თავი 116
იესო თავმდაბლობის მაგალითს აძლევს მოციქულებს
მათე 26:20; მარკოზი 14:17; ლუკა 22:14—18; იოანე 13:1—17
იესო მოციქულებთან ერთად უკანასკნელად აღნიშნავს პასექს
იესო ფეხებს ჰბანს მოციქულებს და ამგვარად თავმდაბლობას ასწავლის
პეტრე და იოანე, იესოს მითითებისამებრ უკვე ჩავიდნენ იერუსალიმში, პასექი რომ მოამზადონ. მოგვიანებით იქ იესო და დანარჩენი მოციქულებიც ჩადიან. ნაშუადღევია, დასავლეთით მზე ნელ-ნელა ჩადის და თვალს ეფარება. იესო და მასთან მყოფი მოციქულები ზეთისხილის მთის ფერდობზე ეშვებიან. მკვდრეთით აღდგომამდე იესო დღის სინათლეზე უკანასკნელად გადასცქერის იქაურობას.
ცოტა ხანში იესო თავის მოციქულებთან ერთად ქალაქში შედის და იმ სახლისკენ იღებს გეზს, სადაც პასექი უნდა აღნიშნონ. სახლში მისვლისას ისინი კიბით დიდ ზემოთა ოთახში ადიან, სადაც საპასექო ვახშმისთვის ყველაფერი გამზადებული ხვდებათ. იესოს შემდეგი სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ რა მოუთმენლად ელის მოციქულებთან ერთად პასექის აღნიშვნას: „ძალიან მინდოდა, თქვენთან ერთად მეჭამა პასექი ჩემი ტანჯვის წინ“ (ლუკა 22:15).
წლების წინ დადგენილი ტრადიციის თანახმად, პასექის დღესასწაულის აღნიშვნისას ღვინის ჩამოტარება რამდენიმე ჭიქით ხდება. ახლა იესო ერთ ჭიქას იღებს, მადლობას უხდის ღმერთს და ამბობს: „აიღეთ და გადააწოდეთ ერთმანეთს, რადგან გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფს, სანამ ღვთის სამეფო არ მოვა“ (ლუკა 22:17, 18). ალბათ, ყველასათვის აშკარა ხდება, რომ იესო მალე მოკვდება.
პასექის აღნიშვნის დროს იესო დგება, მოსასხამს გვერდზე დებს და პირსახოცს იღებს. შემდეგ ტაშტში, რომელიც იქვე დგას, წყალს ასხამს. ეს მეტად უჩვეულოა, რადგან, ჩვეულებრივ, მასპინძელი ზრუნავს იმაზე, რომ სტუმრებს ფეხები დაჰბანონ, რასაც, მეტწილად, მისი მსახური აკეთებს (ლუკა 7:44). ვინაიდან მასპინძელი იქ არ არის, იესო საკუთარ თავზე იღებს ამ მოვალეობას. რა თქმა უნდა, მოციქულებიდან ნებისმიერს შეეძლო იმავეს გაკეთება, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გამოუვლენია ინიციატივა. რა არის ამის მიზეზი? ის ხომ არა, რომ კვლავაც მეტოქეობას უწევენ ერთმანეთს? როგორც არ უნდა იყოს, ახლა ისინი, უეჭველია, თავს უხერხულად გრძნობენ, რადგან იესო ჰბანს მათ ფეხებს.
როცა პეტრეს ჯერი დგება, ის ეწინააღმდეგება იესოს: „ეს არ მოხდება, არ დაგაბანინებ ფეხებს“. იგი პასუხობს: „თუ არ დამაბანინებ, ჩემთან არ გექნება წილი“. ამაზე პეტრე ძლიერი ემოციით ამბობს: „უფალო, მაშინ მარტო ფეხებს კი არა, ხელებსა და თავსაც დაგაბანინებ“. პეტრესთვის, ალბათ, ძალიან მოულოდნელია ის, რასაც იესო ეუბნება: „დაბანილს ფეხების დაბანის გარდა არაფერი სჭირდება, რადგან მთლიანად სუფთაა. თქვენ სუფთანი ხართ, მაგრამ არა ყველა“ (იოანე 13:8—10).
იესო ფეხებს თორმეტივეს ჰბანს, მათ შორის იუდა ისკარიოტელს, რის შემდეგაც კვლავ მოსასხამს ისხამს, მაგიდასთან ბრუნდება და მოციქულებს ეკითხება: „იცით, რა გაგიკეთეთ? თქვენ მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ და მართალს ამბობთ, რადგან ასეც არის. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები. ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მონა არ არის თავის ბატონზე დიდი, არც გაგზავნილია გამგზავნელზე დიდი. თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოანე 13:12—17).
თავმდაბლობის რა არაჩვეულებრივი მაგალითია! იესოს მიმდევრებმა არც პირველობისკენ უნდა ისწრაფონ, არც საკუთარ თავზე უნდა ჰქონდეთ დიდი წარმოდგენა და არც იმას უნდა მოელოდნენ, რომ სხვები მოემსახურებიან. ისინი ქრისტეს მაგალითს უნდა მიჰყვნენ, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ პირდაპირი გაგებით დაჰბანონ სხვებს ფეხები, არამედ იმას, რომ თავმდაბლურად და მიუკერძოებლად მოემსახურონ მათ.