ფილიპე (I)
[ნიშნავს ცხენების მოყვარულს].
1. იესო ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი პირველარჩეული მოწაფე. მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში ფილიპეს სახელი მხოლოდ მოციქულთა ჩამონათვალში ჩნდება (მთ. 10:3; მრ. 3:18; ლკ. 6:14). მის შესახებ ზოგიერთ ცნობას იოანეს სახარება გვაწვდის.
ფილიპე, ისევე როგორც პეტრე და ანდრია, ბეთსაიდიდან იყო, გალილეის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარე ქალაქიდან. როცა იესომ უთხრა „გამომყევი“, ფილიპე ზუსტად ისე მოიქცა, როგორც წინა დღით ანდრია. ანდრიამ თავისი ძმა სიმონი (პეტრე) მონახა და იესოსთან მიიყვანა, ფილიპემ კი ნათანაელი (ბართლომე) მოძებნა და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც მოსე წერდა კანონში და ვისზეც წერდნენ წინასწარმეტყველები — იესო ... ნაზარეთიდან ... წამოდი და ნახე“ (ინ. 1:40, 41, 43—49). სახარებაში ვკითხულობთ, რომ იესომ „ფილიპე მოძებნა“, რაც მათ შესაძლო ნაცნობობაზე მიუთითებს. იმავე დასკვნის გამოტანა შეიძლება იქიდან, რაც ფილიპემ ნათანაელს უთხრა, კერძოდ, მან სახელით მოიხსენია იესო, მისი ოჯახი და ქალაქი. მეგობრობის გარდა ნათესაობაც აკავშირებდათ თუ არა ფილიპესა და ნათანაელს (ბართლომეს), უცნობია, თუმცა, ჩამონათვალში მათი სახელები, როგორც წესი, ყოველთვის ერთად გვხვდება, გამონაკლისია საქმეების 1:13.
ახ. წ. 33 წელს, პასექამდე ხუთი დღით ადრე, როცა იესო იერუსალიმში ზარ-ზეიმით შევიდა (მრ. 11:7—11), იესოს ნახვის მსურველმა ზოგიერთმა ბერძენმა (შესაძლოა პროზელიტები) ფილიპეს სთხოვა მასთან შეხვედრა. ბერძნები ფილიპესთან შესაძლოა მისი ბერძნული სახელის გამო მივიდნენ, ან იმ მომენტისთვის ფილიპეს მეტი იქ არავინ იყო. როგორც უნდა ყოფილიყო, ფილიპეს, ალბათ, არ უნდოდა თვითნებურად მოქცეულიყო, ამიტომ ის ჯერ ანდრიას მოეთათბირა, რომელიც მასთან ერთად სხვა დროსაც იყო (ინ. 6:7, 8) და რომელსაც შესაძლოა იესოსთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა (შდრ. მრ. 13:3). ფილიპემ და ანდრიამ მხოლოდ ამის შემდეგ გადასცეს იესოს ბერძნების სათხოვარი, თუმცა თვითონ ბერძნები მისთვის არ წარუდგენიათ (ინ. 12:20—22). ფილიპეს სიფრთხილე და წინდახედულობა კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა იესომ მას ჰკითხა, სად ეყიდათ პური ხალხის დასაპურებლად; აგრეთვე მაშინ, როცა ფილიპემ იესოს ასეთი თხოვნით მიმართა (მანამდე პეტრემ და თომამ საკმაოდ პირდაპირი კითხვა დაუსვეს იესოს): „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“ (ინ. 6:5—7; 13:36, 37; 14:5—9). ფილიპეს ტაქტიანობა კარგად იკვეთება პეტრეს პირდაპირობის ფონზე. ამგვარად, სახარებების ის მონაკვეთები, რომლებშიც სხვა მოციქულებთან ერთად ფილიპეც ფიგურირებს, წარმოდგენას გვიქმნის იესოს მოციქულების ხასიათების სხვადასხვაობაზე.
ვინაიდან ფილიპეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნათანაელთან (ბართლომე) და ზებედეს ვაჟებთან, არ არის გამორიცხული, რომ ის გალილეის ზღვის სანაპიროზე მყოფი ორი დაუსახელებელი მოწაფიდან ერთ-ერთი ყოფილიყო, ვისაც მკვდრეთით აღმდგარი იესო გამოეცხადა (ინ. 21:2).
2. პირველ საუკუნეში მცხოვრები მახარობელი და მისიონერი. სტეფანესთან ერთად ფილიპე სულითა და სიბრძნით სავსე შვიდი სანდო კაციდან ერთ-ერთი იყო, ვინც იერუსალიმში ბერძნულენოვანი და ებრაულენოვანი ქრისტიანი ქვრივებისთვის ყოველდღე საკვების მიუკერძოებლად განაწილებისთვის აირჩიეს (სქ. 6:1—6). თუ გავითვალისწინებთ იმას, რას საქმიანობდა ფილიპე (აგრეთვე სტეფანე) ამ დავალების შესრულების შემდეგ, აშკარა ხდება, რომ ქვრივებისთვის საკვების განაწილების საქმეს სულიერად მოწიფული ადამიანები უწევდნენ. ფილიპე იმით იყო დაკავებული, რასაც მოგვიანებით პავლე მოციქულმაც მიჰყო ხელი, თუმცა ამ უკანასკნელის მოღვაწეობის მასშტაბი უფრო დიდი იყო.
როდესაც დევნა დაიწყო, იერუსალიმში მყოფი მოციქულების გარდა ყველა გაიფანტა. ფილიპე სამარიაში წავიდა, სადაც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას აუწყებდა. წმინდა სულის სასწაულებრივი ძალით ფილიპე დემონებს დევნიდა და დამბლადაცემულებსა და კოჭლებს კურნავდა. უამრავმა ხალხმა სიხარულით მიიღო ცნობა და მოინათლა. მონათლულთა შორის იყო ვინმე სიმონი, რომელიც ჯადოქრობას მისდევდა (სქ. 8:4—13). როცა „მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიელებმა ღვთის სიტყვა მიიღეს, პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან“, რათა ახალმონათლულებს წმინდა სულის ძღვენი მიეღოთ (სქ. 8:14—17).
იეჰოვას სულმა ფილიპე აღძრა ღაზისკენ წასულიყო ეთიოპ საჭურისთან შესახვედრად. ეთიოპმა საჭურისმა, „კანდაკეს, ეთიოპთა დედოფლის დიდებულმა“, მალევე ირწმუნა იესო და ფილიპეს მონათვლა სთხოვა (სქ. 8:26—38). იქიდან ფილიპე აშდოდსა და კესარეაში ჩავიდა, გზად „სასიხარულო ცნობას ყველა ქალაქში აუწყებდა“ (სქ. 8:39, 40). „მოციქულთა საქმეების“ ეს მოკლე ეპიზოდები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მახარობელთა საქმიანობაზე (სქ. 21:8).
ქალაქ კესარეაში, რომელზეც მრავალი მნიშვნელოვანი გზა გადიოდა, ფილიპე ოცი წლის შემდეგაც აქტიურად მსახურობდა და კვლავაც ცნობილი იყო, როგორც შვიდიდან ერთ-ერთი, რომელიც მოციქულებმა დანიშნეს. ლუკას ცნობით იმ დროს, როცა ის და პავლე ფილიპეს სახლს სტუმრობდნენ (დაახლ. ახ. წ. 56), მას უკვე „ოთხი ასული ჰყავდა, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ“ (სქ. 21:8—10). ფილიპეს ქალიშვილები იმ ასაკისანი იყვნენ, რომ წინასწარმეტყველება შეეძლოთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფილიპეს ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში ჰყავდა ოჯახი.
3. ჰეროდიას ქმარი და სალომეს მამა. ის რომში ცხოვრობდა, როცა ცოლმა მიატოვა და მის ნახევარძმას, ჰეროდე ანტიპას გაჰყვა (მთ. 14:3, 4; მრ. 6:17, 18; ლკ. 3:19, 20). ფილიპე ჰეროდე დიდის ვაჟი იყო, რომელიც მას მესამე ცოლისგან, მარიამნა II-ისგან (მღვდელმთავარ სიმონის ქალიშვილი) შეეძინა. ასე რომ, ის სანახევროდ იუდეველი და სანახევროდ იდუმეელი იყო (იხ. ჰეროდე №5).
4. იტურეისა და ტრაქონიტიდის მხარეების მმართველი იმ პერიოდში, როცა „კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს“ (ახ. წ. 29 წ.) იოანე ნათლისმცემელმა მსახურება დაიწყო (ლკ. 3:1—3). ფილიპე იყო ჰეროდე დიდის ვაჟი, რომელიც იერუსალიმელმა კლეოპატრამ გაუჩინა, შესაბამისად, ჰეროდე ანტიპას, არქელაესა და ფილიპე №3 ნახევარძმა (იხ. ჰეროდე №6).