‘სიკვდილი მოისპობა’
„ხოლო უკანასკნელი მტერი მოისპობა — სიკვდილი“ (1 კორინთელთა 15:26, აფ).
1, 2. ა) რა იმედი გამოხატა მოციქულმა პავლემ მკვდრებთან დაკავშირებით? ბ) რა კითხვა დასვა პავლემ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით?
„მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისა“, — ნათქვამია სარწმუნოების სიმბოლოში (ე. წ. მოციქულთა სიმბოლოში). კათოლიკეები და პროტესტანტებიც მორჩილად იმეორებენ ამ სიტყვებს და არც კი ესმით, რომ მათი სწავლებები უფრო ბერძნულ ფილოსოფიასთანაა ახლოს, ვიდრე მოციქულების სარწმუნოებასთან. მოციქულმა პავლემ კი უკუაგდო ბერძნული ფილოსოფია და არ სწამდა სულის უკვდავება. მაგრამ მას მტკიცედ სწამდა მომავალი ცხოვრება და ღვთის შთაგონებით დაწერა: „ხოლო უკანასკნელი მტერი მოისპობა — სიკვდილი“ (1 კორინთელთა 15:26, აფ). რას ნიშნავს ეს მოკვდავი ადამიანისთვის?
2 პასუხის მისაღებად დავუბრუნდეთ პავლეს სიტყვებს მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რომელიც 1 კორინთელთა მე-15 თავშია მოხსენიებული. ალბათ, გახსოვთ, რომ შესავალ სიტყვებში პავლემ მკვდრეთით აღდგომა ქრისტიანული მოძღვრების მნიშვნელოვან ნაწილად მოიხსენია. ახლა ის სვამს კონკრეტულ კითხვას: „მაგრამ იტყვის ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენო?“ (1 კორინთელთა 15:35).
რომელ სხეულში?
3. რატომ უარყოფდა ზოგი მკვდრეთით აღდგომას?
3 ამ კითხვის დასმისას პავლეს შეიძლება განზრახული ჰქონდა, რომ აღმოეფხვრა პლატონის ფილოსოფიის გავლენა. პლატონი ასწავლიდა, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის დროს არ კვდება. ამ იდეებით აღზრდილ ხალხს, რა თქმა უნდა, ქრისტიანული მოძღვრება ზედმეტად ეჩვენებოდა. თუ სული უკვდავია, მაშინ რა აზრი აქვს მკვდრეთით აღდგომას? უფრო მეტიც, თუ ეს ასეა, მკვდრეთით აღდგომის შესახებ იდეა რაღაც უაზრობაა. თუ სხეული მტვრად იქცა, როგორ მოხდება მკვდრეთით აღდგომა? ბიბლიის განმმარტებელი ჰაინრიხ მეიერი ამბობს, რომ კორინთელებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა, შესაძლებელია, დაფუძნებული იყო „ფილოსოფიურ საფუძვლებზე, რომელთა თანახმადაც, სხეულის შემადგენელი კომპონენტების აღდგენა შეუძლებელი იყო“.
4, 5. ა) რატომ იყო ურწმუნოთა მიერ გამოთქმული აზრი უგუნურება? ბ) განმარტეთ პავლეს მიერ ‘შიშველ მარცვალზე’ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი. გ) როგორ სხეულს აძლევს ღმერთი ცხებულებს?
4 პავლე ამხელს მათი მსჯელობის უაზრობას: „უგუნურნო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა. და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც იქნება, არამედ შიშველ მარცვალს ხორბლისას ან რომელიმე სხვას. ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს — თითოეულ თესლს თავის სხეულს“ (1 კორინთელთა 15:36–38). ღმერთი არ აპირებდა აღედგინა ის სხეული, რომელიც ადამიანს დედამიწაზე ყოფნის დროს ჰქონდა. პირიქით, ამ დროს მოხდებოდა გარდაქმნა.
5 პავლე მკვდრეთით აღდგომას თესლის გაღივებას ადარებს. ხორბლის პატარა მარცვალი სულ არ ჰგავს მცენარეს, რომელიც მისგან ვითარდება. „მსოფლიო ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „თესლი გაღივებისას დიდი რაოდენობით შთანთქავს წყალს. წყალი თესლში მრავალ ქიმიურ გარდაქმნას იწვევს. ის იწვევს აგრეთვე თესლის გაჯირჯვებასა და მისი კანის გასკდომას“. ფაქტობრივად, თესლი კვდება, ანუ უკვე თესლი აღარ არის, და მისგან აღმოცენდება მცენარე. „ღმერთი აძლევს მას სხეულს“ იმ გაგებით, რომ მის მიერაა დაფუძნებული მეცნიერული კანონზომიერებები, რომლებიც წარმართავენ მცენარის განვითარებას, და თითოეული თესლი თავისი გვარისდა მიხედვით ღებულობს სხეულს (დაბადება 1:11). მსგავსად ამისა, ცხებული ქრისტიანები, როგორც ადამიანები, ჯერ იხოცებიან, შემდეგ კი დანიშნულ დროს ღმერთი აცოცხლებს მათ სრულიად ახალ სხეულში. როგორც პავლემ უთხრა ფილიპელებს, „[იესო ქრისტე] ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის მსგავსად“ (ფილიპელთა 3:20, 21; 2 კორინთელთა 5:1, 2). მათი მკვდრეთით აღდგენა სულიერ სხეულში ხდება და ისინი სულიერ სამეფოში ცხოვრობენ (1 იოანე 3:2).
6. რატომ არის გონივრული ვიფიქროთ, რომ ღმერთს შეუძლია სათანადო სულიერი სხეულები მისცეს მკვდრეთით აღდგენილებს?
6 ძალზე ძნელია ამის დაჯერება? არა. პავლე ამბობს, რომ არსებობს მრავალი ცხოველი, რომელთაც სხვადასხვაგვარი სხეული აქვთ. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს ზეციერ ანგელოზებსა და სისხლისა და ხორცისგან შემდგარ ადამიანებს შორის არსებულ სხვაობას: „არიან სხეულნი ზეციერნი და სხეულნი მიწიერნი“. უსულო ქმნილებებშიც არსებობს საოცრად დიდი სხვაობა. „ვარსკვლავი ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით“, — თქვა პავლემ იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე მეცნიერები აღმოაჩენდნენ ისეთ ციურ სხეულებს, როგორიცაა: მოცისფრო ვარსკვლავები, გიგანტი მოწითალო ვარსკვლავები და თეთრი ჯუჯები. თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველივე ამას, განა გონივრული არ არის ვიფიქროთ, რომ ღმერთს შეუძლია სათანადო სხეული მისცეს მკვდრეთით აღდგენილ ცხებულებს? (1 კორინთელთა 15:39–41, სსგ).
7. რას ნიშნავს უხრწნელობა? უკვდავება?
7 შემდეგ პავლე ამბობს: „ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით“ (1 კორინთელთა 15:42). ადამიანის სხეული, სრულყოფილიც კი, ხრწნადია. მას შეიძლება წაართვა სიცოცხლე. მაგალითად, პავლემ თქვა, რომ მკვდრეთით აღდგენილი იესო ‘აღარასოდეს დაუბრუნდებოდა ხრწნილებას’ (საქმეები 13:34). ის აღარასოდეს დაუბრუნდებოდა სიცოცხლეს ხორციელ სხეულში, თუნდაც სრულყოფილშიც კი, რომელიც შეიძლება გაიხრწნას. სხეულები, რომლებსაც ღმერთი მკვდრეთით აღდგენილ ცხებულებს აძლევს, უხრწნელია ანუ მათ ვერ შემუსრავს სიკვდილი და ისინი არ გაიხრწნება. პავლე განაგრძობს: „ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით. ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1 კორინთელთა 15:43, 44). შემდეგ პავლე ამბობს: „ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს“. უკვდავება დაუსრულებელ, შეუწყვეტელ სიცოცხლეს ნიშნავს (1 კორინთელთა 15:53). ამგვარად, მკვდრეთით აღდგენილები ატარებენ ‘ზეციერის ხატებას’, ანუ იესოს ხატებას, რომელმაც შესაძლებელი გახადა მათი მკვდრეთით აღდგომა (1 კორინთელთა 15:45–49).
8. ა) საიდან ვიცით, რომ მკვდრეთით აღდგენილები იგივე პიროვნებები არიან, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრებისას იყვნენ? ბ) რომელი წინასწარმეტყველებები სრულდება მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით
8 ამ გარდაქმნის მიუხედავად, მკვდრეთით აღდგენილები ისევ ის პიროვნებები იქნებიან, რომლებიც სიკვდილამდე იყვნენ. ისინი იმავე მეხსიერებითა და დახვეწილი ქრისტიანული თვისებებით აღდგებიან (მალაქია 3:3; გამოცხადება 21:10, 18). ამით ისინი იესო ქრისტეს ჰგვანან. იესო სულიერი ქმნილება იყო და ადამიანად იქცა. შემდეგ ის მოკვდა და სულიერ ქმნილებად აღდგა. მაგრამ „იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს, და უკუნისამდეც“ (ებრაელთა 13:8). რა დიდებული უპირატესობა აქვთ ცხებულებს! პავლე ამბობს: «ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი — უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით.“ „სად არის სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“» (1 კორინთელთა 15:54, 55; ესაია 25:8; ოსია 13:14).
მკვდრეთით აღდგომა დედამიწაზე საცხოვრებლად?
9, 10. ა) რა არის „დასასრული“ 1 კორინთელთა 15:24-ის კონტექსტის თანახმად და რა მოვლენები ხდება ამასთან დაკავშირებით? ბ) რა უნდა მოხდეს, რომ სიკვდილი მოისპოს?
9 არსებობს რაიმე მომავალი იმ მილიონებისთვის, რომლებსაც არა აქვთ ზეცაში საცხოვრებლად უკვდავი სულის მიღების იმედი? რასაკვირველია, არსებობს! იმის ახსნის შემდეგ, რომ მკვდრეთით აღდგომა ზეცაში საცხოვრებლად ქრისტეს თანდასწრების დროს მოხდება, პავლე ზოგადად აღწერს შემდგომ მოვლენებს: „მერე კი დასასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას“ (1 კორინთელთა 15:23, 24).
10 „დასასრული“ არის ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დასასრული, როდესაც იესო თავმდაბლურად და ერთგულად გადასცემს სამეფოს თავის ღმერთსა და მამას (გამოცხადება 20:4). იმ დროისთვის უკვე შესრულებული იქნება ღვთის განზრახვა — „ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ“ (ეფესელთა 1:9, 10). მანამდე კი ქრისტეს მეშვეობით განადგურდება ‘ყოველი მთავრობა, უფლება და ძალა’, რომლებიც ღვთის უზენაესობას ეწინააღმდეგებოდა. ამაში უფრო მეტი შედის, ვიდრე მხოლოდ არმაგედონის დროს განადგურებაა. (გამოცხადება 16:16; 19:11–21). პავლე ამბობს: „[ქრისტემ] უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტერს. ხოლო უკანასკნელი მტერი მოისპობა — სიკვდილია“ (1 კორინთელთა 15:25, 26, აფ). დიახ, ადამის მიერ გადმოცემული ცოდვისა და სიკვდილის ყოველგვარი კვალი მოისპობა. შემდეგ ღმერთი გააცოცხლებს მკვდრებს, რის შედეგადაც ‘სამარხები’ დაცარიელდება (იოანე 5:28).
11. ა) საიდან ვიცით, რომ ღმერთი ხელახლა შექმნის ადამიანებს? ბ) როგორი სხეულები ექნებათ დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგენილებს?
11 ეს ადამიანის ხელახლა შექმნას ნიშნავს. შეუძლებელია? არა, ვინაიდან ფსალმუნის 103:29, 30 გვარწმუნებს, რომ ღვთისთვის ეს შესაძლებელია: „სულს წაართმევ — დაიხოცებიან და თავიანთ მტვერს დაუბრუნდებიან. გაუშვებ შენს სულს — წარმოიქმნებიან“. მიუხედავად იმისა, რომ მკვდრეთით აღდგენილები იგივე პიროვნებები იქნებიან, რომლებიც სიკვდილამდე იყვნენ, აუცილებელი არ არის, რომ იგივე სხეული ჰქონდეთ. ამის შედარება შეიძლება მათთან, ვისაც ღმერთი ზეცაში საცხოვრებლად აღადგენს და ისეთ სხეულს აძლევს, როგორიც სურს. რასაკვირველია, ეს ახალი სხეული ფიზიკურად ჯანმრთელი იქნება და სიკვდილამდელ სხეულთან საკმაო მსგავსება ექნება, ისე რომ საყვარელი პიროვნებები იცნობენ მათ.
12. როდის მოხდება მათი მკვდრეთით აღდგომა, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ?
12 როდის მოხდება დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომა? მართამ თავისი ძმის, ლაზარეს, შესახებ თქვა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:24). საიდან იცოდა მან ეს? მის დღეებში საკითხი მკვდრეთით აღდგომის შესახებ საკამათო იყო, ვინაიდან ფარისევლებს სწამდათ ის, ხოლო სადუკეველებს — არა (საქმეები 23:8). მიუხედავად ამისა, მართას უნდა სცოდნოდა იმ ქრისტიანობამდელი მოწმეების შესახებ, რომლებსაც მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდათ (ებრაელთა 11:35). მას დანიელის 12:13-დანაც შეეძლო გაეგო, რომ მკვდრეთით აღდგომა უკანასკნელ დღეს მოხდებოდა. შეიძლება მან ეს თვით იესოსგანაც კი იცოდა (იოანე 6:39). ეს ‘უკანასკნელი დღე’ ქრისტეს მეფობის ათასწლიანი პერიოდია (გამოცხადება 20:6). წარმოიდგინეთ ის დიდი აღფრთოვანება, რომელიც ამ ‘დღეს’, ამ დიდებული მოვლენების დაწყებისას, იქნება გამეფებული! (შეადარეთ ლუკა 24:41).
ვინ აღდგება მკვდრეთით?
13. მკვდრეთით აღდგომის შესახებ რა ხილვაა აღწერილი გამოცხადების 20:12–14-ში?
13 გამოცხადების 20:12–14-ში მოცემულია იოანეს ხილვა, რომელშიც აღწერილია ხალხის მკვდრეთით აღდგომა დედამიწაზე საცხოვრებლად: „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა“ (გამოცხადება 20:12–14).
14. ვინ იქნებიან დედამიწაზე საცხოვრებლად მკვდრეთით აღდგენილთა შორის?
14 მოხდება ‘დიდებისა და პატარების’ — სახელგანთქმული და უბრალო ადამიანების — მკვდრეთით აღდგომა, რომლებიც ერთ დროს ცხოვრობდნენ და დაიხოცნენ. ჩვილი ბავშვებიც კი იქნებიან მკვდრეთით აღდგენილთა შორის! (იერემია 31:14, 15). საქმეების 24:15 კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს გვამცნობს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“. გამოჩენილ „მართალთა“ შორის იქნებიან ძველი დროის ერთგული მამაკაცები და ქალები, მაგალითად: აბელი, ენოქი, ნოე, აბრაამი, სარა და რახაბი (ებრაელთა 11:1–40). წარმოიდგინეთ, როგორია გქონდეთ ასეთ პიროვნებებთან საუბრისა და დიდი ხნის წინათ მომხდარი ბიბლიური მოვლენების დეტალების თვითმხილველებისგან მოსმენის შესაძლებლობა! მათ გარდა „მართალთა“ რიგებში იქნება ათასობით ღვთისმოშიში პიროვნება, რომლებიც ახლო წარსულში გარდაიცვალნენ და რომლებსაც ზეციური იმედი არ ჰქონდათ. გყავთ თუ არა ოჯახის წევრი ან ვინმე საყვარელი პიროვნება, რომელიც მათ შორის იქნება? რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ კვლავ შეგიძლიათ იხილოთ ისინი! მაგრამ ვინ არიან ‘უკეთურები’, რომლებიც აგრეთვე აღდგებიან მკვდრეთით? ისინი არიან მილიონები და შეიძლება მილიარდებიც, რომლებიც ისე დაიხოცნენ, რომ არ ჰქონიათ ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლისა და გამოყენების შესაძლებლობა.
15. რას ნიშნავს, რომ მკვდრეთით აღდგენილები ‘განკითხული იქნებიან წიგნებში ნაწერიდან’?
15 მაშინ როგორ ‘იქნებიან განკითხული მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ’? ეს წიგნები არ არის მათი წარსული მოქმედების შესახებ ჩანაწერები; სიკვდილის დროს ისინი გათავისუფლდნენ ცოდვებისგან, რომლებიც სიცოცხლეში ჩაიდინეს (რომაელთა 6:7, 23). მაგრამ მკვდრეთით აღდგენილები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნებიან ადამის ცოდვის გავლენის ქვეშ. ალბათ, ამ წიგნებში მოცემული იქნება ღვთიური დარიგებები, რომლებსაც ყველა უნდა მიჰყვეს, რათა იესო ქრისტეს მსხვერპლიდან სრული სარგებლობა მიიღონ. როდესაც ადამის ცოდვის ყოველგვარი კვალი გაქრება, „მოისპობა სიკვდილი“ ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ათასი წლის დასასრულს ღმერთი იქნება „ყველაფერი ყველაფერში“ (1 კორინთელთა 15:28). ადამიანებს მეტად აღარ დასჭირდებათ მღვდელმთავარი ან გამომსყიდველი. მთელ კაცობრიობას დაუბრუნდება ის სრულყოფილი მდგომარეობა, რომელიც თავიდან ადამს ჰქონდა.
მკვდრეთით აღდგომა გარკვეული თანმიმდევრობით
16. ა) რატომ არის გონივრული გვჯეროდეს, რომ მკვდრეთით აღდგომა თანმიმდევრული პროცესი იქნება? ბ) ვინ იქნებიან, ალბათ, პირველ აღდგენილებს შორის?
16 რადგან ზეციერი აღდგომა თანმიმდევრულად ხდება — „თვითეული თავისი წესით და რიგით“ — ცხადია, რომ დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგომაც არ წარმოქმნის მოსახლეობის ქაოსურად, მეყსეულად მატებას (1 კორინთელთა 15:23, სსგ). გასაგებია, რომ ახალ აღდგენილებზე საჭირო იქნება ზრუნვა (შეადარეთ ლუკა 8:55). მათთვის საჭირო იქნება არსებობისთვის აუცილებელი საშუალებები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ სიცოცხლის მომცემი შემეცნების მიღებაში სულიერი დახმარების აღმოჩენა (იოანე 17:3). თუ ყველა მკვდრის აღდგენა ერთდროულად მოხდებოდა, შეუძლებელი იქნებოდა მათზე სათანადო მზრუნველობის გაწევა. გონივრულია დავუშვათ, რომ მკვდრეთით აღდგომა თანდათანობით მოხდება. ერთგული ქრისტიანები, რომლებიც სატანის სისტემის აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალნენ, ალბათ, პირველ აღდგენილებს შორის იქნებიან. აგრეთვე უნდა მოველოდეთ, რომ ამ აღდგენილებს შორის იქნებიან ძველი დროის ერთგული მამაკაცები, რომლებიც „მთავრებად“ იმსახურებენ (ფსალმუნი 44:17).
17. დაასახელეთ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ზოგი საკითხი, რაზედაც ბიბლია არაფერს ამბობს, და მეტისმეტად რატომ არ უნდა აღელვებდეს ქრისტიანებს ასეთი საკითხები?
17 მიუხედავად ამისა, ასეთ საკითხებში არ უნდა ვიყოთ დოგმატურები. მრავალ საკითხზე ბიბლია არაფერს ამბობს. ბიბლიაში არ არის მოცემული ისეთი დეტალები, თუ როგორ, როდის ან სად მოხდება მკვდრეთით აღდგომა. მასში არ არის ნათქვამი, თუ როგორ დაასახლებენ, გამოკვებავენ და ჩააცმევენ მკვდრეთით აღდგენილებს. ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, თუ როგორ გადაწყვეტს იეჰოვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მკვდრეთით აღდგენილი ბავშვების აღზრდა და მათზე მზრუნველობის გაწევა ან, თუ როგორ იზრუნებს ის გარკვეულ სიტუაციებში, რომლებიც, შესაძლოა, ჩვენს მეგობრებს ან საყვარელ პიროვნებებს ეხება. ბუნებრივია, გვაინტერესებდეს ასეთი საკითხები, მაგრამ გონივრული არ იქნებოდა დრო იმის მცდელობაში დაგვეკარგა, რომ გვეპოვა პასუხები კითხვებზე, რომლებზეც დღეს პასუხებს ვერ მივიღებთ. ჩვენ მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ იეჰოვასადმი ერთგულად მსახურებასა და მარადიული სიცოცხლის მიღებაზე. ცხებულ ქრისტიანებს დიდებული ზეციერი აღდგომის იმედი აქვთ (2 პეტრე 1:10, 11). ‘სხვა ცხვრები’ იმედოვნებენ, რომ მარადიულ მემკვიდრეობას ღვთის სამეფოს მიწიერ სამფლობელოში მიიღებენ (იოანე 10:16; მათე 25:33, 34). ვინაიდან მკვდრეთით აღდგომის შესახებ მრავალი დეტალი ცნობილი არ არის, ჩვენ, უბრალოდ, მინდობილი ვართ იეჰოვაზე. ჩვენი მომავალი ბედნიერება საიმედო პიროვნების ხელშია, პიროვნებისა, რომელსაც შეუძლია ‘დააკმაყოფილოს ყოველი სულდგმული’ (ფსალმუნი 144:16; იერემია 17:7).
18. ა) რომელ ძლევაზე ამახვილებს პავლე ყურადღებას? ბ) რატომ გვაქვს მკვდრეთით აღდგომის მტკიცე იმედი?
18 პავლე არგუმენტაციას შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ“ (1 კორინთელთა 15:57). დიახ, ადამის მიერ გადმოცემული სიკვდილი დაძლეულ იქნა ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით და როგორც ცხებულებს, ისე ‘სხვა ცხვრებს’ შეუძლიათ ამ ძლევის შედეგების გაზიარება. რა თქმა უნდა, დღეს მცხოვრები ‘სხვა ცხვრების’ თაობას უნიკალური იმედი აქვს. მათ, როგორც მზარდი ‘უამრავი ხალხის’ რიგებში მყოფებს, შეუძლიათ გადაიტანონ მომავალი ‘დიდი გასაჭირი’ და ფიზიკურად არასოდეს დაიხოცონ! (გამოცხადება 7:9, 14). მაგრამ მაშინაც კი, თუ მათი სიკვდილის მიზეზი „დრო და შემთხვევა“ ან სატანის დამქაშების მოქმედება იქნება, შეუძლიათ მკვდრეთით აღდგომის მტკიცე იმედი ჰქონდეთ (ეკლესიასტე 9:11).
19. რომელ მოწოდებას უნდა მიაქციოს დღეს ყველა ქრისტიანმა ყურადღება?
19 ამიტომ მოუთმენლად ველით იმ დიდებულ დღეს, როდესაც სიკვდილი მოისპობა. მკვდრეთით აღდგომის შესახებ იეჰოვას აღთქმისადმი მტკიცე ნდობა სხვადასხვა საკითხის მიმართ რეალისტურ თვალსაზრისს გვიქმნის. რაც უნდა მოგვივიდეს ამ ცხოვრებაში — რომ დავიხოცოთ კიდეც — ვერაფერი წაგვართმევს ჯილდოს, რომელიც იეჰოვამ აღგვითქვა. ამიტომ პავლეს დასკვნითი მოწოდება კორინთელთა მიმართ დროულია დღესაც, როგორც ეს დროული იყო ორი ათასი წლის წინ: „ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე“ (1 კორინთელთა 15:58).
შეგიძლიათ განმარტოთ?
◻ როგორ უპასუხა პავლემ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა საკითხს, თუ რომელი სხეული ექნებოდათ ცხებულებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ?
◻ როგორ და როდის მოისპობა საბოლოოდ სიკვდილი?
◻ ვინ იქნება დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგენილთა შორის?
◻ როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს იმ საკითხებზე, რომლებზეც ბიბლია არაფერს ამბობს?
[სურათი 20 გვერდზე]
საოცარი ცვლილებების შედეგად თესლი „კვდება“.
[სურათები 23 გვერდზე]
ძველი დროის ერთგული მამაკაცები და ქალები, მაგალითად: აბელი, ენოქი, ნოე, აბრაამი, სარა და რახაბი, მკვდრეთით აღდგენილებს შორის იქნებიან.
[სურათი 24 გვერდზე]
მკვდრეთით აღდგომა დიდად სასიხარულო მოვლენა იქნება!