იოანეს სახარება
12 პასექამდე ექვსი დღით ადრე იესო ბეთანიაში ჩავიდა, სადაც ცხოვრობდა ლაზარე,+ რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა. 2 მას იქ ვახშამი მოუმზადეს. სუფრას მართა ემსახურებოდა.+ ლაზარე იესოსა და სხვებთან ერთად სუფრასთან იყო. 3 მარიამმა აიღო ერთი ლიტრა* სუფთა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე დაასხა იესოს და თმით შეუმშრალა. სახლი ნელსაცხებლის სურნელით აივსო.+ 4 მაშინ იესოს ერთმა მოწაფემ, იუდა ისკარიოტელმა,+ რომელიც მის გაცემას აპირებდა, თქვა: 5 „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი 300 დინარად და რატომ არ დაურიგდა ფული ღარიბებს?!“ 6 ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბები ადარდებდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ჰქონდა და ფულს იპარავდა. 7 მაშინ იესომ თქვა: „თავი დაანებეთ, დაიცვას ეს ჩვეულება, რათა დასაკრძალად მოამზადოს ჩემი სხეული.+ 8 ღარიბები ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან,+ მე კი ყოველთვის არ გეყოლებით“.+
9 ბევრმა იუდეველმა გაიგო, რომ იესო იქ იყო, და მივიდნენ არა მარტო მის, არამედ მის მიერ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარეს სანახავადაც.+ 10 უფროსი მღვდლები შეითქვნენ, რომ ლაზარეც მოეკლათ, 11 რადგან მის გამო ბევრი იუდეველი ჩადიოდა იქ და მრავალმა ირწმუნა ის.+
12 მეორე დღეს დღესასწაულზე ჩასულმა უამრავმა ხალხმა რომ გაიგო, იესო იერუსალიმში მოდისო, 13 აიღეს პალმის ტოტები, გაეგებნენ და იძახდნენ: „გევედრებით, იხსენი! კურთხეულია იეჰოვას* სახელით მომავალი,+ ისრაელის მეფე!“+ 14 იესომ ჩოჩორი იპოვა და ზედ შეჯდა,+ როგორც დაწერილია: 15 „ნუ გეშინია, სიონის ასულო! აი, მოდის შენი მეფე, ჩოჩორზე მჯდომი!“+ 16 თავიდან მისი მოწაფეები ვერ ჩასწვდნენ მომხდარის მნიშვნელობას, მაგრამ, როცა იესო განდიდდა,+ მაშინ გაახსენდათ, რომ ეს ხალხი ზუსტად ისე მოექცა მას, როგორც დაწერილი იყო.+
17 ისინი, ვინც საკუთარი თვალით იხილეს, როგორ გამოიხმო მან ლაზარე სამარხიდან+ და მკვდრეთით აღადგინა, მოწმობდნენ მომხდარზე.+ 18 ხალხიც იმიტომ შეეგება მას, რომ გაგონილი ჰქონდათ მის მიერ მოხდენილი ამ სასწაულის შესახებ. 19 ფარისევლები კი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ხედავთ, ვეღარაფერს ვხდებით?! მთელი ქვეყანა მას მიჰყვება!“+
20 დღესასწაულზე თაყვანსაცემად ჩასულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. 21 ისინი მივიდნენ ფილიპესთან,+ რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, და სთხოვეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვინდა!“ 22 ფილიპემ ეს ანდრიას უთხრა, რის შემდეგაც ის და ანდრია იესოსთან მივიდნენ და ნათქვამი გადასცეს.
23 იესომ მიუგო: „დადგა კაცის ძის განდიდების დრო.+ 24 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ცალად დარჩება, მაგრამ, თუ მოკვდა,+ უხვად გამოიღებს ნაყოფს. 25 ვისაც თავისი სიცოცხლე* უყვარს, სპობს მას, ხოლო ვისაც თავისი სიცოცხლე სძულს+ ამ ქვეყნიერებაში, დაიცავს მას, რათა მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.+ 26 ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, გამომყვეს, და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება.+ ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, მამა პატივს მიაგებს მას. 27 ახლა აფორიაქებული ვარ+ და რა ვთქვა?! მამა, მიხსენი იმისგან, რაც უნდა მოხდეს*;+ თუმცა ამისთვის მოვედი აქამდე. 28 მამა, განადიდე შენი სახელი!“ ზეციდან ხმა მოისმა:+ „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ!“+
29 ეს რომ ირგვლივ მდგომმა ხალხმა გაიგონა, თქვეს, დაიქუხაო. ზოგიც ამბობდა, ანგელოზი დაელაპარაკაო. 30 იესომ მიუგო: „ეს ხმა ჩემთვის კი არა, თქვენთვის გაისმა. 31 ახლა ქვეყნიერების სასამართლოა და ქვეყნიერების მმართველი+ გარეთ განიდევნება.+ 32 მე კი, როცა ავმაღლდები*,+ ყველანაირ ადამიანს მივიზიდავ ჩემკენ“. 33 ამით მან იმაზე მიანიშნა, თუ როგორ მოკვდებოდა.+ 34 ხალხმა მიუგო: „კანონიდან ვიცით, რომ ქრისტე მარადიულად დარჩება.+ როგორღა ამბობ, კაცის ძე უნდა ამაღლდესო*?!+ ვინ არის ეს კაცის ძე?“ 35 იესომ უთხრა მათ: „სინათლე კიდევ ცოტა ხანს იქნება თქვენ შორის. იარეთ, სანამ სინათლე გაქვთ, რათა სიბნელემ არ გშთანთქოთ. სიბნელეში მოსიარულემ არ იცის, საით მიდის.+ 36 სანამ სინათლე გაქვთ, ირწმუნეთ სინათლე, რათა სინათლის ძეები გახდეთ“.+
ეს რომ თქვა, იესო წავიდა და თვალს მიეფარა. 37 მან უამრავი სასწაული მოახდინა მათ თვალწინ, მაგრამ მაინც არ იწამეს ის, 38 რითაც შესრულდა ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი: „იეჰოვა*, ვინ ერწმუნა ჩვენს ნათქვამს?+ ვის ეჩვენა იეჰოვას* მკლავი?“+ 39 იმიტომ არ ერწმუნნენ, რომ ესაიამ ესეც თქვა: 40 „მან თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რომ თვალით ვერ დაენახათ და გულით ვერ ეგრძნოთ და არ მობრუნებულიყვნენ, რათა განმეკურნა ისინი“.+ 41 ესაიამ ეს იმიტომ თქვა, რომ იხილა მისი დიდება და ილაპარაკა მასზე.+ 42 ბევრმა მმართველმაც ირწმუნა ის,+ მაგრამ ფარისეველთა შიშით ვერ აღიარებდნენ, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ;+ 43 ისინი ღვთისგან განდიდებას კი არ ესწრაფოდნენ, არამედ უყვარდათ, ადამიანები რომ განადიდებდნენ.+
44 იესომ ხმამაღლა თქვა: „ვისაც მე ვწამვარ, მხოლოდ მე კი არა, ჩემი გამომგზავნელიც სწამს,+ 45 და ვინც მე მხედავს, ჩემს გამომგზავნელსაც ხედავს.+ 46 მე ქვეყნიერებაში მოვედი როგორც სინათლე,+ რათა ვისაც ვწამვარ, ბნელში არ დარჩეს.+ 47 მაგრამ, თუ ვინმე ისმენს ჩემს სიტყვებს და არ იცავს, არ ვასამართლებ, რადგან ქვეყნიერების გასასამართლებლად კი არა, სახსნელად მოვედი.+ 48 მას, ვინც არაფრად მაგდებს და ჩემს სიტყვებს ყურად არ იღებს, ჰყავს გამსამართლებელი. ჩემი ნათქვამი სიტყვა გაასამართლებს მას უკანასკნელ დღეს, 49 რადგან ჩემით კი არ ვლაპარაკობ, არამედ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.+ 50 ვიცი, რომ მისი მცნების დაცვა მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს.+ ამიტომ, რასაც ვამბობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვამბობ“.+