი მოსავალი მისცეს, ან მთესველმა შეიძლება მწირი მოსავალი აიღოს, რაც დამოკიდებულია ღვთისადმი მის ერთგულებასა და მორჩილებაზე. მაგალითად, იეჰოვამ განიზრახა, ისრაელი დიდ და ურიცხვ ერად ექცია აღთქმულ მიწაზე და მან უხვადაც აკურთხა თავისი მორჩილები. მიუხედავად იმისა, რომ ქანაანში ხიზნობის დროს ისაკი იმ მიწის მკვიდრთაგან შევიწროებული იყო, იეჰოვამ აკურთხა ის და ასმაგად მისცა მოსავალი (დბ. 26:12).
მოსავლის სიუხვე ისრაელთა სულიერ მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. აღთქმულ მიწაზე შესვლამდე იეჰოვამ უთხრა მათ: „თუ ივლით ჩემი წესებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ ... ლეწვა რთვლამდე გასტანს, რთველი კი — თესვამდე“. მოსავალი იმდენად დიდი იქნებოდა, რომ შემდგომ თესვამდე გაგრძელდებოდა მისი აღება (შდრ. ამ. 9:13). მან აგრეთვე გააფრთხილა ისრაელები: „თუ არ მომისმენთ და არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს ... ტყუილუბრალოდ დათესავთ, რადგან მტერი შეგიჭამთ“. მან დასძინა: „მიწა მოსავალს არ მოგცემთ“ (ლვ. 26:3—5, 14—16, 20; შდრ. ანგ. 1:6). მოგვიანებით, იერემია წინასწარმეტყველის დროს, იეჰოვას ეს სიტყვები შესრულდა. მათი სავალალო მდგომარეობის აღწერისას მან თქვა: „ხორბალს თესავენ, მაგრამ ეკალს იმკიან“ (იერ. 12:13).
თესვასთან დაკავშირებული კანონი. მოსეს მეშვეობით მიცემულ კანონში ღმერთმა მითითება მისცა ისრაელებს, რომ ექვსი წლის განმავლობაში დაეთესათ თესლი, მაგრამ მეშვიდე წელსა (შაბათის წელი) და იუბილეს წელს არც უნდა დაეთესათ და არც მოსავალი უნდა აეღოთ (გმ. 23:10, 11; ლვ. 25:3, 4, 11). ეს მათ რწმენას გამოსცდიდა და დროს მისცემდა, სულიერი საქმეებით დაკავებულიყვნენ. ეს მიწისთვისაც კარგი იყო.
ვინაიდან მიწა იეჰოვას ეკუთვნოდა, გარკვეული გაგებით ის წმინდა იყო. წმინდად ითვლებოდა იეჰოვას ხალხიც. ამიტომ მათ გულდასმით უნდა დაეცვათ მიწა გაუწმინდურებისგან. თუ უწმინდური ცხოველის, მაგალითად, ვირთხის ან ხვლიკის ლეში დამბალ თესლს დაეცემოდა, თესლი გაუწმინდურდებოდა, მაგრამ მშრალ თესლს თუ დაეცემოდა, თესლი სუფთა დარჩებოდა. მიზეზი ის იყო, რომ სისველე ხელს უწყობდა უწმინდურების გავრცელებას (ლვ. 11:31, 37, 38).
ისრაელებს მინდვრის სხვადასხვა ნაწილში შეეძლოთ დაეთესათ სხვადასხვა თესლი, მაგრამ თესლების ერთმანეთში არევა ეკრძალებოდათ (ლვ. 19:19; ეს. 28:25). შესაძლოა ამ მითითების მიზანი იყო, შეეხსენებინა მათთვის, რომ, როგორც ღვთის ხალხი, გამორჩეული და გამოცალკევებული იყვნენ სხვა ხალხებისგან. თუ რომელიმე ისრაელი დაარღვევდა ამ კანონს და სხვადასხვა თესლს ერთმანეთში აურევდა, ყველაფერი, რასაც მოიწევდა ყანაში თუ ვენახში, „მიძღვნილი“ გახდებოდა და საწმინდარში უნდა მიეტანა (კნ. 22:9; შდრ. ლვ. 27:28; რც. 18:14).
გამოიყენება მაგალითებსა და შედარებებში. თვალსაჩინოდ რომ ეჩვენებინა, როგორ იზრუნებდა იეჰოვა ბაბილონიდან დაბრუნებულებზე და როგორ აკურთხებდა მათ, ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ცრემლით მთესველნი სიხარულის ყიჟინით მოიმკიან. ვინც ტირილით მიდის და თან თესლით სავსე ტომარა მიაქვს, მხიარული შეძახილით დაბრუნდება და თან წამოიღებს თავის ძნებს“ (ფს. 126:1, 5, 6). ისინი უზომოდ გახარებულები იყვნენ გათავისუფლების გამო, მაგრამ შესაძლოა ტირილით თესავდნენ თესლს 70 წლის მანძილზე გავერანებულ და დაუმუშავებელ მიწაზე. იეჰოვამ თავისი სახელის გულისთვის დააბრუნა ისინი თავიანთ მიწაზე და ვინც განაგრძობდა თესვასა და აღდგენით სამუშაოებს, თავისი შრომის შედეგებით გაიხარებდა. იმ ხნის მანძილზე, როცა ტაძრის მშენებლობა შეჩერებული იყო, იეჰოვამ დაუკავა მათ მოსავალი, მაგრამ როგორც კი გამოეხმაურნენ წინასწარმეტყველების — ანგიასა და ზაქარიას რჩევა-დარიგებას და მშენებლობა განაახლეს, ღვთის კურთხევებმაც არ დააყოვნა (ანგ. 1:6, 9—11; 2:15—19).
იეჰოვამ თესვა და ზრდის პროცესი მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ მისი სიტყვა უეჭველად შესრულდებოდა (ეს. 55:10, 11).
მუყაითობა და ხელგაშლილობა. სოლომონმა ხელგაშლილობისა და გულმოდგინების შესახებ ჩამოაყალიბა შემდეგი პრინციპი: „ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის“. ვინც ხელსაყრელ დროსა და პირობებს ელის ღვთისგან დავალებული საქმის შესასრულებლად ან საბაბს ეძებს, რომ ეს საქმე არ გააკეთოს, ღვთისგან ვერაფერს მიიღებს. სოლომონი მუყაითობისკენ მოუწოდებს მსმენელს, რადგან, როგორც მე-5 მუხლშია ნათქვამი, „ყოველივეს შემქმნელი“ ღმერთია და ადამიანი ბოლომდე ვერ სწვდება მის საქმეებს. შემდეგ ის იძლევა რჩევას: „დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს, რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს“ (ეკ. 11:4—6).
მოციქული პავლე, როგორც ჩანს, მსგავსად ფიქრობდა, როცა კორინთელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, გულუხვად გაეღოთ დახმარება იერუსალიმში მცხოვრები ძმებისთვის, რომლებმაც იუდეველებისგან ბევრი რამ გადაიტანეს და ქონების დიდი ნაწილი დაკარგეს. პავლე წერდა: „ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის ... ღმერთს შეუძლია უხვად გამოავლინოს თქვენ მიმართ წყალობა, რათა მდიდრები იყოთ ნებისმიერი კარგი საქმისთვის, რადგან ყოველთვის საკმარისად გაქვთ ყველაფერი ... ის, ვინც უხვად აძლევს თესლს მთესველს და იძლევა პურს საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს, რომ თესოთ, და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს“. შემდეგ მოციქულმა აღნიშნა, რომ ღვთის კეთილგანწყობასა და მატერიალურ სიუხვესთან ერთად ხელგაშლილობას ღვთისადმი მადლიერება და მისი განდიდება მოჰყვებოდა. ამასთან ისინი, ვინც დახმარებას მიიღებდნენ, სიყვარულს გამოავლენდნენ და ილოცებდნენ მათთვის, ვინც მათ დაეხმარა. შედეგად სიყვარული კრებაშიც გაიზრდებოდა (2კრ. 9:6—14).
სასიხარულო ცნობის ქადაგება. იესო ქრისტემ თესვა შეადარა სიტყვის ანუ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. იესო თესავდა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტებას, მანამდე კი იოანე ნათლისმცემელი იყო მთესველი. იესომ მოწაფეები სამუშაოდ გაგზავნა ყანებში, რომლებიც დათესილი და მოსამკელად გადათეთრებული იყო. მან უთხრა: „უკვე იღებს მომკელი გასამრჯელოს და აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის, რათა მთესველმა და მომკელმა ერთად გაიხარონ ... მთესველი სხვაა, მომკელი — სხვა. თქვენ იმის მოსამკელად გაგგზავნეთ, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს [როცა დათესეს], თქვენ კი [მოსავლის აღებისას] ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში“ (ინ. 4:35—38).
მთესველის შესახებ მაგალითშიც იესომ ქადაგება თესვას შეადარა. ამ მაგალითის თანახმად, თესლი, რომელიც ითესება, არის „სიტყვა სამეფოს შესახებ“. იესომ აღნიშნა, რომ თესვის დროს არსებულ მდგომარეობას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა ადამიანთა გულებში თესლის გაღივებასა და ზრდაზე (მთ. 13:1—9, 18—23; ლკ. 8:5—15).
ხორბალი და სარეველა. სხვა მაგალითში იესომ საკუთარი თავი კარგი თესლის მთესველს შეადარა, სამეფოს ძეები კი — თესლს. სხვა მთესველი, რომელმაც მინდორში სარეველა დათესა, ეშმაკი იყო. ამ მაგალითში მან იწინასწარმეტყველა მოსალოდნელი განდგომილების შესახებ, როცა ქრისტიანულ კრებაში გამოჩნდებოდნენ ისეთები, ვისაც თავი ღვთის მსახურებად მოჰქონდათ, სინამდვილეში კი კრების გაუწმინდურებასა და მოწაფეების თან გაყოლას შეეცდებოდნენ (მთ. 13:24—30, 36—43; შდრ. სქ. 20:29; 2კრ. 11:12—15; 2თს. 2:3—9; 1ტმ. 4:1; 2ტმ. 4:3, 4; 2პტ. 2:1—3).
ხორცისთვის თესვა. მას შემდეგ, რაც სულის ნაყოფი და ხორცის საქმეები დაასახელა და მოუწოდა, რომ თითოეულს თავისი საქმე გამოეცადა, მოციქულმა პავლემ თქვა: „ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის“ (გლ. 5:19—23; 6:4, 7, 8).
რომაელების 1:24—27-ში პავლე საუბრობს ხორცისთვის თესვასა და მის შედეგებზე. ხორცისთვის თესავდა კორინთის კრების უზნეო წევრიც, რომელიც უწმინდურებას სჩადიოდა. იმავეს თქმა შეიძლება ჰიმენეოსსა და ალექსანდრეზე, რომლებიც უწმინდურ სწავლებას ავრცელებდნენ და მკრეხელობდნენ. ისინი სატანას გადასცეს „ხორცის გასანადგურებლად“ ანუ კრებიდან ხორციელი აზროვნების აღმოსაფხვრელად (1კრ. 5:1, 5; 1ტმ. 1:20; 2ტმ. 2:17, 18).
კრების დამოძღვრა და მასზე ზრუნვა. კორინთის კრებისთვის მიწერილ წერილში პავლემ კრების დამოძღვრა და დახმარება თესვას შეადარა და ისიც ახსნა, რომ მსახურების გასაგრძელებლად მათგან მატერიალური დახმარების მიღების უფლება ჰქონდა. მაგრამ პავლეს არ გამოუყენებია ეს უფლება, რათა სასიხარულო ცნობა არანაირად არ დაბრკოლებულიყო (1კრ. 9:11, 12).
როგორც მთესველი თესავს მშვიდობიან პირობებში, ისე სასიხარულო ცნობა ითესება მშვიდობიან პირობებში და არა კამათსა და ჩხუბში ან ძალდატანებით. მთესველები მშვიდობისმყოფელები არიან და არა შარიანი, მოჩხუბარი და თავზეხელაღებული ადამიანები. შესაბამისად, სიმართლის ნაყოფის მისაღებად კრებაში მშვიდობიანი პირობები უნდა არსებობდეს (იაკ. 3:18).
მკვდრეთით აღდგომა. სულიერ სამყაროში მკვდრეთით აღდგომაზე საუბრისას პავლემ ფიზიკური სხეულის დამარხვა თესვას შეადარა. მან თქვა: «მაგრამ ვიღაც იტყვის: „როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?“ უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა, და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც წარმოიქმნება, არამედ მხოლოდ მარცვალს, ხორბლისა იქნება თუ სხვა რამის. ღმერთი კი მას ისეთ სხეულს აძლევს, როგორიც ნებავს — თითოეულ მარცვალს თავის სხეულს ... არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები ... ასევეა მკვდრეთით აღდგომაც. ითესება გახრწნილებაში და აღდგება უხრწნელობაში ... ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული ... ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი — უკვდავებით» (1კრ. 15:35—53).
ღვთის მიერ თავისი ძის თანამემკვიდრეებად არჩეულნი, რომლებიც უხრწნელობასა და უკვდავებას მიიღებენ, უნდა დაიხოცონ და დატოვონ თავიანთი ხორციელი სხეული, რათა აღდგომისას ზეციური სხეული მიიღონ. ეს იმის მსგავსია, თუ როგორ „კვდება“ ანუ იშლება ჩათესილი თესლი და როგორ განსხვავდება ის იმ მცენარისგან, რომელიც მისგან იზრდება.
ესაიას 28:24-ში მოხსენიებული თესვის გადატანითი მნიშვნელობის გასაგებად იხ. ხვნა.