სავლეს ქადაგება მტრულად განაწყობდა ბევრს
დამასკოში მცხოვრები იუდეველებისთვის ეს დაუჯერებელი იყო. როგორ შეიძლებოდა ტრადიციული რელიგიის თავგამოდებული დამცველი განდგომილი გამხდარიყო? ეს ხომ ის სავლე იყო, რომელიც საშინელ დღეში აგდებდა მათ, ვინც იერუსალიმში იესოს სახელს უხმობდა. დამასკოშიც ხომ სწორედ ამ მიზნით წავიდა. მაგრამ ახლა ის თავად ქადაგებდა, რომ ღვთის გმობისათვის ძელზე გაკრული საძულველი ბოროტმოქმედი მესია იყო! ხომ არ გაგიჟდა სავლე? (საქმეები 9:1, 2, 20—22).
იქნებ ამას რაიმე ახსნა მოეძებნებოდა?! ალბათ, ისინი, ვინც სავლესთან ერთად იერუსალიმიდან წავიდნენ, მოყვებოდნენ, თუ რა მოხდა გზაზე. დამასკოს რომ მიუახლოვდნენ, მოულოდნელად კაშკაშა სინათლემ იქაურობა გაანათა და ყველანი მიწაზე დაეცნენ. ასევე ხმაც შემოესმათ. არავინ მოელოდა, რომ სავლე უვნებელი დარჩებოდა. ის მიწაზე ეგდო. ბოლოს, როდესაც წამოდგა, თანამგზავრები დაეხმარნენ, რომ დამასკოში შესულიყო, რადგან თვითონ ვერაფერს ხედავდა.
მოწინააღმდეგე მომხრე ხდება
რა დაემართა სავლეს დამასკოს გზაზე? ხანგრძლივმა მგზავრობამ ან შუადღის თაკარა მზემ ხომ არ იმოქმედა მასზე? თანამედროვე სკეპტიკოსები ცდილობენ ბუნებრივი ახსნა მოუძებნონ ამ შემთხვევას და ამბობენ, რომ სავლე შეიძლება ბოდავდა, ჰალუცინაციები ჰქონდა, სინდისის მწვავედ ქენჯნის გამო ფსიქოლოგიურ გადაძაბვას გრძნობდა, ნერვებმა უმტყუნა, და იმასაც კი ამბობენ, რომ სავლეს ეპილეფსიისადმი მიდრეკილება ჰქონდა.
მაშ, რა მოხდა სინამდვილეში? გზაზე სავლეს კაშკაშა სინათლეში იესო ქრისტე გამოეცხადა და დაარწმუნა, რომ მესია იყო. ზოგიერთი მხატვრის ნამუშევარზე ამ ეპიზოდში სავლე ცხენიდან ვარდება. ეს შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ ბიბლია უბრალოდ ამბობს, რომ ის ‘მიწაზე დაეცა’ (საქმეები 22:6—11). როგორიც არ უნდა ყოფილიყო სავლეს ფიზიკური დაცემა, ის ვერც კი შეედრებოდა ყოფილი ქედმაღლური მდგომარეობიდან მის დაცემას. ახლა მას მოუწია შეეგნო, რომ ის, რასაც იესოს მიმდევრები ქადაგებდნენ, ჭეშმარიტება იყო. მას ისღა დარჩენოდა, რომ მათ შეერთებოდა. სავლე, იესო ქრისტეს ცნობის სასტიკი მტერი, მისი ერთგული მქადაგებელი გახდა. მხედველობის დაბრუნებისა და მონათვლის შემდეგ კი „სავლე უფრო ძლიერდებოდა და თავისი ლოგიკური მსჯელობით, რომ იესო იყო ქრისტე, საგონებელში აგდებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს“ (საქმეები 9:22).
მკვლელობის მცდელობა მარცხით მთავრდება
ქრისტიანად მოქცევის შემდეგ სად წავიდა სავლე, რომელსაც მოგვიანებით პავლე ეწოდა? გალატელებისთვის მიწერილ წერილში მან თქვა: „არაბეთში წავედი და კვლავ დამასკოში დავბრუნდი“ (გალატელები 1:17). სიტყვა „არაბეთი“ შეიძლება მიუთითებდეს არაბეთის ნახევარკუნძულის რომელიმე ნაწილზე. ზოგიერთი სწავლულის აზრით, პავლე შეიძლება წავიდა სირიის უდაბნოში ან ნაბატეველთა სახელმწიფოს რომელიმე ნაწილში, რომლის მეფეც არეტა IV (ჰარიტატ IV) იყო. სრულიად დასაშვებია, რომ სავლე ნათლობის შემდეგ წასულიყო სადმე წყნარ ადგილას, რათა ყველაფერი აეწონ-დაეწონა ისე, როგორც იესო წავიდა თავისი ნათლობის შემდეგ უდაბნოში (ლუკა 4:1).
დამასკოში სავლეს დაბრუნების შემდეგ „იუდეველებმა მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი“ (საქმეები 9:23). გამგებელი, რომელიც მეფე არეტას წარმომადგენელი იყო დამასკოში, დარაჯობდა ქალაქს, რათა შეეპყრო სავლე (2 კორინთელები 11:32). მაგრამ, როდესაც სავლეს მტრები მის მოსაკლავად შეითქვნენ, იესოს მიმდევრებმა იგი გააპარეს.
მათ შორის, ვინც სავლეს გაქცევაში დაეხმარა, იყვნენ ანანია და ის მოწაფეები, რომლებიც სავლეს მოქცევისთანავე მასთან ერთად იყვნენa (საქმეები 9:17—19). მის დამხმარეებს შორის შეიძლება იყვნენ ისინიც, რომლებიც დამასკოში პავლეს ქადაგებით გახდნენ ქრისტიანები, რადგან საქმეების 9:25-ში ვკითხულობთ: „მისმა მოწაფეებმა წაიყვანეს და ღამით გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით“. გამოთქმა „მისი მოწაფეები“ შეიძლება მიანიშნებდეს მათზე, რომლებსაც სავლემ ასწავლა. ასე იყო თუ ისე, მსახურებაში პავლეს წარმატებამ, როგორც ჩანს, მის მიმართ მტრული დამოკიდებულება გაამწვავა.
რისი სწავლა შეგვიძლია?
როდესაც ვიკვლევთ პავლეს მოქცევასა და მონათვლასთან დაკავშირებულ გარკვეულ მოვლენებს ნათლად ვხედავთ, რომ მას მეტისმეტად არ აღელვებდა, თუ რას ფიქრობდნენ მასზე სხვები; არც სასტიკი წინააღმდეგობის გამო შეუწყვეტია მოციქულს მსახურება. პავლესთვის უმნიშვნელოვანესი მისთვის დაკისრებული სამქადაგებლო საქმიანობის შესრულება იყო (საქმეები 22:14, 15).
შესაძლოა არც ისე დიდი ხნის წინ დარწმუნდით, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება მნიშვნელოვანია. თუ ეს ასეა, თქვენ უკვე იცით, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი სამეფოს მქადაგებელი უნდა იყოს. არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი მსახურება სხვებში ზოგჯერ მტრულ რეაქციას იწვევს (მათე 24:9; ლუკა 21:12; 1 პეტრე 2:20). წინააღმდეგობაზე სავლეს საპასუხო მოქმედება ჩვენთვის სამაგალითოა. ქრისტიანები, რომლებიც განსაცდელების დროს ფარ-ხმალს არ ყრიან, ღვთის კეთილგანწყობით ისარგებლებენ. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო“; მაგრამ ამავე დროს დაარწმუნა: „მოთმინებით მოიპოვებთ თქვენს სულებს“ (ლუკა 21:17—19).
[სქოლიოები]
a დამასკოში ქრისტიანობა შეიძლება მიიღეს გალილეაში იესოს ქადაგების შედეგად ან ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ.
[სურათი 28 გვერდზე]
იესოს გამოცხადებისას სავლე ‘მიწაზე დაეცა’.
[სურათი 29 გვერდზე]
როდესაც სავლეს მოსაკლავად შეითქვნენ, ის დამასკოდან გააპარეს.