როცა იესო მოვა სამეფო დიდებით
„ზოგიერთები აქ მდგომთაგან. . . არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს, თავის სასუფეველში მომავალს“ (მათე 16:28).
1, 2. რა მოხდა ახ. წ. 32 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ცოტა ხანში და რა მიზანი ჰქონდა ამ მოვლენას?
ახალი წელთაღრიცხვით 32 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ცოტა ხანში იესო ქრისტეს სამმა მოციქულმა დაუვიწყარი ხილვა იხილა. ინსპირირებული ჩანაწერების თანახმად, „წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. და ფერი იცვალა მათ წინაშე“ (მათე 17:1, 2).
2 ფერისცვალების ხილვა მათ კრიტიკულ პერიოდში იხილეს. იესო უკვე ეუბნებოდა მიმდევრებს, რომ დაიტანჯებოდა და მოკვდებოდა იერუსალიმში, მაგრამ ეს სიტყვები მათთვის რთული აღსაქმელი აღმოჩნდა (მათე 16:21–23). ხილვამ გააძლიერა იესოს სამი მოციქულის რწმენა, რათა მომზადებულიყვნენ მისი მოახლოებული სიკვდილისთვის და აგრეთვე მძიმე საქმიანობისა და განსაცდელისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ქრისტიანულ კრებას ექნებოდა. თუ შეგვიძლია რამეს სწავლა ამ ხილვიდან დღეს? დიახ, რადგან, რასაც ის მოასწავებდა, სინამდვილეში, დღეს ხდება.
3, 4. ა) რა თქვა იესომ ფერისცვალებამდე ექვსი დღით ადრე? ბ) აღწერე, რა მოხდა ფერისცვალების დროს.
3 ფერისცვალებამდე ექვსი დღით ადრე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით“. ეს სიტყვები „ამ სისტემის აღსასრულის“ პერიოდში უნდა შესრულებულიყო. შემდეგ იესომ აღნიშნა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს, თავის სასუფეველში მომავალს“ (მათე 16:27, 28; 24:3, აქ; 25:31–34, 41; დანიელი 12:4). ფერისცვალებით სწორედ ეს ბოლო სიტყვები შესრულდა.
4 კერძოდ რა იხილა ამ სამმა მოციქულმა? ვნახოთ, როგორ აღწერს ამ მოვლენას ლუკა: „როცა [იესო] ლოცულობდა, სახის გამომეტყველება შეეცვალა, ხოლო სამოსელი სპეტაკი, ელვარე გაუხდა. და აჰა, მასთან საუბრობდა ორი კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია. ისინი გამოჩნდნენ დიდებით და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღესრულებინა“. შემდეგ «გამოჩნდა ღრუბელი და მიუჩრდილა [მოციქულებს]. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ. ღრუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ“ » (ლუკა 9:29–31, 34, 35).
გაძლიერებული რწმენა
5. როგორ იმოქმედა ფერისცვალებამ მოციქულ პეტრეზე?
5 პეტრე მოციქულმა უკვე აღიარა იესო ‘ქრისტედ, ცოცხალი ღვთის ძედ’ (მათე 16:16). ზეციდან იეჰოვას სიტყვებმა განამტკიცა ეს აღიარება და იესოს ფერისცვალების ხილვამ წინასწარ აღნიშნა ქრისტეს მოსვლა სამეფო ძალითა და დიდებით ადამიანების საბოლოოდ განსაკითხავად. ფერისცვალებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პეტრე წერდა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა ბრძნული იგავების მოყოლით კი არ გაუწყეთ, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ. ვინაიდან მან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმამ: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმიდა მთაზე ვიყავით“ (2 პეტრე 1:16–18; 1 პეტრე 4:17).
6. როგორ ვითარდებოდა მოვლენები ფერისცვალების შემდეგ?
6 ის, რაც სამმა მოციქულმა იხილა, დღეს ჩვენს რწმენასაც აძლიერებს. რასაკვირველია, ახ. წ. 32 წლიდან მოვლენებმა წინ წაიწია. მომდევნო წელს იესო მოკვდა, აღდგენილ და ამაღლებულ იქნა მამის მარჯვნივ დასაჯდომად (საქმეები 2:29–36). იმავე წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქვეყნად ‘ღვთის ახალი ისრაელი’ იშვა და იერუსალიმში სამქადაგებლო კამპანია დაიწყო, რომელიც მოგვიანებით დედამიწის კიდით კიდემდე გავრცელდა (გალატელთა 6:16; საქმეები 1:8). თითქმის მაშინვე იესოს მიმდევრების რწმენა გამოცდას დაექვემდებარა. მოციქულები დააპატიმრეს და სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ უარყვეს ქადაგების შეწყვეტა. სულ მალე სტეფანე ჩაქოლეს. შემდეგ ფერისცვალების თვითმხილველი, იაკობი, მოკლეს (საქმეები 5:17–40; 6:8—7:60; 12:1, 2). მაგრამ გადარჩენილმა პეტრემ და იოანემ კიდევ მრავალი წელი გაატარეს იეჰოვასადმი ერთგულ მსახურებაში. იოანემ, ფაქტობრივად, ახ. წ. პირველი საუკუნის დასასრულისთვის ჩაწერა შემდეგი ხილვები ზეციერი დიდებით მოსილი იესოს შესახებ (გამოცხადება 1:12–20; 14:14; 19:11–16).
7. ა) როდის დაიწყო ფერისცვალებასთან დაკავშირებული ხილვის შესრულება? ბ) როდის მიუზღო იესომ ზოგს მათი ნამოქმედარის მიხედვით?
7 ათას ცხრაას თოთხმეტ წელს ‘უფლის დღის’ დაწყებიდან იოანეს მიერ ხილული ხილვებიდან მრავალი შესრულდა (გამოცხადება 1:10). რა შეიძლება ითქვას იესოს ‘მოსვლაზე თავისი მამის დიდებით’, რომელსაც ფერისცვალება მოასწავებდა? ამ ხილვის შესრულება 1914 წელს ღვთის ზეციერი სამეფოს დაბადებით დაიწყო. ცისკრის ვარსკვლავის მსგავსად, სამყაროს ასპარეზზე ტახტზე ახლად აღზევებულ მეფედ იესოს ამოსვლა, ასე ვთქვათ, ახალი დღის განთიადი იყო (2 პეტრე 1:19; გამოცხადება 11:15; 22:16). თუ მიუზღო იმ დროს იესომ ვინმეს მისი ნამოქმედარის მიხედვით? დიახ. საფუძვლიანი მტკიცება არსებობს, რომ ცოტა ხანში დაიწყო ცხებულ ქრისტიანთა ზეციერი აღდგომა (2 ტიმოთე 4:8; გამოცხადება 14:13).
8. რომელი მოვლენები აღნიშნავს ფერისცვალებასთან დაკავშირებული ხილვის განხორციელების კულმინაციას?
8 მაგრამ მალე იესო მთელი კაცობრიობის განსაკითხავად მოვა „დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად“ (მათე 25:31). ამ დროს ის დიდების მთელ ბრწყინვალებაში გამოჩნდება და „თითოეულ კაცს“ ნამოქმედარის მიხედვით დამსახურებულ საზღაურს მიუზღავს. ცხვრისმაგვარი ადამიანები დაიმკვიდრებენ მარადიულ ცხოვრებას მათთვის მომზადებულ სამეფოში, ხოლო თხისმაგვარები ‘საუკუნოდ მოიკვეთებიან’. რა ბრწყინვალედ შესრულდება ფერისცვალებასთან დაკავშირებული ხილვა! (მათე 25:34, 41, 46; მარკოზი 8:38; 2 თესალონიკელთა 1:6–10).
იესოს განდიდებული თანამონაწილეები
9. ხომ არ უნდა მოველოდეთ ფერისცვალებასთან დაკავშირებული ხილვის შესრულების დროს იესოსთან ერთად მოსესა და ელიას გამოჩენას? ახსენი.
9 ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ხილვაში მხოლოდ იესო არ იყო. მასთან მოსე და ელია იხილეს (მათე 17:2, 3). ისინიც ნამდვილად იქ იყვნენ? არა, რადგან ორივე მამაკაცი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო და მტვრად ქცეულნი აღდგომას ელოდებოდნენ (ეკლესიასტე 9:5, 10; ებრაელთა 11:35). იესოსთან ხომ არ გამოჩნდებიან, როცა ზეციერი დიდებით მოვა? არა, რადგან მოსე და ელია ადამიანებისთვის ზეციერი იმედის მიცემამდე ცხოვრობდნენ. ისინი დედამიწაზე ‘მართალთა მკვდრეთით აღდგომის’ მონაწილეები იქნებიან (საქმეები 24:15). ასე რომ ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ხილვაში მათი გამოჩენა რაღაცას ასიმბოლოებს. რას?
10, 11. ვის წარმოსახავენ ელია და მოსე სხვადასხვა სიტუაციაში?
10 სხვა სიტუაციებში მოსე და ელია წინასწარმეტყველები იყვნენ. როგორც რჯულის კავშირის შუამავალი, მოსე იესოს — ახალი კავშირის შუამავალს — ასიმბოლოებდა (მეორე რჯული 18:18; გალატელთა 3:19; ებრაელთა 8:6). ელია კი იოანე ნათლისმცემელს — მესიის წინამორბედს (მათე 17:11–13). გარდა ამისა, გამოცხადების მე-11 თავის კონტექსტში მოსე და ელია აღსასრულის პერიოდში ცხებულ დარჩენილ ნაწილს ასიმბოლოებენ. საიდან ვიცით ეს?
11 მოდი გამოცხადების 11:1–6-ს მივმართოთ. მე-3 მუხლში ვკითხულობთ: „მივცემ ჩემს ორ მოწამეს და ისინი იწინასწარმეტყველებენ ათას ორას სამოც დღეს ძაძებით შემოსილნი“. ეს წინასწარმეტყველება პირველი მსოფლიო ომის დროს ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილ ნაწილზე შესრულდაa. რატომ მოიხსენიება ორი მოწამე, ანუ მოწმე? იმიტომ რომ ცხებული დარჩენილი ნაწილი, სულიერი გაგებით, მოსესა და ელიას საქმეების მსგავს საქმეებს ასრულებს. მე-5 და მე-6 მუხლებში გრძელდება: „თუ ვინმე მოინდომებს ავნოს [ორ მოწმეს], ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ის უნდა მოიკლას. მათ აქვთ ხელმწიფება დაგმანონ ცა, რათა არ მოვიდეს წვიმა მათი წინასწარმეტყველების დღეებში. აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ აქციონ ისინი სისხლად და შემუსრონ დედამიწა ყოველგვარი წყლულით, როცა კი მოისურვებენ“. ამრიგად, ეს ნაწყვეტი ელიასა და მოსეს მიერ მოხდენილ სასწაულებს შეგვახსენებს (რიცხვნი 16:31–34; მესამე მეფეთა 17:1; მეოთხე მეფეთა 1:9–12).
12. ვის განასახიერებენ მოსე და ელია ფერისცვალების შემთხვევაში?
12 მაშ, ვის განასახიერებდნენ მოსე და ელია ფერისცვალების შემთხვევაში? ლუკა ამბობს, რომ ისინი იესოსთან ერთად „დიდებით“ გამოჩნდნენ (ლუკა 9:31). ეჭვგარეშეა, ისინი ქრისტიანებს განასახიერებენ, რომლებიც ცხებულ იქნენ სულიწმიდით იესოს ‘თანამემკვიდრეებად’ და ამრიგად ‘მასთან ერთად განდიდებულად’ ყოფნის შესანიშნავი იმედი მიიღეს (რომაელთა 8:17). აღდგენილი ცხებულები იესოსთან იქნებიან, როცა ის მამის დიდებით მოვა, რათა ‘თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით მიუზღოს’ (მათე 16:27).
მოსესა და ელიას მსგავსი მოწმეები
13. რომელი თავისებურებები აღნიშნავს მოსესა და ელიას იესოსთან ერთად განდიდებული ცხებული თანამემკვიდრეების სათანადო წინასწარმეტყველურ განსახიერებად?
13 იესოს ცხებული თანამემკვიდრეების სათანადო წინასწარმეტყველურ განსახიერებად მოსესა და ელიას რამდენიმე ღირსშესანიშნავი თავისებურება აღნიშნავს. ორივე — მოსე და ელია — წლობით მსახურობდნენ იეჰოვას წარმომადგენლად. ორივე მმართველების რისხვას შეხვდა. გაჭირვების დროს ორივეზე უცხო ოჯახი ზრუნავდა. ორივემ გაბედულად უწინასწარმეტყველა მეფეებს და ურყევი დარჩა ცრუ წინასწარმეტყველების წინაშე. ორივემ — მოსემ და ელიამ — იხილა სინაის (აგრეთვე ხორებად წოდებულ) მთაზე იეჰოვას სიძლიერის გამოვლენა. ორივემ გადასცა უფლებები თავიანთ მემკვიდრეებს იორდანეს აღმოსავლეთ მხარეზე. და იესოს ცხოვრებაში მოხდენილ სასწაულებს თუ არ ჩავთვლით, ორივეს — მოსეს (იესო ნავეს ძესთან ერთად) და ელიას (ელისესთან ერთად) — ცხოვრებაში სასწაულების უდიდესი რიცხვი მოხდაb.
14. როგორ მსახურობენ ცხებულები იეჰოვას წარმომადგენლებად მოსესა და ელიას მსგავსად?
14 განა ყოველივე ეს არ გვახსენებს ღვთის ისრაელს? ნამდვილად გვახსენებს. თავის ერთგულ მიმდევრებს იესომ უთხრა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:19, 20). ამ სიტყვებისადმი მორჩილებით ცხებული ქრისტიანები ახ. წ. 33 წლიდან დღემდე ემსახურებიან იეჰოვას მის წარმომადგენლებად. მოსესა და ელიას მსგავსად, ისინი მმართველების რისხვას ხვდებიან და უმოწმებენ მათ. იესომ 12 მოციქულს უთხრა: „წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად“ (მათე 10:18). მისი სიტყვები არაერთხელ შესრულებულა ქრისტიანული კრების ისტორიაში (საქმეები 25:6, 11, 12, 24–27; 26:3).
15, 16. რა პარალელები არსებობს ცხებულებსა და მოსესა და ელიას შორის: ა) ჭეშმარიტების უშიშრად დაცვის საკითხში? ბ) არაისრაელებისგან დახმარების მიღებაში?
15 გარდა ამისა, რელიგიური სიცრუისგან ჭეშმარიტების დაცვისას, ცხებული ქრისტიანები ისეთივე უშიშრები არიან, როგორებიც მოსე და ელია იყვნენ. გაიხსენე, როგორ გაკიცხა პავლემ ცრუ იუდეველი წინასწარმეტყველი ბარიესუსი და ტაქტიანად, მაგრამ მტკიცედ ამხილა ათენელთა ღმერთების სიცრუე (საქმეები 13:6–12; 17:16, 22–31). გაიხსენე აგრეთვე რომ თანამედროვე დროის ცხებული დარჩენილი ნაწილი გაბედულად ამხელს ქრისტიანულ სამყაროს და ძლიერ დარტყმებს აყენებს მას ასეთი დამოწმებით (გამოცხადება 8:7–12)c.
16 ფარაონის რისხვისგან გაქცევის შემდეგ მოსემ არაისრაელი რეღუელის სახლში ჰპოვა თავშესაფარი, რომელსაც აგრეთვე ითროს უწოდებდნენ. მოგვიანებით საქმის ორგანიზებასთან დაკავშირებული ძვირფასი რჩევა მოსემ რეღუელისგან მიიღო, რომლის ძემ, ხობაბმა, ისრაელი უდაბნოს გზით გაიყვანაd (გამოსვლა 2:15–22; 18:5–27; რიცხვნი 10:29). მსგავსად თუ ეხმარებიან ღვთის ისრაელის წევრებს ადამიანები, რომლებიც არ ეკუთვნიან ღვთის ისრაელს? დიახ, მათ მხარს უჭერს ‘სხვა ცხვრებისგან’ შემდგარი „უამრავი ხალხი“, რომელიც მოქმედების ასპარეზზე ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში გამოჩნდა (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16; ესაია 61:5). თბილი, მოსიყვარულე მხარდაჭერის წინასწარ აღნიშვნით, რომელსაც ეს ‘ცხვრები’ მის ცხებულ ძმებს შესთავაზებდნენ, იესომ წინასწარმეტყველურად უთხრა მათ: „მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. . . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც-კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“ (მათე 25:35–40).
17. როგორ გამოსცადეს ცხებულებმა ხორების მთაზე ელიას შემთხვევის მსგავსი შემთხვევა?
17 გარდა ამისა, ღვთის ისრაელის შემთხვევა ხორების მთასთან ელიას შემთხვევას ედრებაe. მსგავსად იმისა, როგორც ელია გაურბოდა დედოფალ იზებელს, შიშით მოცულ ცხებულთა დარჩენილ ნაწილს ეგონა, რომ მათი მსახურება პირველი მსოფლიო ომის ბოლოს დასრულდა. შემდეგ, კვლავ ელიას მსგავსად, ისინი უეცრად შეხვდნენ იმ ორგანიზაციების განსაკითხავად მოსულ იეჰოვას, რომლებიც თავს ‘ღვთის სახლად’ აჩვენებდნენ (1 პეტრე 4:17; მალაქია 3:1–3). იმ დროს, როცა ქრისტიანულმა სამყარომ ვერ გაამართლა მოლოდინი, ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ‘ერთგულ და გონიერ მონად’ იქნა აღიარებული და დედამიწაზე იესოს მთელ კუთვნილებაზე დაინიშნა (მათე 24:45–47). ხორებზე ელიამ „ოდნავი ჩქამი“ — როგორც აღმოჩნდა, იეჰოვას ხმა — მოისმინა, რომელიც მას უფრო მეტ სამუშაოს აძლევდა. ომის შემდგომ მშვიდობიან წლებში იეჰოვას ერთგულმა ცხებულმა მსახურებმა მისი ხმა ბიბლიის ფურცლებიდან მოისმინეს. მათაც შეიგნეს, რომ დავალება ჰქონდათ შესასრულებელი (მესამე მეფეთა 19:4, 9–18; გამოცხადება 11:7–13).
18. როგორ გამოვლინდა ისრაელის მეშვეობით იეჰოვას სიძლიერე არნახულად?
18 საბოლოოდ, არნახულად გამოვლინდა თუ არა იეჰოვას სიძლიერე ღვთის ისრაელის მეშვეობით? იესოს სიკვდილის შემდეგ მოციქულები მრავალ სასწაულს ახდენდნენ, მაგრამ სასწაულები თანდათანობით შეწყდა (1 კორინთელთა 13:8–13). დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ფიზიკურ სასწაულებს. სხვა მხრივ, თავის მიმდევრებს იესომ უთხრა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს“ (იოანე 14:12). ეს სიტყვები თავდაპირველად პირველ საუკუნეში შესრულდა, როცა იესოს მოწაფეებმა რომის მთელ იმპერიას მოსდეს კეთილი ცნობა (რომაელთა 10:18). დღეს უფრო დიდი საქმეებიც კი სრულდება, რადგან ცხებულთა დარჩენილი ნაწილი უძღვება კეთილი ცნობის ქადაგებას ‘მთელს მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად’ (მათე 24:14). რა შედეგი აქვს ყოველივე ამას? XX საუკუნე ისტორიაში იეჰოვასადმი მიძღვნილი ერთგული მსახურების უდიდესი რიცხვის შეკრების მოწმე გახდა (გამოცხადება 5:9, 10; 7:9, 10). იეჰოვას სიძლიერის რა ბრწყინვალე მტკიცებაა! (ესაია 60:22).
იესოს ძმები მოდიან დიდებით
19. როდის ჩნდებიან იესოს ცხებული ძმები მასთან ერთად დიდებაში?
19 ცხოვრების მიწიერი გზის გავლისთანავე იესოს ცხებული ძმების დარჩენილი ნაწილი მას უერთდება დიდებაში (რომაელთა 2:6, 7; 1 კორინთელთა 15:53; 1 თესალონიკელთა 4:14, 17). ამრიგად, ზეციერ სამეფოში ისინი უკვდავი მეფეები და მღვდლები ხდებიან. იმ დროს ისინი იესოსთან ერთად ‘დამწყემსავენ ხალხს რკინის კვერთხით, რათა დაამსხვრიონ, როგორც თიხის ჭურჭელი’ (გამოცხადება 2:27; 20:4–6; ფსალმუნი 109:2, 5, 6). ისინი იესოსთან ერთად დასხდებიან ტახტებზე „ისრაელის თორმეტი ტომის“ განსაკითხავად (მათე 19:28). მთელი ქმნილება კვნესით მოუთმენლად მოელის ამ მოვლენებს, რომლებიც ‘ღვთის შვილთა გამოცხადების’ ნაწილია (რომაელთა 8:19–21; 2 თესალონიკელთა 1:6–8).
20. ა) რომელ იმედთან დაკავშირებით გააძლიერა პეტრეს რწმენა ფერისცვალების ხილვამ? ბ) როგორ აძლიერებს ფერისცვალებასთან დაკავშირებული ხილვა დღევანდელ ქრისტიანებს?
20 პავლე ‘დიდ გასაჭირში’ იესოს გამოცხადებას მოიხსენიებდა, როცა ამბობდა: „ის მოვა, იმ დღეს, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის და მიეგოს პატივი ყველა მორწმუნეს შორის“ (მათე 24:21; 2 თესალონიკელთა 1:10). რა დიდებულ იმედს წარმოადგენს ეს პეტრესა და იაკობისთვის, იოანესა და ყველა სულით ცხებული ქრისტიანისთვის! ფერისცვალებამ გააძლიერა პეტრეს რწმენა. უეჭველია, მის შესახებ წაკითხვა ჩვენს რწმენასაც აძლიერებს და დაჯერებულობასაც მატებს, რომ იესო მალე „მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით“. დღემდე ცოცხალი ერთგული ცხებული ქრისტიანები მტკიცდებიან რწმენაში, რომ იესოსთან განდიდდებიან. სხვა ცხვრების რწმენას კი ის შემეცნება აძლიერებს, რომ იესო გადაარჩენს მათ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულში დიდებულ ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად (გამოცხადება 7:14). რა გამამხნევებელი აზრია ბოლომდე სიმტკიცის შესანარჩუნებლად! და როგორც შემდეგ სტატიაში ვიხილავთ, ამ ხილვიდან ჩვენ უფრო ბევრის სწავლა შეგვიძლია.
[სქოლიოები]
a იხილე წიგნები: „წმიდა იყოს სახელი შენი“ (ინგლ.), გვერდები 313, 314 და „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ (ინგლ.), გვერდები 164, 165. გამოცემული ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის მიერ.
b გამოსვლა 2:15–22; 3:1–6; 5:2; 7:8–13; 8:18; 19:16–19; მეორე რჯული 31:23; მესამე მეფეთა 17:8–16; 18:21–40; 19:1, 2, 8–18; მეოთხე მეფეთა 2:1–14.
c იხილე გვერდები 133–141 წიგნში „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“
d იხილე წიგნი „შენ შეგიძლია გადაიტანო არმაგედონი და იცხოვრო ღვთის ახალ ქვეყნიერებაში“ (ინგლ.), გვერდები 281–283. გამოცემული ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის მიერ.
e იხილე წიგნი „წმიდა იყოს სახელი შენი“, გვერდები 317–320.
გახსოვს თუ არა?
◻ ვინ გამოჩნდა იესოსთან ერთად ფერისცვალების დროს?
◻ როგორ გააძლიერა მოციქულთა რწმენა ფერისცვალებასთან დაკავშირებულმა ხილვამ?
◻ ვის განასახიერებდნენ მოსე და ელია, როცა ფერისცვალების დროს იესოსთან ერთად „დიდებით“ გამოჩნდნენ?
◻ რა პარალელები არსებობს მოსესა და ელიას და ღვთის ისრაელს შორის?
[სურათი 10 გვერდზე]
ფერისცვალებასთან დაკავშირებული ხილვა წარსულში მცხოვრები ქრისტიანების რწმენას აძლიერებდა და დღევანდელი ქრისტიანების რწმენასაც აძლიერებს.