მეორე წერილი კორინთელების მიმართ
11 ნეტავ მოითმენდეთ ჩემს მცირე უგუნურებას! თუმცა მითმენთ კიდეც. 2 ღვთის მსგავსად მეც მოშურნე ვარ თქვენდამი, რადგან მე თვითონ დაგნიშნეთ ერთ კაცზე, ქრისტეზე, და მსურს, თქვენი თავი უბიწო ქალწულად წარვუდგინო მას.+ 3 მაგრამ მეშინია, რომ თქვენც იგივე არ დაგემართოთ, რაც ევას, რომელიც გველმა აცდუნა თავისი მზაკვრობით,+ და რამემ არ გახრწნას თქვენი გონება და არ დაშორდეს ქრისტეს საკადრის გულწრფელობასა და სიწმინდეს.+ 4 თქვენ ადვილად ეგუებით იმას, როცა ვინმე მოდის და იმას არ გიქადაგებთ იესოზე, რაც ჩვენ გიქადაგეთ, ან როცა სხვა სულის გავლენაში ექცევით, ან იმისგან განსხვავებულ სასიხარულო ცნობას გიქადაგებენ,+ რაც მიიღეთ. 5 მე კი ვფიქრობ, რომ არაფრით ვარ თქვენს „ზეაღმატებულ“ მოციქულებზე ნაკლები.+ 6 თუ მჭევრმეტყველი არა ვარ,+ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ცოდნა არ გამაჩნია; ეს ჩვენ ყოველმხრივ დაგანახვეთ.
7 განა ცოდვა ჩავიდინე, უსასყიდლოდ რომ გახარებდით ღვთის სასიხარულო ცნობას და თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით?!+ 8 სხვა კრებებს ვართმევდი — მათგან დახმარებას ვიღებდი, რომ თქვენ მოგმსახურებოდით.+ 9 მაგრამ, როცა თქვენთან ყოფნისას გამიჭირდა, ტვირთად არცერთ თქვენგანს არ დაგწოლივართ, რადგან მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა უხვად შემივსეს დანაკლისი.+ ტვირთად არაფერში დაგწოლივართ და არც დაგაწვებით.+ 10 როგორც ქრისტეს მიმდევარი, გეუბნებით: კვლავაც ვიამაყებ+ ამით აქაიის მხარეებში. 11 რატომ ვარჩიე, რომ არ მიმეღო თქვენგან დახმარება? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის, რომ მიყვარხართ.
12 კვლავაც ისე მოვიქცევი, როგორც ვიქცეოდი,+ რათა სიამაყის მიზეზი არ მივცე მათ, ვისაც სურთ, რომ თავი გაგვიტოლონ. 13 ასეთები ცრუმოციქულები არიან; შეცდომაში შეჰყავთ სხვები და თავს ქრისტეს მოციქულებად ასაღებენ.+ 14 თუმცა, რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.+ 15 ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ. მაგრამ საბოლოოდ მათ თავიანთი საქმეებისამებრ მიეზღვებათ.+
16 კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნურავინ იფიქრებს, რომ უგუნური ვარ. მაგრამ, თუ მაინც ასე ფიქრობთ, მაშინ ისე მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა მეც ვიამაყო. 17 ასე რომ ვლაპარაკობ, ეს უფლისგან არ მისწავლია, არამედ უგუნური კაცივით ვლაპარაკობ, რომელიც თავდაჯერებულია და ყოყოჩობს. 18 რაკი ბევრი ამაყობს იმით, რითაც ადამიანები ამაყობენ, მეც ვიამაყებ. 19 რაკი ასეთი „გონიერები“ ხართ, მშვიდად ეგუებით უგუნურებს, 20 და ითმენთ, როცა გიმონებენ, ქონებას გტაცებენ, გყვლეფენ, ზემოდან დაგყურებენ და სახეში გირტყამენ.
21 ამას ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, მაგრამ ასე იმიტომ ვიქცევი, რომ სუსტები გგონივართ.
თუ ზოგს არ რცხვენია, რომ ამაყობს, მაშინ არც მე მრცხვენია, რომ ვიამაყო, თუნდაც უგუნურად ჩამთვალონ. 22 ებრაელები არიან? მეც!+ ისრაელები არიან? მეც! აბრაამის შთამომავლები არიან? მეც!+ 23 ქრისტეს მსახურები არიან? შეშლილივით ვპასუხობ: მე უფრო აღმატებული მსახური ვარ — უფრო მეტიც მიშრომია,+ უფრო ბევრჯერაც ვყოფილვარ პატიმრობაში,+ ბევრჯერაც ვარ ნაცემი და სიკვდილსაც ბევრჯერ ჩავხედე თვალებში.+ 24 ხუთჯერ მივიღე ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა იუდეველებისგან,+ 25 სამჯერ გამჯოხეს,+ ერთხელ ჩამქოლეს,+ სამჯერ ხომალდის მსხვრევა გადავიტანე,+ მთელი დღე და ღამე შუა ზღვაში გავატარე. 26 ხშირად ვყოფილვარ გზაში, განსაცდელში მდინარეებზე, ყაჩაღებისგან, თანამოძმეებისგან,+ უცხოტომელებისგან,+ ქალაქში,+ უკაცრიელ ადგილას, ზღვაზე, ცრუძმებს შორის, 27 შრომასა და ჯაფაში, სიცივესა და სიშიშვლეში, ბევრჯერ უჭმელი,+ მშიერ-მწყურვალი+ და ხშირად უძილო.+
28 გარდა ამისა, დღე ისე არ გავა, რომ არ ვწუხდე ყველა კრებაზე.+ 29 ვინმე სუსტადაა და მასთან ერთად მეც არ ვარ სუსტი?! ვინმე გზას ასცდა და მე არ აღვშფოთდი?!
30 თუ უნდა ვიამაყო, ჩემი სისუსტით ვიამაყებ. 31 უფალ იესოს ღმერთმა და მამამ, რომელიც მარადიულად ქების ღირსია, იცის, რომ არ ვცრუობ. 32 დამასკოში ყოფნისას გამგებელი, მეფე ჰარიტატის ქვეშევრდომი, სდარაჯობდა ქალაქს ჩემ შესაპყრობად, 33 მაგრამ გოდრით ჩამომიშვეს გალავნის სარკმლიდან+ და ხელიდან დავუსხლტი.