იცოდით თუ არა?
როგორ უყურებდნენ იესოს დროს რელიგიური წინამძღოლები უბრალო ხალხს?
▪ ახ. წ. I საუკუნეში რელიგიური წინამძღოლები და საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლები ისრაელში ზიზღით უყურებდნენ მათ, ვინც არ იყო განათლებული. ბიბლიაში ვკითხულობთ, რას ამბობდნენ ფარისევლები: „დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი“ (იოანე 7:49).
ბიბლიის გარდა, სხვა წყაროებიდანაც ჩანს, რომ ისრაელში საზოგადოების პრივილეგირებული კლასები ასეთ ხალხს სიძულვილის ნიშნად „ამ-ჰაარეცს“ ეძახდნენ, რაც „მიწის ხალხს“ ნიშნავს. თავდაპირველად ამ ებრაულ სიტყვას პატივისცემის ნიშნად იყენებდნენ მათ მიმართ, რომლებიც რომელიმე კონკრეტულ მიწაზე ცხოვრობდნენ. ამ სიტყვით მიმართავდნენ არა მხოლოდ ღარიბსა და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს, არამედ მაღალი ფენის წარმომადგენლებსაც (დაბადება 23:7; 2 მეფეები 23:35; ეზეკიელი 22:29).
მაგრამ იესოს დღეებში ამ სიტყვას უარყოფითი მნიშვნელობით იყენებდნენ. ამით შეურაცხყოფდნენ მათ, ვისაც, საზოგადოების აზრით, არაფერი გაეგებოდა მოსეს კანონის ან წვრილმანებში არ მიჰყვებოდა რაბინების ტრადიციებს. მიშნის (კომენტარების კრებული, რომელიც თალმუდის საფუძვლად იქცა) მიხედვით, აკრძალული იყო „ამ-ჰაარეცის“ სახლში ღამის გათევა. როგორც ერთ ენციკლოპედიაშია აღნიშნული, II საუკუნის სწავლული რაბი მეირი ასწავლიდა: «თუ კაცი თავის ქალიშვილის „ამ-ჰაარეცს“ მიათხოვებს, ეს იგივეა, რომ მან შვილი მიუგდოს ლომს, რომელსაც რამდენიმე ნაბიჯი აშორებს თავისი მსხვერპლისგან» (The Encyclopedia of Talmudic Sages). თალმუდში მოყვანილია ერთი რაბინის სიტყვები, რომელიც აცხადებს, რომ „გაუნათლებელი ხალხი არ აღდგება“.
რით არის მნიშვნელოვანი ბიბლიაში გამოყენებული სახელი კეისარი?
▪ კეისარი იყო რომაელი გაიუს იულიუს კეისრის გვარი; იულიუს კეისარი ძვ. წ. 46 წელს გახდა რომის დიქტატორი. რომის რამდენიმე იმპერატორმა, რომლებიც მის შემდეგ ავიდნენ ტახტზე, ამ გვარის ტარება მოისურვეს. მათგან სამი იმპერატორი — ავგუსტუსი, ტიბერიუსი და კლავდიუსი — ბიბლიაშია მოხსენიებული (ლუკა 2:1; 3:1; საქმეები 11:28).
ახ. წ. 14 წელს ტიბერიუსი გახდა იმპერატორი; იგი იესოს მსახურების პერიოდში მმართველობდა. სწორედ ამ ძლევამოსილი კეისრის მმართველობის დროს დაუსვეს იესოს კითხვა გადასახადებთან დაკავშირებით, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). ცხადია, იესო კეისარში მხოლოდ ტიბერიუსს არ გულისხმობდა. ეს სახელი რომის სახელმწიფოს სიმბოლოდ გამოიყენებოდა.
დაახლოებით ახ. წ. 58 წელს, როცა პავლე მოციქულს ტყუილუბრალოდ სდებდნენ ბრალს და მისი უსამართლოდ გასამართლება უნდოდათ, მან, როგორც რომის მოქალაქემ, კეისართან გასაჩივრება მოითხოვა (საქმეები 25:8—11). ამ შემთხვევაში პავლემ უშუალოდ ნერონის წინაშე წარდგომა კი არ მოითხოვა, რომელიც იმ დროს იმპერატორი იყო, არამედ რომის იმპერიის უმაღლესი სასამართლოს წინაშე.
როგორც დავინახეთ, კეისრის გვარი მჭიდროდ უკავშირდება მონარქიულ ხელისუფლებას; კეისრების დინასტიის მმართველობის დასრულების შემდეგაც კი კეისრის გვარი სამეფო ტიტულად დარჩა.
[სურათი 29 გვერდზე]
ვერცხლის დინარი ტიბერიუსის გამოსახულებით