სიზმარი
ძილში ნანახი წარმოდგენები და სახეები. ბიბლიაში მოხსენიებულია ღვთივშთაგონებული სიზმრები (რც. 12:6), ბუნებრივი სიზმრები (იობ. 20:8) და ცრუ სიზმრები (იერ. 29:8, 9), რომლებიც ზოგჯერ მკითხაობასთან იყო დაკავშირებული (ზქ. 10:2).
სიზმრები ღვთისგან. ღვთივშთაგონებულ სიზმრებს ხედავდნენ იეჰოვას მსახურებიც და ისინიც, ვინც ღვთისადმი ერთგულებით არ გამოირჩეოდნენ (1მფ. 3:5; მსჯ. 7:13, 14). ზოგი სიზმარი აფრთხილებდა ღვთის მსახურებს, ზოგი კი ხელმძღვანელობას უწევდა. მაგალითად, ღმერთმა სიზმარში გააფრთხილა გერარის მეფე აბიმელექი, არ გაჰკარებოდა სარას. შედეგად, სარა არ გაუწმინდურებულა (დბ. 20). იესოსთან მისულმა ასტროლოგებმა გაითვალისწინეს ღვთისგან სიზმარში მიღებული გაფრთხილება და არ დაბრუნდნენ მკვლელ ჰეროდესთან (მთ. 2:11, 12). სიზმარში ანგელოზისგან მიღებული მითითებების თანახმად, იოსებმა ცოლად შეირთო მარიამი, მოგვიანებით კი იესოსა და მარიამთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. კიდევ ორი ღვთივშთაგონებული სიზმრის ნახვის შემდეგ მან დატოვა ეგვიპტე და დასახლდა ნაზარეთში, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველება: „მას [იესოს] ნაზარეთელი დაერქმევა“ (მთ. 1:18—25; 2:13—15, 19—23).
ზოგ სიზმარში ღმერთი თავის მსახურებს არწმუნებდა თავის კეთილგანწყობაში და ანახვებდა, როგორ ეხმარებოდა მათ. აბრამთან (აბრაამი) შეთანხმების დადებამდე ღმერთმა მას ღრმა ძილი მოჰგვარა და პატრიარქი უკუნმა სიბნელემ მოიცვა, რის შემდეგაც იეჰოვა სიზმარში ელაპარაკა (დბ. 15:12—16). ლუზში (ბეთელი) ღმერთმა იაკობს სიზმარში ახილვინა ცადაწვდენილი კიბე იმის დასანახვებლად, რომ ზეცასა და დედამიწას შორის კავშირი არსებობდა. ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე, კიბის თავზე კი იეჰოვა იყო, რომელმაც იაკობზე კურთხევა წარმოთქვა (დბ. 28:10—19; შდრ. ინ. 1:51). ღმერთმა წლების შემდეგაც სიზმარში დაარწმუნა იაკობი თავის კეთილგანწყობაში და ანგელოზის მეშვეობით მშობლიურ მიწაზე დაბრუნების მითითება მისცა (დბ. 31:11—13).
სიჭაბუკეში იაკობის ვაჟმა იოსებმა ნახა სიზმრები, რომლებიც ღვთის კეთილგანწყობაზე მოწმობდა. ამ სიზმრებს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. ერთ სიზმარში ის თავის ძმებთან ერთად მინდორში ძნებს კრავდა. იოსების ძნა აღიმართა, ძმების ძნები კი გარს შემოეხვივნენ და მდაბლად თაყვანი სცეს. სხვა სიზმარში მზე, მთვარე და 11 ვარსკვლავი მდაბლად თაყვანს სცემდნენ იოსებს (დბ. 37:5—11). ორივე სიზმარი შესრულდა, როცა ძლიერი შიმშილობის დროს იაკობი და მისი სახლეულობა საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავიდნენ და მთლიანად იოსებზე, ეგვიპტეში საკვების გამნაწილებელზე, გახდნენ დამოკიდებულნი (დბ. 42:1—3, 5—9).
წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ზოგიერთ სიზმარს, რომლებიც მათ იხილეს, ვინც ღვთის თაყვანისმცემელი არ იყო. იოსებთან ერთად ეგვიპტეში საპყრობილეში იყვნენ ფარაონის მერიქიფეთა უფროსი და მცხობელთა უფროსი, რომლებმაც სიზმრები ნახეს. ღვთის დახმარებით იოსებმა აუხსნა მათ სიზმრები, რომ სამ დღეში მერიქიფეთა უფროსს სამსახურში დააბრუნებდნენ, მცხობელთა უფროსს კი სიკვდილით დასჯიდნენ. სამი დღის შემდეგ, ფარაონის დაბადების დღეზე იოსების სიტყვები შესრულდა. მოგვიანებით ამ სიზმრების წყალობით იოსებმა ფარაონის ყურადღება მიიპყრო, როგორც ღვთის სულის მქონე კაცმა (დბ. 40).
ფარაონის მიერ ერთ ღამეს ნანახი ორი სიზმარი გაფრთხილებასა და წინასწარმეტყველებას შეიცავდა. პირველ სიზმარში მან ნახა შვიდი ხორცსავსე ძროხა, რომლებიც შვიდმა უშნო და გამხდარმა ძროხამ შეჭამა. მეორე სიზმარში შვიდმა წვრილმა და ქარისგან დახრუკულმა თავთავმა ერთ ღეროზე ამოსული შვიდი მსხვილი და საღი თავთავი შეჭამა. იოსებმა თქვა, რომ სიზმრების ახსნა ღვთისგან მოდიოდა და ზუსტად განმარტა, რომ ორივე სიზმარი შვიდ ბარაქიან წელსა და შიმშილობის შვიდ წელზე მიუთითებდა (დბ. 41). ღმერთმა ამგვარად იზრუნა, რომ მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით კი აბრაამის შთამომავლობა, გადარჩენილიყო და შესრულებულიყო აბრაამისთვის მიცემული დაპირება (დბ. 45:5—8).
ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმაც ორი წინასწარმეტყველური სიზმარი იხილა ღვთისგან. ერთ სიზმარში მან ნახა ლითონის ქანდაკება, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, მკერდი და მკლავები — ვერცხლის, მუცელი და ბარძაყები — სპილენძის, ფეხები — რკინის, ტერფები კი — ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხის. ქვა, რომელიც ხელშეუხებლად მოწყდა, ქანდაკებას ტერფებზე დაეცა და მთლიანად დაამტვრია. დანიელმა ახსნა, რომ „ოქროს თავი“ იყო ნაბუქოდონოსორი და ბაბილონს სხვა სამეფოები შეცვლიდა. ბოლოს ღმერთი თავად დაამყარებდა სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცეოდა (დნ. 2:29—45).
სხვა სიზმარში ღმერთმა ნაბუქოდონოსორს ახილვინა უზარმაზარი ხე, რომელიც მოჭრეს, მისი მთავარი ფესვი კი „რკინისა და სპილენძის“ ბორკილებდადებული მიწაში დატოვეს, ვიდრე „შვიდმა დრომ“ არ გადაიარა. როგორც დანიელმა ახსნა, მკვეხარა ნაბუქოდონოსორი (წარმოდგენილი იყო მოჭრილი ხით) ჭკუიდან შეიშალა და ასეთ მდგომარეობაში იყო, ვიდრე შვიდი დრო ანუ შვიდი წელი არ გავიდა. ამის შემდეგ მან აღიარა ღვთის უზენაესობა, დაუბრუნდა საღი აზროვნება და მეფური ძალაუფლება (დნ. 4; იხ. უცხოტომელთათვის დანიშნული დროები).
იეჰოვამ დანიელსაც ახილვინა სიზმარი ზღვიდან ამომავალ ოთხ უზარმაზარ მხეცზე, რომლებიც ადამიანთა მმართველობებს განასახიერებდნენ (დნ. 7:1, 3, 17; იხ. მხეცები, სიმბოლური). დანიელმა აგრეთვე იხილა „ძველი დღეთა“, რომლისგანაც „კაცის ძის მსგავსმა“ მიიღო მარადიული „მმართველობა, დიდება და სამეფო“ (დნ. 7:13, 14).
იოელმა იწინასწარმეტყველა, რომ ღვთის სულის გადმოღვრის შედეგად მორწმუნეები აწინასწარმეტყველდებოდნენ და ღვთივშთაგონებულ სიზმრებს იხილავდნენ (იოლ. 2:28). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესო ქრისტეს დაახლოებით 120-მა მოწაფემ მიიღო წმინდა სული და სხვადასხვა ენაზე დაიწყო „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ ლაპარაკი (სქ. 2:1—18). მოგვიანებით სხვა მორწმუნეებმაც, მათ შორის ქრისტიანების ყოფილმა მდევნელმა სავლემ (პავლე), მიიღეს წმინდა სული და სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვენი (სქ. 8:17—19; 9:17; 10:44—46). ტროაში პავლემ ღამის ხილვაში ანუ სიზმარში მიიღო მითითებები, თუ სად უნდა ექადაგათ „სასიხარულო ცნობა“ მას და მის თანამსახურებს (სქ. 16:9, 10). უეჭველია, სხვა მოწაფეებსაც ჰქონდათ ღვთივშთაგონებული სიზმრები, როგორც ეს იოელმა იწინასწარმეტყველა.
როცა რომაელი გამგებელი პონტიუს პილატე იესო ქრისტეს ასამართლებდა, ცოლმა შეუთვალა: „ნურაფერს უზამ მაგ უდანაშაულო კაცს, რადგან დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო“ (მთ. 27:19). როგორც ჩანს, სიზმარი ღვთისგან იყო და ის პილატესთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, რომ ქრისტეს საქმე განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო.
ბუნებრივი სიზმრები. რეალური გამღიზიანებლით გამოწვეულმა შეგრძნებებმა, ფიქრებმა და ყოველდღიურმა საქმიანობამ (წუხილი, ფიზიკური მდგომარეობა, სამუშაო და ა. შ.) შეიძლება პირველი ბიძგი მისცეს სიზმარს (ეკ. 5:3). ასეთ სიზმრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს (ფს. 73:20). მშიერს შეიძლება დაესიზმროს, რომ ჭამს ან მწყურვალს, რომ სვამს, მაგრამ გამოღვიძებული კვლავ მშიერი ან მწყურვალია. მსგავსი იმედგაცრუება დაემართებოდათ „სიონის მთის წინააღმდეგ გალაშქრებულ“ ხალხს (ეს. 29:7, 8).
ერთ ბიბლიურ ლექსიკონში სიზმრების შესახებ წარმართთა შეხედულებებზე ნათქვამია: „ბაბილონელებს იმდენად სწამდათ სიზმრების, რომ სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ტაძრებში ეძინათ იმ იმედით, რომ რჩევებს მიიღებდნენ. მკურნალობასთან დაკავშირებული რჩევების მისაღებად ბერძნებს ასკლეპიოსის ტაძრებში ეძინათ, რომაელებს კი — სერაპისის ტაძრებში. ეგვიპტელებს სიზმრების განმარტებების დეტალური ნაშრომები ჰქონდათ“ (Harper’s Bible Dictionary, მ. და ჯ. მილერების რედაქციით, 1961, გვ. 141). მაგრამ მსგავსი რამ ღვთისმოშიში ებრაელებისა და ადრინდელი ქრისტიანებისთვის სრულიად უცხო იყო. ბიბლია გვაფრთხილებს, არ ვეძებოთ მომასწავებელი ნიშნები სიზმრებსა თუ სხვადასხვა მოვლენაში (კნ. 18:10—12; იხ. მკითხაობა).
ცრუ სიზმრები. ბიბლია გმობს ცრუ სიზმრებს. კანონის თანახმად, ვინც ცრუ სიზმრებს ხედავდა და კერპთაყვანისმცელობისკენ მოუწოდებდა, უნდა მოეკლათ (კნ. 13:1—5). ზოგჯერ ღმერთი სიზმრების მეშვეობით ელაპარაკებოდა თავის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებს (რც. 12:6). თუმცა ის ეწინააღმდეგებოდა „ცრუ სიზმრების წინასწარმეტყველებს“, რომლებიც ღვთის ხალხს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას აშორებდნენ (რც. 12:6; იერ. 23:25—32; 27:9, 10). ბიბლიაში მკითხავებზე წერია, რომ ისინი „უსარგებლო სიზმრებზე ლაპარაკობენ“ (ზქ. 10:2).
ბიბლია გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენიებს სიზმრებს, როცა ქრისტიანულ კრებაში შემოპარულ უღვთო და უზნეო ადამიანებზე საუბრობს. იუდამ გააფრთხილა თანამორწმუნეები მეოცნებეების შესახებ, რომლებსაც ეგონათ, რომ ღვთის სიტყვის დარღვევისა და კრებაში ხორცის შებილწვისთვის დაუსჯელები დარჩებოდნენ. ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან უზენაესი მოსამართლე იეჰოვა მათ წინააღმდეგ აუცილებლად გამოიტანდა განაჩენს (იუდ. 8; 1კრ. 6:9, 10, 18—20).