21-ე გაკვეთილი
ვინ ქადაგებს სასიხარულო ცნობას?
მალე ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით ყველა პრობლემას აღმოფხვრის. ეს ნამდვილად სასიხარულო ცნობაა, რომელიც ყველამ უნდა გაიგოს. სწორედ ამიტომ დაავალა იესომ თავის მიმდევრებს სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათე 28:19, 20). როგორ ასრულებენ იეჰოვას მოწმეები იესოს დავალებას?
1. როგორ სრულდება დღეს მათეს 24:14-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
იესომ იწინასწარმეტყველა: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში“ (მათე 24:14). იეჰოვას მოწმეები სიხარულით ასრულებენ ამ მნიშვნელოვან საქმეს. სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში 1 000-ზე მეტ ენაზე მიმდინარეობს. ამ მასშტაბური საქმის შესასრულებლად ძალისხმევა და კარგი ორგანიზებაა საჭირო. თუმცა ამ დავალებას იეჰოვას დახმარების გარეშე თავს ვერ გავართმევდით.
2. რა ძალისხმევას ვახმართ ქადაგებას?
ჩვენ ვქადაგებთ ყველგან, სადაც ხალხია. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც ვქადაგებთ კარდაკარ (საქმეები 5:42). ქადაგების ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, ყოველ წელს მილიონობით ადამიანის ყურამდე მივიტანოთ სასიხარულო ცნობა. ამასთანავე, ხალხმრავალ ადგილებშიც ვქადაგებთ, მათაც რომ მივაწვდინოთ ხმა, ვინც სახლში არ გვხვდება. ასე რომ, ხელიდან არ ვუშვებთ არცერთ შესაძლებლობას, რომ ხალხს იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ვესაუბროთ.
3. ვინ უნდა იქადაგოს სასიხარულო ცნობა?
სასიხარულო ცნობა თითოეულმა ქრისტიანმა უნდა იქადაგოს. ჩვენ ამ საქმეს სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ის ადამიანთა გადარჩენას მოემსახურება. ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმოთ ქადაგებას (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:16). ამ საქმისთვის ანაზღაურებას არ ვიღებთ. თუ რატომ, ამის მიზეზს ბიბლია გვიხსნის: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:7, 8). ფაქტია, ყველა არ ინტერესდება სასიხარულო ცნობით. თუმცა ჩვენ მაინც არ ვწყვეტთ ქადაგებას, რადგან გვსურს, იეჰოვას დავემორჩილოთ და გული გავუხაროთ.
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, თუ რა ძალისხმევას ვახმართ მთელ მსოფლიოში სასიხარულო ცნობის ქადაგებას. გაიგებთ იმასაც, თუ როგორ გვეხმარება იეჰოვა ამ საქმეში.
4. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ყველას ვუქადაგოთ
იეჰოვას მოწმეები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე იმის დანახვამ, თუ რა ძალისხმევას ახმარენ იეჰოვას მოწმეები ქადაგებას?
წაიკითხეთ მათეს 22:39 და რომაელების 10:13—15; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
როგორ მოწმობს სამქადაგებლო საქმე მოყვასის სიყვარულზე?
რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას სასიხარულო ცნობის მქადაგებლების მიმართ? (იხილეთ მე-15 მუხლი)
5. ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ
არაერთი შემთხვევა მოწმობს, რომ სამქადაგებლო საქმეს იეჰოვა ხელმძღვანელობს. მაგალითად, ახალ ზელანდიაში ერთი ძმა, სახელად პოლი, კარდაკარ მსახურებისას ერთ ქალს შეხვდა. ქალს თურმე იმ დილით ღმერთისთვის სახელით მიუმართავს და უთხოვია, რომ მასთან ვინმე მისულიყო. სამი საათის შემდეგ მის კართან პოლი მივიდა.
წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:9 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ გამოჩნდა ზემოხსენებული შემთხვევიდან, რომ სამქადაგებლო საქმეს იეჰოვა ხელმძღვანელობს?
წაიკითხეთ საქმეების 1:8 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ გვჭირდება იეჰოვას დახმარება ამ საქმის შესასრულებლად?
იცოდით?
შუაკვირის შეხვედრაზე ვსწავლობთ, როგორ გავხდეთ უკეთესი მქადაგებლები. თუ დასწრებიხართ ამ შეხვედრას, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.
6. ჩვენ ღვთის დავალებას ვასრულებთ
პირველ საუკუნეში მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ იესოს მიმდევრებს ქადაგება შეეწყვიტათ. თუმცა ქრისტიანები კანონით იცავდნენ თავიანთ უფლებას, ექადაგათ სასიხარულო ცნობა (ფილიპელები 1:7). დღეს იეჰოვას მოწმეებიც მსგავსად იქცევიან.a
წაიკითხეთ საქმეების 5:27—42 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ არ ვწყვეტთ ქადაგებას? (იხილეთ 29-ე, 38-ე და 39-ე მუხლები)
ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „რატომ დადიან იეჰოვას მოწმეები კარდაკარ?“.
როგორ უპასუხებთ?
შეჯამება:
იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, მთელ მსოფლიოში ექადაგათ სასიხარულო ცნობა. იეჰოვა ეხმარება მათ ამ საქმის შესრულებაში.
გასამეორებელი კითხვები:
როგორ მიმდინარეობს სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში?
როგორ მოწმობს სამქადაგებლო საქმე მოყვასის სიყვარულზე?
თქვენი აზრით, რატომ ჰგვრის სიხარულს ღვთის ხალხს სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა?
გაიგეთ მეტი:
ნახეთ, როგორ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები დიდ ქალაქებში.
„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება პარიზში“ (5:11)
როგორ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები ლტოლვილებთან?
გაიგეთ, რატომ მოაქვს სრული დროით მსახურებას სიხარული.
შეიტყვეთ მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებმაც ხელი შეუწყო სასიხარულო ცნობის ქადაგებას.
„სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ“ („ღვთის სამეფო მმართველობს!“, თავი 13)
a ქადაგების საქმე ღმერთმა დაგვავალა, ამიტომ საჭირო არაა ხელისუფლების ნებართვა სასიხარულო ცნობის საქადაგებლად.