იესო ქრისტე
განმარტება: ღვთის მხოლოდშობილი ძე; ერთადერთი ძე, რომელიც იეჰოვამ უშუალოდ შექმნა; პირმშო ყველა ქმნილებას შორის. სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე მისი მონაწილეობით შეიქმნა. ღვთის შემდეგ ის სამყაროში პირველი პიროვნებაა. იეჰოვამ ის გამოგზავნა დედამიწაზე, რათა სიცოცხლე გაეღო კაცობრიობის გამოსასყიდად და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა ადამის იმ შთამომავლებისთვის, რომლებიც რწმენას გამოავლენდნენ. დღეს ის განდიდებული მეფეა ზეცაში და უფლებამოსილია, გაანადგუროს ბოროტები და განახორციელოს მამის თავდაპირველი განზრახვა დედამიწაზე. სახელი „იესო“ (ებრაულად „იეშუა“) ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“; „ქრისტე“ და მისი ებრაული შესატყვისი „მაშიახ“ (მესია) ნიშნავს „ცხებულს“.
ნამდვილად არსებობდა იესო ქრისტე?
ბიბლია არის ძირითადი წყარო, რომელიც ადასტურებს, რომ იესო ქრისტე ისტორიული პიროვნება იყო. სახარებები არ ჰგავს ზღაპრებს, რომლებშიც ბევრი რამ ბუნდოვანია, არც დროა დაკონკრეტებული და არც ადგილი. სახარებებში კონკრეტულადაა მოხსენიებული, თუ როდის და სად ხდებოდა ესა თუ ის მოვლენა. მაგალითად, იხილეთ ლუკას 3:1, 2, 21—23.
პირველ საუკუნეში მოღვაწე ებრაელ ისტორიკოსს, იოსებ ფლავიუსს მოხსენიებული აქვს „იაკობის, ქრისტედ წოდებული იესოს ძმის“ ჩაქოლვა („The Jewish Antiquities“ [„იუდეველთა სიძველენი“], იოსებ ფლავიუსი, წიგნი 20, ნაწ. 200). ზოგი თვლის, რომ ის მონაკვეთი (წიგნი 18, ნაწ. 63, 64), სადაც იესო უშუალოდ და დადებითად არის მოხსენიებული, მოგვიანებით ჩაამატეს ან ქრისტიანებმა შეალამაზეს. მაგრამ არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ ის ჩვენამდე მოღწეულ ყველა ხელნაწერშია და მასში ფლავიუსისთვის ჩვეულ სიტყვებსა და სტილს ვხვდებით.
პირველი საუკუნის ბოლოს მოღვაწე ისტორიკოსი ტაციტუსი წერდა: «ქრისტუსი [„ქრისტე“ ლათინურად], ვისგანაც მომდინარეობს ეს სახელი [ქრისტიანი], ტიბერიუსის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯა ჩვენმა ერთ-ერთმა პროკურატორმა, პონტიუს პილატემ» („The Complete Works of Tacitus“, ნიუ-იორკი, 1942, „ანალები“, წიგნი 15, აბზ. 44).
ძველი არაქრისტიანული წყაროების შესახებ, სადაც იესოა მოხსენიებული, ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეს ცნობები ადასტურებს, რომ ძველ დროში ქრისტიანების მოწინააღმდეგეებსაც კი არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ იესოს არსებობა. ამაზე კამათი პირველად და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს მე-18 საუკუნის მიწურულს, რაც გრძელდებოდა მე-19 საუკუნის განმავლობაში და მე-20 საუკუნის დასაწყისში“ („The New Encyclopædia Britannica“, 1976, ტ. X, გვ. 145).
მხოლოდ კარგი ადამიანი იყო იესო ქრისტე?
აღსანიშნავია, რომ იესოს არ მოეწონა, როცა „კარგი მოძღვარი“ უწოდეს. მას ესმოდა, რომ ეს წოდება უპირველესად მამამისს ეკუთვნოდა (მარ. 10:17, 18). მაგრამ, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც ადამიანები აფასებენ ერთმანეთს, იესო ნამდვილად იყო კარგი ადამიანი. ის ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობდა, რასაც მისი მტრებიც კი არ უარყოფდნენ (მარ. 12:14). მან თქვა, რომ დედამიწაზე მოსვლამდე ზეცაში ცხოვრობდა, და იყო ღვთის ძე და მესია, რომლის მოსვლასაც ებრაული წერილები წინასწარმეტყველებდა. თუ იესო თვითმარქვია იყო, კარგი ადამიანი ვერ იქნებოდა, და თუ სიმართლეს ამბობდა, მხოლოდ კარგი ადამიანი არ ყოფილა (იოან. 3:13; 10:36; 4:25, 26; ლუკ. 24:44—48).
ისეთივე წინასწარმეტყველი იყო იესო, როგორიც მოსე, ბუდა, მუჰამედი და სხვა წინამძღოლები იყვნენ?
იესო ამბობდა, რომ ის იყო ღვთის ძე (იოან. 10:36; მათ. 16:15—17) და ნაწინასწარმეტყველები მესია (მარ. 14:61, 62), დედამიწაზე მოსვლამდე ზეცაში ცხოვრობდა (იოან. 6:38; 8:23, 58), უნდა მომკვდარიყო, მესამე დღეს აღმდგარიყო და შემდეგ ზეცაში დაბრუნებულიყო (მათ. 16:21; იოან. 14:2, 3). თუ ეს სიტყვები გამართლდებოდა, მაშინ იესო ნამდვილად განსხვავებული იქნებოდა ღვთის სხვა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებისა და თვითმარქვია რელიგიური წინამძღოლებისგან. ყველაფერს ნათელი მისი სიკვდილიდან მესამე დღეს მოეფინებოდა. აღადგინა ღმერთმა იესო ქრისტე მკვდრეთით და დაამტკიცა, რომ ის ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა და ნამდვილად მისი ძე იყო? (რომ. 1:3, 4). მკვდრეთით აღმდგარი იესო 500-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. იესოს ერთგული მოციქულები იმის მოწმენი გახდნენ, თუ როგორ ამაღლდა ის ზეცად და როგორ გაუჩინარდა ღრუბლებში (1 კორ. 15:3—8; საქ. 1:2, 3, 9). ისინი იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი იესოს მკვდრეთით აღდგომაში, რომ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასადაც კი ესაუბრებოდნენ სხვებს ამის შესახებ (საქ. 4:18—33).
რატომ არ აღიარა ებრაელების უმეტესობამ იესო მესიად?
ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „რომაელთა ბატონობის პერიოდში მცხოვრებ ებრაელებს სჯეროდათ, რომ ღვთისგან მოვლენილი [მესია] მათ წარმართებისგან გაათავისუფლებდა და ისრაელის აღდგენილი სამეფოს მეფე გახდებოდა“ („Encyclopaedia Judaica“, იერუსალიმი, 1971, ტ. XI, სვ. 1407). მათ სურდათ რომის ბატონობისგან გათავისუფლება. ებრაელთა ისტორია ადასტურებს, რომ დანიელის 9:24—27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების საფუძველზე ზოგი ებრაელი პირველ საუკუნეში ელოდებოდა მესიას (ლუკ. 3:15). ამ წინასწარმეტყველებაში აღნიშნული იყო, რომ მესია მოვიდოდა ‘ცოდვის შესაწყვეტად’, რისთვისაც — ესაიას 53-ე თავის თანახმად — ის უნდა მომკვდარიყო. მაგრამ ებრაელები, მთლიანობაში, ვერ ხედავდნენ მათი ცოდვებისთვის ვინმეს სიკვდილის აუცილებლობას. ისინი ფიქრობდნენ, რომ, როგორც აბრაამის შთამომავლები, ღვთის წინაშე მართლები იყვნენ. „რაბინთა ანთოლოგიაში“ ვკითხულობთ: „ღვთის წინაშე აბრაამის [დამსახურება] იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია გამოისყიდოს ამქვეყნად მცხოვრები ყველა ებრაელის სიტყვით თუ საქმით ჩადენილი ცოდვა“ (კ. მონტეფიორე და ჰ. ლევი, ლონდონი, 1938, გვ. 676). იესოს უარყოფით ებრაელებმა შეასრულეს მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება: „მოძულებული იყო, არაფრად ვაგდებიდით მას“ (ეს. 53:3).
სიკვდილის წინ მოსემ იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელი ერი განუდგებოდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, რის გამოც თავს უბედურებას დაიტეხდა (წაიკითხეთ მეორე კანონის 31:27—29). „მსაჯულებიდან“ ვიგებთ, თუ როგორ სრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება. წინასწარმეტყველ იერემიას დროს ებრაელების ორგულობას ბაბილონში მათი გადასახლება მოჰყვა. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ახ. წ. 70 წელს რომაელებს გაენადგურებინათ იერუსალიმი და ტაძარი? ის ხომ იცავდა ებრაელებს, როცა მასზე იყვნენ მინდობილნი? რა დააშავეს მათ ისეთი, რომ ღმერთმა აღარ დაიცვა ისინი? ეს მოვლენა მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც მათ იესო მესიად არ აღიარეს.
ღმერთია იესო ქრისტე?
იოან. 17:3, ბთი: «[იესომ მამას ლოცვით მიმართა:] ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს [„ერთს, ჭეშმარიტ ღმერთს“, სსგ; „ერთ ჭეშმარიტ ღმერთს“, ბსგ], და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს» (ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ ზეციერ მამას უწოდა „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ და არა საკუთარ თავს).
იოან. 20:17, სსგ: «უთხრა მას [მარიამ მაგდალელს] იესომ: „ნუ შემეხები, ვინაიდან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან; წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ მამა ჩემთან და მამა თქვენთან და ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“» (ამგვარად, ისევე როგორც მარიამ მაგდალელისთვის, მკვდრეთით აღმდგარი იესოსთვისაც მამა იყო ღმერთი. ბიბლიაში მამა არსად არ მიმართავს ძეს როგორც ‘თავის ღმერთს’).
იხილეთ აგრეთვე გვერდები 276, 277, 281, 282 („სამება“).
ამტკიცებს იოანეს 1:1, რომ იესო ღმერთია?
იოან. 1:1, სსგ: „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“ [„სიტყვა იყო ღმერთი“, ბთი, აფ, ბსგ]. აქ-ში ვკითხულობთ „სიტყვა იყო ღმერთი“ (სქოლიო: ღვთის მსგავსება, ღვთაებრივი).
რა არის ნაგულისხმევი ბერძნულ ტექსტში? ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთთან“ („თეოს“), „ღმერთის“ წინ განსაზღვრული არტიკლი დგას, მაგრამ ფრაზაში „ღმერთი იყო სიტყვა“ არ გვხვდება ეს არტიკლი. არსებითი სახელი, რომლის წინაც განსაზღვრული არტიკლი დგას, გულისხმობს პიროვნებას; ხოლო მხოლოობით რიცხვში მდგარი უარტიკლო არსებითი სახელი, როცა ის ზმნის წინაა (როგორც ეს ბერძნულ ტექსტშია), მიუთითებს პიროვნების თვისებაზე. აქედან გამომდინარე, ეს მუხლი „სიტყვას“ (იესოს) არ აიგივებს მამასთან, რომელთანაც ის იყო. „სიტყვა“ იყო ღვთაებრივი, ღვთის მსგავსი (იხილეთ აქ-ს დანართი, გვ. 1757).
რას გულისხმობდა იოანე მოციქული იოანეს 1:1-ში? გულისხმობდა იმას, რომ იესო მამის თანასწორი ღმერთია, ან იესო და მამა ერთი ღმერთია? იმავე თავის მე-18 მუხლში იოანემ დაწერა: «ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; მხოლოდშობილმა ძემ [„მხოლოდშობილმა ღმერთმა (თეოს უარტიკლოდ)“, აქ], რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა» (სსგ). ჰყავს რომელიმე ადამიანს ნანახი იესო ქრისტე? რა თქმა უნდა. ამგვარად, იოანე არ გულისხმობდა, რომ იესო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი იყო. სახარების დასასრულს იოანემ თქვა: „ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა [და არა მამის თანასწორი ძე ღმერთი]“ (იოან. 20:31, სსგ).
ამტკიცებს თომას სიტყვები იოანეს 20:28-დან, რომ იესო ღმერთია?
იოანეს 20:28-ში (სსგ) ვკითხულობთ: „მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“
იესოს შეიძლება ეწოდოს ღმერთი იმისდა მიუხედავად, ნამდვილად ამის თქმა სურდა თუ არა თომას. ერთხელ იესომ „ფსალმუნებიდან“ მოიყვანა ციტატა, რომელშიც მოსამართლეებს „ღმერთები“ ეწოდებათ (იოან. 10:34, 35; ფსალმ. 82:1—6). ქრისტეს კი ასეთ ადამიანებზე გაცილებით მაღალი მდგომარეობა უკავია. იმ უნიკალური მდგომარეობის გამო, რომელიც მას იეჰოვასთან აკავშირებს, იოანეს 1:18-ში იესოს „მხოლოდშობილი ღმერთი“ ეწოდება. ესაიას 9:6-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში ის მოხსენიებულია „ძლიერ ღმერთად“, მაგრამ არა — ყოვლისშემძლე ღმერთად. ამიტომ იესოს იოანეს 1:1-შიც ეწოდება „ღმერთი“.
კონტექსტის გათვალისწინება სწორი დასკვნის გაკეთებაში გვეხმარება. იესოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თომამ მოისმინა მისი ლოცვა, რომელშიც მან მამას „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ უწოდა (იოან. 17:3, ბთი). აღდგომის შემდეგ იესომ თავის მოციქულებს, მათ შორის თომას, შეუთვალა: „ავდივარ . . . ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოან. 20:17, სსგ). თომას მიერ წარმოთქმული სიტყვების გადმოცემის შემდეგ იოანე ამბობს: „ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და რათა მორწმუნეთ გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით“ (იოან. 20:31, სსგ). სანამ ვინმე თომას სიტყვებიდან დაასკვნის, რომ იესო არის „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ ან ძე ღმერთი (სამების ნაწილი), უნდა გაითვალისწინოს როგორც იესოს სიტყვები (მე-17 მუხლი), ისე იოანე მოციქულის დასკვნა (31-ე მუხლი).
უნდა დავასკვნათ მათეს 1:23-დან, რომ დედამიწაზე ყოფნისას იესო ღმერთი იყო?
მათ. 1:23, სსგ: „აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმნით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“.
იესოს დაბადების უწყებისას იეჰოვას ანგელოზს არ უთქვამს, რომ ის ღმერთი იქნებოდა. ეს ჩანს შემდეგი სიტყვებიდან: „დიდი იქნება იგი, და უზენაესის ძედ იწოდება“ (ლუკ. 1:32, 35, სსგ, კურსივი ჩვენია). იესოს არასდროს უთქვამს, რომ ღმერთი იყო. ის ყოველთვის ამბობდა, რომ „ღვთის ძე“ იყო (იოან. 10:36, ბსგ, კურსივი ჩვენია). ღმერთმა იესო, მხოლოდშობილი ძე, დედამიწაზე გამოგზავნა. ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი იყო ადამიანებთან (იოან. 3:17; 17:8).
ებრაულ სახელებში ხშირად გვხვდება სიტყვა „ღმერთი“ ან ღვთის სახელის შემოკლებული ფორმა. მაგალითად, ელიათა ნიშნავს „ჩემი ღმერთი მოვიდა“, იეჰუ — „იეჰოვაა ის“, ელია — „იეჰოვაა ჩემი ღმერთი“. მაგრამ ვისაც ასეთი სახელი ერქვა, ღმერთი არ ყოფილა.
რა არის ნაგულისხმევი იოანეს 5:18-ში?
იოან. 5:18, ბსგ: „ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა“.
ვინაიდან იესო ღმერთს მამას უწოდებდა, ურწმუნო იუდეველებს მიაჩნდათ, რომ მას თავს უტოლებდა. მაგრამ იესოს არასდროს გაუტოლებია თავი ღვთისთვის. მან პირდაპირ უთხრა იუდეველებს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს“ (იოან. 5:19, სსგ; იხილეთ აგრეთვე იოანეს 14:28; 10:36). ეს ურწმუნო იუდეველები იმასაც ამბობდნენ, რომ იესო შაბათთან დაკავშირებულ კანონს არღვევდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ცდებოდნენ. იესო სრულყოფილად იცავდა კანონს და ამბობდა: „შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია“ (მათ. 12:10—12).
უნდა მივიჩნიოთ იესო ღმერთად იმ მუხლების საფუძველზე, სადაც მის თაყვანისცემაზეა ლაპარაკი?
ებრაელების 1:6-ში ანგელოზების შესახებ ნათქვამია, რომ თაყვანი უნდა სცენ იესოს (სსგ, ბსგ, ბთი, აფ). აქ-ში წერია: „ყველა ანგელოზმა მდაბლად თაყვანი სცეს მას [იესოს]!“. მათეს 14:33-ში ნათქვამია, რომ იესოს მოწაფეებმა მას „თაყვანი სცეს“ (სსგ, ბსგ, ბთი, აფ). აქ-ში ვკითხულობთ: „მდაბლად თაყვანი სცეს“.
„თაყვანისცემად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „პროსკინეო“. ერთი ლექსიკონის თანახმად, ამ სიტყვის ერთ-ერთი მნიშვნელობა იყო „ჩვეულება, როცა ადამიანი სხვის წინაშე ემხობოდა, ფეხებსა და ტანსაცმლის კიდეს უკოცნიდა და მიწას ემთხვეოდა“ („A Greek-English Lexicon of the New Testament and Other Early Christian Literature“, ბაუერი, არნდტი, გინგრიხი და დანკერი, ჩიკაგო, 1979, გვ. 716). სწორედ ეს სიტყვაა გამოყენებული მათეს 14:33-ში იესოს მოწაფეებთან დაკავშირებით; ებრაელების 1:6-ში ანგელოზებთან დაკავშირებით; დაბადების 22:5-ში (ბერძნულ „სეპტუაგინტაში“) აბრაამის მოქმედების აღსაწერად; დაბადების 23:7-ში იმის გადმოსაცემად, თუ როგორ მოიქცა აბრაამი იმდროინდელი ჩვეულებისამებრ საქმიანი გარიგებისას; 1 მეფეების 1:23-ში („სეპტუაგინტაში“) მეფე დავითთან მისული ნათან წინასწარმეტყველის მოქმედების აღსაწერად.
მათეს 4:10-ში (სსგ) იესომ თქვა: «უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი [ნაწარმოებია სიტყვიდან „პროსკინეო“] და მხოლოდ მას ემსახურე» (ამ სიტყვებს იესო, როგორც ჩანს, ციტირებდა მეორე კანონის 6:13-დან, სადაც ღვთის სახელი ტეტრაგრამატონის სახით გვხვდება). აქედან გამომდინარე, როცა „პროსკინეო“ ღმერთთან მიმართებაში გამოიყენება, მასში განსაკუთრებული განწყობა და დამოკიდებულება იგულისხმება.
ამტკიცებს იესოს სასწაულები იმას, რომ ის ღმერთია?
საქ. 10:34, 38, სსგ: „გახსნა პეტრემ ბაგენი და თქვა . . . სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, და დადიოდა იგი, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკის მიერ მიმძლავრებულს, რადგანაც ღმერთი იყო მასთან“ (იესოს მიერ მოხდენილი სასწაულების საფუძველზე პეტრე არ მისულა იმ დასკვნამდე, რომ ის ღმერთი იყო; მან თქვა, რომ ღმერთი იყო მასთან [იესოსთან]. შეადარეთ მათეს 16:16, 17).
იოან. 20:30, 31, სსგ: «ბევრი სხვა სასწაულიც ქმნა იესომ თავისი მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა [„ძე ღვთისა“, ბსგ], და რათა მორწმუნეთ გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით» (ამგვარად, იესოს მიერ მოხდენილმა სასწაულებმა იმ დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ იესო არის „ქრისტე“, მესია, ღვთის ძე. ფრაზა „ძე ღმრთისა“ განსხვავდება „ძე ღმერთისგან“).
ქრისტიანობამდე მცხოვრები წინასწარმეტყველები, მაგალითად ელია და ელისე, ახდენდნენ ისეთივე სასწაულებს, როგორსაც იესო ახდენდა. მაგრამ ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ისინი ღმერთები იყვნენ.
ერთი და იგივე პიროვნებაა „ახალ აღთქმაში“ მოხსენიებული იესო და „ძველ აღთქმაში“ მოხსენიებული იეჰოვა?
იხილეთ გვერდები 185, 186 („იეჰოვა“).
საკმარისია იესო ქრისტეს რწმენა გადასარჩენად?
საქ. 16:30—32, ბსგ: «„ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?“ ხოლო მათ [პავლემ და სილამ] უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც“. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მას და ყველას, მის სახლში მყოფს» (თუ საპყრობილის ზედამხედველი მხოლოდ იტყოდა, რომ სწამდა იესო, იქნებოდა ეს საკმარისი ‘უფალ იესოს სარწმუნებლად’? საჭირო იყო უფრო მეტი — „ღვთის სიტყვის“ ცოდნა და აღიარება. ამ მიზნით პავლემ და სილამ მას უქადაგეს. იქნებოდა იესოსადმი მისი რწმენა მისაღები, თუ თაყვანს არ სცემდა ღმერთს, რომელსაც იესო სცემდა თაყვანს; თუ არ გამოავლენდა ისეთ თვისებებს, როგორსაც იესო მოითხოვდა თავისი მოწაფეებისგან; და თუ არ მიიღებდა მონაწილეობას საქმეში, რომლის შესრულებაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა? ჩვენ გადარჩენას ვერ დავიმსახურებთ. ეს შესაძლებელია მხოლოდ იესოს მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენის საფუძველზე. მაგრამ ჩვენს რწმენას თან უნდა ახლდეს საქმეები, თუნდაც იოლი არ იყოს ეს. მათეს 10:22-ში იესომ თქვა: „ბოლომდე მომთმენი . . . გადარჩება“).
ცხოვრობდა იესო ზეცაში დედამიწაზე მოსვლამდე?
კოლ. 1:15—17, სსგ: „[იესო] არის ხატი უხილავი ღმრთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარეს დაბადებული . . . ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. და იგია უწინარეს ყოვლისა“.
იოან. 17:5, სსგ: „[ლოცვაში იესომ თქვა:] განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნის შექმნამდე“ (აგრეთვე იოანეს 8:23).
ხორციელი სხეულით დაბრუნდა იესო ზეცაში?
1 კორ. 15:42—50, სსგ: «ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში . . . ითესება სხეული მშვინვიერი [„ხორციელი“, აქ], აღდგება სხეული სულიერი . . . ასედაც დაწერილია: პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად; უკანასკნელი ადამი [იესო ქრისტე, რომელიც სრულყოფილი იყო, როგორც ადამი თავიდან] კი — ცხოველმყოფელ სულად . . . გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელებას» (კურსივი ჩვენია).
1 პეტ. 3:18, სსგ: „ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო . . . მოკვდა ხორცით და ცოცხალ იქმნა სულით“ (იხილეთ გვერდი 41).
მაგალითი: თუ ვინმე მეგობრის ვალს გადაიხდის, მაგრამ ცოტა ხანში ამ ფულს უკან აიღებს, ვალი ვალად დარჩება. მსგავსად ამისა, დაფარავდა იესო ერთგულ ადამიანთა ცოდვების საფასურს, თუ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იმ ხორციელ სხეულს დაიბრუნებდა, რომელიც გამოსასყიდად გაიღო?
უნდა აღინიშნოს, რომ მკვდრეთით აღგომის შემდეგ იესო თავის მოწაფეებს ეცხადებოდა ხორციელ სხეულში. მაგრამ რატომ ვერ ცნობდნენ ზოგჯერ მას? (ლუკ. 24:15—32; იოან. 20:14—16). ერთხელ იესო თომას გულისთვის მოწაფეებს ხორციელ სხეულში ეჩვენა და მას ხელებზე და ფერდში ნაჭრილობევი ჰქონდა. მაგრამ როგორ აღმოჩნდა ის მოწაფეებს შორის, მაშინ როცა კარები ჩაკეტილი იყო? (იოან. 20:26, 27). ასეთ შემთხვევებში იესო, როგორც ჩანს, ხორცს ისხამდა იმ ანგელოზების მსგავსად, რომლებიც წარსულში ადამიანებს ეცხადებოდნენ. იესოს აღდგომის დროს მისი ფიზიკური სხეულის გაქრობა რთული არ იქნებოდა ღვთისთვის. თუმცა ღმერთმა სამარხიდან იესოს სხეული გააქრო (როგორც ჩანს, მოწაფეებისთვის რწმენის განსამტკიცებლად, რომ იესო ნამდვილად აღდგა), სელის ქსოვილი, რაშიც ის გაახვიეს, იქვე იყო; მიუხედავად ამისა, მოწაფეებს იესო ყოველთვის ჩაცმული ეცხადებოდა (იოან. 20:6, 7).
ერთი და იგივე პიროვნებაა იესო ქრისტე და მიქაელ მთავარანგელოზი?
სახელი „მიქაელი“, როცა მთავარანგელოზია ნაგულისხმევი, ბიბლიაში მხოლოდ ხუთჯერ გვხვდება. სულიერ ქმნილებას, რომელიც ამ სახელს ატარებს, ეწოდება „ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი“, „დიდი მთავარი, შენი [დანიელის] ხალხის შვილთა მფარველი“ და „მთავარანგელოზი“ (დან. 10:13; 12:1, სსგ; იუდ. 9, სსგ). „მიქაელი“ ნიშნავს „ვინ არის ღვთის მსგავსი?“. ეს სახელი, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ მიქაელი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერასა და ღვთის მტრების განადგურებაში.
1 თესალონიკელების 4:16-ში (აფ) იესო „მთავარანგელოზის ხმით“ გასცემს მკვდრეთით აღდგომის დაწყების ბრძანებას. იუდას 9-დან კი ჩანს, რომ მთავარანგელოზი არის მიქაელი. განა შესაფერისი იქნებოდა იესოს ხმის შედარება მის ხმასთან, ვისაც იესოზე ნაკლები ძალაუფლება აქვს? აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მთავარანგელოზი მიქაელი არის იესო ქრისტე (სიტყვა „მთავარანგელოზი“ ბიბლიაში არსად გვხვდება მრავლობით რიცხვში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის მხოლოდ ერთია).
გამოცხადების 12:7—12-ში ნათქვამია, რომ მიქაელი და მისი ანგელოზები შეებრძოლებოდნენ სატანას და ბოროტ ანგელოზებთან ერთად ზეციდან გადმოაგდებდნენ. ეს მოვლენა დაკავშირებული იქნებოდა ქრისტეს გამეფებასთან. „გამოცხადებაში“ შემდეგ აღწერილია, რომ იესო მიუძღვება ზეციერ ლაშქარს ომში ქვეყნიერების წინააღმდეგ (გამოცხ. 19:11—16). განა ლოგიკური არ არის, რომ „ქვეყნიერების მმართველის“, სატანა ეშმაკის წინააღმდეგაც იესო მიიღებდა ზომებს? (იოან. 12:31). დანიელის 12:1-ში (სსგ) დრო, როცა მიქაელი ძალაუფლებით იმოქმედებდა, უკავშირდება „მძიმე დროს“, როგორიც „ხალხის გაჩენის დღიდან . . . არ ყოფილა“. სწორედ ასეთი დრო დაუდგება ქვეყნიერებას, როცა ქრისტე ზეციდან დაიწყებს განაჩენის სისრულეში მოყვანას. როგორც ვხედავთ, ღვთის ძეს მიქაელი ეწოდებოდა დედამიწაზე მოსვლამდე და ამ სახელით არის ცნობილი ზეცაში დაბრუნების შემდეგაც, სადაც ის ღვთის განდიდებული სულიერი ძეა.
თუ ვინმე გეუბნება. . .
„თქვენ არ გწამთ ქრისტე“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „როგორც ჩანს, თქვენ გწამთ იესო. მეც მწამს; რომ არ მწამდეს, თქვენთან არ მოვიდოდი“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: „ჩვენი პუბლიკაციებიდან კარგად ჩანს, რომ იესოსადმი რწმენას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“ (წიგნი, რომელსაც სთავაზობ, გადაშალე სათანადო თავზე, ესაუბრე მასში მოცემულ საკითხებზე და ყურადღება გაამახვილე იესოს მეფობაზე. ან გადაშალე „საგუშაგო კოშკი“ მეორე გვერდზე და წაუკითხე, რა არის ამ ჟურნალის გამოცემის მიზანი).
ან შეგიძლია უთხრა: „რატომ ფიქრობთ, რომ არ გვწამს?“
სხვა ვარიანტი: „ალბათ, ვინმემ გითხრათ, რომ ჩვენ ქრისტე არ გვწამს. მაგრამ ეს არ არის სწორი. ჩვენ გვწამს იესო ქრისტე და გვესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „თუმცა ყველაფერი არ გვჯერა, რასაც ხალხი იესოზე ამბობს. მაგალითად, ზოგი ფიქრობს, რომ იესო უბრალოდ კარგი კაცი იყო და არა ღვთის ძე. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ აზრს. თქვენ რას ფიქრობთ? . . ბიბლია არ ასწავლის ამას“. 2) „ზოგი სწავლება ეწინააღმდეგება იმას, რაც იესომ თქვა მამასთან თავის ურთიერთობაზე; ჩვენ არც ასეთი სწავლებები გვწამს (იოან. 14:28). მამამ მას დიდი ძალაუფლება მიანდო და ამას თითოეული ჩვენგანისთვის აქვს მნიშვნელობა“ (დან. 7:13, 14).
„აღიარებთ იესოს თქვენს მხსნელად?“
შეგიძლია ასე უპასუხო: „ბიბლია აშკარად ამბობს, რომ . . . (მოიყვანე ციტატა საქმეების 4:12-დან). მე მწამს ეს. მაგრამ მე მესმის, რომ ეს სერიოზულ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს. თუ ნამდვილად მწამს იესო, ის ყოველთვის უნდა მწამდეს და არა მხოლოდ მაშინ, როცა მე მაწყობს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: „მე ვიცი, რომ მან ჩვენი ცოდვებისთვის სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად. მაგრამ ისიც მესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყურად ვიღოთ მითითებები, რომლებიც მან ქრისტიანებს მოგვცა“ (საქ. 1:8; მათ. 28:19, 20).
ან შეგიძლია უთხრა: (მას შემდეგ, რაც გაუზიარებ შენს მრწამსს და ეტყვი, რომ იესო არის არა მარტო შენი, არამედ ყველას მხსნელი, ვისაც სწამს მისი . . .) „მნიშვნელოვანია, რომ იესოს ვაფასებდეთ არა მარტო იმისთვის, რაც მან წარსულში გააკეთა, არამედ იმისთვისაც, რასაც დღეს აკეთებს“ (მათ. 24:14).
„მე მწამს, რომ იესო ჩემი მხსნელია“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „კარგია, რომ გწამთ იესო, რადგან დღეს ბევრი არც კი ფიქრობს იმაზე, რაც მან ჩვენთვის გააკეთა. თქვენ კარგად გეცოდინებათ, რა წერია იოანეს 3:16-ში . . . მაგრამ სად იცხოვრებენ ასეთი ადამიანები მარადიულად? ზოგი ქრისტესთან ერთად იქნება ზეცაში. მაგრამ ამბობს ბიბლია, რომ ყველა კარგი ადამიანი წავა ზეცაში?“ (მათ. 6:10; 5:5).