განდგომილება
ამ სიტყვის ბერძნული შესატყვისი (აპოსტასია) მომდინარეობს ზმნიდან აფისტემი, რაც ნიშნავს განდგომას. არსებითი სახელი აპოსტასია ნიშნავს მიტოვებასა და აჯანყებას (სქ. 21:21). კლასიკურ ბერძნულში ეს არსებითი სახელი გამოიყენებოდა პოლიტიკური ღალატის კონტექსტში. როგორც ჩანს, ამ სიტყვის ზმნური ფორმა სწორედ ამ გაგებით არის გამოყენებული საქმეების 5:37-ში, სადაც საუბარია გალილეელ იუდაზე, რომელმაც ხალხი „აიყოლია“ (აპესტესე, აფისტემის ერთ-ერთი ფორმა). ბერძნულ სეპტუაგინტაში დაბადების 14:4-ში ეს სიტყვა აჯანყების კონტექსტში გვხვდება. რაც შეეხება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს, ამ სიტყვას უმეტესწილად რელიგიური დატვირთვა აქვს და ნიშნავს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისგან ჩამოშორებასა და ღვთის მსახურების მიტოვებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი უარყოფს იმ პრინციპებსა და რწმენას, რომლებსაც ადრე აღიარებდა. იერუსალიმელი რელიგიური წინამძღოლები პავლეს სწორედ ამგვარ განდგომილებაში ადანაშაულებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ის მოსეს კანონს განუდგა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი განდგომილი ღვთის მოწინააღმდეგე, სატანა იყო, რაზეც მისი სახელის მნიშვნელობაც მეტყველებს. სწორედ მისი წაქეზებით განუდგა ღმერთს ადამიანთა პირველი წყვილი (დბ. 3:1—15; ინ. 8:44). წარღვნის შემდეგ ხალხი აუჯანყდა ღმერთს და მისი მითითებების წინააღმდეგ წავიდა (დბ. 11:1—9). მოგვიანებით იობს მოუწია სამი ვაი-მეგობრის წინაშე თავის დაცვა, რომლებმაც ის განდგომილებაში დაადანაშაულეს (იობ. 8:13; 15:34; 20:5). იობის სიტყვებიდან ჩანს, რომ განდგომილს არც ღვთის წინაშე წარდგომის (იობ. 13:16) და არც სხვა რაიმეს იმედი უნდა ჰქონოდა (იობ. 27:8; შდრ. აგრეთვე ელიჰუს სიტყვებს იობ. 34:30; 36:13). ამ კონტექსტებში გამოყენებულია ებრაული არსებითი სახელი ხანეფ, რაც ღვთისგან გაუცხოებულს ანუ განდგომილს ნიშნავს. ამ არსებითი სახელის მონათესავე ზმნა (ხანეფ) ნიშნავს „ღვთისადმი სწორი დამოკიდებულების უგულებელყოფას“ ან „წაბილწვას, განდგომილებამდე მიყვანას“ (Lexicon in Veteris Testamenti Libros, ლ. კელერი და ვ. ბაუმგარტნერი, ლეიდენი, 1958, გვ. 317).
განდგომილება ისრაელში. კანონის პირველი ორი მცნება ცალსახად გმობდა ნებისმიერი სახის განდგომილებას (გმ. 20:3—6). აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ღმერთმა ისრაელი გააფრთხილა, რომ იქაურ ხალხთან დამოყვრების შემთხვევაში შეიძლება განდგომილების მახეში აღმოჩენილიყვნენ (კნ. 7:3, 4). ნებისმიერი, ვინც სხვებს განდგომილებისკენ უბიძგებდა, უნდა მოეკლათ, გინდ მეუღლე ყოფილიყო, გინდ ოჯახის სხვა წევრი, რადგან ის იეჰოვასადმი, მათი „ღვთისადმი ურჩობისკენ“ მოუწოდებდა (კნ. 13:1—15). რეუბენის, გადისა და მენაშეს ტომებმა თავიანთი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მალევე მიიღეს ზომები, როცა სამსხვერპლოს აგების გამო განდგომილებაში დაადანაშაულეს (იეს. 22:21—29).
ისრაელისა და იუდას მრავალი მეფე განუდგა ღმერთს, მაგალითად, საული (1სმ. 15:11; 28:6, 7), იერობოამი (1მფ. 12:28—32), ახაბი (1მფ. 16:30—33), ახაზია (1მფ. 22:51—53), იეჰორამი (2მტ. 21:6—15), ახაზი (2მტ. 28:1—4) და ამონი (2მტ. 33:22, 23). დროთა განმავლობაში მთელი ერი გაჰყვა მათ კვალს, რადგან ყურს უგდებდა განდგომილ მღვდლებს, წინასწარმეტყველებსა (იერ. 23:11, 15) და სხვა უზნეო ხალხს, რომლებმაც პირფერული, ცრუ სიტყვებით თავაშვებულობამდე და უზნეობამდე მიიყვანეს ის და „ცოცხალი წყლის წყარო, იეჰოვა“ დაატოვებინეს (ეს. 10:6; 32:6, 7; იერ. 3:1; 17:13). ესაიას 24:5-ში ნათქვამია, რომ „წაიბილწა [ხანეფაჰ] ქვეყანა მის მკვიდრთა გამო, რადგან მათ გვერდი აუარეს კანონებს, შეცვალეს წესები და დაარღვიეს მარადიული შეთანხმება“. ნაწინასწარმეტყველები განადგურების დროს იეჰოვამ არავინ შეიწყალა (ეს. 9:17; 33:11—14; სფ. 1:4—6).
რით გამოირჩევიან განდგომილები ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან?
2 თესალონიკელების 2:3-ში მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანულ კრებაში განდგომილება იჩენდა თავს. მან სახელით მოიხსენია ზოგიერთი განდგომილი, კერძოდ, ჰიმენეოსი, ალექსანდრე და ფილეტე (1ტმ. 1:19, 20; 2ტმ. 2:16—19). მოციქულებმა თავიანთ წერილებში განდგომილების არაერთი მიზეზი მოიხსენიეს: რწმენის ნაკლებობა (ებ. 3:12), დევნის დროს სიმტკიცის უქონლობა (ებ. 10:32—39), ზნეობრივი ნორმების უარყოფა (2პტ. 2:15—22), ცრუ მასწავლებელთა „ყალბი სიტყვებისა“ და „შთაგონებით წარმოთქმული მაცდური სიტყვების“ მოსმენა (2პტ. 2:1—3; 1ტმ. 4:1—3; 2ტმ. 2:16—19; შდრ. იგ. 11:9) და კანონით „მართლად აღიარების“ მცდელობა (გლ. 5:2—4). განდგომილები აცხადებენ, რომ სწამთ ღვთის სიტყვის, მაგრამ ღვთის მსახურებას იმით უგულებელყოფენ, რომ იესო ქრისტეს მიმდევრებისთვის დაკისრებულ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას უმნიშვნელოდ მიიჩნევენ (ლკ. 6:46; მთ. 24:14; 28:19, 20). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მსახურებად მოაქვთ თავი, ისინი არ აღიარებენ ღვთის წარმომადგენლებსა და მის ხილულ ორგანიზაციას (იუდ. 8, 11; რც. 16:19—21). ხშირად განდგომილები ცდილობენ, მიმდევრები გაიჩინონ (სქ. 20:30; 2პტ. 2:1, 3). ვინაიდან ისინი შეგნებულად ტოვებენ ქრისტიანულ კრებას, შეგვიძლია მათაც ანტიქრისტე ვუწოდოთ (1ინ. 2:18, 19). ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ განდგომილი ისრაელების მსგავსად განადგურება არ ასცდება მათ, ვინც ქრისტიანულ კრებას განუდგება (2პტ. 2:1; ებ. 6:4—8; იხ. საზოგადოება).
რომის იმპერიის მიერ ადრინდელი ქრისტიანული კრების დევნის დროს მდევნელთა გავლენაში მოქცეულმა ზოგმა ქრისტიანმა უარი თქვა ქრისტეს მოწაფეობაზე. რწმენის უარყოფის ნიშნად მათ წარმართული ღვთაებებისთვის საკმეველი უნდა ეკმიათ ან სახალხოდ დაეგმოთ ქრისტეს სახელი.
ცხადია, სულიერი სისუსტის შედეგად რწმენისგან ჩამოშორებასა და ჭეშმარიტებისგან განდგომას შორის დიდი განსხვავებაა. ამ უკანასკნელში იგულისხმება სიმართლის გზიდან შეგნებულად გადახვევა (1ინ. 3:4—8; 5:16, 17). რაც უნდა იყოს განდგომის მიზეზი — აზროვნება, ზნეობრივი თუ სულიერი მდგომარეობა — ეს ღვთის წინააღმდეგ წასვლისა და მისი სიტყვის უარყოფის ტოლფასია (2თს. 2:3, 4; იხ. უკანონობის კაცი).