თავი 102
მეფე იერუსალიმში ჩოჩორზე ამხედრებული შედის
მათე 21:1—11, 14—17; მარკოზი 11:1—11; ლუკა 19:29—44; იოანე 12:12—19
იესოს იერუსალიმში ზარ-ზეიმით ხვდებიან
იესო წინასწარმეტყველებს, რომ იერუსალიმი განადგურდება
მომდევნო დღეს, კვირას, 9 ნისანს, იესო მოწაფეებთან ერთად ტოვებს ბეთანიას და იერუსალიმისკენ მიემართება. როდესაც ბეთფაგეს უახლოვდებიან, რომელიც ზეთისხილის მთაზეა შეფენილი, იესო თავის ორ მოწაფეს ეუბნება:
„წადით სოფელში, რომელიც თქვენ წინაშეა, და როგორც კი მიხვალთ, ნახავთ დაბმულ ვირსა და ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანენ“ (მათე 21:2, 3).
მოწაფეებს არ ესმით, რომ იესოს ეს მითითება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას უკავშირდება. მაგრამ მოგვიანებით მათთვის ნათელი ეფინება ზაქარიას მიერ წარმოთქმულ ამ წინასწარმეტყველებას, რომლის თანახმადაც, ღვთის აღთქმული მეფე, რომელიც იერუსალიმში შევა, „თავმდაბალია, ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული“ (ზაქარია 9:9).
როდესაც მოწაფეები ბეთფაგეში შედიან, პოულობენ კართან დაბმულ ჩოჩორსა და ვირს. იქვე მდგომი ხალხი ხედავს, რომ მოწაფეები მათ წაყვანას აპირებენ, ამიტომ ეკითხებიან: „რას შვრებით? რატომ უშვებთ ჩოჩორს?“ (მარკოზი 11:5). მაგრამ როცა იგებენ, რომ უფალს სჭირდება, აღარ ეწინააღმდეგებიან. მოწაფეები თავიანთ ტანსაცმელს აფენენ როგორც ჩოჩორზე, ისე ვირზე, მაგრამ იესო ჩოჩორზე ჯდება.
რაც უფრო უახლოვდება იესო იერუსალიმს, მით უფრო მატულობს მის გარშემო ხალხი. ბევრი იესოს თავის სამოსს უფენს, სხვები კი — მინდორში მოჭრილ ხის „შეფოთლილ ტოტებს“. ისინი ასეთი შეძახილებით ამკობენ მას: „გევედრებით, იხსენი! კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი! კურთხეულია მამაჩვენი დავითის მომავალი სამეფო!“ (მარკოზი 11:8—10). ამ სიტყვების მოსმენა ხალხს შორის მყოფი ფარისევლების განრისხებას იწვევს. ისინი ეუბნებიან იესოს: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს“. იესო პასუხობს: „გეუბნებით, ესენი რომ დადუმებულიყვნენ, ქვები იღაღადებდნენ“ (ლუკა 19:39, 40).
როდესაც იესო ქალაქ იერუსალიმს ხედავს, ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს: „შენ რომ დაგენახა ამ დღეს ის, რაც მშვიდობას ემსახურება . . . მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან“. იერუსალიმის მცხოვრებთ ძვირად დაუჯდებათ ის, რომ განზრახ არ ემორჩილებოდნენ ღმერთს. იესო წინასწარმეტყველებს: „შენი მტრები წვეტიანი ბოძებით სიმაგრეს შემოგავლებენ, გარს შემოგერტყმიან და ყოველი მხრიდან შეგავიწროებენ, მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს, ქვას ქვაზე არ დაგიტოვებენ“ (ლუკა 19:42—44). ახ. წ. 70 წელს იერუსალიმი განადგურდა. დიახ, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა.
იესოს იერუსალიმში შესვლა მთელ ქალაქში აურზაურს იწვევს. ხალხი კითხულობს: „ეს ვინ არის?“. სხვები ამბობენ: „ეს არის წინასწარმეტყველი იესო გალილეის ნაზარეთიდან!“ (მათე 21:10, 11). მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ლაზარეს აღდგომის თვითმხილველნი გახდნენ. ისინი სხვებს ამ სასწაულის შესახებ უყვებიან. საგონებელში ჩავარდნილი ფარისევლები კი იმაზე წუხან, რომ ვერაფერს ხდებიან; ისინი ერთმანეთს ეუბნებიან: „მთელი ქვეყანა მას მიჰყვება“ (იოანე 12:18, 19).
როგორც წესი, იერუსალიმში ყოფნისას იესო ტაძარში მიდის ხოლმე, ხალხს რომ ასწავლოს. იგი ახლაც ჩვეულებისამებრ იქცევა. იქ ის ბრმებს თვალისჩინს უბრუნებს და ხეიბრებს კურნავს. უფროსი მღვდლები და მწიგნობრები რისხდებიან, როცა ხედავენ, რა სასწაულებს ახდენს იესო და როცა ესმით, რას გაიძახიან ტაძარში პატარა ბიჭუნები: „გევედრებით, იხსენი დავითის ძეო“. ისინი ეკითხებიან იესოს: „გესმის, რას ამბობენ?“. იესო პასუხობს: «ნუთუ არ წაგიკითხავთ: „ჩვილები და ძუძუთა ბავშვები აალაპარაკე შენ საქებრად“?» (მათე 21:15, 16).
იესო ტაძრის შემოვლას იწყებს და იქაურობას ათვალიერებს, მაგრამ რადგან უკვე გვიანია, მოციქულებთან ერთად ტოვებს ტაძარს. 10 ნისანის დადგომამდე ის უკან ბეთანიაში ბრუნდება, სადაც კვირა ღამეს ათევს.