იუდას წერილი
1 იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა,+ მოწოდებულებს,+ რომელნიც ღმერთმა, მამამ, შეიყვარა და რომელნიც იესო ქრისტესთვის არიან შემონახულნი:+
2 გულმოწყალება, მშვიდობა და სიყვარული არ მოგკლებოდეთ!
3 საყვარელნო, მთელი გულით მსურდა, იმ ხსნის შესახებ მომეწერა, რომელსაც ყველანი ვეზიარეთ,+ მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე, შემეგონებინეთ, რომ თავდაუზოგავად იბრძოლოთ რწმენისთვის, რომელიც წმინდებს ერთხელ გადაეცათ და აღარ შეიცვლება.+ 4 ეს მათ გამო გადავწყვიტე, თქვენთან რომ შემოიპარნენ; ასეთებს წმინდა წერილების თანახმად ოდითგანვე აქვთ გამოტანილი მსჯავრი. ეს უღვთო კაცები ღვთიური წყალობით ამართლებენ თავაშვებულობას*+ და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ ბატონსა და უფალს, იესო ქრისტეს.+
5 მინდა, შეგახსენოთ, რაც ისედაც იცით: მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა,+ მოსპო ურწმუნონი.+ 6 ანგელოზებიც, რომლებმაც დათმეს თავიანთი მდგომარეობა და მიატოვეს კუთვნილი სამკვიდრო,+ მან უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში შემოინახა სასამართლოს დიდი დღისთვის.+ 7 მათ მსგავსად სოდომი და გომორაც მეზობელ ქალაქებთან ერთად გარყვნილებას* მიეცნენ და არაბუნებრივ ხორციელ სურვილებს აჰყვნენ,+ რისთვისაც სამუდამოდ განადგურდნენ ცეცხლით, და გამაფრთხილებელი მაგალითი არიან ჩვენთვის.+
8 ამის მიუხედავად, ეს შემოპარულებიც ილუზიებით საზრდოობენ და ბილწავენ სხეულს, არაფრად აგდებენ ძალაუფლებას და აძაგებენ დიდებით მოსილთ.+ 9 თვით მიქაელ+ მთავარანგელოზმა,+ როცა ეშმაკს მოსეს სხეულის გამო ეკამათებოდა,+ თავს უფლება არ მისცა, მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაედო მსჯავრი,+ და მხოლოდ ის უთხრა, იეჰოვამ შეგრისხოსო.+ 10 ესენი კი აუგად საუბრობენ იმაზე, რაც არ ესმით,+ ხოლო იმით, რაც ცხოველებივით ინსტიქტურად ესმით,+ თავს იხრწნიან.
11 ვაი მათ, რადგან კაენის+ კვალს გაჰყვნენ, ჯილდოს მისაღებად ბალაამის მცდარ გზას დაადგნენ+ დასაღუპავად და კორახის+ მსგავსად უფლებამოსილთა წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ!+ 12 ისინი წყალქვეშა კლდეებივით არიან თქვენს ნადიმებზე*,+ როცა თქვენთან ერთად ილხენენ; იმ მწყემსებს ჰგვანან, რომლებიც უტიფრად მხოლოდ საკუთარ მუცელზე ფიქრობენ;+ უწყლო ღრუბლებივით არიან, რომლებსაც ქარი აქეთ-იქით დააქროლებს;+ უნაყოფო ხეებს ჰგვანან შემოდგომის მიწურულს, ორგზის გამხმარსა და საბოლოოდ ამოძირკვულს; 13 ზღვის მძვინვარე ტალღებივით არიან და თავიანთი სამარცხვინო საქმეებით აქაფებულან;+ მოხეტიალე ვარსკვლავებს ჰგვანან და მარადიული წყვდიადისთვის არიან გამზადებული.+
14 მათ შესახებ იწინასწარმეტყველა ენოქმაც,+ ადამიდან მეშვიდემ: „აი, მოვიდა იეჰოვა თავის უთვალავ წმინდასთან ერთად,+ 15 რათა მსჯავრი აღასრულოს ყველაზე და ამხილოს ყველა უღვთო მათი უღვთო საქმეების გამო,+ უღვთოობით რომ სჩადიოდნენ, და ამხილოს უღვთო ცოდვილები მის წინააღმდეგ ნათქვამი ყველა აღმაშფოთებელი სიტყვის გამო“.+
16 ეს კაცები მუდამ დრტვინავენ,+ თავიანთ ხვედრს უჩივიან, თავიანთ სურვილებს აჰყოლიან,+ მაღალფარდოვანი სიტყვებით იკვეხნიან და თან გამორჩენის მიზნით სხვებს ეპირფერებიან.+
17 თქვენ კი, საყვარელნო, გაიხსენეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მოციქულების მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები, 18 რომ გეუბნებოდნენ, ბოლო დროს გამოჩნდებიან დამცინავები, რომლებიც საკუთარი უღვთო სურვილებისამებრ მოიქცევიანო.+ 19 ესენი არიან ხორციელი ადამიანები, რომლებსაც სულიერობა არ გააჩნიათ და განხეთქილებებს იწვევენ.+ 20 თქვენ კი, საყვარელნო, განიმტკიცეთ თავი თქვენი უწმინდესი რწმენით და ილოცეთ წმინდა სულით,+ 21 რომ კვლავაც ღვთის სიყვარულის+ ღირსად ჩაითვალოთ*, ვინაიდან ელით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, გულმოწყალებას მარადიული სიცოცხლის იმედით.+ 22 კვლავაც გულმოწყალენი იყავით+ მათ მიმართ, ვინც ეჭვებს შეუპყრია.+ 23 ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით ისინი.+ სხვების მიმართაც გულმოწყალენი იყავით, ოღონდ სიფრთხილე გამოიჩინეთ და ხორციელი საქმეებით შებღალული ტანსაცმელიც კი შეიძულეთ.+
24 მას კი, ვისაც შეუძლია დაგეხმაროთ, რომ არ წაბორძიკდეთ და უმანკონი+ იდგეთ მისი დიდების წინაშე დიდი სიხარულით, 25 ერთადერთ ღმერთს, ჩვენს მხსნელს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით დიდება, სიდიადე, ძლევამოსილება და ძალაუფლება მარადიულად — წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც! ამინ!