მდაბლად თაყვანისცემა
მდაბლად თავის დაკვრა, დაჩოქება, პირქვე დამხობა ან მორჩილების გამომხატველი ესა თუ ის მოძრაობა; უბრალოდ პატივის მიგება. უმრავლეს შემთხვევაში მას მნიშვნელობით შეესატყვისება ებრაული ჰიშთახავაჰ და ბერძნული პროსკინეო.
ჰიშთახავაჰის პირველადი მნიშვნელობაა მდაბლად თაყვანისცემა (დბ. 18:2) — პატივისცემის, მოწიწებისა და თავაზიანობის გამომხატველი ჟესტი, რომელიც გამოიყენებოდა მეფის (1სმ. 24:8; 2სმ. 24:20; ფს. 45:11), მღვდელმთავრის (1სმ. 2:36), წინასწარმეტყველის (2მფ. 2:15), სხვა რომელიმე უფლებამოსილი პირის (დბ. 37:9, 10; 42:6; რთ. 2:8—10), უფროსი ასაკის ნათესავის (დბ. 33:1—6; 48:11, 12; გმ. 18:7; 1მფ. 2:19) და უცხო პირის მიმართ (დბ. 19:1, 2). მაგალითად, აბრაამმა მდაბლად თაყვანი სცა ქანაანელი ხეთის ძეებს, ვისგანაც სამარხის ყიდვას აპირებდა (დბ. 23:7). ისაკის მიერ წარმოთქმული კურთხევის თანახმად, ერებსა და თავად იაკობის „ძმებს“ მდაბლად უნდა ეცათ თაყვანი იაკობისთვის (დბ. 27:29; შდრ. დბ. 49:8). როდესაც დავითის ძეს, აბესალომს მდაბლად თაყვანს სცემდნენ, აბესალომი ეხვეოდა მათ და კოცნიდა; როგორც ჩანს, პოლიტიკურ ამბიციებს აყოლილი ის ხალხს მოსაჩვენებლად უტოლებდა თავს (2სმ. 15:5, 6). მორდოქაი არ ემხობოდა ჰამანის წინაშე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ეს ჟესტი საძრახისი იყო, არამედ იმიტომ, რომ სპარსეთის სამეფო კარის ეს უმაღლესი მოხელე დაწყევლილ ამალეკელთა შთამომავალი იყო (ესთ. 3:1—6).
ზემოხსენებული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ მდაბლად თაყვანისცემის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა მაინცდამაინც რელიგიური მნიშვნელობით არ გამოიყენება და მხოლოდ თაყვანისცემას არ ნიშნავს, თუმცაღა ბევრგან იგი ჭეშმარიტი ღმერთის (გმ. 24:1; ფს. 95:6; ეს. 27:13; 66:23) ან ცრუ ღმერთების თაყვანისცემის აღსანიშნავადაც იხმარება (კნ. 4:19; 8:19; 11:16). ადამიანები ლოცვისას ღმერთს მდაბლად სცემდნენ თაყვანს (გმ. 34:8; იობ. 1:20, 21); პირქვე ემხობოდნენ მადლიერების, მოწიწებისა და მორჩილების ნიშნად, როცა ღვთისგან გამოცხადებას იღებდნენ ან მის კეთილგანწყობას გრძნობდნენ (დბ. 24:23—26, 50—52; გმ. 4:31; 12:27, 28; 2მტ. 7:3; 20:14—19; შდრ. 1კრ. 14:25; გმც. 19:1—4).
პატივისცემის ნიშნად მდაბლად თაყვანისცემა სავსებით მისაღები იყო, მაგრამ მიუღებელი იყო იეჰოვას გარდა სხვა ღმერთების წინაშე ქედის მოდრეკა (გმ. 23:24; 34:14). აგრეთვე იგმობოდა რელიგიური გამოსახულებების თუ ნებისმიერი ხელთქმნილი ნივთის წინაშე მუხლის მოდრეკა (გმ. 20:4, 5; ლვ. 26:1; კნ. 4:15—19; ეს. 2:8, 9, 20, 21). ებრაულ წერილებში აღწერილია შემთხვევები, როცა იეჰოვას მსახურები ანგელოზების წინაშე დაემხვნენ, მაგრამ არა როგორც ღმერთების, არამედ როგორც ღვთის წარმომადგენლების წინაშე (იეს. 5:13—15; დბ. 18:1—3).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. ებრაულ სიტყვასთან ჰიშთახავაჰ მნიშვნელობით ყველაზე ახლოს ბერძნული სიტყვა პროსკინეო დგას, რაც გამოხატავს, როგორც ქმნილებების მდაბლად თაყვანისცემას, ისე ღვთის ან ღვთაებების თაყვანისცემას. ჰიშთახავაჰისგან განსხვავებით, რომელიც მკაფიოდ გადმოსცემს პირქვე დამხობისა და თავის დაკვრის აზრს, სიტყვა პროსკინეო ნაკლებ აქცენტს აკეთებს თაყვანისცემის ფორმაზე. მეცნიერთა აზრით, ეს ბერძნული სიტყვა წარმოდგება ზმნა კინეოსგან, რაც „კოცნას“ ნიშნავს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან (აგრეთვე სეპტუაგინტიდან, ებრაული წერილების ბერძნული თარგმანიდან) ნათლად ჩანს, რომ ადამიანები, რომელთა ქმედების აღსაწერად პროსკინეოა გამოყენებული, პირქვე დაემხვნენ, მუხლი მოიდრიკეს და თავი დახარეს (მთ. 2:11; 18:26; 28:9).
ისევე როგორც ჰიშთახავაჰის შემთხვევაში, პროსკინეოს მნიშვნელობასაც კონტექსტი განსაზღვრავს. ის გამოხატავს ღრმა პატივისცემის ნიშნად მდაბლად თაყვანისცემას ან პირდაპირი გაგებით თაყვანისცემას. იქ, სადაც ლაპარაკია უშუალოდ ღმერთზე (ინ. 4:20—24; 1კრ. 14:25; გმც. 4:10) ან ცრუ ღმერთებსა და კერპებზე (სქ. 7:43; გმც. 9:20), ცხადია იგულისხმება თაყვანისცემა და არა პატივისცემის გამომხატველი საყოველთაოდ მიღებული ჩვეულება. იქაც, სადაც მდაბლად თაყვანისცემის ობიექტი ნახსენები არ არის, ღვთისადმი თაყვანისცემა იგულისხმება (ინ. 12:20; სქ. 8:27; 24:11; ებ. 11:21; გმც. 11:1). მეორე მხრივ, ის, რომ სატანის სინაგოგის წევრები ქრისტიანთა ფეხებთან ემხობიან და მდაბლად თაყვანს სცემენ, არ ნიშნავს მათ თაყვანისცემას (გმც. 3:9).
იესომ ერთ-ერთ იგავში მოიხსენია მიწიერი მეფე, რომელსაც მდაბლად სცეს თაყვანი (მთ. 18:26). პატარა იესოს, „იუდეველთა მეფეს“, როგორც ჩანს, ასე სცეს თაყვანი ასტროლოგებმა; ჰეროდესაც ასეთი თაყვანისცემა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც იესოს ნახვის სურვილი გამოთქვა; ჯარისკაცებმაც დაცინვით მსგავსად სცეს თაყვანი იესოს ძელზე გაკვრამდე, რადგან ცხადია, ისინი იესოს ღმერთად არ მიიჩნევდნენ (მთ. 2:2, 8; მრ. 15:19). ზოგმა მთარგმნელმა სიტყვა პროსკინეო „თაყვანისცემად“ თარგმნა თითქმის ყველგან, სადაც ეს სიტყვა იესოს მიმართ გამოიყენება, მაგრამ ამგვარი ინტერპრეტაცია საფუძველს მოკლებულია. მიზეზები, რის გამოც იესოს მდაბლად სცემდნენ თაყვანს, ხოლო მასზე ადრე — წინასწარმეტყველებსა და მეფეებს, ძალიან ჰგავს ერთმანეთს (მთ. 8:2; 9:18; 15:25; 20:20 შდრ. 1სმ. 25:23, 24; 2სმ. 14:4—7; 1მფ. 1:16; 2მფ. 4:36, 37-თან). ხშირ შემთხვევაში მათი სიტყვები, ვინც იესოს მდაბლად თაყვანს სცემდა, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მას ღვთის წარმომადგენლად აღიარებდნენ და მდაბლად თაყვანს სცემდნენ არა როგორც ღმერთს ან ღვთაებას, არამედ როგორც „ღვთის ძეს“, ნაწინასწარმეტყველებ „კაცის ძეს“ და ღვთისგან მინიჭებული ძალაუფლების მქონე მესიას. როგორც უწინ, მდაბლად თაყვანისცემა ამ შემთხვევებშიც მადლიერების გამოხატულება იყო ღვთიური გამოცხადებისა და კეთილგანწყობისთვის (მთ. 14:32, 33; 28:5—10, 16—18; ლკ. 24:50—52; ინ. 9:35, 38).
ძველ დროში წინასწარმეტყველები და ანგელოზები არ უარობდნენ მდაბლად თაყვანისცემას, თუმცა პეტრემ შეაჩერა კორნელიუსი, როდესაც ამ უკანასკნელმა მას მდაბლად თაყვანი სცა. ხილვაში ანგელოზმა (ანგელოზებმა) ორჯერ შეაჩერა იოანე, რომელსაც მისთვის მდაბლად თაყვანისცემა სურდა. მან უთხრა, რომ ისიც მისნაირი მონა იყო და მოუწოდა, ღვთისთვის ეცა თაყვანი [ტე თეე პროსკინესონ] (სქ. 10:25, 26; გმც. 19:10; 22:8, 9). როგორც ჩანს, ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის შემდეგ საფუძველი ჩაეყარა ახლებურ ურთიერთობას, რაც ღვთის მსახურებს შორის ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე აისახა. ის თავის მოწაფეებს ასწავლიდა: „ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ ... ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მთ. 23:8—12). ეს იმიტომ უთხრა, რომ სწორედ იესომ შეითავსა ყველა ის როლი, რომლებიც მის წინასწარმეტყველურ პირველსახეებს ეკისრათ. ანგელოზმაც უთხრა იოანეს, რომ „იესოს შესახებ დამოწმებაა წინასწარმეტყველების მიზანი“ (გმც. 19:10). იესო იყო დავითის უფალი, სოლომონზე დიდი და მოსეზე დიდებული წინასწარმეტყველი (ლკ. 20:41—43; მთ. 12:42; სქ. 3:19—24). ამიტომ პეტრე სწორად მოიქცა, როცა არ დაუშვა, რომ კორნელიუსს მის მიმართ გადაჭარბებული ყურადღება გამოევლინა.
იოანეს, როგორც ღვთის მიერ მართლად აღიარებულ ცხებულ ქრისტიანს, ზეცაში ღვთის ძედ ცხოვრებისა და სამეფოს მემკვიდრეობისთვის მოწოდებულს, ანგელოზებთან მიმართებით განსხვავებული მდგომარეობა ეკავა, ვიდრე იმ ადამიანებს, რომელთაც ძველად ანგელოზები ეცხადებოდნენ. როცა ანგელოზმა (ანგელოზებმა) იოანეს მხრიდან მდაბლად თაყვანისცემა იუარა, ეს მისი მაღალი მდგომარეობის აღიარების ნიშანი იყო (შდრ. 1კრ. 6:3; იხ. მართლად აღიარება).
განდიდებული იესო ქრისტეს მდაბლად თაყვანისცემა. მამამ აამაღლა იესო ქრისტე და მას სამყაროში მეორე ადგილი უბოძა, „რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფლ. 2:9—11; შდრ. დნ. 7:13, 14, 27). ებრაელების 1:6-დან ვიგებთ, რომ თვით ანგელოზები მდაბლად სცემენ თაყვანს მკვდრეთით აღმდგარ იესოს. ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა პროსკინეო მრავალ ბიბლიაში თაყვანისცემად არის ნათარგმნი. ზოგიერთ თარგმანში ეს სიტყვა გადმოტანილია პირქვე დამხობად (AT, Yg) და პატივის მიგებად (NE). მნიშვნელობა არა აქვს, როგორ არის ეს ბერძნული სიტყვა ნათარგმნი სხვა ენებზე, მისი მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს მთელ წმინდა წერილს. იესომ სატანას გასაგებად უთხრა: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი [პროსკინეოს ერთ-ერთი ფორმა] და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მთ. 4:8—10; ლკ. 4:7, 8). იესოს მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების შემდეგ ანგელოზმა (ანგელოზებმა) იოანესაც იგივე უთხრა (გმც. 19:10; 22:9), რაც იმაზე მიუთითებს, რომ თაყვანისცემა ღმერთს ეკუთვნის და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ებრაელების 1:6-ში მოციქული პავლე ციტირებს 97-ე ფსალმუნს და მას იესო ქრისტეს უკავშირებს, თუმცა ფსალმუნში მდაბლად თაყვანისცემის ობიექტი იეჰოვაა (ფს. 97:1, 7). მანამდე მოციქულმა ახსნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე „არის მისი [ღვთის] დიდების ანარეკლი და ზუსტად წარმოგვიდგენს მას“ (ებ. 1:1—3). ასე რომ, ამ სიტყვას მხოლოდ თაყვანისცემის დატვირთვაც რომ მივცეთ და ვივარაუდოთ, რომ ანგელოზები ღვთის ძეს სცემენ თაყვანს, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სინამდვილეში ეს არის იეჰოვა ღმერთის, უზენაესი მმართველის, „ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელის“ თაყვანისცემა იესოს მეშვეობით (გმც. 14:7; 4:10, 11; 7:11, 12; 11:16, 17; შდრ. 1მტ. 29:20; გმც. 5:13, 14; 21:22). მეორე მხრივ, ფსალმუნის 97:7-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა ჰიშთახავაჰისა და ებრაელების 1:6-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა პროსკინეოს დამხობად და პატივის მიგებად (და არა თაყვანისცემად) თარგმნა ამ დედნისეული სიტყვების მნიშვნელობას შეესაბამება.