წმინდა სიტყვები
ეს გამოთქმა მხოლოდ ოთხჯერ გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. ის ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ლოგიონ (ნიშნავს პატარა სიტყვას), რაც სიტყვა ლოგოსის (სიტყვა) კნინობით ფორმას წარმოადგენს. თავდაპირველად ლოგიონ მოკლე წმინდა გამოთქმას ნიშნავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ სიტყვით იწოდებოდა ღვთის ნებისმიერი ცნობა. ქართულ თარგმანთა უმეტესობაში ის ითარგმნა სიტყვად.
სტეფანემ მოსესთვის სინას მთაზე მიცემული კანონი „ცოცხალ წმინდა სიტყვებად“ მოიხსენია (სქ. 7:38). მოციქულმა პავლემ მთელი ებრაული წერილებისა და, როგორც ჩანს, იმ დროისთვის არსებული ღვთივშთაგონებული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების შესახებ თქვა: „მაშ, რა უპირატესობა აქვს იუდეველს ან რა სარგებლობა მოაქვს წინადაცვეთას? ყოველმხრივ დიდი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მათ ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ“ (რმ. 3:1, 2). შესაბამისად, ამ ღვთივშთაგონებული წერილების წერა მიენდოთ იუდეველებს, რომლებიც „წმინდა სულით აღძრულები“ წერდნენ მათ (2პტ. 1:20, 21).
ებრაელებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ „წმინდა სიტყვებს“ მიაკუთვნა უფალი იესო ქრისტეს, მისი მოციქულებისა და სხვა ღვთივშთაგონებული ქრისტიანი დამწერების მიერ ხალხისთვის გადაცემული სწავლებები (ებ. 5:12; შდრ. ებ. 6:1, 2). გამოთქმა „წმინდა სიტყვები“ ასეთივე ფართო გაგებით გამოიყენა მოციქულმა პეტრემაც, როცა თავისი პირველი წერილის 4:11-ში ქრისტეს მიმდევრებს მიმართა: „ვინც ლაპარაკობს, ისე ილაპარაკოს, როგორც ეს ღვთის წმინდა სიტყვაშია“. გარდა ამისა, მან მოციქული პავლეს წერილები ისევე სარწმუნოდ მიიჩნია, როგორც „წმინდა წერილების სხვა ადგილები“ (2პტ. 3:15, 16).
სეპტუაგინტაში ხშირად გამოიყენება სიტყვა ლოგიონ, მაგალითად, როგორც ეს ფსალმუნის 12:6-შია (11:6, LXX): „წმინდაა იეჰოვას სიტყვები“.