იეჰოვას ძალით „დაცულნი ხსნისთვის“
„რწმენის მეშვეობით ღვთის ძალით ხართ დაცულნი ხსნისთვის, რაც უკანასკნელ დროს უნდა გამოცხადდეს“ (1 პეტ. 1:5).
როგორ უპასუხებთ?
როგორ მიგვიზიდა იეჰოვამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ?
როგორ ვაძლევთ იეჰოვას საშუალებას, გვიხელმძღვანელოს თავისი რჩევით?
როგორ გვამხნევებს იეჰოვა?
1, 2. ა) რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა უმწიკვლობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება? ბ) რამდენად კარგად იცნობს იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს?
„ბოლომდე მომთმენი . . . გადარჩება“ (მათ. 24:13). ამ სიტყვებით იესომ დაგვანახვა, რომ თუ გვსურს, გადავურჩეთ სატანის ქვეყნიერების აღსასრულს, ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ უმწიკვლობა. მაგრამ იეჰოვა არ მოელის, რომ ჩვენ საკუთარი ძალით ან სიბრძნით შევძლებთ მოთმენას. ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორ. 10:13). რას ნიშნავს ეს სიტყვები?
2 ცდუნებამ ჩვენს შესაძლებლობას რომ არ გადააჭარბოს, იეჰოვამ ყველაფერი უნდა იცოდეს ჩვენ შესახებ — რა განსაცდელებს ვხვდებით, რა სისუსტეები გვაქვს და რამდენის ატანა შეგვიძლია. მართლა კარგად გვიცნობს იეჰოვა? რა თქმა უნდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ძალიან კარგად იცნობს თითოეულ ჩვენგანს. მან იცის, რით ვართ ყოველდღიურად დაკავებული და რა ჩვევები გვაქვს. იეჰოვა ჩვენს ფიქრებსა და გულის ზრახვებსაც კი სწვდება (წაიკითხეთ ფსალმუნის 139:1—6).
3, 4. ა) როგორ გვიჩვენებს დავითის შემთხვევა, რომ იეჰოვა ყველას მიმართ ავლენს ყურადღებას? ბ) რა გასაოცარ საქმეებს ასრულებს იეჰოვა?
3 ცოტა უცნაური ხომ არ არის, რომ ღმერთი ჩვენით, ადამიანებით, ინტერესდება? ფსალმუნმომღერალი დავითიც ფიქრობდა ამაზე. მან იეჰოვას ჰკითხა: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს?“ (ფსალმ. 8:3, 4). შესაძლოა დავითმა იმიტომ დასვა ეს კითხვა, რომ პირადად ჰქონდა გამოცდილი, როგორ ავლენდა იეჰოვა ყურადღებას მის მიმართ. მასში, იესეს უმცროს ვაჟში, იეჰოვამ დაინახა „გულით სასურველი კაცი“, და უბრალო მწყემსი მთელი ისრაელის წინამძღოლად დანიშნა (1 სამ. 13:14; 2 სამ. 7:8). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა დავითი, როცა გაათვითცნობიერებდა, რომ სამყაროს შემოქმედმა პატარა მწყემსი ბიჭუნას ფიქრებსა და გულის ნადებს მიაქცია ყურადღება.
4 არანაკლებ გასაოცარია, რომ იეჰოვა დღესაც ავლენს პირად ინტერესს თითოეული ჩვენგანისადმი. ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის თავს უყრის „ხალხთა საუნჯეს“ და თავის მსახურებს ერთგულების შენარჩუნებაში ეხმარება (ანგ. 2:7). უკეთ რომ გავიგოთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა ერთგულების შენარჩუნებაში, ჯერ ვნახოთ, როგორ იზიდავს ის ადამიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ.
ღმერთი თავად გვიზიდავს
5. როგორ იზიდავს იეჰოვა ადამიანებს თავისი ძისკენ? მოიყვანეთ მაგალითი.
5 იესომ თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოან. 6:44). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის დახმარების გარეშე, ქრისტეს მოწაფეები ვერ გავხდებოდით. როგორ იზიდავს იეჰოვა ცხვრისმაგვარ ადამიანებს თავისი ძისკენ? სამქადაგებლო საქმიანობითა და წმინდა სულის მეშვეობით. მაგალითად, ერთხელ მისიონერული მოგზაურობისას, პავლემ და მისმა თანამგზავრებმა ფილიპეში ერთ ქალს, ლიდიას, უქადაგეს. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „იეჰოვამ მას გული გაუხსნა, რომ ყურადღებით მოესმინა პავლეს ნათქვამი“. მართლაც, ღმერთი თავისი სულით დაეხმარა ლიდიას ამ ცნობის გაგებაში. შედეგად, ის და მთელი მისი შინაურები მოინათლნენ (საქ. 16:13—15).
6. როგორ მიგვიზიდა იეჰოვამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ?
6 იყო ლიდიას შემთხვევა განსაკუთრებული? რა თქმა უნდა, არა. თუ თქვენ მიძღვნილი ქრისტიანი ხართ, ღმერთმა თქვენც მიგიზიდათ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ. იეჰოვამ როგორც ლიდიას შემთხვევაში, ისე თქვენ შემთხვევაშიც დაინახა რაღაც კარგი. ბიბლიის შესწავლისას ის წმინდა სულით გეხმარებოდათ ჭეშმარიტების გაგებაში (1 კორ. 2:11, 12). როდესაც მისი ნების შესრულება და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დაიწყეთ, ღმერთმა აკურთხა თქვენი ძალისხმევა. იეჰოვას გული ხარობდა, როცა მას თავი მიუძღვენით. ნამდვილად, მას შემდეგ, რაც ამ სიცოცხლის გზას დაადექით, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას იეჰოვა თქვენ გვერდით იყო.
7. საიდან ვიცით, რომ ღმერთი დაგვეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში?
7 იეჰოვა მხარში გვედგა, როცა მისი გზებით სიარული დავიწყეთ და ის ახლაც დაგვეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში. მან იცის, რომ როგორც ჭეშმარიტების მიღება არ იყო მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ისე ჭეშმარიტებაში დარჩენაც მხოლოდ საკუთარი ძალებით შეუძლებელია. მოციქული პეტრე ცხებულ ქრისტიანებს სწერდა: „რწმენის მეშვეობით ღვთის ძალით ხართ დაცულნი ხსნისთვის, რაც უკანასკნელ დროს უნდა გამოცხადდეს“ (1 პეტ. 1:5). ეს სიტყვები ყველა ქრისტიანს ეხება და ჩვენც უნდა გვაინტერესებდეს. რატომ? იმიტომ, რომ ღვთისადმი ერთგულების შესანარჩუნებლად ყველას გვჭირდება მისი დახმარება.
ღმერთი გვიცავს მცდარი ნაბიჯებისგან
8. რატომ უნდა ვერიდოთ მცდარი ნაბიჯის გადადგმას?
8 ცხოვრებისეულმა სირთულეებმა და საკუთარმა არასრულყოფილებამ შეიძლება სულიერი ხედვა დაგვაკარგვინოს და შეუგნებლად მცდარი ნაბიჯის გადადგმის მიზეზი გახდეს (წაიკითხეთ გალატელების 6:1). ეს კარგად ჩანს დავითის ცხოვრების ერთი შემთხვევიდან.
9, 10. როგორ შეაკავა იეჰოვამ დავითი მცდარი ნაბიჯის გადადგმისგან და ჩვენ როგორ გვეხმარება ღმერთი?
9 მეფე საულისგან დევნილმა დავითმა დიდი თავშეკავება გამოავლინა, რომ შური არ ეძია ამ ეჭვიან მონარქზე (1 სამ. 24:2—7). მაგრამ მალე დავითის არასრულყოფილებამ იჩინა თავი. მას და მის ხალხს საკვები სჭირდებოდათ, ამიტომ დავითმა ებრაელ ნაბალს დახმარება სთხოვა. ნაბალის უკმეხი პასუხით განრისხებულმა დავითმა გადაწყვიტა, შური ეძია და ამოეწყვიტა ნაბალის მთელი სახლეულობა. ის ვერც კი ხვდებოდა, რომ ამით სრულიად უდანაშაულო ადამიანების სისხლს დაღვრიდა ღვთის წინაშე. მხოლოდ ნაბალის ცოლის, აბიგაილის, დროულმა ჩარევამ შეაკავა დავითი გამოუსწორებელი შეცდომის დაშვებისგან. დავითი მიხვდა, რომ ამაში იეჰოვას ხელი ერია და აბიგაილს უთხრა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომელმაც ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა დღეს! კურთხეული იყოს შენი გონიერება და კურთხეული იყავ შენ, რადგან შემაკავე სისხლის ღვრისგან და იმისგან, რომ ჩემი ხელით მეხსნა თავი“ (1 სამ. 25:9—13, 21, 22, 32, 33).
10 რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? იეჰოვამ აბიგაილის მეშვეობით შეაკავა დავითი მცდარი ნაბიჯის გადადგმისგან. იეჰოვა დღესაც ასე მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ უნდა მოველოდეთ, რომ იეჰოვა ყოველთვის ვინმეს გამოგვიგზავნის, შეცდომის დაშვებისგან რომ შეგვაკავოს. ვერც იმას განვსაზღვრავთ, თუ როგორ იმოქმედებს იეჰოვა ნებისმიერ სიტუაციაში და რას დაუშვებს თავისი ნების შესასრულებლად (ეკლ. 11:5). თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ ღმერთს ყოველთვის ესმის ჩვენი მდგომარეობა და დაგვეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში. ის გვარწმუნებს: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმ. 32:8). როგორ გვაძლევს იეჰოვა რჩევას? როგორ მივიღოთ სარგებლობა ამ რჩევიდან? რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ დღეს იეჰოვა ხელმძღვანელობს თავის ხალხს? ვნახოთ, როგორ პასუხობს ამ კითხვებს წიგნი „გამოცხადება“.
ღმერთი გვიცავს რჩევის მოცემით
11. რამდენად კარგად იცის იეჰოვამ, რა ხდება თავისი ხალხის კრებებში?
11 გამოცხადების მე-2 და მე-3 თავებში მოცემულ ხილვაში განდიდებული იესო ქრისტე ამოწმებს მცირე აზიის შვიდ კრებას. ამ ხილვიდან ჩანს, რომ ქრისტე არა მხოლოდ ზოგად სურათს ხედავს, არამედ კონკრეტულ სიტუაციებს. ზოგ შემთხვევაში ის ცალკეულ ადამიანს მოიხსენიებს და თითოეულ კრებას სათანადო რჩევას აძლევს ან აქებს. რაზე მიუთითებს ეს? ამ ხილვაში შვიდი კრება წარმოადგენს ცხებულ ქრისტიანებს 1914 წლის შემდეგ, მაგრამ ამ კრებებისთვის მიცემული რჩევები დღეს მთელ მსოფლიოში არსებულ ყველა კრებას ეხება. ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, იეჰოვა იესოს მეშვეობით ხელმძღვანელობს თავის ხალხს. როგორ მივიღოთ სარგებლობა ასეთი ხელმძღვანელობისგან?
12. როგორ შეგვიძლია იეჰოვას ჩვენი ნაბიჯების წარმართვის საშუალება მივცეთ?
12 იეჰოვას ხელმძღვანელობიდან სარგებლობის მიღების ერთ-ერთი საშუალება პირადი შესწავლაა. ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული პუბლიკაციების მეშვეობით იეჰოვა არაერთ ბიბლიურ რჩევას გვაძლევს (მათ. 24:45). მაგრამ ამ რჩევებმა სარგებლობა რომ მოგვიტანოს, საჭიროა, დრო დავუთმოთ შესწავლას და ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ. პირადი შესწავლა არის ერთ-ერთი, რაც „გვიცავს . . . დაბრკოლებისგან“ (იუდ. 24). ჩვენი ლიტერატურის შესწავლისას თუ დაგრჩენიათ ისეთი გრძნობა, რომ თითქოს ის ზუსტად თქვენთვის იყო დაწერილი? ჩათვალეთ, რომ ეს რჩევები იეჰოვასგან მომდინარეობს. როგორც რაღაცისკენ ყურადღების მისაპყრობად მეგობარი შეიძლება მხარზე ხელს გვადებს, ისე იეჰოვა გვანიშნებს თავისი სულით ჩვენი საქციელისა თუ ხასიათის იმ მხარეებზე, რომლებშიც გამოსწორება გვჭირდება; და ასეთ გამოსწორებას მრავალი საჭიროებს. თუ მთელი გულით ვცდილობთ, მივყვეთ სულის ხელმძღვანელობას, იეჰოვას ჩვენი ნაბიჯების წარმართვის საშუალებას ვაძლევთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 139:23, 24). ამ მხრივ კარგია, გამოვიკვლიოთ, შესწავლის როგორი ჩვევა გვაქვს.
13. რატომ იქნებოდა გონივრული, გამოგვეკვლია, შესწავლის როგორი ჩვევა გვაქვს?
13 თუ გართობას ძალიან ბევრ დროს ვუთმობთ, პირადი შესწავლისთვის დრო აღარ დაგვრჩება. ერთი ძმა ამბობს: „ძალიან ადვილია, ჩაგივარდეს პირადი შესწავლა. არასდროს არ ყოფილა გართობა ისე ხელმისაწვდომი და იაფი, როგორც ახლა. ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი — ამ ყველაფერს გასართობად იყენებენ. სადაც არ უნდა გაიხედოთ, გასართობ საშუალებას ყველგან შეხვდებით“. თუ ფრთხილად არ ვიქენით, საფუძვლიანი პირადი შესწავლისთვის განკუთვნილი დრო შეიძლება ნელ-ნელა შემცირდეს და ერთ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ ამისთვის დრო საერთოდ არ დაგვრჩა (ეფეს. 5:15—17). ვკითხოთ საკუთარ თავს: რამდენად ხშირად გამოვყოფ დროს ღვთის სიტყვის ღრმად გამოსაკვლევად? მხოლოდ მაშინ ხომ არა, როცა მოხსენება მაქვს ან კრების შეხვედრისთვის დავალებას ვამზადებ? თუ ასეა, ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო ან პირადი შესწავლისთვის განკუთვნილი დრო იმ სიბრძნის მისაღებად უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც იეჰოვა ჩვენი ხსნისთვის გვაძლევს (იგავ. 2:1—5).
ღმერთი გვამხნევებს, რომ მოვითმინოთ
14. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ იეჰოვა ყურადღებას აქცევს ჩვენს გრძნობებს?
14 დავითი ხშირად აღმოჩენილა რთულ სიტუაციაში (1 სამ. 30:3—6). ღვთის შთაგონებით წარმოთქმული მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ იეჰოვამ იცოდა მისი გრძნობების შესახებ (წაიკითხეთ ფსალმუნების 34:18; 56:8). იეჰოვასთვის არც ჩვენი გრძნობებია უცნობი. როდესაც გულმოდრეკილი ან სულგამწარებული ვართ, ის განსაკუთრებით ახლოს არის ჩვენთან. ამის ცოდნა უკვე მანუგეშებელია ჩვენთვის, ისევე როგორც დავითისთვის, რომელიც მღეროდა: „გავიხარებ და ვიმხიარულებ შენი სიკეთით, რადგან დაინახე ჩემი გაჭირვება; შენ იცი, რა უჭირს ჩემს სულს“ (ფსალმ. 31:7). იეჰოვა არა მარტო ამჩნევს ჩვენს გაჭირვებას, არამედ მხარს გვიჭერს, გვანუგეშებს და გვამხნევებს. ამის ერთ-ერთი საშუალება ქრისტიანული შეხვედრებია.
15. რას ვსწავლობთ ასაფის შემთხვევიდან?
15 ფსალმუნმომღერალ ასაფის შემთხვევა გვიჩვენებს, თუ რამდენად სასარგებლოა შეხვედრებზე დასწრება. უსამართლობაზე ფიქრმა ასაფს ეჭვები გაუჩინა, ღირდა თუ არა ღვთისადმი მსახურება. გულგატეხილმა ასაფმა ასე აღწერა თავისი გრძნობები: „გული გამიმწარდა და თირკმელებში მწვავე ტკივილს ვგრძნობდი“. შედეგად, მან თითქმის შეწყვიტა იეჰოვასადმი მსახურება. რა დაეხმარა მას სულიერი წონასწორობის აღდგენაში? „მივედი ღვთის დიდებულ საწმინდარში“, — თქვა ასაფმა. იქ იეჰოვას თაყვანისმცემლებს შორის ასაფმა დაიბრუნა სწორი თვალსაზრისი. ის დარწმუნდა, რომ ბოროტების წარმატება მხოლოდ დროებითი იყო და იეჰოვა აუცილებლად გამოასწორებდა მდგომარეობას (ფსალმ. 73:2, 13—22). ჩვენ შემთხვევაშიც ასეა. სატანის ქვეყნიერებაში გაბატონებულმა უსამართლობამ შეიძლება ძალები გამოგვაცალოს. და-ძმებთან ერთად შეკრება კი გამომაცოცხლებელია და გვეხმარება, არ დავკარგოთ სიხარული იეჰოვასადმი მსახურებაში.
16. რას ვსწავლობთ ხანას მაგალითიდან?
16 რა შეიძლება ითქვას, თუ კრებაში არსებული სიტუაციის გამო გიჭირთ შეხვედრებზე დასწრება? შესაძლოა, გარკვეული პასუხისმგებლობები დაკარგეთ ან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ რომელიმე ძმასთან ან დასთან. ასეთ შემთხვევაში ხანას მაგალითი დაგეხმარებათ (წაიკითხეთ 1 სამუელის 1:4—8). ხანა ძალიან დათრგუნული იყო, რადგან ელკანას მეორე ცოლი ფენინა უმწარებდა სიცოცხლეს. სიტუაცია უფრო იძაბებოდა, როცა ყოველ წელს მთელი ოჯახი შილოში იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირად მიდიოდა. ხანა იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, რომ „ტიროდა და არაფერს ჭამდა“. მიუხედავად ამისა, მას არ შეუწყვეტია სიარული იქ, სადაც ხალხი იეჰოვას თაყვანს სცემდა. ღმერთს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი ერთგულება და აკურთხა ხანა (1 სამ. 1:11, 20).
17, 18. ა) როგორ გვამხნევებს კრების შეხვედრები? ბ) რამდენად უნდა ვაფასებდეთ იმას, რომ იეჰოვა ასე სათუთად ზრუნავს ჩვენზე?
17 დღეს ქრისტიანებს გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, მივბაძოთ ხანას. ჩვენ ყოველთვის უნდა დავესწროთ კრების შეხვედრებს. კრების შეხვედრები ნამდვილად გვამხნევებს და ეს თითოეულს გვაქვს გამოცდილი (ებრ. 10:24, 25). თანაქრისტიანების მიერ გამოვლენილი სითბო გვანუგეშებს. მოხსენების დროს წარმოთქმული უბრალო აზრი ან კომენტარი შეიძლება ჩვენს გულს შეეხოს. კრებამდე ან კრების შემდეგ თანაქრისტიანმა შეიძლება გულისყურით მოგვისმინოს ან გამამხნევებელი რამ გვითხრას (იგავ. 15:23; 17:17). იეჰოვას განსადიდებელი სიმღერის მღერა კარგ განწყობაზე გვაყენებს. გამხნევება განსაკუთრებით მაშინ გვჭირდება, როცა „მშფოთვარე ფიქრები“ შეგვიპყრობს; ასეთ გამხნევებას კი კრების შეხვედრებზე ვიღებთ. ასეთი სახით იეჰოვა გვანუგეშებს და მხარს გვიჭერს, რომ ერთგულება შევინარჩუნოთ (ფსალმ. 94:18, 19).
18 ჩვენ ღვთის მზრუნველობაში ვართ დარწმუნებული და იგივე გრძნობები გვეუფლება, როგორიც ფსალმუნმომღერალ ასაფს ჰქონდა. ის იეჰოვას უმღეროდა: „შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა ხელი. შენი რჩევით წამიძღვები“ (ფსალმ. 73:23, 24). მართლაც ძალიან მადლიერი ვართ, რომ იეჰოვა გვიცავს, რათა გადავრჩეთ!
[სურათი 28 გვერდზე]
იეჰოვამ თქვენც მიგიზიდათ
[სურათები 30 გვერდზე]
ღვთის რჩევების გამოყენება გვიცავს
[სურათი 31 გვერდზე]
ღმერთი გვამხნევებს, რომ მოვითმინოთ