ჭეშმარიტებით გათავისუფლებულნი
შეერთებული შტატების ციხეებში მილიონზე მეტი პატიმარია. აქედან თითქმის სამი ათასი სიკვდილმისჯილია. წარმოიდგინე შენი თავი ამ სიტუაციაში. რას იგრძნობდი? ასეთ მომავალზე ფიქრი ნამდვილად საშინელებაა. თუმცა გარკვეულწილად ყველა ადამიანია მსგავს მდგომარეობაში. ბიბლია ამბობს: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). დიახ, ჩვენ, როგორც ადამის შთამომავლები, ცოდვილმა მდგომარეობამ „დაგვაპატიმრა“ (რომაელთა 5:12). დაპატიმრების შედეგებს ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ, როგორც ქრისტიანი მოციქული პავლე, რომელიც წერდა: „ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“ (რომაელთა 7:23).
ცოდვილიანობის შედეგად თითოეული ჩვენგანი, ასე ვთქვათ, სიკვდილმისჯილია, ვინაიდან ბიბლია აცხადებს: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელთა 6:23). ფსალმუნმომღერალმა მოსემ კარგად აღწერა ჩვენი მდგომარეობა: „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ“ (ფსალმუნი 89:10; შეადარე იაკობი 4:14).
იესო ცოდვისა და სიკვდილის მონობაში კაცობრიობის ყოფნას გულისხმობდა, როცა თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). ამ სიტყვებით იესო თავის მიმდევრებს ისეთი რაღაცის იმედს აძლევდა, რომელიც ბევრად აღემატებოდა რომის მმართველობისგან გათავისუფლებას — ის მათ სთავაზობდა ცოდვის პატიებასა და სიკვდილისაგან განთავისუფლებას! როგორ მიიღებდნენ ისინი ამას? „თუ ძე გაგათავისუფლებთ, — უთხრა იესომ, — ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (იოანე 8:36). დიახ, სიცოცხლის შეწირვით ‘ძემ’, იესომ, შესარიგებელი მსხვერპლის მაგივრობა გასწია, რათა გამოესყიდა ის, რაც ადამმა დაკარგა (1 იოანე 4:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ამან გზა გაუხსნა ყველა მორჩილ ადამიანს, გათავისუფლებულიყვნენ ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან. ღვთის მხოლოდშობილი ძე მოკვდა, „რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).
ამგვარად, ჭეშმარიტება, რომელსაც ჩვენი გათავისუფლება შეუძლია, იესოს გარშემო ტრიალებს. ისინი, ვინც მისი მიმდევრები ხდებიან, იმედოვნებენ ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლებას, როცა ღვთის სამეფო ხელში აიღებს დედამიწის საქმეებზე სრულ მმართველობას. ყველა, ვინც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას კეთილგანწყობილებით ხვდება, უკვე ახლაა ნამდვილად თავისუფალი. რა მხრივ?
თავისუფლება მკვდრებისადმი შიშისგან
დღეს მილიონები მკვდრებისადმი შიშში ცხოვრობენ. რატომ? იმიტომ რომ მათ თავიანთი რელიგიები ასწავლის, რომ სიკვდილის დროს სული ტოვებს სხეულს და სულიერ სამყაროში გადადის. აი, რატომაა ზოგ ქვეყანაში ჩვეულებრივი, რომ მიცვალებულის ნათესავები ცხედართან რამდენიმე დღე-ღამე ფხიზლობენ. ხშირად ამას თან სდევს ხმამაღალი სიმღერა და დაფდაფების ცემა. დამტირებლებს სწამთ, რომ ეს ასიამოვნებს მკვდარს და ხელს შეუშლის მის სულს უკან დაბრუნებასა და ცოცხლების შეწუხებაში. მკვდრის შესახებ ქრისტიანული სამყაროს ცრუ სწავლებებმა ამ ტრადიციის მხოლოდ სამარადისოდ დაწესებას შეუწყო ხელი.
მაგრამ, ბიბლია გვიჩვენებს ჭეშმარიტებას მკვდრების მდგომარეობაზე. ის აშკარად ცხადყოფს, რომ შენი სული — ეს შენა ხარ და არა შენში არსებული რაღაც იდუმალი ნაწილი, რომელიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული,“ 1884 წლის გამოცემა; ეზეკიელი 18:4). გარდა ამისა, მკვდრები არ იტანჯებიან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში და არც სულიერი სამყაროს ნაწილს წარმოადგენენ, რომელსაც ცოცხლებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. „მკვდრებმა. . . არაფერი იციან. . . — ამბობს ბიბლია, — არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში [სამარეში], სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10).
ამ ბიბლიურმა ჭეშმარიტებებმა მრავალი ადამიანი გაათავისუფლა მკვდრებისადმი შიშისაგან. ისინი მეტად აღარ სწირავენ ძვირფას მსხვერპლებს თავიანთი წინაპრების დასამშვიდებლად და არც ის ფიქრი აწუხებთ, რომ მათთვის საყვარელი ადამიანები შეცდომებისთვის უმოწყალოდ იტანჯებიან. მათ ისწავლეს, რომ ბიბლია შესანიშნავ იმედს იძლევა მიცვალებულებისთვის, ვინაიდან გვეუბნება, რომ ღვთის მიერ დანიშნულ დროს იქნება „მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15; იოანე 5:28, 29). ამგვარად, მიცვალებულები ახლა, უბრალოდ, განისვენებენ, თითქოს ღრმა ძილში იყვნენ (შეადარე იოანე 11:11–14).
მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებულ ჭეშმარიტებასა და აღდგომის იმედს შეუძლია გაგვათავისუფლოს სასოწარკვეთილებისაგან, რომლის გამოწვევაც სიკვდილს შეუძლია. ასეთმა იმედმა გაამაგრა შეერთებული შტატებში მცხოვრები დაქორწინებული წყვილი, როცა მათი ოთხი წლის ვაჟი უბედური შემთხვევის დროს იქნა მოკლული. „ჩვენს ცხოვრებაში სიცარიელეა, რომელსაც ვერაფერი შეავსებს, ვიდრე კვლავ არ ვიხილავთ ჩვენს შვილს აღდგომის საშუალებით, — აღიარებს დედა. — მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი ტკივილი მხოლოდ დროებითია, რადგან იეჰოვა გვპირდება, რომ მოგვწმენდს მწუხარების ცრემლებს“ (გამოცხადება 21:3, 4).
თავისუფლება მომავლისადმი შიშისგან
რას მოგვიტანს მომავალი? გადაიბუგება ჩვენი დედამიწა ბირთვულ ჰოლოკაუსტში? გახდის დედამიწის გარემოს განადგურება ჩვენს პლანეტას საცხოვრებლად უვარგისს? გამოიწვევს მორალური დაცემა ანარქიასა და ქაოსს? ეს საკითხები დღეს ნამდვილად აშინებს მრავალს.
მიუხედავად ამისა, ბიბლია გვთავაზობს ასეთი პათოლოგიური შიშისგან გათავისუფლებას. ის გვარწმუნებს, რომ „[უფალმა] დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე“ (ფსალმუნი 103:5). იეჰოვას ჩვენი პლანეტა იმისთვის არ შეუქმნია, რომ, უბრალოდ, ენახა უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ მისი განადგურება (ესაია 45:18). პირიქით, იეჰოვამ დედამიწა შექმნა ერთიანი საკაცობრიო ოჯახისთვის, როგორც სამოთხისებური სახლი (დაბადება 1:27, 28). მისი განზრახვა არ შეცვლილა. ბიბლია გვამცნობს, რომ ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18). ამის შემდეგ „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას, — ამბობს ბიბლია, — და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11).
ეს დანაპირები საიმედოა, რადგან ღმერთი არ ცრუობს. იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, ესაიას, მეშვეობით განაცხადა: ‘ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან, [. . .] ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე’ (ესაია 55:11; ტიტე 1:2). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებით ველოდოთ ღვთის დანაპირების შესრულებას, რომელიც ბიბლიაში მე-2 პეტრეს 3:13-შია ჩაწერილი: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“.
თავისუფლება ადამიანისადმი შიშისგან
ბიბლიაში მოცემულია იმ მამაკაცებისა და ქალების სრულფასოვანი მაგალითები, რომლებმაც ღვთისადმი ერთგულება გამოავლინეს. მათ შორის — მხოლოდ ზოგი რომ დავასახელოთ — იყვნენ: გედეონი, ბარაკი, დებორა, დანიელი, ესთერი, იერემია, აბიგაილი და იაყელი. ამ ერთგულმა მამაკაცებმა და ქალებმა ნათლად გამოავლინეს ფსალმუნმომღერლის პოზიცია, რომელიც წერდა: „ღმერთს მივენდე — არ მეშინია; რას მიზამს კაცი?“ (ფსალმუნი 55:12).
პირველ საუკუნეში პეტრე და იოანე მოციქულებმა მსგავსი გაბედულება გამოავლინეს, როცა რელიგიურმა რწმუნებულებმა ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს. მათ უპასუხეს: „ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“. მტკიცე პოზიციის შედეგად პეტრე და იოანე მოგვიანებით ციხეში ჩასვეს. ზებუნებრივი გათავისუფლების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ და განაგრძეს ‘ღვთის სიტყვის გაბედულად ლაპარაკი’. მალე პეტრე და სხვა მოციქულები იუდეველთა სინედრიონის წინაშე წარადგინეს. „სასტიკად აგიკრძალეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით, — უთხრა მათ მღვდელმთავარმა. — აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი“. პეტრემ და სხვა მოციქულებმა მიუგეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 4:16, 17, 19, 20, 31; 5:18–20, 27–29).
დღეს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების საქმეში იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანთა გულმოდგინებას მიბაძონ. მათ შორის ახალგაზრდებიც კი ხშირად ავლენენ უშიშრობას, როცა სხვებს თავიანთ რწმენაზე ესაუბრებიან. განიხილე რამდენიმე მაგალითი.
მოზარდი გოგონა სტესი ბუნებით მორიდებულია. ამიტომ საკუთარი რწმენის შესახებ სხვებთან ლაპარაკი პირველად მისთვის რთული ამოცანა იყო. რა გააკეთა მან მორიდებულობის გადასალახავად? „მე ვსწავლობდი ბიბლიას და ვრწმუნდებოდი, რომ მესმოდა ის, რის შესახებაც ვსაუბრობდი, — ამბობს ის. — ასე მე გამიადვილდა და მეტი დაჯერებულობა მქონდა საკუთარ თავში“. სტესის შესანიშნავ რეპუტაციაზე იტყობინებოდა ადგილობრივი გაზეთი. მისი სკოლის მასწავლებლის მიერ დაწერილ სტატიაში აღნიშნული იყო: „[სტესის] რწმენა, როგორც ჩანს, ძალას მატებს მას, რომ გაუმკლავდეს ზეგავლენას, რომელსაც მოზარდების უმეტესობა განიცდის. . . მას სწამს, რომ უპირველესად ღვთისადმი მსახურებაზე უნდა ფიქრობდეს“.
ტომიმ ბიბლიის სწავლა მშობლების მეშვეობით დაიწყო, როცა ჯერ მხოლოდ ხუთი წლის იყო. ადრეულ ასაკშიც კი მან გაბედულად დაიკავა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე. მაშინ, როცა მისი ნორჩი თანაკლასელები არდადეგების ეპიზოდებს ხატავდნენ, ტომი ღვთის მიერ დაპირებული სამოთხის სცენებს ხატავდა. მოზარდობის ასაკში ტომიმ შენიშნა, რომ მრავალი მოსწავლე საგონებელში ჩააგდო იეჰოვას მოწმეთა შეხედულებებმა. იმის საპირისპიროდ, რომ შიშით უკან დაეხია, მან თავის ერთ-ერთ მასწავლებელს სთხოვა, ნება მიეცა მისთვის, რომ კლასთან კითხვა-პასუხებიანი განხილვა მოეწყო, რათა შესძლებოდა, ერთიანად გაეცა პასუხი ყველა მათ კითხვაზე. მან მიიღო ნებართვა და შესანიშნავი დამოწმება გაკეთდა.
ჩვიდმეტი წლის ასაკში მარკიტამ შესანიშნავი შესაძლებლობა გამონახა, რომ თავის კლასში საკუთარი რწმენის შესახებ ესაუბრა. „ჩვენ მოგვეცა დავალება, რომ სიტყვა წარმოგვეთქვა, — ამბობს ის. — მე ავირჩიე თემა წიგნიდან — „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“ (ინგლ.)a. წიგნიდან შევარჩიე ხუთი თავი და სათაურები დაფაზე ჩამოვწერე. შემდეგ კლასს ვთხოვე, რომ ისინი იმ თანმიმდევრობით დაელაგებინათ, რომელსაც უფრო მნიშვნელოვნად თვლიდნენ“. ამას მოჰყვა განხილვა კლასის მონაწილეობით. „მე კლასს ვუჩვენე წიგნი, — ამბობს დასკვნისას მარკიტა, — და მოსწავლეების დიდმა რაოდენობამ მთხოვა მისი ეგზემპლარი. ასეთი სურვილი მასწავლებელმაც კი გამოთქვა“.
შენ შეგიძლია გათავისუფლდე ჭეშმარიტებით
როგორც ვხედავთ, ბიბლიაში მოცემული ჭეშმარიტება გამათავისუფლებლად მოქმედებს ყველა ასაკის ადამიანზე, ვინც სწავლობს მას და მისი ცნობა გულთან მიაქვს. ის მათ ათავისუფლებს მკვდრებისადმი, მომავლისადმი და ადამიანისადმი შიშისგან. საბოლოოდ, იესოს მსხვერპლი მორჩილ კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილისგან გაათავისუფლებს. რა სასიხარულო იქნება სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე მარადიული ცხოვრება, სადაც მეტად აღარ ვიქნებით დატყვევებული მემკვიდრეობით მიღებული ცოდვილი მდგომარეობის მიერ (ფსალმუნი 36:29).
ისურვებდი, მეტი გაგეგო ღვთის მიერ დაპირებული კურთხევების შესახებ? თუ დიახ, რა უნდა გააკეთო? იესომ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ამიტომ, თუ გსურს, რომ განიცადო თავისუფლება, რომელსაც იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა, უნდა ისწავლო იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის შესახებ. შენთვის საჭიროა გაიგო, რა არის ღვთის ნება, შემდეგ კი შეასრულო იგი, ვინაიდან ბიბლია ამბობს: „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).
[სქოლიოები]
a გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ.
[სურათი 7 გვერდზე]
ღვთის სამეფოს მმართველობისას კაცობრიობა საბოლოოდ გათავისუფლდება ცოდვისა და სიკვდილისგან.