ᲰᲔᲠᲝᲓᲔ
იუდეის მმართველთა საგვარეულო წოდებულება. ჰეროდეანელები წარმოშობით ედომელები იყვნენ იდუმეიდან. ფორმალურად ისინი იუდეველები იყვნენ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ იოსებ ფლავიუსის ცნობით დაახლოებით ძვ. წ. 125 წელს მაკაბელთა წინამძღოლმა, იოანე ჰირკანოს I-მა იდუმეელებს წინადაცვეთა აიძულა.
ჰეროდეანთა შესახებ ბიბლია ძუნწ ცნობებს გვაწვდის, მათი ვრცელი ისტორიის ნახვა იოსებ ფლავიუსის ნაშრომებში შეიძლება. ჰეროდეანთა დინასტიის მამამთავარი იყო ანტიპატრე I (ანტიპა), რომელიც ხასმონელთა (მაკაბელები) მეფემ, ალექსანდრე იანაიმ, იდუმეის გამგებლად დააყენა. ანტიპატრეს ვაჟი, აგრეთვე, ანტიპატრედ და ანტიპად წოდებული, ჰეროდე დიდის მამა იყო. ფლავიუსის ცნობით მემატიანე ნიკოლოზ დამასკელს ანტიპატრე II-ზე უთქვამს, რომ ის ბაბილონის ტყვეობიდან იუდეაში დაბრუნებული დიდგვაროვანი ებრაელების შთამომავალი იყო. ფლავიუსი იქვე დასძენს, რომ ნიკოლოზმა ეს ჰეროდეს გულის მოსაგებად თქვა. სინამდვილეში ჰეროდე დედითაც და მამითაც ედომელი იყო.
ანტიპატრე II ძალიან მდიდარი კაცი იყო. ის პოლიტიკურ ინტრიგებს ხლართავდა და თავის ვაჟებს დიდებულ მომავალს უსახავდა. ის ემხრობოდა იოანე ჰირკანოს II-ს, ალექსანდრე იანაისა და სალომეა-ალექსანდრას ვაჟს, რომელიც თავის ძმა არისტობულეს იუდეველთა მღვდელმთავრობასა და მეფობაში ეცილებოდა. ანტიპატრეს სინამდვილეში პირადი ინტერესები ამოძრავებდა. მან იმდენს მიაღწია, რომ იულიუს კეისარმა მას რომის მოქალაქეობა უბოძა და იუდეის გამგებლობა ჩააბარა. ანტიპატრემ თავისი უფროსი ვაჟი, ფაზაელი იერუსალიმის გამგებლად დააყენა, მეორე ვაჟი, ჰეროდე კი — გალილეის მხარის გამგებლად. ანტიპატრეს პოლიტიკური კარიერა მაშინ დასრულდა, როცა საწამლავით სიცოცხლეს გამოასალმეს.
1. ჰეროდე დიდი, ანტიპატრე (ანტიპა) II-ისა და კიფარისას მეორე ვაჟი. ისტორია ადასტურებს იმას, რასაც ბიბლია მოკლედ გადმოგვცემს — ეს იყო უპრინციპო, გაიძვერა, ეჭვიანი, უზნეო, სასტიკი და სისხლისმღვრელი კაცი. მას მამისგან გადაეცა დიპლომატიური ნიჭი და ნებისმიერი ვითარების თავის სასიკეთოდ გამოყენების უნარი. თუმცა, ის, ამავე დროს, კარგი ორგანიზატორი და მხედართმთავარი იყო. ფლავიუსი მას ახასიათებს, როგორც ფიზიკურად ძლიერს, კარგ მოჯირითეს, დახელოვნებულ შუბოსანსა და მშვილდოსანს („იუდეველთა ომი“, I, 429, 430 [xxi, 13], ინგლ.). ალბათ, ყველაზე კარგი, რაც მან თავის სიცოცხლეში გააკეთა, გრანდიოზული სამშენებლო პროექტების განხორციელება იყო.
თავიდან ჰეროდემ, როგორც გალილეის გამგებელმა, თავი იმით გამოიჩინა, რომ თავისი სამფლობელოდან მძარცველები მოიშორა. შურით შეპყრობილმა ზოგიერთმა იუდეველმა და დახოცილ მძარცველთა დედებმა წააქეზეს ჰირკანოს II (მაშინ მოქმედი მღვდელმთავარი), რომ ჰეროდე სინედრიონში დაებარებინა და მისთვის თვითნებურ ქმედებაში, კერძოდ, გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე მძარცველების დასჯაში დაედო ბრალი. ჰეროდე, როგორც პროზელიტი, ვალდებული იყო, სინედრიონის წინაშე წარმდგარიყო. ის ასეც მოიქცა, ოღონდ სასამართლოზე მცველების თანხლებით თამამად და უტიფრად გამოცხადდა. მისმა თავხედობამ იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს აღშფოთება გამოიწვია. ფლავიუსის გადმოცემით, ერთ-ერთმა მოსამართლემ, შემაიამ (სიმონი) გაბედა და იქ მყოფთ სიტყვით მიმართა. მისი თქმით, თუ ჰეროდეს არ დასჯიდნენ, მოვიდოდა დრო და ის თავად გაუსწორდებოდა სასამართლოში მსხდომთ. ჰირკანოსი პასიური, უნებისყოფო ადამიანი იყო. მან ადვილად დათმო პოზიცია, რადგან შეეშინდა ჰეროდესი და იმ მუქარის წერილის, რომელშიც კეისარი სექსტუსი (იულიუს კეისრის ნათესავი და იმდროინდელი სირიის პროკონსული) მისგან ჰეროდესთვის წაყენებული ბრალდების გაუქმებას მოითხოვდა („იუდეველთა სიძველენი“, წ. XIV, თ. 9, აბზ. 4).
იუდეის მეფე. მამის სიკვდილის შემდეგ, დაახლოებით ძვ. წ. 39 წელს, ჰეროდე რომის სენატმა იუდეის მეფედ დანიშნა. თუმცა დე-ფაქტო მეფობა მხოლოდ სამი წლის შემდეგ, იერუსალიმის აღებისა და ანტიგონეს, არისტობულეს ვაჟის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ მოიპოვა. გამარჯვებულმა ჰეროდემ თავისი პოზიციის გასამყარებლად ზომები მიიღო და რომაელი მარკუს ანტონიუსი ანტიგონეს მოსაკლავად დაიყოლია. თვითონვე მოძებნა ანტიგონეს უახლოესი გარემოცვა, საერთო ჯამში 45 კაცი, და ყველა მოაკვლევინა. ფარისეველ თავკაცთაგან მხოლოდ შემაია და ავტალიონი დაინდო. წლების შემდეგ მან იოანე ჰირკანოს II-ც გამოასალმა სიცოცხლეს. ასე გაუსწორდა ჰეროდე სინედრიონის წევრებს, რითაც, ფაქტობრივად, ახდა შემაიას წინასწარმეტყველება.
ჰეროდე, როგორც გაქნილი პოლიტიკოსი, ხვდებოდა, რომ მისი წარმატება რომის მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული. ის კარგი დიპლომატი უნდა ყოფილიყო და რომის ხან ერთ მმართველს უნდა მიმხრობოდა და ხან — მეორეს. როგორც სექსტუსთან დაახლოებული პირი, ჰეროდე თავდაპირველად იულიუს კეისარს უჭერდა მხარს, შემდეგ კი კეისრის მკვლელს, კასიუსს მიემხრო. მან მარკუს ანტონიუსის, კასიუსის მტრისა და კეისრის მკვლელზე შურისმაძიებლის, კეთილგანწყობა მოიპოვა, ნაწილობრივ დიდძალი ძღვნის წყალობით. მოგვიანებით, როცა ოქტავიანემ (კეისარი ავგუსტუსი) ანტონიუსი აქციუმის ბრძოლაში დაამარცხა, ჰეროდემ მყისვე მიიღო ზომები და ავგუსტუსისგან პატიება ითხოვა ანტონიუსის მხარდაჭერის გამო. მან მოახერხა ავგუსტუსთან მეგობრული კავშირის დამყარება. რომის მხარდაჭერით, დიდძალი ფულადი ძღვნითა და მოთაფლული ენით ჰეროდე ყოველთვის ახერხებდა თავის დაძვრენას, როცა ებრაელები თუ სხვები, ზოგჯერ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი, რომის ხელისუფლებასთან უჩიოდნენ.
ჰეროდე თავდაპირველად გალილეის მმართველი იყო. შემდეგ კასიუსმა ის კელე-სირიის გამგებლად დააყენა. მოგვიანებით, ანტონიუსის რეკომენდაციით რომის სენატმა ის მთელ იუდეაზე გაამეფა. იმპერატორმა ავგუსტუსმა მის სამფლობელოს სამარია, გადარა, ღაზა, იოპე, ტრაქონიტიდის, ბატანეის, აურანიტეისა და პერეის (მდინარე იორდანის აღმოსავლეთით, იქ, სადაც გალაადი იყო) მხარეებიც დაუმატა. იდუმეაც ჰეროდეს სამფლობელოში შედიოდა.
ტაძარი და სხვა სამშენებლო პროექტები. ბიბლიური თვალსაზრისით ჰეროდეს სამშენებლო პროექტებიდან ყველაზე ღირსშესანიშნავი იერუსალიმში ზერუბაბელის ტაძრის განახლება იყო. ეს პროექტი დიდძალი თანხა დაჯდა. იოსებ ფლავიუსი ჰეროდეს ტაძარს ჭეშმარიტად დიდებულს უწოდებს („იუდეველთა სიძველენი“, XV, 395, 396 [xi, 3], ინგლ.). ვიდრე ჰეროდემ სამშენებლო მასალა ტაძრის ტერიტორიაზე არ დაალაგა, მისმა მოძულე და ეჭვის თვალით შემყურე ებრაელებმა მას ტაძრის დანგრევის უფლება არ მისცეს. ფლავიუსის ცნობით ტაძრის საწმინდარი წელიწად-ნახევარში აშენდა („იუდეველთა სიძველენი“, XV, 421 [xi, 6], ინგლ.). სხვა ძირითადი ნაგებობები რვა წელიწადს შენდებოდა. მაგრამ ახ. წ. 30 წელს იუდეველებმა იესო ქრისტესთან საუბრის დროს აღნიშნეს, რომ ტაძარი 46 წელს შენდებოდა. ეს საუბარი გაიმართა იესოს ნათლობის შემდეგ პირველ პასექამდე (ინ. 2:13—20). ფლავიუსი გვამცნობს, რომ მშენებლობა ჰეროდეს მეფობის მე-18 წელს დაიწყო („იუდეველთა სიძველენი“, წ. XV, თ. 11, აბზ. 1). თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ ანგარიშობდნენ იუდეველები თავიანთი მეფეების მეფობის წლებს, მშენებლობა ძვ. წ. 18–17 წლებში უნდა დაწყებულიყო. სინამდვილეში, ტაძრის დამატებითი ნაგებობების მშენებლობა ახ. წ. 70 წელს ტაძრის განადგურებამდე ექვსი წლით ადრე დასრულდა.
ჰეროდემ, აგრეთვე, ააგო თეატრები, ამფითეატრები, იპოდრომები, ციტადელები, სიმაგრეები, სასახლეები, გააშენა ბაღები, კეისრის სახელზე ააშენა ტაძრები, გაიყვანა აკვედუკები, აღმართა ძეგლები და დააარსა ქალაქები. ამ ქალაქებს მან თავისი, თავისი ნათესავებისა და რომის იმპერატორების სახელები უწოდა. მან კესარეაში ააშენა ხელოვნური ნავსადგური, რომელიც ტოლს არ უდებდა ტვიროსის ნავსადგურს. ფლავიუსის ცნობით, უზარმაზარი ქვები წყალში 36 მეტრ სიღრმეზე ჩაალააგა და დაახლოებით 60-მეტრიანი სიგანის ზღუდე შექმნა („იუდეველთა სიძველენი“, წ. XV, თ. 9, აბზ. 6). ჰეროდემ აღადგინა ანტონიუსის კოშკი და მასადის ციხესიმაგრე, რომელიც დიდებულ ნაგებობად აქცია. მისი სამშენებლო მიღწევები ისეთ შორეულ ქალაქებსაც მისწვდა, როგორებიც იყო სირიის ანტიოქია და როდოსი (კუნძულ როდოსზე).
ჰეროდე ფულს არ ზოგავდა გართობაზე და გულუხვად ასაჩუქრებდა რომაელ წარჩინებულებს. ებრაელთა უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰეროდეს მიერ ამფითეატრების მშენებლობა იყო. მაგალითად, მან ამფითეატრი ააგო კესარეაში, სადაც ის ბერძნულ-რომაულ თამაშებს მართავდა, რაშიც შედიოდა ეტლებით რბოლა, გლადიატორთა ბრძოლები, მხეცებთან შერკინება და სხვა წარმართული თამაშობანი. ჰეროდე ოლიმპიური თამაშების ტრადიციის შესანარჩუნებლად იმდენად იყო მოწადინებული, რომ რომისკენ მიმავალი ერთხელ საბერძნეთში შეჩერდა თამაშში მონაწილეობის მისაღებად. ის დიდ თანხებს სწირავდა ამ თამაშებისთვის, რითაც, ფაქტობრივად, საკუთარ სახელსაც უკვდავყოფდა. ვინაიდან ფორმალურად ებრაელი იყო, ებრაელებს „მოძმეებს“ ეძახდა, ხოლო ბაბილონიდან ზერუბაბელის ტაძრის ასაშენებლად დაბრუნებულ ებრაელებს — „მამებს“. მას თავი იეჰოვას მსახურად მოჰქონდა, თუმცა მისი ცხოვრების წესი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებდა.
არეულობა ოჯახში. ჰეროდეანთა მთელი ოჯახი ცნობილი იყო ამბიციურობით, ეჭვიანობით, აღვირახსნილობითა და არეულობით. ჰეროდეს ყველაზე დიდ საწუხარსა და სადარდებელს საკუთარი ოჯახის წევრები უჩენდნენ. დედამისი კიფარისა და მისი და სალომეა მუდმივად ამწვავებდნენ სიტუაციას. ჰეროდეს ცოლად ჰყავდა მარიამნა (I), ჰირკანოს II-ის შვილიშვილი და არისტობულეს ვაჟის, ალექსანდრეს ასული. მარიამნა საოცრად ლამაზი ქალი იყო. ჰეროდეს ის ძალიან უყვარდა, მაგრამ ჰეროდეს დედასა და დას სძულდათ ის. ჰეროდეს ეჭვები არ ასვენებდა. ის საკუთარი ოჯახის წევრებსაც არ ენდობოდა, განსაკუთრებით თავის ვაჟებს, და ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ მის წინააღმდეგ რაღაცას გეგმავდნენ. თუმცა ზოგჯერ მისი ეჭვები მართლდებოდა. ძალაუფლების სიყვარულმა და ეჭვებმა ჰეროდე იქამდე მიიყვანა, რომ თავისი ცოლი მარიამნა და სამი ვაჟი, ცოლისძმა და ცოლის ბაბუა (ჰირკანოსი), თავისი საუკეთესო მეგობრები და ბევრი სხვა სიცოცხლეს გამოასალმა. ის წამებით აიძულებდა ხალხს იმის თქმას, რაც მის ეჭვებს გაამართლებდა.
ურთიერთობა იუდეველებთან. ჰეროდემ იუდეველთა დასაშოშმინებლად ტაძრის მშენებლობა წამოიწყო და შიმშილობის დროსაც გაუმართა ხალხს ხელი. ზოგჯერ ის თავის ქვეშევრდომთ გადასახადებსაც უმცირებდა. ავგუსტუსის მეოხებით იმასაც მიაღწია, რომ ებრაელებს სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული პრივილეგიებით ესარგებლათ. თუმცა მისი ტირანია და სისასტიკე ყველაფერს აუფასურებდა. ამიტომ თავისი მმართველობის პერიოდში ებრაელებთან მას უმეტესწილად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
ავადმყოფობა და სიკვდილი. სიცოცხლის ბოლოს ჰეროდეს, ალბათ, თავისი თავაშვებული ცხოვრების წესის გამო, საშინელი სნეულება შეეყარა, რომელსაც თან ახლდა ცხელება. ფლავიუსი მის ავადმყოფობას შემდეგნაირად აღწერს: „მთელი სხეული საშინლად ექავებოდა, ნაწლავები ეწვოდა, ფეხები თითქოსდა წყალმანკით დაუსივდა, კუჭ-ნაწლავის ანთება და სასქესო ორგანოების განგრენა დაეწყო, მატლები დაესია. ამას ასთმაც დაემატა, რის გამოც სუნთქვა ძალიან გაუძნელდა, თან კიდურები ეკრუნჩხებოდა“ („იუდეველთა ომი“, I, 656 (xxxiii, 5), ინგლ.).
სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა ჰეროდემ მის წინააღმდეგ შეთქმული საკუთარი ვაჟის, ანტიპატრეს მოკვლა ბრძანა. გარდა ამისა, იცოდა რა, რომ იუდეველებს მისი სიკვდილი გაახარებდათ, ბრძანება გასცა, ყველა ებრაელი წარჩინებული იერიხონის იპოდრომზე შეეკრიბათ და გამოემწყვდიათ. შემდეგ თავის გარემოცვას უბრძანა, მისი სიკვდილის ამბავი იქამდე არ გაეხმაურებინათ, სანამ ერთად შეკრებილ წარჩინებულებს არ ამოხოცავდნენ. მაშინ, ჰეროდეს თქმით, მისი დაკრძალვის დღეს იუდეის ყველა ოჯახი გლოვას გამართავდა. ჰეროდეს სურვილი აუსრულებელი დარჩა, რადგან მისმა დამ, სალომეამ თავისი ქმრის, ალექსის დახმარებით გაათავისუფლა წარჩინებულები და თავ-თავიანთ სახლებში დააბრუნა.
ჰეროდე დაახლოებით 70 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძით მის შემდეგ მისი ვაჟი, ანტიპა უნდა გამეფებულიყო, თუმცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჰეროდემ ანდერძი შეცვალა და ტახტი არქელაეს უანდერძა. ხალხიცა და ჯარიც მეფედ არქელაეს აღიარებდნენ (ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესოს მამობილმა, იოსებმა გაიგო, რომ „იუდეაში არქელაე მეფობდა მამამისი ჰეროდეს ნაცვლად“; მთ. 2:22), მაგრამ არქელაეს თავისი ძმა, ანტიპა დაუპირისპირდა. რომში მათი საქმის მოსმენის შემდეგ კეისარმა ავგუსტუსმა მხარი არქელაეს დაუჭირა, თუმცა მას მხოლოდ ეთნარქის ტიტული უბოძა და მამამისის, ჰეროდეს სამფლობელო, იუდეა, ნაწილებად დაყო: ნახევარი არქელაეს არგუნა, მეორე ნახევარი კი ჰეროდეს სხვა ორ ვაჟს, ანტიპასა და ფილიპეს გაუყო.
ბავშვების ხოცვა-ჟლეტა. ბიბლია გვაუწყებს, რომ ჰეროდეს ბრძანებით ბეთლემსა და მის შემოგარენში ორ წლამდე ასაკის ბავშვები დახოცეს. ჰეროდე რომ ბოროტი ზნის ადამიანი იყო, ამას ისტორიული წყაროებიც ადასტურებს. ბავშვების ხოცვა ჰეროდეს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, რადგან იესოს მშობლებმა ბავშვი ეგვიპტეში წაიყვანეს და გალილეაში მხოლოდ ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ დაბრუნდნენ. ბავშვების გაჟლეტაც და ეგვიპტეში გაქცევაც იეჰოვამ იერემიასა და ოსიას აწინასწარმეტყველებინა (მთ. 2:1—23 იერ. 31:15; ოს. 11:1).
გარდაცვალების თარიღი. ჰეროდეს გარდაცვალების თარიღის დადგენა სირთულეს წარმოადგენს. ზოგი ისტორიკოსი თვლის, რომ ის ძვ. წ. 5-4 წლებში გარდაიცვალა. მათი გამოთვლები ძირითადად იოსებ ფლავიუსის ისტორიულ წყაროებს ეფუძნება. ფლავიუსი რომაელების მიერ ჰეროდეს გამეფების თარიღის გამოსათვლელად რომის ზოგიერთი კონსულის მმართველობის წლების მიხედვით ითვლის. ამ გამოთვლით ჰეროდე ძვ. წ. 40 წელს გამეფდა, თუმცა მემატიანე აპიანე მისი გამეფების თარიღად ძვ. წ. 39 წელს ასახელებს. იმავე მეთოდით, კერძოდ, კონსულების მმართველობის წლების მიხედვით, ფლავიუსი ჰეროდეს მიერ იერუსალიმის აღების თარიღად ძვ. წ. 37 წელს ასახელებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს მოხდა პომპეუსის მიერ იერუსალიმის დაპყრობიდან (ძვ. .წ. 63 წ.) 27 წლის შემდეგ („იუდეველთა სიძველენი“, XIV, 487, 488 [xvi, 4], ინგლ.), რაც იმას ნიშნავს, რომ ჰეროდემ იერუსალიმი ძვ. წ. 36 წელს აიღო. ფლავიუსი ამბობს, რომ ჰეროდე რომის მიერ გამეფებიდან 37 წლის შემდეგ და იერუსალიმის აღებიდან 34 წლის შემდეგ გარდაიცვალა („იუდეველთა სიძველენი“, XVII, 190, 191 [viii, 1], ინგლ.). აქედან გამომდინარე, ის, სავარაუდოდ, ძვ. წ. 2–1 წელს გარდაიცვალა.
სავსებით შესაძლებელია, რომ ფლავიუსი, როგორც ებრაელი ისტორიკოსი, იუდეის მეფეთა აღზევების წლებს ახალი კალენდარული წლიდან ანგარიშობდა, როგორც ეს დავითის სამეფო დინასტიის მეფეების შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე. თუ რომმა ჰეროდე ძვ. წ. 40 წელს გაამეფა, მისი მეფობის პირველი წელი გამოდის ძვ. წ. 39 წლის ნისანიდან ძვ. წ. 38 წლის ნისანამდე, ხოლო თუ მისი გამეფების წლად ძვ. წ. 37 წელს (ან 36) ჩავთვლით, როცა მან იერუსალიმი აიღო, მისი მეფობის პირველი წელი ძვ. წ. 36 (ან 35) წლის ნისანიდან უნდა დაწყებულიყო. თუ, როგორც ფლავიუსი ამბობს, ჰეროდე რომის მიერ მისი გამეფებიდან 37 წლის გასვლის შემდეგ და იერუსალიმის აღებიდან 34 წლის შემდეგ მოკვდა, და თუ ორივე შემთხვევაში მისი მეფობის წლების ათვლა ახალი კალენდარული წლის მიხედვით მოხდა, მაშინ ჰეროდე ძვ. წ. 1 წელს უნდა მომკვდარიყო. მსგავსი არგუმენტები მოჰყავს ერთ-ერთ თეოლოგიურ ნაშრომში უ. ფილმერს, სადაც ის აღნიშნავს, რომ იუდაური ტრადიციის თანახმად ჰეროდე გარდაიცვალა 2 შებატს (ჩვენი კალენდრით იანვარ-თებერვალი) (The Journal of Theological Studies, ჰ. ჩადვიკისა და ჰ. სპარკზის რედაქციით, ოქსფორდი, 1966, ტ. XVII, გვ. 284).
ფლავიუსი გვამცნობს, რომ ჰეროდე მთვარის დაბნელებიდან მალევე, პასექის დადგომამდე გარდაიცვალა („იუდეველთა სიძველენი“, XVII, 167 [vi, 4]; 213 [ix, 3], ინგლ.). ვინაიდან მთვარის დაბნელება ძვ. წ. 4 წლის 11 მარტს (იულიუსის კალენდრით 13 მარტს) მოხდა, ზოგმა დაასკვნა, რომ ფლავიუსი სწორედ ამ დაბნელებას გულისხმობდა.
აღსანიშნავია, რომ ძვ. წ. 4 წლის დაბნელება ნაწილობრივი იყო, სრული დაბნელება კი ძვ. წ. 1-ლ წელს მოხდა, პასექამდე სამი თვით ადრე. ძვ. წ. 1-ლი წლის სრული დაბნელება 8 იანვარს (იულიუსის კალენდრით 10 იანვარი), 2 შებატამდე, ჰეროდეს სიკვდილის ტრადიციულად მიჩნეულ თარიღამდე 18 დღით ადრე შეინიშნა. მთვარის კიდევ ერთი, ნაწილობრივი დაბნელება ძვ. წ. 1-ლი წლის 27 დეკემბერს (იულიუსის კალენდრით 29 დეკემბერი) დაფიქსირდა (იხ. ᲥᲠᲝᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ [მთვარის დაბნელების შემთხვევები]).
ჰეროდეს სიკვდილის თარიღის გამოთვლა გარდაცვალების დროს მისი ასაკის მიხედვითაც შეიძლება. ფლავიუსის თქმით ის დაახლოებით 70 წლის ასაკში მოკვდა. მისივე ცნობით, ჰეროდე გალილეის მმართველი (ზოგადად მიჩნეულია ძვ. წ. 47 წ.) 15 წლის ასაკში გახდა, რაც მეცნიერების აზრით შეცდომაა და წესით 25 წელი უნდა იგულისხმებოდეს („იუდეველთა სიძველენი“, XVII, 148 [vi, 1], ინგლ.; წ. XIV, თ. 9, აბზ. 2). აქედან გამომდინარე, ჰეროდე ძვ. წ. 2-1 წწ.-ში უნდა მომკვდარიყო. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფლავიუსის მიერ მოყვანილი თარიღები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა და, შესაბამისად, არცთუ ისეთი სანდო. ჰეროდეს სიკვდილის თარიღის დასადგენად ყველაზე სანდო წყაროს მაინც ბიბლია წარმოადგენს.
არსებული ფაქტების საფუძველზე ჰეროდე, სავარაუდოდ, ძვ. წ. 1-ლ წელს მოკვდა. ერთ-ერთი სახარების ავტორი და ჟამთააღმწერელი, ლუკა გვამცნობს, რომ იოანე ნათლისმცემელმა ხალხის მონათვლა კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წელს დაიწყო (ლკ. 3:1—3). ავგუსტუსი ახ. წ. 14 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. 15 სექტემბერს რომის სენატმა იმპერატორად ტიბერიუსი გამოაცხადა. რომაელები იმპერატორთა მმართველობის წლებს უშუალოდ მათი ტახტზე ასვლის დღიდან ანგარიშობდნენ. შესაბამისად მე-15 წელი დაიწყებოდა ახ. წ. 28 წლის მეორე ნახევრიდან და გაგრძელდებოდა 29 წლის მეორე ნახევრამდე. იესოზე ექვსი თვით უფროსი იოანე, როგორც იესოს წინამორბედი და მისთვის გზის მომამზადებელი, მსახურებას იესოზე ადრე შეუდგა (სავარაუდოდ იმ წლის გაზაფხულზე) (ლკ. 1:35, 36). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესო შემოდგომაზე დაიბადა და დაახლოებით 30 წლისა იყო, როცა იოანესთან მოსანათლავად მივიდა (ლკ. 3:21—23). აქედან გამომდინარე, ის ახ. წ. 29 წელს, სავარაუდოდ, ოქტომბერში მოინათლა. თუ აქედან 30 წელს უკან გადავითვლით, მივიღებთ ძვ. წ. 2 წელს. ეს არის ის დრო, როცა ღვთის ძე დაიბადა (ლკ. 3:1, 23 შდრ. დნ. 9:24—27-თან; იხ. ᲡᲐᲛᲝᲪᲓᲐᲐᲗᲘ ᲙᲕᲘᲠᲐ).
იესოს სანახავად მისული ასტროლოგები. მოციქულ მათეს ცნობით, როცა იესო ბეთლემში „მეფე ჰეროდეს დროს“ დაიბადა, აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები მოვიდნენ და ამბობდნენ, რომ აღმოსავლეთში მისი ვარსკვლავი დაინახეს. ჰეროდე შეშინდა და დაეჭვდა. მან უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან გაიგო ქრისტეს დაბადების ზუსტი ადგილსამყოფელი, შემდეგ ასტროლოგები მოიხმო და ვარსკვლავის გამოჩენის დრო დააზუსტა (მთ. 2:1—7).
აღსანიშნავია, რომ ასტროლოგები იესოს სანახავად მისი დაბადებიდან გარკვეული დროის შემდეგ მივიდნენ, რადგან იქ მისულებს იესო ბაგაში მწოლიარე არ დახვედრიათ. ის მშობლებთან ერთად სახლში იყო (მთ. 2:11; შდრ. ლკ. 2:4—7). ასტროლოგები უკან სხვა გზით გაბრუნდნენ ისე, რომ ჰეროდესთვის არაფერი შეუტყობინებიათ ბავშვის შესახებ. მაშინ ჰეროდემ ბრძანა ბეთლემსა და მის შემოგარენში ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი დაეხოცათ. ამასობაში იესოს მშობლებმა ღვთის გაფრთხილებით ბავშვთან ერთად ეგვიპტეს შეაფარეს თავი (მთ. 2:12—18). ჰეროდე, წესით ძვ. წ. 1-ლ წლამდე არ უნდა მომკვდარიყო, ვინაიდან იესო (დაიბადა დაახლ. ძვ. წ. 2 წლის 1-ლ ოქტომბერს) მაშინ სამი თვისაც არ იქნებოდა.
მეორე მხრივ, როცა ბავშვები დახოცეს იესო შეიძლება არც ორი წლისა იყო და არც ერთი წლისა, რადგან ჰეროდემ ბავშვების ასაკი იმის მიხედვით გამოთვალა, თუ როდის იხილეს ასტროლოგებმა ვარსკვლავი აღმოსავლეთში (მთ. 2:1, 2, 7—9). მას შემდეგ რამდენიმე თვე იქნებოდა გასული, რადგან თუ ასტროლოგები ასტროლოგიის უძველესი კერიდან, ბაბილონიდან ანუ შუამდინარეთიდან იყვნენ წამოსული, რაც დიდი ალბათობაა, რომ ასე იყო, მათ დიდი გზის გავლა მოუწევდათ. ძვ. წ. 537 წელს ებრაელებს, სულ მცირე, ოთხი თვე დასჭირდათ ბაბილონიდან სამშობლოში დასაბრუნებლად. ჰეროდე, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ თუ ორ წლამდე ბავშვებს დახოცავდა, გზიდან ჩამოიცილებდა მომავალ „იუდეველთა მეფეს“ (მთ. 2:2). ჰეროდე ამ მოვლენებიდან მალევე გარდაიცვალა, რადგან იესო, როგორც ჩანს, ეგვიპტეში დიდხანს არ დარჩენილა (მთ. 2:19—21).
ასე რომ, ბიბლიური ქრონოლოგიის, ასტრონომიული მონაცემებისა და ხელთ არსებული ისტორიული წყაროების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჰეროდე გარდაიცვალა ძვ. წ. 1 წელს ან, შესაძლოა ახ. წ. 1 წლის დასაწყისში.
2. ჰეროდე ანტიპა. ჰეროდე დიდისა და სამარიელი მალთაკიას ვაჟი. ის თავის ძმასთან, არქელაესთან ერთად რომში გაიზარდა. ჰეროდეს ანდერძით მემკვიდრე ანტიპა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ჰეროდემ ანდერძი შეცვალა და თავის მემკვიდრედ არქელაე დაასახელა. ანტიპამ ანდერძი კეისარ ავგუსტუსთან გაასაჩივრა, რომელმაც მხარი არქელაეს დაუჭირა, თუმცა ჰეროდეს სამეფო გაყო და ანტიპას გალილეისა და პერეის ტეტრარქია უბოძა. სახელწოდება „ტეტრარქი“ (პროვინციის მეოთხედი ნაწილის მმართველი) მცირე ტერიტორიული ერთეულის მმართველის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. თუმცა ანტიპა, როგორც არქელაე, მეფედ იწოდებოდა (მთ. 14:9; მრ. 6:14, 22, 25—27).
ანტიპამ ცოლად შეირთო ნაბატეველთა (ნაბატეის დედაქალაქი იყო პეტრა) მეფის, ჰარიტატის ასული. ერთხელ რომისკენ მიმავალი ანტიპა ეწვია თავის ნახევარძმას, ფილიპეს, ჰეროდე დიდისა და მარიამნა II-ის ვაჟს (არა ტეტრარქი ფილიპე). მას შეუყვარდა ფილიპეს ამბიციური ცოლი ჰეროდია, რომელიც თავისთან გალილეაში წაიყვანა და მასზე იქორწინა, ხოლო ჰარიტატის ასულს გაეყარა და მამასთან დააბრუნა. შეურაცხყოფილმა ჰარიტატმა ანტიპას ომი გამოუცხადა. ის შეიჭრა ანტიპას სამფლობელოში და დიდი ზარალი მიაყენა. ესეც არ იკმარა და ლამის ტახტიც დააკარგვინა. ანტიპამ დახმარებისთვის რომს მიმართა. იმპერატორმა ჰარიტატის შეპყრობის ან მოკვლის ბრძანება გასცა.
ანტიპამ ავგუსტუსის მემკვიდრის, ტიბერიუს კეისრის დიდი კეთილგანწყობა მოიპოვა. ანტიპაც მამამისივით მშენებელი იყო, თუმცა მას ბევრად ჩამოუვარდებოდა. ანტიპამ გენესარეთის ტბასთან (გალილეის ზღვა, იგივე ტიბერიადა) ქალაქი ააშენა და იმპერატორის პატივსაცემად ტიბერიადა უწოდა (ინ. 6:1, 23). კიდევ ერთ ქალაქს მან ავგუსტუსის ცოლის, იულიას (ცნობილია ლივიას სახელით) პატივსაცემად იულიასი უწოდა. მან, აგრეთვე, ააშენა ციხესიმაგრეები, სასახლეები და თეატრები.
იოანე ნათლისმცემლის მკვლელი. ჰეროდე ანტიპამ ჰეროდიასთან მრუშობის გამო იოანე ნათლისმცემლისგან გაკიცხვა დაიმსახურა. იოანეს ჰქონდა უფლება, გაეკიცხა ანტიპა, რადგან ანტიპა ფორმალურად იუდეველი იყო და მოსეს კანონს ექვემდებარებოდა. ანტიპამ იოანე ციხეში ჩაასმევინა მისი მოკვლის მიზნით, თუმცა ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. ანტიპას დაბადების დღეზე ჰეროდიას ქალიშვილმა ისე აამა თავისი ცეკვით ანტიპას, რომ ამ უკანასკნელმა ფიცით აღუთქვა ნებისმიერი სურვილის შესრულება. ჰეროდიასგან დარიგებულმა ქალიშვილმა იოანეს თავი მოითხოვა. ჰეროდე ცოტა არ იყოს შეწუხდა, თუმცა ფიცი, რომ არ გაეტეხა და მოპატიჟებულთა წინაშე თავი არ შეერცხვინა, ჰეროდიას ქალიშვილს სურვილი შეუსრულა (მოსეს კანონით უკანონო ქმედების, მაგალითად მკვლელობის, განსახორციელებლად დადებული ფიცის გატეხვა ებრაელს დანაშაულში არ ჩაეთვლებოდა) (მთ. 14:3—12; მრ. 6:17—29).
როცა ანტიპამ იესოს ქადაგების, ხალხის განკურნებისა და მათგან დემონების განდევნის შესახებ შეიტყო, შეეშინდა, რადგან იესო მკვდრეთით აღმდგარ იოანედ მიიჩნია. ანტიპამ იესოს ნახვა მოიწადინა, მაგრამ არა მისი ქადაგების მოსასმენად, არამედ იმის გასარკვევად, იყო თუ არა ის მკვდრეთით აღმდგარი იოანე (მთ. 14:1, 2; მრ. 6:14—16; ლკ. 9:7—9).
სავარაუდოდ, მაშინ, როცა იესო პერეას გავლით იერუსალიმში მიდიოდა, ფარისევლებმა უთხრეს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, ჰეროდე მოკვლას გიპირებს“. იესოს მოკვლის შესახებ ხმები შესაძლოა თავად ჰეროდემ დაყარა იმ იმედით, რომ იესოს შეეშინდებოდა და მის სამფლობელოს გაეცლებოდა, რადგან თვითონ ჰეროდეს, ალბათ, გამბედაობა არ ჰყოფნიდა საიმისოდ, რომ ღვთის წინასწარმეტყველზე ხელი აღემართა. იესო მიუხვდა ჰეროდეს ეშმაკობას და ფარისევლებთან საუბრის დროს მას „მელა“ უწოდა (ლკ. 13:31—33).
„ჰეროდეს საფუარი“. ჰეროდე ანტიპას მმართველობის დროს იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“ (მრ. 8:15). ფარისევლებიცა და ჰეროდეს მომხრეებიც იესო ქრისტესა და მის სწავლებებს ეწინააღმდეგებოდნენ. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს მტრობდა, თუმცა ორივე საერთო მტრად თვლიდა ქრისტეს. ჰეროდეს მიმდევართა დაჯგუფება უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე რელიგიური. ისინი ამბობდნენ, რომ მოსეს კანონის დამცველები იყვნენ, თუმცა ცუდს ვერაფერს ხედავდნენ იმაში, თუ იუდეველები თავიანთ მეფედ უცხოტომელს (ჰეროდეანელები იდუმეელები იყვნენ და არა იუდეველები) აღიარებდნენ. ჰეროდეს მიმდევრები უაღრესად ნაციონალისტურები იყვნენ. ისინი არც ებრაელი მეფეების თეოკრატიულ მმართველობას ცნობდნენ და არც რომის მმართველობას. მათ სურდათ, აღედგინათ ერთიანი ეროვნული სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ჰეროდეს ერთ-ერთი შთამომავალი ჩაუდგებოდა.
მათი ნაციონალისტური სულისკვეთება, ანუ „საფუარი“, კარგად გამომჟღავნდა, როცა სიტყვაში გამოჭერის მიზნით მათ და ფარისევლებმა იესოს ჰკითხეს: „ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის? გადავიხადოთ თუ არა?“ (მრ. 12:13—15). იესომ მათ „ფარისევლები“ უწოდა და აგრძნობინა, რომ კარგად უწყოდა, რა იყო მათი „საფუარი“. თავისი პასუხით მან, ფაქტობრივად, განაიარაღა ისინი, რადგან ვეღარც ამბოხებაში დაადანაშაულებდნენ მას და ვეღარც ხალხს აუმხედრებდნენ (მთ. 22:15—22).
აბუჩად იგდებს იესოს. დედამიწაზე ყოფნის ბოლო დღეს იესო პონტიუს პილატესთან მიიყვანეს. როცა გაიგო, რომ იესო გალილეელი იყო, პილატემ ის ჰეროდე ანტიპასთან, გალილეის ტეტრარქთან (მაშინ ის იერუსალიმში იყო) გაგზავნა, რადგან პილატესა და გალილეელებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო (ლკ. 13:1; 23:1—7). იესოს დანახვამ ჰეროდე ძალიან გაახარა, მაგრამ იმიტომ არა, რომ მას იესოს ბედი აღელვებდა ან მღვდლებისა და მწიგნობრების მიერ წაყენებულ ბრალდებებში გარკვევა სურდა. ჰეროდე იმედოვნებდა, რომ იესო მისთვის რაიმე ნიშანს მოახდენდა. იესომ ჰეროდეს უარი უთხრა ნიშანზე და არაფერს პასუხობდა, როცა „ის ბევრ რამეს ეკითხებოდა“. იესომ იცოდა, რომ ის ჰეროდესთან სასეიროდ მიიყვანეს. ჰეროდემ ვერ მიიღო ის, რაც უნდოდა და იესოს დამცირება და მასხრად აგდება დაუწყო — ბრჭყვიალა ტანსაცმელი ჩააცვა — და ისევ პილატესთან გაუშვა, რადგან პილატე, როგორც რომის წარმომადგენელი, უზენაესი უფლებით იყო აღჭურვილი. ამ შემთხვევამდე პილატე და ჰეროდე ერთმანეთის მტრები იყვნენ, შესაძლოა იმ ბრალდებების გამო, რომელებიც ჰეროდემ პილატეს მანამდე წაუყენა. პილატეს თავდაპირველი ჟესტი ჰეროდეს ძალზე ეამა და ისინი დამეგობრდნენ (ლკ. 23:8—12).
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღესასწაულის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, რომ პეტრე და იოანე საპატიმროდან გამოუშვეს. მაშინ ერთად შეკრებილმა მოწაფეებმა ლოცვაში ღმერთს უთხრეს: „ჰეროდე [ანტიპა] და პონტიუს პილატე უცხოტომელებსა და ისრაელებთან ერთად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმინდა მსახურის, იესოს, შენი ცხებულის წინააღმდეგ … ახლა კი, იეჰოვა, დაინახე მათი მუქარა და ძალა მიეცი შენს მონებს, შენი სიტყვა მთელი გამბედაობით ილაპარაკონ“ (სქ. 4:23, 27—29).
საქმეების 13:1-ში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთ ქრისტიანს, მანაენს, განათლება გამგებელ ჰეროდესთან ერთად ჰქონდა მიღებული. ვინაიდან ანტიპა რომში ვინმე რიგით მოქალაქესთან ერთად იზრდებოდა, მანაენიც, ალბათ, რომში სწავლობდა.
გალიაში გადასახლებული. როდესაც კეისარმა გაიუსმა (კალიგულა) ფილიპეს ტეტრარქია აგრიპა I-ს ჩააბარა, ანტიპას ცოლმა, ჰეროდიამ თავის ქმარს გაკიცხვა დაუწყო იმის გამო, რომ თავისი უნიათობით ხელიდან გაუშვა მეფობა. ის ანტიპას უკიჟინებდა, რომ ვინაიდან, უკვე ტეტრარქი იყო, აგრიპას კი მანამდე არანაირი თანამდებობა არ ეკავა, რომში წასულიყო და კეისრისგან მეფობა გამოეთხოვა. ხანგრძლივი კიჟინის შემდეგ ანტიპა ცოლის ნებას დაჰყვა და რომს გაემგზავრა. მისი ამბიციური სათხოვრითა და ანტიპას წინააღმდეგ აგრიპას ბრალდებებით განრისხებულმა კალიგულამ ანტიპა გალიაში (თანამედროვე ლიონი, საფრანგეთი) გადაასახლა; ის საბოლოოდ ესპანეთში აღესრულა. ჰეროდიას, როგორც აგრიპას დას, შეეძლო სასჯელისგან თავის დაღწევა, მაგრამ სიამაყემ უფლება არ მისცა ქმარი მიეტოვებინა. ანტიპას გადასახლების შემდეგ მისი ტეტრარქია, ავლა-დიდება, აგრეთვე, ჰეროდიას მამულები, აგრიპა I-ის ხელში გადავიდა. ასე გახდა ჰეროდია ანტიპას ორ დიდ უბედურებაში დამნაშავე — ჯერ იყო და მისი მიზეზით ანტიპა ძლივს გადაურჩა მეფე ჰარიტატს და მერე, მას საკუთარი ქვეყანა დაატოვებინეს.
3. ჰეროდე აგრიპა I. ჰეროდე დიდის შვილიშვილი. არისტობულეს (ჰეროდე დიდისა და მღვდელმთავარ ჰირკანოს II-ის შვილიშვილის, მარიამნა I-ის ვაჟი) ვაჟი. არისტობულე ჰეროდე დიდმა მოაკვლევინა. აგრიპა ჰეროდეანთა დინასტიის უკანასკნელი მეფე იყო, რომელიც ბაბუამისივით მთელ პალესტინაზე მეფობდა.
აგრიპა ახალგაზრდობაში. აგრიპამ „მეფე ჰეროდეს“ ტიტული რიგი პოლიტიკური მანევრებითა და რომში მყოფი მეგობრების დახმარებით მოიპოვა (სქ. 12:1). მან განათლება რომში მიიღო იმპერატორ ტიბერიუსის ვაჟ დრუზუსთან და ძმისშვილ კლავდიუსთან ერთად და, ამგვარად, საიმპერატორო წრეებში ცნობილი ფიგურა გახდა. ის უზომოდ მფლანგველი და თავზეხელაღებული კაცი იყო. ვალებში ჩავარდნილი აგრიპა, რომელსაც რომის ხაზინის ფულიც კი ემართა, რომიდან იდუმეაში გაიქცა. ბოლოს თავისი დის, ჰეროდიასა და ცოლის კიფარისას (ჰეროდე დიდის ძმისშვილისა და ჰეროდე დიდის ქალიშვილის ასული) დახმარებით ის დროებით ტიბერიაში დასახლდა. აგრიპას უთანხმოება მოუვიდა ანტიპასთან, რის გამოც იქაურობა დატოვა. საბოლოოდ აგრიპა ისევ რომში აღმოჩნდა კეისარ ტიბერიუსის მფარველობის ქვეშ.
ერთხელ ერთი დაუფიქრებელი ნათქვამით აგრიპამ იმპერატორ ტიბერიუსთან ურთიერთობა გაიფუჭა. შეუფერებელ გარემოებაში მან თავის მეგობარ გაიუსს (კალიგულა) უთხრა, რომ საიმპერატორო ტახტზე მის ნახვას ისურვებდა. აგრიპას ნათქვამი მისმა მსახურმა გაიგონა, რაც საბოლოოდ ტიბერიუსის ყურამდე მივიდა. ტიბერიუსმა აგრიპა დააპატიმრა. მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, თუმცა რამდენიმე თვეში ტიბერიუსი გარდაიცვალა და მისი ადგილი კალიგულამ დაიკავა. კალიგულამ აგრიპა ციხიდან გაათავისუფლა და იმ ტერიტორიებზე გაამეფა, რომლებსაც აგრიპას განსვენებული ბიძა, ფილიპე მართავდა.
რომის იმპერატორთა ფავორიტი. საკუთარი ძმის შურით შეპყრობილმა ჰეროდიამ თავისი ქმარი, ტეტრარქი ჰეროდე ანტიპა დაარწმუნა, რომის ახალი იმპერატორისგან მეფობა გამოეთხოვა. მაგრამ ამჯერად აგრიპამ ჭკუით აჯობა ანტიპას. მან გაიუსის (კალიგულა) წინაშე ბრალი დასდო ანტიპას, თითქოს ის ტიბერიუსის მოსაკლავად შეთქმულებაში მონაწილე სეიანესა და პართელებთან იყო შეამხანაგებული. ანტიპამ ამ ბრალდებების გაბათილება ვერ შეძლო, რის გამოც ის გადაასახლეს. ანტიპას სამფლობელოები — გალილეა და პერეა — აგრიპას სამფლობელოებს შეუერთდა. იოსებ ფლავიუსი ერთგან აღნიშნავს, რომ აგრიპას ეს სამფლობელოები კალიგულამ გადასცა, ორ სხვა ადგილას კი ამბობს, რომ ეს კლავდიუსმა გააკეთა. როგორც ჩანს, კალიგულამ აღუთქვა ეს სამფლობელოები აგრიპას, ხოლო კლავდიუსმა ეს დაპირება სისრულეში მოიყვანა.
როცა კალიგულა მოკლეს (მეცნიერთა აზრით ახ. წ. 41 წ.), აგრიპა რომში იმყოფებოდა. მან შუამავლის როლი ითამაშა სენატსა და თავის მეგობარ, მომავალ იმპერატორ კლავდიუსს შორის. კლავდიუსმა მადლიერების ნიშნად აგრიპას იუდეა და სამარია, აგრეთვე, ლისანიას სამეფო უბოძა. ამგვარად, აგრიპა თითქმის იმავე სამფლობელოს ბატონ-პატრონი გახდა, რომელსაც ბაბუამისი, ჰეროდე დიდი განაგებდა. აგრიპას თხოვნით კლავდიუსმა ხალკისის სამეფო მის ძმას, ჰეროდეს უბოძა (ისტორიულ წყაროებში ამ ჰეროდეს ხალკისის მეფე ეწოდება. ხალკისი ანტილიბანის დასავლეთ ფერდობზე მდებარე მცირე ტერიტორია იყო).
ებრაელების მომხრობა და ქრისტიანების დევნა. აგრიპას იუდაიზმის თავგამოდებულ დამცველად მოჰქონდა თავი და ასე ცდილობდა იუდეველთა გულის მოგებას. როცა ღმერთობის მოსურნე კალიგულამ იერუსალიმის ტაძარში თავისი ქანდაკების აღმართვა მოიწადინა, აგრიპამ მას ამ განზრახვაზე მსწრაფლ ააღებინა ხელი. მოგვიანებით აგრიპა იერუსალიმის ჩრდილოეთით გალავნის მშენებლობას შეუდგა. კლავდიუსმა ჩათვალა, რომ აგრიპა ქალაქს რომის პოტენციური თავდასხმისგან თავდასაცავად ამაგრებდა, ამიტომ იმპერატორმა მას მშენებლობის შეწყვეტა უბრძანა. აგრიპას თავი ღვთის თაყვანისმცემლად მოჰქონდა, მაგრამ ამავე დროს ცირკის არენაზე გლადიატორთა ორთაბრძოლებსა თუ სხვა წარმართულ სანახაობებს მართავდა.
ებრაელები აგრიპას სწყალობდნენ, რადგან ბებიამისი მარიამნას ხაზით ხასმონელი იყო. ერთი მხრივ, ის რომაელთა უღელქვეშ მყოფ ებრაელთა ქომაგი იყო, მეორე მხრივ, ქრისტიანთა დაუნდობელი მდევნელი. ქრისტიანები მოძულებული იყვნენ იუდაიზმის დამცველი ებრაელების მიერ. აგრიპამ „მახვილით მოკლა იაკობი, იოანეს ძმა“ (სქ. 12:1, 2). როცა დაინახა, რომ ამით იუდეველებს ასიამოვნა, პეტრეც დააპატიმრა. ანგელოზმა პეტრე საპყრობილიდან გაათავისუფლა, რასაც დიდი ჩოჩქოლი მოჰყვა აგრიპას ჯარისკაცებს შორის. აგრიპამ პეტრეს მცველები დაასჯევინა (სქ. 12:3—19).
ღვთის ანგელოზის მიერ მოვლენილი სასჯელი. აგრიპას მმართველობას უეცრად დაესვა წერტილი. კესარეაში კეისრის პატივსაცემად მოწყობილი ზეიმისთვის აგრიპა სამეფო სამოსლით შეიმოსა. მან სიტყვით მიმართა შეკრებილ ტვიროსელებსა და სიდონელებს, რომლებიც მასთან მშვიდობას ითხოვდნენ. შეკრებილნი გაიძახოდნენ: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“. ბიბლია აღგვიწერს, როგორ დაისაჯა მოულოდნელად ეს გამოუსწორებელი თვალთმაქცი: „უცბად ის იეჰოვას ანგელოზმა დასცა, რადგან დიდება არ მიაგო ღმერთს და მატლებისგან შეჭმული მოკვდა“ (სქ. 12:20—23).
ისტორიკოსები თვლიან, რომ მეფე ჰეროდე აგრიპა I ახ. წ. 44 წელს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუდეაში სამწლიანი მეფობის თავზე. მას დარჩა ვაჟი ჰეროდე აგრიპა II და ქალიშვილები — ბერნიკე (სქ. 25:13), დრუზილა — გამგებელ ფელიქსის ცოლი, და მარიამნა III (სქ. 24:24).
4. ჰეროდე აგრიპა II. ჰეროდე დიდის შვილთაშვილი; ჰეროდე აგრიპა I-ისა და კიფარისას ვაჟი. ისტორიკოსები მას ჰეროდეანთა დინასტიის უკანასკნელ მმართველად მიიჩნევენ. აგრიპას სამი და ჰყავდა: ბერნიკე, დრუზილა და მარიამნა III (სქ. 25:13; 24:24). ის რომში, იმპერატორის კარზე აღიზარდა. 17 წლისა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. იმპერატორ კლავდიუსის მრჩევლებმა ის საკმაოდ ახალგაზრდად მიიჩნიეს საიმისოდ, რომ მამამისის სამფლობელოები ემართა, ამიტომ კლავდიუსმა აგრიპას სამფლობელო გამგებლებს ჩააბარა. მოგვიანებით, ბიძამისის, ჰეროდეს (ხალკისის მეფე) გარდაცვალების შემდეგ, აგრიპა ანტილიბანის დასავლეთ ფერდობზე მდებარე ხალკისის მცირე სამეფოზე გაამეფეს.
მალე კლავდიუსმა აგრიპას საბრძანებელს ფილიპესა და ლისანიას ყოფილი ტეტრარქიებიც შემატა (ლკ. 3:1). აგრიპას იერუსალიმის ტაძრის მეთვალყურეობაც დაევალა და მღვდელმთავრის დანიშვნის უფლებამოსილებაც მიენიჭა. მისი სამფლობელო კიდევ უფრო გააფართოვა კლავდიუსის შემდეგ გამეფებულმა ნერონმა. მან აგრიპას უბოძა ტიბერიადა და ტარიხეა გალილეაში და იულიასი პერეაში თავისი მიმდებარე ქალაქებით.
გავიდა დრო და აგრიპა იერუსალიმში ხასმონელ მეფეთა მიერ აშენებული სასახლის გაფართოებას შეუდგა. ვინაიდან მისი აშენებული სასახლიდან ხელისგულივით ჩანდა ტაძრის ეზო, იუდეველებმა კედელი აღმართეს და აგრიპასა და რომაელ გუშაგებს თვალთვალის საშუალება მოუსპეს. ამან ჰეროდე და ფესტუსი აღაშფოთა, მაგრამ იუდეველთა თხოვნით იმპერატორმა ნერონმა კედელი ხელუხლებლად დატოვა. აგრიპამ გაალამაზა ფილიპეს კესარეა, რომელსაც ნერონის პატივსაცემად ნერონიასი უწოდა. აგრიპამ მამამისივით მშენებლობას მიჰყო ხელი და ფინიკიის ბერიტოსში თეატრი ააგო. იქ სანახაობების მოსაწყობად ის დიდძალ თანხას ხარჯავდა.
ხალხში ხმა დადიოდა, რომ აგრიპა სისხლის აღრევაში იყო დამნაშავე თავის დასთან ბერენიკესთან, რომელმაც თავისი ქმარი, კილიკიის მეფე მიატოვა („იუდეველთა სიძველენი“, იოსებ ფლავიუსი, XX, 145, 146 [vii, 3], ინგლ.). ფლავიუსი არაფერს გვატყობინებს იმის თაობაზე, იყო თუ არა აგრიპა დაქორწინებული.
როცა ნათელი გახდა, რომ იუდეველთა აჯანყება რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ (ახ. წ. 66—70 წწ.) ებრაელი ერისთვის ფრიად სავალალოდ დასრულდებოდა, აგრიპა შეეცადა ხალხის დარწმუნებას იმაში, რომ ნაკლებად რადიკალური კურსი აერჩიათ, მაგრამ მისი რჩევა ყურად არ იღეს; მაშინ აგრიპამ ზურგი აქცია იუდეველებს და რომაელთა ჯარს შეუერთდა. ბრძოლის დროს ის შურდულის ქვით დაიჭრა.
პავლე თავს იცავს აგრიპას წინაშე. მეფე ჰეროდე აგრიპა II და მისი და ბერნიკე პირველად ბიბლიის იმ სიუჟეტში გვევლინებიან, როცა ორივე გამგებელ ფესტუსს ესტუმრა, დაახლოებით ახ. წ. 58 წელს (სქ. 25:13). ფესტუსის წინამორბედი ფელიქსი იყო. სწორედ ფელიქსის გამგებლობის დროს დასდეს ბრალი პავლე მოციქულს იუდეველებმა, მაგრამ ფელიქსს, რომელსაც ის-ის იყო თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, იუდეველების კეთილგანწყობილების მოხვეჭა უნდოდა, ამიტომ პავლე მოციქული შებორკილი დატოვა (სქ. 24:27). საგულისხმოა, რომ ფელიქსს ცოლად ჰყავდა აგრიპას და, დრუზილა (სქ. 24:24). მაშინ, როცა პავლე კეისართან გასაჩივრებას ელოდა (სქ. 25:8—12), მეფე აგრიპამ გამგებელ ფესტუსთან პავლეს მოსმენის სურვილი გამოთქვა (სქ. 25:22). პავლეს გაუხარდა, რომ აგრიპასთან, როგორც თვითონ თქვა, „იუდეველების ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხში“ გარკვეულ კაცთან, თავის დაცვის შესაძლებლობა მიეცა (სქ. 26:1—3). პავლეს არგუმენტირებული მსჯელობის შემდეგ აგრიპამ პავლეს უთხრა: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“. ამაზე პავლემ მიუგო: „ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან მარტო თქვენ კი არა, ყველა, ვინც დღეს მისმენს, ჩემნაირი გახდეს, რა თქმა უნდა, ამ ბორკილების გარეშე“ (სქ. 26:4—29). აგრიპა და ფესტუსი დარწმუნდნენ პავლეს უდანაშაულობაში, მაგრამ, ვინაიდან პავლე კეისრის სასამართლოს ითხოვდა, მათ ის რომში უნდა გაეგზავნათ (სქ. 26:30—32).
ახ. წ. 70 წელს, იერუსალიმის განადგურების შემდეგ ჰეროდე აგრიპა თავის დასთან, ბერნიკესთან ერთად რომში დასახლდა, სადაც მან პრეტორის თანამდებობა მიიღო. აგრიპა დაახლოებით ახ. წ. 100 წელს უშვილძიროდ გადაეგო.
5. ჰეროდე ფილიპე. ჰეროდე დიდისა და მარიამნა II-ის (მღვდელმთავარ სიმონის ასული) ვაჟი. ჰეროდიას პირველი ქმარი, რომელსაც ის ჰეროდე ანტიპაზე (ფილიპეს ნახევარძმა) დაქორწინების მიზნით გაეყარა. ის გაკვრით მოიხსენიება მათეს 14:3-ში, მარკოზის 6:17, 18-სა და ლუკას 3:19-ში.
ისტორიკოსები მას ჰეროდე ფილიპეს უწოდებენ, რათა განასხვაონ ის ტეტრარქ ფილიპესგან, რომელიც იოსებ ფლავიუსის ცნობით, აგრეთვე, ჰეროდე დიდის ვაჟი იყო, ოღონდ სხვა ცოლისგან, იერუსალიმელი კლეოპატრასგან.
ფილიპე მამამისის ტახტის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო, რადგან ის თავისი ნახევარძმების — ანტიპატრეს, ალექსანდრესა და არისტობულეს (სამივე საკუთარმა მამამ, ჰეროდე დიდმა მოაკვლევინა) სიკვდილის შემდეგ ძმებს შორის უფროსი იყო. ჰეროდეს პირველი ანდერძის მიხედვით ფილიპე მემკვიდრედ ანტიპას შემდეგ სახელდებოდა, თუმცა ჰეროდეს უკანასკნელი ანდერძით სამეფო არქელაეს უნდა გადასცემოდა. ფლავიუსი წერს, რომ ჰეროდემ ანდერძიდან ფილიპეს სახელი მისი დედის, მარიამნა II-ის გამო ამოშალა, რადგან ამ უკანასკნელმა არაფერი უთხრა ჰეროდეს ანტიპატრეს შეთქმულების შესახებ.
ფილიპეს ჰეროდიასგან ჰყავდა ასული — სალომე. როგორც ჩანს, ეს ის სალომეა, რომელმაც ჰეროდე ანტიპას უცეკვა და შემდეგ დედისგან დარიგებულმა იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა (მთ. 14:1—13; მრ. 6:17—29).
6. ტეტრარქი ფილიპე. ჰეროდე დიდისა და კლეოპატრა იერუსალიმელის ვაჟი. ის რომში გაიზარდა; მან იქორწინა სალომეზე, ჰეროდე ფილიპესა და ჰეროდიას ასულზე. მამამისის, ჰეროდე დიდის, სიკვდილის შემდეგ კეისარმა ავგუსტუსმა სამეფო დაყო და ფილიპეს იტურეა, ტრაქონიტიდა და სხვა ახლომდებარე მხარეები ჩააბარა, საიდანაც მას ყოველწლიურად 100 ტალანტი შემოსდიოდა (იტურეა შესაძლოა მოგვიანებით დაემატა, რადგან ფლავიუსი მას არ მოიხსენიებს). ტეტრარქმა ფილიპემ 30 წელზე მეტხანს იმმართველა. იოსებ ფლავიუსი წერს: „მმართველობის დროს ის ზომიერებას იცავდა და დამყოლი იყო. ის მთელი ცხოვრება თავისი სამფლობელოს ფარგლებს არ გასცდენია“. ფლავიუსის თქმით, სადაც უნდა ყოფილიყო, ფილიპე ყოველთვის იცლიდა სასამართლო საქმეების მოსასმენად. ის იულიასში გარდაიცვალა და პომპეზურად დაკრძალეს. ვინაიდან უძეოდ გადაეგო, მისი ტეტრარქია იმპერატორმა ტიბერიუსმა სირიის პროვინციას შეუერთა („იუდეველთა სიძველენი“, XVIII, 106—108 (iv, 6), ინგლ.).
ფილიპეს სახელი ბიბლიაში ერთადერთხელ გვხვდება იმ მონაკვეთში, რომელშიც იოანე ნათლისმცემლის მსახურების დაწყების დროზეა საუბარი (ლკ. 3:1). ეს მუხლი, მათ შორის ავგუსტუსისა და ტიბერიუსის მმართველობის შესახებ ისტორიული ცნობები, ცხადყოფს, რომ იოანემ მსახურება ახ. წ. 29 წელს დაიწყო.
[დიაგრამა 1094 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ᲰᲔᲠᲝᲓᲔᲐᲜᲗᲐ ᲐᲠᲐᲡᲠᲣᲚᲘ ᲜᲣᲡᲮᲐ
(მამაკაცების სახელები მთავრული ასოებით არის მოცემული)
ᲐᲜᲢᲘᲞᲐᲢᲠᲔ I
ᲐᲜᲢᲘᲞᲐᲢᲠᲔ II და კიფარისა (ცოლი)
ᲤᲐᲖᲐᲔᲚᲘ
ᲰᲔᲠᲝᲓᲔ ᲓᲘᲓᲘ (მთ. 2:1—22; ლკ. 1:5)
ᲘᲝᲡᲔᲑᲘ
ᲤᲔᲠᲝᲠᲐ
სალომე
ᲰᲔᲠᲝᲓᲔ ᲓᲘᲓᲘᲡ ᲪᲝᲚᲔᲑᲘ
დორიდა
ᲐᲜᲢᲘᲞᲐᲢᲠᲔ
მარიამნა I
ᲐᲚᲔᲥᲡᲐᲜᲓᲠᲔ
ᲐᲠᲘᲡᲢᲝᲑᲣᲚᲔ
ᲰᲔᲠᲝᲓᲔ ხალკისის მეფე
ᲐᲒᲠᲘᲞᲐ I პალესტინის მეფე (სქ. 12:1—6, 18—23)
ᲐᲒᲠᲘᲞᲐ II ხალკისის მეფე; მოგვიანებით სხვა ტერიტორიებთან ერთად გადაეცა ფილიპეს ტეტრარქია (სქ. 25:13, 22—27; 26:1, 2, 19—32)
მარიამნა III
დრუზილა ფელიქსის ცოლი (სქ. 24:24)
ბერნიკე (სქ. 25:13, 23; 26:30)
ჰეროდია სალომეს დედა (მთ. 14:3, 4, 6—8)
სალამფსიო
კიფარისა
მარიამნა II
ᲰᲔᲠᲝᲓᲔ ᲤᲘᲚᲘᲞᲔ ჰეროდიას პირველი ქმარი (მთ. 14:3)
სალომე
კლეოპატრა იერუსალიმელი
ᲤᲘᲚᲘᲞᲔ იტურეის, ტრაქონიტიდისა და მიმდებარე მხარეების ტეტრარქი (ლკ. 3:1)
მალთაკია
ᲐᲠᲥᲔᲚᲐᲔ იუდეის მეფე; მოგვიანებით ეთნარქი (მთ. 2:22)
ᲐᲜᲢᲘᲞᲐ გალილეისა და პერეის ტეტრარქი. ჩვეულებრივ, მეფედ მოიხსენიება. ჰეროდიას მეორე ქმარი (მთ. 14:1—12; მრ. 6:14—29; ლკ. 3:1, 19, 20; 13:31, 32; 23:6—15; სქ. 4:27; 13:1)
(ჰეროდე დიდს სხვა ხუთი ცოლიც ჰყავდა. ის 15 შვილის მამა იყო)
[სურათი 1093 გვერდზე]
ჰეროდე დიდის მიერ მასადას თავზე აშენებული მრავალიარუსიანი სასახლის ნანგრევები
[სურათი 1098 გვერდზე]
ბრინჯაოს მონეტა დომიციანეს თავის გამოსახულებით; უკანა მხარეს ამოტვიფრულია სახელი მეფე აგრიპა (II)