ᲥᲠᲝᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
ქრონოლოგია შესაძლებელს ხდის დროის მიხედვით ისტორიული მოვლენების თანმიმდევრობის დადგენას, მათ შორის არსებული კავშირის დანახვასა და მათ დათარიღებას.
იეჰოვა არის „ძველი დღეთა“ და მარადისობის ღმერთი (დნ. 7:9; ფს. 90:2; 93:2). ის ზუსტად განაგებს დროს, რაზეც მეტყველებს არა მხოლოდ ციური სხეულების საოცარი სიზუსტით მოძრაობა, არამედ მისი ნამოქმედარის შესახებ ღვთივშთაგონებული ცნობები. იეჰოვამ მოვლენები ისე წარმართა, რომ მისი დაპირებები ზუსტად ნაწინასწარმეტყველებ დროს შესრულებულიყო — ზოგი ერთ დღეში (გმ. 9:5, 6), ზოგიც ერთი წლის (დბ. 17:21; 18:14; 21:1, 2; 2მფ. 4:16, 17), ათწლეულების (რც. 14:34; 2მტ. 36:20—23; დნ. 9:2), საუკუნეების (დბ. 12:4, 7; 15:13—16; გმ. 12:40, 41; გლ. 3:17) და ათასწლეულების შემდეგ (ლკ. 21:24; იხ. ᲣᲪᲮᲝᲢᲝᲛᲔᲚᲗᲐᲗᲕᲘᲡ ᲓᲐᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ᲓᲠᲝᲔᲑᲘ). მისი სამომავლო განზრახვები წინასწარ დანიშნულ დროს — კონკრეტულ დღესა და საათზე — უეჭველად შესრულდება (აბკ. 2:3; მთ. 24:36).
შემოქმედმა განიზრახა, რომ თავის ანარეკლად და მსგავსებად შექმნილ ადამიანს დრო გაეზომა (დბ. 1:26). ბიბლიის პირველივე ფურცლებიდან ვიგებთ, რომ „ცის სივრცეში“ არსებული მნათობები ერთმანეთისგან ყოფდა დღესა და ღამეს და წელიწადის დროების, დღეებისა და წელიწადების აღმნიშვნელი იყო (დბ. 1:14, 15; ფს. 104:19) (ის, თუ როგორ ყოფს დროს ადამიანი თავისი გაჩენის დღიდან, განხილულია სტატიებში: კალენდარი; დღე; მთვარე; კვირა; წელი). დროის გამოთვლა და ჩანაწერის წარმოება ადამის დროიდან დღემდე ხდება (დბ. 5:1, 3—5).
წელთაღრიცხვა. ზუსტი ქრონოლოგიის საწარმოებლად უნდა არსებობდეს დროის ათვლის წერტილი, საიდანაც მოხდება დროის ერთეულების (საათები, დღეები, თვეები, წლები) გადათვლა წინ ან უკან. ათვლის წერტილი შეიძლება იყოს მზის ამოსვლა (დღის საათების გამოსათვლელად), ახალი მთვარის გამოჩენა (თვის დღეების გამოსათვლელად) ან გაზაფხულის მოსვლა (წელიწადის ხანგრძლივობის გამოსათვლელად). დროის უფრო ხანგრძლივი მონაკვეთის აღსარიცხავად ადამიანმა შემოიღო წელთაღრიცხვა, ანუ ერა. მისი ათვლის წერტილად აღებულია ესა თუ ის ისტორიული მოვლენა, რომელიც მრავალწლიანი პერიოდების აღრიცხვის საშუალებას იძლევა. ასე მაგალითად, როცა ქრისტიანულ ქვეყნებში ამბობენ, დღეს არის ახ. წ. (ახალი წელთაღრიცხვა) 2015 წლის 1-ლი ოქტომბერიო, გულისხმობენ, რომ დღეს არის ორი ათას მეთხუთმეტე წლის მეათე თვის პირველი დღე იმ წლიდან, რომელსაც ზოგი იესოს დაბადების თარიღად მიიჩნევს.
წლების ათვლის ამგვარი სისტემა, შედარებით გვიან იქნა შემოღებული. ბერძნული ერა, რომელიც დროის ათვლის სისტემათა შორის სავარაუდოდ პირველი იყო, როგორც ჩანს, ძვ. წ. IV საუკუნეში შემოიღეს. ბერძნები დროს ოთხწლიან პერიოდად ითვლიდნენ, რომელსაც ოლიმპიადა ეწოდებოდა. პირველი ოლიმპიადა ძვ. წ. 776 წელს დაიწყო. ამასთანავე, ბერძნები ხშირად კონკრეტულ თარიღებს ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე ყოფნის წლების მიხედვით ასახელებდნენ. წელთაღრიცხვა რომაელებმაც შემოიღეს და დროის ათვლის წერტილად რომის დაარსების თარიღი (ძვ. წ. 753) შეარჩიეს. გარდა ამისა, ამა თუ იმ თარიღს იმ ორი კონსულის სახელის მიხედვით იხსენიებდნენ, რომლებსაც იმ წელს ეკავათ თანამდებობა. რაც შეეხება ჩვენს წელთაღრიცხვას ანუ ქრისტიანულ ერას, ის ახ. წ. VI საუკუნეში ბერმა დიონისე მცირემ შემოიღო. მუჰამადის მიმდევრები წლებს ჰიჯრადან ითვლიან (მუჰამადის გაქცევა მექიდან ახ. წ. 622). რაც შეეხება ძველ ეგვიპტელებს, ასურელებსა და ბაბილონელებს, არაფერი მოწმობს იმაზე, რომ ისინი წელთაღრიცხვის ერთიან სისტემას იყენებდნენ.
წელთაღრიცხვის სისტემა, ანუ პირობითად აღებული რაიმე ათვლის წერტილი, საიდანაც ყველა მოვლენა იქნებოდა დათარიღებული, ბიბლიაში არ გვხვდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ განვლილი მოვლენების დათარიღება არ ხდებოდა. ბიბლიის დამწერები ამა თუ იმ ამბის თხრობისას კონკრეტულ და ზოგჯერ საუკუნეების მომცველ თარიღებს ასახელებდნენ, რაც იმის დასტურია, რომ ისრაელები და მათი წინაპრები ქრონოლოგიის მიმართ ინტერესს იჩენდნენ. მაგალითად, მოსე წერდა, რომ „ოთხას ოცდაათი წლის ბოლოს [იმ დროიდან, როცა ქანაანისკენ მიმავალმა აბრაამმა მდინარე ევფრატი გადაკვეთა და როცა ძალაში შევიდა ღვთის მიერ აბრაამთან დადებული შეთანხმება] სწორედ იმ დღეს, იეჰოვას მთელი ლაშქარი გამოვიდა ეგვიპტის მიწიდან“ (გმ. 12:41; იხ. ᲒᲐᲛᲝᲡᲕᲚᲐ; შდრ. გლ. 3:16, 17). გარდა ამისა, 1 მეფეების 6:1-ში ვკითხულობთ, რომ „ეგვიპტიდან ისრაელის ძეების გამოსვლის ოთხას მეოთხმოცე წელს“ მეფე სოლომონი იერუსალიმში ტაძრის მშენებლობას შეუდგა. თუმცა არც აბრაამთან დადებული შეთანხმების ძალაში შესვლით და არც ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლით არ დაწყებულა არც ერთი წელთაღრიცხვა, საიდანაც სხვა მოვლენების დათარიღება მოხდებოდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბიბლიის ქრონოლოგია ზუსტად ისეთი არ არის, როგორიც დროის ათვლის თანამედროვე სისტემა, რომელიც ნებისმიერი მოვლენის დასათარიღებლად ათვლის წერტილად ერთ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას იყენებს, როგორიცაა მაგალითად, ქრისტეს შობა ანუ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისი. ბიბლიაში მომხდარი მოვლენების დრო ძირითადად ისეა გადათვლილი, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს სჩვევიათ დროის გადათვლა. მაგალითად, დღეს ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ესა თუ ის მოვლენა მოხდა გვალვიდან ერთი წლის შემდეგ ან მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ხუთ წელიწადში. მსგავსად ამისა, ბიბლიის დამწერები დროის ათვლის წერტილად შედარებით უახლოეს მოვლენებს იყენებდნენ.
ზოგჯერ შეუძლებელია იმის გარკვევა, რატომ არის კონკრეტული მოვლენა ასე თუ ისე დათარიღებული, რადგან ყოველთვის არ არის ცნობილი, რომელი მოვლენა გამოიყენა ბიბლიის დამწერმა ათვლის წერტილად. სხვადასხვა მოვლენის დასათარიღებლად მან ათვლის წერტილად შეიძლება ერთზე მეტი მოვლენა აიღო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამწერს თვითონაც არ ესმოდა, რას წერდა; ჩვენ სამართლიანად ვერ შევაფასებთ ბიბლიის დამწერთა დროის ათვლის მეთოდებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოვლენათა დათარიღების დღევანდელი სისტემა ძველისგან განსხვავდება. დასაშვებია, რომ გადამწერებს ქრონოლოგიური შეცდომები დაეშვათ, მაგრამ ძველი ხელნაწერების შედარებისას თარიღებს შორის სხვაობა თუ არ აღმოჩნდა, იმის მტკიცება, რომ შეცდომა იყო დაშვებული, უსაფუძვლო იქნება. არსებული ფაქტები უდავოდ მოწმობს იმას, რომ ბიბლიის გადამწერები დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ სიზუსტის დასაცავად, რის შედეგადაც ბიბლიამ ჩვენამდე პირვანდელი სახით მოაღწია (იხ. ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘ; ᲛᲬᲔᲠᲐᲚᲘ, ᲛᲬᲘᲒᲜᲝᲑᲐᲠᲘ).
ბიბლიური ქრონოლოგია და საერო ისტორია. არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აუცილებელია, ბიბლიური ცნობები ძველ ისტორიულ ცნობებს „შევუსაბამოთ“. ვინაიდან სიმართლე არის ის, რაც ფაქტებსა და სინამდვილეს შეეფერება, ბიბლიური და ისტორიული ცნობების შესაბამისობაში მოყვანა იმ შემთხვევაში გახდებოდა აუცილებელი, თუ ძველ ისტორიულ წყაროებში ყოველმხრივ ზუსტი, თანმიმდევრული და სანდო ინფორმაცია იქნებოდა, ანუ ისეთი, როგორიც სიზუსტის ეტალონად ჩაითვლებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრიტიკოსები ხშირად ძველი წარმართი ერების მიერ შედგენილ ქრონოლოგიას უფრო სანდოდ მიიჩნევენ, ვიდრე ბიბლიურ ქრონოლოგიას, უპრიანი იქნება ძველი ხალხების ზოგიერთი ჩანაწერის გამოკვლევა, რომელთაც გარკვეული ურთიერთობა და კავშირი ჰქონდათ ბიბლიაში მოხსენიებულ ადამიანებთან და მოვლენებთან.
ბიბლია ძველ ისტორიულ წყაროებს შორის გამორჩეულია. ძველი ეგვიპტელების, ასურელების, ბაბილონელების, მიდიელების, სპარსელებისა და სხვათა ისტორია ძირითადად ფრაგმენტებს შეიცავს. მათი ადრეული ისტორია ან ბუნდოვანია, ან მითური. ასე მაგალითად, „შუმერ მეფეთა სიის“ სახელწოდებით ცნობილი უძველესი დოკუმენტი შემდეგნაირად იწყება: „როცა ხელმწიფობა ზეციდან დედამიწას მოევლინა, (პირველი) სამეფო ერიდუში გაჩნდა. ერიდუში მეფობდა ალულიმი 28 800 წელს. ალალგარი მეფობდა 36 000 წელს, ორივე მეფემ კი (მთლიანობაში) 64 800 წელი იმეფა... ბად-ტიბირიაში ენ-მე-ენ-ლუ-ან-ნა მეფობდა 43 200 წელს; ენ-მე-ენ-გალ-ან-ნა მეფობდა 28 800 წელს. დუმუზი, ღვთაებრივი მწყემსი, მეფობდა 36 000 წელს. სამივე მეფემ (მთლიანობაში) 108 000 წელი იმეფა“ (Ancient Near Eastern Texts, ჯ. ბ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 265).
ყველაფერი, რაც ამ ძველი ხალხის ისტორიიდან არის ცნობილი, ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს შედეგად არის შეკოწიწებული სხვადასხვა ძეგლიდან, ფირფიტიდან ან უფრო გვიანდელი კლასიკური ბერძნული და რომაული ეპოქის ისტორიოგრაფების ნაშრომებიდან. არქეოლოგებმა ასურულ-ბაბილონური ლურსმული წარწერების შემცველი ათიათასობით თიხის ფირფიტა აღმოაჩინეს, აგრეთვე დიდი რაოდენობით ეგვიპტური პაპირუსის გრაგნილები, რომელთა უმეტესობაც რელიგიური შინაარსის ტექსტებსა და საქმიან დოკუმენტებს შეიცავს, კერძოდ, ხელშეკრულებებს, ნასყიდობის საბუთებს, აქტებსა და ა. შ. წარმართი ხალხების ისტორიული შინაარსის საკმაოდ მცირე რაოდენობის ტექსტები, რომლებიც გვხვდება ფირფიტებზე, ცილინდრებზე, სტელებსა თუ სხვა ძეგლებზე, ძირითადად, მაღალფარდოვანი სიტყვებით აღწერს მმართველთა სიმდიდრესა და ლაშქრობებს.
ამ წყაროებისგან განსხვავებით, ბიბლია საოცრად გასაგებად, დეტალურად და უწყვეტად აღწერს კაცობრიობის 4 000-წლიან ისტორიას, არა მხოლოდ ადამიანის შექმნიდან ნეემიას გამგებლობამდე (ძვ. წ. V ს.), არამედ იმ მოვლენებსაც, რომლებიც დანიელის წინასწარმეტყველების (წინასწარ განჭვრეტილი მოვლენები) მე-11 თავშია აღწერილი, კერძოდ, ნეემიას დროიდან იესოსა და მისი მოციქულების დრომდე. ბიბლია ცოცხლად აღგვიწერს ისრაელის ნამდვილ ისტორიას მისი ერად ჩამოყალიბების დროიდან და სრული სიწრფელით წარმოაჩენს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს, აგრეთვე ღვთისადმი ერთგულებასა თუ ორგულობას, კურთხევებსა თუ მკაცრ სასჯელს. ცხადია, მხოლოდ გულახდილობა არ იძლევა ქრონოლოგიური სიზუსტის გარანტიას, მაგრამ ის იმაში მაინც არწმუნებს მკითხველს, რომ ბიბლიის დამწერები ჭეშმარიტების გადაცემით გულწრფელად იყვნენ დაინტერესებული.
ბიბლიის მემატიანეებს, კერძოდ, პირველი და მეორე მეფეებისა და პირველი და მეორე მატიანეების დამწერებს, ხელთ ჰქონდათ დეტალური ისტორიული ჩანაწერები, რაზეც მოწმობს მათ მიერ შედგენილი ვრცელი, ასობით სახელის შემცველი გენეალოგიური ნუსხები, აგრეთვე ცნობები იუდასა და ისრაელის მეფეთა პარალელური მმართველობისა და სხვა ერებთან თუ ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ. თანამედროვე ისტორიკოსებმა დღემდე ზუსტად არ იციან, რა თანმიმდევრობით მეფობდა ზოგიერთი ასურელი, ბაბილონელი და გვიანდელი დინასტიის ზოგიერთი მეფეც კი, რასაც ვერ ვიტყვით იუდასა და ისრაელის მეფეებზე, რომელთა თანმიმდევრობა ზუსტად არის ცნობილი.
ბიბლიაში ნახსენებია „იეჰოვას ომების წიგნი“ (რც. 21:14, 15), „ისრაელის მეფეთა მატიანე“ (1მფ. 14:19; 2მფ. 15:31), „იუდას მეფეთა მატიანე“ (1მფ. 15:23; 2მფ. 24:5), „სოლომონის მატიანე“ (1მფ. 11:41), აგრეთვე ეზრასა და ნეემიას მიერ დასახელებული სხვა უამრავი მსგავსი ისტორიული ჩანაწერი. ეს წყაროები ცხადყოფს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ცნობები ზეპირგადმოცემების საფუძველზე კი არ დაიწერა, არამედ საგულდაგულოდ იქნა გამოკვლეული და საფუძვლიანად დასაბუთებული. ბიბლიის მემატიანეები სხვა ერების ოფიციალური ჩანაწერების შესახებაც გვაწვდიან ცნობებს (ბიბლიის ზოგიერთი ნაწილი ისრაელის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ეგვიპტეში, ბაბილონსა და სპარსეთში დაიწერა) (იხ. ᲬᲘᲒᲜᲘ; ᲔᲡᲗᲔᲠᲘ (ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲘ); ᲔᲖᲠᲐ (ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲘ).
ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც წლების ზუსტად დათვლას შეუწყო ხელი, ყოველ შემთხვევაში იმ წლებში მაინც, როცა ისრაელები ერთგულად იცავდნენ მოსეს კანონს, იყო შაბათისა და საიუბილეო წლების აღნიშვნა და, ამგვარად, დროის 7-წლიან და 50-წლიან მონაკვეთებად დაყოფა (ლვ. 25:2—5, 8—16, 25—31).
ბიბლია თავისი თანადროული წარმართი ერების ჩანაწერებისგან განსაკუთრებით გამოირჩევა დროის — წარსულის, აწმყოსა და მომავლის — აღქმის თვალსაზრისით (დნ. 2:28; 7:22; 8:18, 19; მრ. 1:15; გმც. 22:10). ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისრაელები წარმართ ხალხებზე მეტად იყვნენ ქრონოლოგიის სიზუსტით დაინტერესებული, უნიკალური ბიბლიური წინასწარმეტყველებებია, რადგან, როგორც წესი, ეს წინასწარმეტყველებები დროის კონკრეტულ მონაკვეთებს მოიცავს. ბიბლია დიდ აქცენტს აკეთებს ღვთის სიტყვის დროულ შესრულებაზე (ეზკ. 12:27, 28; გლ. 4:4). ის ცხადყოფს, რომ წინასწარმეტყველებების სიზუსტე მათი ავტორის ღვთაებრიობას ადასტურებს (ეს. 41:21—26; 48:3—7).
უდავოა, რომ ზოგიერთი არაბიბლიური ცნობა დღემდე აღმოჩენილ ბიბლიის უძველეს ხელნაწერებზე რამდენიმე საუკუნით ადრე დაიწერა. ქვასა და თიხაზე ამოტვიფრული უძველესი წარმართული წარწერები შეიძლება აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ ეს არ იძლევა სიზუსტისა და უტყუარობის გარანტიას. მთავარი მასალა კი არა, დამწერის მიზანი, სიმართლისადმი მისი დამოკიდებულება და სამართლიანი პრინციპების ერთგულებაა. სწორედ ეს ფაქტორები იძლევა ნდობის საფუძველს, როგორც ქრონოლოგიის კუთხით, ისე სხვა მხრივ. სიძველის მიუხედავად, ისტორიული წყაროები თავისი ღირსებებით ახლოსაც ვერ მივა ბიბლიასთან. ვინაიდან ბიბლიის წიგნები ძირითადად მალფუჭებად მასალაზე დაიწერა, როგორიცაა პაპირუსი და პერგამენტი, ხანგრძლივი ხმარებისა და ისრაელის კლიმატური პირობების გამო (რომელიც განსხვავდება ეგვიპტის მეტისმეტად მშრალი კლიმატისგან) თავდაპირველმა ხელნაწერებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. და მაინც, ბიბლია ღვთივშთაგონებული წიგნია, ამიტომ იგი საგულდაგულოდ იქნა გადაწერილი და ჩვენს დრომდე სრული სახით მოვიდა (1პტ. 1:24, 25). ბიბლიის ქრონოლოგიის უტყუარობას სწორედ ის ამტკიცებს, რომ მისი მემატიანეები ღვთის შთაგონებით წერდნენ (2პტ. 1:19—21).
არქეოლოგიური ნაშრომების ავტორის, კ. ვ. კერამის კომენტარიდან ნათლად ჩანს, რატომ არ გამოდგება ისტორიული წყაროები ბიბლიური ქრონოლოგიის სიზუსტის დადგენის სტანდარტად. ის წერს: „როცა ძველ ისტორიას ვსწავლობთ, გვაოცებს ის, თუ როგორ ათარიღებენ თანამედროვე ისტორიკოსები ასეთი დარწმუნებით ათასობით წლის წინ მომხდარ მოვლენებს. მაგრამ ... [უფრო მეტად გვაოცებს ის, რომ] ისტორიული წყაროების გადასინჯვისას ცხადი ხდება, რაოდენ ღარიბი და მცდარი იყო დოკუმენტების შედგენისდროინდელი მონაცემები. ამ დოკუმენტებმა ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია; წარწერები ან წაშლილია დროთა განმავლობაში, ანდა ისინი ადამიანის ხელს დაუმახინჯებია“. კერამი ქრონოლოგიას ადარებს ჩონჩხს და აღნიშნავს, რომ ის მთლიანად ჰიპოთეზებს ემყარება და სადაცაა, მისი ყოველი სახსარი დაიშლება („ხეთების საიდუმლოება“, თარგმანი თ. თაქთაქიშვილისა, თბილისი, „ნაკადული“, 1966, გვ. 116).
ისტორიული წყაროების ამგვარი შეფასება შეიძლება გადაჭარბებული ჩანდეს, თუმცა საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. ქვემოთ განხილული საკითხები დაგვანახვებს, თუ რატომ არ ღირს ბიბლიური ქრონოლოგიის სიზუსტეში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ისტორიული წყაროების ზოგიერთ მონაცემს არ შეესაბამება. პირიქით, ისტორიული წყაროების ქრონოლოგია ნდობას გარკვეულწილად მაშინ იმსახურებს, როცა ბიბლიურ ქრონოლოგიასთან შესაბამისობაშია. როდესაც განვიხილავთ ისრაელთან ისტორიულად დაკავშირებული წარმართი ერების ისტორიულ წყაროებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი შეხედვით არსებული ზოგიერთი შეუსაბამობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ თანამედროვე ისტორიკოსებს ბოლომდე არ ესმით ძველ მემატიანეთა და ბიბლიის დამწერთა მიერ გამოყენებული მეთოდები. თუმცა ცნობილია არაერთი ფაქტი იმისა, რომ წარმართი მემატიანეები დაუდევრობით უშვებდნენ შეცდომებს და ზოგჯერ ისტორიულ ცნობებს განზრახ აყალბებდნენ.
ეგვიპტური ქრონოლოგია. ისტორიულად ეგვიპტისა და ისრაელის გზები დროის სხვადასხვა მონაკვეთში არაერთხელ გადაკვეთილა. წინამდებარე ნაშრომის თანახმად, ეგვიპტეში ისრაელი ძვ. წ. 1728 წელს შევიდა, ხოლო ეგვიპტიდან 215 წლის შემდეგ ანუ ძვ. წ. 1513 წელს გამოვიდა. ფარაონი შიშაკი რობოამის მეფობის მე-5 წელს, კერძოდ, ძვ. წ. 993 წელს დაესხა თავს იერუსალიმს. ეგვიპტის მეფე სო და ისრაელის მეფე ჰოშეა (დაახლ. ძვ. წ. 758—740) თანამედროვენი იყვნენ. იუდას მეფე იოშია, სავარაუდოდ, ძვ. წ. 629 წელს ფარაონ ნექოსთან ბრძოლაში დაიღუპა (1მფ. 14:25; 2მფ. 17:4; 2მტ. 35:20—24). ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის ბიბლიურ თარიღსა და თანამედროვე ისტორიკოსების მიერ აღიარებულ თარიღს შორის სხვაობა საუკუნე ან საუკუნეზე მეტია, ხოლო რაც შეეხება ფარაონ ნექოს მმართველობის პერიოდს, ამგვარ თარიღებს შორის სხვაობა, ბევრად მცირე, დაახლოებით 20 წელია. ახლა განვიხილოთ, რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბიბლიურ ქრონოლოგიას.
თანამედროვე ისტორიკოსები ისეთ ისტორიულ ძეგლებს ეყრდნობიან, როგორიცაა ე. წ. ეგვიპტელ „მეფეთა სიები“ და მატიანე. მათ განეკუთვნება ფრაგმენტული პალერმოს ქვა, რომელიც შეიცავს ეგვიპტის პირველი ხუთი „დინასტიის“ ისტორიას, ტურინის ფრაგმენტული პაპირუსი „ძველი სამეფოსა“ და „ახალი სამეფოს“ მეფეთა სიითა და მათი მეფობის წლებით, აგრეთვე ქვაზე შესრულებული სხვა ფრაგმენტული წარწერები. ამ ცალკეული სიებისა თუ სხვა წერილობითი ძეგლების ქრონოლოგიური სისტემატიზაცია ძვ. წ. მესამე საუკუნეში მოღვაწე ეგვიპტელი ქურუმის, მანეთონის ნაშრომების საფუძველზე მოხდა. ეგვიპტის ისტორიისა და რელიგიისადმი მიძღვნილ მის ნაშრომებში ეგვიპტის მონარქთა მმართველობა 30 დინასტიად არის დაყოფილი. თანამედროვე ეგვიპტოლოგებიც დაყოფის ამ მეთოდს იყენებენ. ქრონოლოგიური ცხრილის შესადგენად მათ ეს წყაროები და ეგვიპტურ ტექსტებზე (აღწერს მთვარის ფაზებსა და სირიუსის, იგივე სოთისის გამოჩენას) დაფუძნებული ასტრონომიული გამოთვლები გამოიყენეს.
ეგვიპტური ქრონოლოგიის ხარვეზები. ეგვიპტურ ქრონოლოგიას არაერთი ხარვეზი აქვს. მანეთონის ნაშრომები, რომელთა საფუძველზეც მოხდა ფრაგმენტული სიებისა თუ სხვა წერილობითი ძეგლების სისტემატიზაცია, შემორჩენილია მხოლოდ გვიანდელი ისტორიკოსების, კერძოდ იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I ს.), სექსტუს იულიუს აფრიკანუსის (ახ. წ. III ს. ანუ მანეთონის დროიდან 500 წლის შემდეგ), ევსები კესარიელისა (ახ. წ. IV ს.) და სინცელუსის (ახ. წ. VIII ს-ის ბოლო და IX ს-ის დასაწყისი) ნაშრომებში. როგორც პროფესორი უ. ჯ. უადელი აღნიშნავს, მათ მიერ მანეთონის ნაშრომებიდან მოყვანილი ციტატები ფრაგმენტულია და ხშირად დამახინჯებული. აქედან გამომდინარე, „საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, სინამდვილეში რომელია მანეთონის სიტყვები და რომელი არა“. პროფესორი იმასაც აღნიშნავს, რომ თვით მანეთონის ნაშრომებიც არაისტორიულ ტრადიციებსა და ლეგენდებს შეიცავს, რომელთა მიხედვითაც „მეფეები გმირებად არიან წარმოდგენილნი, თანაც დარღვეულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობა“. ის დასძენს: „მანეთონის ნაშრომებში იმთავითვე მრავლად იყო ხარვეზები, რასაც მხოლოდ გადამწერებსა და შემსწორებლებს ვერ დავაბრალებთ. ზოგიერთი მეფის მეფობის წლების რაოდენობა არარეალურად დიდია; სკულპტურულ ძეგლებზე შესრულებული წარწერები ადასტურებს, რომ ზოგ შემთხვევაში მანეთონის მიერ მოყვანილი მეფეთა სახელები და მათი მონაცვლეობა არ შეესაბამება სიმართლეს“ (Manetho, შესავალი, გვ. 7, 17, 20, 21, 25).
ავტორი ტ. ნიკლინი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ მანეთონი მრავალი მეფის მმართველობის წლების არარეალურ რაოდენობას სავარაუდოდ იმიტომ ასახელებს, რომ ის დროის ერთ კონკრეტულ და არა სხვადასხვა მონაკვეთში მცხოვრებ მეფეთა მმართველობის პერიოდს გულისხმობს. წიგნში ნათქვამია: „მანეთონისეული დინასტიების სია ... ეგვიპტის ერთპიროვნულ მმართველთა ჩამონათვალი კი არ არის, არამედ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ დიდგვაროვან მმართველთა სია, რომელთა მემკვიდრენიც მოგვიანებით სრულიად ეგვიპტის მმართველები გახდნენ“ (Studies in Egyptian Chronology, ბლეკბერნი, ინგლისი, 1928, გვ. 39). პროფესორი უადელი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ „ერთსა და იმავე დროს ეგვიპტეს შესაძლოა რამდენიმე მეფე ჰყავდა... ასე რომ, აქ საუბარია არა იმ მეფეებზე, რომლებიც სამეფო ტახტს ერთმანეთის მიყოლებით იკავებდნენ, არამედ იმ მეფეებზე, რომლებიც დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში მეფობდნენ, ოღონდ სხვადასხვა მხარეში. ამით აიხსნება ეგვიპტელ მეფეთა მმართველობის წლების უაღრესად დიდი რიცხვი“ (Manetho, გვ. 1—9).
ვინაიდან ბიბლიის მიხედვით მსოფლიო წარღვნა ძვ. წ. 2370 წელს მოხდა, ეგვიპტის ისტორია ამ დროის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები ეგვიპტის ისტორიის ათვლის წერტილად დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს მიიჩნევენ, რაც ეგვიპტური ქრონოლოგიის ზემოხსენებული ხარვეზებით იხსნება.
ეგვიპტოლოგები უმთავრესად უძველეს წარწერებს ეყრდნობიან. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეგვიპტელი მემატიანეების მიერ შესრულებული წარწერები აბსოლუტურ ნდობას იმსახურებს. პროფესორი ჯ. ა. უილსონი აღნიშნავს: „ეგვიპტური წარწერების ისტორიული ღირებულების შეფასებისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან ეს წარწერები მითებისა და საოცრებების ეპოქაში შეიქმნა“. ის არ გამორიცხავს, რომ ეგვიპტელ მემატიანეებს მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა თავიანთი თანამედროვე მონარქების განდიდების მიზნით შეეცვალათ. უილსონი დასძენს: „ისტორიკოსი ხელთ არსებულ ცნობებს, როგორც წესი, სარწმუნოდ მიიჩნევს, თუ ეს ცნობები აშკარა ეჭვს არ ბადებს. მაგრამ ის მზად უნდა იყოს თავისი შეხედულებების შესაცვლელად, თუ ახალმოპოვებული მასალები პირვანდელ ცნობებს ეჭვქვეშ დააყენებს“ (The World History of the Jewish People, 1964, ტ. 1, გვ. 280, 281).
ისრაელის შესახებ ისტორიული ცნობების არარსებობა. ეგვიპტურ ისტორიულ წყაროებში ისრაელის შესახებ ცნობების არარსებობა გაკვირვებას არ იწვევს, რადგან ეგვიპტელები მათთვის არასასურველ ცნობებს წერილობითი სახით არ ინახავდნენ. უფრო მეტიც, ისინი იმჟამინდელი ფარაონისთვის წინამორბედი ფარაონის შესახებ არასასურველ ცნობებს ანადგურებდნენ. მაგალითად, დედოფალ ჰატშეფსუტის სიკვდილის შემდეგ თუტმოს III-მ რელიეფებიდან მისი სახელი და გამოსახულებები წააშლევინა. ამ ჩვეულებით იხსნება ის ფაქტი, რომ ეგვიპტის ისტორიაში არ არის შემონახული ცნობები ეგვიპტეში ისრაელის 215-წლიანი ცხოვრების ან ეგვიპტიდან მისი გამოსვლის შესახებ.
ბიბლია სახელით არ მოიხსენიებს იმ ფარაონს, რომელიც ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის დროს მეფობდა. მისი ვინაობა მხოლოდ სავარაუდოა. ნაწილობრივ ამით შეიძლება ავხსნათ ის, თუ რატომ მერყეობს თანამედროვე ისტორიკოსების მიერ ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის თარიღად დასახელებული წლები (ძვ. წ. 1441—1225).
ასურული ქრონოლოგია. სალმანასარ III-ის დროიდან (ძვ. წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისი) მოყოლებული ასურულ წარწერებში ჩნდება ცნობები ისრაელთა შესახებ, ზოგან იუდასა და ისრაელის მეფეების სახელებიც არის მოხსენიებული. ასურულ წარწერებს განეკუთვნება დეკორაციული წარწერები, როგორიცაა მაგალითად, სასახლეების კედლებზე ამოტვიფრული წარწერები; აგრეთვე სამეფო ანალები, მეფეთა სიები (ხორსაბადი) და ლიმუდ წოდებულ მოხელე ეპონიმთა სიები.
ასურული დეკორაციული წარწერები და ანალები. ალბერტ ოლმსტედი თავის წიგნში ასურული დეკორაციული წარწერების შესახებ წერს: „შეგვიძლია ანალებში [სამეფო მატიანე, რომელშიც მოვლენები წლების მიხედვით არის აღნუსხული] გამოტოვებული ცნობები შევავსოთ დეკორაციული წარწერებით, მაგრამ ეს წარწერები დედანს თუ არ შეესაბამება, მათი მნიშვნელობა უფასურდება“. ის აღნიშნავს, რომ ამ წარწერების მიზანი არ იყო მმართველებთან დაკავშირებული ისტორიის სრულად ჩვენება. შემდეგ დასძენს: „საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მათში იშვიათად არის დაცული ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ... აშკარაა, რომ ამ წარწერების ბრმად ნდობა არ შეიძლება“.
ანალების შესახებ ოლმსტედი ამბობს: „ჩვეულებრივ ქრონოლოგიაში შეიძლება აღმოვაჩინოთ შემთხვევით გაპარული თუ შეგნებულად დაშვებული შეცდომები, თუმცა შეფარდებითი ქრონოლოგია, ძირითადად, ზუსტია ... მაგრამ დარწმუნებით იმის თქმა, რომ ანალები ყოველთვის სანდოა, დიდი შეცდომა იქნებოდა. ადრე ისტორიკოსები, თუ უზუსტობის დამადასტურებელი აშკარა მტკიცებულება არ ჰქონდათ, ანალებს, როგორც წესი, სანდოდ მიიჩნევდნენ. თუმცა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აღმოჩენილი უამრავი ახალი მასალის მეშვეობით შესაძლებელია სარგონიდების ეპოქის დოკუმენტების კრიტიკული შეფასება ... ამას დავუმატოთ ცნობები უცხოური, მაგალითად, ებრაული და ბაბილონური წყაროებიდან და ანალების კვლევა-ძიების გარეშეც კი ცხადი ხდება, რომ ისინი სულაც არ არის სანდო“ (Assyrian Historiography, 1916, გვ. 5, 6).
ზემოაღნიშნულ აზრს იზიარებს პროფესორი დ. დ. ლაკენბილი. ის წერს: „კვლევა-ძიების დაწყებისთანავე აღმოვაჩენთ, რომ სამეფო მემატიანეების ძირითადი მიზანი არ იყო მეფეთა მმართველობის დროინდელი მოვლენების თანმიმდევრული აღწერა წლიდან წლამდე. ზოგჯერ გაურკვეველი მიზეზების გამო მემატიანეები ლაშქრობების თანმიმდევრობას ცვლიდნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისტორიული უზუსტობების მიზეზი მეფეების პატივმოყვარეობა იყო“ (Ancient Records of Assyria and Babylonia, 1926, ტ. I, გვ. 7).
მეფის მმართველობის განმავლობაში მემატიანეები პერიოდულად ანახლებდნენ ანალებს. განახლებულ ანალებში ისინი არა მარტო უახლეს მოვლენებს აღწერდნენ, არამედ მეფის სურვილისამებრ ამახინჯებდნენ მომხდარ ფაქტებსა და ძველ ციფრებს. პროფესორ ოლმსტედს მოჰყავს ასურბანიფალის მაგალითი, რომელმაც „უტიფრად მიითვისა მამამისის ორი უკანასკნელი გამარჯვება ეგვიპტეზე და ეს ისე თანდათანობით გააკეთა, რომ ბოლო ანალებში ყველა წარმატება მთლიანად მას მიეწერება“ (Assyrian Historiography, გვ. 7).
განგებ თუ შემთხვევით დაშვებული შეცდომების რაოდენობა ბევრად მეტია. მაგალითად, სახარკო სიებში ის მოხარკე მეფეებიც შეჰყავდათ, რომლებიც სხვა წყაროების თანახმად, იმ დროს ცოცხლები აღარ იყვნენ. აღმოსავლეთმცოდნე ჯორჯ სმითი მოიხსენიებს ასარხადონის დროინდელ სახარკო სიას, რომელიც 13 წლის შემდეგ მისი ვაჟის, ასურბანიფალის მმართველობის პერიოდს მიაკუთვნეს. იგი დასძენს: „ეს სია, სავარაუდოდ, ასარხადონის დროინდელი სიის ზუსტი ასლია. როგორც ჩანს, აზრად არავის მოსვლია იმის გადამოწმება, ისევ მეფობდნენ თუ არა სიაში მოხსენიებული მეფეები ან რეალურად იხდიდნენ თუ არა ხარკს“ (The Assyrian Eponym Canon, ლონდონი, 1875, გვ. 179).
მოხელე ეპონიმთა (ლიმუ) სიები. ზემოთქმულის მიუხედავად, თანამედროვე ისტორიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ მოხელე ეპონიმთა (ლიმუ) სიები გადაურჩა დამახინჯებას, ანუ თითქმის შეუცდომელია. ეს სიები მოიცავს მოხელეთა სახელებისა და მათი თანამდებობების ჩამონათვალს ან სახელებთან ერთად მოხსენიებულ ლაშქრობებსა თუ სხვა ღირსშესანიშნავ მოვლენებს. მაგალითად, ეპონიმთა ერთ-ერთ სიაში ვკითხულობთ:
ბელ-ხარან-ბელ-უსური
გუზანის (გამგებელი)
დამასკოს წინააღმდეგ
—
სალმანასარი
ტახტზე ავიდა
მარდუქ-ბელ-უსური
ამედის (გამგებელი)
ქვეყანაში
მახდე
ნინევეს (გამგებელი)
[სამარიის] წინააღმდეგ
ასურ-იშმეანი
[კაკზის] (გამგებელი)
[სამარიის] წინააღმდეგ
სალმანასარი
ასურეთის მეფე
[სამარიის] წინააღმდეგ
ამ სიაში მოხსენიებული არ არის თარიღები, მაგრამ მიჩნეულია, რომ თითოეული სახელი თითო წელს შეესაბამება, რის მიხედვითაც შესაძლებელია წლების თანმიმდევრულად დათვლა. თანამედროვე ისტორიკოსები ეპონიმების სიების მეშვეობით ცდილობენ, ასურული და ბიბლიური ისტორია ერთმანეთს მიუსადაგონ. ეს განსაკუთრებით ეხება ძვ. წ. 911— 649 წლებს, რომლებსაც ისინი ეპონიმთა სახელებს უკავშირებენ. ათვლის წერტილად ისინი მიიჩნევენ მზის დაბნელებას, რომელიც მოხსენიებულია გუზანას გამგებლის, ვინმე ბურ-საგალეს გვერდით. მზის დაბნელება მოხდა სივანის (მაის-ივნისი) თვეში, ისტორიკოსების ვარაუდით ძვ. წ. 763 წლის 15 ივნისს. ის, თუ რამდენად სანდოა ეს თარიღი და შეესაბამება თუ არა ასურული ისტორია იუდასა და ისრაელის ისტორიას, განხილულია ამ სტატიის ქვესათაურში „ასტრონომიული გამოთვლები“.
ვინაიდან ეპონიმთა სიები (ანალებისა თუ სხვა წარწერებისგან განსხვავებით) საკმაოდ მწირ ინფორმაციას გვაწვდის, აშკარაა, რომ მათში შეცდომების აღმოჩენის ალბათობაც საგრძნობლად მცირეა. თუ ეპონიმთა სიებსა და ანალებს შორის აშკარა შეუსაბამობა შეინიშნება, მაგალითად, როცა ამ ორ წყაროში ამა თუ იმ მეფის გალაშქრების თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა, თანამედროვე ისტორიკოსები, როგორც წესი, ეჭვქვეშ აყენებენ ანალების სანდოობას და უპირატესობას ეპონიმთა სიებს ანიჭებენ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ე. წ. ასურული სინქრონული ისტორიაც კი (ცნობილი ქვის ფილა, რომელიც მოკლედ აღწერს ასურეთ-ბაბილონის საუკუნოვან ურთიერთობებს) არ იმსახურებს სრულ ნდობას. პროფესორ ოლმსტედს მოჰყავს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ასურული სინქრონული ისტორია მხოლოდ და მხოლოდ მასზე ადრე შექმნილი დეკორაციული წარწერის ასლია. ის აგრეთვე დასძენს: „მაშასადამე, ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ ეს დოკუმენტი ისტორიულ წყაროდ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით; ეს არის უბრალოდ აშურისა [ასურეთის მთავარი ღვთაების] და მისი ხალხის განსადიდებლად გაკეთებული წარწერა ... აქედან გამომდინარე, აღარ გვაკვირვებს უამრავი შეცდომა, მათ შორის ის შეცდომები, რომლებიც მეფეების თანმიმდევრობას ეხება. ეს შეცდომები აკნინებს მის ისტორიულ ღირებულებას, რაც განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა გვინდა მისი გამოყენება რაღაცის დასამტკიცებლად“ (Assyrian Historiography, გვ. 32).
ნათელია, რომ ეპონიმთა სიებში არსებული სხვაობების გამო თანამედროვე მეცნიერებს ძალიან უჭირთ ზუსტი ქრონოლოგიის შედგენა, მით უფრო, რომ ამ საუკუნეობრივ ცნობებს აგროვებდნენ ის მემატიანეები, ვისთვისაც ისტორიული სიზუსტის დაცვა ბევრს არაფერს ნიშნავდა. ამასთანავე, თანამედროვე ისტორიკოსები თავს უფლებას აძლევენ, რომ შეასწორონ ასურულ ეპონიმთა სიები ან საერთოდ უგულებელყონ ისინი, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი აქვთ.
ზემოთ განხილულს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ თანამედროვე ისტორიკოსებმა ან სწორად ვერ გაიგეს ასურული ისტორიოგრაფია, ან თვითონ ისტორიოგრაფიაა ცუდად შედგენილი. ნებისმიერ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ბიბლიური ქრონოლოგიის ასურულ ქრონოლოგიასთან მისადაგება. ასე რომ, ამ ნაშრომში მოყვანილია ასურეთის ისტორიასა და ისრაელისა და იუდას ისტორიაში მომხდარი თანხვედრილი მოვლენები, რომლებზეც ბიბლია მოგვითხრობს და სანდოდ არის მიჩნეული.
ბაბილონური ქრონოლოგია. ბიბლიურ ისტორიაში ბაბილონი, ძირითადად, ნაბუქოდონოსორ II-ის დროიდან გვხვდება, რომლის მამის, ნაბუფალასარის მეფობით დაიწყო ე. წ. ახალბაბილონური სამეფოს ხანა. ეს სამეფო ნაბონიდისა და მისი ვაჟის, ბელშაცარის მეფობის დროს სპარსეთის მეფე კიროსმა დაამხო. ეს ისტორიული ეპოქა ბიბლეისტებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ვინაიდან ის მოიცავს ბაბილონის მიერ იერუსალიმის განადგურებასა და ბაბილონში ებრაელთა 70-წლიანი გადასახლების პერიოდის უდიდეს ნაწილს.
იერემიას 52:28-ში ვკითხულობთ, რომ იუდეველთა პირველი ნაკადი ნაბუქოდონოსორის მეფობის მეშვიდე წელს ბაბილონში იქნა გადასახლებული. ეს ცნობა შეესაბამება ბაბილონური ქრონიკის (BM 21946) ერთ-ერთ ლურსმულ წარწერას: „მეშვიდე წელი: ქისლიმუს თვეში აქადის მეფემ შეკრიბა თავისი ჯარი და ხათუსკენ გაემართა. დაბანაკდა იუდას ქალაქთან, ადარის თვის მეორე დღეს აიღო (და მისი) მეფე [იეჰოიაქინი] დაატყვევა. ქალაქის მეფედ დანიშნა [ციდკია] (და) დიდძალი ხარკით დაბრუნდა ბაბილონში“ (Assyrian and Babylonian Chronicles, ა. კ. გრეისონი, 1975, გვ. 102; შდრ. 2მფ. 24:1—17; 2მტ. 36:5—10; სურათი, ტ. 2, გვ. 326). ქრონიკის სახით ისტორიული ცნობები ნაბუქოდონოსორის მეფობის ბოლო 32-წლიანი მონაკვეთის შესახებ არ მოიპოვება, თუ არ ჩავთვლით ფრაგმენტულ წარწერას, რომელშიც მოხსენიებულია ნაბუქოდონოსორის გალაშქრება ეგვიპტეზე მისი მეფობის 37-ე წელს.
რაც შეეხება აველ-მარდუქს (2მფ. 25:27, 28-ში ევილ-მეროდაქი), აღმოჩენილია ფილები, რომლებიც მისი მეფობის მეორე წლითაა დათარიღებული. როგორც ცნობილია, მის შემდეგ გამეფდა ნერიგლისარი. არსებობს საქმიანი შინაარსის დოკუმენტები, რომლებიც მისი მეფობის მეოთხე წლით არის დათარიღებული.
ბაბილონური ქრონოლოგიის ბიბლიურ ქრონოლოგიასთან დაკავშირებაში ბაბილონური თიხის ფირფიტა გვეხმარება. მასზე დატანებულია ასტრონომიული ცნობები, რომლებიც კიროს II-ის ვაჟის, კამბისე II-ის მეფობის მე-7 წელთანაა დაკავშირებული. წარწერა შემდეგი შინაარსისაა: „მე-7 წელი, თამუზი, მე-14 ღამე, 12⁄3 ორმაგი საათი [სამი საათი და ოცი წუთი] დაღამებიდან, მთვარის დაბნელება; ჩანდა სრული ციკლი; დაიფარა [მთვარის] დისკოს ჩრდილოეთი ნაწილი. ტებეთუ, მე-14 ღამე, ორ-ნახევარი ორმაგი საათი [ხუთი საათი] ღამით, გათენებამდე [ღამის ბოლო ფაზა]; მთვარის დაბნელება; ჩანდა სრული ციკლი; დაიფარა [მთვარის] დისკოს სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილი“ (Inschriften von Cambyses, König von Babylon, ი. ნ. შტრასმაიერი, ლაიფციგი, 1890, № 400, სტრიქონები 45—48; Sternkunde und Sterndienst in Babel, ფ. ქ. კუგლერი, მიუნსტერი, 1907, ტ. I, გვ. 70, 71). მთვარის ეს ორი დაბნელება შეგვიძლია გავაიგივოთ მთვარის იმ ორ დაბნელებასთან, რომლებიც ბაბილონში ძვ. წ. 523 წლის 16 ივლისსა და ძვ. წ. 522 წლის 10 იანვარს მოხდა (Canon of Eclipses, თ. ოპოლცერი, ნათარგმნია ო. გინგრიხის ინგლისური თარგმანიდან, 1962, გვ. 335). ამ ფირფიტაზე დატანებული ცნობის თანახმად, კამბისე II-ის მეფობის მეშვიდე წელი ძვ. წ. 523 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
თუკი კამბისე II-ის მეფობის მეშვიდე წელი ძვ. წ. 523 წლის გაზაფხულზე დაიწყო, მისი მეფობის პირველი წელი ძვ. წ. 529 წელი, ხოლო მისი ტახტზე ასვლისა და კიროს II-ის, როგორც ბაბილონის მეფის, მეფობის ბოლო წელი ძვ. წ. 530 წელი იქნებოდა. კიროს II-ის დროინდელ უკანასკნელ ფირფიტაზე მოხსენიებულია მისი მეფობის მე-9 წლის მე-5 თვის 23-ე დღე (Babylonian Chronology, 626 B.C.–A.D. 75, რ. პარკერი და ვ. დუბერშტაინი, 1971, გვ. 14). თუ კიროს II-ის, როგორც ბაბილონის მეფის, მმართველობის მეცხრე წელი ძვ. წ. 530 წელი იყო, მაშინ მისი მეფობის პირველი წელი იქნებოდა ძვ. წ. 538 წელი, ხოლო მისი ტახტზე ასვლის წელი — ძვ. წ. 539 წელი.
ბეროსე. ძვ. წ. III საუკუნეში მოღვაწე ბაბილონელმა ქურუმმა ბეროსემ, სავარაუდოდ, ლურსმულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ბერძნულად დაწერა ბაბილონის ისტორია. მისი ნაშრომის შესახებ პროფესორი ოლმსტედი წერდა: „ჩვენთვის სულ რამდენიმე ფრაგმენტია ხელმისაწვდომი, თანაც ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანმა ფრაგმენტებმა ჩვენამდე მეტად უცნაური გზით მოაღწია. დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ უახლესი ლათინური თარგმანით, რომელიც ევსები კესარიელის მატიანის დაკარგული ბერძნული ორიგინალის სომხური თარგმანიდან გაკეთდა. ევსები ნაწილობრივ დაესესხა ალექსანდრე პოლიჰისტორს, რომელიც უშუალოდ ბეროსეს ნაშრომიდან ციტირებდა, ნაწილობრივ კი — აბიდენუსს, რომელიც, სავარაუდოდ, იუბას დაესესხა, ხოლო იუბა — ალექსანდრე პოლიჰისტორს და შესაბამისად ბეროსეს. საქმეს ისიც ართულებს, რომ ევსებიმ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ აბიდენუსის ცნობები მხოლოდ უბადრუკი ექოა პოლიჰისტორისა, და მათი სიტყვები გვერდიგვერდ მოიყვანა. კიდევ უარესი ის არის, რომ ევსებიმ პოლიჰისტორის მდარე ხარისხის ხელნაწერით ისარგებლა, თუმცა პოლიჰისტორისგან მის მიერ ნასესხები ცნობები ზოგადად უფრო სარწმუნოდ ითვლება“ (Assyrian Historiography, გვ. 62, 63). ახ. წ. პირველ საუკუნეში მოღვაწე ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ირწმუნება, რომ უშუალოდ ბეროსეს ციტირებს. თუმცა შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა, რომ ის ქრონოლოგიური ცნობები, რომლებიც ბეროსეს მიეწერება, სარწმუნოა.
არსებული სხვაობების სხვა მიზეზები. ძველი მსოფლიოს ისტორიის შემსწავლელები ხშირად ექცევიან მცდარი აზრის გავლენაში და ფიქრობენ, რომ თიხის ფირფიტებზე (მაგალითად ისეთებზე, როგორსაც შესაძლოა ბეროსე იყენებდა) მოვლენები მათი მსვლელობის პარალელურად ან მათი დასრულებისთანავე იწერებოდა. მაგრამ აშკარაა, რომ ბაბილონელთა ისტორიული შინაარსის წარწერები და თვით მრავალი ასტრონომიული ტექსტი, თუ არ ჩავთვლით საქმიან საბუთებს, გაცილებით გვიან არის შექმნილი. ასირიოლოგი დ. ჯ. უაიზმანი ე. წ. ბაბილონური ქრონიკის ერთ-ერთი ნაწყვეტის შესახებ, რომელშიც აღწერილია ნაბუნასარის მმართველობიდან შამაშ-შუმუქინის მმართველობამდე არსებული პერიოდი (თანამედროვე ისტორიკოსების აზრით ძვ. წ. 747—648), აღნიშნავს, რომ ეს არის „ძველი და დაზიანებული დოკუმენტის ასლი, რომელიც დარიოსის [სქოლიოში ვკითხულობთ: თუ ეს იყო დარიოს I, ესე იგი ძვ. წ. 500-499] მეფობის ოცდამეორე წელს შეიქმნა“ (Chronicles of Chaldaean Kings, ლონდონი, 1956, გვ. 1). როგორც ვხედავთ, ამ წარწერას მასში აღწერილი მოვლენებიდან 150—250 წელი აშორებს და თანაც ის არის ასლი ძველი, დაზიანებული დოკუმენტისა, რომელიც ან იყო დედანი, ან არა. ახალბაბილონური ქრონიკების შესახებ, რომლებიც მოიცავს პერიოდს ნაბოფალასარის მმართველობიდან ნაბონიდის მმართველობამდე, უაიზმანი აღნიშნავს: „ახალბაბილონური ქრონიკის ტექსტები შესრულებულია ისეთი ტიპის მცირე ზომის ასოებით, რომ მათი ზუსტად დათარიღება რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლებოდა დაწერილიყო მათში აღწერილი მოვლენების მოხდენიდან აქემენიდების მმართველობის დასასრულამდე არსებულ ნებისმიერ შუალედში“. აქედან გამომდინარე, სავსებით დასაშვებია, რომ ეს ტექსტები უფრო გვიან, სპარსეთის იმპერიის დაცემის პერიოდში დაიწერა, კერძოდ ძვ. წ. 331 წელს ანუ ბაბილონის დაცემიდან 200 წლის შემდეგ. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადვილად შესაძლებელია წარმართ გადამწერებს საუკუნეების განმავლობაში დაემახინჯებინათ მონაცემები, მათ შორის ციფრები. ამ ყოველივეს გათვალისწინებით გონივრული არ იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ახალბაბილონური სამეფოს მეფეთა მმართველობის ტრადიციულად მიჩნეული წლები სრულიად სანდოა.
ვინაიდან არ არსებობს თანადროული ისტორიული ჩანაწერები და ისტორიული თარიღების შეცვლის ალბათობაც დიდია, სრულიად შესაძლებელია, რომ ახალბაბილონური სამეფოს სულ მცირე ერთი მეფის მმართველობის წლები იმაზე მეტს ითვლიდეს, ვიდრე ეს ტრადიციულად არის დადგენილი. ამ მოსაზრების გასაბათილებლად არ გამოგვადგება ის ფაქტი, რომ მათი მეფობის ბოლო წლების ამსახველი წერილობითი წყაროები არ არის აღმოჩენილი. მართალია, ზოგიერთი მეფის მმართველობის ბოლო წლების ამსახველი ფილები არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ მათ უფრო დიდხანს იმმართველეს. მაგალითად, არც არტაქსერქსე II-ის (ოქოსი, რომელიც ისტორიკოსების აზრით, 21 წელს მეფობდა [ძვ. წ. 358—338]) და არც არსესის (მეფობდა 2 წელს [ძვ. წ. 337—336]) მეფობის ხანგრძლივობის დამადასტურებელი მათი თანამედროვე ლურსმული წყაროები არ მოიპოვება.
ფაქტობრივად, ისტორიკოსებს იმის დადგენაც უჭირთ, რომელ პერიოდს მიაკუთვნონ ის ზოგიერთი ბაბილონელი მეფე, რომელთა შესახებაც ჩანაწერები მოეპოვებათ. პროფესორი ა. უ. ალი აღნიშნავს: „ბორსიპაში აღმოჩენილი საქმიანი შინაარსის ფირფიტებზე უცნობი ბაბილონელი მეფეების სახელებია ამოტვიფრული. როგორც უნგნადი ვარაუდობს, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ მეფეების მმართველობის წლები ემთხვეოდეს დარიოს I-ის მეფობის ბოლო წლებს და ქსერქსე I-ის მეფობის დასაწყისს“. და მაინც, ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია (Outline of Persian History, 1922, გვ. 84).
სპარსული ქრონოლოგია. სპარსელთა ბატონობის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიბლიური მოვლენა მოხდა: ბაბილონის დაცემა, კიროსის მიერ იუდეველების გათავისუფლება და იუდას მიწის 70-წლიანი გაპარტახების დასრულება; იერუსალიმის ტაძრის აღდგენა, რომელიც „მეფე დარიოსის [დარიოს I სპარსელი] მეფობის მეექვსე წელს“ დასრულდა; ნეემიას მიერ იერუსალიმის გალავნის აღდგენა იმ ბრძანებულების თანახმად, რომელიც არტაქსერქსე მაკროქეირმა (მხარგრძელი) თავისი მეფობის მე-20 წელს გამოსცა (2მტ. 36:20—23; ეზრ. 3:8—10; 4:23, 24; 6:14, 15; ნემ. 2:1, 7, 8).
ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემას პტოლემეს მეფეთა ქრონოლოგიური კანონის გარდა სხვა ისტორიული წყაროებიც მოწმობს. ისტორიკოსების დიოდორეს, აფრიკანუსისა და ევსების ცნობით, სპარსეთზე კიროსის მეფობის პირველი წელი ემთხვევა 55-ე ოლიმპიადის 1-ლ წელს (ძვ. წ. 560-559), მაშინ როცა კიროსის მეფობის ბოლო წელი ემთხვევა 62-ე ოლიმპიადის მე-2 წელს (ძვ. წ. 531-530). ლურსმული წარწერების თანახმად, კიროსი ბაბილონზე ცხრა წელს მეფობდა, რასაც ბაბილონის დაპყრობის თარიღთან, ძვ. წ. 539 წელთან მივყავართ (Handbook of Biblical Chronology, ჯ. ფინეგანი, 1964, გვ. 112, 168—170; Babylonian Chronology, 626 B.C.–A.D. 75, გვ. 14; იხ. ამავე სტატიაში ქვესათაური „ბაბილონური ქრონოლოგია“; იხ. აგრეთვე ᲡᲞᲐᲠᲡᲔᲗᲘ, ᲡᲞᲐᲠᲡᲔᲚᲔᲑᲘ).
ჩვენამდე მოღწეულია წარწერები სპარსელი მეფეების შესახებ, მაგრამ ამ წარწერების მეშვეობით შეუძლებელია მათი მეფობის ხანგრძლივობის დადგენა. მაგალითად, პერსეპოლისში აღმოჩენილ რამდენიმე დათარიღებულ თიხის ფირფიტაზე მეფეთა სახელები არ მოიხსენიება.
ასტრონომიული გამოთვლები. არსებობს მოსაზრება, რომ „ასტრონომიული გამოთვლებით შესაძლებელია შეფარდებითი ქრონოლოგიის [ისეთი, რომელიც მხოლოდ მოვლენათა თანმიმდევრობას ადგენს] გარდაქმნა აბსოლუტურ ქრონოლოგიად, რაც მოქმედი კალენდრის მიხედვით მოვლენათა დათარიღებას ნიშნავს“ (The Old Testament World, მარტინ ნოთი, 1966, გვ. 272). მართალია, ადამიანს დროის გაზომვა ციურ სხეულებზე დაკვირვებით შეუძლია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ასტრონომიული მონაცემების დაკავშირება წარსულში მომხდარ მოვლენებთან სხვადასხვა ფაქტორსა და ადამიანის თავისებურ გაგებაზეა დამოკიდებული, რაც ცდომილებას არ გამორიცხავს.
მრავალი ასტრონომიული მონაცემის ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებას საფუძვლად უდევს მზის ან მთვარის დაბნელება. თუმცა „ამა თუ იმ ქალაქში ყოველ 50 წელიწადში მთვარის დაბნელება საშუალოდ 40-ჯერ ხდება, მზის ნაწილობრივი დაბნელება — 20-ჯერ, მზის ერთი სრული დაბნელება კი — მხოლოდ 400 წელიწადში ერთხელ“ (Encyclopædia Britannica, 1971, ტ. 7, გვ. 907). ამგვარად, ასტრონომიულად გამოთვლილი თარიღი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ზუსტად, თუ ამა თუ იმ ისტორიულ წყაროში დაზუსტებით არის ნათქვამი, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მზის სრული დაბნელება მოხდა. ძველი ლურსმული წარწერების (ან სხვა ისტორიული წყაროების) უმეტესობა ასეთ კონკრეტულ ინფორმაციას, როგორც წესი, არ შეიცავს.
მზის ერთ-ერთი დაბნელების საფუძველზე ისტორიკოსები ასურულ ქრონოლოგიას ბიბლიურ ქრონოლოგიას უკავშირებენ. ასურულ ეპონიმთა სიაში ნათქვამია, რომ დაბნელება მოხდა ეპონიმ ბურ-საგალეს მესამე თვეს (დაწყებული გაზაფხულიდან). თანამედროვე ისტორიკოსების გამოთვლით, მზის დაბნელება ძვ. წ. 763 წლის 15 ივნისს მოხდა. თუ ამ თარიღიდან 90 წელს ანუ ეპონიმთა სიიდან 90 სახელს გადავითვლით, მივალთ ძვ. წ. 853 წელთან, კერძოდ, სალმანასარ III-ის მეფობის მე-6 წელს მომხდარი კარკარის ბრძოლის თარიღთან. ისტორიკოსების მტკიცებით, სალმანასარი ისრაელის მეფე ახაბს ასურეთის წინააღმდეგ მებრძოლი მტრის მოკავშირედ ასახელებს. 12 წლის შემდეგ (სალმანასარის მეფობის მე-18 წელი) სალმანასარი ისრაელის მეფე იეჰუს მოხარკედ მოიხსენიებს. ამრიგად, ძვ. წ. 853 წელს ახაბის მეფობის ბოლო წლად მიიჩნევენ, ხოლო ძვ. წ. 841 წელს იეჰუს მმართველობის დასაწყისად. მაგრამ, რამდენად სწორია ეს გამოთვლები?
მართალია, მეცნიერები თვლიან, რომ ზემოხსენებული მზის დაბნელება სრული იყო, მაგრამ ეპონიმთა სიაში ეს არ წერია. ისტორიკოსთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს ის მზის დაბნელებაა, რომელიც ძვ. წ. 763 წელს მოხდა, რასაც ბევრი მეცნიერი არ ეთანხმება. ზოგის აზრით, იგი ძვ. წ. 809 წელს მოხდა. მზის ეს დაბნელება ასურეთში ნაწილობრივ გამოჩნდებოდა (როგორც ძვ. წ. 857, 817 წლებში და ა. შ.) (Canon of Eclipses, თ. ოპოლცერი, ცხრილი 17, 19, 21). თანამედროვე ისტორიკოსები ზემოხსენებული მზის დაბნელების თარიღის, კერძოდ ძვ. წ. 763 წლის შეცვლის წინააღმდეგნი არიან იმ მოსაზრებით, რომ ეს მთლიანად შეცვლის ასურეთის ისტორიას, მაგრამ ფაქტია, რომ ასურელებმა თავიდანვე გააბუნდოვანეს თავიანთი ისტორია.
გარდა ამისა, საეჭვოა, რომ კარკარის ბრძოლაში მეფე ახაბს მონაწილეობა მიეღო. ახაზიასა და იეჰორამის (მეფობდნენ ახაბის შემდეგ იეჰუმდე) მეფობის წლები 12-მდეც რომ შევამციროთ (შდრ. 1მფ. 22:40, 51; 2მფ. 1:2, 17; 3:1), არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტები იმისა, რომ კარკარის ბრძოლა ახაბის დროს მოხდა. ის ფაქტი, რომ სალმანასარი იეჰუს ახსენებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი მაინცდამაინც იეჰუს მეფობის პირველ წელს გულისხმობს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ასურელები თავიანთი ლაშქრობის წლებს ცვლიდნენ და ზოგიერთ მეფეს მიაწერდნენ ხარკის აღებას იმ მეფეთაგან, რომლებიც ცოცხლები აღარ იყვნენ, ეს კიდევ უფრო აუფასურებს ისტორიული თარიღების სინქრონიზაციას. თანდართული ცხრილიდან „იუდასა და ისრაელის მეფეების დროს მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენები“ ჩანს, რომ ახაბი მოკვდა დაახლოებით ძვ. წ. 920 წელს და იეჰუ გამეფდა ძვ. წ. 904 წელს.
პტოლემეს მეფეთა კანონი. ბერძენი ასტრონომი კლავდიოს პტოლემე ახ. წ. მეორე საუკუნეში მოღვაწეობდა ანუ ახალბაბილონური სამეფოს დაცემიდან 600 წელზე მეტი ხნის შემდეგ. მისი კანონი ანუ მეფეთა სია მისივე ასტრონომიულ ნაშრომებს უკავშირდება. თანამედროვე ისტორიკოსთა უმეტესობა ნდობით ეკიდება ინფორმაციას, რომელსაც პტოლემე გვაწვდის ახალბაბილონური სამეფოს მეფეებისა და მათი მმართველობის წლების შესახებ.
როგორც ჩანს, პტოლემემ თავისი ისტორიული ნაშრომი სელევკიდთა მმართველობის დროინდელ წყაროებზე დააფუძნა. მათი მმართველობა კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობიდან 250 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაიწყო. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ პტოლემეს მონაცემები ემთხვევა სელევკიდების ეპოქაში მოღვაწე ბაბილონელი ქურუმის, ბეროსეს მონაცემებს.
მთვარის დაბნელების შემთხვევები. ამ მოვლენას იყენებენ პტოლემეს მეფეთა კანონისა და ლურსმული ტექსტების საფუძველზე დადგენილი თარიღების დასაზუსტებლად, რომლებიც ახალბაბილონური სამეფოს მეფეებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ პტოლემემ შეიძლება სწორად გამოთვალა და აღრიცხა წარსულში მომხდარი ესა თუ ის მთვარის დაბნელება (თანამედროვე ასტრონომების გამოთვლით პტოლემეს მიერ აღრიცხული თარიღების 60% ზუსტია), ეს არ ნიშნავს, რომ მან ზუსტად გადმოსცა ისტორიული ცნობები, ანუ მას ყოველთვის ისტორიული ფაქტების საფუძველზე არ დაუკავშირებია მთვარის დაბნელების შემთხვევები ამა თუ იმ მეფის მმართველობასთან.
მთვარის დაბნელების მიხედვით რომ წლების გამოანგარიშება მთლად სანდო არ არის, ამას ჰეროდე დიდის სიკვდილის თარიღიც მოწმობს. იოსებ ფლავიუსის ნაშრომიდან („იუდეველთა სიძველენი“, XVII, 167 [vi, 4], XVII, 188—214 [viii, 1-ix, 3], ინგლ.) ვიგებთ, რომ ჰეროდე მთვარის დაბნელებიდან მალევე, პასექის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოკვდა. მეცნიერები ჰეროდეს სიკვდილის თარიღად ძვ. წ. 4 წელს ასახელებენ და ამას 11 მარტს (იულიუსის კალენდრის მიხედვით 13 მარტი) მომხდარი დაბნელებით ასაბუთებენ. ამ გამოთვლის საფუძველზე ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი იესოს დაბადების თარიღად ძვ. წ. 5 წელს მიიჩნევს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ძვ. წ. 4 წელს მთვარე მხოლოდ 36%-ით იყო დაბნელებული და დილაადრიან მის დაბნელებას მხოლოდ ერთეულები თუ შეამჩნევდნენ. მთვარის ორი დაბნელება ძვ. წ. 1-ლ წელს მოხდა, რომლებიც შეიძლება პასექამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ დაბნელებად მივიჩნიოთ. 27 დეკემბერს (იულიუსის კალენდრით 29 დეკემბერი) მომხდარი მთვარის ნაწილობრივი დაბნელება შესაძლოა იერუსალიმში გამოჩენილიყო, თუმცა ადვილად თვალშისაცემი არ იქნებოდა. ოპოლცერის ნაშრომის თანახმად (Canon of Eclipses, გვ. 343), მთვარე დედამიწის ჩრდილიდან გამოდიოდა, როცა იერუსალიმში ბინდი ჩამოწვა, ხოლო როცა დაბნელდა, მთვარე უკვე მთლიანად ანათებდა. აღსანიშნავია, რომ პროფესორების მანფრედ კუდლეკისა და ერიკ მიკლერის მთვარის დაბნელებათა ვრცელ სიაში ეს დაბნელება არ არის შესული. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე უცნობია, რა დონეზე შეიმჩნეოდა მთვარის ეს დაბნელება იერუსალიმში, ან საერთოდ შეიმჩნეოდა თუ არა. ზემოხსენებულ ორ დაბნელებასთან შედარებით უფრო თვალშისაცემი იყო ძვ. წ. 1-ლი წლის 8 იანვარს (იულიუსის კალენდრით 10 იანვარი) შუაღამისას მომხდარი დაბნელება. ეს იყო სრული დაბნელება, რომლის დროსაც მთვარე 1 საათი და 41 წუთი საერთოდ არ ჩანდა. ამას კი ნებისმიერი მღვიძარე შეამჩნევდა, ცა მოღრუბლული რომც ყოფილიყო. მაშასადამე, ზემოხსენებულ წლებში პასექამდე ცოტა ხნით ადრე მთვარის დაბნელება რამდენჯერმე მოხდა. დღეს ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იმის თქმა შეიძლება, რომ ყველაზე შესამჩნევი ძვ. წ. 1-ლი წლის 8 იანვრის დაბნელება იყო (Solar and Lunar Eclipses of the Ancient Near East From 3000 B.C. to 0 With Maps, მ. კუდლეკი, ე. მიკლერი; ნოიკირხენ-ფლუინ, გერმანია; 1971, ტ. I, გვ. 156).
აღსანიშნავია, რომ ყველა ტექსტი, რომლებსაც ისტორიკოსები ძველი ისტორიული მოვლენებისა თუ ეპოქების დასათარიღებლად იყენებენ, არ ეფუძნება მთვარის დაბნელებას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ასტრონომიული ცხრილები, რომლებშიც აღწერილია ბაბილონში ერთ კონკრეტულ დღეს ზოგიერთი პლანეტისა და მთვარის მდებარეობა (ზოგიერთ ვარსკვლავთან ან თანავარსკვლავედთან მიმართებით) მისი ამოსვლისა და ჩასვლის დროს (მაგალითად, „მთვარე მდებარეობდა ლომის თანავარსკვლავედის უკანა თათის წინ ერთი წყრთის მოშორებით“). თანამედროვე ისტორიკოსთა აზრით, ვარსკვლავებისა და მთვარის ამგვარი განლაგება ათასწლეულებში ერთხელ ხდება. ასტრონომიული ცხრილები შეიცავს მინიშნებებს ზოგიერთი მეფის მმართველობის წლებზე, რომლებიც ერთი შეხედვით ემთხვევა პტოლემეს მეფეთა კანონში მოცემულ მეფეთა მმართველობის თარიღებს. ზოგისთვის ეს შეიძლება მყარი არგუმენტი იყოს, მაგრამ არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც მას ეჭვქვეშ აყენებს.
პირველი ფაქტორი ისაა, რომ ბაბილონიდან ციურ სხეულებზე დაკვირვების შედეგები შეიძლება ბოლომდე ზუსტი არ ყოფილიყო. ბაბილონელი ასტრონომები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ციურ მოვლენებს, რომლებიც ჰორიზონტის სიახლოვეს ხდებოდა მზისა და მთვარის ჩასვლა-ამოსვლის დროს. თუმცა საგულისხმოა, რომ ბაბილონიდან ჰორიზონტი ხშირად ცუდად მოჩანს ქვიშიანი ქარიშხლის გამო. ამ ფაქტორებთან დაკავშირებით პროფესორი ო. ნოიგებაუერი აღნიშნავდა, რომ პტოლემე „[ძველი ბაბილონიდან] პლანეტებზე წარმოებული სანდო დაკვირვებების ნაკლებობას უჩიოდა. იგი [პტოლემე] აღნიშნავს, რომ ძველი დაკვირვებები არაკომპეტენტური იყო, რადგან ისინი ეხებოდა ციური სხეულების გამოჩენისა და დამალვის დროსა და დგომის წერტილებს, რაზე დაკვირვებაც ძალიან რთულია“ (The Exact Sciences in Antiquity, 1957, გვ. 98).
მეორე ფაქტორი ისაა, რომ ნაპოვნი ასტრონომიული ცხრილების უმეტესობა შედგენილია არა ახალბაბილონური თუ სპარსეთის იმპერიების დროს, არამედ სელევკიდების ეპოქაში (ძვ. წ. 312—65), თუმცა მათში მოცემული მონაცემები იმ ადრეულ პერიოდებს ეხება. ისტორიკოსთა ვარაუდით, ეს ცხრილები ძველი დოკუმენტების ასლებია. ახალბაბილონური თუ სპარსეთის დროინდელი (ძვ. წ. VII ს-ის მეორე ნახევრიდან ძვ. წ. IV ს-ის მეორე ნახევრამდე) ასტრონომიული ცხრილები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სრული ქრონოლოგიის შედგენა, არ მოიპოვება.
დაბოლოს, შეიძლება აღმოჩენილ ტექსტებში ასტრონომიული მონაცემები (როგორც დღეს განმარტავენ) ძირითადად ზუსტი იყოს, როგორც ეს პტოლემეს ნაშრომშია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ამტკიცებს თანმდევი ისტორიული ცნობების უტყუარობას. როგორც პტოლემემ მის ხელთარსებული ცნობების საფუძველზე აიღო მეფეთა მმართველობის წლები და მათ დაუკავშირა ესა თუ ის ასტრონომიული თარიღი (თავისი შეხედულებისამებრ), ისე შესაძლოა სელევკიდების ეპოქის ასტრონომიული ტექსტების შემდგენლებმა (ან გადამწერებმა) თავიანთ ასტრონომიულ ტექსტებში შეიტანეს იმ დროს აღიარებული ქრონოლოგიური მონაცემები. სავსებით შესაძლებელია, რომ ზემოხსენებულ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით ამ საყოველთაოდ აღიარებულ მონაცემებში შეცდომები იყო. მოვიყვანოთ მაგალითი. ძველ ასტრონომს ან მემატიანეს შესაძლოა დაეწერა, რომ ესა თუ ის ციური მოვლენა მოხდა იმ წელს, რომელიც ჩვენი კალენდრით ძვ. წ. 465 წელს ემთხვევა და ამ მონაცემის უტყუარობა შეიძლება ზუსტი გამოთვლების შედეგად დადასტურდეს. მაგრამ მას შეიძლება ისიც დაეწერა, რომ ეს ციური მოვლენა (ძვ. წ. 465 წელი) მოხდა ქსერქსეს მეფობის 21-ე წელს, რაც შეიძლება არასწორი ყოფილიყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასტრონომიული სიზუსტე არ არის ისტორიული სიზუსტის გარანტია.
არქეოლოგიური დათარიღება. გათხრების დროს მოპოვებული მასალის დათარიღებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილულია სტატიაში ᲐᲠᲥᲔᲝᲚᲝᲒᲘᲐ. მოკლედ შეიძლება აღინიშნოს, რომ თარიღის მქონე წარწერების არარსებობის შემთხვევაში თარიღების დადგენა სხვა ნივთიერი მასალის (მაგალითად, თიხის ნატეხები) საფუძველზე შეიძლება მხოლოდ მიახლოებითი იყოს. მაგალითად, არქეოლოგმა შეიძლება თქვას, რომ ამ გორაზე ეს კონკრეტული მიწის შრე და მასში არსებული მასალები მიეკუთვნება დაახლოებით იმავე პერიოდს (ან უფრო ადრინდელ, ან გვიანდელ პერიოდს), რომელსაც გარკვეული შრე — სხვა გორაზე. ასე დგინდება ზოგადი ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, რომელიც გამუდმებით ექვემდებარება შესწორებას. შესწორებული თარიღი ზოგჯერ ასობით წლით განსხვავდება ძველი თარიღისგან. მაგალითად, 1937 წელს ჯ. ბარტონმა „ადრეული ბრინჯაოს ხანის“ თიხის ნატეხები დაათარიღა ძვ. წ. 2500—2000 წლებით, ერთი წლის შემდეგ კი უ. ოლბრაიტმა — ძვ. წ. 3200—2200 წლებით.
ჯორჯ ერნესტ რაიტი აღნიშნავს: „ამ სფეროში იშვიათად გვაქვს საქმე უდავო ფაქტებთან. საჭიროა ჰიპოთეზების აგება, რომლებიც მეტ-ნაკლებად სავარაუდოა. ამ ჰიპოთეზების სანდოობა დამოკიდებულია მათი [არქეოლოგების] უნარზე, ახსნან და ერთმანეთს დაუკავშირონ განსხვავებული მონაცემები, თუმცა ნებისმიერ დროს ახალმა მონაცემებმა შეიძლება საჭირო გახადოს ამ ჰიპოთეზის გადახედვა ან აიძულოს მეცნიერი, განსხვავებულად ჩამოაყალიბოს ის“ (Shechem, The Biography of a Biblical City, 1965, წინასიტყვაობა, გვ. 16).
ამას მეტ ნათელს ჰფენს ერთ-ერთი არქეოლოგიური ნაშრომი, რომელიც გამოჩენილი არქეოლოგების მოსაზრებების მოკლე მიმოხილვას შეიცავს „შეფარდებითი ქრონოლოგიის ცვალებადი სისტემის“ შესახებ (Chronologies in Old World Archaeology, რობერტ ერიხის რედაქციით, 1965 წლის გამოცემა, რომელმაც შეცვალა 1954 წლის გამოცემა). წინასიტყვაობაში ნათქვამია: „ამ წიგნის მიზანია, თანმიმდევრულად მოიყვანოს ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა მხარის ქრონოლოგია ისე, როგორც ის ამ მხარეთა მცოდნეებს 1964 წელს მიაჩნდათ. ახალი მონაცემების მიუხედავად, ზოგადი სურათი საკმაოდ ბუნდოვანია, ის მონაცემები კი, რომლებსაც მომავალში მიიღებენ, ზოგ დასკვნას მოძველებულს გახდის და ეს შეიძლება ამ წიგნის დაბეჭდვამდეც მოხდეს“ (გვ. 7). ეს გასათვალისწინებელია არქეოლოგების მიერ დადგენილი თარიღების შეფასებისას, რომლებიც ეხება მაგალითად ქალაქ იერიხონის ასაკს ან ისრაელის მიერ პალესტინის დაპყრობის პერიოდს.
კლასიკური ხანის ისტორიკოსები. ამ სტატიაში „კლასიკური“ მიუთითებს ძველ ბერძნულ-რომაულ კულტურასა და ეპოქაზე. ზოგიერთი კლასიკური ისტორიკოსის თხზულებები ნათელს ჰფენს საბერძნეთისა და რომის ისტორიას, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები მათ მიმართავენ ძველი ეგვიპტის, ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, სირიისა და პალესტინის ისტორიულ ჩანაწერებში არსებული სიცარიელეების შესავსებად და ზოგიერთი მონაცემის დასადასტურებლად. ძველ ბერძენ ისტორიკოსებს შორის არიან: ჰეროდოტე (დაახლ. ძვ. წ. 484—425), თუკიდიდე (დაახლ. ძვ. წ. 471—401), ქსენოფონტი (დაახლ. ძვ. წ. 431—352), ქტესია (ძვ. წ. V—IV სს.) და ძვ. წ. პირველ საუკუნეში მოღვაწე სტრაბონი, დიოდორე სიცილიელი და ალექსანდრე პოლიჰისტორი, აგრეთვე ახ. წ. პირველ-მეორე საუკუნეში მცხოვრები პლუტარქე. რომაელი ისტორიკოსები არიან: ტიტუს ლივიუსი (ძვ. წ. 59—ახ. წ. 17) და მისი თანამედროვე პომპეუს ტროგუსი, აგრეთვე პლინიუს უფროსი (ახ. წ. 23—79) და სავარაუდოდ ლიბიაში დაბადებული სექსტუს იულიუს აფრიკანუსი (ახ. წ. III ს.). მათ გარდა, ინფორმაციის მთავარ წყაროებად ითვლებიან: მანეთონი და ბეროსე (მათზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ), ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი, რომლის ჩანაწერებიც გამოსადეგია ახ. წ. პირველი საუკუნის ისტორიის გამოსაკვლევად (თუმცა ჩვენამდე მოღწეული მისი ცნობები ადგილ-ადგილ ერთმანეთს ეწინააღმდეგება), და საეკლესიო ისტორიის დამწერი და კესარეის ეპისკოპოსი ევსები (დაახლ. ახ. წ. 260—340).
ყველა ეს ისტორიკოსი ასურული და ახალბაბილონური პერიოდის შემდეგ ცხოვრობდა, მათგან მხოლოდ პირველი ოთხი მოღვაწეობდა სპარსეთის იმპერიის დროს. ასე რომ, ასურული და ახალბაბილონური ეპოქის შესახებ ისინი საკუთარი თვალით ნანახს კი არ წერდნენ, არამედ გადმოცემებით მოსმენილს და ზოგ შემთხვევაში წაკითხულს ან სხვისგან ნასესხებს. მათი ცნობების სიზუსტე დამოკიდებულია მათ მიერ გამოყენებული წყაროების სიზუსტეზე.
უფრო მეტიც, მათი თხზულებების შესახებ დღეს არსებულ ინფორმაციას საფუძვლად უდევს არაერთხელ გადაწერილი ასლები, რომელთაგან უძველესი ხშირ შემთხვევაში შუა საუკუნეებით თარიღდება. როგორც უკვე დავინახეთ, გადამწერებმა დაამახინჯეს მანეთონისა და ბეროსეს ქრონოლოგიები. რაც შეეხება სხვა ძველი ისტორიკოსების კომპეტენტურობასა და სანდოობას, გასათვალისწინებელია ქვემოთ თქმული:
ისტორიოგრაფიის მიმართ ჰეროდოტეს მიდგომას (კითხვის დასმა, შესაბამისი ინფორმაციის მოძებნა და დასკვნის გაკეთება) დღემდე არ დაუკარგავს მოწონება. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ზოგჯერ „მისი ცნობები არასრულია“ და „ლოგიკურთან ერთად [მას] არალოგიკური ახსნაც მოჰყავს“. აგრეთვე მას მიიჩნევენ „წმინდა წყლის რომანტიკული სკოლის“ წარმომადგენლად და არა მხოლოდ ისტორიკოსად, არამედ მეზღაპრედაც (The New Encyclopædia Britannica, 1985 წლის გამოცემა, ტ. 5, გვ. 881, 882; 1910 წლის გამოცემა, ტ. XIII, გვ. 383). ქსენოფონტზე კი ამბობენ, რომ მისთვის „დამახასიათებელი არ იყო ობიექტურობა, საქმის საგულდაგულოდ შესრულება და კვლევა-ძიება“; ის თავის თხზულებებს ვითომდა „სხვისი სიტყვების“ ციტირებით ალამაზებდა (The New Encyclopædia Britannica, 1987, ტ. 12, გვ. 796). ჯორჯ როულინსონი ქტესიას ადანაშაულებს მიდიის სამეფოს არსებობის პერიოდის გახანგრძლივებაში და ამბობს, რომ ქტესიამ „შეგნებულად მიმართა დუბლირებას“. როულინსონი დასძენს: „თავის სიაში ქტესიას ორჯერ მოჰყავს ჰეროდოტეს მიერ მოხსენიებული თითოეული მეფე თუ პერიოდი. ამ ადვილად ამოსაცნობი ხრიკის შენიღბვა მან იმით სცადა, რომ სიაში გამოგონილი სახელები შეიტანა“ (The Seven Great Monarchies of the Ancient Eastern World, 1885, ტ. II, გვ. 85).
რომის სამეფოს (არსებობდა რესპუბლიკის დაფუძნებამდე) ისტორიის შესახებ ვიგებთ, რომ ის „მითოლოგიის სფეროში იჭრება“. სინამდვილეში ის სხვა არაფერია, თუ არა ზღაპრების კრებული, რომლებიც შედგენილია ყოველგვარი კრიტიკის გარეშე და მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაცული ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, როცა ამას თხრობა მოითხოვდა ან, როცა საჭირო გახდა სიცარიელეების, მაგალითად, ტროადან ენეოსის გაქცევასა და რომის დაფუძნების სავარაუდო წელს შორის არსებული სიცარიელის შევსება“. რესპუბლიკის ჩამოყალიბების (დაახლ. ძვ. წ. 509) შემდგომ პერიოდშიც ისტორიკოსებს უყოყმანოდ მოჰყავდათ გავრცელებული გადმოცემები ისტორიულ ფაქტებთან ერთად და მათ შორის მკვეთრ განსხვავებას არ აკეთებდნენ. „იგონებდნენ საგვარეულო ნუსხებს, მოიხსენიებდნენ არარსებულ კონსულებს [რომაული ქრონოლოგია, ძირითადად, კონსულების მიხედვით დგინდებოდა] და ფიქტიურ გამარჯვებებს, ხოლო საგვარეულო გადმოცემები ... ოფიციალურად აქციეს სახელმწიფოს ისტორიის ნაწილად“. რომაელ მემატიანეებზე ნათქვამია, რომ „ხელში მოხვედრილ ჩანაწერებს სიტყვასიტყვით იწერდნენ და, როცა სიცარიელეების შესავსებად ცოდნა და გამოცდილება არ ჰყოფნიდათ, ფანტაზიას მიმართავდნენ“ (The Encyclopædia Britannica, 1911, ტ. XVI, გვ. 820, 821).
თუკიდიდე. ფართოდ მიიჩნევა, რომ თუკიდიდე გამონაკლისს წარმოადგენს კლასიკური ხანის ისტორიკოსებს შორის, რომლებიც ხშირად უზუსტობებითა და დაუდევრობით გამოირჩეოდნენ. თუკიდიდემ კირკიტა მკვლევრის სახელი მოიპოვა. „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ მის შესახებ ნათქვამია: „თითქმის ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ უტოლდება მას. ის ზედმიწევნით მისდევს ქრონოლოგიურ სქემას და იმ შემთხვევებში, როცა შესაძლებელია ამ სქემის მიხედვით მის მიერ მოხსენიებული დაბნელებების შემოწმება, ყველაფერი ემთხვევა“ (1987, ტ. 11, გვ. 741).
ზოგჯერ გვიწევს კლასიკური ხანის ისტორიკოსების ცნობებზე დაყრდნობა საჭირო ინფორმაციის მისაღებად, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სპარსეთის სამეფოს პერიოდს (ამ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს ბიბლიის წიგნები: „ეზრა“, „ნეემია“ და „ესთერი“) და მოციქულთა მოღვაწეობის დროს. მათი ჩანაწერები აგრეთვე გვეხმარება, დანიელის წინასწარმეტყველების შესწავლისას (თ-ები 7—9, 11). ამ წინასწარმეტყველებების ზოგი დეტალი ეხება მოვლენებს, რომლებიც მოციქულთა მოღვაწეობის შემდეგაც უნდა შესრულებულიყო. თუმცა ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არა გვაქვს, რომ მათი ისტორიული ცნობები თუ ქრნოლოგიები ბიბლიას გავუტოლოთ. როცა განსხვავებებს ვხვდებით, შეგვიძლია სრულად მივენდოთ ბიბლიას, რადგან მისი დამწერები ან თვითმხილველები იყვნენ, ან ისინი, ვინც ლუკას მსგავსად „ყველაფერს თავიდანვე ზედმიწევნით“ იკვლევდნენ (ლკ. 1:1—4). ლუკასა და სხვების მიერ მოყვანილი ზუსტი ქრონოლოგიური ინფორმაცია იესოსა და მოციქულების დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების დათარიღების შესაძლებლობას იძლევა (მთ. 2:1, 19—22; ლკ. 3:1—3, 21—23 და სხვა მონაკვეთები).
ბიბლიური დროის აღრიცხვა. ძველ ისტორიულ წყაროებს ბრმად ვერ ვენდობით. ამ წყაროებში მრავალ უზუსტობას ვხვდებით, ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ისინი ქრონოლოგიურადაც არ არის მთლად სანდო. ამის საპირისპიროდ ბიბლია ყოველმხრივ ზუსტია და, შესაბამისად, ძველ დროში მომხდარ მოვლენებს საოცარი სიზუსტით გადმოგვცემს. მისი ქრონოლოგიაც სანდოა (იხ. ᲑᲘᲑᲚᲘᲐ [უტყუარობა]).
როცა ბიბლიურ დროში მომხდარ მოვლენებს თანამედროვე აღრიცხვის მეთოდებით ვადგენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რაოდენობით და რიგობით რიცხვებს შორის არსებული სხვაობა. რაოდენობითი რიცხვები, მაგალითად, 1, 2, 3, 10, 100 და ა. შ. მთელი რიცხვებია. რიგობით რიცხვებს, მაგალითად მე-3, მე-5 და 22-ე, მთელი რიცხვის მისაღებად უნდა გამოვაკლოთ ერთი. ასე რომ, როცა საუბარია „ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელზე“, რიგობით რიცხვით სახელში „მეთვრამეტე“ იგულისხმება 17 სრული წელი, პლიუს რამდენიმე დღე, კვირა ან თვე (რაც გავიდა მე-17 წლის დასასრულიდან) (იერ. 52:29).
როცა ძვ. წ. რომელიმე თარიღიდან ახ. წ. რომელიმე თარიღამდე დროის შუალედის გამოთვლა გვინდა, უნდა გვახსოვდეს, რომ მაგალითად, ძვ. წ. 1-ლი წლის 1-ლი ოქტომბრიდან ახ. წ. 1-ლი წლის 1-ლ ოქტომბრამდე ერთწლიანი და არა ორწლიანი შუალედია, როგორც ეს ქვემოთ მოცემული დიაგრამიდან ჩანს.
ძვ. წ.
ახ. წ.
2
1
1
2
1 ოქტ.
1 ოქტ.
ამის მიზეზი ის არის, რომ წლები რიგობითი რიცხვებია. ასე რომ, ძვ. წ. მე-2 წლის 1-ლი ოქტომბრიდან (იესოს დაბადების სავარაუდო თარიღი) ახ. წ. 29 წლის 1-ლ ოქტომბრამდე (იესოს მონათვლის სავარაუდო თარიღი) 30 სრული წელი გავიდა ანუ ძვ. წ. ერთი სრული წელი, პლიუს 3 თვე და ახ. წ. 28 სრული წელი, პლიუს 9 თვე (ლკ. 3:21—23).
ადამიანის შექმნიდან ჩვენს დრომდე. თანამედროვე ისტორიკოსებს არ შეუძლიათ იმ ათვლის წერტილის დადგენა, საიდანაც კაცობრიობის ისტორია იწყება. ასურეთის, ბაბილონისა თუ ეგვიპტის ისტორიის შესწავლისას ისინი ხედავენ, რომ ძვ. წ. მეორე ათასწლეულის ქრონოლოგია გაურკვეველია, ძვ. წ. მესამე ათასწლეულისა კი — გაუგებარი და ბუნდოვანი. ამის საპირისპიროდ, ბიბლიური ქრონოლოგია შეკრულია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გამოთვლების მეშვეობით კაცობრიობის ისტორიის დასაწყისი განვსაზღვროთ. ამაში დამხმარეა ბიბლიაში მოხსენიებული დროის ხანგრძლივი პერიოდები, მაგალითად, ისრაელის მიერ ეგვიპტის დატოვებიდან სოლომონის მიერ ტაძრის აგებამდე გასული 479-წლიანი პერიოდი (1მფ. 6:1).
თანამედროვე კალენდრის მიხედვით თარიღების ასათვლელად საჭიროა წლების ათვლის საყრდენი წერტილი ანუ ისეთი ისტორიული თარიღი, რომლის სიზუსტეც ეჭვს არ ბადებს და ბიბლიაში მოხსენიებულ კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება. ამგვარი ათვლის წერტილიდან შეგვიძლია განვსაზღვროთ ბიბლიაში ჩაწერილი მრავალი მოვლენის თარიღი, რომლებიც ამ ძირითად თარიღამდე ან მის შემდეგ მოხდა.
ასეთი თარიღი, რომელიც ეთანხმება ბიბლიურ და საერო ისტორიას, არის ახ. წ. 29 წელი. ამ წლის პირველი თვეები მიეკუთვნება კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წელს, რომელიც რომის სენატმა იმპერატორად ახ. წ. 14 წლის 15 სექტემბერს გამოაცხადა (გრეგორიანული კალენდრის მიხედვით). სწორედ ახ. წ. 29 წელს დაიწყო ქადაგება იოანე ნათლისმცემელმა და ექვსი თვის შემდეგ, იმავე წელს, მან იესო მონათლა (ლკ. 3:1—3, 21, 23; 1:36).
სხვა ათვლის წერტილი არის ძვ. წ. 539 წელი, როცა მრავალი ისტორიული წყაროს თანახმად, სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ბაბილონი (კიროსის მმართველობის შესახებ ცნობები გვხვდება დიოდორეს, აფრიკანუსის, ევსები კესარიელისა და პტოლემეს ნაშრომებში და ბაბილონურ თიხის ფირფიტებზე). კიროსის მმართველობის პირველ წელს გამოიცა იუდეველთა ტყვეობიდან გათავისუფლების ბრძანება. და როგორც განხილულია სტატიაში ᲙᲘᲠᲝᲡᲘ, მან ეს ბრძანება გასცა ძვ. წ. 538 წლის მიწურულს ან ძვ. წ. 537 წლის გაზაფხულზე. ამან იუდეველებს საკმარისი დრო მისცა, რომ მომზადებულიყვნენ, იერუსალიმამდე ოთხი თვე ემგზავრათ და იქ მეშვიდე ანუ თიშრის თვეს ჩასულიყვნენ (ძვ. წ. 537 წლის დაახლ. 1-ლი ოქტომბერი) (ეზრ. 1:1—11; 2:64—70; 3:1).
ასეთი ათვლის წერტილების მეშვეობით შეგვიძლია ბევრი ბიბლიური მოვლენა ჩვენი კალენდრის მიხედვით დავათარიღოთ. ქვემოთ ჩარჩოში მოცემულია მოკლე ბიბლიური ქრონოლოგია.
მოვლენა
თარიღი
მოვლენებს შორის შუალედი
ადამის შექმნიდან
ძვ. წ. 4026
—
წარღვნამდე
ძვ. წ. 2370
1656 წელი
აბრაამთან დადებული შეთანხმების ძალაში შესვლამდე
ძვ. წ. 1943
427 წელი
ეგვიპტიდან გამოსვლამდე
ძვ. წ. 1513
430 წელი
ტაძრის შენების დაწყებამდე
ძვ. წ. 1034
479 წელი
სამეფოს დაყოფამდე
ძვ. წ. 997
37 წელი
იუდას გაპარტახებამდე
ძვ. წ. 607
390 წელი
გადასახლებიდან იუდეველთა დაბრუნებამდე
ძვ. წ. 537
70 წელი
იერუსალიმის გალავნის აღდგენამდე
ძვ. წ. 455
82 წელი
იესოს ნათლობამდე
ახ. წ. 29
483 წელი
ჩვენს დრომდე
ახ. წ. 2015
1986 წელი
ადამის შექმნიდან ახ. წ. 2015 წლამდე
6040 წელი
როგორ ადასტურებს ამ ქრონოლოგიას ბიბლია და ზოგ შემთხვევაში საერო ისტორია? ქვემოთ დაწვრილებით განიხილება, როგორ მოხდა დროის თითოეული მონაკვეთის დადგენა.
ადამის შექმნიდან წარღვნამდე. 1656-წლიანი პერიოდი გამოთვლილია დაბადების 5:1—29-სა და 7:6-ის მიხედვით, როგორც ეს ჩანს ქვემოთ მოცემული ჩარჩოდან.
ადამის შექმნიდან შეთის დაბადებამდე
130 წელი
ენოშის დაბადებამდე
105 წელი
კენანის დაბადებამდე
90 წელი
მაჰალალელის დაბადებამდე
70 წელი
იარედის დაბადებამდე
65 წელი
ენოქის დაბადებამდე
162 წელი
მეთუშალახის დაბადებამდე
65 წელი
ლამექის დაბადებამდე
187 წელი
ნოეს დაბადებამდე
182 წელი
წარღვნამდე
600 წელი
მთლიანობაში
1656 წელი
ციფრები, რომლებიც წარღვნამდე პერიოდს უკავშირდება, მოყვანილია მასორული ტექსტის თანახმად, რომელსაც ებრაული წერილების თანამედროვე თარგმანები ეფუძნება. ისინი განსხვავდება სეპტუაგინტაში მოყვანილი ციფრებისგან, თუმცა ფაქტები მასორული ტექსტის სიზუსტეზე მოწმობს.
ლანგეს ბიბლიურ კომენტარში მოყვანილია ებრაული ტექსტის სანდოობის დამადასტურებელი არგუმენტები და აღნიშნულია, რომ თავად ებრაული ტექსტი გვინერგავს ნდობას. სეპტუაგინტაში ციფრები მიჰყვება გარკვეულ გეგმას, რომელიც ებრაულ ტექსტს არ გააჩნია; ეს კი თავისთავად მეტყველებს ებრაულ ტექსტში მოყვანილი გენეალოგიური მონაცემების უტყუარობაზე. თუმცა ის სხვა მიზეზების გამოც უპირატესობს სეპტუაგინტაზე. მაგალითად, სეპტუაგინტაში მითითებულ ციფრებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ადამიანები მოწიფულობის ასაკს შედარებით გვიან აღწევდნენ. გარკვეული ფიზიოლოგიური კანონზომიერების გამოსაჩენად მთარგმნელებმა თითოეულ შემთხვევაში შვილის ყოლის ასაკს 100 წელი დაუმატეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ებრაული ტექსტი გამოირჩევა ყველა იმ ღირსებით, რის გამოც ის შეიძლება დედნის შესატყვისად ჩაითვალოს — საყოველთაოდ ცნობილია, როგორი სკრუპულოზურობით ეკიდებოდნენ ებრაული ტექსტის გადაწერას, რაც ზოგჯერ ცრუმორწმუნეობრივ დამოკიდებულებაშიც კი გადადიოდა (Commentary on the Holy Scriptures, „დაბადება“, გვ. 272, სქ., მთარგმნელი და რედაქტორი ფ. შაფი).
თანამედროვე ისტორიკოსები დედამიწაზე ადამიანთა ყოფის დასაწყისად ძვ. წ. 4026 წელზე გაცილებით ადრეულ თარიღს ასახელებენ, თუმცა მათი შეხედულების დასადასტურებლად ფაქტები არ არსებობს. მათი აზრით, პრეისტორიული ეპოქა ათასობით წელს ითვლიდა, მაგრამ ეს მოსაზრება ვარაუდებს ეფუძნება, როგორც ეს გამოჩენილი მეცნიერის, პ. ე. კლოპსტეგის სიტყვებიდანაც ჩანს: «მოდი პრეისტორიულ ეპოქაში ჩავატაროთ ვარაუდებზე აგებული ექსკურსია. დავიწყოთ იმ დროიდან, როცა გვარში „ჰომო“ ჩნდება სახეობა „საპიენსი“ ... სწრაფად გადავირბინოთ ის ათასობით წელი, რომელთა შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია უმეტესწილად ვარაუდებსა და ინტერპრეტაციებს ეფუძნება, და გადავიდეთ ეპოქაში, სადაც გარკვეული ინფორმაციის შემცველი პირველი წერილობითი წყაროები ჩნდება» (Science, 30 დეკემბერი, 1960, გვ. 1914; კურსივი ჩვენია).
წარღვნის შემდგომი ეპოქა ძვ. წ. 2369 წელს დაიწყო. თუმცა ზოგმა მეცნიერმა ზოგიერთი პიქტოგრამა ძვ. წ. 3300—2800 წლამდე პერიოდს მიაკუთვნა (New Discoveries in Babylonia About Genesis, პ. ჯ. უაიზმანი, 1949, გვ. 36), უნდა აღინიშნოს, რომ ისინი დათარიღებული არ არის და მათი დათარიღება მხოლოდ და მხოლოდ არქეოლოგების ვარაუდების საფუძველზე მოხდა.
ზოგჯერ მეცნიერები ეყრდნობიან რადიონახშირბადის მეთოდით (C-14) დათარიღებას, თუმცა ამ მეთოდს თავისი შეზღუდვები აქვს. ერთ სამეცნიერო ჟურნალში ნათქვამია: „C14 -ის არასაიმედოობის კლასიკური მაგალითია ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პრეისტორიული სოფლის, ჯარმოს ... დათარიღების 11 მცდელობის დროს 6000-წლიანი სხვაობის მიღება. არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, ეს სოფელი უწყვეტად მხოლოდ 500 წელს იყო დასახლებული“ (Science, 11 დეკემბერი, 1959, გვ. 1630). შესაბამისად, არ არსებობს იმის სარწმუნო და უდავო მტკიცებები, რომ წარღვნის შემდგომი საზოგადოება ძვ. წ. 2369 წლამდე არსებობდა.
ძვ. წ. 2370 წლიდან აბრაამთან შეთანხმების დადებამდე. ქვემოთ მოყვანილია ამ პერიოდის მოკლე ქრონოლოგია.
წარღვნის დაწყებიდან არფაქშადის დაბადებამდე
2 წელი
შელახის დაბადებამდე
35 წელი
ებერის დაბადებამდე
30 წელი
ფელეგის დაბადებამდე
34 წელი
რეუს დაბადებამდე
30 წელი
სერუგის დაბადებამდე
32 წელი
ნახორის დაბადებამდე
30 წელი
თერახის დაბადებამდე
29 წელი
თერახის სიკვდილამდე; ამ დროს აბრაამი 75 წლისა იყო
205 წელი
მთლიანობაში
427 წელი
ეს ციფრები დაფუძნებულია დაბადების 11:10—12:4-ზე. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ არფაქშადის დაბადებასთან გამოყენებულ სიტყვაში „წარღვნიდან“ (დბ. 11:10), იგულისხმება წარღვნის დასაწყისი (ძვ. წ. 2370), როცა გაიხსნა წყლის კარიბჭეები ცაში და არა შემდგომი პერიოდი, როცა დედამიწა წყლით იყო დაფარული. ამაზე მოწმობს აგრეთვე ებრაული სიტყვა, რომელიც წარღვნად ითარგმნა (შდრ. დბ. 6:17; 7:4—6, 10—12, 17; 9:11).
ამ მონაკვეთში მოხსენიებული არ არის ბაბილონის გოდლის მშენებლობის თარიღი. დაბადების 10:25-დან ვიგებთ, რომ ადამიანთა დაყოფა, რაც ენების არევამ გამოიწვია, ფელეგის დროს მოხდა. ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ენების არევა ფელეგის დაბადებისას ან მის შემდეგ მალევე მოხდა. გამოთქმა „მის დროს“ მიუთითებს იმაზე, რომ დაყოფა მოხდა მის სიცოცხლეში, ძვ. წ. 2269—2030 წლებში. თუ წარღვნის შემდეგ ყველა მამაკაცს 30 წლის ასაკიდან ეყოლებოდა შვილი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ყოველ ექვს წელიწადში შეეძინებოდა ბიჭი და ასე გაგრძელდებოდა 90 წლამდე, მაშინ წარღვნის დასრულებიდან დაახლოებით 180 წელიწადში (ანუ ძვ. წ. 2189) ზრდასრული მამაკაცების რიცხვი 4 000-ს გადააჭარბებდა. მამაკაცების ეს სავარაუდო რაოდენობა საკმარისი იქნებოდა გოდლის ასაგებად და შემდეგ დედამიწაზე ადამიანთა გასაფანტად.
როგორც ჩანს, როცა ქანაანისკენ მიმავალმა აბრაამმა ევფრატი გადაკვეთა, ძალაში შევიდა იეჰოვას მიერ მასთან დადებული შეთანხმება. ვინაიდან აბრაამი თავისი მამის, თერახის სიკვდილისა და ხარანის დატოვების შემდეგ მივიდა ქანაანში, ითვლება, რომ ეს შეთანხმება ძალაში ძვ. წ. 1943 წელს შევიდა (დბ. 11:32; 12:1—5).
ძვ. წ. 1943 წლიდან ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლამდე. გამოსვლის 12:40, 41-ში ნათქვამია: „ისრაელის ძეების მკვიდრობის დრო, რომლებიც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, ოთხას ოცდაათი წელი იყო. ოთხას ოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ იმ დღეს, იეჰოვას მთელი ლაშქარი გამოვიდა ეგვიპტის მიწიდან“. თუმცა მრავალ თარგმანში მე-40 მუხლში მოხსენიებული 430 წელი მხოლოდ ეგვიპტეში ცხოვრებას უკავშირდება, ზემოთ მოყვანილი თარგმანი არ ეწინააღმდეგება ებრაულ დედანს. გარდა ამისა, გალატელების 3:16, 17-ში პავლეს მიერ ჩაეწრილი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს 430-წლიანი პერიოდი დაიწყო აბრაამთან დადებული შეთანხმების ძალაში შესვლისას და დასრულდა კანონის შეთანხმების დადებისას. როგორც ჩანს, აბრაამთან დადებული შეთანხმება მაშინ შევიდა ძალაში, როცა ღვთის დაპირებისამებრ ქანაანისკენ მიმავალმა აბრაამმა ძვ. წ. 1943 წელს მდინარე ევფრატი გადაკვეთა და მივიდა ქვეყანაში, რომელიც ღმერთმა უჩვენა (დბ. 12:1; 15:18—21). ამ მოვლენიდან ზუსტად 430 წლის შემდეგ, ძვ. წ. 1513 წელს, მისი შთამომავლები გათავისუფლდნენ ეგვიპტის მონობიდან და მათთან კანონის შეთანხმება დაიდო. უძველესი დროიდან თვლიდნენ, რომ გამოსვლის 12:40, 41-ში მოხსენიებული პერიოდი მაშინ დაიწყო, როცა ისრაელთა წინაპრები ქანაანში გადავიდნენ და ეს ჩანს სეპტუაგინტიდანაც: „ისრაელის ძეების მკვიდრობის დრო ეგვიპტისა და ქანაანის მიწაზე ოთხას ოცდაათი წელი [იყო]“.
ქანაანში აბრაამის გადასვლიდან ეგვიპტეში იაკობის ჩასვლამდე 215 წელი გავიდა. ამაზე მოწმობს შემდეგი ფაქტები: აბრაამის მიერ ხარანის დატოვებიდან ისაკის დაბადებამდე 25 წელი გავიდა (დბ. 12:4; 21:5); აქედან იაკობის დაბადებამდე განვლო 60-მა წელმა (დბ. 25:26); იაკობი 130 წლისა იყო, როცა ეგვიპტეში ჩავიდა (დბ. 47:9); საერთო ჯამში, გამოვიდა 215 წელი (ძვ. წ. 1943—1728). ამგვარად, შემდგომი 215 წელი ისრაელებმა ეგვიპტეში გაატარეს (ძვ. წ. 1728—1513). ის, რომ 215 წლის მანძილზე ისრაელ მამაკაცთა რიცხვი 600 000-მდე შეიძლებოდა გაზრდილიყო, ჩანს სტატიდან ᲒᲐᲛᲝᲡᲕᲚᲐ (გმ. 12:37).
იეჰოვამ აბრამს (აბრაამი) უთხრა: „შენი შთამომავლობა ხიზნად იცხოვრებს სხვების მიწაზე და მათი მსახურები გახდებიან; ოთხას წელიწადს დაჩაგრავენ მათ“ (დბ. 15:13; იხ. აგრეთვე სქ. 7:6, 7). ეს სიტყვები აღთქმული მემკვიდრის, ანუ შთამომავლის, ისაკის დაბადებამდე წარმოითქვა. ძვ. წ. 1932 წელს აბრამს ეგვიპტელი მხევლისგან, აგარისგან შეეძინა ისმაელი, ძვ. წ. 1918 წელს კი დაიბადა ისაკი (დბ. 16:16; 21:5). თუ ისრაელის მიერ ეგვიპტის დატოვებიდან, რაც ჩაგვრის დასასრული იყო (დბ. 15:14), უკან გადავითვლით 400 წელს, მივალთ ძვ. წ. 1913 წლამდე, როცა ისაკი დაახლოებით 5 წლისა იყო. როგორც ჩანს, ისაკი იმ დროს მოსწყვიტეს ძუძუს და მას, როგორც უცხო მიწაზე მცხოვრებ ხიზანს, 19 წლის ისმაელი დასცინოდა; სწორედ ამ დროს დაიწყო ნაწინასწარმეტყველები ჩაგვრა (დბ. 21:8, 9). თუმცა ისმაელის მიერ აბრაამის მემკვიდრის დაცინვა დღეს შეიძლება უმნიშვნელო რამედ ჩაითვალოს, პატრიარქების დროს ამას სხვანაირად უყურებდნენ. ამაზე მოწმობს სარას რეაქცია და ის, რომ ღმერთმა მოიწონა მისი დაჟინებული მოთხოვნა, აბრაამს გაეძევებინა აგარი და მისი ვაჟი ისმაელი (დბ. 21:10—13). ის ფაქტი, რომ ეს შემთხვევა დაწვრილებით ჩაიწერა ღვთივშთაგონებულ სიტყვაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ დროს დაიწყო ნაწინასწარმეტყველები 400-წლიანი ჩაგვრის პერიოდი, რომელიც ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლით დასრულდა (გლ. 4:29).
ძვ. წ. 1513 წლიდან სამეფოს გაყოფამდე. „ეგვიპტიდან ისრაელის ძეების გამოსვლის ოთხას მეოთხმოცე წელს, ისრაელზე [სოლომონის] მეფობის მეოთხე წელს“, დაიწყო იერუსალიმის ტაძრის მშენებლობა (1მფ. 6:1). „ოთხას მეოთხმოცე წელი“ რიგობითი რიცხვითი სახელია და შედგება 479 სრული წლისა და ამ შემთხვევაში ერთი თვისგან. თუ ეგვიპტის დატოვებიდან (ძვ. წ. 1513 წლის ნისანი) გადავითვლით 479 წელს, მივალთ ძვ. წ. 1034 წლამდე, როცა მეორე, ზივის თვეში (აპრილ-მაისი) დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. ვინაიდან ეს მოხდა სოლომონის მეფობის მეოთხე წელს (რიგობითი რიცხვითი სახელი), გამოდის, რომ მისი გამეფებიდან, ანუ ძვ. წ. 1037 წლიდან, სრული სამი წელი იყო გასული. მისი 40-წლიანი მმართველობა, როგორც ჩანს, ძვ. წ. 1037 წლის ნისანიდან ძვ. წ. 997 წლის ნისანამდე გაგრძელდა. მოგვიანებით, იმავე წელს, სამეფო ორად გაიყო. ამ პერიოდის მოკლე ქრონოლოგია მოყვანილია ქვემოთ.
მოვლენა
თარიღი
მოვლენებს შორის შუალედი
ეგვიპტის დატოვებიდან
ძვ. წ. 1513
—
ქანაანში ისრაელის შესვლამდე
ძვ. წ. 1473
40 წელი
მსაჯულების პერიოდის დამთავრებამდე და საულის მმართველობის დაწყებამდე
ძვ. წ. 1117
356 წელი
დავითის მმართველობის დაწყებამდე
ძვ. წ. 1077
40 წელი
სოლომონის მმართველობის დაწყებამდე
ძვ. წ. 1037
40 წელი
სამეფოს დაყოფამდე
ძვ. წ. 997
40 წელი
მთლიანობაში ეგვიპტის დატოვებიდან სამეფოს დაყოფამდე (ძვ. წ. 1513—997)
—
516 წელი
ეს ციფრები დაფუძნებულია შემდეგ მუხლებზე: კანონის 2:7; 29:5; საქმეების 13:21; 2 სამუელის 5:4; 1 მეფეების 11:42, 43; 12:1—20. ზოგი კრიტიკოსის ყურადღება მიიქცია 40-წლიანი პერიოდის ოთხჯერ გამეორებამ. მათ დაადანაშაულეს ბიბლიის დამწერები, რომ მათი მიზანი ციფრების სიმეტრია იყო და არა ზუსტი ქრონოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ქანაანში შესვლამდე ისრაელების უდაბნოში ხეტიალის პერიოდი ფაქტობრივად სრული 40 წელი გაგრძელდა ღვთის განაჩენისამებრ, რასაც რიცხვების 14:33, 34-დან ვიგებთ (შდრ. გმ. 12:2, 3, 6, 17; კნ. 1:31; 8:2—4; იეს. 4:19), დანარჩენი სამი პერიოდი 40 წელზე ნაკლები ან მეტი გაგრძელდა. როგორც 2 სამუელის 5:5-დან ვიგებთ, დავითი ორმოცწელიწად-ნახევარს მეფობდა. თუ მაშინდელი ჩვეულების თანახმად მეფეთა მმართველობის წლებს ნისანიდან ნისანამდე ითვლიდნენ, მაშინ მეფე საულს მხოლოდ ოცდაცხრამეტწელიწად-ნახევარი უმეფია. თუმცა შემდგომ ნისანამდე დარჩენილი თვეები ისევ საულს მიაკუთვნეს. შესაბამისად ისინი ოფიციალურად არ დამატებია დავითის 40-წლიან მეფობას. ასეთი ჩვეულება, სულ მცირე, შუამდინარეთის სემიტ მმართველებს შორის გავრცელებული იყო. მეფის სიკვდილიდან ნისანამდე დარჩენილი თვეები მომდევნო მეფის ტახტზე ასვლის პერიოდად ითვლებოდა, თუმცა ოფიციალურად მისი მეფობის პირველი წელი ნისანიდან იწყებოდა.
ბიბლიაში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რამდენი წელი გავიდა ისრაელთა ქანაანში შესვლიდან მსაჯულების პერიოდის დასრულებამდე, თუმცა მისი გამოთვლა შესაძლებელია. თუ 479 წელს, რომელიც ეგვიპტის დატოვებიდან სოლომონის მეფობის მეოთხე წლამდე გავიდა, გამოვაკლებთ 123 წელს, რომელიც დადგენილი პერიოდების ჯამია (ისრაელის უდაბნოში ხეტიალი, საულისა და დავითის მეფობა და სოლომონის მეფობის პირველი სამი წელი), მივიღებთ 356 წელს.
წმინდა წერილებში მოხსენიებული არ არის, დროის რა მონაკვეთებად იყოფა ეს 356 წელი (ძვ. წ. 1473 წელს ქანაანში ისრაელთა შესვლიდან ძვ. წ. 1117 წელს საულის გამეფებამდე). მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პერიოდში ხდებოდა დროის მონაკვეთების გადაკვეთა. რატომ შეიძლება ამის თქმა? თუ ერთმანეთს დავუმატებთ მსაჯულების წიგნში მოხსენიებულ ჩაგვრისა და მშვიდობის პერიოდებს, აგრეთვე იმ წლებს, როცა ესა თუ ის მსაჯული მოღვაწეობდა, მთლიანობაში 410 წელი გამოვა. ეს ყველაფერი რომ 356-წლიან პერიოდში ჩაეტიოს, ზოგიერთი მათგანი თანადროული უნდა იყოს და არა თანამიმდევრული. ამგვარ შეხედულებას ბიბლეისტთა დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ამ ახსნას შეესაბამება ბიბლიაში აღწერილი ვითარებაც. ჩაგვრის შესახებ მონაკვეთები ეხება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ტომებს (იხ. რუკა, ტ. 1, გვ. 743). ასე რომ, ისრაელის მიერ მჩაგვრელების დამარცხების შესახებ მონათხრობის ბოლოს ნათქვამი სიტყვები „დაისვენა მიწამ“, შესაძლოა ყოველთვის არ ეხებოდა 12-ვე ტომის ტერიტორიას, არამედ ქვეყნის იმ ნაწილს, რომელსაც მტერი უშუალოდ ჩაგრავდა (მსჯ. 3:11, 30; 5:31; 8:28; შდრ. იეს. 14:13—15).
საქმეების მე-13 თავში მოციქული პავლე ვრცლად საუბრობს იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი ისრაელს, დაწყებული მათი მამა-პაპის არჩევიდან ეგვიპტეში მათი მონობის, იქიდან გამოსვლის, უდაბნოში ხეტიალის, ქანაანის დაპყრობისა და მიწის განაწილების ჩათვლით, და დასძენს: „ყველაფერი ეს დაახლოებით ოთხას ორმოცდაათ წელს გაგრძელდა. ამის შემდეგ მისცა მათ მსაჯულები სამუელ წინასწარმეტყველამდე“ (სქ. 13:20). ეს მუხლი არასწორად იქნა გაგებული რამდენიმე თარგმანის გამო (მათ შორის „მეფე ჯეიმზის თარგმანი“, სსგ): „და შემდეგ, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე, მისცა მათ მსაჯულნი, ვიდრე სამუელ წინასწარმეტყველამდე“. მაგრამ უძველესი ხელნაწერები (სინური ხელნაწერი, ვატიკანური ხელნაწერი №1209 და ალექსანდრიის ხელნაწერი), ასევე თანამედროვე თარგმანთა უმეტესობა (JB, Kx, AS, RS, AT) მხარს უჭერს პირველ ვარიანტს, რომლის თანახმადაც მსაჯულების პერიოდი 450 წლის შემდეგ დაიწყო. ვინაიდან დაახლოებით 450-წლიანი პერიოდი ისრაელის მამა-პაპის არჩევიდან დაიწყო, მისი ათვლა უნდა მოხდეს სავარაუდოდ ძვ. წ. 1918 წლიდან, როცა აბრაამისთვის დაპირებული შთამომავალი, ისაკი დაიბადა. შესაბამისად ის დასრულდებოდა ძვ. წ. 1467 წელს, როცა ქანაანის დაპყრობის პირველი ფაზა დასრულდა და შესაძლებელი გახდა მიწის დანაწილება. ვინაიდან ეს ციფრი მიახლოებითია, ერთ ან ორწლიან ცდომილებას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
ძვ. წ. 997 წლიდან იერუსალიმის განადგურებამდე. ეზეკიელის 4:1—7-ში ჩაწერილია ღვთის მითითება, რომლის მიხედვით წინასწარმეტყველ ეზეკიელს უნდა გაეთამაშებინა იერუსალიმის ალყა. ეს მუხლები იუდასა და ისრაელის სამეფოების ხანგრძლივობის განსაზღვრაში გვეხმარება. ეზეკიელი 390 დღეს უნდა დაწოლილიყო მარცხენა გვერდზე „ისრაელის სახლის დანაშაულის“ სატარებლად, 40 დღეს კი — მარჯვენა გვერდზე „იუდას სახლის დანაშაულის“ სატარებლად. თითო დღე თითო წელს უდრიდა. როგორც ჩანს, ეს ორი პერიოდი (390 წელი და 40 წელი) შეესაბამებოდა დროს, როცა იეჰოვა არ სჯიდა ამ სამეფოებს კერპთაყვანისმცემლობისთვის. ერთ ნაშრომში ახსნილია, როგორ ესმოდათ ებრაელებს ეს წინასწარმეტყველება: „ჩრდილოეთი სამეფოს დანაშაული 390 წელს გაგრძელდა (სედერ ოლამის [ებრაულ ენაზე შემორჩენილი გადასახლების შემდგომი უძველესი მატიანის], [აგრეთვე რაბინების] რაშისა და იბნ ეზრას [თანახმად]). აბარბანელი, რომელსაც მალბიმი ციტირებდა, თვლიდა, რომ სამარიის დანაშაული რობოამის დროს მომხდარი სამეფოს გაყოფიდან ... იერუსალიმის დაცემამდე გაგრძელდა ... მარჯვენა [მხარე, რომელზეც ეზეკიელი იწვა] მიუთითებს სამხრეთზე, ანუ იუდას სამეფოზე, რომელიც სამხრეთით, ანუ მარჯვენა მხარეს მდებარეობდა ... იუდას დაკნინება, რომელიც სამარიის დაცემიდან მალევე დაიწყო, ორმოც წელს გაგრძელდა. მალბიმის თქმით, ეს დრო ითვლება იოშიას მეფობის მეცამეტე წლიდან, . . როცა იერემიამ მსახურება დაიწყო (იერ. 1:2)“ (Soncino Books of the Bible, კომენტარი წიგნ „ეზეკიელზე“, გვ. 20, 21, ა. კოენის რედაქციით, ლონდონი, 1950).
ძვ. წ. 997 წელს სამეფოს გაყოფიდან ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემამდე 390 წელი გავიდა. მართალია, ჩრდილოეთი სამეფოს დედაქალაქი სამარია ასურეთმა ძვ. წ. 740 წელს, ხიზკიას მეფობის მეექვსე წელს დაამხო (2მფ. 18:9, 10), მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მოსახლეობის ნაწილმა სამხრეთ სამეფოს შეაფარა თავი, ვიდრე ასურეთი იქ შეიჭრებოდა (ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის აღწერილი 2მტ. 10:16, 17-ში სამეფოს გაყოფის შემდეგ იუდაში არსებული მდგომარეობა). უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ იეჰოვა ღმერთმა ჩრდილოეთი სამეფოდან გადასახლებულები არ დაივიწყა. მათ ღვთის წინასწარმეტყველები სამარიის დაცემიდან დიდი ხნის შემდეგაც მოიხსენიებდნენ თავიანთ ცნობებში, რაც ცხადყოფს, რომ იერუსალიმი კვლავაც წარმოადგენდა მათ ინტერესებს და ძვ. წ. 607 წელს მისი განადგურებით აღსრულდა იეჰოვას განაჩენი არა მხოლოდ იუდაზე, არამედ მთელ ისრაელ ერზე (იერ. 3:11—22; 11:10—12, 17; ეზკ. 9:9, 10). ქალაქის დაცემამ იმედები გაუცრუა მთელ ერს (თუ არ ჩავთვლით იმ მცირე ნაწილს, რომელმაც ჭეშმარიტი რწმენა შეინარჩუნა) (ეზკ. 37:11—14, 21, 22).
ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შედგენისას ეს 390-წლიანი პერიოდი სარწმუნო ქრონოლოგიურ ორიენტირად იყო გამოყენებული. იუდას მეფეების (რობოამიდან ციდკიამდე) მმართველობის წლების ჯამი 393 წელს შეადგენს. ბიბლიური ქრონოლოგიის ზოგი შემდგენელი ცდილობს, მეფეთა მმართველობის პერიოდების სინქრონიზაციას და მიიჩნევს, რომ ზოგჯერ იუდას სამეფოში ერთდროულად ორი მეფე მმართველობდა, ზოგჯერ კი ახალი მეფის ტახტზე ასვლამდე გარკვეული დრო გადიოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ ორი მეფე ერთდროულად მმართველობდა. მასორული ტექსტისა და ბიბლიის ზოგიერთი უძველესი ხელნაწერის თანახმად, იეჰორამი გამეფდა, როცა „იეჰოშაფატი იყო იუდას მეფე“, რაც გვაფიქრებინებს, რომ აქ საუბარია თანადროულ მმართველობაზე (2მფ. 8:16). ამგვარად, მეფეთა მმართველობის მთელი პერიოდი მოიცავს 390 წელს.
თანდართული ცხრილი აბსოლუტურად ზუსტ ქრონოლოგიას კი არ წარმოადგენს, არამედ ორი სამეფოს მეფეთა სავარაუდო ჩამონათვალს. ძველი დროის ღვთივშთაგონებული დამწერები წერდნენ მათთვის და მათი თანამედროვე ებრაელებისთვის კარგად ნაცნობ ფაქტებსა და ციფრებს. სირთულეს არ წარმოადგენდა ის, რომ ზოგ შემთხვევაში ისინი განსხვავებულად განიხილავდნენ ქრონოლოგიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან საქმე სხვაგვარად ჩანს, უნდა დავკმაყოფილდეთ იმ ქრონოლოგიით, რომელიც ძირითადად ეთანხმება ბიბლიაში ჩაწერილს.
ძვ. წ. 607 წლიდან სამშობლოში დაბრუნებამდე. ამ პერიოდის ხანგრძლივობა იუდას შესახებ ღვთის დადგენილებიდან ჩანს: „მთელი ეს მიწა განადგურდება და გაოგნდებიან მისი შემხედვარენი; ეს ხალხები სამოცდაათი წელი ემსახურებიან ბაბილონის მეფეს“ (იერ. 25:8—11).
ბიბლიიდან ჩანს, რომ 70-წლიანი პერიოდის შესახებ წინასწარმეტყველება უკავშირდება მხოლოდ იერუსალიმის განადგურების შემდეგ იუდას მიწის გაპარტახებიდან კიროსის დადგენილების შედეგად ებრაელთა სამშობლოში დაბრუნებამდე პერიოდს. წინასწარმეტყველებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ იუდას მიწა 70 წლის მანძილზე გაპარტახებული იქნებოდა. დანიელს სწორედ ასე ესმოდა ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობა. მან თქვა: „მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე იმ წლების რიცხვი, რომელიც იეჰოვამ იერემია წინასწარმეტყველს გამოუცხადა — იერუსალიმი სამოცდაათი წელიწადი უნდა ყოფილიყო განადგურებული“ (დნ. 9:2). ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შესახებ ვკითხულობთ: „მახვილს გადარჩენილები ტყვედ წაასხა ბაბილონში და მისი და მისი ვაჟების მორჩილები გახდნენ ისინი სპარსეთის სამეფოს აღზევებამდე, რათა შესრულებულიყო იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვა და მიწას აენაზღაურებინა თავისი შაბათები. მთელი უკაცრიელობის ხანი იცავდა ის შაბათს, ვიდრე სამოცდაათი წელი შესრულდებოდა“ (2მტ. 36:20, 21).
იერუსალიმი საბოლოოდ ალყაში ციდკიას მმართველობის მე-9 წელს მოაქციეს (ძვ. წ. 609), მისი მეფობის მე-11 წელს კი ქალაქი დაეცა (ძვ. წ. 607). ეს მოხდა ნაბუქოდონოსორის მმართველობის მე-19 წელს (ძვ. წ. 625 წელს მისი ტახტზე ასვლიდან) (2მფ. 25:1—8). იმ წლის მეხუთე თვეს (აბი ანუ ივლის-აგვისტო) ქალაქი ცეცხლს მისცეს, გალავანი დაანგრიეს და მოსახლეობის უმეტესობა ტყვედ წაასხეს. თუმცა „იმ მიწაზე მცხოვრები მდაბიო ხალხიდან ზოგიერთებს“ იუდაში დარჩენის უფლება მისცეს. ისინი იქ ნაბუქოდონოსორის მიერ დაყენებული გამგებლის, გედალიას მკვლელობამდე დარჩნენ, რის შემდეგაც ეგვიპტეში გაიქცნენ. ამ დროს იუდას მიწა საბოლოოდ გაპარტახდა (2მფ. 25:9—12, 22—26). ეს მოხდა მე-7, ანუ ეთანის თვეს (იგივე თიშრი ანუ სექტემბერ-ოქტომბერი). ასე რომ, 70-წლიანი გაპარტახება ძვ. წ. 607 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის დაიწყო და ძვ. წ. 537 წელს დასრულდა. ამ წლის მე-7 თვეს, ქვეყნის სრული გაპარტახებიდან 70 წლის შემდეგ, გადასახლებულ იუდეველთა პირველი ნაკადი იუდაში დაბრუნდა (2მტ. 36:21—23; ეზრ. 3:1).
ძვ. წ. 537 წლიდან კორნელიუსის გაქრისტიანებამდე. სამშობლოში დაბრუნებიდან მეორე წელს (ძვ. წ. 536) იუდეველებმა იერუსალიმში ტაძარს საფუძველი ჩაუყარეს, თუმცა მისი მშენებლობა მხოლოდ დარიოს I-ის (სპარსელი) მმართველობის მეექვსე წელს დაასრულეს (ეზრ. 3:8—10; 6:14, 15). დარიოსი მხოლოდ ძვ. წ. 522 წლის დეკემბერს ნაბუქოდონოსორ III-ის დამარცხების შემდეგ განმტკიცდა ბაბილონში, ამიტომ მისი ტახტზე ასვლის წლად შეიძლება ძვ. წ. 522 წელი ჩაითვალოს, შესაბამისად, მისი მეფობის პირველი წელი დაიწყებოდა ძვ. წ. 521 წლის გაზაფხულზე (Babylonian Chronology, 626 B.C.–A.D. 75, გვ. 30). ამგვარად, მისი მეფობის მეექვსე წელი დაიწყებოდა ძვ. წ. 516 წლის 12 აპრილს და გაგრძელდებოდა ძვ. წ. 515 წლის მარტის ბოლომდე. შესაბამისად, ზერუბაბელის მიერ იეჰოვას ტაძრის აღდგენა დასრულდა ძვ. წ. 515 წლის 6 მარტს.
შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღი არტაქსერქსეს (მხარგრძელი) მეფობის მეოცე წელია, როცა ნეემიამ იერუსალიმში ჩასვლისა და ქალაქის აღდგენის ნებართვა მიიღო (ნემ. 2:1, 5—8). ის, თუ რატომ მოხდა ეს ძვ. წ. 455 წელს და არა ძვ. წ. 445 წელს, როგორც მეცნიერთა უმეტესობა თვლის, განხილულია სტატიაში ᲡᲞᲐᲠᲡᲔᲗᲘ, ᲡᲞᲐᲠᲡᲔᲚᲔᲑᲘ. ძვ. წ. 455 წელს მომხდარი მოვლენებით, რომლებიც იერუსალიმისა და მისი გალავნის აღდგენას უკავშირდებოდა, დაიწყო დანიელის 9:24—27-ში მოხსენიებული „სამოცდაათი კვირის“ შესახებ წინასწარმეტყველების შესრულება. აშკარაა, რომ აქ იგულისხმება წლებისგან შემდგარი კვირები (დნ. 9:24, RS, AT, Mo), მთლიანობაში 490 წელი. სტატიიდან ᲡᲐᲛᲝᲪᲓᲐᲐᲗᲘ ᲙᲕᲘᲠᲐ ჩანს, რომ ამ წინასწარმეტყველების თანახმად, იესო როგორც მესია ახ. წ. 29 წელს გამოჩნდებოდა, „ნახევარ კვირაში“ ანუ წლებისგან შემდგარი უკანასკნელი კვირის პირველი ნახევრის მიწურულს, ახ. წ. 33 წელს მოკვდებოდა და იუდეველებისადმი ღვთის განსაკუთრებული კეთილგანწყობის პერიოდი ახ. წ. 36 წელს დამთავრდებოდა. ამგვარად, წლებისგან შემდგარი 70 კვირა ძვ. წ. 455 წლიდან 490 წლის შემდეგ, კორნელიუსის გაქრისტიანებით დასრულდა (სქ. 10:30—33, 44—48; 11:1).
იესო, როგორც მესია, ზუსტად ნაწინასწარმეტყველებ წელს გამოჩნდა — „კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს“ იოანე ნათლისმცემლის მიერ ქადაგების დაწყებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ (ლკ. 1:36; 3:1, 2, 21—23). ვინაიდან ტიბერიუსი რომის სენატმა იმპერატორად ახ. წ. 14 წლის 15 სექტემბერს გამოაცხადა, მისი მმართველობის მეთხუთმეტე წელი დაიწყებოდა ახ. წ. 28 წლის სექტემბერში და გაგრძელდებოდა ახ. წ. 29 წლის სექტემბრამდე (იხ. ᲢᲘᲑᲔᲠᲘᲣᲡᲘ). ასე რომ, იესო მოინათლა და ცხებული გახდა ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე.
იესო „დაახლოებით ოცდაათი წლისა იყო“, როცა ახ. წ. 29 წელს მოინათლა (ლკ. 3:23), რაც იმას ნიშნავს, რომ ის 30 წლით ადრე, ძვ. წ. 2 წლის შემოდგომისთვის უნდა დაბადებულიყო. იესო კეისარ ავგუსტუსისა და სირიის გამგებელ კვირინიუსის მმართველობის დროს დაიბადა (ლკ. 2:1, 2). ავგუსტუსი ძვ. წ. 27 წლიდან ახ. წ. 14 წლამდე მმართველობდა. რომის სენატორი პუბლიუს სულპიციუს კვირინიუსი ორჯერ იყო სირიის გამგებელი, პირველად, სავარაუდოდ პუბლიუს კვინქტილიუს ვარუსის შემდეგ, რომლის ლეგატად ყოფნის ვადა ძვ. წ. 4 წელს დასრულდა. ზოგი ბიბლეისტი მიიჩნევს, რომ პირველად კვირინიუსი გამგებელი იყო ძვ. წ. 3-2 წლებში (იხ. ᲐᲦᲬᲔᲠᲐ, ᲐᲦᲠᲘᲪᲮᲕᲐ). ამ დროს ჰეროდე დიდი იუდეაში მეფობდა და, როგორც უკვე დავინახეთ, მისი სიკვდილის სავარაუდო თარიღი ძვ. წ. 1-ლი წელი იყო. ამგვარად, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცება, განსაკუთრებით კი ბიბლიური მუხლები, იმაზე მიანიშნებს, რომ ღვთის ძე ძვ. წ. 2 წლის შემოდგომაზე მოევლინა ქვეყნად.
მოციქულთა მსახურების გვიანდელი პერიოდი. ამ პერიოდში მომხდარი მოვლენებიდან ზოგისთვის შესაძლებელია მიახლოებითი თარიღის დადგენა. დიდი შიმშილობის შესახებ ქრისტიანი აგაბეს მიერ წინასწარმეტყველების წარმოთქმას და ჰეროდე აგრიპა I-ის მიერ აგორებულ დევნას, რომელსაც მოციქული იაკობის სიკვდილი და პეტრეს დაპატიმრება მოჰყვა, დაახლოებით ახ. წ. 44 წელს ჰქონდა ადგილი (სქ. 11:27—30; 12:1—4). ამავე წელს დაიღუპა ჰეროდე აგრიპა. არსებობს იმის მტკიცებები, რომ ნაწინასწარმეტყველები შიმშილობა ახ. წ. 46 წელს ჩამოვარდა. როგორც ჩანს, იმავე წელს პავლემ და ბარნაბამ დახმარება ჩაიტანეს ძმებისთვის (სქ. 12:25).
კორინთში პავლეს პირველად ჩასვლის თარიღი შეგვიძლია განვსაზღვროთ გალიონის პროკონსულად ყოფნის ვადის მიხედვით (სქ. 18:1, 11—18). როგორც სტატიიდან ᲒᲐᲚᲘᲝᲜᲘ ჩანს, ის ახ. წ. 51 წლის ზაფხულიდან ახ. წ. 52 წლის ზაფხულამდე იყო პროკონსული, თუმცა ზოგი მეცნიერის აზრით — ახ. წ. 52-53 წლებში. ამგვარად, კორინთში პავლეს 18-თვიანი მსახურება, სავარაუდოდ ახ. წ. 50 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ახ. წ. 52 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კორინთში პავლეს ორი ქრისტიანი თანამშრომელი, აკვილა და პრისკილა, ახალი ჩასულები იყვნენ იტალიიდან, რადგან იმპერატორ კლავდიუსს იუდეველებისთვის რომის დატოვება ჰქონდა ნაბრძანები (სქ. 18:2). მეხუთე საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსის, პავლუს ოროზიუსის თანახმად, კლავდიუსმა ეს ბრძანება თავისი მმართველობის მეცხრე წელს, ახ. წ. 49 წელს ან ახ. წ. 50 წლის დასაწყისში გასცა.
კესარეაში პავლეს ორწლიანი პატიმრობა ფელიქსის გამგებლობის ბოლო ორ წელს დაემთხვა. ფელიქსის საქმის გამგრძელებელმა პორციუს ფესტუსმა პავლე რომში გაგზავნა (სქ. 21:33; 23:23—35; 24:27). ფესტუსის გამგებლად დანიშვნის ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან ისტორიული ცნობები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუმცა ახ. წ. 58 წელი სავარაუდოდ სიმართლესთან ყველაზე ახლოსაა. პავლე რომში ახ. წ. 59-61 წლებში ჩავიდა.
ძლიერ ხანძარს, რომელმაც ახ. წ. 64 წლის ივლისში რომის დიდი ნაწილი გაანადგურა, იმპერატორ ნერონის წაქეზებით ქრისტიანთა სასტიკი დევნა მოჰყვა. დიდი ალბათობაა, რომ ამის შემდეგ მალევე პავლე მეორედ დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს (2ტმ. 1:16; 4:6, 7). მიიჩნევა, რომ იმპერატორ დომიციანეს მმართველობის პერიოდში იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს (გმც. 1:9). მისი მმართველობის დროს (ახ. წ. 81—96), განსაკუთრებით კი ბოლო სამ წელიწადში, ქრისტიანების დევნამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ტრადიციული შეხედულების თანახმად, იოანე დომიციანეს სიკვდილის შემდეგ გაათავისუფლეს და ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს ის ეფესოში დაიღუპა. იოანეს წერილებითა და სახარებით დასრულდა ბიბლიის კანონი და მოციქულთა მოღვაწეობის ეპოქა.
[დიაგრამა 464-466 გვერდებზე]
იუდასა და ისრაელის მეფეების დროს მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენები
ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲐ: ეს ცხრილი წარმოადგენს იმ მნიშვნელოვანი მოვლენების მონახაზს, რომლებიც იუდასა და ისრაელის მეფეებს უკავშირდება. სხვა თარიღების დასადგენად გამოიყენებოდა ბიბლიაში მოცემული ინფორმაცია იუდას მეფეთა მმართველობის წლებზე. იუდას მეფის მმართველობის წელი აღნიშნული წლის გაზაფხულიდან მომდევნო წლის გაზაფხულამდე გრძელდებოდა. იუდას მეფეთა მმართველობის წლებთან შედარებით ხდებოდა ისრაელის მეფეთა მმართველობის წლების დადგენა. მოყვანილი თარიღების დადგენისას გათვალისწინებული იქნა ბიბლიაში მოხსენიებული არაერთი თანადროული მოვლენა.
აქ ჩამოთვლილია ბიბლიაში სხვადასხვა მეფესთან მოხსენიებული მღვდელმთავრებისა თუ წინასწარმეტყველების სახელები, თუმცა მათი ჩამონათვალი სრული არ არის. აარონის საგვარეულო მღვდლები თავიდან კარავში მსახურობდნენ, შემდეგ კი — ტაძარში. მათი მსახურება, როგორც ჩანს, ბაბილონში გადასახლებამდე უწყვეტად გრძელდებოდა. ამასთან, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ აქ მოხსენიებული წინასწარმეტყველების გარდა კიდევ ბევრი ასრულებდა ამ წმინდა მსახურებას (1მფ. 18:4; 2მტ. 36:15, 16).
ᲗᲝᲠᲛᲔᲢᲢᲝᲛᲘᲐᲜᲘ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ
თარიღები ᲫᲕ. Წ.
ᲡᲐᲣᲚᲘ 12-ვე ტომზე გამეფდა (40 წელი)
წინასწარმეტყველი: სამუელი
მღვდელმთავრები: ახია, ახიმელექი
1117
დავითი დაიბადა
1107
სამუელმა დაასრულა წიგნ „მსაჯულების“ წერა
დ. 1100
სამუელმა დაასრულა წიგნ „რუთის“ წერა
დ. 1090
დასრულდა „1 სამუელის“ წერა
დ. 1078
ᲓᲐᲕᲘᲗᲘ გახდა ხებრონში იუდას მეფე (40)
1077
წინასწარმეტყველები: ნათანი, გადი, ცადოკი
მღვდელმთავარი: აბიათარი
დავითი გამეფდა მთელ ისრაელზე და დედაქალაქად იერუსალიმი გამოაცხადა
1070
გადმა და ნათანმა დაასრულეს „2 სამუელის“ წერა
დ. 1040
ᲡᲝᲚᲝᲛᲝᲜᲘ გამეფდა (40)
წინასწარმეტყველები: ნათანი, ახია, იდო
მღვდელმთავრები: აბიათარი, ცადოკი
1037
სოლომონის ტაძრის მშენებლობა დაიწყო
1034
იერუსალიმში სოლომონის ტაძრის მშენებლობა დასრულდა
1027
სოლომონმა დაწერა „ქებათა ქება“
დ. 1020
სოლომონმა დაწერა „ეკლესიასტე“
1000-მდე
ᲘᲣᲓᲐᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ
თარიღები ძვ. წ.
ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ
ᲠᲝᲑᲝᲐᲛᲘ გამეფდა (17 წელი); ერი ორ სამეფოდ დაიყო
წინასწარმეტყველები: შემაია, იდო
997
ᲘᲔᲠᲝᲑᲝᲐᲛᲘ გამეფდა ჩრდილოეთის 10 ტომზე; როგორც ჩანს, თავიდან შექემიდან მმართველობდა, მოგვიანებით კი — თირცადან (22 წელი)
წინასწარმეტყველი: ახია
ეგვიპტის მეფე შიშაკი იუდაში შეიჭრა და იერუსალიმის ტაძრის საგანძური წაიღო
993
ᲐᲑᲘᲐ (ᲐᲑᲘᲐᲛᲘ) გამეფდა (3)
წინასწარმეტყველი: იდო
980
სავარაუდოდ, ᲐᲡᲐᲛ დაიწყო მმართველობა (41), თუმცა მისი მეფობის პირველ წლად 977 წელი ითვლება
წინასწარმეტყველები: აზარია, ოდედი, ხანანი
978
დ. 976
ᲜᲐᲓᲐᲑᲘ გამეფდა (2)
დ. 975
ᲑᲐᲐᲨᲐᲛ მოკლა ნადაბი და მის ნაცვლად გამეფდა (24)
წინასწარმეტყველი: იეჰუ (ხანანის ვაჟი)
ეთიოპმა ზერახმა იუდას წინააღმდეგ გაილაშქრა
967
დ. 952
ᲔᲚᲐᲰᲘ გამეფდა (2)
დ. 951
ჯარის ერთ-ერთმა მეთაურმა, ᲖᲘᲛᲠᲘᲛ, ელაჰი მოკლა და მის ნაცვლად გამეფდა (7 დღე)
დ. 951
მხედართმთავარი ᲝᲛᲠᲘ გამეფდა (12)
დ. 951
თიბნი ხალხის ნაწილზე გამეფდა, რის გამოც ერი კიდევ უფრო დაიყო
დ. 947
ომრიმ სძლია თიბნის მომხრეებს და ისრაელის ერთპიროვნული მეფე გახდა
დ. 945
ომრიმ სამარიის მთა იყიდა და იქ დედაქალაქი ააშენა
დ. 940
ᲐᲮᲐᲑᲘ გამეფდა (22)
წინასწარმეტყველები: ელია, მიქაია
სავარაუდოდ, ᲘᲔᲰᲝᲨᲐᲤᲐᲢᲛᲐ დაიწყო მმართველობა (25), თუმცა მისი მეფობის პირველ წლად 936 წელი ითვლება
წინასწარმეტყველები: იეჰუ (ხანანის ვაჟი), ელიეზერი, იახაზიელი
მღვდელმთავარი: ამარია
937
დ. 920
ახაბის ვაჟი ᲐᲮᲐᲖᲘᲐ გამეფდა (2), როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში;
ახაზიას მეფობის წლების ათვლა, სავარაუდოდ, დ. 919 წლიდან იწყება
წინასწარმეტყველი: ელია
იეჰოშაფატის ვაჟი იეჰორამი გარკვეულწილად ეხმარებოდა მამას ქვეყნის მართვაში
დ. 919
დ. 917
ახაბის ვაჟი ᲘᲔᲰᲝᲠᲐᲛᲘ, ისრაელის ერთპიროვნული მეფე გახდა (12); სულ მცირე ერთ მუხლში მისი ძმის, ახაზიას (უშვილოდ მოკვდა) ხანმოკლე მმართველობა, როგორც ჩანს, იეჰორამის მეფობის წლებს დაემატა
წინასწარმეტყველი: ელისე
ᲘᲔᲰᲝᲠᲐᲛᲘ ოფიციალურად დაინიშნა იეჰოშაფატის თანამმართველად; ამ დროიდან იწყება მისი მეფობის წლების ათვლა (8)
წინასწარმეტყველი: ელია
913
იეჰოშაფატი გარდაიცვალა და იეჰორამი ერთპიროვნული მმართველი გახდა
დ. 911
იეჰორამის ვაჟმა, ᲐᲮᲐᲖᲘᲐᲛ, მმართველობა დაიწყო (1), თუმცა, სავარაუდოდ, მისი მეფედ ცხება დ. 907 წელს მოხდა
მღვდელმთავარი: იეჰოიადა
დ. 906
ᲐᲗᲐᲚᲘᲐᲛ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება (6)
დ. 905
ჯარის მეთაურმა, ᲘᲔᲰᲣᲛ, იეჰორამი მოკლა და მის ნაცვლად გამეფდა (28); თუმცა მისი მეფობის წლების ათვლა, როგორც ჩანს, დ. 904 წლიდან იწყება
წინასწარმეტყველი: ელისე
ახაზიას ვაჟი ᲘᲔᲰᲝᲐᲨᲘ გამეფდა (40)
მღვდელმთავარი: იეჰოიადა
898
876
ᲘᲔᲰᲝᲐᲮᲐᲖᲘ გამეფდა (17)
დ. 862
როგორც ჩანს, იეჰოაში თავისი მამის, იეჰოახაზის თანამმართველი გახდა
დ. 859
იეჰოახაზის ვაჟი ᲘᲔᲰᲝᲐᲨᲘ ისრაელის ერთპიროვნული მეფე გახდა (16)
წინასწარმეტყველი: ელისე
ᲐᲛᲐᲪᲘᲐ გამეფდა (29)
858
ისრაელის მეფე იეჰოაშმა შეიპყრო ამაცია, იერუსალიმის გალავნის ნაწილი დაანგრია და ტაძრის საგანძური წაიღო
858-ის შ.
დ. 844
ᲘᲔᲠᲝᲑᲝᲐᲛ II გამეფდა (41)
წინასწარმეტყველები: იონა, ოსია, ამოსი
დაიწერა წიგნი „იონა“
ᲣᲖᲘᲐ (ᲐᲖᲐᲠᲘᲐ) გამეფდა (52)
წინასწარმეტყველები: ოსია, იოელი (?), ესაია
მღვდელმთავარი: აზარია (II)
829
სავარაუდოდ, დაიწერა წიგნი „იოელი“
დ. 820
უზია, როგორც ჩანს, იმ გაგებით გამეფდა, რომ იერობოამ II-ის ბატონობისგან გათავისუფლდა
დ. 818
დაიწერა წიგნი „ამოსი“
დ. 804
დ. 803
ᲖᲐᲥᲐᲠᲘᲐ გამეფდა, თუმცა მისი მეფობა, როგორც ჩანს, დ. 792 წლამდე ვერ განმტკიცდა (6 თვე)
დ. 791
ᲨᲐᲚᲣᲛᲛᲐ მოკლა ზაქარია და მის ნაცვლად გამეფდა (1 თვე)
დ. 791
ᲛᲔᲜᲐᲮᲔᲛᲛᲐ მოკლა შალუმი და მის ნაცვლად გამეფდა, თუმცა მისი მეფობის წლების ათვლა, როგორც ჩანს, დ. 790 წლიდან იწყება (10)
დ. 780
ᲤᲔᲙᲐᲮᲘᲐ გამეფდა (2)
დ. 778
ᲤᲔᲙᲐᲮᲛᲐ მოკლა ფეკახია და მის ნაცვლად გამეფდა (20)
წინასწარმეტყველი: ოდედი
ᲘᲝᲗᲐᲛᲘ გამეფდა (16)
წინასწარმეტყველები: მიქა, ოსია, ესაია
777
სავარაუდოდ, ᲐᲮᲐᲖᲘ გამეფდა (16), თუმცა მისი მეფობის პირველ წლად 761 წელი ითვლება
წინასწარმეტყველები: მიქა, ოსია, ესაია
მღვდელმთავარი: ურია (?)
762
როგორც ჩანს, ახაზი ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ის მოხარკე გახდა
დ. 759
დ. 758
ᲰᲝᲨᲔᲐᲛ მოკლა ფეკახი და მის ნაცვლად გამეფდა. თუმცა, როგორც ჩანს, მან საკუთარი ძალაუფლება დაამტკიცა, ან ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ის მხარდაჭერა მოიპოვა დ. 748 წელს (9 წელი)
სავარაუდოდ, ᲮᲘᲖᲙᲘᲐ გამეფდა (29), თუმცა მისი მეფობის პირველ წლად 745 წელი ითვლება
წინასწარმეტყველები: მიქა, ოსია, ესაია
მღვდელმთავარი: აზარია (II ან III)
746
745-ის შ.
დასრულდა წიგნ „ოსიას“ წერა
742
ასურეთის ჯარმა სამარია ალყაში მოაქცია
740
ასურეთმა დაიპყრო სამარია და დაიმორჩილა ისრაელი; ჩრდილოეთ სამეფომ არსებობა შეწყვიტა
სინახერიბი შეიჭრა იუდაში
732
დასრულდა წიგნ „ესაიას“ წერა
732-ის შ.
დასრულდა წიგნ „მიქას“ წერა
717-მდე
დასრულდა წიგნ „იგავების“ შედგენა
დ. 717
ᲛᲔᲜᲐᲨᲔ გამეფდა (55)
716
ᲐᲛᲝᲜᲘ გამეფდა (2)
661
ᲘᲝᲨᲘᲐ გამეფდა (31)
წინასწარმეტყველები: სოფონია, იერემია, წინასწარმეტყველი ქალი ხულდა
მღვდელმთავარი: ხილკია
659
დაიწერა წიგნი „სოფონია“
648-მდე
დაიწერა წიგნი „ნაუმი“
632-მდე
ᲘᲔᲰᲝᲐᲮᲐᲖᲘᲡ მეფობა (3 თვე)
628
ᲘᲔᲰᲝᲘᲐᲙᲘᲛᲘ გამეფდა და ეგვიპტის მოხარკე გახდა (11)
წინასწარმეტყველები: აბაკუმი (?), იერემია
628
შესაძლოა, დაიწერა წიგნი „აბაკუმი“
დ. 628
ნაბუქოდონოსორ II-მ იეჰოიაკიმი ბაბილონის მოხარკე გახადა
620
ᲘᲔᲰᲝᲘᲐᲥᲘᲜᲘ გამეფდა (3 თვე 10 დღე)
618
ნაბუქოდონოსორ II-მ იუდეველები ტყვედ წაასხა და ტაძრის საგანძური წაიღო ბაბილონში
617
ᲪᲘᲓᲙᲘᲐ გამეფდა (11)
წინასწარმეტყველები: იერემია, ეზეკიელი
მღვდელმთავარი: სერაია
617
ნაბუქოდონოსორ I კვლავ შეიჭრა იუდაში და იერუსალიმი ალყაში მოაქცია
609
იერუსალიმის გალავანი დაანგრიეს მეოთხე თვის მე-9 დღეს
607
იერუსალიმი და ტაძარი ცეცხლს მისცეს მე-5 თვის მე-10 დღეს
607
იუდაში დარჩენილთაგან ბოლოებმა მე-7 თვის შუა რიცხვებში დატოვეს ქვეყანა
607
იერემიამ წიგნი „გოდება“ დაწერა
607
დაიწერა წიგნი „აბდია“
დ. 607
ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲐ: სამარიის აღების შემდეგ ასურეთმა ისრაელის სამეფოს ათი ტომი გადაასახლა. თუმცა მათ არ გაუპარტახებიათ ქვეყანა, როგორც ეს ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ იუდას შემთხვევაში მოხდა. ასურეთის მეფემ ბაბილონიდან, ქუთადან, ავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან ხალხი ისრაელის ქალაქებში ჩაასახლა. მათი შთამომავლები მაშინაც ცხოვრობდნენ იქ, როცა ძვ. წ. 537 წელს იუდეველები ტაძრის ასაშენებლად იერუსალიმში დაბრუნდნენ (2მფ. 17:6, 24; ეზრ. 4:1, 2).