აღდგომა
განმარტება: „აღდგომად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „ანასტასის“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „კვლავ ადგომას“ და გულისხმობს მკვდრეთით აღდგომას. ფრაზა „მკვდრეთით აღდგომა“ არაერთხელ გვხვდება ბიბლიაში (მათ. 22:31; საქ. 4:2; 1 კორ. 15:12). ებრაულ თარგმანში გამოყენებულია ფრაზა „თეხიათ ჰამმეთიმ“, რაც ნიშნავს „მკვდრების გაცოცხლებას“. ღმერთს ყველაფერი ახსოვს ადამიანის შესახებ და ის მკვდრეთით აღადგენს იმავე პიროვნებას, მისთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურებით. აღდგომა მოხდება ფიზიკურ ან სულიერ სხეულში, თუმცა ორივე შემთხვევაში მკვდრეთით აღდგენილს ექნება იგივე პიროვნული თვისებები და მეხსიერება, რაც სიკვდილამდე ჰქონდა. გარდაცვლილთა აღდგენით იეჰოვა გამოავლენს უდიდეს წყალობას, სიბრძნესა და ძალას. აღდგომის მეშვეობით ის განახორციელებს თავის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით.
სულისა და სხეულის ხელახლა შეერთება იგულისხმება მკვდრეთით აღდგომაში?
ეს რომ ასე იყოს, ადამიანს უნდა ჰქონდეს ფიზიკური სხეულისგან დამოუკიდებლად არსებული სული. ბიბლია ამ აზრს არ უჭერს მხარს. ეს შეხედულება ბერძნული ფილოსოფიის გავლენით ჩამოყალიბდა. სულთან დაკავშირებით ბიბლიის სწავლება განხილულია 336—338-ე გვერდებზე. მასალა იმის შესახებ, თუ საიდან მომდინარეობს ქრისტიანული სამყაროს სწავლება სულის უკვდავებაზე, იხილეთ 340-ე და 341-ე გვერდებზე.
ხორციელად აღდგა იესო და დღესაც ხორციელი სხეული აქვს ზეცაში?
1 პეტ. 3:18: «ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მიეყვანეთ. იგი მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში [„სულით“, სსგ, ბსგ, ბთი, აფ]» (იესო სულიერ სხეულში აღდგა. ბერძნულ ტექსტში „ხორცი“ და „სული“ ერთმანეთთან არის დაპირისპირებული და ორივე სიტყვა დგას დატივუს [მიცემით] ბრუნვაში. ეს დაპირისპირება იმაზე მეტყველებს, რომ სიკვდილამდე იესოს ჰქონდა ხორციელი სხეული, ხოლო აღდგომის შემდეგ — სულიერი სხეული).
საქ. 10:40, 41: „ღმერთმა ის [იესო ქრისტე] მესამე დღეს აღადგინა და ნება მისცა, გამოცხადებოდა ადამიანებს, მაგრამ არა ყველას, არამედ ღვთის მიერ წინასწარ დანიშნულ მოწმეებს“ (რატომ ვერ შეძლეს სხვებმაც მისი ნახვა? იმიტომ რომ ის სულიერი ქმნილება იყო და ყველას არ ეცხადებოდა. ასეთ შემთხვევებში ის ხორცს ისხამდა, როგორც ანგელოზები აკეთებდნენ ამას წარსულში).
1 კორ. 15:45: «წერია კიდეც: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული [ფსიქე]“, უკანასკნელი ადამი [იესო ქრისტე, რომელიც სრულყოფილი იყო, ისევე როგორც ადამი თავდაპირველად] კი — მაცოცხლებელი სული [პნევმა]».
ამტკიცებს ლუკას 24:36—39 იმას, რომ აღდგომის შემდეგ იესოს ხორციელი სხეული ჰქონდა?
ლუკ. 24:36—39: «ამას ლაპარაკობდნენ [მოწაფეები], როცა იესო მათ შორის ჩადგა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა“. ისინი კი შეძრწუნდნენ და შეშინდნენ, ეგონათ, სულს ხედავდნენ. მან უთხრა მათ: „რატომ აფორიაქდით, რატომ გაქვთ გულში ეჭვები? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ. შემეხეთ და ნახეთ, რადგან სულს ხორცი და ძვალი არა აქვს, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ“».
ადამიანს არ შეუძლია სულის დანახვა, ამიტომ მოწაფეებს ეგონათ, რომ მოჩვენებას ან ხილვას ხედავდნენ (შეადარეთ მარკოზის 6:49, 50). იესომ დაარწმუნა ისინი, რომ მოჩვენება არ იყო. მოწაფეები ხედავდნენ მას და მათ შეეძლოთ, შეხებოდნენ მის სხეულს. იესომ მათ დასანახად საჭმელიც კი ჭამა. ზოგჯერ ანგელოზებიც ისხამდნენ ხორცს, რომ ადამიანებს შესძლებოდათ მათი დანახვა. ისინი საჭმელსაც ჭამდნენ. იყო შემთხვევები, როცა ზოგი ანგელოზი ქორწინდებოდა და მამა ხდებოდა (დაბ. 6:4; 19:1—3). აღდგომის შემდეგ იესო ყოველთვის ერთი და იმავე სხეულში არ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს (შესაძლოა, მათთვის იმის ნათლად დასანახვებლად, რომ უკვე სულიერი სხეული ჰქონდა). ამის გამო უახლოესი მოწაფეებიც კი მაშინვე ვერ სცნობდნენ მას (იოან. 20:14, 15; 21:4—7). იესოს სურდა, მოწაფეებს ერწმუნათ, რომ ის ნამდვილად აღდგა მკვდრეთით. ამიტომ მოწაფეებს ხორცშესხმული ეცხადებოდა და ისეთ რამეს ამბობდა ან აკეთებდა, რაც მათ დაარწმუნებდა იმაში, რომ ნამდვილად ის იყო.
მოწაფეებს იესო იმ სხეულში რომ ენახათ, რომელიც მას დღეს ზეცაში აქვს, მოგვიანებით პავლე განდიდებულ იესოს არ უწოდებდა „მისი [ღვთის] დიდების ანარეკლს“. ღმერთი სულია და მას არასდროს ჰქონია ხორციელი სხეული (ებრ. 1:3; შეადარეთ 1 ტიმოთეს 6:16).
1 პეტრეს 3:18 და 1 კორინთელების 15:45, რომლებიც ზემოთ არის ციტირებული, გვეხმარება ამ საკითხის სწორად გაგებაში.
იხილეთ აგრეთვე გვერდები 177, 178 („იესო ქრისტე“).
ვინ აღდგება ზეციერი ცხოვრებისთვის და რა მიზნით?
ლუკ. 12:32: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ („მცირე სამწყსოში“ ყველა მორწმუნე არ იგულისხმება. მათი რიცხვი, ვინც „მცირე სამწყსოში“ შედის, განსაზღვრულია. ზეციერი ცხოვრებისთვის მათ აღდგენას კონკრეტული მიზანი აქვს).
გამოცხ. 20:4, 6: „ვიხილე ტახტები და ისინი, ვინც მათზე დასხდნენ და ვისაც გასამართლების უფლებამოსილება მიეცა . . . ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში. მათზე ძალაუფლება არა აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“.
იხილეთ აგრეთვე გვერდები 157—163 („ზეცა“).
მიიღებენ მომავალში უხრწნელ ფიზიკურ სხეულს ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილები?
ფილ. 3:20, 21: „[უფალი იესო ქრისტე] ჩვენს დამცირებულ სხეულს თავისი დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნის თავისი ძალის მოქმედებით“ (ნიშნავს ეს იმას, რომ მათი ხორციელი სხეული განდიდდება ზეცაში? თუ ის იგულისხმება, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგომისას დამცირებული ხორციელი სხეულის ნაცვლად განდიდებულ სულიერ სხეულს მიიღებენ? ამ კითხვებს შემდეგი მუხლები გასცემს პასუხს).
1 კორ. 15:40, 42—44, 47—50: „არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციურ სხეულებს სხვანაირი დიდება აქვთ, მიწიერს — სხვანაირი. ასევეა მკვდრეთით აღდგომაც . . . ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული . . . პირველი კაცი [ადამი] მიწისგანაა, მტვრისგან არის შექმნილი, მეორე კაცი [იესო ქრისტე] კი ზეციდანაა. როგორიც მტვრისგან შექმნილია, ისეთები არიან მტვრისგან შექმნილებიც, და როგორიც ზეციერია, ისეთები არიან ზეციერებიც. როგორც მტვრისგან შექმნილის ანარეკლი ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი. მაგრამ გეუბნებით, ძმებო, რომ ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს“ (ამ მუხლებიდან გამომდინარე, გამორიცხულია სულიერი და ხორციელი სხეულების შერწყმა ან ზეცაში ხორციელი სხეულით ცხოვრება).
რას ვიგებთ მომავალ აღდგომასთან დაკავშირებით იესოს მიერ მკვდრების აღდგენის შემთხვევებიდან?
იოან. 11:11, 14—44: «[იესომ თავის მოწაფეებს უთხრა:] „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“ . . . იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა“ . . . როცა იესო მივიდა, ნახა, რომ ის [ლაზარე] უკვე ოთხი დღე სამარხში ესვენა . . . იესომ უთხრა [მართას, ლაზარეს დას]: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ . . . ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ კაცი, რომელიც მკვდარი იყო, სახვევებით ხელფეხშეკრული გამოვიდა, სახე კი ნაჭრით ჰქონდა შეხვეული. იესომ უთხრა მათ: „გახსენით, იაროს“» (თუ იესომ ლაზარე იმქვეყნიურ ნეტარებას მოწყვიტა და დედამიწაზე დააბრუნა, ეს სიკეთე არ იქნებოდა. ლაზარე აღარ არსებობდა და იესომ მას სიცოცხლე დაუბრუნა, რითაც სიკეთე გაუკეთა როგორც მას, ისე მის დებს).
მარ. 5:35—42: «სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან რამდენიმე კაცი მოვიდა და უთხრა მას: „შენი ასული მოკვდა! რატომღა აწუხებ მოძღვარს?“ იესომ ყური მოჰკრა ამ სიტყვებს და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“ . . .წაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თავისთან მყოფები და შევიდა იმ ოთახში, სადაც ბავშვი იწვა. ხელზე ხელი მოჰკიდა მას და უთხრა: „ტალითა კუმი“, რაც ასე ითარგმნება: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“ გოგონა მაშინვე წამოდგა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო იგი. იქ მყოფთა აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა» (ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს, როდესაც აღდგომა დედამიწაზე იქნება, მილიონობით მშობელსა და შვილს უზომო სიხარულს მიანიჭებს ერთმანეთთან შეხვედრა).
რის შესაძლებლობა მიეცემათ დედამიწაზე აღდგენილ ადამიანებს?
ლუკ. 23:43: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ქრისტეს მმართველობის დროს მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა).
გამოცხ. 20:12, 13: „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ . . . თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გრაგნილების გადაშლა, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს მიეცემათ ღვთის ნების უკეთ გაგების საშუალება, რითაც შესრულდება ესაიას 26:9. „სიცოცხლის გრაგნილის“ გაშლა კი იმაზე მეტყველებს, რომ მასში ჩაიწერება მათი სახელები, ვინც მიღებული ცოდნის შესაბამისად იცხოვრებს. მათ მიეცემათ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა).
იხილეთ აგრეთვე გვერდები 293—297 („სამეფო“).
მხოლოდ იმისთვის აღდგება ზოგი, რომ განაჩენი მოისმინოს და „მეორე სიკვდილს“ დაექვემდებაროს?
რა იგულისხმება იოანეს 5:28, 29-ში? ამ მუხლებში ვკითხულობთ: „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“. იესოს ამ სიტყვების გაგებაში გვეხმარება ის, რაც მან მოგვიანებით მოციქულ იოანეს ხილვის საშუალებით ამცნო (იხილეთ გამოცხადების 20:12, 13, ციტირებულია 44-ე გვერდზე). როგორც კარგის, ისე ცუდის მოქმედნი „თავიანთი საქმეებისამებრ“ გასამართლდებიან. რა იგულისხმება „საქმეებში“? რომაელების 6:7-ში წერია: „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“. აქედან გამომდინარე, ისინი არ გასამართლდებიან იმის მიხედვით, რასაც სიკვდილამდე აკეთებდნენ. გარდა ამისა, აზრს მოკლებული იქნება ხალხის აღდგენა გასანადგურებლად. იოანეს 5:28, 29ა-ში იესომ დაგვანახვა, რომ მომავალში იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა. 29-ე მუხლის მეორე ნაწილში კი მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა მათი აღდგომა გასრულყოფილებისა და გასამართლების შემდეგ.
რას ვიგებთ გამოცხადების 20:4—6-დან მათ შესახებ, ვინც დედამიწაზე აღდგება?
გამოცხ. 20:4—6: „ვიხილე ტახტები და ისინი, ვინც მათზე დასხდნენ და ვისაც გასამართლების უფლებამოსილება მიეცა. აგრეთვე ვიხილე იესოს შესახებ დამოწმებისა და ღვთის შესახებ ლაპარაკის გამო სიკვდილით დასჯილები . . . ისინი გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად ათას წელს მეფობდნენ (დანარჩენი მკვდრები არ გაცოცხლდნენ, სანამ ათასი წელი არ დასრულდა). ეს არის პირველი აღდგომა. ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში. მათზე ძალაუფლება არა აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“.
აქ-ში ფრჩხილები იმიტომ არის გამოყენებული, რომ მკითხველს გაუადვილოს ფრჩხილებამდე მოცემული აზრის დაკავშირება ფრჩხილების შემდეგ მოცემულ აზრთან. ამ მუხლებიდან ნათლად ჩანს, რომ პირველი აღდგომა „დანარჩენ მკვდრებს“ არ ეხება. მათ, ვინც პირველი აღდგომისას აღდგება, ქრისტესთან ერთად უნდა იმეფონ ათას წელს. ნიშნავს ეს იმას, რომ ათასი წლის განმავლობაში მათ გარდა აღარავინ აღდგება და ადამიანთაგან არავინ იქნება ცოცხალი? არა. ამ შემთხვევაში აზრი არ ექნებოდა მათ მეფობას და მღვდლობას, რადგან დედამიწაზე არავინ იცხოვრებდა.
ვინ იგულისხმება „დანარჩენ მკვდრებში“? ყველა, ვინც ადამის ცოდვის გამო მოკვდა, დიდი გასაჭირის დროს გადარჩება ან ათასი წლის განმავლობაში დაიბადება. მათგან ყველას დასჭირდება ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლება (შეადარეთ ეფესოელების 2:1).
რა გაგებით „გაცოცხლდებიან“ ისინი ათასი წლის ბოლოს? ამ შემთხვევაში მკვდრეთით აღდგომაზე არ არის ლაპარაკი. აქ უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ არსებობა. ადამიანები გაცოცხლდებიან იმ გაგებით, რომ გახდებიან სრულყოფილები და გათავისუფლდებიან ადამის ცოდვის შედეგებისგან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ სიტყვებამდე, მე-5 მუხლის წინ, ლაპარაკია მათ ‘გაცოცხლებაზე’, ვისაც ზეცაში უნდა ემეფა. მათ შემთხვევაში გაცოცხლება დაკავშირებულია ცოდვის ყოველგვარი შედეგებისგან გათავისუფლებასთან. ისინი უკვდავებიც კი ხდებიან (1 კორ. 15:54). ასე რომ, „დანარჩენი მკვდრებისთვის“ გაცოცხლება ნიშნავს სრულყოფილი სიცოცხლის მიღებას.
ვინ აღდგება დედამიწაზე?
იოან. 5:28, 29: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (ბერძნულ ტექსტში არ არის გამოყენებული სიტყვა „ტაფოს“ [სამარე, ცალკეული საფლავი] ან „ჰადეს“ [კაცობრიობის საერთო სამარე] მრავლობით რიცხვში. ნაცვლად ამისა, „სამარხებად“ ნათარგმნია სიტყვა „მნემეიონ“ [ხსოვნა, სამახსოვრო სამარხი], რომელიც დატივუს [მიცემით] ბრუნვაში და მრავლობით რიცხვშია. ეს სიტყვა ყურადღებას ამახვილებს გარდაცვლილის ხსოვნაზე. ამ „სამარხებში“ ვერ იქნებიან მიუტევებელი ცოდვების გამო „გეენაში“ მოხვედრილები. „სამარხებში“ არიან ისინი, ვინც ღმერთს ახსოვს. სწორედ ისინი აღდგებიან და ღმერთი მისცემს მათ მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას (მათ. 10:28; მარ. 3:29; ებრ. 10:26; მალ. 3:16).
საქ. 24:15: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (აღდგებიან როგორც მართლები, რომლებიც ღვთის ნორმებით ცხოვრობდნენ, ისე უმართლოები ანუ ისინი, ვინც არცოდნის გამო არღვევდა ღვთის ნორმებს. ბიბლია ყველა შემთხვევაში არ აკონკრეტებს, თუ ვინ აღდგება და ვინ — არა. უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის და ის მიუკერძოებლად იმოქმედებს. ის გულმოწყალებას გამოავლენს, თუმცა თვალს არ დახუჭავს თავის სამართლიან ნორმებზე. შეადარეთ დაბადების 18:25).
გამოცხ. 20:13, 14: «ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც [ბერძნულად „ჰადეს“] მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა. სიკვდილი და სამარე ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს» (ადამის ცოდვის გამო გარდაცვლილები აღდგებიან იმისდა მიუხედავად, „ჰადესში“ ანუ კაცობრიობის საერთო მიწიერ სამარეში არიან თუ „ზღვაში“).
იხილეთ აგრეთვე „ხსნა“.
სად დაეტევა ყველა, თუ მილიარდობით ადამიანი აღდგება?
როგორც ვარაუდობენ, დედამიწაზე დღემდე მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 20 000 000 000-ს. ბიბლიიდან ვიცით, რომ ყველა არ აღდგება. რომც აღდგეს ყველა, ადგილი საკმარისი იქნება. დედამიწაზე ხმელეთის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 147 600 000 კვადრატული კილომეტრია. ამ ფართობის ნახევარი სხვა მიზნებისთვის რომ იყოს გამოყენებული, დარჩენილი ტერიტორია მაინც ყველას ეყოფა. ასეთ შემთხვევაში თითო ადამიანს შეხვდება დაახლოებით 0,37 ჰექტარი მიწა. ეს კი საკმარისი იქნება საჭირო რაოდენობის მოსავლის მოსაყვანად. დღეს საკვების უკმარისობის მთავარი მიზეზი პოლიტიკური და კომერციული ინტერესებია და არა ის, რომ დედამიწას არ შეუძლია ადამიანთა უზრუნველყოფა საკმარისი საკვებით.
იხილეთ აგრეთვე გვერდი 126 („დედამიწა“).