სიყვარული
თბილი და ღრმა გრძნობა; ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა მეგობრის, მშობლის, შვილის ან ვისამე მიმართ; სათუთი გრძნობების ქონა, მოწონება; ღვთის კეთილმოსურნეობა თავისი ქმნილებების მიმართ; მოწიწება, რომელსაც ადამიანები ავლენენ ღვთისადმი; აგრეთვე თბილი გრძნობები, რომლებსაც ღვთის ქმნილებები იჩენენ ერთმანეთის მიმართ. საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის გაჩენილი მგზნებარე სიყვარული, რომელიც დასაბამს აძლევს ცოლ-ქმრულ კავშირს. სიყვარულის ერთ-ერთი სინონიმია ერთგულება.
ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელობების გარდა ბიბლია საუბრობს ისეთ სიყვარულზე, რომელიც პრინციპებით იმართება. ასეთია მაგალითად, სიმართლის სიყვარული ან მტრის ანუ ისეთი ადამიანის სიყვარული, ვის მიმართაც არანაირი დადებითი ემოცია არ გაგვაჩნია. ამგვარ სიყვარულს ახასიათებს სამართლიანობის მიმართ უანგარო ერთგულება, სხვების კეთილდღეობით გულწრფელი დაინტერესება და შესაბამისი მოქმედება.
ებრაულ ენაში სიტყვა სიყვარული, როგორც ზმნა (ʼაჰევ, ʼაჰავ) და როგორც არსებითი სახელი (ʼაჰავაჰ), ძირითადად ზემოხსენებული მნიშვნელობებით არის გამოყენებული. ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობისა და სიმძაფრის განსაზღვრაში კონტექსტი გვეხმარება. სიყვარულის აღსანიშნავად გამოყენებულია კიდევ ერთი ებრაული სიტყვა შახაკ (კნ. 7:7; დბ. 34:8).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიყვარულის აღსანიშნავად ძირითადად გამოიყენება სიტყვები აგაპე, ფილია და კიდევ ორი სიტყვა, რომლებიც ნაწარმოებია სიტყვიდან სტორგე (ქალსა და მამაკაცს შორის არსებული გრძნობის აღმნიშვნელი სიტყვა ეროსი არ გვხვდება). ყველაზე ხშირად ბერძნულ ტექსტში აგაპეა ნახსენები.
ვაინის ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებით ლექსიკონში არსებითი სახელის აგაპესა და ზმნა აგაპაოს შესახებ ნათქვამია: „სიყვარული მხოლოდ საქმით შეიცნობა. ღმერთმა თავისი სიყვარული იმით დაამტკიცა, რომ ძე გაიღო მსხვერპლად (1ინ. 4:9, 10). ღვთის სიყვარულს არ განაპირობებს მათი ღირსებები, ვის მიმართაც ეს გრძნობა ვლინდება (რმ. 5:8). ეს არის ღვთის მიზანმიმართული არჩევანი, მხოლოდ და მხოლოდ მისი ბუნებით განპირობებული (შდრ. კნ. 7:7, 8)“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 3, გვ. 21).
ბერძნული ზმნა ფილეო ნათარგმნია, როგორც „სიყვარული“ და „კოცნა“ (მთ. 10:37; 23:6; ინ. 12:25; მრ. 14:44). ეს სიტყვა მიუთითებს ძალიან ახლო ურთიერთობაზე, მაგალითად, როგორიც ოჯახში მშობლებსა და შვილებს აქვთ. იესოს ასეთი ძლიერი გრძნობა აკავშირებდა თავის მეგობარ ლაზარესთან, ამიტომაც აცრემლდა, როცა მისი სიკვდილის ამბავი გაიგო (ინ. 11:35, 36). იგივე სიტყვაა გამოყენებული იმ ძლიერი, თბილი გრძნობის აღსაწერად, რომელიც იეჰოვას თავისი ძისა და მისი მიმდევრების მიმართ აქვს, აგრეთვე იმ გრძნობის აღსაწერად, რომელიც იესოს მიმდევრებს მის მიმართ აქვთ (ინ. 5:20; 16:27; შდრ. 1კრ. 16:22).
აღსანიშნავია, რომ ზმნა ფილეო განსხვავდება ზმნა აგაპაოსგან, თუმცაღა ბევრი მთარგმნელი მათ შორის განსხვავებას არ აკეთებს. ფ. ცორელი თავის ლექსიკონში ამ სიტყვებს შორის არსებული სხვაობის შესახებ წერს: „[აგაპაო] აღნიშნავს სიყვარულს, რომელიც ვინმეს ან რაიმეს მიმართ გვიჩნდება გააზრებული მიზეზების გამო. [ფილეო] იმით განსხვავდება მისგან, რომ აღნიშნავს ნაზ და თბილ გრძნობას, რომელიც ბუნებრივად გვიჩნდება ნათესავების, მეგობრების ან ჩვენთვის სასურველი რამის მიმართ“ (Lexicon Graecum Novi Testamenti, პარიზი, 1961, სვტ. 1402).
ზმნა ფილეოსთან დაკავშირებით ვაინი წერს: „აგაპაოსგან განსხვავებით ფილეო უფრო მეტ აქცენტს თბილ გრძნობებზე აკეთებს ... უფალი ძრახავს სიცოცხლის ისეთ სიყვარულს (ფილეო), როცა ადამიანი ნებისმიერ ფასად ცდილობს მის შენარჩუნებას და ამ დროს მხედველობიდან რჩება სიცოცხლის მთავარი დანიშნულება (ინ. 12:25). და პირიქით, სიცოცხლის სიყვარული (აგაპაო), რომლის შესახებაც 1პტ. 3:10-შია საუბარი, ეხმიანება სიცოცხლის ნამდვილ დანიშნულებას. ამ კონტექსტში სიტყვა ფილეო უადგილო იქნებოდა“ (ტ. 3, გვ. 21, 22).
ჯეიმზ სტრონგი თავის ბერძნულ ლექსიკონში ფილეოს შესახებ წერს: „ეს არის მეგობრული დამოკიდებულება (მოწონება [ვინმესი ან რამისა]), იგივე სიყვარული (ემოციური მიჯაჭვულობა; მაშინ როცა [აგაპაო] უფრო მეტს მოიცავს და მის გამოსავლენად საჭიროა განსჯა, მიზანმიმართული ძალისხმევა და სწორი პრინციპებითა და მოვალეობის გრძნობით ხელმძღვანელობა ...)“ (Exhaustive Concordance of the Bible, 1890, გვ. 75, 76).
განმარტებიდან გამომდინარე აგაპე არის სიყვარული, რომელსაც მართავს პრინციპი. ასეთ სიყვარულს შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს თბილი გრძნობა. მაგრამ აგაპე თბილი გრძნობების ქონას რომ არ გამორიცხავს, ამაზე მრავალი ბიბლიური მუხლი მოწმობს. იოანეს 3:35-ში იესო ამბობს: „მამას უყვარს [აგაპე] ძე“, იოანეს 5:20-ში: „მამას უყვარს [ფილე] ძე“. ცხადია, ღმერთი იესო ქრისტეს მიმართ დიდი სითბოთი და სიყვარულით არის განმსჭვალული. იესომ ისიც განმარტა: „ვისაც მე ვუყვარვარ [აგაპონ], მას მამაჩემიც შეიყვარებს [აგაპეთესეტე], [და] მეც შევიყვარებ [აგაპესო]“ (ინ. 14:21). მამასა და ძეს თავიანთ მოყვარულებთან თბილი გრძნობები აკავშირებთ. ასეთივე სიყვარულით უნდა უყვარდეთ იეჰოვას თაყვანისმცემლებს ღმერთი, მისი ძე და ერთმანეთი (ინ. 21:15—17).
საინტერესოა, როგორ არის გამოყენებული ეს ორი ზმნა იოანეს 21-ე თავში. იესომ ორჯერ ჰკითხა პეტრეს, გიყვარვარ თუ არაო და ორივეჯერ აგაპაო გამოიყენა. პეტრემ ორივე შემთხვევაში გულწრფელად დაუდასტურა, რომ უყვარდა იესო და ამისათვის ორივეჯერ სიტყვა ფილეო ახსენა (ინ. 21:15, 16). როცა იესომ მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო, პეტრემ ისევ ფილეოთი დაუდასტურა (ინ. 21:17). ამგვარად პეტრემ ცხადყო, რომ იესოსთან თბილი, მეგობრული გრძნობა აკავშირებდა.
ქრისტიანული კრების წევრებს ერთმანეთის მიმართ ძმური სიყვარული (ბერძ. ფილადელფია, სიტყვასიტყვით ძმათმოყვარეობა) უნდა ჰქონდეთ (რმ. 12:10; ებ. 13:1; იხ. აგრეთვე 1პტ. 3:8). აქედან გამომდინარე, კრების წევრებს ოჯახის წევრებივით ძლიერი, თბილი გრძნობა უნდა აკავშირებდეთ ერთმანეთთან. მართალია, ქრისტიანები ავლენენ ძმურ სიყვარულს, მაგრამ მათ უფრო სრულყოფილად მოეთხოვებათ ამის კეთება (1თს. 4:9, 10).
არსებითი სახელი ფილია (მეგობრობა) მხოლოდ ერთხელ გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში იქ, სადაც იაკობი შემდეგ გაფრთხილებას იძლევა: „ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა ... ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა [ბერძ. ფილოს] უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკ. 4:4).
ბერძნული ფილოსტორგოს, რომელიც „სათუთ გრძნობებს“ ნიშნავს, ვინმესთან განსაკუთრებული სიახლოვის გამოსახატავად გამოიყენება. ამ შედგენილი სიტყვის ერთ-ერთი ფუძეა სტერგო, რომელიც ხშირად ოჯახის წევრებს შორის არსებული ნათესაური გრძნობის აღსაწერად გამოიყენება. მოციქული პავლე ქრისტიანებს ასეთი სიყვარულის განვითარებისკენ მოუწოდებდა (რმ. 12:10). პავლემ აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ადამიანები იქნებოდნენ „თბილ გრძნობებს მოკლებულები [ბერძ. ასტორგე]“ და რომ ასეთები სიკვდილს იმსახურებენ (2ტმ. 3:3; რმ. 1:31, 32).
მართალია აგაპე იმით გამოირჩევა, რომ პრინციპებს ეყრდნობა, მაგრამ ის არ არის უგრძნობელი; ასე რომ ყოფილიყო, ის მხოლოდ ცივი სამართალი იქნებოდა. თუმცა აგაპეს ემოცია არ მართავს, მას ყოველთვის პრინციპი ხელმძღვანელობს. ქრისტიანი აგაპეს ავლენს მათ მიმართ, ვის მიმართაც არ არის გამსჭვალული თბილი გრძნობით. ამისკენ მას სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა (გლ. 6:10), თანაგრძნობა და გულწრფელი ინტერესი აღძრავს, თუმცა ის არ სცდება სამართლიანი პრინციპებით დადგენილ საზღვრებს.
როგორც აღნიშნული იყო, აგაპეს პრინციპები უდევს საფუძვლად, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ არსებობს სწორი და არასწორი პრინციპები. აგაპე, რომელსაც არასწორი პრინციპები მართავს, მიუღებელია. მაგალითად იესომ თქვა: „თუ ისინი გიყვართ [აგაპატე], ვისაც თქვენ უყვარხართ, რა დამსახურებაა? ცოდვილებსაც უყვართ თავიანთი მოყვარულები. თუ კარგად ექცევით მათ, ვინც თქვენ გექცევათ კარგად, რა დამსახურებაა? ცოდვილებიც ასე იქცევიან. თუ სესხს სარგებლის გარეშე აძლევთ იმათ, ვისგანაც იმედოვნებთ, რომ უკან მიიღებთ, რა დამსახურებაა? ცოდვილებიც აძლევენ სესხს ცოდვილებს სარგებლის გარეშე, რომ იმდენივე დაიბრუნონ“ (ლკ. 6:32—34). ასეთი ადამიანები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპით: „გამიკეთებ სიკეთეს, მეც გაგიკეთებ“.
მოციქულმა პავლემ თავის ერთ-ერთ თანამსახურზე თქვა: „დემასმა ახლანდელი ქვეყნიერება შეიყვარა [აგაპესას], დამტოვა და წავიდა“ (2ტმ. 4:10). დემასმა ქვეყნიერება, როგორც ჩანს, შეიყვარა პრინციპით: ქვეყნიერება მხოლოდ მას ასარგებლებს, ვინც მას შეიყვარებს. იესომ თქვა: „ხალხმა სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა [ეგაპესან], რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები. ბოროტების ჩამდენს სძულს სინათლე და არ მიდის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იყოს თავის საქმეებში“ (ინ. 3:19, 20). ამ ხალხს უყვარს სიბნელე იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ სიბნელე ბოროტების საფარია.
იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „გიყვარდეთ [აგაპატე] თქვენი მტრები“ (მთ. 5:44). ღვთის მიერ დადგენილი პრინციპის შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა: „ღმერთი კი თავის სიყვარულს [აგაპენ] იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით ... თუკი ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს ახლა, როცა შერიგებულები ვართ, გადავრჩებით მისი სიცოცხლით“ (რმ. 5:8—10). ცოდვილთა მიმართ ღვთის სიყვარული საუკეთესოდ წარმოჩნდა ტარსოსელი სავლეს, მოგვიანებით პავლედ წოდებული მოციქულის მიმართ (სქ. 9:1—16; 1ტმ. 1:15). ქრისტიანმა მტერი რომ შეიყვაროს, ღვთის მიერ დადგენილი პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს და დაემორჩილოს მის მითითებებს, თუმცა ამ სიყვარულს შეიძლება თბილი გრძნობები არ ახლდეს.
ღმერთი. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ღმერთი სიყვარულია“ (1ინ. 4:8). ის სიყვარულის განსახიერებაა. სიყვარული მისი უმთავრესი თვისებაა. მაგრამ მცდარი იქნება თუ ვიტყვით, რომ სიყვარული (აბსტრაქტული თვისება) ღმერთია. ბიბლიის მეშვეობით ღმერთი თავის თავს პიროვნებად გვაცნობს, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობით აქვს თვალი, ხელი, გული, სული და ა. შ. მას სხვა თვისებებიც აქვს, მაგალითად სამართლიანობა, ძალა და სიბრძნე (კნ. 32:4; იობ. 36:22; გმც. 7:12). გარდა ამისა, ღმერთს სიძულვილიც შეუძლია. სიმართლის სიყვარული მას ბოროტებას აძულებს (კნ. 12:31; იგ. 6:16). სიყვარული ემოციასა და თბილი გრძნობების გამოხატვას გულისხმობს, რაც მხოლოდ პიროვნებას ახასიათებს და მხოლოდ პიროვნების მიმართ ვლინდება. იესო ქრისტე, რომელიც უდავოდ რეალური პიროვნება იყო და არა აბსტრაქტული თვისება, ამბობდა, რომ მამის გვერდით იყო, მასთან ერთად შრომობდა, მას უხარებდა გულს და უსმენდა, ისევე როგორც სხვა ანგელოზები, რომლებიც მამის სახეს ხედავენ. ცხადია, იესო ვერ იტყოდა ამას, მამა აბსტრაქტული რომ ყოფილიყო (მთ. 10:32; 18:10; ინ. 5:17; 6:46; 8:28, 29, 40; 17:5).
ღვთის სიყვარულის მოწმობა. იეჰოვა ღმერთის, სამყაროს შემოქმედის სიყვარულზე უამრავი რამ მოწმობს, მაგალითად ფიზიკური სამყარო. რა საოცარი ზრუნვა გამოიჩინა ღმერთმა კაცობრიობის ჯანმრთელობის, სიამოვნებისა და კეთილდღეობისთვის! ადამიანი უბრალოდ კი არ არსებობს, არამედ სიცოცხლე უხარია — სიამოვნებას ანიჭებს ჭამა-სმა, ფერებისა და სილამაზის აღქმა, ცხოველებთან და ადამიანებთან ურთიერთობა თუ სხვა უამრავი რამ (ფს. 139:14, 17, 18). ადამიანისადმი ღვთის სიყვარული უფრო მეტად იმაში გამოვლინდა, რომ ის თავის ანარეკლად და მსგავსებად შექმნა (დბ. 1:26, 27). მასში ჩადო სიყვარულისა და სულიერებისკენ სწრაფვის სურვილი, და თავისი სიტყვისა და წმინდა სულის მეშვეობით თავი გაუმჟღავნა (1კრ. 2:12, 13).
კაცობრიობის მიმართ იეჰოვას სიყვარული მამობრივ სიყვარულს ჰგავს (მთ. 5:45). იეჰოვა არაფერს იშურებს თავისი შვილებისთვის მაშინაც კი, თუ ეს ძვირად უჯდება. მისი სიყვარული ჩვენს გრძნობებსა და აღქმას აღემატება (ეფ. 2:4—7; ეს. 55:8; რმ. 11:33). ღვთის მხრიდან მამაშვილური სიყვარულის უდიდესი მტკიცება ერთგული მხოლოდშობილი ძის სიცოცხლის გაღება იყო (ინ. 3:16). როგორც იოანე წერს, „ჩვენ გვიყვარს, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა“ (1ინ. 4:19). ამრიგად, იეჰოვა სიყვარულის წყაროა. პავლემ, იოანეს თანამოციქულმა, დაწერა: „ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისთვის, თუმცა კარგი კაცისთვის შეიძლება მოკვდეს კიდეც ვინმე. ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რმ. 5:7, 8; 1ინ. 4:10).
ღვთის მარადიული სიყვარული. თავისი ერთგული მსახურებისადმი იეჰოვას სიყვარული ურყევია. იმისდა მიუხედავად, რა ვითარებაში არიან და რა განსაცდელებს ხვდებიან ისინი, ღვთის სიყვარული მათდამი არასოდეს მთავრდება და ფერმკრთალდება. პავლე მოციქულმა დამაჯერებლად თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“ (რმ. 8:38, 39).
ღვთის უზენაეს ძალაუფლებას სიყვარული უდევს საფუძვლად. იეჰოვას ეამაყება, რომ მის უზენაესობას საფუძვლად სიყვარული უდევს და უხარია, რომ მისი ქმნილებები სიყვარულით უჭერენ მხარს მის უზენაეს ხელისუფლებას. ღვთისთვის სასურველნი არიან მხოლოდ ისინი, ვინც მისი შესანიშნავი თვისებებით იხიბლება და აღიარებს, რომ მისი მმართველობა სამართლიანია და ყველა მთავრობაზე უპირატესობს (1კრ. 2:9). ასეთი ადამიანები დამოუკიდებლობას მის ქვეშევრდომობას ამჯობინებენ, რადგან კარგად იციან, რომ ღვთის სიყვარული, სამართლიანობა და სიბრძნე მათსას ბევრად აღემატება (ფს. 84:10, 11). ეშმაკი ასეთი არ აღმოჩნდა. მას ეგოიზმმა სძლია და დამოუკიდებლობა არჩია. ადამიც და ევაც ასე მოიქცნენ. ეშმაკმა ეჭვი შეიტანა ღვთის სამართლიან მმართველობაში, ფაქტობრივად, უსამართლოდ და უსიყვარულოდ მიიჩნია ის (დბ. 3:1—5). ამასთანავე ღვთის ქმნილებებს იმაში დასდო ბრალი, რომ ისინი ღმერთს გამორჩენის მიზნით ემსახურებიან და არა სიყვარულით (იობ. 1:8—12; 2:3—5).
იეჰოვა ღმერთმა ეშმაკი არ მოსპო და თავისი მსახურების, თვით მხოლოდშობილი ძის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გამოცდის უფლება მისცა. ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო ქრისტე ერთგულებას შეინარჩუნებდა (ეს. 53). რატომ იყო იეჰოვა ასე დარწმუნებული თავისი ძის ერთგულებაში? მიზეზი სიყვარულია. იეჰოვა კარგად იცნობდა თავის ძეს და იცოდა, რა ძლიერ უყვარდა მას მამა და სიმართლე (ებ. 1:9). იეჰოვაზე უკეთ არავინ იცნობდა ძეს (მთ. 11:27). ის ბოლომდე ენდობოდა თავის ძეს და დარწმუნებული იყო მის ერთგულებაში. უფრო მეტიც, სიყვარული „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კლ. 3:14). იგი ყველაზე მტკიცე კავშირია სამყაროში. ამ სრულყოფილმა სიყვარულმა მამა და ძე მტკიცედ შეაკავშირა. ღმერთი ამავე მიზეზით ენდობა თავის ორგანიზაციაში გაერთიანებულ მსახურებს, რადგან იცის, რომ ამ სიყვარულის წყალობით განსაცდელების დროს ისინი ერთობაში დარჩებიან ღმერთთან და როგორც ჯგუფი არასოდეს განუდგებიან მას (ფს. 110:3).
იესო ქრისტე. იესოს უხსოვარი დროიდან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, სიყვარულის წყაროსთან. ის ყველაზე კარგად იცნობდა მას, ამიტომ შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (ინ. 14:9; მთ. 11:27). ამგვარად, იესოს სიყვარული სრულყოფილია (ეფ. 3:19). მან თავის მოწაფეებს უთხრა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (ინ. 15:13). მანამდე კი მათთვის ნათქვამი ჰქონდა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ. 13:34). ეს ახალი მცნება იყო, რადგან კანონში, რომელსაც იესო და მისი მოწაფეები ემორჩილებოდნენ, ნათქვამი იყო: „საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“ (ლვ. 19:18; მთ. 22:39). ამ კანონის თანახმად მათ მოძმე საკუთარი თავივით უნდა ჰყვარებოდათ, მაგრამ ეს სიყვარული სხვებისათვის თავგანწირვას არ გულისხმობდა. იესოს სიცოცხლე და სიკვდილი ნათლად გამოხატავს იმ სიყვარულს, რომელიც ამ ახალი მცნების თანახმად მოეთხოვებოდათ. ქრისტეს მიმდევრებმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ სიკეთის საკეთებლად, ამასთანავე, უნდა დაემორჩილონ ქრისტეს მითითებას და სულიერი თუ სხვა სახის დახმარება აღმოუჩინონ მოყვასს. ქრისტიანი სხვების საკეთილდღეოდ უნდა იღვწოდეს. ყველასთვის, მათ შორის მტრებისთვის, სასიხარულო ცნობის ქადაგება და სწავლება სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა, რადგან ეს მარადიული სიცოცხლის პერსპექტივას აძლევს მათ. ქრისტიანებმა არა „მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც“ უნდა გაიღონ მათ დასახმარებლად, ვინც სასიხარულო ცნობას ეხმაურება (1თს. 2:8). ისინი მზად უნდა იყვნენ მათთვის საკუთარი სულების (სიცოცხლე) გასაწირად (1ინ. 3:16).
სიყვარულის განვითარება. წმინდა სულით შექმნილი პირველი ქალი და მამაკაცი ღმერთმა თავისი მთავარი თვისებით, სიყვარულით დააჯილდოვა და ამ თვისების განვითარებისა და სრულყოფის უნარიც მისცა. სიყვარული ღვთის სულის ნაყოფია (გლ. 5:22). მაგრამ ფიზიკური სილამაზისგან, მუსიკისა თუ სხვა ნიჭისგან განსხვავებით ღვთიური სიყვარული ადამიანს დაბადებიდან არ დაჰყვება. ღვთიურ სიყვარულს ვერ გამოავლენს ის, ვინც არ იცნობს ღმერთს, არ ემსახურება მას, არ ფიქრობს მასზე და მადლიერებას არ ავლენს მის მიმართ. მხოლოდ სიყვარულის განვითარების შედეგად შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს, სიყვარულის წყაროს (ფს. 77:11; ეფ. 5:1, 2; რმ. 12:2). ადამმა არ განივითარა ღვთისადმი სიყვარული. მან არ სრულყო ეს თვისება და ამიტომ ვერ შეინარჩუნა ღმერთთან ერთობა გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირით. არასრულყოფილებისა და ცოდვიანობის მიუხედავად, ადამმა თავის შთამომავლებს სიყვარულის უნარი გადასცა (დბ. 5:3). მაგრამ საზოგადოდ, ის სიყვარული, რომელსაც ადამიანები ავლენენ, არასწორი და დამახინჯებულია.
არასწორად განვითარებული სიყვარული. ცხადია, ადამიანს მხოლოდ მაშინ ექნება ნამდვილი, სწორად განვითარებული სიყვარული, თუ ღვთის სულს მიჰყვება და მისი სიტყვით განისწავლება. მაგალითად, თუ მშობელი ზედმეტად შემწყნარებელია და ყველაფრის უფლებას აძლევს შვილს, ეს არასწორი და ბრმა სიყვარულია. ის მშობლის უფლებამოსილებას არ იყენებს — არ იღებს აღმზრდელობით ზომებს და არ სჯის მას (იგ. 22:15). ამ ვითომდა სიყვარულს შვილის გათამამება ჰქვია, რაც სიამაყიდან და ეგოიზმიდან გამომდინარეობს. ბიბლია ამბობს, რომ ასეთ მშობელს შვილი კი არ უყვარს, არამედ სძულს, რადგან დაღუპვის გზაზე აყენებს მას (იგ. 13:24; 23:13, 14).
ასეთ სიყვარულს ღვთიურს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ღვთიური სიყვარული კარგი და სასარგებლო საქმის კეთებისკენ აღძრავს ადამიანს. „სიყვარული აშენებს“ (1კრ. 8:1). სიყვარული მხოლოდ ემოცია როდია. ის არის ძლიერი, მტკიცე გრძნობა, რომელსაც ღვთიური სიბრძნე მართავს და წესიერებისა და სამართლიანობის ფარგლებს არ სცილდება (იაკ. 3:17). ღმერთი სწორედ ასეთ სიყვარულს ავლენდა ისრაელის მიმართ, როცა დაუმორჩილებლობისთვის მკაცრად სჯიდა, და ამას ისევ და ისევ მათ სასიკეთოდ აკეთებდა (კნ. 8:5; იგ. 3:12; ებ. 12:6). მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს მისწერა: „იმისთვის ითმენთ, რომ აღიზარდოთ. ღმერთი შვილებივით გეპყრობათ, რადგან ის რა შვილია, რომლის აღზრდაზეც მამა არ ზრუნავს? ... ჩვენ პატივს ვცემდით ჩვენს ხორციელ მამებს, რომლებმაც აღგვზარდეს. ამიტომ განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ ჩვენი სულიერი ცხოვრების მამას და ვიცოცხლოთ? ისინი მცირე ხანს ზრუნავდნენ ჩვენს აღზრდაზე ისე, როგორც თვითონ მიაჩნდათ სწორად, ის კი ამას ჩვენ სასარგებლოდ აკეთებს, რათა მის სიწმინდეს ვეზიაროთ. მართალია, ახლა ნებისმიერი აღმზრდელობითი ზომა სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ ვინც ამით გაიწაფება, შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს იმკის — სიმართლეს“ (ებ. 12:7—11).
ცოდნა სწორად ავითარებს სიყვარულს. ადამიანმა უპირველეს ყოვლისა ღმერთი უნდა შეიყვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გრძნობა ადვილად შეიძლება არასწორად განვითარდეს და ვინმეს ან რამის თაყვანისცემამდე მიიყვანოს ადამიანი. უაღრესად მნიშვნელოვანია ღვთის განზრახვების ცოდნა, რათა ვიცოდეთ, რა არის საუკეთესო ჩვენთვის თუ სხვებისთვის და როგორ გამოვხატოთ სწორად სიყვარული. ღმერთი უნდა გვიყვარდეს „მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მთ. 22:36—38; მრ. 12:29, 30). სიყვარული მხოლოდ გარეგნულად არ ვლინდება, ის შინაგანი თვისებაა, რომელსაც ემოციები ახლავს (1პტ. 1:22). თუ კაცმა არ იცის, რა არის ჭეშმარიტი სიყვარული და როგორ ვლინდება ის, მან ეს გრძნობა შეიძლება არასწორად გამოამჟღავნოს (იერ. 10:23; 17:9; შდრ. ფლ. 1:9). აუცილებელია ღვთის, მისი თვისებების, განზრახვებისა და იმის ცოდნა, თუ როგორ ავლენს ღმერთი სიყვარულს (1ინ. 4:7). თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სიყვარული უმნიშვნელოვანესი თვისებაა, ადამიანი თავს იეჰოვას (რომლის უმთავრესი თვისება სიყვარულია) უნდა უძღვნიდეს და არა რაიმე საქმეს. ასე რომ, ჩვენ მთელი გულით უნდა გვიყვარდეს, მთელი არსებით უნდა განვიცადოთ ეს გრძნობა და ამისათვის ძალა არ უნდა დავიშუროთ.
სიყვარული უსაზღვროა. ნამდვილი სიყვარული ღვთის სულის ნაყოფია და ის უსაზღვროა (2კრ. 6:11—13). სიყვარული ძუნწად და შეზღუდულად არ უნდა ვლინდებოდეს. მისი სრულყოფა ხდება სხვებისთვის გაზიარებით. ქრისტიანს უპირველეს ყოვლისა უნდა უყვარდეს ღმერთი (კნ. 6:5), მისი ძე (ეფ. 6:24) და შემდეგ მთელი ქრისტიანული საძმო (1პტ. 2:17; 1ინ. 2:10; 4:20, 21). მეუღლეები სიყვარულით უნდა მოეპყრონ ერთმანეთს (იგ. 5:18, 19; ეკ. 9:9; ეფ. 5:25, 28, 33), მშობლები — შვილებს (ტიტ. 2:4). ქრისტიანულ სიყვარულს ყველას, მათ შორის მტრების მიმართაც უნდა ვავლენდეთ (მთ. 5:44; ლკ. 6:32—36). ბიბლიაში მოხსენიებულ სულის ნაყოფს შორის სიყვარული პირველია. მასზე ნათქვამია: „არანაირი კანონი არ არსებობს ამათ წინააღმდეგ“ (გლ. 5:22, 23). ეს სიყვარული არანაირი კანონით არ იზღუდება. სიყვარულის გამოვლენა შესაძლებელია ყველგან და ყოველთვის, უშურველად ყველას მიმართ, ვისაც ეკუთვნის. ერთადერთი, რაც ქრისტიანებს ერთმანეთის უნდა მართებდეთ, სიყვარულია (რმ. 13:8). სწორედ ურთიერთსიყვარულია ჭეშმარიტ ქრისტიანთა ამოსაცნობი ნიშანი (ინ. 13:35).
რა ახასიათებს ღვთიურ სიყვარულს. ღვთიური სიყვარული იმდენად დიდებულია, რომ რთულია მას განმარტება მოუძებნო. უფრო ადვილია მის გამოვლინებაზე საუბარი. ქვემოთ განხილული იქნება, თუ როგორ უნდა გამოავლინონ ქრისტიანებმა ეს არაჩვეულებრივი თვისება. მოციქულმა პავლემ სიყვარულზე მსჯელობისას ჯერ ყურადღება მისი ქონის აუცილებლობაზე გაამახვილა, შემდეგ კი დეტალურად აღწერა, რა ახასიათებს უანგარო სიყვარულს: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1კრ. 13:4—7).
„სიყვარული სულგრძელი და კეთილია“. სიყვარული ეგუება არასახარბიელო პირობებს და სხვის ცუდ საქციელს მიზანმიმართულად ითმენს, რათა ცუდი საქციელის ჩამდენთ და გარემოების მსხვერპლთ საბოლოოდ ხსნის შესაძლებლობა მიეცეთ და, რაც მთავარია, იეჰოვას უზენაესობა განდიდდეს (2პტ. 3:15). სიყვარული მუდამ კეთილია, რა გამაღიზიანებელი ფაქტორიც არ უნდა არსებობდეს. უკმეხობა და სიუხეშე ქრისტიანს კარგს არაფერს მოუტანს. როცა საქმე სიმართლის დაცვას ეხება, ის მტკიცე და სამართლიანია. სასჯელის აღსრულებაზე უფლებამოსილმა პირმა დამნაშავე უნდა შეაგონოს, მაგრამ ამ დროს სიკეთე უნდა გამოიჩინოს. არაკეთილმოსურნეობა არც მრჩეველს არგებს და არც დამნაშავეს, პირიქით, ამ უკანასკნელს შეიძლება მონანიებისა და კარგი საქმეების კეთების სურვილი დაუკარგოს (რმ. 2:4; ეფ. 4:32; ტიტ. 3:4, 5).
„სიყვარულს არ შურს“. სიყვარულს არ შურს სხვისი კეთილდღეობა. მას ახარებს სხვისი დაწინაურება. მტრის წარმატების შემხედვარე არ იბოღმება. ხელგაშლილია. ღმერთი წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც (მთ. 5:45). ამ თვისების მქონე ღვთის მსახურები კმაყოფილნი არიან თავიანთი ხვედრით (1ტმ. 6:6—8) და მდგომარეობით, არ ცდილობენ ეგოისტურად დაიკავონ სხვისი ადგილი. შურითა და ეგოიზმით აღვსილი სატანა ეშმაკი არ დაკმაყოფილდა თავისი მდგომარეობით და თვით იესო ქრისტესგან მოინდომა თაყვანისცემა (ლკ. 4:5—8).
„სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს“. ის არ მოელის სხვისგან აღიარებასა და აღფრთოვანებას (ფს. 75:4—7; იუდ. 16). ის არ ამცირებს სხვას საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ის განადიდებს ღმერთს, გულწრფელად ამხნევებს და აღაშენებს სხვებს (რმ. 1:8; კლ. 1:3—5; 1თს. 1:2, 3). მას ახარებს თანაქრისტიანის წინსვლა და არ იკვეხნის სამომავლო გეგმებით (იგ. 27:1; ლკ. 12:19, 20; იაკ. 4:13—16). მას ესმის, რომ ყველაფერს იეჰოვას ძალით აკეთებს (ფს. 34:2; 44:8). იეჰოვამ უთხრა ისრაელს: „თუ [ვინმე] იტრაბახებს, მხოლოდ იმით იტრაბახოს, რომ შეუძლია ჩასწვდეს ცოდნას ჩემ შესახებ და რომ მიცნობს, იცის, რომ მე ვარ იეჰოვა, რომელსაც მსიამოვნებს სიკეთის, სამართლიანობისა და სიმართლის გამოვლენა დედამიწაზე“ (იერ. 9:24; 1კრ. 1:31).
სიყვარული „უწესოდ არ იქცევა“. მას არ ახასიათებს ცუდი ყოფაქცევა, უხამსი საქციელი, აღვირახსნილობა თუ სხვა გამაოგნებელი საქციელი. ის არ არის უხეში, ვულგარული, უზრდელი, თავხედი, უმსგავსო და უპატივცემულო. ვისაც სიყვარული გააჩნია, თავისი გარეგნობითა და საქციელით არ აბრკოლებს თანაქრისტიანებს. პავლემ კორინთის კრება დაარიგა: „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1კრ. 14:40). სიყვარული კაცს წესიერებისკენ უბიძგებს, რათა გარეშეები არ დააბრკოლოს (რმ. 13:13; 1თს. 4:12; 1ტმ. 3:7).
სიყვარული „თავისას არ ეძებს“. ის ხელმძღვანელობს პრინციპით: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1კრ. 10:24). ამაში იგულისხმება სხვისი მარადიული კეთილდღეობით დაინტერესება. ასეთი დაინტერესება სიყვარულის უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა, აგრეთვე ყველაზე ქმედითი და უხვნაყოფიანია. მოყვარული ადამიანი თავისი აზრის გატანას არ ცდილობს. პავლემ თქვა: „სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა; ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი. ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად“ (1კრ. 9:22, 23). სიყვარული არც თავისი „უფლებების“ დაცვას ცდილობს; მას უფრო სხვების სულიერი კეთილდღეობა აინტერესებს (რმ. 14:13, 15).
სიყვარული „არ ღიზიანდება“. ის არ ეძებს გაღიზიანების საბაბს და არც გამართლებას უძებნის საკუთარ გაღიზიანებას. ის არ ანთხევს რისხვას, რაც ხორცის საქმეებში შედის (გლ. 5:19, 20). ვისაც უყვარს, ადვილად არ ნაწყენდება სხვის სიტყვებსა თუ საქციელზე. მას არ აშინებს „ღირსების“ შელახვა.
სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“. ის თავს განაწყენებულად არ მიიჩნევს, ურთიერთობას არ წყვეტს მწყენინებელთან და არც განაწყენებას ითვლის, რათა ხელსაყრელ დროს მწყენინებელს სამაგიერო გადაუხადოს, ვინაიდან ბიბლია გმობს შურისძიებას (ლვ. 19:18; რმ. 12:19). სიყვარული არავის აწერს ცუდ მოტივებს. ის ანგარიშს უწევს და ენდობა სხვებს (რმ. 14:1, 5).
სიყვარული „უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს“. ის მაშინაც ხარობს ჭეშმარიტებით, როცა ჭეშმარიტება ეწინააღმდეგება ადამიანის წინანდელ შეხედულებებს. სიყვარული ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების ერთგულია. ის ყოველთვის სიმართლის მხარეს იკავებს, არ ხარობს ბოროტებით, სიცრუითა და უსამართლობით, მაშინაც კი, თუ ამ ყველაფრის მსხვერპლი მტერია. მაგრამ, თუ რაღაც არასწორად ხდება, სიყვარული შიშის გამო უკან არ იხევს და ჭეშმარიტებისა და დაზარალებულის დასაცავად ხმას იმაღლებს (გლ. 2:11—14). ის სიტუაციის გამწვავებას და მისი არასწორი გზით მოგვარებას ტანჯვას ამჯობინებს (რმ. 12:17, 20). თუ ვინმეს სამართლიანად შეაგონებენ, მისი მოყვარული ემოციებს არ აჰყვება, შეგონებულის მხარეს არ დაიკავებს და შემგონებელსა და მის რჩევას არ გააკრიტიკებს. ასეთი მხარდაჭერით მან შეიძლება შეგონებულის გული მოიგოს, მაგრამ ამით დათვურ სამსახურს გაუწევს, რაც ნამდვილი სიყვარული ვერ იქნება.
სიყვარული „ყველაფერს იტანს“. ის მზად არის იტანჯოს სიმართლის გულისთვის. სიყვარული „ყველაფერს იტანს“ ანუ სიტყვასიტყვით „ყველაფერს იფარავს“ (სსგ). მოყვარული ადამიანი არ ჩქარობს, სხვებს მოუყვეს, ვინ რა აწყენინა. თუ წყენა უმნიშვნელოა, თვალს დახუჭავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მათეს 18:15—17-ში ჩაწერილ იესოს მიერ დადგენილ პრინციპს. თუ დაზარალებული დამნაშავეს პირისპირ საუბრისას დანაშაულზე მიუთითებს, ეს უკანასკნელი კი პატიებას ითხოვს და დანაშაულს გამოისყიდის, მოყვარული მთელი გულით აპატიებს და ღვთის მსგავსად დანაშაულს დაფარავს (იგ. 10:12; 17:9; 1პტ. 4:7, 8).
სიყვარულს „ყველაფერი სწამს“. სიყვარულს სწამს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების, იმის, რაც ერთი შეხედვით დაუჯერებელია და რასაც ურწმუნო ქვეყნიერება დასცინის. ასეთი სიყვარული ეფუძნება ღვთისადმი ნდობას, რადგან ღმერთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ერთგული და საიმედოა. მაგალითად, თუ ნამდვილი და ერთგული მეგობარი, რომელსაც კარგად ვიცნობთ და გვიყვარს, რამეს დაგვპირდება, ეჭვი არ შეგვეპარება, რომ პირობას შეასრულებს, კონკრეტულ შემთხვევაში ამის დამადასტურებელი საბუთი რომც არ გვქონდეს (იეს. 23:14). სიყვარულს ღვთის ყოველი სიტყვისა სჯერა, თუნდაც ბოლომდე ვერ სწვდებოდეს მას. ის მზად არის, მოთმინებით დაელოდოს იმ დროს, როცა ეს საკითხი ბოლომდე აიხსნება და ნათელი მოეფინება (1კრ. 13:9—12; 1პტ. 1:10—13). სიყვარული ენდობა ღვთის მიერ ქრისტიანული კრებისთვის გაწეულ ხელმძღვანელობას, მის მიერ დანიშნულ მსახურებსა და ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულ მათ გადაწყვეტილებებს (1ტმ. 5:17; ებ. 13:17). მაგრამ სიყვარული გულუბრყვილო არ არის. ის ითვალისწინებს ღვთის სიტყვაში ჩაწერილ მითითებას: „შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“. სიყვარული ყველაფერს ბიბლიური საზომით ზომავს (1ინ. 4:1; სქ. 17:11, 12). სიყვარული ადამიანს თანაქრისტიანებისადმი ნდობით განაწყობს. ქრისტიანი თანამორწმუნეში ეჭვს არ შეიტანს და უნდობლობას არ გამოუცხადებს, თუ ამის რეალური საფუძველი არ გააჩნია (2კრ. 2:3; გლ. 5:10; ფლმ. 21).
სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“. ის იმედით შეჰყურებს იეჰოვას ყველა დანაპირებს (რმ. 12:12; ებ. 3:6); მოთმინებით იღვწის და ელის, როდის გაზრდის იეჰოვა მისი შრომის ნაყოფს (1კრ. 3:7). ქრისტიანს, რომელსაც სიყვარული გააჩნია, იმედი აქვს, რომ თანამორწმუნეები, თუნდაც სულიერად მოსუსტებულები, სწორად მოიქცევიან, რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდნენ. მას ესმის, რომ თუ იეჰოვა სულიერად მოსუსტებულებს მოთმინებით ეკიდება, მასაც იგივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს (2პტ. 3:15). ის არ წყვეტს მათ დახმარებას, ვისაც ჭეშმარიტებას ასწავლის, იმედი აქვს და ელის, რომ მათ ღვთის სული გაუღვივებს ღვთის მსახურების სურვილს.
სიყვარული „ყველაფერს ითმენს“. უსიყვარულოდ ქრისტიანი ვერ შეინარჩუნებს იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულებას. როგორც უნდა გამოსცადოს ეშმაკმა ქრისტიანის ერთგულება, სიყვარული მას ყველაფერს აატანინებს და ერთგულებას შეანარჩუნებინებს (რმ. 5:3—5; მთ. 10:22).
„სიყვარული არასოდეს მთავრდება“. ის მარადიულია. ძველი გაგება შეიძლება ახლებურით შეიცვალოს, იმედი შეიძლება გამართლდეს და ის ახალმა შეცვალოს, მაგრამ სიყვარული მთელი თავისი არსით უცვლელი დარჩება და უფრო და უფრო გაძლიერდება (1კრ. 13:8—13).
„სიყვარულის დრო“. სიყვარულს არ იმსახურებენ ისინი, ვისაც იეჰოვა უღირსად თვლის, რადგან ბოროტი გზა აქვთ არჩეული და თავიანთი საქმეებით ცხადყოფენ, რომ სძულთ ღმერთი. ამ შემთხვევაში სიყვარულის გამოვლენა უადგილოა. იეჰოვასაც და იესო ქრისტესაც უყვართ სიმართლე და სძულთ ბოროტება (ფს. 45:7; ებ. 1:9). ღვთის მოძულეთა მიმართ სიყვარულის გამოვლენას აზრი არა აქვს, რადგან ასეთები ღვთის სიყვარულს მაინც ვერ დაინახავენ (ფს. 139:21, 22; ეს. 26:10). ღმერთსაც სძულს ისინი და დროც კი დაადგინა, როცა მათ წინააღმდეგ ზომებს მიიღებს (ფს. 21:8, 9; ეკ. 3:1, 8).
რა არ უნდა გვიყვარდეს. მოციქული იოანე წერდა: „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს; ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1ინ. 2:15, 16). მოგვიანებით კი დასძინა: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1ინ. 5:19). აქედან გამომდინარე, ღვთის მოყვარულებს სძულთ ყოველგვარი ბოროტება (ფს. 101:3; 119:104, 128; იგ. 8:13; 13:5).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, რაც ინტიმურ ურთიერთობასაც გულისხმობს (იგ. 5:18, 19; 1კრ. 7:3—5), მაგრამ იგი გმობს სქესობრივ კავშირს ქორწინების გარეშე, რაც ქვეყნიერებაში მისაღებია (იგ. 7:18, 19, 21—23).
კაცს შეიძლება „ფულის სიყვარული“ (ბერძ. ფილარგირია, სიტყვასიტყვით ვერცხლისმოყვარეობა, სსგ) განუვითარდეს და ამით თავს დიდი ზიანი მიაყენოს (1ტმ. 6:10). ახ. წ. პირველ საუკუნეში მცხოვრები ფარისევლები ფულის მოყვარულები იყვნენ, ბოლო დღეებში მცხოვრებთათვისაც ფულის სიყვარული იქნებოდა დამახასიათებელი (ლკ. 16:14; 2ტმ. 3:2). ქრისტიანი „ფულის სიყვარულის გარეშე“ (ბერძ. აფილარგიროს, სიტყვასიტყვით ვერცხლისმოყვარეობის გარეშე) უნდა ცხოვრობდეს (ებ. 13:5). ვინც ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობას ესწრაფვის, არ უნდა იყოს „ფულის მოყვარული“ (1ტმ. 3:3).
იესომ მოწაფეები გააფრთხილა, არ ეძებნათ დიდება კაცთაგან. მან დაგმო თვალთმაქცი იუდეველი რელიგიური წინამძღოლები, რომელთაც სინაგოგებსა და მთავარი ქუჩის კუთხეებში უყვარდათ დგომა და ლოცვა სხვების დასანახავად, მოსწონდათ ვახშმის დროს საპატიო ადგილებზე და სინაგოგებში წინა რიგებში სხდომა. იესომ თქვა, რომ მათ სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. მათ მიიღეს ის, რაც ასე უყვარდათ და მოსწონდათ — პატივი და დიდება კაცთაგან, ამიტომ ღვთისგან ვეღარაფერს მიიღებდნენ (მთ. 6:5; 23:2, 5—7; ლკ. 11:43). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრმა მმართველმაც ირწმუნა ის [იესო], მაგრამ ფარისევლების გამო ვერ აღიარებდნენ, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ, რადგან ადამიანთაგან უფრო უყვარდათ დიდება, ვიდრე ღვთისგან“ (ინ. 12:42, 43; 5:44).
იესო ქრისტემ მოწაფეებს უთხრა: „ვისაც თავისი სული უყვარს [ფილონ], სპობს მას, ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნიერებაში, მარადიული სიცოცხლისთვის დაიცავს მას“ (ინ. 12:23—25). ვინც თავის სიცოცხლეს ისე უფრთხილდება, რომ ქრისტესთვის მისი გაწირვა ენანება, ვერ მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს, ხოლო ვინც იეჰოვასა და იესო ქრისტეს სიყვარულსა და მათ სიმართლეს თავის სიცოცხლეზე მაღლა აყენებს, მარადიულ სიცოცხლეს მოიპოვებს.
ღმერთს სძულს სიცრუის მოყვარულნი, რამეთუ მათ ჭეშმარიტების სიყვარული არ გააჩნიათ. ღმერთმა იოანე მოციქულს ხილვაში გაუმჟღავნა: „[წმინდა ქალაქის, ახალი იერუსალიმის] გარეთ არიან ძაღლები, სპირიტიზმის მიმდევრები, მეძავები, მკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა სიცრუის მოყვარული [ფილონ] და ცრუ“ (გმც. 22:15; 2თს. 2:10—12).
სიყვარულის განელება. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მომავალში მრავალ ეგრეთ წოდებულ ღვთის მორწმუნეს სიყვარული (აგაპე) გაუნელდებოდა (მთ. 24:3, 12). პავლე მოციქულმა თქვა, რომ მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგებოდა და ადამიანები იქნებოდნენ „ფულის მოყვარულები“ (2ტმ. 3:1, 2). ცხადია, როცა ქრისტიანი სწორი პრინციპებით აღარ ხელმძღვანელობს, ნამდვილი სიყვარული, რომელიც ერთ დროს ჰქონდა, ნელ-ნელა გაუნელდება. აქედან გამომდინარე, სიყვარულს მუდმივად განვითარება და გამოხატვა სჭირდება, ამას კი მაშინ მივაღწევთ, თუ ვიფიქრებთ ღვთის სიტყვაზე და მისი პრინციპებით ჩვენი პიროვნების ფორმირებას მოვახდენთ (ეფ. 4:15, 22—24).