მიწის ხალხი
ებრაულ დედანში ეს გამოთქმა (ებრ. ʽამ ჰაʼარეც და მისი მრ. რ-ში მდგომი ფორმები) 75-ჯერ გვხვდება (კონტექსტის მიხედვით ქართულში სხვადასხვანაირად არის გადმოტანილი). იესოს მსახურების დროს რელიგიური წინამძღოლები ამ გამოთქმას ზიზღის გამოსახატავად იყენებდნენ, თუმცა თავიდან მას ასეთი დატვირთვა არ ჰქონია.
ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, ამ ებრაული გამოთქმის მნიშვნელობაა „სრულუფლებიანი მოქალაქეები“ (Lexicon in Veteris Testamenti Libros, ლ. კელერი და ვ. ბაუმგარტნერი, ლეიდენი, 1958, გვ. 711). სხვა ლექსიკონში ნათქვამია, რომ „ვიწრო გაგებით მასში იგულისხმებიან მხოლოდ მამრობითი სქესის პასუხისმგებელი მოქალაქეები, ანუ საკუთარ ადგილ-მამულზე მცხოვრები დაოჯახებული მამაკაცები, რომელთაც სრული უფლებები ჰქონდათ და არაერთი ვალდებულება ეკისრათ, მათ შორის ჯარში მსახურება, სასამართლო პროცესებში და ... დღესასწაულებში მონაწილეობა“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ა. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 1, გვ. 106) (შდრ. ლვ. 20:2—5; 2მფ. 15:5; 16:15; ეზკ. 45:16, 22; 46:3, 9). ამგვარად, თავიდან ეს იყო პატივისცემის გამომხატველი წოდება და მხოლოდ და მხოლოდ მდაბიო ხალხის ან საზოგადოების ღარიბი ფენის მიმართ არ გამოიყენებოდა.
მაქფელას გამოქვაბული რომ მის საკუთრებაში გადასულიყო, აბრაამი „იმ ქვეყნის ხალხს“, ხეთის ძეებს მოელაპარაკა (დბ. 23:7, ბსგ). „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ებრაული გამოთქმა ʽამ ჰაʼარეც ამ მუხლში გადმოტანილია იქაურებად. ფარაონმა მოსესა და აარონთან საუბრისას ეს გამოთქმა გოშენში მცხოვრები ისრაელების მისამართით გამოიყენა (გმ. 5:5, ბსგ). როცა ეს გამოთქმა მხოლობით რიცხვში დგას, მასში ქანაანის მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხი იგულისხმება (რც. 14:9). მაგრამ, როცა ამ გამოთქმაში სიტყვა ʽამ (ʽამმე, „ხალხები“) მრავლობით რიცხვში დგას, ეს ნიშნავს, რომ იმ მიწის მოსახლეობა ცალკეული ტომებისა და ხალხებისგან შედგებოდა (ნემ. 9:24). მსგავსი მნიშვნელობით გამოიყენება ის დედოფალი ესთერის დროს სპარსეთის იმპერიის მიერ დამორჩილებული ხალხების აღსანიშნავად (ესთ. 8:17). სინახერიბის სიტყვებში ამ გამოთქმის ორივე ნაწილი მრავლობით რიცხვში დგას (ʽამმეჰ ჰაʼარაცოთ, „ქვეყნების ხალხები“) და მიუთითებს ასურეთის ჯარის დაპყრობილ მრავალ ხალხსა თუ ერზე (2მტ. 32:13).
ისრაელში ფრაზა ʽამ ჰაʼარეც ხშირად ჩვეულებრივი მოსახლეობის მმართველი კლასისა და სამღვდელოებისგან განსასხვავებლად გამოიყენებოდა (2მფ. 11:14, 18—20; იერ. 1:18; 34:19; 37:2; 44:21; ეზკ. 7:27; დნ. 9:6; ზქ. 7:5). მაგრამ აშკარაა, რომ მასში იგულისხმებოდა არა მხოლოდ ღარიბი, მუშა ხალხი, არამედ შეძლებული ხალხიც. ეზეკიელი თავის წინასწარმეტყველებაში ამხელს ხარბი წინასწარმეტყველების, მღვდლებისა და მთავრების უსამართლო საქმეებს და კიცხავს „იმ მიწის ხალხს“, რომელსაც „გამოძალვა აქვს ჩაფიქრებული და ახორციელებს გეგმას, ძარცვით გლეჯენ ერთმანეთს, დაჩაგრულსა და ღარიბს ცუდად ეპყრობიან, ხიზანს სძალავენ და სამართალს ართმევენ“ (ეზკ. 22:25—29). ფარაონი ნექოს დაკისრებული მძიმე ხარკის გადასახდელად მეფე იეჰოიაკიმმა „ოქრო-ვერცხლი გადაახდევინა იმ მიწის ხალხს“. ამგვარად, მიწის ხალხი (ʽამ ჰაʼარეც), რომელმაც დახოცა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულები და მის ნაცვლად მისი ვაჟი იოშია გაამეფა, მოგვიანებით კი იეჰოახაზი დასვა მეფედ, უბრალოდ ბრბო არ იყო (2მფ. 23:30, 35; 21:24). როცა ნაბუქოდონოსორმა იუდა დაიპყრო, „იმ მიწაზე მცხოვრები“ 60 კაცი სამეფო კარის მოხელეებთან ერთად მიიყვანეს რიბლაში და დახოცეს. ეს 60 კაცი უდავოდ მოსახლეობის გავლენიან ფენას წარმოადგენდა (2მფ. 25:19—21). რა თქმა უნდა, ფრაზაში ʽამ ჰაʼარეც (მიწის ხალხი) ღარიბი და მდაბიო ხალხიც იგულისხმება, რადგან ბაბილონის მეფემ იუდაში, როგორც ადრე იერუსალიმში, სწორედ ასეთი ხალხი დატოვა (2მფ. 24:14; 25:12; იერ. 40:7; 52:15, 16).
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ეზრამ და ნეემიამ დაბრუნებულები იმის გამო გაკიცხეს, რომ „იმ მიწის ხალხებს“ შეერივნენ, მათ ქალებზე დაქორწინდნენ, უფლება მისცეს, შაბათობით იერუსალიმში ევაჭრათ, და მათი სისაძაგლეები გადაიღეს (ეზრ. 9:11; 10:2, 11; ნემ. 10:28, 31). აქ გამოყენებული გამოთქმა ეხება მათ გარშემო მცხოვრებ არაისრაელებს, რომლებიც ეზრას 9:1, 2-ში არიან მოხსენიებულნი. ისრაელები მათგან გამოცალკევებულნი უნდა ყოფილიყვნენ არა იმიტომ, რომ ისინი მდაბიონი და ღარიბები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ღვთის კანონი მათგან თაყვანისმცემლობის სიწმინდეს მოითხოვდა (ნემ. 10:28—30).
გამოხატავდა ზიზღს. დროთა განმავლობაში იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა ამ ფრაზის გამოყენება დაიწყეს კანონის უცოდინარი იუდეველებისა თუ არაიუდეველების მიმართ. ისინი განსაკუთრებით მათ უწოდებდნენ ʽამ ჰაʼარეცს, ვინც არ იცოდა ან ზედმიწევნით არ იცავდა რაბინთა ურიცხვ წეს-ჩვეულებას, რომლებიც იმ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებული იყო (მთ. 15:1, 2). ამ ფრაზით ზიზღის გამოხატვის მაგალითია იოანეს 7:49-ში ჩაწერილი სიტყვები, რომელთაც ფარისევლები ამბობდნენ: „დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი“. რაბი იეჰოშუა ამბობდა, რომ ʽამ ჰაʼარეცი არის „ყველა, ვინც ტეფილლინს [ფილაქტერიონს] არ ატარებს“. სხვა რაბინულ წყაროებში მათზე, ვინც იუდაურ ტრადიციას არ იცავდა, ნათქვამია: „მაშინაც კი, თუ ვინმემ იცის წმინდა წერილები და მიშნა, მაგრამ არ ემსახურება ბრძენთა მოწაფეებს, ʽამ ჰაʼარეცია“ (ბაბილონის თალმუდი, ბერაქოთი 47ბ, ინგლისური თარგმანი მ. სიმონისა). „უვიცი ადამიანი [ʽამ ჰაʼარეცი] ღვთისმოსავი ვერ იქნება“ (ბაბილონის თალმუდი, აბოთი 2:5, ინგლისური თარგმანი ჯ. ისრაელსტამისა). „უსწავლელები მკვდრეთით აღდგომას არ ექვემდებარებიან“ (ბაბილონის თალმუდი, ქეთუბოთი 111ბ, ინგლისური თარგმანი ი. სლოტკისა) (შდრ. მთ. 9:11; ლკ. 15:2; 18:11). მაგრამ იესო „ცოდვილთა მოსახმობად“ მოვიდა და თბილად ექცეოდა „უმწყემსო ცხვარივით“ გაფანტულებს (მთ. 9:13, 36). ამგვარად, ფრაზა ʽამ ჰაʼარეც პატივისცემის გამომხატველი წოდებიდან რელიგიურ სალანძღავ გამოთქმად იქცა.