შუამდინარეთი
ტერიტორია მდინარეების ევფრატსა და ტიგროსს შორის (ბერძ. მესოპოტამია). როგორც ჩანს, იგი მსგავსი მნიშვნელობის მქონე ებრაული სიტყვის, „არამ-ნაჰარაიმის“, შესატყვისია (ფს. 60 ეპგ.). ბერძნული სეპტუაგინტის მთარგმნელებმა არამ-ნაჰარაიმი, ძირითადად, მესოპოტამიად თარგმნეს (იხ. არამი №5).
შუამდინარეთის ტერიტორიას ძველად სხვადასხვანაირად განსაზღვრავდნენ, რაც დღემდე ასეა. ფართო გაგებით ის მოიცავს ტერიტორიას ტიგრსა და ევფრატს შორის, სპარსეთის ყურედან (სამხრ.) თურქეთისა და ირანის მთიან მხარემდე (ჩრდ.). ამაში შედის ბაღდადის სამხრეთით დაახლოებით 400 კმ-ზე გადაჭიმული ლამიანი დაბლობი, რომელიც ძველი ბაბილონის სამეფოს ეკუთვნოდა (იხ. ბაბილონი №2). მაგრამ ვიწრო გაგებით შუამდინარეთში მხოლოდ ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია მოიაზრება და არა ძველი ბაბილონი. ეს ტერიტორია წარმოადგენს ბორცვიანი ზეგნებისა და დახშული ქვაბულების ერთობლიობას. იქ მრავლად ვხვდებით ქვიან ადგილებსაც.
საქმეების 7:2-დან ჩანს, რომ ახ. წ.I საუკუნეში ამ სახელწოდებას ფართო გაგებით იყენებდნენ. ამ მუხლში სტეფანე ჯერ კიდევ ბაბილონის სამეფოს ქალაქ ურში მცხოვრებ აბრაამზე ამბობს, რომ ის შუამდინარეთში ცხოვრობდა. მაგრამ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, მოიცავდა თუ არა ბაბილონის სამეფოსაც ის ტერიტორია, რომელსაც ებრაულად „არამ-ნაჰარაიმი“ ეწოდებოდა. ზოგიერთი ბიბლიური მუხლის საფუძველზე გვეძლევა საშუალება, დავადგინოთ ამ გეოგრაფიული ადგილის ზოგადი საზღვრები და დავასკვნათ, რომ „არამ-ნაჰარაიმი“ (შუამდინარეთი) მოიცავდა ხარანის ჩრდილოეთით მდებარე მხარესა (დბ. 24:2—4, 10) და ფეთორთან ახლოს ჩრდილოეთით მდებარე მთიანეთს (კნ. 23:4; შდრ. რც. 23:7). უცნობია, რამხელა ტერიტორიას განაგებდა შუამდინარეთის მეფე ქუშან-რიშათაიმი (მსაჯულ ოთნიელის დროს ისრაელის შემავიწროებელი), მაგრამ, როგორც ჩანს, მისი სატახტო ქალაქი ჩრდილოეთით მდებარეობდა (მსჯ. 3:8—10; იხ. ქუშან-რიშათაიმი). შესაძლოა, ამონის მეფე ხანუნმა ჩრდილოეთ შუამდინარეთიდან დაიქირავა ეტლები და მხედრები მეფე დავითთან საბრძოლველად (1მტ. 19:6, 7).
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში იუდეველები და პროზელიტები შუამდინარეთიდანაც იყვნენ ჩასული (სქ. 2:1, 2, 9). მათგან ზოგიერთი, შესაძლოა, სამხრეთ შუამდინარეთიდან, კერძოდ, ბაბილონიდან იყო. ამ მხრივ საინტერესოა ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, სიტყვები, რომელიც გვამცნობს, რომ ძვ. წ. I საუკუნეში ბაბილონში იყო „სიმრავლე იუდელთაჲ“ („იუდეველთა სიძველენი“, XV, თ. 2, აბზ. 2).