მოკვეთა
სასჯელის ზომა, რომელიც ითვალისწინებს დამნაშავის გაძევებას საცხოვრებელი ადგილიდან ან ორგანიზაციიდან, რაც ამა თუ იმ რელიგიური საზოგადოების სამოქმედო პრინციპია და ანალოგიურია იმ უფლებამოსილებისა, რომლითაც აღჭურვილი არიან ზოგიერთი სახელმწიფოს აღმასრულებელი ორგანოები — მათ უფლება აქვთ, დამნაშავე სიკვდილით დასაჯონ, გადაასახლონ ან ამა თუ იმ ორგანოდან გარიცხონ. ღვთის კრება სასჯელის ამ ზომას იმ მიზნით იყენებს, რომ შეინარჩუნოს სიწმინდე და ხელი შეუშალოს არაბიბლიური სწავლებების გავრცელებას. თუ კრება ამ ზომას არ მიმართავს, მის არსებობას საფრთხე დაემუქრება. ქრისტიანული კრება წმინდა უნდა იყოს და მას ღვთის კეთილგანწყობა უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი მეტად აღარ გამოიყენებს მას, მეტიც, მოკვეთს (გმც. 2:5; 1კრ. 5:5, 6).
იეჰოვას მიერ მიღებული ზომები. განდევნა და მოკვეთა სასჯელის ზომად იეჰოვას არაერთხელ გამოუყენებია. მაგალითად, მან ადამს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ცოლთან ერთად ედემის ბაღიდან გააძევა (დბ. 3:19, 23, 24). იეჰოვამ კაენიც გააძევა იმ მიწიდან, რომელზეც ცხოვრობდა. მან დაკარგა თავშესაფარი და დაიწყო ხეტიალი (დბ. 4:11, 14, 16). ანგელოზები, რომლებმაც შესცოდეს, ღმერთმა „ჩაყარა ტარტაროზში, უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებს გადასცა და სასამართლოსთვის შემოინახა“ (2პტ. 2:4). 23 000 ისრაელი, რომლებმაც იმეძავეს, ღმერთმა ერთ დღეში მოკვეთა თავისი ხალხისგან (1კრ. 10:8). იეჰოვას ბრძანებით, აქანი, რომელმაც მოიპარა ის, რაც იეჰოვას ეკუთვნოდა, სიკვდილით დასაჯეს (იეს. 7:15, 20, 21, 25). ლევიანი კორახი რეუბენელ დათანსა და აბირამთან ერთად აჯანყების გამო მოიკვეთა. ღმერთმა მირიამს კეთრი შეჰყარა. მოსეს რომ არ ეთხოვა იეჰოვასთვის მისი განკურნება, მირიამი მოკვდებოდა. ამის შემდეგ იგი შვიდ დღეს „განცალკევებული იყო ბანაკის გარეთ“ (რც. 16:27, 32, 33, 35; 12:10, 13—15).
მოსეს კანონით. როცა მოსეს კანონის დარღვევის შედეგად დაკისრებული სასჯელის აღსანიშნავად გამოიყენება, მოკვეთა მოკვლას გულისხმობს. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მოკვეთა ისრაელის კრებულიდან განდევნას გულისხმობდა, თუმცა მკვლევრებს ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ. მძიმე ან განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის, რითაც ისრაელისთვის მოსეს მეშვეობით მიცემული ღვთის კანონი ირღვეოდა, დამნაშავე შეიძლებოდა მოეკვეთათ ანუ მოეკლათ (ლვ. 7:27; რც. 15:30, 31). წმინდა წერილების იმ მონაკვეთების გამოკვლევა, სადაც საუბარია ისეთ დანაშაულზე, რომლის გამოც დამნაშავე უნდა მოკვეთილიყო, გვიჩვენებს, რომ სასიკვდილო განაჩენს ზოგ შემთხვევაში თავად ღმერთი, ზოგ შემთხვევაში კი უფლებამოსილი პირები აღასრულებდნენ. დამნაშავის მოკვეთა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხდებოდა. ასეთ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნებოდა: ისრაელის ღმერთისა და მეფის, იეჰოვას უპატივცემულობა, განდგომილება, კერპთაყვანისმცემლობა, მრუშობა, ბავშვების მსხვერპლშეწირვა, იმის წაბილწვა, რაც წმინდად ითვლებოდა, სისხლის ჭამა, მკვლელობა, სპირიტიზმი, სისხლის აღრევა, ზოოფილია და სოდომია. ზოგ შემთხვევაში, როცა საუბარია ისეთ დანაშაულზე, რომლის გამოც დამნაშავე უნდა მოკვეთილიყო, კონკრეტულადაა ნათქვამი, რომ იგი სიკვდილით დაისჯებოდა (გმ. 31:14; ლვ. 7:27; 17:14; 18:6, 22, 23, 29; 20:3—6, 10; 22:3, 4, 9; 23:28—30; რც. 4:15, 18, 20; 15:30, 31; 35:31; კნ. 13:12—18; იხ. აგრეთვე გმ. 30:31—33, 38).
კანონის მიხედვით, ადამიანის მოსაკვეთად ორი მოწმის პირით უნდა დამტკიცებულიყო მისი დანაშაული (კნ. 19:15). მოწმეებს პირველებს უნდა ესროლათ ქვა დამნაშავისთვის (კნ. 17:7). ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ისინი ღვთის კანონის მოშურნეები იყვნენ და ისრაელის კრებულის სიწმინდის სადარაჯოზე იდგნენ. ეს მათ ცრუ და დაუფიქრებელი ჩვენების მიცემისგანაც შეაკავებდა.
სინაგოგა და სინედრიონი. დედამიწაზე იესოს მსახურების დროს იუდეველთა კანონის დამრღვევებს სინაგოგებში ასამართლებდნენ. უზენაეს სასამართლოს სინედრიონი ეწოდებოდა. რომაელთა მმართველობამ იუდეველებს გარკვეული უფლებები შეუზღუდა. მაშინაც კი, თუ სინედრიონი ადამიანს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, მათ ყოველთვის ვერ მოჰყავდათ სისრულეში განაჩენი, რადგან ზოგ შემთხვევაში რომაელები არ იძლეოდნენ სიკვდილით დასჯის უფლებას. იუდეველთა სინაგოგას მოკვეთის სამეტაპიანი სისტემა ჰქონდა შემუშავებული. პირველ ეტაპს ეწოდებოდა ნიდდუჲ, რომელიც დამნაშავის შედარებით მცირე ხნით, თავდაპირველად მხოლოდ 30 დღით მოკვეთას ითვალისწინებდა. დამნაშავეს ზოგი რამ ეკრძალებოდა. მას შეეძლო ტაძარში შესვლა, თუმცა იქ გარკვეული უფლებები ეზღუდებოდა. ამასთანავე, ოჯახის წევრების გარდა ყველას ეკრძალებოდა მასთან 4 წყრთაზე (დაახლ. 2 მეტრი) ახლოს მისვლა. მოკვეთის მეორე ეტაპი იყო ხერემ (ღვთისადმი მიძღვნილი ან აკრძალული). ეს უფრო მკაცრი სასჯელი იყო. დამნაშავეს არ ჰქონდა უფლება, სხვების გარემოცვაში ესწავლა ან ესწავლებინა. მას ვაჭრობაც ეკრძალებოდა, მხოლოდ აუცილებელი ნივთების შეძენის უფლება ჰქონდა. თუმცა ის ბოლომდე მოკვეთილი არ იყო იუდეველთა კრებულიდან და მას შეეძლო კვლავ გამხდარიყო ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ბოლო ეტაპს ეწოდებოდა შამმატტაʼ, რაც კრებულიდან სრულ მოკვეთას ითვალისწინებდა. ზოგის აზრით, მოკვეთის ბოლო ორი ეტაპი თითქმის არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
დამნაშავე, რომელსაც სრულ მოკვეთას მიუსჯიდნენ, სიკვდილის ღირსად ითვლებოდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში იუდეველებს შეიძლება არ ჰქონოდათ განაჩენის აღსრულების უფლება. მიუხედავად ამისა, იუდეველთა საზოგადოებაში მოკვეთის ეს ფორმა სასჯელის საკმაოდ მკაცრი ზომა იყო. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მის მიმდევრებს სინაგოგებიდან მოკვეთდნენ (ინ. 16:2). სინაგოგიდან მოკვეთის შიშით, ზოგი იუდეველი, მათ შორის ზოგი მმართველიც კი, არ აღიარებდა იესოს (ინ. 9:22; 12:42). მაგალითად, როცა ერთმა ბრმამ, რომელსაც მხედველობა დაუბრუნდა, იესოზე კარგად ილაპარაკა, იგი სინაგოგიდან მოკვეთეს (ინ. 9:34).
იესომ თავის მოწაფეებს მითითება მისცა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მაშინ, როცა მათ წინააღმდეგ ვინმე მძიმე ცოდვას ჩაიდენდა, ოღონდ ისეთს, რომლის მოსაგვარებლადაც სათანადო ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში იუდეველთა კრების ჩარევა საჭირო არ გახდებოდა (მთ. 18:15—17). მათ ყველაფერი უნდა ეღონათ შემცოდველის დასახმარებლად, თუმცა ამავდროულად უნდა დაეცვათ კრება მათგან, ვინც არ სწორდებოდა. იმ დროს ღვთის კრებას მხოლოდ იუდეველთა კრება წარმოადგენდა. იესოს სიტყვები — „კრებას უთხარი“ — იმას არ ნიშნავდა, რომ მთელ ერს ან შემცოდველის მხარეში მცხოვრებ ყველა იუდეველს მიეღო მონაწილეობა მის გასამართლებაში. ეს მოვალეობა იუდეველ უხუცესებს ეკისრათ (მთ. 5:22). თუ შემცოდველი არც მათ მოუსმენდა, იგი ჩაითვლებოდა „უცხოტომელად და გადასახადების ამკრეფად“, ვისთან ურთიერთობასაც იუდეველები გაურბოდნენ (შდრ. სქ. 10:28).
ქრისტიანული კრება. ქრისტიანულ-ბერძნული წერილები შეიცავს მითითებებსა და პრეცედენტებს, რომლებიც ებრაულ წერილებში მოცემულ პრინციპებს ეფუძნება და ქრისტიანული კრებიდან შემცოდველის გარიცხვის უფლებას იძლევა. კრებას ეს უფლებამოსილება ღვთისგან აქვს მიცემული და მისი გამოყენება სიწმინდესა და ღვთის კეთილგანწყობას უნარჩუნებს. მოციქულმა პავლემ, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა ეს უფლებამოსილება, კორინთის კრებას მითითება მისცა, რომ კრებიდან გაერიცხათ მამაკაცი, რომელიც მამამისის ცოლთან სიძვას სჩადიოდა (1კრ. 5:5, 11, 13). მან ეს უფლებამოსილება ჰიმენეოსისა და ალექსანდრეს გასარიცხადაც გამოიყენა (1ტმ. 1:19, 20). პავლესგან განსხვავებით, დიოტრეფე, როგორც ჩანს, თვითნებურად ცდილობდა კრებიდან ზოგიერთი ქრისტიანის გარიცხვას (3ინ. 9, 10).
ქრისტიანი კრებიდან შეიძლება შემდეგი ცოდვების ჩადენის გამო გაირიცხოს: მრუშობა, სიძვა, ჰომოსექსუალიზმი, სიხარბე, გამოძალვა, ქურდობა, ტყუილების თქმა, ლოთობა, ლანძღვა, სპირიტიზმი, მკვლელობა, კერპთაყვანისმცემლობა, განდგომილება და კრებაში განხეთქილების შეტანა (1კრ. 5:9—13; 6:9, 10; ტიტ. 3:10, 11; გმც. 21:8). სექტანტური იდეების გამავრცელებელს გარიცხვამდე გაფრთხილება უნდა მიეცეს ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ, რაც ღვთის გულმოწყალებაზე მეტყველებს. მოსეს კანონში მოცემული პრინციპი, რომ ბრალდება ორმა ან სამმა მოწმემ უნდა დაადასტუროს, ქრისტიანულ კრებაშიც მოქმედებს (1ტმ. 5:19). თუ დადასტურდა, რომ ადამიანი მართლა სჩადის ცოდვას, ბიბლიის თანახმად მას შეგონება ეძლევა „ყველას წინაშე“, მაგალითად, მათ წინაშე, ვინც მისი ცოდვის მოწმე გახდა, რათა ცოდვის ჩადენის შიში მათაც ჰქონდეთ (1ტმ. 5:20; იხ. შეგონება).
წმინდა წერილები ქრისტიანული კრების წევრებს იმისკენაც მოუწოდებს, რომ ჩამოშორდნენ მას, ვინც წესრიგს არღვევს და სწორ გზას არის აცდენილი, თუმცა შესაძლოა გარიცხვას არ იმსახურებდეს. ასეთ ადამიანზე პავლე მოციქულმა თესალონიკეს კრებას მისწერა: „ნუღარ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. ოღონდ მტრად არ მიიჩნიოთ, არამედ შეაგონეთ როგორც ძმას“ (2თს. 3:6, 11, 13—15).
მათ შესახებ, ვინც ერთ დროს ქრისტიანი იყო, მაგრამ მოგვიანებით უარყო ქრისტიანული კრება ან გაირიცხა, პავლე მოციქული წერს: „აღარ იქონიოთ ურთიერთობა“, მოციქული იოანე კი ამბობს: „ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით“ (1კრ. 5:11; 2ინ. 9, 10).
თუ გარიცხული გულწრფელად მოინანიებს, კრება მიიღებს მას (2კრ. 2:5—8). ამგვარად, კრება არც ცოდვას შეიწყნარებს და არც იმდენად მკაცრი იქნება, რომ პატიება ვერ შეძლოს. ეს იცავს კრებას იმისგან, რომ სატანის ლუკმად არ იქცეს (2კრ. 2:10, 11).
დემონების განდევნასთან დაკავშირებით იხილეთ სტატიები: დემონით შეპყრობილი და სპირიტიზმი.