ბიბლიის წიგნი 30 — ამოსი
დამწერი: ამოსი
დაწერის ადგილი: იუდა
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 804
1. ვინ იყო ამოსი?
ამოსი არც წინასწარმეტყველი იყო და არც წინასწარმეტყველის ვაჟი; ის მწყემსი და ლეღვის მომყვანი იყო, როცა იეჰოვამ წინასწარმეტყველად დანიშნა. თუმცა, ძირითადად, ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში იყო გაგზავნილი, ის მშობლიურ იუდაშიც წინასწარმეტყველებდა. 2 მეფეების 17:13, 22, 23-ში მოხსენიებულ წინასწარმეტყველებში ამოსიც იგულისხმებოდა. ის ცხოვრობდა თეკოაში, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა და ისრაელის ათტომიანი სამეფოს სამხრეთი საზღვრიდან ერთი დღის სავალზე იყო (ამოს. 1:1; 7:14, 15).
2. როგორ შეგვიძლია იმის განსაზღვრა, როდის წინასწარმეტყველებდა ამოსი?
2 პირველი მუხლიდან ჩანს, რომ ამოსმა წინასწარმეტყველება დაიწყო იუდას მეფე უზიასა და ისრაელის მეფე იერობოამ II-ის, იოაშის ძის დროს, ძლიერ მიწისძვრამდე ორი წლით ადრე. აქედან გამომდინარე, ის წინასწარმეტყველებდა 26 წლის მანძილზე ძვ. წ. 829 წლიდან დაახლოებით ძვ. წ. 804 წლამდე, ამ ორი მეფის მმართველობის დროს. წინასწარმეტყველი ზაქარია მოიხსენიებს უზიას დროს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას, როცა შეშინებული ხალხი გაიქცა (ზაქ. 14:5). ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს, რომ მიწისძვრა მაშინ მოხდა, როცა გაკადნიერებულმა უზიამ ტაძარში საკმევლის კმევა სცადა. თუმცა ამოსის მიერ მოხსენიებული მიწისძვრა, როგორც ჩანს, უფრო ადრე მოხდა.
3. ა) რატომ იყო ამოსის ცნობა დროული? ბ) როგორ განადიდა ამოსმა იეჰოვას უზენაესობა?
3 სახელი ამოსი „ტვირთს ან დატვირთულს“ ნიშნავს. თუმცა მისი ცნობა ისრაელისა და იუდასთვის (აგრეთვე რამდენიმე წარმართი ერისთვის) „ვაით“ იყო დამძიმებული, ის იეჰოვას ხალხის აღდგენის მანუგეშებელ ცნობასაც აცხადებდა. ისრაელზე „ვაის“ წარმოთქმის მრავალი მიზეზი არსებობდა. კეთილდღეობამ, ფუფუნებამ და თავაშვებულობამ ხალხს იეჰოვას კანონი დაავიწყა. ისინი გარეგნული ბრწყინვალების გამო ვერ ხედავდნენ, რომ გადამწიფებული ხილივით ლპობა შეჰპარვოდათ და განადგურება არ ასცდებოდათ. ამოსმა იწინასწარმეტყველა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ათტომიანი სამეფოდან ხალხს დამასკოს იქით გადაასახლებდნენ. თავისი წინასწარმეტყველებით ამოსმა განადიდა იეჰოვას სამართლიანობა და უზენაესობა. ის 21-ჯერ უწოდებს იეჰოვას „უზენაეს უფალს“ (ამოს. 1:8).
4. რომელი წინასწარმეტყველებების შესრულება ადასტურებს ამოსის წიგნის უტყუარობას?
4 ამ და სხვა წინასწარმეტყველებების შესრულება ამოსის წიგნის უტყუარობას ადასტურებს. მან აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელის მეზობლად მცხოვრებ მტრულად განწყობილ ერებს — სირიელებს, ფილისტიმელებს, ტვიროსელებს, ედომელებს, ამონელებსა და მოაბელებს — ცეცხლი შთანთქავდა. ისტორია გვამცნობს, რა სავალალოდ დაეცნენ ეს ერები. იუდა და ისრაელი მათზე საძრახისად იქცეოდნენ, რადგან იეჰოვა ცრუთაყვანისმცემლობის გამო მიატოვეს. ისრაელის ბოლო გამაგრებული ქალაქი სამარია ასურელთა ჯარმა სალმანასარ V-ის მეთაურობით ალყაში მოაქცია და ძვ. წ. 740 წელს დაიპყრო (2 მეფ. 17:1—6). იუდამ ჭკუა ვერ ისწავლა თავისი „დის“, სამარიის მაგალითიდან. ის ძვ. წ. 607 წელს განადგურდა.
5. როგორ ადასტურებს არქეოლოგია ამოსის სიტყვებს?
5 ამოსი მსჯავრს სდებდა გაფუფუნებულ ისრაელს, რადგან მდიდრები ღარიბებს ავიწროებდნენ, „სპილოს ძვლის სახლები“ რომ აეშენებინათ და მდიდრული ნადიმები გაემართათ (ამოს. 3:15; 5:11, 12; 6:4—7). არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მათი ფუფუნების ნაშთები. სამარიის გათხრებისას სპილოს ძვლის მრავალი ნივთი იქნა ნაპოვნი. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: «შეგვიძლია განვასხვავოთ ორი ძირითადი ჯგუფი: 1) ჰორელიეფით დაფარული ფირფიტები და 2) ბარელიეფით დაფარული ფირფიტები, რომლებიც ძვირფასი ქვებითა და ფერადი მინით არის მოჭედილი, მოოქრულია და ა. შ. . . სპილოს ძვლის ნაკეთობებს ფინიკიური ხელოვნების ნიმუშებად მიიჩნევენ. როგორც ჩანს, მათ ისრაელის მეფეთა სასახლის ავეჯის შესამკობად იყენებდნენ. ბიბლიაში მოხსენიებულია ახაბის „სპილოს ძვლის სასახლე“ (1 მეფეები 22:39) და „სპილოს ძვლის ტახტები“, რომელიც ამოსმა სამარიის განსჯისას მოიხსენია იქ არსებული ფუფუნების სიმბოლოდ (6:4)»a.
6. კიდევ რა ადასტურებს ამოსის წიგნის უტყუარობას?
6 უეჭველია, რომ ამოსის წიგნი ბიბლიის კანონის ნაწილია. მის უტყუარობას ადასტურებს სტეფანეს მიერ ამ წიგნიდან სამი მუხლის პერიფრაზი საქმეების 7:42, 43-ში და იაკობის მიერ მოყვანილი ციტატა საქმეების 15:15—18-ში (ამოს. 5:25—27; 9:11, 12).
შინაარსი
7. რომელ ერებს გაუცხადა ამოსმა იეჰოვას განაჩენი?
7 განაჩენი ერებზე (1:1—2:3). „სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვა“ (1:2). ამოსმა ერებს გაუცხადა იეჰოვას მკაცრი განაჩენი. დამასკო (სირია) რკინის კევრებით ლეწავდა გალაადს. ღაზამ (ფილისტიმი) და ტვიროსმა ედომელებს ჩაუგდეს ხელში ისრაელი ტყვეები. ედომმა დაივიწყა გულმოწყალება და ძმური სიყვარული. ამონი გალაადს დაესხა თავს. მოაბი კირისთვის წვავდა ედომის მეფის ძვლებს. იეჰოვამ ამ ერების წინააღმდეგ გაიწოდა ხელი და თქვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას“ (1:3, 6, 8, 9, 11, 13; 2:1).
8. რატომ გამოუტანა იეჰოვამ განაჩენი იუდასა და ისრაელს?
8 იუდასა და ისრაელის განაჩენი (2:4—16). იეჰოვა არც იუდასთვის გამოტანილ განაჩენს გააუქმებდა, რადგან მან „უარყო იეჰოვას კანონი“ (2:4). რისი თქმა შეიძლება ისრაელებზე? იეჰოვამ მათ გამო გაანადგურა მრისხანე ამორეველები და დაასახლა ისინი მადლიან მიწაზე. ნაზირები და წინასწარმეტყველები დაუყენა მათ, მაგრამ ისინი პირობას არღვევინებდნენ ნაზირებს და უბრძანებდნენ წინასწარმეტყველებს, „არ იწინასწარმეტყველოთო“ (2:12). ამიტომ იეჰოვა შეარყევდა მათ ისე, როგორც ახალმომკილი მარცვლეულის ძნებით სავსე ურემი ირყევა. მაშინ ვაჟკაციც კი შიშველი გაიქცეოდა.
9. რა ადასტურებს, რომ ამოსის პირით იეჰოვა ლაპარაკობდა და ვისზე ამახვილებს ამოსი ყურადღებას?
9 ისრაელი პასუხს აგებს იეჰოვას წინაშე (3:1—6:14). ამოსი ცოცხალი მაგალითებით ცხადყოფს, რომ ის ვერ იწინასწარმეტყველებდა, თუ არა იეჰოვა. „უზენაესი უფალი იეჰოვა ისე არაფერს გააკეთებს, თუ საიდუმლო არ გაუცხადა თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს . . . უზენაესი უფალი იეჰოვა ლაპარაკობს — ვინ არ აწინასწარმეტყველდება?!“ (3:7, 8). ამოსი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სამარიაში მცხოვრებ ფუფუნების მოყვარულ მძარცველებზე. იეჰოვა გამოსტაცებს მათ მდიდრულ ტახტებს და მოუსპობს სპილოს ძვლის სახლებს.
10. რა შეახსენა იეჰოვამ ისრაელს და რა უბედურება ეწეოდა მას?
10 იეჰოვამ შეახსენა ისრაელს, როგორ სჯიდა და ცდილობდა მის გამოსწორებას. მან ხუთჯერ გაუმეორა: „არ დაბრუნებულხართ ჩემთან“. ამიტომ ის უნდა ‘გამზადებულიყო თავისი ღვთის შესახვედრად’ (4:6—12). ამოსი სამგლოვიარო სიმღერით უცხადებდა ისრაელს: „დაეცა ქალწული ისრაელი, ვეღარ დგება; მიტოვებულია თავის მიწაზე, არავინაა მისი წამომყენებელი“ (5:2). იეჰოვა, რომელმაც მრავალი მშვენიერი რამ შექმნა ცაში თუ დედამიწაზე, ისრაელს სთხოვდა, რომ ეძებნათ ის და ეცოცხლათ: „კარგი ეძებეთ და არა ცუდი, რათა იცოცხლოთ“ (5:4, 6, 14). რას მოუტანდა მათ იეჰოვას დღე? მხოლოდ უბედურებას. მდინარესავით წალეკავდა მათ დამასკოს იქით და ნანგრევებად იქცეოდა სპილოს ძვლით შემკული სახლები, სადაც ნადიმებს მართავდნენ.
11. ვისი უფლებამოსილებით აგრძელებდა ამოსი ისრაელზე წინასწარმეტყველებას?
11 ამოსი წინასწარმეტყველებდა წინააღმდეგობის მიუხედავად (7:1—17). იეჰოვამ ამოსს აჩვენა, როგორ ჩაუშვა თავის ხალხში შვეული. ისრაელს მეტი აღარ ეპატიებოდა. იეჰოვა გაანადგურებდა ისრაელის საწმინდრებს და მახვილით აღდგებოდა იერობოამ II-ის სახლის წინააღმდეგ. ბეთელის მღვდელმა, ამაციამ, შეუთვალა იერობოამს: „შეთქმულებას გიწყობს ამოსი“ (7:10). ამაციამ უთხრა ამოსს, რომ იუდაში წასულიყო და იქ ეწინასწარმეტყველა. მაგრამ ამოსმა მიუგო: „იეჰოვამ დამანებებინა თავი ფარისთვის და მითხრა იეჰოვამ: წადი, უწინასწარმეტყველეო ჩემს ხალხს, ისრაელს“ (7:15). შემდეგ მან უბედურება უწინასწარმეტყველა ამაციასა და მის სახლეულობას.
12. რა შიმშილი უწინასწარმეტყველა ამოსმა ისრაელს და რა შესანიშნავი დაპირებით მთავრდება წიგნი?
12 ჩაგვრა, სასჯელი და განახლება (8:1—9:15). იეჰოვამ ამოსს ზაფხულის ხილით სავსე კალათა უჩვენა. მან გაკიცხა ისრაელი ღარიბების ჩაგვრისთვის და „იაკობის დიდება“ დაიფიცა, რომ იგლოვებდნენ თავიანთი ბოროტი საქმეების გამო. „აი, დადგება დრო, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — როცა შიმშილს მოვუვლენ მიწას, შიმშილს, მაგრამ არა პურისას, წყურვილს, მაგრამ არა წყლისას, არამედ იეჰოვას სიტყვების მოსმენის შიმშილს“ (8:7, 11). ისინი დაეცემოდნენ და ვეღარ ადგებოდნენ. სამარეშიც რომ ჩამძვრალიყვნენ ან ზეცაში ასულიყვნენ, იეჰოვას ხელი მაინც მისწვდებოდათ. მის ხალხში ყველა ცოდვილი მახვილით დაიხოცებოდა. მაგრამ იეჰოვა დაჰპირდა მათ: „იმ დღეს აღვმართავ დავითის დაცემულ კარავს, ამოვავსებ ბზარებს . . . და ავაშენებ, როგორც ძველ დროში“ (9:11). იეჰოვა ისე აკურთხებდა უკან დაბრუნებულ ტყვეებს, რომ მხვნელი თავზე წამოადგებოდა მომკელს, სანამ ის უხვ მოსავალს აიღებდა. იეჰოვას კურთხევები არ შეწყდებოდა.
რატომ არის სასარგებლო
13. რით არის ჩვენთვის სასარგებლო ამოსის წიგნში ჩაწერილი გაფრთხილებები?
13 ბიბლიის მკითხველი ბევრ რამეს ისწავლის, თუ დაუკვირდება, რატომ აფრთხილებდა ამოსი ისრაელს, იუდასა და მათ მეზობლად მცხოვრებ ერებს. ის, ვინც უარყოფს იეჰოვას კანონს, ატყუებს და ავიწროებს ღარიბებს, ხარბი, უზნეო და კერპთაყვანისმცემელია, იეჰოვას რისხვას იმსახურებს. თუმცა იეჰოვა მიუტევებს და შეიწყალებს მას, ვინც გამოსწორდება და მოინანიებს. ბრძნულად ვიქცევით, თუ ამ ბოროტი ქვეყნიერების გამხრწნელი საზოგადოებისგან თავს შორს ვიჭერთ და ყურად ვიღებთ იეჰოვას მოწოდებას: „მეძებეთ და იცოცხლეთ!“ (5:4, 6, 14).
14. დააფიქრა ამოსის სიტყვებმა სტეფანეს დროს მცხოვრები იუდეველები?
14 წამებით სიკვდილამდე სტეფანე ამოსის წიგნიდან ციტირებდა. მან შეახსენა იუდეველებს, რომ ისრაელი უცხო ღმერთების, მოლოქისა და რომფას თაყვანისცემის გამო მოხვდა ტყვეობაში. დააფიქრა იუდეველები ამ სიტყვებმა? არა! ისინი განრისხდნენ და ქვებით ჩაქოლეს სტეფანე. ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების დროს მათაც უბედურება დაიტეხეს თავს (ამოს. 5:25—27; საქ. 7:42, 43).
15. აღდგენასთან დაკავშირებული რომელი წინასწარმეტყველების განხილვაა სასარგებლო?
15 სასარგებლოა იმ შესრულებული წინასწარმეტყველებების განხილვა, რომლებიც ეხებოდა ისრაელის, იუდასა და სხვა ერების დასჯას, ასევე ღვთის ხალხის აღდგენას. როგორც იეჰოვას ამოსის პირით ჰქონდა ნათქვამი, ისრაელები ძვ. წ. 537 წელს დაბრუნდნენ ტყვეობიდან დანგრეული ქალაქების აღსადგენად, იქ დასასახლებლად და ბაღ-ვენახების გასაშენებლად (ამოს. 9:14; ეზრ. 3:1).
16. როგორ ცხადყო იაკობმა, რომ ამოსის 9:11, 12 ქრისტიანულ კრებაზე შესრულდა?
16 ამოსის წინასწარმეტყველება მოციქულების დროსაც საოცრად შესრულდა. უცხოტომელების შეკრებაზე საუბრისას იაკობმა ღვთის შთაგონებით თქვა, რომ ამით შესრულდა ამოსის 9:11, 12. მან ახსნა, რომ ‘დავითის დაცემული კარვის აღდგენა’ ქრისტიანულ კრებას უკავშირდებოდა, ‘რათა დარჩენილებსა და იეჰოვას სახელით წოდებულ უცხოტომელებს გულმოდგინედ ეძებნათ იეჰოვა’. ამით მან ბიბლიური საფუძველი მისცა სიმონ-პეტრეს, რომ ეთქვა: ‘ღმერთმა თავისი სახელისთვის გამოყო ხალხი ყველა ერიდან’ (საქ. 15:13—19).
17. რა იწინასწარმეტყველა ამოსმა ღვთის სამეფოს შესახებ?
17 ქრისტიანული კრების თავს, იესო ქრისტეს, „დავითის ძე“ ეწოდება, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო „დავითის, მამამისის ტახტი“ და მარადიულად იმეფებს (ლუკ. 1:32, 33; 3:31). ამგვარად, ამოსის წინასწარმეტყველება სამეფოს შესახებ დავითთან დადებული შეთანხმების შესრულებაზე მიუთითებს. ამოსის წიგნის ბოლო სიტყვები არა მარტო შესანიშნავად აღწერს იმ კეთილდღეობას, რომელიც „დავითის კარვის“ აღდგენის დროს იქნება, არამედ ღვთის სამეფოს მარადიულობასაც უსვამს ხაზს: „დავრგავ მათ მათივე მიწაზე და მეტად აღარ ამოიძირკვებიან მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, — ამბობს იეჰოვა, შენი ღმერთი“. როდესაც იეჰოვა საბოლოოდ აღადგენს „დავითის კარავს“, დედამიწას კურთხევები არ მოაკლდება! (ამოს. 9:13—15).
[სქოლიო]
a Encyclopedia of Archaeological Excavations in the Holy Land, 1978, იერუსალიმი, გვ. 1046.