არამი
1. სემის ვაჟების ჩამონათვალში ბოლო, მეხუთე ვაჟი; წარღვნის შემდეგ მცხოვრები 70 ოჯახიდან ხუთი ოჯახი არამისა და მისი ოთხი ვაჟისგან (უცი, ხული, გეთერი და მაში) წარმოიშვა. მათი შთამომავლები იყვნენ არამელები და სირიელები (დბ. 10:22, 23; 1მტ. 1:17).
2. კემუელის ვაჟი და აბრაამის ძმის, ნახორის შვილიშვილი, და შესაბამისად, ისაკის ბიძაშვილის შვილი. არამის ბიძა იყო ბეთუელი, რომლის ქალიშვილიც იყო რებეკა. ნახორის ოჯახს შუამდინარეთი აბრაამთან ერთად არ დაუტოვებია. წლების შემდეგ „ამბავი მიუვიდა აბრაამს“ ნახორის შთამომავლებზე, მათ შორის არამზეც (დბ. 22:20—23; 11:27, 31; 24:4, 10).
3. აშერისტომელი შემერის (შომერი) ოთხი ვაჟიდან ერთ-ერთი; ის მოხსენიებულია „საგვარეულოთა თავკაცებს, რჩეულ, მამაც და ძლიერ ვაჟკაცებს, თავკაცთა მეთაურებს“ შორის (1მტ. 7:31, 32, 34, 40). არამი და მამამისი ეგვიპტეში დაიბადნენ, რადგან არამის პაპა და დიდი პაპა მოხსენიებული არიან ეგვიპტეში ჩასულ იაკობის შთამომავლებს შორის (დბ. 46:8, 17).
4. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემასა და ზოგიერთ სხვა თარგმანში (მაგ., „მეფე ჯეიმზის თარგმანი“) სახელი „არამი“ გვხვდება მათეს 1:3, 4-სა და ლუკას 3:33-ში (იხ. არნი; რამი №1).
5. გეოგრაფიული სახელი, რომელიც ბიბლიაში გვხვდება როგორც ცალკე, ისე სხვა გეოგრაფიულ სახელებთან ერთად იმ ტერიტორიების აღსანიშნავად, სადაც არამის (№1) შთამომავლების დიდი ნაწილი იყო დასახლებული.
ცალკე მოხსენიებულ არამში იგულისხმება სირია, და ძირითადად, სირიადვე ითარგმნება (მსჯ. 10:6; 2სმ. 8:6, 12; 15:8; ოს. 12:12). ის მოიცავდა ტერიტორიას ლიბანის მთებიდან შუამდინარეთამდე და ტავრის მთებიდან (ჩრდ-ით) დამასკოს სამხრეთით მდებარე მხარემდე (იხ. სირია).
არამ-ნაჰარაიმი (ფს. 60, ეპგ.), ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც შუამდინარეთი ან მესოპოტამია. ის მდებარეობდა ორ მდინარეს, ევფრატსა და ტიგროსს შორის. სტეფანემ ჯერ კიდევ ქალდეველთა ურში მყოფ აბრაამზე თქვა, რომ შუამდინარეთში ცხოვრობდა (სქ. 7:2). მრავალი წლის შემდეგ, როცა აბრაამმა თავისი მსახური ისაკისთვის ცოლის მოსაყვანად გაგზავნა, დაარიგა, რომ (ზემო) შუამდინარეთში (არამ-ნაჰარაიმი), ნახორის ქალაქში წასულიყო (დბ. 24:2—4, 10). ფეთორელი ბალაამიც შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მთიანი მხარიდან იყო (კნ. 23:4; შდრ. რც. 23:7; იხ. შუამდინარეთი).
ფადან-არამი კონკრეტულად ზემო შუამდინარეთის ქალაქ ხარანის მიმდებარე ტერიტორია იყო (დბ. 25:20; 28:2—7, 10; იხ. ფადანი).
სემიტური წარმოშობის არამის შთამომავლები ანუ არამელები მთელ ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ. არაბეთის უდაბნოში მდებარე ტერიტორიას, რომელიც აღთქმულ მიწასა (აღმ-ით) და ედომს ესაზღვრებოდა, არამის ოთხი ვაჟიდან ერთ-ერთის, უცის, სახელი ეწოდა (იობ. 1:1; გდ. 4:21). ებრაულის მონათესავე არამეული ენა დროთა განმავლობაში „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ მთელ რეგიონში მთავარ სავაჭრო და დიპლომატიურ ენად იქცა (2მფ. 18:26; იხ. არამეული ენა).
იაკობი არამში თავის არამელ სიმამრთან, ლაბანთან 20 წელი ცხოვრობდა, რის გამოც კანონის 26:5-ში მას სირიელი (სიტყვასიტყვით არამელი) ეწოდება. გარდა ამისა, იაკობის დედა რებეკა და ცოლები — ლეა და რახელი, არამელები იყვნენ. ასე რომ, ისრაელები და არამელები მონათესავე ერები იყვნენ.
არამელთა სამეფოები. ბიბლიაში არამელთა სამეფოები პირველად ისრაელი ერის ადრეული ისტორიის კონტექსტში გვხვდება. არამ-ნაჰარაიმის (შუამდინარეთი) მეფეს, ქუშან-რიშათაიმს ისრაელები რვა წელი ჰყავდა დამორჩილებული, ვიდრე მსაჯულმა ოთნიელმა ისინი არ იხსნა (მსჯ. 3:8—10).
არამელთა სამეფო არამ-ცობა საულის მეფობის დროს (ძვ. წ. 1117—1078) ისრაელს ემტერებოდა (1სმ. 14:47). როგორც ჩანს, ეს სამეფო დამასკოს ჩრდილოეთით მდებარეობდა და მისი სამფლობელო ჩრდილოეთით ხამათამდე, აღმოსავლეთით კი ევფრატამდე ვრცელდებოდა. ისრაელის მტრებთან მებრძოლ დავითს არამ-ცობის ძლევამოსილ მეფე ჰადადეზერთანაც მოუწია ბრძოლა და სძლია მას (2სმ. 8:3, 4; 1მტ. 18:3; შდრ. ფს. 60, ეპგ.). მოგვიანებით არამელი რეზონი, მოთარეშეთა მეთაური, დამასკოს დაეპატრონა, რის შემდეგაც დამასკო ყველაზე ცნობილი არამეული ქალაქი და „სირიის თავი“ გახდა (1მფ. 11:23—25; ეს. 7:8). ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს მთელი თავისი არსებობის მანძილზე დამასკოსთან უწევდა დაპირისპირება (იხ. დამასკო).
არამ-მააქა მოიხსენიება სხვა არამეულ სამეფოებთან — ცობასთან, რეხობთან და იშტობთან ერთად, საიდანაც ამონელებმა ეტლები და მხედრები დაიქირავეს დავითთან საბრძოლველად. დაქირავებულ ჯარს არამ-მააქას მეფეც შეუერთდა, თუმცა დავითის მებრძოლებმა ისინი მალევე უკუაქციეს (1მტ. 19:6—15; 2სმ. 10:6—14). მააქის სამეფო შესაძლოა იორდანის აღმოსავლეთით მდებარეობდა და ჩრდილოეთით მას ხერმონის მთა ესაზღვრებოდა (იეს. 12:5; 13:11).
გეშური პატარა არამეული სამეფო იყო იორდანის აღმოსავლეთითა და მააქას სამხრეთით. მისი სამხრეთი საზღვარი გალილეის ზღვის აღმოსავლეთ სანაპირომდე გრძელდებოდა. მააქის სამეფოს მსგავსად, ისიც მენაშეს ტომისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მდებარეობდა (კნ. 3:14; იეს. 13:11, იხ. გეშური №1).
არამელთა სამეფოების დამარცხების შემდეგ დავითმა თავისი სამეფოს საზღვრები ჩრდილოეთით მდინარე ევფრატამდე, თითქმის ფადან-არამის ქალაქ ხარანამდე განავრცო, რითაც გამართლდა იეჰოვას წინასწარმეტყველება აღთქმულ მიწაზე ისრაელის სამკვიდროს საზღვრების შესახებ (კნ. 1:7; 11:24; იეს. 1:4).
ისრაელისა და არამის ურთიერთობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. სირია.